Category: სლაიდერი

  • 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთი ღირსეულად მოიქცა! – მედვედევი

    2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთი ღირსეულად მოიქცა! – მედვედევი

    “2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ერთია, როდესაც პრეზიდენტად საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში აგირჩევენ და ჯერ კიდევ ეჩვევი ამ ამოცანის შესრულებას და ამ ტვირთის ტარებას. მეორე საკითხია, როდესაც იძულებული ხდები, რომ გადაწყვეტილებები სამხედრო მოქმედებების შესახებ მიიღო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან რთულია. იმ წინაპირობითაც, რომ საქართველოს რეჟიმს აქეზებდნენ, მათ შორის ოკეანის გაღმიდან..[…] სწორად მოვიქეცი, რადგან ჩვენ რომ არა ეს მოვლენები სრულიად სხვა მიმართულებით განვითარდებოდა. თუმცა, ჩვენ შევძელით სიტუაციის სწრაფად განმუხტვა და ახსნა, თუ როგორ არ შეიძლება რუსეთს მოიქცე, ასე რუსეთს არასდროს არ უნდა მოექცე.[…] 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს უკან რომ ვუყურებ, მე ვთვლი, რომ რუსეთი მოიქცა ღირსეულად, ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და მეტიც, ჩვენ გარკვეული დროით, ხაზს ვუსვამ, გარკვეული დროით, მათ ვისაც ეს არ ეკუთვნით, მოვუკალით რუსეთთან სახიფათოდ თამაშის სურვილი.”

    ამის შესახებ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სამთავრობო მედია TASS-თან საუბრისას განაცხადა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა.

  • ტელეკომპანია „თრიალეთმა“ სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა

    ტელეკომპანია „თრიალეთმა“ სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა

    “ხელისუფლების სისტემური ზეწოლის შედეგად ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გამო” – ტელეკომპანია „თრიალეთის“ განცხადებით, სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტეს.  შემოსავლების სამსახურმა ბოლო თვეებში რამდენჯერმე დაადო ინკასო კომპანიის ანგარიშებს, რამაც მუშაობის პარალიზება გამოიწვია.

    „დღეს შეწყდა ტელეკომპანია „თრიალეთის“ სატელიტური მაუწყებლობა – ხელისუფლების სისტემური ზეწოლის შედეგად ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გამო. ეს არის „თრიალეთის“ განადგურებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც შურისძიებით მოქმედმა ხელისუფლებამ უკვე „წარმატებით“ განახორციელა.

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კანონდარღვევით ახორციელებს ზეწოლას „თრიალეთზე“. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათ სამჯერ დაადეს ინკასო კომპანიის ანგარიშებს, ჩამოაჭრეს თანხები, შემდეგ მოხსნეს და კვლავ აღადგინეს შეზღუდვა – არა მხოლოდ საგადასახადო აღსრულების მიზნით, არამედ დამოუკიდებელი მედიის ეკონომიკური დესტაბილიზაციისთვის.

    საქართველოს კონსტიტუცია ყველასთვის უზრუნველყოფს კანონის წინაშე თანასწორობას და კრძალავს დისკრიმინაციულ ან შერჩევით მოპყრობას. შემოსავლების სამსახური ვალდებულია მსგავს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ პირებს ერთნაირად მოეპყროს.

    ხელისუფლებასთან დაახლოებულ მედიაორგანიზაციებს აქვთ ათეულობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, თუმცა მათ მიმართ არ გამოიყენება მკაცრი ზომები. მაშინ როცა „თრიალეთის“ მიმართ – რომლის დავალიანებაც მნიშვნელოვნად ნაკლებია – გამოყენებულია ყველაზე მძიმე აღსრულების ფორმა, რამაც გამოიწვია მისი საქმიანობის პარალიზება.

    სახელმწიფომ უარი თქვა „თრიალეთისთვის“ კანონით გათვალისწინებულ საგადასახადო შეთანხმების მექანიზმზე, მაშინ როცა ამავე ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ასეთი შეთანხმება გააფორმა ათიათასზე მეტ ორგანიზაციასთან, ხოლო ჩამოწერილი თანხა 5 მილიარდ ლარს აჭარბებს.

