Category: სლაიდერი

  • “მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს მზიას დანაბარებია” – ნონა ქურდოვანიძე

    “მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები. მზია ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას მისდის არაერთი წერილი, რომლითაც შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, მაგრამ არ შეუძლია ამ თხოვნების გაზიარება, რადგან უსამართლობასთან შეგუება ვერ წარმოუდგენია.
    ის პასუხისმგებლობას აკისრებს ,,ქართულ ოცნებას”,  სოზარ სუბარს, და ყველა იმ პირს, ვინც მის საქმეზე უტიფრულ განცხადებებს აკეთებს.”

    ამის შესახებ მზია ამაღლობელის  უფლებადამცველი, ნონა ქურდოვანიძე წერს.

  • “ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას” – აშშ-ის საელჩო

    ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული“,

    საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც დღეს აშშ-ის საელჩო საქართველოში მიმდინარე პროტესტში ჩარევაში დაადანაშაულა.

  • “ქართული ოცნების” სასტიკი ძალადობა, რომელიც ბოლო დღეებში გამწვავდა, მიუღებელია – ცაჰკნა

    “ქართული ოცნების” სასტიკი ძალადობა, რომელიც ბოლო დღეებში გამწვავდა, მიუღებელია – ცაჰკნა

    საქართველოს მმართველი პარტიის მიერ სასტიკი ძალადობა, რომელიც ბოლო დღეებში გამწვავდა, მიუღებელია. ეს კიდევ ერთი მაგალითია ქართული ოცნების მცდელობის, გაანადგუროს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, დემოკრატიული ოპოზიცია და სასტიკად ჩაახშოს ხალხი.

    წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე.

  • საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი პროტესტის ჩახშობაა, მაგრამ არ გაუვათ! – ჯაფარიძე

    საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი პროტესტის ჩახშობაა, მაგრამ არ გაუვათ! – ჯაფარიძე

    რაც ახლა ხდება, ამ საკანონმდებლო ცვლილებებით არის ის, რაც რუსეთმა გაიარა. ოღონდ რუსეთში ამას დაჭირდა წლები და აქ იგივე რუსები აკეთებენ ყველაფერს გაცილებით უფრო დაჩქარებული ტემპით.

    მიზანი ამ საკანონმდებლო ცვლილებების არის ის, რომ ჩაახშონ პროტესტი. მათ შორის, მაგალითად, დახურულ სივრცეში პროტესტის აკრძალვა ალბათ პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ დღეს, როცა მოლში იყო რაღაც, საერთო სახალხო პროტესტი, ძალიან ბევრი პროტესტანტი იყო შიგნით შესული და გამოხატეს პროტესტი. საბოლოო ჯამში მიზანი არის, რომ სუნთქვის საშუალება არ მისცენ იმ ადამიანებს, ვინც არ ეგუებიან არსებულ რეალობას და პროტესტს გამოთქვამენ.

    მაგრამ არ გაუვათ! მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც არ უნდა შეზღუდონ.

    თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა გირჩი ჯაფარიძემ.

  • “თბილისი მოლთან” ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 10-ზე მეტი ინციდენტი მოხდა – “მედიაჩეკერი”

    “მედიაჩეკერის” ინფორმაციით 2 თებერვალს, პროევროპული აქციების 67-ე დღეს, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე გაიმართა. „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციის გაშუქებისას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 10-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა.

    „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, „შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, რომელთა იდენტიფიცირება მეტწილად შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული და ამოსაცნობ ნიშნებს არ ატარებდნენ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს ხაზგასმულად უპატივცემულოდ და უხეშად ეპყრობოდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით აძევებდნენ და გადაღებაში ხელს უშლიდნენ. პოლიციელები განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მაშინ, როცა ჟურნალისტები მათ მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტების გადაღებას ცდილობდნენ“.

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტებს გმობს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, „შესაბამისი შეფასება მისცენ კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან გასული ძალოვნების საფრთხის შემცველ ქმედებებსა და სისტემურ ძალადობას მედიის წარნმომადგენლებზე“.

    2 თებერვლის საპროტესტო აქციაზე მომხდარ შემთხვევებს გამოეხმაურა და დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედიაორგანიზაციებს სოლიდარობა გამოუცხადა „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“.

    „ეს ფაქტები წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე პირდაპირ თავდასხმას და დემოკრატიული პრინციპების უხეშ დარღვევას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ აღნიშნული დანაშაულები პირველი შემთხვევები არ არის და უკვე წლებია “ქართული ოცნების” რეჟიმი ძალადობს საკუთარ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე მედიის წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე არც ერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში და უკანონო პატიმრობაში რჩება “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს“, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

    „თბილისი მოლთან“  მიმდინარე აქციის გაშუქებისას მომხდარი ინციდენტები:

    • „TV პირველი“

    დაახლოებით 18:00 საათზე, აქციის გაშუქებისას დაშავდა „TV  პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. ტელევიზიის განცხადებით, ოპერატორი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. კოკაია რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

    ამ ინციდენტიდან დაახლოებით ერთ საათში, პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტს, დიანა ჩირგაძესა და მის ოპერატორს. ჟურნალისტის თქმით, მანამდე პოლიციელებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შეეცადნენ, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ ოპერატორს და სამაუწყებლო აპარატურა დაეზიანებინათ.

    პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ჟურნალისტ ხატია სამხარაძესაც. „TV პირველის“ ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) მოადგილემ, მირზა კეზევაძემ ჟურნალისტს პირადი ტელეფონი წაართვა, ტელეფონი ძირს დააგდო და ფეხი დაარტყა.

    • „ფორმულა“

    „TV პირველის“ ჟურნალისტის, ხატია სამხარაძის თქმით, პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც.

    • „მთავარი არხი“

    20:36 საათზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, დეა მამისეიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელებმა მას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

    • „მედია აპრილი“

    პოლიციელებმა აქციის გაშუქებაში ხელი შეუშალეს „მედია აპრილის“ თანამშრომლებს, ვახო ქარელსა და ნატა ურიდიას. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ცდილობდნენ, მათთვის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაეტოვებინათ.

    • „რადიო თავისუფლება“

    პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და დაემუქრნენ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, გელა ბოჩიკაშვილს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ემუქრება პოლიციელი ჟურნალისტს: „გაწიე ეგ კამერა, თორემ გაგიმტვრევ თავ-პირს“.

    • „რადიო მარნეული“

    ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტ ვლადიმერ ჩხიტუნიძესაც. ის პოლიტიკოს ნიკა მელიას დაკავებას იღებდა, რა დროსაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გააჩერეს და ტროტუარზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

    • „გურია ნიუსი“

    პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტსაც. გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ხელს „გურია ნიუსის“ კამერას ნიღბიანი პირი, რომელსაც პოლიციის ფორმა არ ეცვა.

    • „მედიაჩეკერი“

    „თბილისი მოლთან” მიმდინარე აქციის დროს პოლიცია გადაღებაში ხელს უშლიდა ჟურნალისტ ნინია კაკაბაძესაც. მას პოლიციელებმა ხელიც ჰკრეს.

    2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. გასულ წელს პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. 

  • ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი! შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის დიდი ზიანის მომტანი – მდინარაძე ამაღლობელზე

    ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი! შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის დიდი ზიანის მომტანი – მდინარაძე ამაღლობელზე

    რაც შეეხება ქალბატონ მზიას, ჩვენ ესე წარმოგვიჩენენ, თითქოს, დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი. ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი! სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს არის მსოფლიოს, ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება.

    და კარგად თუ უნდა, რომ იყოს, შიმშილისკენ და სიკვდილისკენ ნუკი მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს მიხედოს და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის დიდი ზიანის მომტანი ნებისმიერ შემთხვევაში.

    თქვა მამუკა მდინარაძემ ნეტგაზეთისა და ბათუმელების დაფუძნებლის, ზმია ამაღლობელის შესახებ, რომელიც 23-ე დღეა შიმშილობს.

  • საქართველოში რეჟიმის ბანდიტები ძალადობრივად სცემენ აქციის მონაწილეებს! – მაიკლ კარპენტერი

    ამაზრზენია, რაც საქართველოს ქუჩებში ხდება, რეჟიმის ბანდიტები ძალადობრივად სცემენ აქციის მონაწილეებს. საქართველო ამ მთავრობით ვერასდროს შევა NATO-სა თუ ევროკავშირში.

    წერს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი მაიკლ კარპენტერი.

  • შსს-ს თქმით, გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “თბილისი მოლთან” გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს.

    გუშინ მოქალაქეებმა აქცია აღმაშენებლის ხეივანზე გამართეს. ისინი გზის გადაკეტვას ცდილბდნენ. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

  • აქციაზე დაკავებულ 5 ადამიანს თავის ტვინის შერყევა აქვს

    გუშინ, 2 თებერვალს რთულ ბილისი მოლთან  დაკავებული და დაშავებული 5 ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ანი დალაქიშვილმა აღნიშნა, რომ ოთხ მათგანს თავის ტვინის შერყევა აქვს.

    “გუშინ საღამოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სულ შემოყვანილია 5 დაშვებული. ძირითადად მათ აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმები., ჩაუტარდათ შესაბამისი კონსულტაციები, გამკვლევები და 4 პაციენტი თავის ტვინის შერყევით მოთავსდა ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში. ერთი პაციენტი უარით გაეწერა. ამ ეტაპზე 4 პაციენტი აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას. [პაციენტს, რომელიც გაეწერა] გასინჯვით თავის ტვინის შერყევა ჰქონდა, მაგრამ მგონი, სხვა კლინიკაში წაიყვანეს” – თქვა დალაქიშვილმა “ფორმულასთან”

    კლინიკის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ერთ-ერთ მათგანს ტვინის შერყევა აქვს და სტაციონარშია მოთავსებული, მეორე პაციენტი კი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.

    2 თებერვალს აქციაზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა.

     

  • თბილისი მოლთან ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს – დაშავდა “TV პირველის” ოპერატორი

    აღმაშენებლის ხეივანზე, თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსები, გიგი უგულავა და ნიკა მელია დააკავეს.

    მათი  დაკავების მიზეზი უცნობია.

    მსვლელობის დროს “TV პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა. არსებული ინფორმაციით მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მუცელში წიხლი მოხვდა.

    ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა. ისინი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

    ცოტა ხნის წინ,  პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო.