Category: სლაიდერი

  • სამარცხვინოა! მთავრობის განცხადებებმა წაახალისა ძალადობა – ევროპარლამენტარი

    ევროპარლამენტარი ტეის როიტენი სამარცხვინოს უწოდებს მთავრობის მიერ 5 ივლისს ძალადობის წახალისებას.

    მისი თქმით, მთავრობის განცხადებებმა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

    “უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ხელისუფლებით. ნაცვლად იმისა, რომ ყველა დაეცვათ, როგორც ჩანს, მთავრობის განცხადებებმა წაახალისა საშინელი ანტი-LGBTQ ძალადობა და საფრთხეში ჩააგდო “თბილისი პრაიდის” მრავალი მშვიდობიანი აქტივისტისა და მონაწილის სიცოცხლე. სამარცხვინოა”, – წერს ევროპარლამენტარი.

  • სამართალდამცავების ვალდებულებაა, პასუხისგებაში მისცენ მოძალადეები – ნედ პრაისი

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თბილისში 5 ივლისს პუტინისტური ჯგუფების მიერ ძალადობას ეხმიანება. მისი განცხადებით, სამართალდამცავები ვალდებულები არიან, კონსტიტუციური უფლებები დაიცვან და მოძალადეები დააკავონ.

    “ვგმობთ საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები”, – წერს პრაისი Twitter-ზე.

    ცნობისთვის, გუშინ თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

  • სენაკში მანქანა ხევში გადავარდა – აფეთქებულ მანქანაში ბაბუა და 7 წლის შვილიშვილი დაიღუპნენ

    სენაკში მანქანა ხევში გადავარდა – აფეთქებულ მანქანაში ბაბუა და 7 წლის შვილიშვილი დაიღუპნენ

    სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ბეთლემთან მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი. კიდევ 2 ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ხევში გადავარდნილ და დამწვარ მანქანაში აღმოჩენილი სამი გარდაცვლილიდან ორი ერთი ოჯახის წევრები არიან – 7 წლის საბა მამულია და მისი ბაბუა, კაპიტონ მამულია. გარდაცვლილია ასევე მათი მეზობელი, გელა დავითაია.

    სენაკის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს ავტომობილის კიდევ 2 მგზავრი. მათგან ერთ-ერთი პატარა საბა მამულიას მამაა.მისი მდგომარეობა მძიმეა, ასევე მძიმეა ცოცხლად გადარჩენილი მეხუთე მგზავრის, ზვიად გვაძაბიას მდგომარეობაც. ისიც კაპიტონ მამულიას მეზობელია.

    ინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • კალენდარს რომ უყურებ 2021 წერია, მაგრამ ფეოდალურ გარემოში ვართ – რუსუდან გოცირიძე

    “კალენდარს რომ უყურებ 2021 წერია, მაგრამ ფეოდალურ გარემოში ვართ”- ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ დღეს  თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები როცესებს რუსული ელფერი დაკრავდა. გოცირიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ქართულ მედიას იმისთვის, რომ ბოლო პერიოდში ჰომოფობიურ განცხადებებს არ აჟღერებდნენ. მისი თქმით, ნაწილობრივ ამითიც იყო გამოწვეული ძალადობრივი ჯგუფების აგრესია.

    “მართლა არ მეგონა, რომ ოდესმე იმას განვიცდიდი, რაც 2013 წლის 17 მაისს განვიცადე. რა იმედგაცრუებაში ვიყავი და სრულ სასოწარკვეთილებაში. ვფიქრობდი, რომ ღმერთო აი ამ ძალადობრივ ქვეყანაში როგორ უნდა იცხოვრონ ჩემმა შვილებმა. იგივე განცდა მაქვს დღესაც.

    მარტო ამ ჩემს ორ შვილზე არ ვფიქრობ ხომ? მე ვფიქრობ ჩემი შვილების თაობაზე, რომლის იმედიც მაქვს რომ ახალი, ჯანსაღი თაობა მოვა და სხვანაირად ააშენებს ამ ქვეყანას. ეს ხალხი დაიხურავს ქუდებს და წავლენ, რა უნდა ვუთხრა ჩემს შვილებს, რითი უნდა გავაჩერო ამ ქვეყანაში?

    კალენდარს რომ უყურებ და იქ რომ 2021 წელი წერია, არ გეგონოთ, რომ მთლად ეგ დრო დგას. ჩვენ სადღაც ძალიან ძალიან უკან ვართ, ფეოდალურ გარემოში, ოღონდაც რუსული ელფერი აქვს”, – განაცხადა მან ფორმულას ეთერში.

