Category: სლაიდერი

  • რეალური საფრთხეა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლა დაკარგონ – ცისკარიშვილი

    „სამწუხაროდ, არსებობს ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ საქართველომ, საქართველოს ყველა მოქალაქემ დაკარგოს ის სიკეთე, რომელიც თავის თავში გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას, მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრივ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად იმაზე, რომ რეალურად დასანქცირდნენ მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენლები და კონკრეტული ჯგუფები და არა მთელი ქართული საზოგადოება, იმიტომ რომ ის შედეგი რაც შეიძლება დადგეს ამ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, არის ამ კონკრეტული ადამიანების „დამსახურება“, მათი „მუშაობის“ შედეგად, მათი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, ეგრეთ წოდებული „რეფორმების“ შედეგად მივედით იქამდე, რომ ევროპისთვის ჩვენ მისაღები პარტნიორები აღარ ვართ. ჩვენ არ ვართ საერთო ღირებულებებით სისტემაში მოქცეული ევროპასთან ერთად, ამიტომ ძალიან ლოგიკური ნაბიჯია მათი მხრიდან იმის გაკეთება, რომ 8 წლის თავზე შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთან, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ მთავარი მომენტი, რომ აბსტრაქტულად არაფერი არ ხდება. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს წარმოადგენენ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რამაც აქამდე მოგვიყვანა და შესაბამისად ამ ადამიანების მიმართ უნდა იქნას შესაბამისი ზომები გატარებული და არა ყველა თანამოქალაქის საწინააღმდეგოდ. ამაზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან უკვე მეორე თვეა და საბოლოო ჯამში, ალბათ, სექტემბრის ბოლოდან – ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი ამასთან დაკავშირებით“,

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

  • ვიზალიბერალიზაციის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში ევროკომისიას გუშინ მიეწოდა – საგარეო საქმეთა სამინისტრო

    “ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველომ ევროკომისიას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში უკვე გადაუგზავნა.

    ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 8 რეკომენდაცია გასულ ივლისში განუსაზღვრა. მათ შორისაა:

    • ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფა;
    • ისეთი კანონმდებლობის თავიდან აცილება და გაუქმება, რომელიც ზღუდავს უფლებებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ პაკეტის;
    • სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის სიასთან;
    • არალეგალური მიგრაციისა და თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების წინააღმდეგ ნაბიჯები;
    • აქტივების აღდგენისა და მართვის ოფისების შექმნა;
    • ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის მიღება და მაღალი დონის კორუფციის საქმეებზე ეფექტიანი ბრძოლა;
    • ანტიკორუფციულო ბიუროს შესახებ კანონში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება;
    • პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დამთხვევა.

    ამ ანგარიშის საფუძველზე ევროკომისია შეაფასებს, რა პროგრესი აქვს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში.

  • ქუთაისში დააკავეს ქალი, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა

    პოლიციამ ქუთაისში დააკავა ქალი, რომელმაც ორ წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა. მომხდარის  ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • EU დაცლილია იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი მიისწრაფოდა – კახა კალაძე

    EU დაცლილია იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი მიისწრაფოდა – კახა კალაძე

    ევროპული გაერთიანება თავისი შინაარსით, რაზეც იყო ის დაფუძნებული, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ამაზე უკეთესი გაერთიანება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ რასაც ჩვენ ბოლოს ვხედავთ, რა პროცესებიც ვითარდება, საკმაოდ მძიმე ვითარებაა. აბსოლუტურად დაცლილია ევროკავშირი იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფოდა. ევროპულმა ბიუროკრატიამ სერიოზული პრობლემები შექმნა დღეს, როგორც თავად ევროპისთვის, ისე მეგობარი ქვეყნებისთვის.

    ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ის მოთხოვნები, რომელსაც ვისმენთ, აბსოლუტურად შეუთავსებელია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან, რასაც ქართული სახელმწიფო ზედმიწევნით ასრულებს. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ რაიმე შეუსრულებელია. ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში დაცულია ისევე, როგორც არასდროს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაზეც ისინი აპელირებენ. ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში. ადამიანის უფლებები თუ ილახებოდა, ეს იყო სწორედ 2012 წლამდე პერიოდში. განსხვავებულ მოსაზრებას ვერ გამოხატავდი, მაშინვე ან შენ დაგიჭერდნენ ან შენი ოჯახის წევრებს გააუბედურებდნენ, წაართმევდნენ და ამას უწოდებდნენ დემოკრატიის შუქურას.

