Category: სლაიდერი

  • ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. – აშშ-ის საელჩო

    “ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია  და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?” – ამის შესახებ, საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს და  ივანიშვილს პასუხობს.

     

  • ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული, რათა ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ – ივანიშვილი

    ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული, რათა ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ – ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა და ხალხს 2012 წელს მათი ხელისუფლებაში მოსვლა კიდევ ერთხელ მიულოცა.

    “დღეს 1 ოქტომბერია…

    თავისუფლების დაბრუნების დღე!

    დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობას. დღე, რომელიც გამოხატავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას და ქართველი კაცის მიერ ღირსების დაბრუნებას!

    2012 წლის 1 ოქტომბერი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ქართველი ხალხის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლება, დღე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართულ გენს და წინაპართა მემკვიდრეობას – რამდენად ძლიერიც უნდა იყოს მტერი, შიდა თუ გარე, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას ეხება, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს!

    ღირსება და თავისუფლება ქართველი კაცისთვის წითელი ხაზია, რუბიკონი, რომელიც არ უნდა გადალახო, მაგრამ თუ მაინც გაბედავ, რომ ამ მდინარეში შესცურო, ქართველი ხალხის, საქართველოს შვილების ერთიანობის ძალა წაგლეკავს!

    1 ოქტომბერი არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, რომელიმე ადამიანს, 1 ოქტომბერი ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ამ საოცარი ერთიანობით, “ქართულ ოცნებასთან” ერთად, ქვეყანას ჩამორეცხეს სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას თავისუფლად ამოსუნთქვის, აზრის გამოხატვის, სიმართლისთვის ბრძოლის, ღირსეულად ცხოვრების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის, მუშაობის, ბიზნესის კეთების, განათლების მიღების და სიბერის ღირსეულად გატარების.

    პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს!

    ჩვენ გავბედეთ!

    შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლის და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1 ოქტომბერს კი, ქუდზე – კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ!

    ამ ერთიანობის ძალით შევძელით  ბოროტების – სიკეთით, ხოლო სიცრუის სიმართლით, უსისხლოდ დამარცხება.

    სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები!

    ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა!

    ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი!

    ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი!

    ვსარგებლობ დღევანდელი შემთხვევით და მადლობას ვუხდი “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს, თითოეულ თანამებრძოლსა და მხარდამჭერს. მადლობა ყველას, ვინც პირველ ოქტომბერს ჩვენთან ერთად უშიშრად დადგა, გასული 12 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე  და გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, რათა დღეს ისევ ჩვენ გვერდით ყოფილიყო!

    2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი – წაღმა დატრიალდა. არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ეკონომიკა თუ სხვა.

    ამას არა მხოლოდ ჩვენი სიტყვა და ის კეთილდღეობა ადასტურებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ, არამედ ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს!

    არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს.

    ეს ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას.

    დიახ, ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული – დღემდე, საქართველოს და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!

    საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბეწვის ხიდზე სიარულისას, ბრძოლის მთავარი ხაზი გადიოდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი რწმენის, კულტურის, ისტორიის და იმ ღირებულებების დაცვაზე, რისთვისაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გავერთიანდით!

    ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ ამ ბეწვის ხიდზე საქართველო და ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა, და ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს “ქართული ოცნებისადმი” საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში. ვერავინ შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს – არამედ მშვიდობას; არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს; არა ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს; არა იმ კატეგორიულად მიუღებელ მოცემულობას, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს!

    ამიტომაც, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ:

    ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს;

    იმისთვის, რომ საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”;

    იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო;

    იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი!

    ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას!

    უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ!

    ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!

    გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს!” – წერს ივანიშვილი.

  • გაგლოევსა და ბჟანიას დამოუკიდებლობის მორიგ წლისთავს გულითადად ვულოცავ! მიხარია, რომ რუსეთი ამ რეგიონების დაცვის გარანტია! – კადიროვი

    გაგლოევსა და ბჟანიას დამოუკიდებლობის მორიგ წლისთავს გულითადად ვულოცავ! მიხარია, რომ რუსეთი ამ რეგიონების დაცვის გარანტია! – კადიროვი

    დღეს ჩვენი ქვეყნის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეა. ცხადია, ეს დღე ნათელი და ისტორიულია ორივე რესპუბლიკისთვის. მიხარია, რომ რუსეთი ამ მშვენიერი რეგიონების დაცვისა და შემდგომში განვითარების გარანტია. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევს, აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და მოძმე რესპუბლიკების მოსახლეობას დამოუკიდებლობის მორიგ წლისთავს გულითადად ვულოცავ.

    წერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი.