  • “გულისამრევი” – ქვეყნის გარეთ თბილისის მოვლენებს აფასებენ

    „გულისამრევი“ – ასე აფასებს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, ელჩი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობისგან მოელის არამარტო მომხდარის დაგმობას, არამედ ძალადობაში მონაწილე პირების დასჯას.

    „მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. და ეს არ გაუკეთებიათ. პირიქით, მათ მოუწოდეს მარშის ორგანიზატორებს რომ გაეუქმებინათ ის. ეს მთავრობის ფუნდამენტური ჩამოშლაა. მთავრობის პასუხისმგებლობა იყო, უზრუნველეყო ადამიანების უსაფრთხოება, ვინც საკუთარ აზრს მშვიდად გამოხატავს“, – ამბობს იან კელი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

    ის აცხადებს, რომ მომხდარით, საქართველოს მეგობრები დასავლეთში, იმედგაცრუებულნი არიან.

    “მთავრობა, და არა პრეზიდენტი, მარტოა ამ ბუნტის, ამ “პოგრომის” არ დაგმობის საქმეში. ეს იყო აბსოლუტურად გულისამრევი. [ვნახეთ] ჟურნალისტებზე თავდასხმა, ქონების განადგურება და პოლიციამ, როგორც მე მომეჩვენა, არაფერი არ გააკეთა. მთავრობამ ვერ შეასრულა მისი ვალდებულება, დაეცვა ადამიანების უსაფრთხოება, ვისაც მშვიდობიანად შეკრება სურდა და არაფერი გაუკეთებია ჟურნალისტების დასაცავად, რომლებსაც ქუჩაში სცემდნენ. ჯერჯერობით კვლავ არ მინახავს არაფერი მთავრობისგან, რომელიც გმობს ძალადობას. კარგია, რომ პრეზიდენტმა და საელჩოებმა მომხდარი დაგმეს. თუმცა ხალხი, რომელსაც საქართველოსი და მისი დასავლური სვლის ჯერა, ძალზედ იმედგაცრუებულია, რბილად რომ ვთქვათ. ჩვენ გულს გვირევს ის, რაც მოხდა“, – ამბობს კელი. „ვფიქრობ, ბევრია ვიდეო, სადაც ცემა, დაჭრა და საკუთრების ვანდალიზმი ჩანს. ეს ხალხი უნდა დააკავონ. თითოეული მათგანი“, – დასძენს კელი.

    „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, მომხდარს აფასებს დეიმონ უილსონი, „ატლანტიკური საბჭოს“ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი და „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ მომავალი პრეზიდენტი. ისიც იმედოვნებს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

    „მე შთაგონებული ვარ ქართულ საზოგადოებაში მარგინალიზებული ადამიანების გამბედაობით და მისწრაფებით, დაიცვან მათი უფლებები და ღირსება. საქართველოს მეგობრები დგანან ადამიანის უფლებების დამცველების და ჟურნალისტების გვერდით, რომლებსაც თავს ესხმოდნენ და აშინებდნენ „თბილისი პრაიდზე“. მე ვუერთდები ქართველების მოწოდებებს, მათი მთავრობის მიმართ, რომ სასამართლო წესით პასუხი აგებინოს მათ, ვინც ძალადობა ჩაიდინა ან ძალადობისკენ მოუწოდა და დაიცვან მათივე მოქალაქეები“, – ამბობს დეიმონ უილსონი. “იმ ქართველების მსგავსად, რომლებიც თვლიან, რომ სუვერენული საქართველო საუკეთესო გზაა მათი ხვედრის განსასაზღვრად, როგორც ერისა. ისევე როგორც ქართველები, რომლებიც მონაწილეობას გეგმავდნენ მშვიდობიან მარშში ღირსებისთვის, თვლიან, რომ დემოკრატიული საქართველო საუკეთესო გზაა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაიცვან თავიანთი ინდივიდუალური თავისუფლებები“, – ამბობს ის.

    მთავრობის პასუხისმგებლობასა და უმოქმედობაზე საუბრობენ სხვა მიმომხილველებიც.

    „მეჩვენება, რომ შიდა მიზეზებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აჩვენოს დასავლეთს, რომ ქვეყანა არაა მზად იყოს დასავლეთის პარტნიორი და ნაწილი“, – ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თოომას ჰენდრიკ ილვესი, თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან. „ეს საკითხი ხშირად ხდება განხილვის საგანი. არ შეიძლება ამბობდე, რომ მინდა ვიყო ევროპელი, და არ მოიქცე როგორც ევროპელი“, -განმარტავს ის.

    ის აცხადებს, რომ „საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“.

