Category: სლაიდერი

  • საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის – ევროპარლამენტი

    ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში, ვიდრე “ქართული ოცნება”  ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.

    „საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს მანამდე, ვიდრე მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

    განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას და  არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას.

    „ევროპარლამენტარების თქმით, ათწლეულების განმავლობაში დემოკრატიული პროგრესის შემდეგ, გასულ წელს ჩატარებული გაყალბებული არჩევნები საქართველოში ავტორიტარული მთავრობისკენ გარდამტეხი მომენტი იყო. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უკანონოდ მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მიიღო რეპრესიული კანონები, ჩაახშო ოპოზიცია, უარი თქვა ევროკავშირში ინტეგრაციაზე და რუსეთის მხარეს დადგა. ევროპარლამენტარების განცხადებით, უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მანამდე პარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ფაქტობრივად შეჩერებულია“, – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

    .

  • ოცნება ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას – ბრიტანეთის საელჩო

    ” სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც.” – წერს ამის შესახებ,  საქართველოში ბრიტანეთის საელჩო.

    ”ევროკავშირთან, ნატოსთან და სახელმწიფოების ფართო კოალიციასთან ერთად, გაერთიანებულმა სამეფომ გააკრიტიკა რუსეთის უპასუხისმგებლო, დამანგრეველი და დესტაბილიზაციის გამომწვევი ჰიბრიდული აქტივობა, მიმართული გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ. რუსეთის მხრიდან მუდმივი მტრული ქმედებების საპასუხოდ, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 4 ორგანიზაციასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტს, ჰიბრიდული აქტივობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების შელახვას.

    დასანქცირებულთა სიაშია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, “გრუ“ -ს ის დანაყოფი, რომელმაც 2022 წელს ჩაატარა ონლაინ დაზვერვა მარიუპოლზე სარაკეტო დარტყმების დასაგეგმად — მათ შორის იმ დარტყმისთვის, რომელმაც გაანადგურა მარიუპოლის თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა.

    ასევე სანქციები დაეკისრა რუსეთის „აფრიკის ინიციატივის“ სამ ლიდერს. „აფრიკის ინიციატივა“ არის რუსეთის მიერ დაფინანსებული “უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და გავლენის” (FIMI) პლატფორმის ნაწილი, რომელიც იყენებს რუსეთის დაზვერვის ოფიცრებს დასავლეთ აფრიკაში საინფორმაციო ოპერაციების ჩასატარებლად. „აფრიკის ინიციატივა“ ცდილობდა რეგიონში სიცოცხლის გადამრჩენი გლობალური ჯანდაცვის პროგრამების დისკრედიტაციას უსაფუძვლო შეთქმულების თეორიების გავრცელებით, რათა გაევრცელებინა კრემლის პოლიტიკური დღის წესრიგი.

    გამოვლენილი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჰიბრიდული შეტევები — მათ შორის კიბერშეტევები და დეზინფორმაციის გავრცელება — წარმოადგენენ ევროპის დესტაბილიზაციისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი და გაუმართლებელი აგრესიის ომის ფარგლებში რუსეთის კამპანიის ინსტრუმენტებს.

    2019 წლის ოქტომბერში საქართველოც გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მხრიდან დამაზიანებელი კიბერშეტევის მსხვერპლი. 2020 წლის თებერვალში გაერთიანებულმა სამეფომ და მისმა პარტნიორებმა გამოავლინეს, რომ ეს შეტევები იყო რუსეთის ხანგრძლივი მტრული დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი. გაერთიანებულმა სამეფომ მკაფიოდ განაცხადა, რომ “გრუ”-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები საქართველოს სუვერენიტეტის შესასუსტებლად, შუღლის დასათესად და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შესაფეხერბლად იყო მიმართული.

    გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გაერთიანებული სამეფო და საქართველო ერთად მუშაობდნენ კიბერ-მედეგობის გასაძლიერებლად და ამ შეტევის საჯაროდ დასამტკიცებლად. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს

    საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ადასტურებს.

    “ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ისტორიული ვალდებულების შესაბამისად, მე გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.

    ამ საზეიმო განცხადებას გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე მომავალ სექტემბერში გავაკეთებ.

    დღეს გადაუდებელი პრიორიტეტია ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შვების მოტანა.

