Category: სლაიდერი

  • მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

    მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები, BBC, Euronews, Reuters, The Guardian, თბილისში დაგეგმილი ”ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციას და იმ ძალადობრივ ფაქტებს ეხმაურებიან, რომლებიც დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში ხდება.

    მედიასაშუალებები დღეს, 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავენ. გამოცემები აღნიშნავენ და ციტირებენ დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას თბილისი პრაიდზე და ასევე აღნიშნავენ რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

    “მას შემდეგ რაც ულტრამემარჯვენეებმა, თბილისი პრაიდის ოფისი დაარბიეს, “ღირსების მარში” გაუქმდა ” – The Guardian

    “ძალადობრივი პროტესტის ფონზე თბილისი პრაიდი გაუქმდა” – BBC 

    Euronews-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას.

    Reuters-მა  ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მასობრივი თავდასხმები მიმოიხილა. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ რადიკალური ჯგუფები ”თბილისი პრაიდის” შენობაზე LGBT დროშისთვის აძვრნენ,რომელიც ჩამოხსნეს და შემდეგ დაწვეს.

    გამოცემების თქმით, საქართველოში ლგბტქ საზოგადოება საკმაოდ აქტიურია თუმცა, მათ აქტიურობასთან ერთად ხშირია მათზე ძალადობის ფაქტებიც, რომელსაც სათავეში, ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატიული პოლიტიკოსები და მართლმადიდებლური ეკლესია უდგას.  მედიასაშუალებებმა გაიხსენეს, 2019 წელს, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პერმიერა, რომლის ჩაშლაც  ძალადობრივად სცადეს რადიკალურმა დაჯგუფებებმა.

    გამოცემები ასევე იხსენებენ, 2013 წლის მოვლენებს, სადაც პრაიდის აღლუმს სასულიერო პირები და ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციით სასტიკად გაუსწორდნენ. გამოცემები აღნიშნავენ, რომ ძალადობა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებს მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

  • ოპოზიცია ჟურნალისტებზე ძალადობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

    ოპოზიცია პუტინისტური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

    მას უცვლელად გთავაზობთ:

    „დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩვენი თანამოქალაქეების, პარლამენტის წინ მყოფი სამოქალაქო აქტივისტების, ლგბტქ ჯგუფის წევრებისა და მათი უფლებადამცველების, ათობით თავისუფალი მედიის წარმომადგენლის, ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ.

    შოკისმომგვრელია პოლიციელების გამიზნული უმოქმედობა ორგანიზებული მასობრივი ძალადობის წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დამნაშავეებს შეატოვეს, მათ დაცვაზე ხელი აიღეს და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულეს. საგანგაშოა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებაში და პროპაგანდირებაში ერთად მოქმედებდნენ ხელისუფლება, სასულიერო პირები და ღიად პრორუსული ჯგუფები. ეს პროპაგანდა გასცდა ღირსების მარშის პრინციპულ საკითხს, მთლიანად თავისუფალი საზოგადოების იდეას და საქართველოს პროდასავლურ არჩევანს დაუპირისპირდა.

    დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მასობრივი ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ძალადობის სამიზნეებს და დაზარალებულებს აკისრებენ, რითიც ადასტურებენ, რომ მათი მიზანი არა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მათი დაშინება და ძალადობის შემდგომი წახალისებაა.

    სიმბოლურია, რომ მოძალადეებმა ევროკავშირის დროშაზე მიიტანეს იერიში. ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დაბრუნებას თავისუფალ სამყაროში.

    ამ უმძიმეს ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალია, საკუთარი ძალისხმევით დაიცვას სამოქალაქო თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს მომავალი. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის და მთელი საზოგადოების კონცენტრაცია ხელისუფლების შეცვლაზე და ამავდროულად, ნებისმიერ შავრაზმულ მოძალადე ჯგუფებთან მკაფიოდ გამიჯვნა“,- ნათქვამია განცხადებაში.

    ცნობისთვის, დღეს მოძალადე ჯგუფებმა 55 ადამიანზე იძალადეს, მათ შორის 53 ჟურნალისტზე. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

    განცხადებაზე ხელს აწერენ:

    • თავისუფალი დემოკრატები, დროა:
    • ევროპული საქართველო:
    • ენმ:
    • გირჩი-მეტი თავისუფლება;
    • პროგრესი და თავისუფლება;
    • დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო;
    • კანონი და სამართალი;
    • სტრატეგია აღმაშენებელი;
    • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის;
    • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა;
    • სამართლიანობისთვის;
    • გამარჯვებული საქართველო.
  • შსს-ს ინფორმაციით, დაზარალებულია 55 ადამიანი, ხოლო 8 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

    შსს-ს ინფორმაციით, დაზარალებულია 55 ადამიანი, ხოლო 8 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 5 ივლისს  თბილისში დაგეგმილი ”ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, სადაც ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, 8 პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ხოლო დაშავებულია 55 პირი, რომელთაგან 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

    ”გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 5 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების და მათზე პოლიციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების შესახებ.

    გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი.

    ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

    საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება გამოვლენილ შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე:

    რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

    თბილისში მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გრძელდება გამოძიება. ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება ასევე სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება.

    ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობას. ყველა ჩამოთვლილ ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ბიძინამ ყველაფერი მოსინჯა და ბოლოს ოხლოკრატიაზე შეაჩერა არჩევანი – ხუხაშვილი

    “ბიძინამ ყველაფერი მოსინჯა და ბოლოს ოხლოკრატიაზე [ბრბოს მმართველობა] შეაჩერა თავისი არჩევანი…”

    ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს. ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები მედიის 40–ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • ვგმობთ ჟურნალისტებზე მასობრივ თავდასხმას – რეპორტიორები საზღვრების გარეშე

    “ვგმობთ ჟურნალისტებზე მასობრივ თავდასხმას “- ასე ეხმაურებიან, ”რეპორტიორები საზღვრების გარეშე” თბილისის ქუჩებში მასობრივ ძალადობას და ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

    “დღეს თბილისში, სულ მცირე ათობით ჟურნალისტი გახდა ულტრამემარჯვენეების თავდასხმის მსხვერპლი, როდესაც ისინი დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ გარეთ გამოვიდნენ. რეპორტიორების საზღვრების გარეშე ვგმობთ ამ მასობრივ თავდასხმას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას ასევე დაგმონ და ნათელი მოჰფინონ ძალადობის ყველა ფაქტს”, – წერია განცხადებაში.

    დღეს, 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ”ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პუტინისტური, რადიკალური და ძალადობრივი  ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. დაშავებულია 40-ზე მეტი  ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტორეპორტიორი.

     

  • ვემიჯნები და ვგმობ ძალადობას ჟურნალისტების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ – კვირიკაშვილი

    “ვემიჯნები და ვგმობ ძალადობას ჟურნალისტების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ”

    ასე ეხმიანება ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დღეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. დღეს ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები მედიის 41 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • კანონის უზენაესობის დანგრევის საშიში ნიშანია – კრამონი ჟურნალისტებზე ძალადობაზე

    “საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ყველასთვის და სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ეს თავისუფლებები. როდესაც ძალადობრივი ჯგუფი სცემს ჟურნალისტებს და ლგბტ+ ადამიანებს და საქართველოს ხელისუფლება ამას უყურებს, ეს კანონის უზენაესობის დანგრევის საშიში ნიშანია.

    როდესაც ქართული ოცნების ლიდერები კონსტიტუციის გარანტორის მანდატით მოქმედების ნაცვლად, სპეკულირებენ ამ საკითხით და არ გმობენ დამნაშავეებს, ეს მხოლოდ ახალისებს ძალადობას. რა გასაკვირია, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ან არ სურდა დაზარალებულების დაცვა”

    ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მოძალადე ჯგუფების მიერ 41 ჟურნალისტზე ძალადობას.

  • ჩვენი გადაადგილების შესახებ ინფორმაციას სუს-ი აწვდის – გიორგი მჟავანაძე

    მოძრაობა “სირცხვილიას” დირექტორის, გიორგი მავანაძე აცხადებს, რომ მათი გადაადგილების შესახებ ინფორმაციას სუსი აწვდის რადიკალურ დაჯგუფებებს. მისი თქმით, ის ელაპარაკა, მობილიზებულ ადამიანებს, რომელთა შორის არიან დაცვის კომპანიის თანამშრომლები და აღებული აქვთ 300 ევრო რათა იძალადონ ადამიანებზე.

    “ჩვენი გადაადგილების შესახებ ინფორმაციას სუს-ი აწვდის მობილიზებულ ჯგუფებს. მე აქ ველაპარაკე მათ და პირდაპირ განაცხადეს საუბარში, მობილიზებულმა ადამიანებმა, რომ აღებული აქვთ 300 ევრო, არიან დაცვის კომპანიის თანამშრომლები მათ შორის, აღებული აქვთ 300 ევრო იმისთვის, რომ იძალადონ და მათ კონკრეტული დავალება აქვთ რომ იძალადონ ჩვენზე ” – ამბობს გიორგი მჟავანაძე.

    თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ეჭვობს, რომ სუს-ის დახმარების გარეშე მოძალადეები ვერ იმოქმედებდნენ.

    ”5 სხვადასხვა ადგილი გამოვიცვალეთ დღეს. ყველგან რამდენიმე წუთში მოგვადგნენ. ერთ ადგილას რაღაც ასაფეთქებელი შემოაგდეს საერთოდ.. რანაირად? სუსის და სახელმწიფოს დახმარების გარეშე როგორ მობიზდებოდა ეს ხალხი ასე ეფექტურად?!” –  წერს თაბაგარი.

  • დაჭრილ პოლონელ ტურისტს ოპერაცია გაუკეთეს, მდგომარეობა სტაბილურია

    პოლონელ ტურისტს, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა დღეს გულმკერდის არეში დაჭრეს, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    “პაციენტი მოიყვანეს 15:00 საათზე – 49 წლის კაცი, ტურისტი, პოლონეთის მოქალაქე. მას მრავლობითი ჭრილობებით გულმკერდის არეში აქვს, მათ შორის ერთი შემავალი პლევრის ღრუში. ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დახმარება, გაიკერა გულმკერდის კედელი. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ექიმმა “ფორმულასთან” საუბრისას.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

  • პრეზიდენტმა დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ღირსების მარშის”  საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. მედიის დაშავებული წარმომადგენლებიდან ერთი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ერთს ოპერაცია უტარდება, დანარჩენის მდგომარეობა კი სტაბილურია.

    ,,მოვინახულე დაშავებულები, აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა.

    ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა.

    ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება – ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა.

    დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    დღეს, 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ”ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პუტინისტური, რადიკალური და ძალადობრივი  ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. Mediachecker-ის ინფორმაციით, დაშავებულია 40-ზე მეტი  ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტორეპორტიორი.