Category: სლაიდერი

  • საერთაშორისო ძალისხმევითა შესაძლებელია რუსეთის იძულება, დატოვოს უკრაინა-საქართველო – საქართველოში უკრაინის საელჩო

    “საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით და მკაცრი სანქციების დაწესებით იქნება შესაძლებელი რუსეთის იძულება, დატოვოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსი სამხედრო დამნაშავეები უმკაცრესი პასუხისგებაში მივცეთ.” – ვკითხულობთ საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ”17 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები სუვერენული სახელმწიფოს – საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტის ჩადენით. ამ აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკანონო კონტროლის ქვეშ მოექცა. 200 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცა. ეს თავდასხმა კრემლის ახალი იმპერიული პოლიტიკის პირველი მასშტაბური გამოვლინება იყო, რომელმაც მკაფიო სიგნალი გაგზავნა საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლისა და რეგიონში სტაბილურობის შელახვის სურვილის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესია ამ პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება იყო.

    დღეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. აგრესორი ქვეყანა არა მხოლოდ ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას ოკუპაციის ზონაში, არამედ აქტიურად ახორციელებს ამ რეგიონების მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და დაპატიმრებებს. უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ე.წ. „დამოუკიდებლობას“.

    რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული ძალისხმევით, საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვით და მკაცრი სანქციების დაწესებით იქნება შესაძლებელი რუსეთის იძულება, დატოვოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსი სამხედრო დამნაშავეები უმკაცრესი პასუხისგებაში მივცეთ.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებში, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაშია – გოცირიძე

    ”ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებში, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაშია” – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და გუშინ, რუსთაველზე, მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

    გუშინ, 6 აგვისტს, რუსთაველის გამზირზე, ლელოს წევრების გამოჩენას პროტესტის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა რის შემდეგაც გეგელიამ რუსთაველის ტერიტორია დატოვა.

    ლელო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

    ”ვკითხულობ ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენლის კმაყოფილ კომენტარებს გუშინდელ აქციაზე “ლელოს” წარმომადგენელზე თავდასხმის შესახებ და კიდევ ერთხელ ვწრმუნდები, რომ ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებშია, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაში, მის დაბალ ხარისხში.“ლელოზე” თავდასხმას ის ხალხი ზეიმობს, რომლებიც აღფრთოვანებული შეხვდა აჭარის უზენაესი საბჭოს ოპოზიციური წევრის თავზე სანაგვე ურნის დამხობას. ფაქტობრივად, არავის დაუგმია მაშინ ეს ველურობა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დღემდე ვერ მიმხვდარა, რა სიმაღლეებს მიაღწია ივანიშვილმა ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობაში.როცა სამიზნეს ხარ აცდენილი, ბოლოს თავად ხდები მარტივი სამიზნე.” – აცხადებს რომან გოცირიძე და ასევე აღნიშნავს, რომ ,”არსებობს განსხვავებული მიდგომა, ამ შემთხვევაში მცდარი”.

     

  • საქართველოს კურსის შემცვლელებმა პასუხი უნდა აგონ! – აუსტრევიჩუსი მზია ამაღლობელის განაჩენზე

    ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ორ წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მათ, ვინც საქართველოს პოლიტიკური კურსი არადემოკრატიული, არაევროპული, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიული კურსით შეცვალეს, პასუხი უნდა აგონ. განცხადებების დრო დასრულდა.

    დაწერა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა სოციალურ ქსელში

  • ომის შედეგებს კვლავ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ხაზთან მცხოვრები ხალხი – ომბუდსმენი

    ომის შედეგებს კვლავ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ხაზთან მცხოვრები ხალხი – ომბუდსმენი

    ”ომის შედეგებს კვლავ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ხაზთან მცხოვრები ხალხი”- სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აგვისტოს ომიდან 17 წლის გასვლის დღეს განცხადებას ავრცელებს.

    “რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 17 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

    მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. 1990 წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, საქართველოში 299,172 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.

    უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც  ოკუპირებული აფხაზეთის ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პირთა  უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა.

    ოფიციალური მონაცემებით 2008 წლიდან 2025 წლამდე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული  3 594 პირი, მათგან 2 024 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 570 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. რაც შეეხება უკანონო პატიმრობის საკითხს, 2025 წლის მდგომარეობით  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კვლავ რჩება უკანონო პატიმრობაში საქართველოს 9 მოქალაქე, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით — 4 მოქალაქე.

    კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.  საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.  ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 60 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართებია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 50 კილომეტრს აღემატება.

    ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და  მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა. რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა.

    საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

    სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგის წარმოებას და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ინიციატივებისა და მიდგომების წახალისებას”. – წერს იოსელიანი.

  • როგორც ანწუხელიძემ არ დაიჩოქა, ისე არ დაიჩოქებს საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე – ბოკუჩავა

    2008 წლის ომიდან 17 წლის თავზე საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომელიც იმ დროინდელ მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს სჯის იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფო არ ჩააბარა მტერს, რომელიც ბოდიშის მოხდას გვთხოვს და რომელიც ბედავს და საქართველოს ეროვნულ გმირს, დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოს – გიორგი ანწუხელიძეს შეურაცხყოფს. დღეს ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ნამდვილი საქართველოს ხმა გავაგონოთ მოღალატე ივანიშვილს, მის ამფსონებს და მათ პატრონს კრემლში, რომ ანწუხელიძე გმირია, ანწუხელიძე უკვდავია და უკვდავია ქართული სახელმწიფო, რომელსაც ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს პუტინის მონა – ივანიშვილი. დიახ, ანწუხელიძე გმირია, ის უკვდავია და სწორედ ისე, როგორც მან არ დაიჩოქა, ისე არ დაიჩოქებს საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს

    განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გიორგი ანწუხელიძის მემორიალის მონახულების შემდეგ.

  • მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება – გერმანიის საელჩო

    2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც ემსხვერპლა ძალადობასა და ომს, ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც ომის გამო დევნილად იქცა.

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. გერმანია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

    წერს გერმანიის საელჩო საქართველოში.

  • ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს აგვისტოს ომის გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი – აშშ-ის საელჩო

    დღეს ჩვიდმეტი წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულებ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი.

    სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიოტირულ მთლიანობას

    წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

  • საქართველო გმირების ქვეყანაა, ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე – ბურჭულაძე

    „მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წარმომადგენლები ამოვედით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მოვიხსენიეთ ჩვენი გმირების სულები. ერთი, რამის თქმა გვინდა კიდევ ერთხელ არის ის, რომ საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან არ გვაქვს! ჩვენი გმირები, როგორც ანწუხელიძე, ისე დანარჩენები, ყოველთვის გმირები იქნებიან. მათ ვერავინ ვერასდროს დააკნინებს. ჩვენც აქ იმისთვის ვართ, რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ და მუხლი მოვიყაროთ მათ წინაშე“,

    ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

  • მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო? – ხაბეიშვილი

    „ივანიშვილის რეჟიმი არათუ მორყეული, მოყანყალებული, არამედ სრულად დამპალი და ჩამოშლილია!

    მზია ამაღლობელის მოსამართლემ – „ცუდი გადაწყვეტილება დავწერე და მიმართე ყაველაშვილს, გამოასწორებსო”.

    გიორგი ახობაძე თავისუფალია, ვულოცავ და გილოცავთ!

    ახლა საინტერესოა, როცა მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია – ის ნარკოტიკი ვისი იყო? ვინ ჩაუდო? ვისი დავალებით? და ამ უდანაშაულო კაცმა, რომ ციხეში გაატარა ეს დრო, ვინ არის პასუხისმგებელი? ცრუ მოწმე – „პოლიციელებზე” რა ხდება?! დავალების გამცემ-შემსრულებელი საინტერესოა ახლა!

    რღვევა გაგრძელდება და ჩვენ მხოლოდ მობილიზება, გამარჯვების რწმენა გვჭირდება და წინ, შეტევაზე! მოსამართლეების ნაწილი აბუნტებულია და აღარ ასრულებს სისტემის დავალებას! რაც მეტ იმედს, ოპტიმიზმს, ბრძოლისუნარიანობას გამოვასხივებთ, კიდევ უფრო აირევიან შიგნით!

    ახლა ივანიშვილი დაელოდოს 4 ოქტომბერს – მის განაჩენს, რომელსაც ხალხი ქუჩაში გამოუტანს!”,

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა

    მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა.

    გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    გიორგი ახობაძე 2024 წლის, 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

    დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი ახობაძე უდანაშაულოა და მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს