Category: სლაიდერი

  • ევროკავშირი საქართველოს მიმართ სერიოზულ ზომებს არ იღებს – ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

    ევროკავშირი საქართველოს მიმართ სერიოზულ ზომებს არ იღებს – ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

    “ივანიშვილმა გადაწყვიტა: არ მსურს დასავლეთის ნაწილი ვიყო და მირჩევნია, რომ ჩემი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთთან დავრჩე…” –  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    “ევროკავშირი საქართველოს მიმართ სერიოზულ ზომებს არ იღებს. დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით [გადაწყვეტილება], სწორედ რომ მხოლოდ ხუმრობაა. ყველას აქვს მეორე პასპორტი და არ ვიცი, რა რეალური ბერკეტები არსებობს იმის დასაბლოკად, რომ ამ ადამიანებმა არ გამოიყენონ სხვა პასპორტები დიპლომატიურის ნაცვლად, რათა კვლავ იარონ პარიზის მოდის კვირეულებზე ან მოინახულონ თავიანთი შვილები ძვირად ღირებულ კოლეჯებსა და სასწავლებლებში საფრანგეთში.

    ერთი წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი და საზოგადოებას ვუთხარით, რომ ბრიუსელი და ევროკავშირი მზად იყვნენ სანქცირებულ პირთა ვრცელი სიის გამოსაქვეყნებლად, რომელთაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალებოდათ. ჩვენ ვიყავით ამ ინფორმაციის გამავრცელებლები, თუმცა მოგვიანებით, როგორც ჩანს, გაჩნდა გაუთვალისწინებელი სამართლებრივი პრობლემები. ჩვენ დავდეთ პირობა ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ეს არ მოხდა.

    არა მხოლოდ არაფერი მომხდარა, არამედ ჩნდება კითხვა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მიმართ: რატომ არ წარუდგენთ საბჭოს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციების რეჟიმს?! გთხოვთ, ნუ მეტყვით, რომ კონსენსუსი არ გაქვთ. ვიცი, რომ კონსენსუსი არ არის და უნგრეთი წინააღმდეგია, მაგრამ ამით მაინც გააგზავნით პოლიტიკურ გზავნილს, რომ საქართველო სრულ იზოლაციაშია და მხოლოდ უნგრეთის ფარს ამოეფარა. გთხოვთ, გააკეთეთ ეს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

  • ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა – რასა იუკნევიჩიენე

    ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა – რასა იუკნევიჩიენე

    ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიისას სიტყვით გამოსვლისასგანაცხადა.

    „ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს საქართველოში. ჩვენთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილებიდან ვისწავლოთ. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ძალაუფლების მიტაცება მოხდა. ჩემი შეფასება ასეთია: ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა, პირველივე არჩევნებიდანვე, როდესაც მისმა პარტიამ 2012 წელს გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, ის რუსეთიდან მილიარდებით დაბრუნდა, რათა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეეცვალა. მისი და რუსეთის, ანუ კრემლის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ავტორიტარული მმართველობა – ისეთი, როგორსაც ბელარუსსა და რუსეთში ვხედავთ. ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში კრემლის წარმატებაც არის. მან და მისმა პარტიამ ქართველ ხალხზე მანიპულირება მოახდინა. საჯაროდ ამბობდა, რომ ევროკავშირის მხარდამჭერი იყო, მაგრამ პრაქტიკაში საპირისპიროს აკეთებდა. მათ მანიპულირება აქაც, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაშიც შეძლეს.[…] ეს არასწორი იყო, ისევე როგორც პუტინის შემთხვევაში 2022 წლამდე. ახლა ევროკომისია რეალობას ხედავს. ეს კომისიის 2025 წლის ანგარიშშია ასახული. წევრი სახელმწიფოების მიმართ ბევრი კრიტიკა მაქვს. მათ იმის ძალა აქვს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა შეცვალონ. საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს და იმედია მიდგომა შეიცვლება, კერძოდ, სანქციების დაწესება შეიძლება პასუხისმგებელ პირებზე. მებრძოლი ქართველი ხალხისთვის დახმარება ის იქნება, რომ მათი დავიწყება არ მოხდეს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

  • “გადასცდა და სისხლდენა დაეწყო” – მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა

    “გადასცდა და სისხლდენა დაეწყო” – მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა

    “გადასცდა და სისხლდენა დაეწყო კუჭის, მე ვიკითხე, რა თქმა უნდა, დეტალურად გამოვიკითხე ყველაფერი და კუჭის წყლული ჰქონდა და ეს წყლული გაეხსნა.” – განაცხადა TV პირველთან, ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

    “გადასცდა და სისხლდენა დაეწყო კუჭის, მე ვიკითხე, რა თქმა უნდა, დეტალურად გამოვიკითხე ყველაფერი და კუჭის წყლული ჰქონდა და ეს წყლული გაეხსნა. ოღონდ, მართალი გითხრათ, ეს დიდი შეკითხვაა ძალიან, რატომ გაიხსნა ასე ეს წყლული და ამდენი სისხლი რატომ გამოუვიდა, ე.ი. მოედინებოდა ღვარად ეს სისხლი, ამოხდა. […] ვკითხოთ რეანიმატოლოგებს ეს ამბავი და ნელ-ნელა ეგეც გამოვიძიოთ. […] პატრიარქი ისეთი დიდი პიროვნებაა და ის რომ ის არსებობდა, რომ მან დღემდე მოიყვანა ეს ქვეყანა ეს ყველანაირ ეჭვებს, ყველანაირ კითხვებს ფარავს” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან.

  • სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

    სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით; ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით; გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.

    რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ ავლაბრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ ილია II-ის გარდაცვალების გამო – ერდოღანი

    გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ ილია II-ის გარდაცვალების გამო – ერდოღანი

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

    “პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს” – კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, ნათქვამია ერდოღანის წერილში.

  • Washington Post: აშშ–ის ბაზის თავზე, სადაც მაღალჩინოსნები ცხოვრობენ უცნობი დრონები შენიშნეს

    Washington Post: აშშ–ის ბაზის თავზე, სადაც მაღალჩინოსნები ცხოვრობენ უცნობი დრონები შენიშნეს

    უცნობი დრონები შენიშნეს აშშ-ის ბაზის თავზე, სადაც ცხოვრობენ მარკო რუბიო და პიტ ჰეგსეთი – წერს Washington Post.

    ვაშინგტონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა ფორტ-მაკნეირის თავზე, სადაც ცხოვრობენ მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირები, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, დაფიქსირდა დაუდგენელი წარმომავლობის უპილოტო აპარატები. The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ დაუდგენია, ვინ გაუშვა ისინი.

    ვაშინგტონში შენიშნული დრონები გამოჩნდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ გამოაცხადა გლობალური გაფრთხილების დონე საზღვარგარეთ მდებარე დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და ქვეყნის შიგნით რამდენიმე ბაზა დახურა საფრთხეების გამო. ამ კვირაში ნიუ-ჯერსიში მდებარე გაერთიანებულმა ბაზამ მაკგუაირ-დიქს-ლეიქჰერსტმა და ფლორიდაში მდებარე მაკდილის ავიაბაზამ სამხედროების დაცვის დონე „ჩარლი“-მდე გაზარდეს.  ეს ნიშნავს, რომ სარდლობას აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს შესაძლო თავდასხმაზე ან საფრთხეზე. უფრო მაღალი დონე მხოლოდ „დელტაა“, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც თავდასხმა უკვე მოხდა ან მოსალოდნელია.

    Washington Post-ის ცნობით, აშშ-ში შიშობენ, რომ ირანის საპასუხო მოქმედებები შეიძლება გავრცელდეს ამერიკელ ოფიციალურ პირებზე. აღნიშნულია, რომ ფორტ-მაკნეირის თავზე დრონების გამოჩენის გამო ხელმძღვანელობამ განიხილა მაღალი რანგის ოფიციალური პირების სხვა ადგილას გადაყვანის შესაძლებლობაც, თუმცა ჯერჯერობით ისინი არ გადაუყვანიათ. მათი ბაზაზე განთავსების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ ოქტომბერში გაავრცელა.

