Category: სლაიდერი

  • გუშინ სამების ტაძრის ტერიტორიაზე ცრუ ტერორისტული აქტების შესახებ 2 ანონიმური ზარი განხორციელდა – სუს

    გუშინ სამების ტაძრის ტერიტორიაზე ცრუ ტერორისტული აქტების შესახებ 2 ანონიმური ზარი განხორციელდა – სუს

    სუს-ის ცნობით, 22 მარტს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ცრუ ტერორისტული აქტების შესახებ 2 ანონიმური ზარი განხორციელდა, დაკავებულია არასრულწლოვანი. უწყების ცნობით, ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია.

    “მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება.

    ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი.

    კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გუშინ საღამოსვე შევძელით დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამოღებულია რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.

    არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. არასრულწლოვანს ბრალდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის კონტრტერორისტულ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ, ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს ფაქტზე ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება”, – ვკითხულობთ განცხადებაში

  • მელია არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში – კონდახიშვილი

    მელია არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში – კონდახიშვილი

     

    „ნიკა მელიას მორიგი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებით განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ეს ეპიზოდი ეხება სასამართლოს შეურაცხყოფას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე და ბრალდება თვეების შემდეგ წარედგინა.

    მთავარი მტკიცებულება იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა ხმის ვინაობას, რომლის საფუძველზეც ნიკას შეერაცხა აღნიშნული ბრალდება. თუმცა, საქმეში არის სასამართლოს თანამშრომლების – სხდომის მდივნის, მანდატურებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების ჩვენებები, რომლის საფუძველზეც, მოსამართლემ საქმე არსებით განსახილველად გადასცა. საქმის განხილვა 3 აპრილს ჩაინიშნა.

    ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნიკას მიმართ მერამდენე ბრალია, სათვალავი გვაქვს არეული. ნიკა არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე, 2 დღეში არის ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა, სადაც ნიკა ფიგურირებს, ისევე როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრი. ნიკა მელია ჩვენი გადმოსახედიდან არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და იგი ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში. არ აქვს მნიშვნელობა სამართლებრივ საფუძვლებს, რა მუხლით და რა საქმით, სანამ არსებობს ნება, რომ ნიკა ციხეში იყოს, ის ციხეში იქნება“,

    ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • მსოფლიო პატრიარქი საქართველოშია

    მსოფლიო პატრიარქი საქართველოშია

    მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია. ის საქართველოში ილია II-ის პატივის მისაგებად ჩამოვიდა. მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად წესის აგების მსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.

    აეროპორტიდან მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.

    საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის საქართველოში იმყოფებიან სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა, ასევე, ჩამოსულია ვატიკანის და რუსეთის ეკლესიების დელეგაციები, ისე როგორც დაკრძალვას ესწრებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სამების საპატრიარქო ტაძრიდან 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო, ფეხით მსვლელობა მოეწყობა.

    ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.

  • ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის „შეკვეცა“ დააანონსა,  თუმცა მედია ახალი ძალების გაგზავნაზე წერს

    ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის „შეკვეცა“ დააანონსა, თუმცა მედია ახალი ძალების გაგზავნაზე წერს

    დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა მალე დასრულდეს ირანის წინააღმდეგ ოპერაცია, რომელიც აშშ-მ და ისრაელმა სამი კვირის წინ დაიწყეს. ამავე დროს, მედია იუწყება, რომ პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში გზავნის სამ ხომალდს და 2000-ზე მეტ საზღვაო ქვეითს, ხოლო თეირანმა საშუალო რადიუსის ორი რაკეტა გაუშვა აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი ბაზის — დიეგო გარსიას მიმართულებით, რომელიც ირანიდან თითქმის 4 ათასი კილომეტრით არის დაშორებული.მედიის ცნობით, ეს წარუმატებელი შეტევა განხორციელდა მანამდე, სანამ ბრიტანეთი აშშ-ს მიერ მისი ბაზების გამოყენების შესაძლებლობებს გააფართოებდა.

    „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, ამიტომ განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შეკვეცის შესაძლებლობას“, — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

    მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა: „მე არ მსურს ზავის დადება“. „ზავს არ დებენ მაშინ, როცა ფაქტობრივად ანადგურებენ მეორე მხარეს“, — აღნიშნა მან.

    შაბათის ღამეს ისრაელმა ახალი დარტყმები მიიტანა თეირანსა და ბეირუთზე. საუდის არაბეთმა, ქუვეითმა და ისრაელმა კვლავ განაცხადეს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდების შესახებ.

    ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ შაბათის შეტევების წინ მათ გაავრცელეს ევაკუაციის გაფრთხილება ბეირუთის სამხრეთ გარეუბნების შვიდ რაიონში. პარასკევს ისრაელმა ორი მასშტაბური ავიადარტყმის ტალღა მიიტანა თეირანსა და ცენტრალურ ირანზე, ხოლო თავად ისრაელი ირანის მხრიდან მრავალრიცხოვანი სარაკეტო შეტევების სამიზნე გახდა.

    პოლიციის ინფორმაციით, პარასკევს ირანული რაკეტის ნამსხვრევები იერუსალიმის ძველი ქალაქის მახლობლად ჩამოვარდა — ეს ადგილი წმინდაა ქრისტიანებისთვის, იუდეველებისთვის და მუსლიმებისთვის. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

    სიტუაცია ჰორმუზის სრუტეში

    „ჰორმუზის სრუტე უნდა იყოს დაცული და კონტროლირებადი იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც მას იყენებენ — შეერთებული შტატები ამას არ აკეთებს!“ — დაწერა ტრამპმა.