    ასეთი განსხვავებული მიდგომები წარმოადგენს შერჩევით სამართალს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს. შემოსავლების სამსახურმა დაარღვია პროპორციულობისა და კეთილსინდისიერი ადმინისტრირების პრინციპები. ეს არ არის საგადასახადო აღსრულება – ეს არის პოლიტიკური შურისძიება.

    „თრიალეთი“ ყოველდღიურად აცნობებს საქართველოსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს, ხელისუფლების მიერ უკანონო ზეწოლისა და
    თავისუფალი მედიის ჩახშობის მცდელობის შესახებ.

    ამავე დროს, კანონდარღვევების შესახებ ინფორმირებულია საქართველოს პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთელი მთავრობა, პარტია „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი – თუმცა რეაგირება არ არსებობს!
    არავინ იკვლევს, დაირღვა თუ არა კანონი. არავინ ინტერესდება, შეილახა თუ არა ადამიანის უფლებები. ყველა ჩუმად ელოდება, როდის ჩაახშობენ დამოუკიდებელ მედიას! ეს არის სამართლიანი ქვეყანა? ეს არის თქვენი დემოკრატია?

    ჩვენ არ გავჩუმდებით! დადგება დრო, როდესაც უკანონო დავალებების შემსრულებელი ჩინოვნიკები კანონის წინაშე პასუხს აგებენ. სოლიდარობა „თრიალეთს” – თავისუფლება მედიას!“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

  • „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს – Amnesty international

    „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს – Amnesty international

    „გრანტების შესახებ კანონში მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძალიან დამაზიანებელია და მიუთითებს საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის შემდგომ გაფართოებაზე, რათა გააჩუმოს, კრიმინალიზაცია გაუკეთოს განსხვავებულ აზრს და ძალაუფლება განამტკიცოს – ასე ეხმაურება AMNESTY INTERNATIONAL “ქართული ოცნების” ინიციირებულ ცვლილებებს.

    „მთავრობის მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს, რათა განსხვავებული აზრი ჩაახშოს და ძალაუფლება გაამყაროს. ცვლილებები გრანტების განმარტებას მნიშვნელოვნად აფართოებს და მოიცავს ნებისმიერი სახის უცხოურ დაფინანსებას პრაქტიკულად ყველაფრისთვის, რის ნებართვასაც მთავრობა არ გასცემს, პოლიტიკური აქტივიზმიდან დაწყებული ანალიტიკური მუშაობითა და ექსპერტების საქმიანობით დამთავრებული“, – აცხადებს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი.

    „ამნესტი ინტერნეშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი ამბობს, რომ ეს არის დაუფარავი მცდელობა, საქართველოში კრიმინალიზაცია მოახდინონ პრაქტიკულად ყველაფრისა, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასთან მთავრობის კონტროლის მიღმა.

    „ეს სხვა არაფერია, თუ არა აშკარა მცდელობა, საქართველოში ფაქტობრივად კრიმინალიზებულად გამოცხადდეს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ხელისუფლების კონტროლის გარეშე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასთან. უცხოური დაფინანსების მოძიება, გამოყენება და მიღება სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ცენტრალური ნაწილია და საერთაშორისო სამართლით დაცულ უფლებას წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ ეს საკანონმდებლო წინადადებები უნდა გაიწვიოს და ქვეყნის კანონმდებლობა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს უნდა შეუსაბამოს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება – კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი გრანტების კანონზე

    მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება – კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი გრანტების კანონზე

    “მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება” – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი ქართული ოცნების პარლამენტის მიერ გრანტების შესახებ კანონის გამკაცრებას განცხადებით ეხმაურება.

    “შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში ინიცირებული ცვლილებების გამო, რომლებიც მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვან შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ეს შეთავაზებები არ შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო კანონით ნაკისრ ვალდებულებას, დაიცვას ასოცირების თავისუფლება. მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილებები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაადასტუროს მხარდაჭერა სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ.[…] ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს მათი შესაბამისობის შესახებ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან, ასევე, არადისკრიმინაციის პრინციპთან, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებშია ასახული.[…] მათ უნდა უზრუნველყონ გაერთიანების თავისუფლების უფლება და შეწყვიტონ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული ყველა ფორმის შევიწროება და დაშინება”, – აცხადებს მაიკლ ო’ფლაერტი.