    მშვიდობა შესაძლებელია”, – წერს მაკრონი.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას უგუნურს უწოდებს.

    “ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ემანუელ მაკრონის გეგმას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

    ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სახეში გაწვნაა”, – წერს რუბიო X-ზე.

  • საქართველო კრიზისშია, ის აღარ არის ევროპული ქვეყანა, ის რუსეთის ორბიტაზეა გადართული – მეთიუ ბრაიზა

    საქართველო კრიზისშია, ის აღარ არის ევროპული ქვეყანა, ის რუსეთის ორბიტაზეა გადართული – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აღნიშნა.

    „რაც შეეხება საქართველოს, ის კრიზისშია. საქართველო ის აღარ არის, რაც იყო. ის აღარ არის ევროპული ქვეყანა, რომელიც ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრობისკენ მიდის. ის გაჭედილია და ეს რუსეთის ჩანაფიქრით ხდება, რა თქმა უნდა, თბილისში ზოგიერთი ადამიანის დიდი დახმარებით. საქართველო ისედაც სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია. თუმცა ის ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებ საინტერესოა. ის ევროკავშირთან ასოცირების გზაზე არ დგას. ის აღარ განიხილება ტრანსატლანტიკური ოჯახის ნორმალურ წევრად ან თუნდაც ევროპული ოჯახის წევრად. მისმა მთავრობამ განაცხადა, რომ შეაჩერებს ამ ასოცირების ძალისხმევას.

    ევროკავშირმა სანქციები დააწესა და ნათლად განაცხადა, რომ ისინი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას მეგობრულად არ მიიჩნევენ. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობაც იმავეს ფიქრობს. ასევე, დიდი შანსია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება დაკარგონ. ამგვარად, საქართველო ევროპული გეოპოლიტიკური თამაშიდან სრულიად არის გათიშული და რუსეთის ორბიტაზეა გადართული. ამგვარად, საქართველომ საკუთარი თავი სრულად გამოთიშა ევროპული გეოპოლიტიკური თამაშიდან და მთლიანად რუსეთის ორბიტაში მოექცა.

    როდესაც საქართველოს ლიდერები სასაცილო რაღაცებს ამბობენ, როგორიცაა „ამერიკელები და ევროპელები ცდილობენ ახალი ფრონტის გახსნას და საქართველოს ომში ჩათრევას“, ეს იმდენად აშკარა ტყუილია და ანტიდასავლური პროპაგანდის ელემენტია, აჩვენებს, რომ მთავრობა მოსკოვის მარიონეტია. არავის სურს ასეთ მთავრობასთან ურთიერთობა. მას არ ენდობიან. ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში ასეთ ვითარებაში? არავინ. არავინ.

    საქართველო დაღმავალ სპირალშია. ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს. ძნელია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ ქართველების მიღწევების დიდი ნაწილი იმსხვრევა. მისი აღდგენა ძალიან რთულია, განადგურება ძალიან ადვილი“,- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

  • თვალჭრელიძის ქუჩაზე მოსახლეობამ იცოდა გამოსახლების შესახებ – აღსრულების ეროვნული ბიურო

    აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მოსახლეობას ჰქონდა ინფორმაცია საჭირო გამოსახლების შესახებ.

    “აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმდინარე სააღსრულებო წარმოება.
    საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოვიდა 2024 წლის 11 ივნისს და ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების პოლიციელებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, ინდივიდუალურად განხორციელდა მისამართზე მყოფი ყველა პირის სოციალური სტატუსისა და საჭიროებების განსაზღვრა. ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი. მათგან დევნილისა და სოციალურად დაუცველი სტატუსი მქონე პირებმა თბილისის მერიისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან მიიღეს დახმარების შეთავაზებები.
    გამოსახლების პროცესი, მისი დაწყებიდან გადადებული იყო ორჯერ, რითაც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულებისთვის. სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად, კრედიტორმა მისამართზე უკანონოდ მცხოვრებ პირებს შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დღეს დაეთანხმა.
    აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მაცხოვრებელთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. დეტალურად იქნა ახსნილი, თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას.
    ასევე, განსაკუთრებით ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შენობა-ნაგებობები იყო საცხოვრებლად საშიში. მორყეული იყო მზიდი კედლები, რასაც კიდევ უფრო საშიშს ხდიდა იქ მიმდინარე თვითნებური სარემონტო სამუშაოები. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობა ნაგებობების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს”, -ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.

