Category: სლაიდერი

  • ჯუანშერ ბურჭულაძეს ესპანეთში სახლი დაუყადაღეს

    ჯუანშერ ბურჭულაძეს ესპანეთში სახლი დაუყადაღეს

    საქმის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ესპანეთში ნაყიდი სახლი დაყადაღებულია,  რომელიც მისი ცოლის სახელზე იყო რეგისტრირებული.

    “ამ საქმიდან გამომდინარე, ესპანეთის სასამართლომ ესპანეთში ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის, ნინო მხეიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დააყადაღა. ეს ინფორმაცია ესპანეთიდან თებერვლის დასაწყისში მოგვივიდა. დაყადაღების მიზეზი ეს საქმე იმიტომ გახდა, რომ ბურჭულაძეს სწორედ ფინანსურ საკითხებს ვედავებით, მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას […]

    ჩვენ ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც შესაბამისი განჩინება გამოსცა – შემდეგ კი საქართველოს პროკურატურამ ესპანეთს მიმართა და მათ მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ ეს სახლი დაეყადაღებინათ”. – თქვა პროკურორმა.

    ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ უძრავი ქონების გარდა, დაყადაღებულია ბურჭულაძის მშობლების ქონება და ანგარიშები, აგრეთვე, ბურჭულაძის სიდედრისა და სიმამრის საპენსიო ანგარიშებიც.

    “დაყადაღებულია არა მარტო ჯუანშერ ბურჭულაძის მშობლების ქონება და ანგარიშები, არამედ დაყადაღებულია ბებიამისის, მისი სიდედრისა და სიმამრის საპენსიო ანგარიშები. ანუ, ამ ხალხს სახელმწიფო პენსიას რომ ურიცხავს, ვერ იღებენ […] გარდა ამისა, მის ერთ-ერთ ნათესავს საკუთარ კომპანიაში წილი დაუყადაღეს […]

    ეს დაყადაღებულია, დაახლოებით, 2025 წლის აგვისტოდან, როდესაც ბატონი ჯუანშერი ჯერ ბრალდებულის სახითაც კი არ იყო პასუხისგებაში მიცემული”. – თქვა ბურჭულაძის ადვოკატმა.

  • საია მოქალაქეთა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საია მოქალაქეთა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეთა საბანკო ანგარიშების დაყადაღების პრაქტიკას ეხმაურება,  რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმეების საფუძველზე ხორციელდებოდა და კვლავ გრძელდება.

    ”საიასთვის მოქალაქეთა ნაწილის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მათ მხოლოდ ანგარიშების დაყადაღების შემდეგ მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მიმართ დაწყებული იყო ადმინისტრაციული წარმოება და შედგენილი იყო საჯარიმო ოქმი. ამასთან კავშირში, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) ხშირ შემთხვევაში ადგენს სამართალდარღვევის ოქმს, თუმცა მისი ჩაბარების პროცედურები არ სრულდება კანონით განსაზღვრული წესით,რაც იწვევს მოქალაქეთა უფლებების დარღვევას.

    ყადაღის დადება ნიშნავს, რომ მოქალაქე ვერ გამოიყენებს საკუთარ ანგარიშზე არსებულ ან/და ჩარიცხულ თანხებს. ყადაღა ასევე შეიძლება გავრცელდეს უძრავ ან მოძრავ ქონებაზე, რაც ნიშნავს, რომ მესაკუთრეს ეკრძალება ქონების გასხვისება ან /და უფლებრივად დატვირთვა. ეს არის სერიოზული ჩარევა საკუთრების უფლებაში, რის გამოც სააღსრულებო პროცესის დაწყება უნდა ხდებოდეს კანონის სრული დაცვით. დამკვიდრებული მავნე პრაქტიკის მიხედვით, შსს საჯარიმო ქვითრებს აქვეყნებს ვებგვერდზე – Protocols.ge, თუმცა მოქალაქეებს ამის შესახებ წინასწარ არ ატყობინებენ SMS-ის ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქვითრების გამოქვეყნება ხდება ისე, რომ არ არის დაცული მათი ჩაბარების კანონით დადგენილი წესი, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სავალდებულო მოთხოვნაა.

    იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ორგანო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის აღსრულების მიზნით, მოქალაქის საბანკო ანგარიშებზე ყადაღას იყენებს ისე, რომ მანამდე მოქალაქე საერთოდ არ ყოფილა ინფორმირებული მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების, მიღებული გადაწყვეტილებისა და გადახდის ვადის თაობაზე, ეს წარმოშობს სერიოზულ კითხვებს, როგორც ქონების განკარგვის, ისე საქმის სამართლიანი განხილვისა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობაზე. ასეთ სიტუაციებში საკუთრების უფლება უკანონოდ და არაპროპორციულად იზღუდება, არამხოლოდ, იმიტომ, რომ პირი პრაქტიკულად კარგავს წვდომას საკუთარ ფინანსურ რესურსებზე, არამედ იმიტომაც, რომ ეს ხდება გაუფრთხილებლად, მკაფიო სამართლებრივი განმარტების და რეალური გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე, რაც არღვევს კანონიერებისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. ამავე დროს, სამართლიანი განხილვის კუთხით, მოქალაქეს არ ეძლევა ელემენტარული პროცედურული გარანტიები: იცოდეს, რას ედავებიან, როდის და რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება და რა ვადაში შეუძლია მასზე რეაგირება. შედეგად, ადამიანს, ფაქტობრივად, ერთმევა შესაძლებლობა, წარმოადგინოს არგუმენტები, მოითხოვოს მისი საქმის გადახედვა ან თუნდაც ნებაყოფლობით გადაიხადოს ჯარიმა მანამდე, სანამ სახელმწიფო მიმართავს უფრო მკაცრ აღსრულების მექანიზმს, როგორიცაა ანგარიშზე ყადაღა. ეს უკანასკნელი გარემოება, რომ, სათანადო ინფორმირების შემთხვევაში, პირი შესაძლოა დროულად და ნებაყოფლობით დაფარავდა ჯარიმას, განსაკუთრებულად აჩენს პროპორციულობის პრობლემას, რადგან სახელმწიფომ აღარ სცადა ნაკლებად ინტენსიური, ადეკვატური გზა მიზნის მისაღწევად და გაამწვავა ჩარევა, რითაც დაარღვია სამართლიანი ბალანსი საჯარო ინტერესსა (ჯარიმის ამოღება) და ინდივიდის ქონების ინტერესებს შორის.

    ქვემოთ მოცემულია ის სამართლებრივი რჩევები, რომლებიც მოქალაქეებს დაეხმარებათ ამ პროცესში საკუთარი უფლებების დაცვაში:

    თუ პირის ანგარიშზე უკვე დადებულია ყადაღა და ამასთან ჯერ არ ყოფილა ინფორმირებული მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის შესახებ. საჭიროა, პირმა:

    · მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს / საპარტულო პოლიციის დეპარტამენტს და გამოითხოვოს საჯარიმო ქვითარი და საქმის მასალები.

    · აღსრულების ბიუროდან მოითხოვოს ინფორმაცია მიმდინარე სააღსრულებო საქმეთან დაკავშირებით.

    · Protocols.ge ან/და სატელეფონო ქსელის პროვაიდერისგან მოიძიოს ინფორმაცია, იყო თუ არა სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე დაცული ინფორმაციის მოწოდების კანონისმიერი მოთხოვნა (გამოეგზავნა თუ არა SMS შეტყობინება).

    · ოქმის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული საჩივრით და თანდართული დოკუმენტებით; და მოითხოვოს ქვითრის გაუქმება და სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

     

    გაითვალისწინეთ, რომ საჩივარი უნდა წარადგინოთ იმ სასამართლოში, რომელიც მდებარეობს შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე. სასამართლოში საჩივრის წარდგენა უფასოა. საჩივარისათვის დადგენილი ფორმა არ არსებობს, არსებითია მოთხოვნა იყოს სწორად, ზემოთ მითითებული ფორმულირებით.

    აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე. თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს მოთხოვნას, აღსრულება შეჩერდება თქვენს საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

    · იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს აღსრულების შეჩერების მოთხოვნას, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება, აღსრულების შეჩერების მიზნით, მატერიალური ფორმით წარუდგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

    თუ პირი ეჭვობს, რომ შეიძლება იყოს დაჯარიმებული, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ანგარიშების შესაძლო დაყადაღების შემთხვევა, საჭიროა:

    · მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვოს ინფორმაცია, ხომ არ არსებობს მის მიმართ შედგენილი საჯარიმო ოქმი.