    „თუ მოგვმართავენ, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მაგრამ ეს საჭირო აღარ უნდა იყოს, როდესაც ირანის მხრიდან საფრთხე აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათთვის ეს რთული სამხედრო ოპერაცია არ იქნება.“

    აშშ-ის პრეზიდენტი უკვე ერთ კვირაზე მეტია ცდილობს საერთაშორისო კოალიციის შექმნას, რომელიც ჰორმუზის სრუტის კონტროლისთვის საბრძოლო ხომალდებს გაგზავნის. 28 თებერვლამდე სწორედ ამ სრუტით გადიოდა მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით მეხუთედი.

    შაბათისთვის სამხრეთ კორეა და ბაჰრეინი შეუერთდნენ განცხადებას „მზადყოფნის შესახებ, შეიტანონ წვლილი სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაში“. თავდაპირველად განცხადებას ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და იაპონიის ლიდერებმა, შემდეგ კი შეუერთდნენ კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, დანია, ლატვია, სლოვენია, ესტონეთი, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ჩეხეთი, რუმინეთი და ლიტვა.

    ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ზომები იქნება მიღებული საზღვაო მარშრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და როდის. გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ პირველ რიგში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ტრამპთან საუბარს შაბათ-კვირას გეგმავს.

    შაბათს ცნობილი გახდა, რომ ირანი მზად არის დაუშვას ჰორმუზის სრუტეში იაპონიასთან დაკავშირებული გემების გავლა. ამის შესახებ სააგენტო Kyodo-ს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განუცხადა. როგორც Reuters აღნიშნავს, იაპონია თავისი ნავთობის დაახლოებით 90%-ს სწორედ ამ სრუტის გავლით იღებს.

    არაღჩის განცხადებაზე პასუხად იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა Kyodo-ს უთხრა, რომ „ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები ბლოკადის მოხსნის ყველაზე ეფექტური გზაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე, რათა არ მოხდეს აშშ-ის პროვოცირება და დაამატა, რომ თუნდაც იაპონურ გემებს სრუტეში გადაადგილების უფლება მიეცეთ, ეს მიმდინარე ენერგეტიკულ კრიზისს სრულად ვერ მოაგვარებს.

    ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ცდილობს მიწოდების გაზრდასა და ფასების შემცირებას, განაცხადა, რომ 30 დღით გააუქმებს სანქციებს, რათა შესაძლებელი გახდეს ირანული ნავთობის — დაახლოებით 140 მილიონი ბარელის  გაყიდვა, რომელიც ომის გამო ტანკერებში იყო გაჭედილი. მანამდე ვაშინგტონმა ერთი თვით შეაჩერა სანქციები მსგავსი მოცულობის რუსულ ნავთობზეც.

    აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა X-ზე დაწერა, რომ ირანს გაუჭირდება ამ შემოსავლებზე წვდომა, რადგან ლიცენზია „მკაცრად შემოიფარგლება უკვე გზაში მყოფი ნავთობით და არ ითვალისწინებს ახალ შესყიდვებს ან მოპოვებას“.

    „ფაქტობრივად, ჩვენ ირანულ ნავთობს თეირანის წინააღმდეგ გამოვიყენებთ, რათა ფასების ზრდა შევაკავოთ“, — განაცხადა მან.

    მედია წერს ამერიკული სამხედროების გადაგზავნაზე

    Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პენტაგონი დამატებით გზავნის ახლო აღმოსავლეთში სამ ხომალდს და 2000-ზე მეტ საზღვაო ქვეითს.

    სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ რეგიონში გაიგზავნება დაახლოებით 2500 საზღვაო ქვეითი, ასევე სადესანტო ხომალდი Boxer და მასთან დაკავშირებული საბრძოლო გემები.

    Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების თითქმის ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ტრამპი გასცემს ბრძანებას სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე, თუმცა მხოლოდ 7% უჭერს ასეთ ნაბიჯს მხარს.

    მანამდე Reuters-ის წყაროები ამბობდნენ, რომ შესაძლო სამიზნეებად განიხილება ირანის სანაპირო ან კუნძული ხარკი, რომლის გავლით ექსპორტდება ირანის ნავთობის დაახლოებით 90%. მათი თქმით, ჯარების გაგზავნის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

    ხუთშაბათს ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ „ჯარებს არსად აგზავნის“ და დაამატა: „რომც ვაკეთებდე ამას, თქვენ ნამდვილად არ გეტყოდით“.

    CBS-ის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები უკვე დეტალურად ემზადებიან ირანში შესაძლო სახმელეთო ძალების გადასროლისთვის. არხის წყაროების მიხედვით, პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენლები უკვე აყენებენ კონკრეტულ მოთხოვნებს მსგავსი ოპერაციების დაგეგმვასთან დაკავშირებით.

    ტრამპის ადმინისტრაცია ასევე ამუშავებს სტრატეგიებს ირანის ბირთვული მასალების ამოსაღებად — CBS-ის ცნობით, გეგმები ფოკუსირებულია სპეციალური ოპერაციების ერთობლივი სარდლობის ძალების შესაძლო გამოყენებაზე.

    ბრიტანეთმა აშშ-ს მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

    პარასკევს ბრიტანეთის მთავრობამ აშშ-ს მისცა ნებართვა გამოიყენოს ბრიტანეთში არსებული სამხედრო ბაზები ირანის სარაკეტო დანადგარებზე დარტყმისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გემებს უტევენ.

    დაუნინგ-სტრიტის განცხადებით, პარასკევს მინისტრები შეიკრიბნენ ირანთან ომისა და სრუტის ბლოკირების საკითხის განსახილველად.

