Category: სლაიდერი

  • კაცი, რომელიც ჟურნალისტებს მოტოციკლით დაეჯახა, ამტკიცებს, რომ მოტოციკლი “გაექცა”

    ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული ზაზა ჭაავა ამბობს, რომ მოტოციკლი განზრახ არ დაუჯახებია.

    მისი მტკიცებით, მოტოციკლეტი “გაექცა”, რადგან მუხრუჭი დაზიანებული ჰქონდა.

    “მარცხენა ხელი არ მაქვს და ავარიის შედეგად მარჯვენა ფეხი არ მაქვს, ძვლების ნაცვლად რაღაც მიზის. სადაც ჟურნალისტებში შევვარდი ჩემი მიზანი მათი დაზიანება არ იყო. ტრანსპორტმა მიმტყუნა, ვინც მოპედს მართავს, იცის რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი, ჩემ მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, გაზიც გაიჭედა, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვეღარ ვაჩერებდი, შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა მკერდზე, რადგან ისევ გაზს მივაწექი, იქნებ აიშვას-მეთქი.

    თუ ეს ხალხი თვლის, რომ მე ვიძალადე ჟურნალისტებზე და ასე მწირავენ, მე მაინც საზოგადოებას ბოდიშს მივუხდი ამისთვის. თუ რომელიმე ჟურნალისტი თვლის, რომ ვიძალადე, ამაზე ვაგებ პასუხს. მე არ ვარ ჟურნალისტების მიმართ აგრესიული. რაც შეეხება ლგბტ მსვლელობას და მათი თანაცხოვრების საქართველოში დაფუძნებას, არ ვემხრობი, ქრისტიანი ვარ”,- განაცხადა ჭაავამ IPN-ის ცნობით.

  • ლარი გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ლარი გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 8 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასვეე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

    ლარის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში 0.76 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1446 ლარი გახდა.

    ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.28 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3.7207 ლარს გაუტოლდა.

    დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ძალაში ხვალიდან შევა.

  • ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

    ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის, “მთავარი არხის”,”ტაბულას” და  “ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე ძალადობასა და  პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის ბრალდებულებს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს პატიმრობა შეეფარდათ.

    მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა. დაცვის მხარე პროკურატურას შუამდგომლობას არ დაეთანხმა და გირაოს ითხოვდა.

    დაკავებულებმა “რუსთავის 2”-ის, “მთავარი არხის”, “ტაბულას” და “ნიუპოსტის” ჟურნალისტებზე 5 ივლისს იძალადეს და მათ ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.

    გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 225-ე მუხლებით გრძელდება.

  • სავარაუდოდ დელტა შტამით ინფიცირებული 3 ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

    სავარაუდოდ დელტა შტამით ინფიცირებული 3 ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

    ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსისინფიცირებული 3 ჩვილი მართვით სუნთქვაზეა.

    ექიმის თქმით, ერთი ჩვილი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ამიტომ ვარაუდობენ რომ მათ დელტა შტამი აქვთ.

    “სამი კოვიდინფიცირებული გვყავს მართვით სუნთქვაზე, აქედან ორი არის 2 თვის ჩვილი, ერთი არის ორი კვირის ახალშობილი. ერთი ბავშვი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი და რადგანაც იქითკენ ძირითადად დელტა შტამი ცირკულირებს, ეჭვი გამიჩნდა, რომ საჭირო იყო გამოკვლევა. მათი მდგომარეობა ამჟამად მძიმეა”,– ამბობს კლინიკის წარმომადგენელი.

    ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დელტა შტამის 58 შემთხვევაა დადასტურებული. ამირან გამყრელიძის პროგნოზით, ბრიტანულ შტამს დელტა შტამი აგვისტოს ბოლოსთვის გადაასწრებს.

  • იდიოტიზმია, ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება, ჟურნალისტები სცემონ – შს მინისტრი

    იდიოტიზმია, ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება, ჟურნალისტები სცემონ – შს მინისტრი

    შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელმაც ჟურნალისტების დაცვა ვერ მოახერხა, მათზე ძალადობას გმობს.

    მისივე განმარტებით, “იდიოტიზმია”, თითქოს პოლიციას ჰქონდა ბრძანება, რომ ჟურანლისტები არ დაეცვათ.

    “ერთხელაც თუ შემაწყვეტინეთ მოვტრიალდები და წავალ. გავიგეთ, რომ არ იყო პოლიცია და მე ბრძანება გავეცი, რომ ჟურანლისტები ცემონ და თქვენ ხელი არ გაანძრიოთ. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ამ ადამიანებს… ნუ მაწყვეტინებთ, თორემ მოვტრიალდები, წავალ, რომ ვთქვი, ასე გავაკეთებ. ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება, ვითომ ჟურნალისტები ცემონ — ეს იდიოტიზმია, უკაცრავად, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო სახელი და გვარები დავასახელო.