  • მორალურია უკრაინას მიეცეს რუსეთის შიგნით სამხედრო სამიზნეებზე დარტყმის უფლება – ჰელსინკის კომისია

    “რუსეთის მრავალი ყველაზე მომაკვდინებელი, ყველაზე დესტრუქციული თავდასხმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის შიგნიდან განხორციელდა.

    ჩვენთვის, ეს არის მორალური და სტრატეგიულად გადაუდებელი, უკრაინას მიეცეს უფლება რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე დარტყმის”,

    ასე ეხმაურება, ჰელსინკის კომისია,  რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ სარაკეტო იერიშებს, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა.

  • მთავრობა შვეიცარიაში, ბრიტანეთში ელჩებს, NATO-სა და ჟენევაში წარმომადგენლებს ათავისუფლებს

    საქართველოს მთავრობა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩებს, ასევე NATO-სთან საქართველოს წარმომადგენენელს, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენელს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს.

    განკარგულება 26 აგვისტოთი თარიღდება და ხელი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა. განკარგულებით მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, აღნიშნული პირები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.

    საგარეო საქმეთა სამინისტროში მიზეზად როტაციის ვადის ამოწურვას ასახელებენ.

    დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავაა, რომელსაც უფლებამოსილება 2024 წლის 15 ოქტომბრიდან უწყდება.

    განკარგულების მიხედვით, შვეიიცარიაში საქართველოს ელჩმა, რევაზ ლომინაძემ, თანამდებობა 1-ლი ოქტომბრიდან უნდა დატოვოს. ამავე დღეს უწყდება უფლებამოსილება ჟენევაში, გაეროს განყოფილებებსა და სხვა ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ალექსანდრე მაისურაძეს.

    თანამდებობა 15 ოქტომბერს უნდა დატოვოს ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ. 21 სექტემბერს კი უფლებამოსილება NATO-ში საქართველოს წარმომადგენელს, ვიქტორ დოლიძეს შეუწყდება.

  • ხარკივში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც კრემლს უკრაინაზე ინფორმაციას აწვდიდა

    ხარკივში დააკავეს რუსეთის აგენტი, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალების შესახებ რუსეთის დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდა.ხარკივის მოქალაქე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის მძღოლი იყო.

    მამაკაცი, ხარკივში სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, ფარულად კი  უკრაინის ჯარისკაცებისა და სამხედრო შეიარაღების ადგილმდებარეობის კორდინატებს  გასცემდა. ასევე ცდილობდა პატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.

    მოპოვებულ ინფორმაციას ბრალდებული რუსეთის წარმომადგენელს ტელეგრამის პირად მიმოწერაში აწვდიდა. როგორც უკრაინული წყაროები იტყობინებიან, რუსეთის ფედერაციას ეს მონაცემები ზუსტი თავდასხმების განსახორციელებლად სჭირდებოდა.

    ბრალდებული მამაკაცი რუსეთს ინფორმაციას სრულიად მოხალისეობრივად, ანაზღაურების გარეშე აწვდიდა.

  • ოპოზიციონერები რევოლუციას ქადაგებენ, რათ უნდა რუსეთის დაზვერვის განცხადება? – კალაძე

    „ამას რად უნდა რუსეთის დაზვერვის ან სპეცსამსახურის განცხადება, ოპოზიციონერები გამოდიოდნენ და პირდაპირ რევოლუციას ქადაგებდნენ. ის დაფინანსებები, რაც ვითომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების ტრენინგისთვის მოდიოდა, საზოგადოებამ იხილა თუ რა პროექტები ფინანსდებოდა ამით. პირდაპირ ასწავლიდნენ და ატრენინგებდნენ როგორ უნდა მომხდარიყო ქვეყანაში რევოლუცია. ამას რად უნდა სხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის განცხადება?! პირდაპირ გამოდიოდნენ და ტელევიზიით საუბრობდნენ ამაზე. მე ხომ არ ვიგონებ?! არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ, ხელისუფლება უნდა გადადგესო ამბობდნენ და რევოლუციას აწყობდნენ“,

    ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას შეეხებოდა, სადაც საუბარია, რომ ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.

  • სახელმწიფო იყო რყევის და გადატრიალების საფრთხის წინაშე – წილოსანი რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე

    სახელმწიფო იყო რყევის და გადატრიალების საფრთხის წინაშე. ვის ინტერესში იყო, ვინ აკეთებდა, ვინ აფინანსებდა, ვინ ასრულებდა ამას, ეს ყველაფერი ძალიან ნათელია, მაგრამ სამწუხაროდ, არ არის ბოლომდე ნათელი, ვის უნდოდა, ვინ უკვეთავდა და ვის ინტერესში იყო, ეს ყველაფერი.

    ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

    დედაქალაქში – თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,+35 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

  • საქართველოს პრეზიდენტმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტმა 17 მსჯავრდებული შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს 17 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, 13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.

    4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.