    „მათ დაადასტურეს, რომ აშშ-ის მიერ ბრიტანული ბაზების გამოყენების შეთანხმება რეგიონში კოლექტიური თავდაცვის ფარგლებში მოიცავს თავდაცვით ოპერაციებს ირანის სარაკეტო სისტემების წინააღმდეგ და იმ შესაძლებლობების შესუსტებას, რომლებიც გამოიყენება ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

    მანამდე ლონდონი აშშ-ს აძლევდა უფლებას გამოეყენებინა ბაზები მხოლოდ იმ ოპერაციებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავდა ირანის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების თავიდან აცილებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა ბრიტანულ ინტერესებს ან ადამიანთა სიცოცხლეს.

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე დაწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „საფრთხის ქვეშ აყენებს ბრიტანელების სიცოცხლეს, როცა აშშ-ს აძლევს უფლებას გამოიყენოს ბრიტანული ბაზები ირანის წინააღმდეგ აგრესიისთვის“.

    ომის დასაწყისში სტარმერმა უარი თქვა აშშ-ის თხოვნაზე, ბრიტანული ბაზები გამოეყენებინათ ირანზე დარტყმებისთვის და განაცხადა, რომ საჭირო იყო სამხედრო მოქმედებების კანონიერების შეფასება. თუმცა მოგვიანებით მან შეცვალა პოზიცია, მას შემდეგ რაც ირანმა დარტყმები მიიტანა ბრიტანეთის მოკავშირეებზე ახლო აღმოსავლეთში. შედეგად, აშშ-ს მიეცა უფლება გამოიყენოს RAF Fairford-ის ავიაბაზა ინგლისში და დიეგო გარსია — ამერიკა-ბრიტანეთის ერთობლივი ბაზა ინდოეთის ოკეანეში.

    თეირანის შეტევა დიეგო გარსიაზე

    ამავე დროს, Wall Street Journal წერს, რომ ირანმა ორი საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა დიეგო გარსიის ბაზის მიმართულებით, რომელიც ირანის სანაპიროდან თითქმის 4 000 კილომეტრით არის დაშორებული. წყაროების თქმით, ერთ-ერთი რაკეტა ზღვაში ჩავარდა, ხოლო მეორე ამერიკულმა გამანადგურებელმა SM-3 ტიპის გადამჭერი რაკეტით გაანეიტრალა.

    დიეგო გარსიას ავიაბაზა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ობიექტია აშშ-ისთვის — აქ განთავსებულია მძიმე ბომბდამშენები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ოპერაციებისთვის გამოიყენება. BBC-ის ცნობით, ირანმა მართლაც გაუშვა რაკეტები ამ ერთობლივი ბრიტანულ-ამერიკული ბაზის მიმართულებით.

    შეტევა წარუმატებელი იყო და განხორციელდა მანამდე, სანამ ბრიტანეთი ოფიციალურად გააფართოებდა აშშ-ის მიერ თავისი ბაზების გამოყენებას. CNN-ის ცნობით, რაკეტები პარასკევს დილით გაუშვეს.

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა:

    „ბრიტანელთა უმრავლესობას არ სურს მონაწილეობა მიიღოს ისრაელისა და აშშ-ის ომში ირანის წინააღმდეგ. საკუთარი ხალხის იგნორირებით, ბატონი სტარმერი საფრთხის ქვეშ აყენებს ბრიტანელების სიცოცხლეს.“

    ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია დიეგო გარსიაზე რაკეტების გაშვების შესახებ. „ირანის უპასუხისმგებლო თავდასხმები, რომლებიც მთელ რეგიონს აზარალებს და ჰორმუზის სრუტეს მძევლად აქცევს, საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის ინტერესებსა და მის მოკავშირეებს“, — განაცხადეს სამინისტროში.

    ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომ აშშ-მ ინდოეთის ოკეანეში მდებარე ბრიტანული ბაზიდან უკვე განახორციელა ბომბდამშენების გამოყენებით დარტყმები.

    აშშ-ის პრეზიდენტი ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ აკრიტიკებდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს იმის გამო, რომ ის არ უჭერდა მხარს ირანის წინააღმდეგ ოპერაციას. წინა დღეს ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო, წევრი ქვეყნები კი „მშიშრებად“ მოიხსენია.

    „აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! — დაწერა მან Truth Social-ზე. — ისინი ჩივიან ნავთობის მაღალ ფასებზე, რომელსაც იხდიან, მაგრამ არ სურთ დაეხმარონ ჰორმუზის სრუტის გახსნას — ეს ხომ მარტივი სამხედრო ოპერაციაა. მშიშრები არიან, და ამას დავიმახსოვრებთ“, — თქვა ტრამპმა.

    ხამენეის მიმართვა

    ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ნოვრუზთან — სპარსულ ახალ წელთან — დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.

    სახელმწიფო ტელევიზიით წაიკითხეს მისი ცხრა გვერდიანი წერილობითი გზავნილი, რომელიც ასევე ირანულ მედიაში გამოქვეყნდა, იუწყება BBC-ის სპარსული სამსახური.

    ხამენეის თქმით, ირანმა წელს სამი ომი გადაიტანა: ივნისში — ისრაელთან, მიმდინარე ომი და მესამე — პროტესტებთან დაკავშირებული დაპირისპირება, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მან თავისი მამის, ალი ხამენეის 28 თებერვლის გარდაცვალება „მოწამებრივი სიკვდილის ტრაგედიად“ და „საყვარელი ლიდერის“ დაკარგვად შეაფასა.

