საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებამ თითოეული ჩვენგანის გულში უდიდესი ტკივილი გამოიწვია.
ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებასა და აღმშენებლობაში მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს – კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ.
Category: სლაიდერი
-

ამ დროის განმავლობაში, ილია II ხალხისთვის მტკიცე საყრდენად იქცა – ყაველაშვილი
-

16:00 საათზე საპატრიარქოდან სამების ტაძარში ფეხით მსვლელობა დაიწყება, ილია მეორეს სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება, ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ.ინფორმაციას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ფეხით მსვლელობა დაიწყება 16:00 საათზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
-

პატრიარქს კი არ გლოვობენ, არამედ მრევლს (ამომრჩეველს) აწონებენ თავს და ერთმანეთს ეჯიბრებიან – რომან გოცირიძე
“პატრიარქს კი არ გლოვობენ, არამედ მრევლს (ამომრჩეველს) აწონებენ თავს და ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უკეთ შეამკობს გარდაცვლილ, მართლაც რომ ისტორიულ პიროვნებას. ხან ხელისუფლება გაიჭრება წინ ზღვარგადასულ ქება-დიდებაში და ხან ოპოზიცია. ჯერ-ჯერობით ფრეა.”
წერს, ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე.
-

ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას – საელჩო
საფრანგეთის საელჩო საქართველოში სამძიმარს უცხადებს მრევლს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო.
“საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.
როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.
მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას” – წერს საფრანგეთის საელჩო საქართველოში.
-

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს
“საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.” – ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადებით, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ცოლი ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამენ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.
“უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.
რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს.
საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ.
ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას. მისი გარდაცვალებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დასრულდა ეპოქა ადამიანისა, რომელიც ღირსეულად და მუხლჩაუხრელად ასრულებდა საქართველოს სულიერი მამის რთულ, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საპატიო მისიას. დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გულში განსაკუთრებული სინათლე დატოვა.
მისი სიკეთე, სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავმდაბლობა და სიყვარული ადამიანისა და სამშობლოს მიმართ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს და ვლოცულობთ მისი სულის მოსახსენიებლად.
მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის სულს”. – ნათქვამია განცხადებაში.
-

მეუფე ზენონი ხელისუფლებას მოუწოდებს არ ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში
მინდა მივმართო ხელისუფლებას და მოვუწოდო, რომ არანაირად არ დაუშვას, არ მისცეს თავს უფლება და ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში. არც პირდაპირ და არც ირიბად.
ეს არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი პრინციპი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ დამოუკიდებლად ავირჩიოთ ეკლესიის საჭეთმპყრობელი ისე, როგორც ამას კანონიკური სამართალი ითვალისწინებს. ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ასეც იქნება. აღნიშნული ინფორმაცია სახელისუფლებო წრიდან მივიღე.
-

იერიშების შედეგად ირანის რეჟიმის “ბასიჯის” ძალების 300-მდე წევრია მოკლული – ირანული მედია
ირანული მედიის ინფორმაციით,ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმების შედეგად „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის“ ბასიჯის დაჯგუფების დაახლოებით 300 მეთაური და საველე თანამშრომელი დაიღუპა.დარტყმები მიმართული იყო ბასიჯის ძალების საკვანძო სამეთაურო და ოპერატიულ ცენტრებზე. იერიშები, სავარაუდოდ, შეეხო იმ სტრუქტურებს, რომლებიც დიდი ხანია გამოიყენება ანტისამთავრობო პროტესტების ჩასახშობად და საზოგადოებრივი უკმაყოფილების კონტროლისთვის.
მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანში საჰაერო იერიშის დროს მოკლეს “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი, რომელიც თანამდებობას ექვსი წელი იკავებდა. სოლეიმანთან ერთად მოკლულები არიან მისი მოადგილე და სხვა მაღალჩინოსნებიც.
“ბასიჯის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი არიან. ირანში შიდა საპროტესტო აქციებისას და, კონკრეტულად, ბოლო პერიოდში მათი ესკალაციის დროს ბასიჯის ძალები, სოლეიმანის მეთაურობის ქვეშ, უძღვებოდნენ მთავარ დარბევით ოპერაციებს, მათ შორის, სასტიკ ძალადობას, მასშტაბურ დაკავებებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.” – აცხადებს ისრაელი თავდაცვის ძალები (IDF).
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი შეტევისას დაზიანდა ბასიჯის დამხმარე დანაყოფის სარემონტო და ტექნიკური მომსახურების ცენტრი, სადაც ასობით ავტომობილი და მოტოციკლი ინახებოდა. აღნიშნული ტრანსპორტი გამოიყენებოდა ქუჩის ოპერაციებსა და უბნებში პატრულირებისთვის. პირველადი ინფორმაციით, ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურებულია.
-

