Category: სლაიდერი

  • მეგობარი აქტი წელსვე იქცევა კანონპროექტად! – გეგელია

    მეგობარი აქტი სულ მალე, წელსვე იქცევა კანონპროექტად. ამის თქმის საფუძველს მაძლევს გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართული ლელო – ძლიერი საქართველოს ვიზიტიც, რომლის განმავლობაში გავმართეთ ოცზე მეტი მაღალი დონის შეხვედრა.

    უკლებლივ ყველა შეხვედრაზე მივიღეთ დადასტურება, რომ მეგობარი აქტის აღსრულებას წინ არაფერი აღუდგება, თუმცა, რასაკვირველია, ჯერ კიდევ გასაწევია დამატებითი შრომა და ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ სისტემატიურად ვიღებთ და გავიღებთ აგრეთვე  შემდეგი თვეების განმავლობაში.

    გასულ კვირაში ჩვენი ვიზიტი შეერთებულ შტატებში სწორედ ამას ემსახურებოდა რომ მეგობარი აქტის მიღება იქნას დაჩქარებული, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა ამ ე.წ. ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაზრდელად და ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების თავისუფლების მისაღწევად.

    სწორედ ეს ორი მოთხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის დაუყონებლივ, უპირობოდ გათავისუფლება, წარმოადგენდა ვაშინგტონში ჩვენი ვიზიტის მთავარ სამუშაო დღის წესრიგს და სტრატეგიულ ხაზს.

    განაცხადა  ბრიფინგზე ლელო – ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ.

  • მერია არაფერ შუაშია… იგივეა, თქვენს სახლში ვინმე დასახლდეს – კალაძე გამოსახლებაზე

    მერია არაფერ შუაშია… იგივეა, თქვენს სახლში ვინმე დასახლდეს – კალაძე გამოსახლებაზე

    “მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა დედაქალაქის მუნინიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება და
    სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ავარიულია და საჭიროებს გამოთავისუფლებას, ადამიანების გარკვეული რაოდენობა იყო შეჭრილი. ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმე შეიჭრას და დასახლდეს. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, შენობა ავარიულია და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდება.

    არის ცხრა ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა. ორი უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებებით, დანარჩენები კი არ დაეთანხმა აღნიშნულ წინადადებას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება”,

    აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

  • ჯერ აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო ამორალური, დასაძრახი და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე – კობახიძე ამაღლობელზე

    ”ჯერ აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე” – ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

    ”ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, ჩაიდინა თუ არა მზია ამაღლობელმა დანაშაული და მერე ვიმსჯელოთ კვალიფიკაციაზე. ამას აღიარებენ თუ არა, ამაზეც არ მომისმენია მათი აღიარება. პირველ რიგში ყველამ უნდა აღიაროს, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი. დანაშაულის კვალიფიკაციას იძლევა შესაბამისი სტრუქტურა, სასამართლო, მაგრამ როდესაც ვიღაც გამოდის და პოლიტიკურ ბრალდებას გვიყენებს, მაშინ ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ იქ დანაშაული არ იყო ჩადენილი.

    ცალსახად შეიძლება ვთქვათ ის, რაც წერია სისხლის სამართლის კოდექსში, რომ როდესაც ვიღაც ასეთი ფორმით აყენებს შეურაცხყოფას პოლიციელს, ეს არის ცალსახა, არა მარტო ფორმალურად, არამედ თავისი არსით სისხლის სამართლის დანაშაულის დონის შესაბამისი ქმედება, ეს უნდა აღიაროს ყველამ. ამას თუ არ აღიარებენ, მაშინ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისმის პოლიტიკური ბრალდებები.

    აქაც იყო დაკვეთა. მე არ ვგულისხმობ კონკრეტული ადამიანის მიმართ დაკვეთას, დაკვეთა იყო ის, რომ უნდა დაეკნინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი. სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. კონკრეტულ შემთხვევაში სახეში გაარტყეს ხელი პოლიციის უფროსს. ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო […]

    […] ჯერ პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, იყო თუ არა პირველ რიგში, ამორალური ქმედება ჩადენილი, კვალიფიკაციას აძლევს სასამართლო. ეს ერთი. რაც შეეხება სასჯელს, ჯერ სასჯელიც არ არის დამდგარი, როცა ამაზე მიდის საუბარი, არის კონკრეტული მუხლით აღძრული საქმე, საბოლოო ჯამში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასჯელთან დაკავშირებით. ჯერ დაელოდონ საერთოდ სასჯელს, ვინ ეკითხება მათ კვალიფიკაციის განხილვას. ჯერ აღიარონ, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი, გმირად რომ გვიცხადებ ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროსს გაარტყა ხელი, ეს სამარცხვინოა. ჯერ აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე.” – თქვა კობახიძემ.

  • ვესაუბრე გიუნტერ კრიხბაუმს – აღნიშნა, რომ ქვეყანა ახლა კრიტიკულ გზაჯვარედინზეა – ზურაბიშვილი

    ვესაუბრე გიუნტერ კრიხბაუმს – აღნიშნა, რომ ქვეყანა ახლა კრიტიკულ გზაჯვარედინზეა – ზურაბიშვილი

    სუბსტანციური საუბარი მქონდა გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ საკითხებში, გიუნთერ კრიხბაუმთან. ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაჯვარედინზე დგას – მხოლოდ მის მოქალაქეებს შეუძლიათ, ქვეყნის ევროპული გზა დაიცვან.

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

  • ამას UN-ის გენერალურ ასამბლეაზეც განიხილავენ – იოზვიაკი უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

    რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი ვარაუდობს, რომ  შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი სხვადასხვა ფორმატში განიხილება.  ამის შესახებ მან, ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში განაცხადა. მისი თქმით,   აღნიშნული თემა მსჯელობის საგანი  გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზეც იქნება და დაამატა, რომ ევროპული საბჭო ვიზალიბერალიზაციის საკითხს ოქტომბერშიც დაუბრუნდება.

    • “ევროპულმა კომისიამ წერილი გაუგზავნა საქართველოს, რომელშიც წერია, რომ მათ სურთ მიიღონ პასუხები იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის მექანიზმთან დაკავშირებით სჭირდებათ. მათ ეს სჭირდებათ აგვისტოს ბოლომდე.ამ საკითხს კიდევ განიხილავენ სხვადასხვა ფორმატში. ვფიქრობ, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც განიხილავენ და [ევროპულ საბჭოში] ოქტომბერშიც განიხილავენ. ისინი [ევროკავშირის წევრი ქვეყნები] ასევე დააკვირდებიან ადგილობრივ არჩევნებს. მაგრამ საბოლოო ვადა არის ნათელი. ისინი ითხოვენ ქმედებებს წერილში აღნიშნულ მოთხოვნებზე საქართველოს მთავრობის მხრიდან აგვისტოს ბოლომდე”, – განაცხადა იოზვიაკმა ფორმულას ეთერში.
  • ლაიენმა ზელენსკის ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებზე ძლიერი შეშფოთების შესახებ შეატყობინა – ევროკომისიის წარმომადგენელი

    “ფონ დერ ლაიენმა ზელენსკის ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებზე ძლიერი შეშფოთების შესახებ შეატყობინა”- ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსიემ გამოცემა Politico-სთან საუბარში განაცხადა.

    “ევროკომისიის პრეზიდენტი პრეზიდენტ ზელენსკის დაუკავშირდა ბოლო მოვლენების თაობაზე. [ევროკომისიის] პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა ძლიერი შეშფოთების შესახებ შეატყობინა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შედეგების თაობაზე და უკრაინის მთავრობას ახსნა სთხოვა.

    კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ძირეული ელემენტებია. როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან ამ სტანდარტების სრულად დაცვას მოელიან. კომპრომისი ვერ იქნება”, – განაცხადა მერსიემ.

  • საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება – 17 ევროპული სახელმწიფო

    დიდი ბრიტანეთის საელჩო ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, 2025 წლის 11 ივლისის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით.

    “ჩვენ, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეშფოთებულნი და ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით.

    მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში.
    მათი დაკავება, ისევე როგორც თვითნებური დაკავებები და ქართული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მზარდი რეპრესია, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას და ქვეყნის ავტორიტარულ სისტემად სწრაფად გარდაქმნას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს. ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობისკენ.

    საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლებასთან. დღეს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს.

    ჩვენ განვაგრძნობთ საქართველოს ხელისულების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას.

    ჯერ კიდევ შესაძლებელია კურსის შეცვლა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონდმებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან.”-ნათქვამია განცხადებაში.

  • გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

    “გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ?” – ასე მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა კაციამ საბა ჯიქიას საქმის მოსამართლეს, თამარ მჭედლიშვილს, რომელმაც ის 4 წლით და 6 თით ციხეში გაუშვა.

    თამარ მჭედლიშვილი ნიკა კაციას საქმის მოსამართლეცაა.

    „პირველ რიგში სოლიდარობა საბა ჯიქიას, ვერასდროს რეჟიმი ვერ დააბნელებს სიმართლეს…. და მართლა მაინტერესებს, გუშინ მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ”, – თქვა სინდისის პატიმარმა, ნიკა კაციამ სასამართლო პროცესზე.

    სინდისის 19 წლის პატიმარი, საბა ჯიქია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გუშინ ზუსტად 4 წელით და 6 თვით  გაუშვა ციხეში.

  • “არ ასახავს ინციდენტის სრულ სურათს” – შსს განცხადება ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ასაკოვანი კაცი შეუძლოდ გახდა

    შსს განცხადებას ავრცელებს  თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც ასაკოვანი კაცი, რომელიც მოქალაქის გამოსარჩლებას ცდილობდა, დაკავებისას შეუძლოდ გახდა.

    “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. სამართალდამცველებმა ამაღლების ქუჩაზე, მოპედის მძღოლი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც იქვე გამვლელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 1993 წელს დაბადებული გ.კ. მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

    სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება და ავტომობილის მძღოლს კანონის შესაბამისად, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ალკოტესტზე/ნარკოტესტზე შემოწმების გავლა მოსთხოვეს, რაზეც აღნიშნულმა პირმა განაცხადა უარი და პოლიციის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გ.კ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ადგილზე დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

    ასევე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის გ.კ.-ს დაკავებისას, ამავე ავტომობილის მგზავრმა, სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა. ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთი გამვლელი პირი კი, სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ.

    სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინციდენტის ბოლო ეპიზოდის ამსახველი მასალა, რაც არ ასახავს ინციდენტის სრულ სურათს, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ სამართალდამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

    ცნობისთვის

    ‼️სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს პოლიციელი აკავებს, რის შემდეგაც მოქალაქე ცუდად გახდა. როგორც წერენ, მოქალაქე რომელიც ცუდად გახდა, ესარჩლებოდა ადამიანს, რომელსაც აკავებდნენ. ვიდეოს ავრცელებს თამარ ბოჭორიძე და წერს.

    “ამ ყველაფრამდე ბიჭს ათრევდნენ საკუთარი მანქანიდან. ვინც გამოესარჩლა, ასე არ შეიძლება მოექცე ადამიანსო, ყველას შედგნენ.”

  • ჩრდ.კორეა რუსეთს ომისთვის საჭირო საბრძოლო მასალების 40%-ს აწვდის – კირილ ბუდანოვი

    ”ჩრდ.კორეა რუსეთს ომისთვის საჭირო საბრძოლო მასალების 40%-ს აწვდის ” – უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი Bloomberg-თან საუბრისას.

    ბუდანოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში საბრძოლო მასალასთან ერთად, სხვადასხვა ტიპის იარაღს აგზავნის ბალისტიკურ რაკეტებს და საარტილერიო სისტემებს.

    “ეს ხარისხიანი იარაღია. ჩრდილოეთ კორეას ძალიან დიდი მარაგი აქვს და იქ წარმოება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს”. – აღნიშნა ბუდანოვმა.

    მისი თქმით, ბოლო სამ თვეში უკრაინის სამხედრო-სადაზვერვო დანაყოფების დანაკარგთა დაახლოებით 60% ჩრდილოეთ კორეის წარმოებული არტილერიით მიყენებული დარტყმების შედეგია.