  • 62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას – თსუ-ს სოც.პოლი

    62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას – თსუ-ს სოც.პოლი

    62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, თსუ-სა და სტუ-ს გაერთოანებასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

    “გაცნობებთ, რომ 2026 წლის 31 იანვარს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა ფარულ გამოკითხვაში ერთსულოვნად დააფიქსირეს უარყოფითი დამოკიდებულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით. 62 პროფესორიდან, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას.

    ხსენებული გამოკითხვის საფუძველზე ვაქვეყნებთ ღია წერილს, რომელთან მიერთება შეუძლია საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც იზიარებს ტექსტის სულისკვეთებას.

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ღია წერილი:

    მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი – საქართველოს ისტორია, წარსული, აწმყოცა და მომავალიც; ადგილი,  რომელსაც ასეულობით ათასი ადამიანის როგორც პროფესიული, ისე პიროვნული მომავალი განუსაზღვრია; ადგილი, სადაც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართველი ერი.

    ამ წერილით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ თსუ არ არის უბრალოდ ინსტიტუცია, რომლის მომავალი მხოლოდ პროცედურულ, ან სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

    შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოვითხოვთ:

    1. შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს.

    2. დაიწყოს ფართომასშტაბიანი, საჯარო და არგუმენტირებული კონსულტაციები აკადემიურ საზოგადოებასთან”. – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ფაკულტეტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

  • ალბათ, სტუდენტები მოგებულები აღმოჩნდებიან, თსუ-ს დიპლომს მიიღებენ – წილოსანი

    ალბათ, სტუდენტები მოგებულები აღმოჩნდებიან, თსუ-ს დიპლომს მიიღებენ – წილოსანი

    მე ვფიქრობ, ეს არის ინიციატივა, რომელსაც არ გააჩნია უარყოფითი მხარეები. ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ეს არის ორი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის გაერთიანება, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძალიან საამაყო, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები.

    ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ასევე, ლექტორებისთვისაც და იქ აკადემიური წრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაერთიანება, რადგან ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი, ალბათ, ყველასთვის საამაყოა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი უნივერსიტეტი, ამ გაერთიანების შედეგად, არ დაკარგავს საკუთარ თავს. ტექნიკური მიმართულება იქნება თსუ-ს ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი და რა თქმა უნდა, ყველა ის კარგი ტრადიცია, რომელიც ამ უნივერსიტეტს ჰქონდა ასწლეულის მანძილზე, იქნება სრულად გადმოღებული.

    ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ივანიშვილის დეპუტატმა ნინო წილოსანმა თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებასთან დაკავშირებით.

  • ყველასთან მზად, ვარ გავმართო დებატები განათლების საკითხთან დაკავშირებით – კობახიძე

    ყველასთან მზად, ვარ გავმართო დებატები განათლების საკითხთან დაკავშირებით – კობახიძე

    “განათლების რეფორმა რომ ავიღოთ, სიამოვნებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი ზუსტად იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ. შეიძლება, ზოგი ჩემი გადმოსახედიდან იყოს რეალური ექსპერტი, ზოგი – არა, მაგრამ ყველასთან მზად ვარ, დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის განათლების საკითხთან დაკავშირებით. მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, სოცმედიაში თუ მედიაში ან ნებისმიერ სივრცეში მწვავედ აკრიტიკებენ ამ რეფორმას, თუნდაც უსაგნოდ. მოვიდნენ, მზად ვარ დისკუსიისთვის ასეთ ადამიანებთან. ზუსტად ასეთი ფორმით წარმომიდგენია ის დებატები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს მედიასივრცეში. იმ პირობებში, როდესაც, მით უმეტეს, გრძელდება რადიკალების დასუსტების პროცესი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის გაშლისთვის და სწორედ ამას ეძღვნებოდა ინიციატივა, რომლითაც გამოვედით”

    ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

  • ვეტერინარული კლინიკების შემოწმებისას ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სეს

    ვეტერინარული კლინიკების შემოწმებისას ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სეს

    “ვეტერინარული კლინიკების შემოწმებისას ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა” – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    „შემოწმებული 20 ობიექტიდან დარღვევები აღინიშნა 8 ვეტერინარულ კლინიკაში: შპს „ახალი ვეტერინარული კლინიკა“, ინდმეწარმე დ. ს., შპს ვეტერინარული კლინიკა „ვეტ.არტ“, შპს ,,დტნბ’’, შპს „ზარავეტ“, შპს „ვეტცენტრი ზოოპლაზა“, ინდმეწარმე თ.ძ. (ბიონიკა), შპს „ვეტ. საავადმყოფო“.