    ხამენეი-უმცროსმა, რომელიც საჯაროდ აღარ გამოჩენილა იმ დროიდან, რაც ისრაელის შეტევის შედეგად მისი მამა დაიღუპა, განაცხადა, რომ ირანელებმა ერთიანობითა და წინააღმდეგობით უპასუხეს და „მტერს დამაბნეველი დარტყმა მიაყენეს“.

    აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ ხამენეის ეს მიმართვა კითხვებს აჩენს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან ტრადიციულად მისი მამა ნოვრუზს ვიდეომიმართვით აღნიშნავდა.

    დარტყმა ნატანზის ბირთვულ ობიექტზე

    ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შაბათს დილით ირანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნატანზის ბირთვული ობიექტი კვლავ გახდა შეტევის სამიზნე.

    ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩატარდა „ტექნიკური და სპეციალიზებული შეფასებები“ რადიაციული დაბინძურების შესახებ და შედეგების მიხედვით „რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა არ დაფიქსირებულა და მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს“.

    ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ  განაცხადა, რომ თეირანმა დაადასტურა ობიექტზე შეტევა.

    მარტის დასაწყისშიც ირანი უკვე აცხადებდა ნატანზზე დარტყმის შესახებ. ივნისში აშშ-მ ბომბები ჩამოყარა სამ ბირთვულ ობიექტზე — ნატანზში, ფორდოში და ისფაჰანში — რის შემდეგაც ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შეტევები „სრულად ანადგურებდა“ ირანის ბირთვულ პროგრამას.

    ამავე დროს, ერაყში დრონის დარტყმის შედეგად დაზვერვის სამსახურის შტაბზე ერთი ოფიცერი დაიღუპა, იუწყება AFP და Reuters. ბაღდადში მდებარე ობიექტი შაბათს დილით გახდა შეტევის სამიზნე.

  • „დუბაი ომისთვის არ აშენებულა“–როგორ შეეხო აშშ–ირანის ომი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში „ბიზნეს-ოაზისს“

    „დუბაი ომისთვის არ აშენებულა“–როგორ შეეხო აშშ–ირანის ომი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში „ბიზნეს-ოაზისს“

    ირანი უკვე რამდენიმე კვირაა რეგულარულად უშვებს დრონებსა და რაკეტებს მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე და მის უმსხვილეს ცენტრზე – დუბაიზე. ქალაქის ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდა უსაფრთხო საერთაშორისო ბიზნესისა და ტურისტული ცენტრის იმიჯს. ახლა კი დუბაიში რეგულარულად აღწევს დრონები, ხოლო სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები ცეცხლმოკიდებული სიმბოლური შენობების შესახებ. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ახალ ომს დუბაის იმიჯსა და ეკონომიკაზე.

    დანგრეული ოაზისი

    ინსტაგრამში გავრცელებულ ვიდეოში ახალგაზრდა ქერა გოგონა ფანჯარასთან მიდის, საიდანაც დუბაის ცათამბჯენები ჩანს. ვიდეოზე წერია: „დუბაიში ცხოვრობ, არ გეშინია?“ — შემდეგ ჩნდება პასუხი: „არა, რადგან ვიცი, ვინ გვიცავს“.

    ვიდეო 1 მარტს გამოაქვეყნა დუბაიში მცხოვრებმა ინფლუენსერმა გაბრიელა მაგალაესმა — ერთი დღის შემდეგ, რაც ირანმა პირველად დაარტყა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ისრაელისა და აშშ-ის იერიშებზე პასუხად.


    „დუბაი – ეს არის გამძლეობა. რამდენიმე დღეში ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება. დუბაი ყოველთვის წინ მიდის“, – დაწერა მან ვიდეოს აღწერაში.

    დასავლურმა მედიამ მალევე დაიწყო წერა, რომ ირანი „ანგრევს დუბაის იმიჯს, როგორც ინვესტიციებისა და ფუფუნების უსაფრთხო თავშესაფარს“, მას შემდეგ რაც ირანული დრონები ყველაზე ცნობილ ემირატში მოხვდა, დაიხურა აეროპორტი და ათასობით ტურისტი ქვეყანაში გაიჭედა.

    გაბრიელა ერთადერთი არ ყოფილა. სოციალურ ქსელებში ასობით მსგავსი ვიდეო გავრცელდა, რომლებიც დუბაის იმიჯის დაცვას ცდილობდა.

    თუმცა არსებობს სხვა კადრებიც — მაგალითად, 8 მარტის ვიდეო, სადაც დრონი დუბაის სანაპიროზე მიფრინავს, მის ჩამოგდებას გამანადგურებელი ცდილობს, ხოლო ამ დროს ადამიანები მშვიდად მზეზე ირუჯებიან.

    ომის დაწყებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა დუბაი – განსაკუთრებით აეროპორტი და პორტის ზონები – კვლავ რეგულარულად  დრონების შეტევების სამიზნეა.

    ირანის დარტყმები დუბაისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა, რადგან მისი იმიჯი სწორედ იმაზე იყო აგებული, რომ ყოფილიყო მშვიდი „ოაზისი“ არასტაბილურ რეგიონში. ამ ფონზე დუბაი ერთდროულად ცდილობს იმიჯის დაცვას ინფლუენსერების დახმარებით და ამავდროულად ხელისუფლებამ გაავრცელა გაფრთხილება, რომ პუბლიკაციები, რომლებიც ზიანს მიაყენებს „ეროვნულ ერთობას ან სახელმწიფოს რეპუტაციას“, შეიძლება ჯარიმით ან თუნდაც პატიმრობით დასრულდეს.