    ამ დროისთვის, ადგილზე რჩებიან რჩება მცხოვრებთა ნაწილი, გარდა ამისა, აქ შეკრებილი არიან ის ადამიანები, რომლებიც გამოსახლებულების მიმართ სოლიდარობისთვის მოვიდნენ.

    ცნობისთვის, დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დილიდან მიმდინარეობდა – ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
    დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენჯერმე ხმაური და დაპირისპირება იყო.

  • რაში უნდა გამოიხატოს სინამდვილეში ერთობა: მხოლოდ პოლიტიკოსების კი არა, საჯარო ერთობაა ყველასი, ვინც რეჟიმს უპირისპირდება – ზურა ჯაფარიძე

    რაში უნდა გამოიხატოს სინამდვილეში ერთობა: მხოლოდ პოლიტიკოსების კი არა, საჯარო ერთობაა ყველასი, ვინც რეჟიმს უპირისპირდება – ზურა ჯაფარიძე

    ”რაში უნდა გამოიხატოს სინამდვილეში ერთობა: წარმოიდგინეთ, ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთიანდება ერთი ბრენდის ქვეშ – წარმოიდგინეთ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკოსების კი არა, საჯარო ერთობაა ყველასი, ვინც რეჟიმს უპირისპირდება” –  წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში.

    “ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა (კვლევებში ამოვიდა, რომ ხალხი ითხოვს თურმე), ოღონდ ლაპარაკის იქეთ, ან წარმოდგენა არ აქვთ, რაში უნდა გამოიხატოს (გარდა იმისა, რაშიც უკვე ჩანს, მაგალითად – გარეთ ერთად მუშაობა) ან თვითონ როგორც წარმოუდგენიათ, იმას აწვებიან და სხვებს მოუწოდებენ, შემოგვიერთდითო (მაგალითად, “მე ვაპირებ საკრებულოს ადგილებისთვის ჩალიჩს და მოდი, ერთად ვიჩალიჩოთ”).

    რაში უნდა გამოიხატოს სინამდვილეში ერთობა (ეს გასაკეთებელი იყო 2024-ის არჩევნებამდე, მაგრამ არ გამოვიდა).

    განსაკუთრებით წინააღმდეგნი ისინი იყვნენ, ვინც ახლა იძახის – ჩვენ ყოველთვის ერთობის მომხრე ვიყავითო,

    ისევ “ლენონის ხერხს” მივმართავ:

    1.წარმოიდგინეთ, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე უარს ამბობს თავის სახელზე, ნომერზე, ფერზე, პარტიულ PR-ზე, საკუთარი ლიდერების ქება-დიდებაზე, ყველანაირ ტ….ის თამაშზე მოკლედ და ერთიანდება ერთი ბრენდის ქვეშ, მაგ: დემოკრატიული ძალები ან დემოკრატიული ალტერნატივა ან რამე ამდაგვარი.

    წარმოიდგინეთ, რომ კვლევებში იზომება არა 4 კოალიცია ან 12 პარტია რუსქოცების წინააღმდეგ, არამედ ერთი დიდი კოალიცია VS რუსქოცები.

    წარმოიდგინეთ, რომ კვლევებში ამოდის არა:

    რუსქოცები – 35%,

    კოალიცია 1 – 18%,

    კოალიცია 2 – 17%,

    კოალიცია 3 – 10%

    არამედ (პირობითად):

    დემოკრატიული ძალები – 55%;

    რუსქოცები – 35%;

    და ეს ხდება რეგულარულად, ყველა კვლევაში, გარდა GORBI-სა.

    როდის უფრო მოხდება აქეთ მხარეს შიშის დაძლევა?

    როდის უფრო მოხდება აქეთ მხარეს კონსოლიდაცია?

    როდის უფრო შეშინდებიან რუსქოცები?

    როდის უფრო გაჩნდება იქეთ მხარეს ბზარები?

    როდის უფრო დაფიქრდება ნებისმიერი პოლიციელი, პროკურორი, მოსამართლე ჩაიდინოს თუ არა მორიგი უკანონობა?

    როდის უფრო დაიწყებენ იქედან აქეთ ხტუნაობა?