    ინსტრუმენტების არასათანადო სტერილიზაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა 2 კლინიკას. დაფიქსირდა ასევე ვაქცინების შენახვის წესის დარღვევა, არარეგისტრირებული, ვადაგასული და უვარგისად მიჩნეული პრეპარატების გამოყენება, საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.

    სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

    სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • გამოქვეყნდა ეპშტეინის 3 მილიონი ფაილი: რა არის ახალი და იქნება თუ არა გაგრძელება?

    გამოქვეყნდა ეპშტეინის 3 მილიონი ფაილი: რა არის ახალი და იქნება თუ არა გაგრძელება?

    აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ჯეფრი ეპშტეინის საქმის მილიონობით ახალი დოკუმენტი. ეპშტეინი მსჯავრდებული იყო სექსუალური დანაშაულებისთვის და ციხეში გარდაიცვალა. ეს არის დოკუმენტების ყველაზე დიდი პაკეტი, რომელიც  ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ გასაჯაროვდა. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს ეპშტეინის საქმის დოკუმენტების გახსნის საგის დასრულებას.

    პარასკევს გამოქვეყნდა:

    • 3 მილიონი გვერდი

    • 180 ათასი ფოტო

    • 2 ათასი ვიდეო

    გამოქვეყნება მოხდა ექვსი კვირის შემდეგ, რაც სამინისტრომ დაარღვია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დადგენილი ვადა, რომელიც ავალდებულებდა ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის გასაჯაროებას.

    აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ტოდ ბლანშმა განაცხადა:
    „დღევანდელი გამოქვეყნება აღნიშნავს დოკუმენტების იდენტიფიკაციისა და შემოწმების ძალიან მასშტაბური პროცესის დასრულებას, რათა ამერიკელი ხალხისთვის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო და კანონის მოთხოვნები დაცულიყო.“

    დოკუმენტებში შედის დეტალები ჯეფრი ეპშტეინის ციხეში ყოფნის შესახებ, ფსიქოლოგიური დასკვნა, მისი გარდაცვალების ანგარიში პატიმრობის დროს, ასევე გამოძიების მასალები გისლენ მაქსველის წინააღმდეგ — ეპშტეინის თანამზრახველის, რომელიც მსჯავრდებული იყო არასრულწლოვანი გოგონების სექსუალური ტრეფიკინგის ხელშეწყობისთვის.

    კვლავ გამოქვეყნდა ელექტრონული წერილები ეპშტეინსა და მაღალი თანამდებობის პირებს შორის მიმოწერიდან.

    „ჰერცოგი“ და რუსი ქალი

    დოკუმენტები ამხელს სახელგატეხილი ფინანსისტის მჭიდრო კავშირებს ბრიტანულ ელიტასთან.

    გამოქვეყნებულ ფაილებში არის ეპშტეინსა და ვინმე  „ჰერცოგს“ შორის მიმოწერა, სადაც საუბარია ბუკინგემის სასახლეში გამართულ ვახშამზე. სხვა წერილში ეპშტეინი სთავაზობს „ჰერცოგს“, გააცნოს 26 წლის რუსი ქალი.

    ელექტრონული წერილები ხელმოწერილია ასო „A“-თი, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს „მისი სამეფო უმაღლესობა, იორკის ჰერცოგი, გარტერის ორდენის კავალერი“.

    მიმოწერა შედგა 2010 წლის აგვისტოში — ორი წლის შემდეგ, რაც ეპშტეინმა აღიარა არასრულწლოვნის სექსუალურ ქმედებებზე დაყოლიება.

    ეს წერილები არ მიუთითებს რაიმე კანონდარღვევაზე.

    სხვა წერილები აჩვენებს, რომ 2009 წელს ეპშტეინმა 10 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაურიცხა ლორდ პიტერ მანდელსონის პარტნიორს — რეინალდო ავილა და სილვას.

    წერილში და სილვა ეპშტეინს აცნობებს ოსტეოპათიის კურსის ღირებულებას, უგზავნის საბანკო რეკვიზიტებს და მადლობას უხდის დახმარებისთვის. ეპშტეინმა რამდენიმე საათში უპასუხა, რომ თანხას გადარიცხავდა, ხოლო და სილვამ, რომელიც მანდელსონზე 2023 წელს დაქორწინდა, მეორე დღეს მადლობა გადაუხადა.