    „თუ საქართველოს სურს, რომ ევროკავშირმა ის სერიოზულად აღიქვას, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხალხმა ვინც პასუხისმგებელია მომხდარზე კანონის წინაშე, პასუხი აგოს და არ უნდა გაამართლოს ძალადობა, ნებისმიერიო სახით, როცა ქვეყნის სათავეში არიან“, – აცხადებს ილვესი. „თუ საქართველო არ აღძრავს საქმეებს ამ ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება აღქმული, როგორც მაჩვენებელი იმისა, რომ ისინი ამ ჯგუფებთან ერთად მოქმედებენ და ძალადობას ხელს უწყობენ“, – დასძენს ის.

    მკაცრი იყო ასევე სხვა მიმომხილველების შეფასებებიც. ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა, დევიდ კრამერმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა.

    „საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს მას. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს“, – აცხადებს დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

    „ჩვენ [შეერთებულ შტატებში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში ვიხილეთ“, – აცხადებს ის.

    წყარო: ამერიკის ხმა

     

  • ძალადობრივი ჯგუფები მოძრაობა ”საქართველოსთვის” წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა, ამჯერად ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფები, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე  აცხადებს, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ის მედიასთან კომენტარს აკეთებდა.

    “დარბეული კარვებიდან ჩვენი ნივთების წაღება გვინდოდა რა დროსაც მოვიდა რამდენიმე ადამიანი, დაიწყეს რაღაცები, “პიდარასტებს” რატომ იცავთო, წამოვიდნენ და ხელითაც შეგვეხნენ. მოვარდა პოლიცია და ოთხიდან 2 ადამიანი წაიყვანა” – ამბობს გიორგი მუმლაძე.

     

  • ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის მტრობა დასჯადი უნდა გახდეს! – თათარაშვილი

    “ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის მტრობა დასჯადი უნდა გახდეს!”

     

    წერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მომღერალი თემურ თათარაშვილი Facebook-ზე. ცნობისთვის, დღეს თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

  • საპატრიარქო ჟურნალისტებზე ძალადობაზე პასუხისგებლობას “თბილისი პრაიდს” აკისრებს

    საქართველოს საპატრიარქო ძალადობის წახალისების შემდეგ ჟურნალისტების ცემას გმობს და აცხადებს, რომ მათთვის ლოცულობს.

    მათივე თქმით, 5 ივლისს დაგეგმილი  “პრაიდი” იყო “არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და შეიცავდა ჩვენს მოსახლეობასა და მომავალ თაობაზე მორალური, ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ძალადობის ნიშნებს, რაც თავისთავად აუცილებლად გამოიწვევდა მკვეთრ რეაგირებას”.

    “ამის შესახებ ვაფრთხილებდით საელჩოებს და ვთხოვდით, თავი შეეკავებინათ  აქციის მხარდაჭერისაგან, რათა ქვეყნისთვის აეცილებინათ მოსალოდნელი შფოთი და დაპირისპირება. სამწუხაროდ, როგორც ჩვენი, ისე ხალხის აზრი უგულებელყოფილ იქნა.

    ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ვკითხულობთ:

    “1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად…

    2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად… ”

    ამიტომაც ვთვლით, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომელთაც, ქვეყანაში არსებული რეალობის გაუთვალისწინებლად, ჯერ დაგეგმეს და შემდგომ უარი არ თქვეს ამ ღონისძიებაზე, რითაც დისკრედიტაციის დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს დასავლური ღირებულებები”,– წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

    ცნობისთვის, დღეს თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

  • ძალიან დიდი მადლობა სამოქალაქო გმირობისთვის! – თაბაგარი მედიას

    ძალიან დიდი მადლობა სამოქალაქო გმირობისთვის! – თაბაგარი მედიას

    თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი მედიას მაღალი სტანდარტით მუშაობისთვის მადლობას უხდის.

    “არასოდეს უმუშავია მედიას ასე კარგად, როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ისეთი სტანდარტით გააშუქეს პრაიდთან დაკავშირებული ამბები, რომ მართლა ძალიან მადლიერი ვარ. თქვენზე დიდი წილი მოდის ამ ქვეყანაში აზროვნების ცვლილების გარდაუვალ პროცესში.

    ჩვენთან ერთად იყავით ამ ბრძოლაში და თქვენ იყავით წინა ფრონტზე. ძალიან დიდი მადლობა სამოქალაქო გმირობისთვის!”,– წერს თაბაგარი.

    ცნობისთვის, დღეს თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

  • მთავრობამ ხელი შეუწყო მომხდარს, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს – კრამერი

    „საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს]. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს

    ჩვენ [შეერთებულ ტატებში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა“

    აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.