    როდოს უფრო დაიწყებენ იქეთ შიგნით ერთმანეთის ჭამას?

    4 წელია მესმის, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია და არ მესმის რატომ. მეგონა დაჭერები გამოაფხიზლებდა ხალხს, მაგრამ ახლა პარტიების და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის იმედი დამრჩა.

    2.წარმოიდგინეთ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკოსების კი არა, საჯარო ერთობაა ყველასი, ვინც რეჟიმს უპირისპირდება.

    ყველანი ერთად ვართ, ერთიან საჯარო ბაზაში, სადაც ვხედავთ ერთმანეთს, ვხედავთ რაოდენობას, ვხედავთ – როგორ ვიზრდებით.

    როდის უფრო უკეთ დავინახავთ, რომ 2-ჯერ მეტნი ვართ რეალურ დროში, ასე თუ თვეში ერთხელ რუსთაველზე დიდი შეკრებებით?

    როდის უფრო უკეთ დავინახავთ, რომ ჩვენ ვიზრდებით და ისინი იკლებენ?

    როდის უფრო დავინახავთ, ვინ არის შეშინებული და ვერ ბედავს საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას, რომ მასთან ვიმუშაოთ?

    როდის უფრო დაინახავენ შეშინებულები, რომ ბევრნი ვართ და დაძლევენ შიშს?

    როდის უფრო გავაჩენთ ბზარებს იქეთ ფლანგზე?

    3.წარმოიდგინეთ, რომ ხალხი, ვინც ამ საჯარო ბაზაში იქნება რეალურ დროში, საჯაროდ იღებს ყველა გადაწყვეტილებას.

    კენჭისყრით ისინი წყვეტენ: ვინ იქნებიან ამ დიდი ერთობის სპიკერები/ლიდერები, როგორი აქცია უნდათ, სად და როდის, რომელი რუსქოცური “ბიზნესი” დააბოიკოტონ, ვინ და როგორ გააშავონ ონლაინ და ა.შ

    და როდესაც რეჟიმს ჩამოვშლით და მივაღწევთ ახალ არჩევნებს, ეს ხალხი წყვეტს როგორი იქნება ერთიანი სია, ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი და სხვა (თუ ისე ჩამოიშალნენ, რომ ბიძინა მოსკოვში გაიქცა და ქოცნება საერთოდ გაქრა, მაშინ [იგ.არ ვიცი], არ იქნება საჭირო)

    როდის უფრო მეტი ხალხი ჩაერთვება პროცესში, როცა მაყურებლის როლში არიან, თუ როცა გადაწყვეტილებებს იღებენ?

    უფრო მეტი ადამიანი როდის გამოვა პროტესტზე, როცა ამ პროტესტის ყველა ატრიბუტი რაღაც ჯგუფმა მოიფიქრა, თუ როცა ხალხმა თვითონ გადაწყვიტა უმრავლესობით?

    როდის უფრო გადმოვლენ აქეთ ქოცები, როცა დაინახავენ რომ აქეთ რეალური დემოკრატიაა და იქეთ მონობა, თუ როცა ამ მხრივ განსხვავებას ვერ ხედავენ?

    როდის უფრო მეტი იქნება გარედან მხარდაჭერა, როცა ჩვენი მეგობრები დაინახავენ, რომ აქეთ ნამდვილი შიდა დემოკრატია გვაქვს თუ როცა 37 ადამიანს ელაპარაკებიან და შეხვედრების წინ 3 ტომეული უნდა წაიკითხონ, რომ გაერკვნენ ვინ ვინაა??

    ესაა ერთობა. ეს იგულისხმება, თუ ვინმეს კიდევ არ ესმის. ამის გაკეთებას სჭირდება:

    ა. პირადი და პარტიული ამბიციების ჩაკეტვა (ყველას ბევრი გვაქვს ჩადებული საკუთარ პარტიებში, მე სახელში მიწერია ჩემი პარტიის სახელი, მაგრამ ეს სხვა ბრძოლაა ახლა)

    ბ. ნამდვილი რწმენა დემოკრატიის (როგორი ნაკლოვანიც არ უნდა იყოს დემოკრატია)

    გ. სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა + ამის გამბედაობა, სულ რომ პოლიტიკური თუ სოციალური სიკვდილით დასრულდეს ეს ამბავი რომელიმე ჩვენგანისთვის.