    ელექტრონული წერილების სხვა სერიაში ლორდი მანდელსონი ეპშტეინს სთხოვს ნებართვას, დარჩეს მის ერთ-ერთ უძრავ ქონებაში.

    ეს წერილები დათარიღებულია 2009 წლის 16 ივნისით — იმ პერიოდში, როდესაც ეპშტეინი სასჯელს იხდიდა არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩართვისთვის. სასჯელის დიდი ნაწილის განმავლობაში მას დღისით ოფისიდან მუშაობის უფლება ჰქონდა, ღამით კი ციხეში ბრუნდებოდა.

    2024 წლის დეკემბერში ლორდი მანდელსონი დაინიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩად აშშ-ში, თუმცა ერთ წელზე ნაკლებ დროში გაათავისუფლეს, როდესაც გაირკვა, რომ მას ეპშტეინისთვის მხარდამჭერი შეტყობინებები ჰქონდა გაგზავნილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ.

    მანდელსონი არაერთხელ აცხადებდა, რომ ნანობს ეპშტეინთან წარსულ მეგობრობას. მისი თქმით, არასდროს უნახავს რაიმე უკანონო ქმედება და „ეპშტეინის ტყუილები დაიჯერა“.

    ტრამპი, გეითსი და დაუდასტურებელი ბრალდებები

    ახალ დოკუმენტებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ასობით ხსენებაა.

    ტრამპი მეგობრობდა ეპშტეინთან, თუმცა ამბობს, რომ მათი ურთიერთობა წლების წინ დასრულდა და უარყოფს რაიმე ცოდნას ეპშტეინის სექსუალური დანაშაულების შესახებ.

    დოკუმენტებს შორის არის ბრალდებების სია, რომელიც გასულ წელს ეროვნული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ცხელი ხაზის მეშვეობით შევიდა. ამ ბრალდებების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, დაუდასტურებელ შეტყობინებებს ეფუძნება და არ ახლავს მტკიცებულებები.

    სია მოიცავს ტრამპის, ეპშტეინისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ წამოყენებულ მრავალ სექსუალური ძალადობის ბრალდებას.

    ტრამპი თანმიმდევრულად უარყოფს ეპშტეინთან დაკავშირებულ რაიმე კანონდარღვევას და ეპშტეინის მსხვერპლები მას კანონდარღვევაში არ ადანაშაულებენ.

    ბოლო ბრალდებებზე პასუხად თეთრმა სახლმა და იუსტიციის დეპარტამენტმა მიუთითეს პრესრელიზზე, სადაც ნათქვამია:


    „ზოგი დოკუმენტი შეიცავს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ ცრუ და სენსაციურ მტკიცებებს, რომლებიც ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს გადაეცა 2020 წლის არჩევნების წინ.“

    „გასაგებად ვთქვათ: ეს ბრალდებები უსაფუძვლო და მცდარია, და მათში რომ ოდნავი სიმართლე მაინც ყოფილიყო, ისინი დიდი ხნის წინ იქნებოდა გამოყენებული პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ“, — აღნიშნულია განცხადებაში.

    Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეითსის წარმომადგენელმა სკანდალურ ბრალდებებს „სრულიად აბსურდული და სრულიად ყალბი“ უწოდა.

    2013 წლის 18 ივლისით დათარიღებული ორი წერილი, სავარაუდოდ, ეპშტეინის მიერ არის დაწერილი, თუმცა გაურკვეველია, გაეგზავნა თუ არა ისინი რეალურად გეითსს. ორივე წერილი გაგზავნილია ეპშტეინის ელექტრონული ფოსტიდან და უკანვე დაბრუნდა. გეითსთან დაკავშირებული მისამართი არ ჩანს და წერილებს ხელმოწერა არ აქვს.

    ერთ-ერთი წერილი ფორმით „ბილ და მელინდა გეითსის ფონდის“ დატოვების განცხადებას ჰგავს და შეიცავს სინანულს იმის გამო, რომ გეითსს „რუს გოგონებთან სექსის შედეგებთან გასამკლავებლად წამლების შეძენა მოუწია“.