    · ჩაიბაროს ოქმი და გაასაჩივროს სასამართლოში 10 დღის ვადაში”. ნათქვამია განცხადებაში.

  • 8-10 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

    8-10 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

    8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

    “დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – აცხადებს სააგენტო.

  • რჩებიან ოჯახები, ვისაც ეკონომიურად უჭირთ, თანადგომა სჭირდებათ – კალაძე

    რჩებიან ოჯახები, ვისაც ეკონომიურად უჭირთ, თანადგომა სჭირდებათ – კალაძე

    მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. ზოგადად ფასების დასტაბილურების საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია, ხელშეუხებელია და მას არავინ ეხება, თუმცა ფასების დარეგულირების საკითხში მათი ჩართულობა და თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. […]

    საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად აქვეყნებენ სტატისტიკას ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ამის ეჭვქვეშ დაყენება სასაცილო მგონია. ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის. შეიძლება ეს ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ, მაგრამ რეალობა ასეთია. ცხადია, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, ვისაც ეკონომიურად უჭირთ, თანადგომა სჭირდებათ. მე როგორც დედაქალაქის მერმა, შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს უამრავი სპეციალური პროგრამა. ვიდრე ასეთი ოჯახები არსებობენ, ჩვენ მათ ყოველთვის გვერდით დავუდგებით. ყველაფერი შედარებითია. გადავხედოთ წინა წლებს, შევადაროთ რამდენი გაჭირვებული ადამიანი იყო, ახლა რამდენია. იმის ილუზია არავის გვაქვს, რომ ქვეყანაში ყველაფერი საუკეთესოდ არის და გულზე ხელის ბჯენით ვთქვათ: აუ, რა მაგრები ვართო. ცხადია, ასე არაა და ჩვენ უფრო უკეთესი შედეგები და ქვეყნის მეტად ეკონომიკური წინსვლა გვინდა.

    თქვა ივანიშვილის თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • რასაც ხალხის ძალა 2-3 წლის წინ ვამბობდით, იმაზე ახლა უკვე აშშ საუბრობს – გურამ მაჭარაშვილი

    რასაც ხალხის ძალა 2-3 წლის წინ ვამბობდით, იმაზე ახლა უკვე აშშ საუბრობს – გურამ მაჭარაშვილი

    დღეს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის უკვე პირდაპირი, ხელჩართული ბრძოლა მიდის და იმას ვხედავთ, რომ რასაც ჩვენ, ხალხის ძალა 2-3 წლის წინ ვამბობდით, იმაზე ახლა უკვე აშშ ძალიან ღიად საუბრობს – აქ საუბარია პრობლემებზე, უსამართლო განცხადებებზე, ორმაგ სტანდარტებზე […]

    ზოგადად, არცერთი გაერთიანება არ არის ილუზია და თვითმიზანი. ნებისმიერი გაერთიანება არის შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე […] საქართველოში უკვე ქართველი ხალხი ხედავს იმას, რასაც ჩვენ ადრე ვამბობდით და რაც სიმართლის სახით კულისებიდან გამოგვქონდა.

    აცხადებს ივანიშვილის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი.

  • ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი შსს-მ 2 დღეში 39 პირი დააკავა

    ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი შსს-მ 2 დღეში 39 პირი დააკავა

    შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო 2 დღეში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 39 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ დანაშაულთან ბრძოლას, შესაბამისი საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარების გზით. სამართალდამცველების მიერ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

    აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გატარებული ეფექტიანი საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგია.

    ჩვენი მიზანია, საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და აღნიშნული მიმართულებით პრევენციული ხასიათის საპოლიციო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.” – განაცხადა უწყების ბრიფინგზე დარახველიძემ.

  • ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს – კობახიძე

    ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს – კობახიძე

    „აბსოლუტურად ლოგიკურია. საქართველოს მაგალითზე ჩანს, რა პროცესები ვითარდება ჰელსინკის კომისიაში. თქვენ გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაში იყო ჩართული კონკრეტულად ჯო უილსონი.ამ ყველაფერს ფარდა აეხადა იმ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა ხედავს, რომ ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს. საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი“

    განაცხადა, “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • თუ განათლების სისტემას ფუნდამენტურად არ დავხვეწავთ და არ შევცვლით, ფსევდო განათლების რეჟიმში დავრჩებით – ქადაგიშვილი

    თუ განათლების სისტემას ფუნდამენტურად არ დავხვეწავთ და არ შევცვლით, ფსევდო განათლების რეჟიმში დავრჩებით – ქადაგიშვილი

    „როგორც კი რეფორმა დაიწყო, ძირეულ რეფორმასთან დაკავშირებით ყველამ თავისი შიშები გამოავლინა. საქართველოში ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და 64 უნივერსიტეტი გვაქვს – ეს ერთგვარ ბიზნესად იქცა. კარგად ვიცით, რომ ყველა ეტაპზე განათლების ხარისხის პრობლემა გვაქვს. ტექნიკურ საკითხებსა და საინჟინრო სპეციალობებზე უმძიმესი მდგომარეობაა – ანალოგიური მდგომარეობაა ჰუმანიტარული თუ ფუნდამენტური მიმართულების კუთხითაც. სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა, რომ რესურსებით მოახდინოს საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ისე კონსოლიდირება, რომ ისეთი ძლიერი საუნივერსიტეტო კერა მივიღოთ, რომელიც ყველა მიმართულებით განათლების ხარისხის უპირობო აწევის შესაძლებლობების გაჩენას უზრუნველყოფს. რეფორმა რთულია, შეკითხვებიც ბევრია, ვიღაცისთვის მტკივნეულიც კი – ყველას ობიექტური თუ სუბიექტური წუხილი შეიძლება გააჩნდეს. ჩვენ თუ ჩვენ განათლების სისტემას ფუნდამენტურად არ დავხვეწავთ და არ შევცვლით, ფსევდო განათლების რეჟიმში დავრჩებით.[…]გამოცხადდა მიზანი და გზები და ამასთან დაკავშირებით ახლა კონკრეტული სჯა-ბაასია. ამიტომ, მთავრობამ უნდა თქვას რა არის მისი ჩარჩო-ხედვა. ამ ჩარჩო-ხედვაში იქნება დისკუსიები, რომელსაც ძალა აქვს. მთავრობამ თავისი ექსპერტული თუ სხვა მონაცემების ანალიზის შედეგად დაინახა, რომ ეს ოპტიმალური გამოსავალია და თქვა, რომ ასე ვხედავო. საინტერესოა სხვა ექსპერტის თუ პროფესურის ხედვაც, მაგრამ მთავრობამ თავისი კონსოლიდირებული პოზიცია უნდა თქვას”,

    ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

  • ერთი აფთიაქი რომ  გაიხსნება, გვერდით იხსნება რამდენიმე, ეს ტვირთია ბიზნესზე – სარჯველაძე

    ერთი აფთიაქი რომ გაიხსნება, გვერდით იხსნება რამდენიმე, ეს ტვირთია ბიზნესზე – სარჯველაძე

     

    “არ სჭირდება დიდი სტატისტიკა და ანალიტიკა, ყველას გვინახავს, სახლთან ახლოს რამდენიმე დასახელების აფთიაქი გვერდი-გვერდ.რა საკვირველია ეს უცნაურად გამოიყურება, ყველამ ვიცით მაგალითად, ევროპის ქვეყნებში როგორ არის, მე პირადად არსად მინახავს რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი.ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთიაისახება ფასში”

    აცხადებს ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

  • ქვემო ქართლში ყველის 4 არალეგალური საწარმო გამოვავლინეთ. შეუჩერდათ საწარმოო პროცესი – სეს

    ქვემო ქართლში ყველის 4 არალეგალური საწარმო გამოვავლინეთ. შეუჩერდათ საწარმოო პროცესი – სეს

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ყველის 4 არალეგალური საწარმო აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

    “სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე გ. ბ. (მისამართი ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩის მ/ტ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ამასთან, ობიექტზე აღინიშნა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.

    ასევე, სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ (ნედლის რძის თერმული გადამუშავება) შპს ,,Cheese line” (ს/კ 426520883, მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი), ინდმეწარმეები ა. ს. (მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი) და ზ. მ. (გარდაბანი, სოფ. თელეთი). ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

    სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სავალდებულო აღიარების მოთხოვნით. აღიარება არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება. ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან, ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მას ენიჭება უვადო აღიარება.” – ნათქვამია განცხადებაში.