    წარმოგიდგენიათ? ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, თურმე ყოფილა დემოკრატიის შუქურა და დღევანდელი მოცემულობა და ვითარება პრობლემური. რა გგონიათ, ხალხს თვალები აქვს ახვეული და ვერ ხედავს იმ რეალურ სიტუაციას, რა იყო და დღეს რა მდგომარეობაა? ხალხს აქვს საშუალება, გააკეთოს სწორი ანალიზი და იმიტომ იღებს ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ოქტომრებში მიიღო.

    ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაც არის, ყველა ნაბიჯის ზედმიწევნით შესრულებას ვაპირებთ. პოლიტიკური მოტივებით გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიღაცამ მაინც გვითხრას, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ვიღებთ ერთადერთ პასუხს – იმიტომ. არ არის ეს სერიოზული. პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა: მზად ვართ, დავსხდეთ დიპლომატიურ კორპუსთან და მომიყვანეთ მაგალითები, არგუმენტები, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონმდებლობა ევროპულ მომავალს, ევროპულ ღირებულებებსო. არანაირი პასუხი, იმიტომ, რომ ვიცით, რეალურად რაც ხდება.

    თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • მაგთიკომი ნახევარ მილიონამდე ოჯახს  – ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეს უზრდის ფასის ცვლილების გარეშე

    მაგთიკომი ნახევარ მილიონამდე ოჯახს – ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეს უზრდის ფასის ცვლილების გარეშე.

    გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი – მაგთიკომი აგრძელებს ინტერნეტის
    ხარისხის გაუმჯობესებას და აბონენტებისთვის აქტუალური სერვისების
    განვითარებას.

    8 სექტემბრიდან მაგთი აბონენტებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი სიჩქარით
    სარგებლობენ, ფასის ცვლილების გარეშე, ავტომატურად გაუზრდის
    ინტერნეტის სიჩქარეს 70 მბ/წმ-მდე.

    ეს სიახლე ნახევარ მილიონამდე ოჯახს შეეხება. გაზრდილი სიჩქარე
    მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ინტერნეტგამოცდილებას – იქნება ეს
    სწავლა, მუშაობა, გართობა თუ ყოველდღიური ონლაინ საქმიანობა.

    მაგთიკომისთვის მთავარია აბონენტების კმაყოფილება და მათი
    შესაძლებლობების ზრდა. დღეს, 500-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში
    სარგებლობენ მაგთის ოპტიკური ინტერნეტით. გაზრდილი სიჩქარე კი კიდევ
    უფრო დაეხმარება მათ მიზნების განხორციელებაში. ასევე, კომპანიის ეს
    გადაწყვეტილება, პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ფიქსირებული
    ინტერნეტის მაჩვენებლებზე.

  • ივლის-აგვისტოში შედარებით მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა – ჩხაიძე

    ივლის-აგვისტოში შედარებით მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა – „ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვე ვარიანტია გავრცელებული და მას არ ახასიათებს მდგომარეობის დამძიმება – იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ივლის-აგვისტოში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა.

    „2025 წლის ივლის-აგვისტოში შედარებით მოიმატა კორონავირუსის ხვედრითმა წილმა. ბოლო კვირის მონაცემი, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, მიუთითებს, რომ კორონავირუსი ახლა არის უპირატესი ვირუსი. იმ პაციენტებთან, ვისაც სჭირდება სტაციონარიზაცია, ისე იმ პაციენტებს, რომლებსაც მხოლოდ ამბულატორიული მართვა სჭირდება, წამყვანი სწორედ კორონავირუსია. ჯამური რაოდენობა ორივე მიმართულებით არის 71%[…]ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვე ვარიანტია გავრცელებული და მას არ ახასიათებს დაავადების მიმდინარეობის მიხედვით მდგომარეობის დამძიმება, ანთების განვითარება, საავადმყოფოში მოხვედრის აუცილებლობა. ჩვეულებრივი, სტანდარტული ისეთი ტიპის ვირუსია, რომელმაც შეიძლება გაციების მსგავსი სიმპტომატიკა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ არის ეს ვირუსი იმ ვირუსების ჩამონათვალში, რომელსაც ახლა ვაფასებთ, როგორც მსუბუქად მიმდინარე რესპირაციული დაავადების გამომწვევ ვირუსს.[…]ალბათ, ნოემბრის თვე იქნება ის პერიოდი, როდესაც ჩვენ შეიძლება გვქონდეს მწვავე რესპირაციული ინფექციების მატება. ამ თვალსაზრისით, ალბათ წლევანდელი წელი გამორჩეული არ იქნება. ჩვენ გვინდა მოსახლეობას შევახსენოთ, რომ წელს ისევე, როგორც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში იქნება შემოტანილი გრიპის ვაქცინა, რომელიც უფასო იქნება. რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები და ასევე, რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები 5 წლამდე. განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვები.[…] 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები ეს არის ის კონტინგენტი, როდესაც ჩვენ ყოველთვის გვეშინია გრიპის გართულების. გრიპი არ არის ჩვეულებრივი ვირუსი. ოქტომბრიდან დაწყებული, ალბათ ის იქნება ყველაზე მძიმე დაავადების განმაპირობებელი ვირუსი. ამის უკან დგას გართულებების მაღალი ალბათობა: ფილტვების ანთება, გულის დაზიანება, თავის ტვინის დაზიანება. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