როგორც პოლიტპატიმარი, კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს – ხოშტარია
„შეგნებულად თავს ვიკავებდი პარტიული „დოქტრინების“ განხილვისგან, არც ახლა ვაპირებ. საზოგადოებამ და შედეგმა განსაჯოს.
ამასთანავე, რადგან ერთ-ერთი პარტიის „დოქტრინის“ ნაწილია პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკებები „რუსულ ოცნებასთან“, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას და სიტყვის წარმოთქმასაც კი.
გასაკვირია, რომ ეს პოზიცია, ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს, ვიდრე ზოგიერთმა მის შიგნით.
რუსთავის ქალთა ციხე“,
ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია წერილში წერს.
-

ბიძინა ივანიშვილი დაასრულებს ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე – ოპოზიციის ალიანსი
“ბიძინა ივანიშვილი დაასრულებს ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე” – “ოპოზიციის ალიანსის” განცხადებით პასუხისმგებლობას იღებენ გააკეთონ ყველაფერი რათა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ჩაწერილი კონკრეტული ინიციატივები მოქმედებაში მოვიდეს. “ოპოზიციური ალიანსის” პოზიცია პარტია “დროას” წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ გაახმოვანა სპეციალურ ბრიფინგზე.
“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშმა ფუნდამენტურად შეცვალა ვითარება. ეს არის აბსოლუტურად ახალი საერთაშორისო რეალობა. ბუნებრივია, რომ ოპოზიციის ალიანსს აქვს ახალი პასუხისმგებლობები ამ რეალობაში. თუ აქამდე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ივანიშვილის რეჟიმი იყო უბრალოდ არალეგიტიმური, დღეს ეს რეჟიმი არალეგიტიმურთან ერთად უკვე არის ბრალდებული რეჟიმი.
ამიტომ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ “მოსკოვის მექანიზმის”ანგარიშში ჩაწერილი კონკრეტული ინიციატივები მოქმედებაში მოვიდეს, მათ შორის დღეს საზოგადოებას გვინდა მოვუყვეთ 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ. იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ჩვენ მომავალი 1 თვის განმავლობაში გავაკეთებთ:
პირველი – არის კონკრეტული მითითება ანგარიშში, რომ გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენელი ადამიანის უფლებებში უნდა დაინტერესდეს საქართველოში არსებული რეალობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ კოორდინაციას გაერო-ს უმაღლეს წარმომადგენელთან, მათ შორის საქართველოში მათი წარმომადგენლების მეშვეობითაც გავაკეთებთ ამას იმისთვის, რომ მან განახორციელოს საკუთარი მანდატი. გაერო-ს უმაღლეს წარმომადგენელს ადამიანის უფლებებში აქვს ადგილზე ვითარების ინსპექცირების უფლებამოსილება.
მომავალი 1 თვის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მან ეს მანდატი განახორციელოს.მეორე, არის ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაცია და “მოსკოვის მექანიზმში” არსებული კონკრეტული მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ამ ორგანიზაციასთან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის ხალხი, ვინც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამ თანამშრომლობაში არ შევა. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ მიმართონ ქიმიური იარაღის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მან დაიწყოს გამოძიება საკუთარი წესდების შესაბამისად. ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც ვერავითარი გავლენა რეჟიმს ვერ ექნება.
მესამე, არის უნივერსალური იურისდიქციის მქონე სახელმწიფოები. კონკრეტულ სახელმწიფოებს აქვთ უფლებამოსილება, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი კონკრეტული დანაშაულები ეროვნულ დონეზე გამოიძიონ. ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის მიმართულება, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე. ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთის საგამოძიებო სტრუქტურებთან, მათ შორის პროკურატურასთან იმისთვის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისტემური წამების, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს ეროვნულ დონეზე, ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში.
მეოთხე, არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო. მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისმა გამოძიება დაიწყო, სავსებით რეალისტურია, რომ ივანიშვილის რეჟიმის შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაასრულოს ისე, როგორც ბევრ სხვა ავტოკრატ, სისხლიან დიქტატორს დაუსრულებია ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე”, – განაცხადა ლემონჯავამ.
-

ქართველებს ცხოვრება რეპრესიების პირობებში უწევს – ელინა ვალტონენი
“ქართველებს ცხოვრება რეპრესიების პირობებში უწევს ” – ამის შესახებ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენიმ განაცხადა. მისი განცხადებით საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ადამიანების თავისუფლებას, არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და ქართველ ხალხს რეპრესიების პირობებში უწევს ცხოვრება.
“ფინეთი იყო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა და არა მხოლოდ ვაკვირდებოდი სიტუაციას, არამედ ვიმყოფებოდი საქართველოში ძლიერი სოლიდარობის გამოსახატად ქართველი ხალხის მიმართ, რომელთაც უწევთ ცხოვრება რეპრესიების პირობებში. უახლესი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას არასწორი მიმართულებით გადადგმული მორი ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო და ასევე მოსკოვის მექანიზმი სწორ შედეგებს გამოიღებს, მაგრამ როგორც ევროკავშირი, ჩვენც ფხიზლად უნდა ვიყოთ” – თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან ბრიუსელში.