    დუბაიში მცხოვრებთა 90%-ზე მეტი უცხოელია. არაბთა გაერთიანებული საემიროები მიზანმიმართულად იზიდავდა უცხოელ ბიზნესმენებს, ინფლუენსერებსა და ტექნიკურ სპეციალისტებს – მხოლოდ დუბაიში დაახლოებით 50 ათასი ინფლუენსერი ცხოვრობს, CNN-ის ცნობით. ქვეყანა უცხოელებს სთავაზობს დაბალ გადასახადებს, ვიზისა და რეზიდენტობის პროგრამებს, თბილ კლიმატს და ფუფუნებით სავსე ცათამბჯენებსა და სავაჭრო ცენტრებს.

    ირანის თავდასხმების შემდეგ „დუბაის სასწაული“ საფრთხის წინაშე დადგა უსაფრთხოების არასაკმარისი დონიდან გამომდინარე. პირველივე დღეს დრონები მოხვდა დუბაის აეროპორტს, რამაც მისი მუშაობა ფაქტობრივად შეაჩერა – მიუხედავად იმისა, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაჰაბია. ასევე დაზიანდა ძვირადღირებული სასტუმროები და პალმ-ჯუმეირა – პალმის ფორმის ხელოვნური კუნძული, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს.

    დუბაის „სასწაული“

    გასული საუკუნის შუა პერიოდში დუბაიში ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს — მაშინ ემირატის ეკონომიკა სწორედ ამ რესურსზე იყო დამოკიდებული. თუმცა XX საუკუნის ბოლოს დუბაიმ სტრატეგია შეცვალა – დაიწყო საკუთარი თავის პოზიციონირება როგორც ბიზნეს-ჰაბისა და მსოფლიო ტურისტული მიმართულების. ამ მიზნით განხორციელდა მასშტაბური პროექტები: 1980-იანი წლების შუაში დაარსდა ავიაკომპანია Emirates, დაიწყო ხელოვნური კუნძულებისა და ცათამბჯენების მშენებლობა.

    მეზობელი აბუ-დაბისგან განსხვავებით, რომელიც ფლობს არაბთა გაერთიანებული საემიროების ნავთობის მარაგების დაახლოებით 90%-ს, დუბაის ეკონომიკაში ნავთობის წილი მხოლოდ დაახლოებით 2%-ს შეადგენს.

    დუბაი საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ტურისტს იღებს, ხოლო ტურიზმის სექტორი საემიროსთვის წლიურად დაახლოებით 30 მილიარდ დოლარის შემოსავალს იძლევა. დუბაის ავიაჰაბი და კომპანია Emirates დამატებით 30–40 მილიარდ დოლარს გენერირებს. ქალაქში ასევე ფუნქციონირებს ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი პორტი — ჯებელ ალი, რომელიც ასევე ირანული დრონების სამიზნედ იქცა.

    უკვე ხუთი წელია, არაბთა გაერთიანებული საემიროები ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად ითვლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით (ეკონომიკის ზომასთან მიმართებით).

    შედეგად, დღეს დუბაი აღიქმება როგორც გლობალური ბიზნეს-ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს.

    თუმცა, ომამდეც არსებობდა შეშფოთება ამ მოდელის გრძელვადიანი მდგრადობის შესახებ – დუბაი ძლიერ არის დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ვაჭრობაზე. Bloomberg აღნიშნავს, რომ დუბაი ჩამორჩება იმ დიდ ბაზრებს, რომლებიც ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებით იზრდება — ასეთი კომპანიები დუბაიში შედარებით ცოტაა.

    უძრავი ქონების ფასების სტაბილური ზრდა შეიძლება „ეკონომიკურ ბუშტად“ შეფასდეს — გასულ წელს ამაზე შვეიცარიული ბანკი UBS აფრთხილებდა ყველას. დუბაიში უძრავი ქონების შეძენა ხშირად საინვესტიციო მიზნებით ხდება, რაც ფასების ზრდას იწვევს. თუმცა ამ ეტაპზე ბუშტის რისკი მაინც არ არის ისეთი მაღალი, როგორც, მაგალითად, ტოკიოსა ან მაიამიში.

    დუბაის ფუფუნებით სავსე ცხოვრების მეორე მხარე არის მოსახლეობის მკვეთრი სოციალური უთანასწორობა. ქალაქი წარმოადგენს  „ორშრიან საზოგადოებას“:


    ერთ მხარეს არიან ადგილობრივები, ბიზნესმენები, ინვესტორები, ინფლუენსერები და ტურისტები;


    მეორე მხარეს — მილიონობით მიგრანტი ღარიბი ქვეყნებიდან, რომლებიც ემსახურებიან მეგაპოლისის ყოველდღიურ ცხოვრებას.

    Human Rights Watch-ის მიხედვით, შრომითი მიგრანტები ხშირად აწყდებიან უფლებების დარღვევას და მძიმე სამუშაო პირობებს.

    დუბაის ეკონომიკურ-ფსიქოლოგიური დანაკარგები

    უპირველეს ყოვლისა, ომმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ტურიზმს დაარტყა. ემირატებსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ტურისტი გაიჭედა, ადგილობრივმა აეროპორტებმა ფრენების მიღება შეწყვიტა, ხოლო ამ მიმართულებით მოგზაურობის მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.

    არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და კატარმა განაცხადეს, რომ დაფარავენ გაჭედილი ტურისტების საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს — თუმცა ამ დანაკარგების ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია. ირანის თავდასხმების დაწყებიდან დუბაი დატოვა ათიათასობით ტურისტმა და რეზიდენტმა, თუმცა ზუსტი მონაცემები აქაც არ არსებობს. მხოლოდ კონფლიქტის პირველ კვირაში დუბაიში გაუქმდა 80 000 ჯავშანი.