  • ყაველაშვილი დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს

    მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს.

    “პირველ რიგში, მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი, როგორც ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული ლიდერისადმი. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მოუტანს მეტ კეთილდღეობას ამერიკელ ხალხს, აგრეთვე მეტ მშვიდობას, სიმშვიდეს და კეთილდღეობას სრულიად მსოფლიოს.

    როგორც საქართველოს მთავრობის ლიდერებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად თქვენი არჩევის შემდეგ, თქვენ ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გააუქმა იმ უსამართლო, უხეში და აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ის არაერთი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აწარმოებდა.

    ამ ფონზე, კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც, მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მმართველი გუნდი. თუმცა, იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად, კვლავაც აქტიურობს „დიპ სთეითი“, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით, საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. საბედნიეროდ, „დიპ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს. „დიპ სთეითის“ მიერ საქართველოში ორგანიზებული რევოლუციის ოთხი მცდელობა, პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის, გამოცდილებისა და პრინციპულობის წყალობით აღიკვეთა.

    აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე, თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან – წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა, ამ ფონზე, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს.

    ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო. თუმცა, ბუნებრივია, მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული „დიპ სთეითის“ დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, პასიურად აკვირდება.

    ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა „დიპ სთეითთან“, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და ლგბტ პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს.

    პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა კი, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი ადმინისტრაციის სამართლიანი და გულისხმიერი დამოკიდებულების დამკვიდრებაა”,- ნათქვამია ღია წერილში.

  • ბათუმში მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 4 პირი დავაკავეს

    ბათუმში მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 4 პირი დავაკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  ბათუმში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე 4 პირი დააკავეს.

    დაკავებულები არიან: 2008 წელს დაბადებული ნ.ვ., 2011 წელს დაბადებული უ.ჩ., 2009 წელს დაბადებული ს.კ. და 2008 წელს დაბადებული დ.გ.

    დაკავებულებმა 2 პირზე ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი მიიმალნენ.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

  • მოვუწოდებთ “ოცნებას” დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად – ბრიტანეთის საელჩო

    ”მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ” -შესაბამის განცხადებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს და ეხმაურება შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების გაყინვას. დიდი ბრიტანეთი შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ეს შესაძლოა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება.

    „დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სავარაუდო საბოტაჟის შესახებ გამოძიების ფარგლებში, საბანკო ანგარიშები გაეყინათ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს მათი მხრიდან არა რაიმე უკანონონო ქმედებაზე რეაგირება, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანია აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება.

    აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობასა და ინფორმაციის თავისუფლებას, სამართლებრივი დახმარების გაწევას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქალებისა და ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას. მათი დახურვა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო შეასუსტებს დემოკრატიული დაცვის მექანიზმების არსებობას და ანგარიშვალდებულებას ქვეყანაში.

    ასევე, გვინდა აღვნიშნოთ ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭოს ბოლო მოსაზრება, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში არასამთავრობო სექტორის შესახებ მიღებული კანონის განხორციელება „მძიმე და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას“ და წინააღმდეგობაშია იმ მრავალ ვალდებულებასთან, რომელიც საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, იკისრა.

    ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დაიწყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • თბილისში, ვაზიანის დასახლებაში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

    თბილისში, ვაზიანის დასახლებაში, კორპუსთან ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

    სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

     ინფორმაცია  შსს-ში ადასტურებენ.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.