    მეორე წერილი იწყება სიტყვებით „ძვირფასო ბილ“ და შეიცავს ჩივილს მეგობრობის გაწყვეტაზე, ასევე ბრალდებებს, თითქოს გეითსი ცდილობდა ვენერიული დაავადების დამალვას, მათ შორის მეუღლისგანაც.

    გეითსის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა:


    „ეს მტკიცებები — აშკარად უკმაყოფილო მატყუარასგან — სრულიად აბსურდული და ყალბია“.
    მისი თქმით, „ამ დოკუმენტებში ჩანს მხოლოდ ეპშტეინის იმედგაცრუება გეითსთან მუდმივი ურთიერთობის არქონის გამო და ის, რაზე იყო მზად წასულიყო მისი რეპუტაციის შელახვისთვის“.

    ყველა ფაილი უკვე გამოქვეყნებულია?

    ჯერჯერობით გაურკვეველია, დასრულდა თუ არა ეპშტეინის საქმის დოკუმენტების გასაჯაროების ისტორია.

    ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ ეს გამოქვეყნება „დოკუმენტების იდენტიფიკაციისა და შემოწმების ძალიან მასშტაბური პროცესის დასასრულს აღნიშნავს“, რაც მიანიშნებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტისთვის საქმე დასრულებულია.

    თუმცა დემოკრატები ამტკიცებენ, რომ სამინისტრომ ზედმეტად ბევრი დოკუმენტი — შესაძლოა დაახლოებით 2,5 მილიონი ფაილი — დამალა საკმარისი ახსნა-განმარტების გარეშე.

    კონგრესმენმა რო ხანამ, რომელმაც რესპუბლიკელ კონგრესმენ თომას მასისთან ერთად ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის კანონი წამოიწყო, განაცხადა, რომ ფხიზლად დააკვირდება სიტუაციას.

    „იუსტიციის დეპარტამენტმა თქვა, რომ გამოავლინა 6 მილიონზე მეტი პოტენციურად მნიშვნელოვანი გვერდი, მაგრამ შემოწმებისა და რედაქტირების შემდეგ აქვეყნებს მხოლოდ დაახლოებით 3,5 მილიონს“, — თქვა ხანამ. — „მე ყურადღებით დავაკვირდები, გამოქვეყნდება თუ არა ის, რისთვისაც ვიბრძოდი“.

    იუსტიციის დეპარტამენტი კრიტიკის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ვერ მოასწრო 19 დეკემბრამდე ყველა ფაილის გამოქვეყნება, როგორც ამას კანონი ითხოვდა.

    პარასკევს გამოქვეყნებული ბევრი დოკუმენტი მნიშვნელოვნად არის რედაქტირებული. კანონი რედაქტირებას მხოლოდ მსხვერპლების დაცვის ან გამოძიების საიდუმლოების მიზნით ითვალისწინებს და ასევე ავალდებულებს ხელისუფლებას, წარმოადგინოს რედაქტირების მოკლე აღწერა და მისი სამართლებრივი საფუძველი.

    ბლანშის თქმით, რედაქტირება მიმართული იყო მსხვერპლთა დაცვისკენ, ხოლო დეპარტამენტის ასობით თანამშრომელი ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა დოკუმენტებზე, მათი რაც შეიძლება სწრაფად გამოქვეყნების მიზნით.

    ბევრი ადამიანი, მათ შორის ტრამპის მხარდამჭერებიც, დიდი ხანია თვლიდა, რომ არსებობდა შეთქმულება ეპშტეინთან დაკავშირებული მდიდარი და გავლენიანი პირების დასაცავად.

    ბლანშმა აღიარა, რომ ეს გამოქვეყნება ვერ დააკმაყოფილებს დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნას. მისი თქმით, ფაილებში არ არის მითითებული კონკრეტული მამაკაცების სახელები, რომლებმაც ქალებზე იძალადეს, და  დეპარტამენტს ასეთი სახელები რომ ჰქონოდა, ეს ადამიანები პასუხისგებაში იქნებოდნენ მიცემული.

  • “მოსკოვის მექანიზმი”, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა – ზურაბიშვილი

    “მოსკოვის მექანიზმი”, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა – ზურაბიშვილი

    “ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი” საქართველოსთვის, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა.

    ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევები, დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება არა მხოლოდ დაიგმობა, არამედ შეფასდება. მსოფლიო გვიყურებს, ქართველი ხალხი პროტესტს აგრძელებს – ანგარიშვალდებულება მოვა!”

    ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.