    დუბაის აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავიაჰაბია, პრაქტიკულად პარალიზებულია – მუშაობს შეფერხებებით და მნიშვნელოვნად ნაკლებ რეისს იღებს, ვიდრე ადრე.

    დუბაი განსაკუთრებით პოპულარული იყო აზიელი ინვესტორებისთვის, თუმცა ახლა ისინი ფიქრობენ აქტივების სხვა იურისდიქციებში გადატანაზე და ქალაქიდან წასვლაზე, წერს Reuters. სააგენტოს ცნობით, თავდასხმის პირველივე დღეს ორმა ინდოელმა  ინვესტორმა სცადა 200 ათას დოლარზე მეტი თანხის სინგაპურში გადატანა, მაგრამ ვერ მოახერხეს იმ დღეს საბანკო სისტემების შეფერხების გამო. რამდენიმე ფინანსურმა კომპანიამაც განაცხადა, რომ მსხვილი კლიენტებისგან მიიღო მოთხოვნები აქტივების დუბაიდან სინგაპურში, ჰონგ კონგსა და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ცენტრებსში გადატანის შესახებ.

    სერიოზული ზიანი შეიძლება მიადგეს უძრავი ქონების ბაზარსაც — ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო სექტორს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. ომის პირველ 10 დღეში დუბაის დეველოპერული კომპანიების საფონდო ინდექსი 20%-ით დაეცა და გასული წლის დონეს დაუბრუნდა.

    თუმცა ირანის დარტყმებამდეც ანალიტიკოსები შიშობდნენ, რომ უძრავი ქონების შეთავაზებამ შეიძლება ემირატში მოსახლეობის ზრდას გადაასწროს, წერს Reuters. უცხოელების ინტერესი დუბაის უძრავი ქონების მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ამ ტერიტორიის მომავლისთვის – და ირანმა დარტყმა სწორედ იმ მომენტში მიიტანა, როდესაც ბაზარზე ცვლილებები უკვე იწყებოდა.

    უცხოური მედიის შეფასებით, ბოლო მოვლენებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა როგორც დუბაის ეკონომიკას, ისე მისი, როგორც „ახალი ტიპის გლობალურ მეგაპოლისის იმიჯს“.

    როგორც The New York Times აღნიშნავს: „დუბაი ომისთვის არ აშენებულა“

    რატომ დაარტყა ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს?

    ომის პირველ დღეებში ირანმა იერიშები მიიტანა საუდის არაბეთზე, ბაჰრეინზე, ქუვეითსა და ომანზეც. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე ირანის შეტევები დღემდე გრძელდება.

    მიუხედავად გეოგრაფიული სიახლოვისა, ირანს არასოდეს ჰქონია მეგობრული ურთიერთობა სპარსეთის ყურის არცერთ ქვეყანასთან. საუდის არაბეთი და ბაჰრეინი ირანს ისტორიული ტერიტორიული დავების გამო ეჭვით უყურებენ, ხოლო სხვა ქვეყნები ცდილობდნენ უფრო პრაგმატული და ფრთხილი დიპლომატიის დაცვას.

    რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში განთავსებულია ამერიკული სამხედრო ბაზები. მაგალითად, კატარში მდებარეობს აშშ-ის ყველაზე დიდი ბაზა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც 10 000-მდე სამხედრო პერსონალს იტევს, ხოლო ბაჰრეინში განლაგებულია აშშ-ის საზღვაო ბაზა. სპარსეთის ყურის ქვეყნები ყიდულობენ ამერიკულ იარაღს, თანამშრომლობენ ვაშინგტონთან ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში და აქტიურად ცვლიან ინვესტიციებს. ეს კავშირები განსაკუთრებით გაძლიერდა ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

    კატარი, რომელიც წლების განმავლობაში ქმნიდა უსაფრთხო და თანამედროვე ბიზნეს-ჰაბის იმიჯს, იგივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რაც დუბაი. თავდასხმების პირველ დღეს კატარმა გააუქმა ან გადადო ყველა საჯარო ღონისძიება — სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ტრადიციულად საერთაშორისო ღონისძიებები ტარდება რამადანის წინ.

    ირანი მხოლოდ სამხედრო ბაზებზე დარტყმებით არ შემოიფარგლება – იერიშები მოდის სასტუმროებზე, აეროპორტებსა და გაზის ინფრასტრუქტურაზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს ირანული რაკეტების ნაწილობრივი განეიტრალება, თუმცა დრონების შეტევების მოგერიება ბევრად რთული აღმოჩნდა, აღნიშნავს Atlantic Council-ის ანალიტიკოსი ელისონ მაინორი.

    ავსტრალიის დიკინის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის ექსპერტის, ენდრიუ თომასის აზრით, ირანმა მიზანმიმართულად დაარტყა სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რათა მათ რეალურად ეგრძნოთ დესტაბილიზაცია:

    „თუ ოპერაციები ირანის წინააღმდეგ გაგრძელდება, სპარსეთის ყურის ქვეყნების ის შედარებითი მშვიდობა და კეთილდღეობა დასრულდება, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ. ირანი იმედოვნებს, რომ მეზობლები ამ კონფლიქტს აღიქვამენ როგორც აშშ-ისა და ისრაელის მიერ არჩეულ ომს, რომელშიც ისინი ჩათრეულნი არიან. შედეგად, ამ ქვეყნებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება – ან გააძლიერონ ალიანსი აშშ-სთან, ან იმუშაონ კონფლიქტის დეესკალაციაზე.“

    CNN-ის შეფასებით, სწორედ ამიტომ ირანის მთავარი დარტყმები ომის პირველ დღეებში არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და განსაკუთრებით დუბაის შეეხო:


    „აღქმა გადამწყვეტ როლს თამაშობს – დუბაის საერთაშორისო სასტუმროს წინ ხანძრის ფოტოები მთელ მსოფლიოში გავრცელდება.“

    ამერიკელი მკვლევარი დევიდ მედნიკოფიც მიიჩნევს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა შეიძლება მართლაც გადახედონ აშშ-სთან ურთიერთობებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება და მათ ეკონომიკას დააზარალებს.