    დ. ტ…ის თამაშის დასრულება (როგორიცაა მაგალითად: “ჩვენ არ ვართ რევოლუციური პარტია”. რომ აგკრძალავენ ცოტა ხანში, მერე რას შვრებით? სახლში მიდიხართ? თუ მერე გახდებით რევოლუციური, რადგან სხვა გზა აღარ გექნებათ?)

    რაც არ მინდოდა ეს იყო, რომ ციხიდან “სიბრძნეები” მეფრქვია, მაგრამ სხვა “საქმე” აქ არ მაქვს, ამიტომ მაპატიეთ ეს ტვინის ….“, – წერს ჯაფარიძე.

  • ქრთამის აღებისთვის სოფელ ორსანტიაში ზუგდიდის მერის წარმომადგენელი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 300 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში – ე.ბ. დააკავა.

    „გამოძიებით დადგენილია, რომ ე.ბ.-მ, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით 300 ლარის აღების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ყალბი ცნობები, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • თვალჭრელიძეზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ 4 პირი დააკავა

    თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლეობის პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ 4 პირი დააკავა. ოთხივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

    დაკავებას წინ უძღოდა ადგილობრივების პროტესტი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსთან ავეჯის გადასატანი მანქანის გამოჩენას მოჰყვა, რომელსაც კორპუსთან შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. პოლიციამ მათ ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რასაც ისინი შეეწინააღმდეგნენ, შედეგად კი რამდენიმე პირი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

    თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს – ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.

  • ვინც პოლიციის ფორმით გოგონებს ურტყამდნენ, სად არიან, რატომ არ არიან აქ? – ანდრო ჭიჭინაძე

    ”ადამიანები აქ დაზარალებულის სტატუსით მოდიან და ამბობენ, რომ არ იციან, ვინ დააზიანათ და ჩვენ მიმართ პრეტენზია არ აქვთ, ასე არ დგინდება სამართალი – ვინც პოლიციის ფორმით გოგონებს ურტყამდნენ, სად არიან, რატომ არ არიან აქ?”- ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

    „პრემიერმა თქვა – „მართალია დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 50 ადამიანის დაკავება, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი 1000-მდე ადამიანიდან. თუ არ იყო ადამიანი იდენტიფიცირებადი და კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება ამ შემთხვევაში, არ ხდებოდა ადამიანის დაკავება“.

    ჩემი აზრი ასეთია – როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი სასამართლო განხილვების პარალელურად აკეთებს კომენტარებს და რომელიც შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოს და ჩვენ მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ აძლევს მოსამართლეს მითითებას, რომ ჩვენ მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.

    საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, თუ ვინმე დაზიანდა, მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელია თუ არა, ეს არის ძალიან ცუდი და ეს არავის უხარია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც აქ დაზარალებულის სტატუსით მოდიან და ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა და ჩვენ მიმართ პრეტენზია არ აქვთ – ასე არ დგინდება სამართალი.

    ის ადამიანები, რომლებიც პოლიციის ფორმით გოგონებს ურტყამდნენ, ისინი სად არიან, გაუგებარია, რატომ არ არიან აქ? ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და იმედი მაქვს რომ ამ მარწუხებს გაუმკლავდებით“,- განაცხადა სასამართლო სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძემ.

  • MEGOBARI აქტი გაჯერებულია ცილისწამებით..უილსონს 87 ათასი აქვს აღებული – კალაძე

    რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული MEGOBARI აქტთან დაკავშირებით, არ ვიცი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ აქტი სრულად გაჯერებულია სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილით. უკვე გამოაშკარავდა ისიც, თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აქტში. სულ 360 ათასია გადახდილი, ხოლო კონკრეტულ კონგრესმენს, პატივცემულ უილსონს 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს და ცრუ ინფორმაციით გააჯეროს აღნიშნული დოკუმენტი. ეს არის მოცემულობა, რეალობა და ეს არის სიმართლე, რაც ცნობილი გახდა FARA-ს კანონით.

    ზოგადად, აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა არ იქნებოდა, რომ არა ის შემოტევები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვიხილეთ. თუმცა, არავის არაფერი გამოუვა – ჩვენ ხალხთან ერთად დავიცავთ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესს.

    თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.