    ფორტ-მაკნეირზე განთავსებულია ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი და პენტაგონის ზოგიერთი ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო ხელმძღვანელი. ტრადიციულად, ბაზაზე პოლიტიკური ლიდერები არ ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციის უფრო და უფრო მეტი წარმომადგენელი გადავიდა ამ რაიონში მდებარე ბაზებზე უსაფრთხოების მოსაზრებებით.

    ბაზა მოხერხებულად მდებარეობს კაპიტოლიუმის გორაკთან და თეთრ სახლთან ახლოს, თუმცა მას არ აქვს ისეთი მასშტაბის უსაფრთხოების ზონა, როგორიც სხვა ბაზებს აქვთ დედაქალაქის რეგიონში.

  • საქართველოს მოქალაქეებს აშშ–ის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარიან დეპოზიტს მოსთხოვენ

    საქართველოს მოქალაქეებს აშშ–ის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარიან დეპოზიტს მოსთხოვენ

    აშშ გეგმავს 50 ქვეყნის მოქალაქეებისთვის $15,000-ის ოდენობის ვიზის დეპოზიტის მოთხოვნას არალეგალური დარჩენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. სიაში დაემატა საქართველოც, როგორც „მაღალი რისკის“ ქვეყანა.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფართოებს ვიზის დეპოზიტის (visa bond) პროგრამას და 2 აპრილიდან ის  50 ქვეყანაზე გავრცელდება.ამ ქვეყნების მოქალაქეებს მოუწევთ $15,000-ის დეპოზიტის გადახდა მანამდე, სანამ მიიღებენ B1/B2 ვიზას (ბიზნესი/ტურიზმი).

    ეს თანხა უკან დაუბრუნდებათ იმ შემთხვევაში, თუ:

    • ვიზის პირობებს დაიცავენ
    • დროულად დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში
    • ან საერთოდ არ იმოგზაურებენ

    სახელმწიფო დეპარტამენტი ამ გადაწყვეტილებას აშშ–ში არალეგალური დარჩენის პრევენციით ხსის. პროგრამამ უკვე აჩვენა ეფექტურობა:

    • დაახლოებით 1000 ადამიანს მისცეს ვიზა ამ სისტემით
    • მათგან 97% დროულად დაბრუნდა

    შედარებისთვის:

    • ბაიდენის ბოლო წელს, ამ 50 ქვეყნიდან 44,000-ზე მეტმა ადამიანმა გადააჭარბა ვიზის ვადას

    გადასახადის გადამხდელების ფულის დაზოგვა

    • ერთ არალეგალურად დარჩენილი პირის დეპორტაცია აშშ-ს საშუალოდ $18,000 უჯდება
    • პროგრამა შეიძლება წელიწადში $800 მილიონამდე დანაზოგს იძლეოდეს

    დამატებული ქვეყნები

    ახალ სიაში მოხვდნენ:
    საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი

  • სინოდმა მეუფე შიო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

    სინოდმა მეუფე შიო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

    წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო.

    „წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.

    ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

  • პატრიარქი სიონის ტაძარში დაიკრძალება, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი – მეუფე იობი

    პატრიარქი სიონის ტაძარში დაიკრძალება, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი – მეუფე იობი

    “პატრიარქმა ახლობლებთან დატოვა სიონის ტაძარში დაკრძალვის სურვილი – გადაწყვეტილება პატრიარქის სურვილისამებრ იქნა მიღებული” – ამის შესახებ რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა საპატრიარქოსთან წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    „დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნება [იყო]. ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს. ამას კიდევ ამ დღეებში გამოხატავს მთელი მოსახლეობა, სანამ დაიკრძალება. უცხოეთიდანაც მობრძანდებიან“, – განაცხადა მეუფე იობმა.

  • გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს  – ფაშინიანი

    გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ფაშინიანი

    “გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს ” – სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

    „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ცნობა მწუხარებით მივიღე. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის განმავლობაში, ილია II-ის ცხოვრება და მსახურება ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის ღირებულებებს გამოხატავდა“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.