    Bloomberg-ის ცნობით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გავლენიანმა ბიზნესმენებმა უკვე დაიწყეს ტრამპის კრიტიკა.

    „ვინ მოგცათ უფლება, ჩვენი რეგიონი ირანთან ომში ჩაგეთრიათ? რა საფუძველზე მიიღეთ ეს სახიფათო გადაწყვეტილება?“ — დაწერა X-ზე გავლენიანმა მილიარდერმა ხალაფ ალ-ჰაბტურმა.

    ერთმა ანონიმურმა ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი კომპანიები სერიოზულად შიშობენ საკუთარი მომავლის გამო, თუ ომი ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება.

    გასულ შაბათ-კვირას ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა ბოდიში მოუხადა მეზობელ ქვეყნებს თავდასხმებისთვის და განაცხადა, რომ ირანი აღარ დაარტყამს მათ, თუ მათი ტერიტორიიდან აშშ არ განახორციელებს იერიშებს ირანზე. მიუხედავად ამისა, სპარსეთის ყურის ქვეყნები კვლავ აცხადებენ, რომ აგრძელებენ რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებას.

    28 თებერვლიდან დღემდე სპარსეთის ყურის ქვეყნებში განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 12 ადამიანი და 100-ზე მეტი დაშავდა.

  • პუტინი: “მოსკოვი რჩება ერთგულ მეგობრად და სანდო პარტნიორად ირანისთვის“

    პუტინი: “მოსკოვი რჩება ერთგულ მეგობრად და სანდო პარტნიორად ირანისთვის“

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირანს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთი რჩება „ერთგულ მეგობრად და სანდო პარტნიორად ირანისთვის ამ რთულ პერიოდში“.

    კრემლის ცნობით, ნოვრუზის – სპარსული ახალი წლის აღსანიშნავად გაგზავნილ მისალოც გზავნილში პუტინმა ირანის ხალხს უსურვა „ძალა, ღირსებით გადალახონ ეს მძიმე განსაცდელები“. მისი გზავნილი მიმართული იყო უზენაეს ლიდერ აიათოლა მოჯთაბა ხამენეის და პრეზიდენტ მასუდ პეზეშქიანისადმი.

    მიმდინარე თვის დასაწყისში დასავლური დაზვერვის ერთ–ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ეხმარება ირანს მოწინავე დრონების ტაქტიკის განვითარებაში, რათა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ობიექტებზე იერიშები მიიტანოს. აქამდე რუსეთის მხრიდან ირანისთვის დაზვერვის მონაცემების გაზიარება აღწერილი იყო როგორც ზოგადი დახმარება სამიზნეების შერჩევაში, თუმცა კონკრეტული ტაქტიკური რჩევები უკვე უფრო მაღალი დონის მხარდაჭერას წარმოადგენს.

    CNN  იუწყება, რომ რუსეთი ირანს აწვდის ინფორმაციას ამერიკული ჯარების, გემებისა და ავიაციის მდებარეობისა და გადაადგილების შესახებ –  რამდენიმე წყაროს მიხედვით, რომლებიც აშშ-ის დაზვერვის ანგარიშებს იცნობენ.

    ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, რუსეთის მიერ გაზიარებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მიღებულია მოსკოვის მაღალტექნოლოგიური ორბიტული  თანამგზავრული სისტემებიდან.

    რუსეთსა და ირანს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა. ირანმა უკრაინასთან კონფლიქტის დასაწყისში რუსეთის სამხედროებს მიაწოდა „შაჰედის“ ტიპის დრონები. თავის მხრივ, რუსეთი ირანს ეხმარება სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებაში.

  • 22 მარტს 02:00–დან 09:00 საათამდე მოქალაქეებისთვის სამების  ტაძარი დაიკეტება

    22 მარტს 02:00–დან 09:00 საათამდე მოქალაქეებისთვის სამების ტაძარი დაიკეტება

    22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე, მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ. ამ პერიოდში ტაძარის მსახურებისთვის მომზადება მოხდება.დროის ამ მონაკვეთში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში, გაჩერდნენ, თუმცა უშუალოდ ტაძარში ვერ შევლენ.

    თუმცა მღვდელმსახურები მედიას ეუბნებიან, რეგულაციები ყოველ წუთში იცვლება, რადგან სინოდის წევრები ხშირად იკრიბებიან და მსჯელობენ სხვადასხვა საკითხზე.

    კვირა დილიდან, 22 მარტიდან სამების ტაძარში ხალხს მხოლოდ სპეციალური საშვებით შეუშვებენ.

    მღვდელმსახურების განმარტებით, სამების საკათედრო ტაძარში კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე და მსახურებას  პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

    კვირა დილიდან სამების ტაძარში ხალხს მხოლოდ სპეციალური საშვებით შეუშვებენ.

    ამასთან, არსებული ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი თბილისში 11:00 საათზე ჩამოფრინდება და ის პატრიარქისთვის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.

    შაბათ-კვირას თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.

    მეტროსადგურებში ჩასულ მოქალაქეებს ტურნიკეტებთან ბარათის გატარება აღარ დასჭირდებათ.

    მეტრო დილის 6 საათიდან ღამის 2 საათამდე იმუშავებს.

    ამასთან, დღეიდან თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

    შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.

    ილია მეორის ცხედარი სამებაში 18 მარტს, დღის მეორე ნახევარში გადაასვენეს საპატრიარქოდან და მას შემდეგ მომლოცველთა ნაკადი არ შეწყვეტილა. საქართველოს პატრიარქს კვირას სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

  • არ არის შორს ის დღე, როცა მისი უწმინდესობის, კანონიზაციის [წმინდანად შერაცხვის]  საკითხს დავაყენებთ – მეუფე ნიკოლოზი

    არ არის შორს ის დღე, როცა მისი უწმინდესობის, კანონიზაციის [წმინდანად შერაცხვის] საკითხს დავაყენებთ – მეუფე ნიკოლოზი

    “რატომ არის კიდეც მნიშვნელოვანი, მასთან ახლოს მისვლა და შეხება მის სხეულთან და საფლავთან – არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ დავაყენებთ საკითხს მისი უწმინდესობის კანონიზაციის შესახებ და ეს არგუმენტი, გარდა იმისა, რომ წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, უკვე არის ასეთი შემთხვევები – განკურნების, სასწაულების მოხდენის. მიდით და სთხოვეთ და შეგისრულებთ. ნახავთ, თუ ასე არ იქნება

    განაცხადა ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა

  • მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქი წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება – არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

    მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქი წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება – არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

    მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

    „კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად.

    შემდეგ იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწეებისა, უწმინდესის შესახებ. უკვე შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება. ოფიციალურად სტუმრების სიას გამოაქვეყნებს საპატრიარქოს გვერდი.

    ფიზიკურად ხედავთ რა ხდება, მეტროდან იწყება მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მით უმეტეს დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია, სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივად იქნებიან. ეგეც გაირკვევა, დადგენის პროცესია როგორ იქნება პროტოკოლი. ისევე როგორც მედიაზე. შიგნით არ იქნება დაშვება, გარეთ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ.

    რაც შეეხება გადასვენებას, ზუსტად ვერ გეტყვით, რომელზე იქნება გადასვენება, რა დროს მობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, რამდენ ხანს გაგრძელდება წესის აგება, სიტყვით გამოსვლა, გამოსვენება, დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, სავარაუდოდ“, – განაცხადა იოვანე მჭედლიშვილმა.

  • ლუკაშენკომ 250 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    ლუკაშენკომ 250 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    ბელარუსში 250 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ ჯონ კოულს შორის შეხვედრის შემდეგ — ამის შესახებ ბელარუსის ლიდერის პრესსამსახური იუწყება.

    როგორც „ნაშა ნივა“ და სხვა მედიასაშუალებები წერენ, გათავისუფლებულთა სიაში არიან ტელეარხის ჟურნალისტი ეკატერინა ანდრეევა, ბლოგერი ედუარდ პალჩისი და უფლებადამცველი ნასტა ლოიკო. ასევე გათავისუფლდა ნიკიტა ზოლოტარიოვი, რომელსაც არასრულწლოვან ასაკში მიუსაჯეს ხუთი წელი სასწავლო კოლონიაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის.

    კიდევ ერთი გათავისუფლებული არის პისკის მცხოვრები სერგეი მოვშუკი, რომელსაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ექვსი წლითა და ექვსი თვით ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

    მისი მეუღლე ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში შეიწყალეს და ბელარუსიდან გააძევეს. გათავისუფლებულთა შორის არიან ასევე საპროტესტო აქციების მონაწილე კირილ კაზეი, რომელიც შვიდწლიან სასჯელს იხდიდა, და ყოფილი მებაჟე ნიკოლაი კულეშოვი, რომელიც ეხმარებოდა იმ ადამიანებს საზღვრის გადაკვეთაში, რომლებსაც დაკავება ემუქრებოდათ.

    ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ ჯონ კოულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებთან ერთად.

    მედიისა და უფლებადამცველების ინფორმაციით, მინიმუმ 15 პოლიტიკური პატიმარი ლიტვაში გადაიყვანეს, დანარჩენები კი ბელარუსის ტერიტორიაზე დარჩებიან.

    ლუკაშენკოს პრესსამსახურის განცხადებით, პოლიტპატიმრები პირველ რიგში გათავისუფლდნენ ბელარუსის პრეზიდენტის „ჰუმანიზმის პრინციპების“ შედეგად; დემოკრატიული ძალების ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი ამ გათავისუფლებას „დიდი სიხარული“ უწოდა.

    ხუთშაბათს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა ამერიკული დელეგაცია ჯონ კოულის ხელმძღვანელობით.

    გასულ წელს ლუკაშენკო რამდენჯერმე შეხვდა კოულს და ამ შეხვედრების შემდეგაც ხდებოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

    დეკემბერში კოლონიები დატოვეს და ბელარუსიც დატოვეს 2020 წლის პროტესტების ერთ-ერთმა ლიდერმა მარია კოლესნიკოვამ, ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ვიქტორ ბაბარიკომ და ნობელის პრემიის ლაურეატმა უფლებადამცველმა ალეს ბელიაცკიმ.

    იმ დროს ლუკაშენკომ შეიწყალა 123 ადამიანი. სექტემბერში კი გაათავისუფლეს 52 პატიმარი, მათ შორის ოპოზიციის ვეტერანი ნიკოლაი სტატკევიჩი, რომელმაც ბელარუსის დატოვებაზე უარი განაცხადა.