    როგორ შეიძლება, რაც არ უნდა, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი თუ ძლიერი მინისტრი, თუ ხელისუფლება, ასეთი რაღაც გააკეთოს. ასეთი რაღაცა არ მომხდარა სამწუხაროდ, რომ ასეთი აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ”, — განაცხადა მან.

  • გომელაურის თქმით, 5 ივლისს სპეცრაზმი გამოიყვანეს, თუმცა ეკიპირება არ ეცვათ

    გომელაურის თქმით, 5 ივლისს სპეცრაზმი გამოიყვანეს, თუმცა ეკიპირება არ ეცვათ

    პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შეხვედრა დასრულდა. მინისტრის თქმით, პრეზიდენტს 5-6 ივლისის მოვლენებზე ინფორმაცია დეტალურად გააცნო.

    გომელაურის განმარტებით, 5 ივლისს სპეცრაზმი გამოყვანილი ჰყავდათ, თუმცა მათ შესაბამისი ეკიპირება არ ეცვათ.

    კითხვები ჩნდება, რატომ არ იყო გამოყვანილი სპეცდანიშნულების რაზმი – ვინ გეუბნებათ, რომ სპეცრაზმი არ იყო გამოყვანილი, არ ვიცი. გამოყვანილი იყო სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმი არ არის, რომ მაინცდამაინც რობოკოპებში ჩაცმულებმა იარონ. ეს არიან პოლიციელები ჩვეულებრივად. როცა სჭირდებათ, რომ ჩაიცვან და აღიჭურვონ ამ ეკიპირებით. პლასტმასები, ხელკეტები… არ იყო საჭირო [ეკიპირება]. ​

    სპეც⁠რაზმი იყო გამოყვანილი ყველა – 3 200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. 3 ლოკაცია იყო თავიდან, მერე გახდა 8 და ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 3 200 ადამიანი რომ გავანაწილოთ 20 ლოკაციაზე, დაახლოებით 150 კაცი გამოვა ერთ ლოკაციაზე. ფიზიკურად არ არის საშუალება. საშუალება რისიც იყო, გამოვიყვანეთ… მოძალადეებს, რისი საშუალებაც იყო ვაკავებდით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

    ცნობისთვის, ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს 53 ჟურნალისტზე იძალადეს, მათი დაცვა პოლიციამ ვერ შეძლო.

  • საქართველოში ისევ მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 14:03 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა.

    მისმა სიმძვლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

  • სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში ჯერ მოსაყდრე შიო, შემდეგ კი გომელაური მივიდა

    პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში პატრიარქის თანამოსაყდრე შიო იმყოფებოდა. შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გრძელდებოდა. საუბრის თემა სავარაუდოდ თბილისში 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები და ეკლესიის მხრიდან წახალისებული ძალადობა იყო. მოსაყდრეს კომენტარი არ გაუკეთებია.

    რამდენიმე წუთი წინ პრეზიდენტის რეზიდენციაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მივიდა. ის შეხვედრის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე სავარაუდოდ პირველ კომენტარს გააკეთებს.

  • იოანე გამრეკელი ქრისტიანიც აღარაა, ანაქსიოს კაიაფა გამრეკელს! – დეკანოზი ილია

    “ქუთაისის და გელათის მიტროპოლიტად დანიშნულმა პრორუსმა იოანე გამრეკელმა, რომელიც ხმას არ იღებს გელათის დაზიანების გამო, არა მარტო იძალადა 5 ივლისს ჟურნალისტ რატი წვერავაზე, როცა საკუთარი თანმხლები პირების ძალადობა არ შეაჩერა, არამედ ცილისწამებაც იკადრა. ამასთან ერთად, ისაა ერეტიკოსი (მწვალებელი), რადგან ქრისტეს მიერ დასრულებული მოსეს რჯულის, ანუ ძველი აღთქმის კანონების გაცოცხლებას ცდილობს ეკლესიაში და ძალადობის რელიგიურ საფუძველზე გამართლება-დაკანონებას. მღვდელმთავარი იოანე გამრეკელი ქრისტიანიც კი აღარაა, ისაა ახალი კაიაფა მღვდელმთავარი, რომელიც უარყოფს ახალ აღთქმის სულს და ძველი აღთქმის კანონების და მენტალიტეტის დაბრუნებას ცდილობს, რელიგიური ფანატიზმის და ძალადობის ასაღორძინებლად. ანაქსიოს კაიაფა გამრეკელს!”

    წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე მიტროპოლიტ იოანეზე. სასულიერო პირმა თქვა, რომ ჟურნალისტმა რატი წვერავამ 5 ივლისს პერანგი თავად შემოიხია და ჩხუბი დაიწყო.

  • ნუ ციტირებთ მოსეს რჯულს, იცხოვრეთ ქრისტეს რჯულით – დეკანოზი ლომიძე მეუფე იოანეს

    დეკანოზი თამაზ ლომიძე ეხმიანება მეუფე იოანეს მიერ მოსეს რჯულის ციტირებას, რომლითაც მან ბავშვებზე ძალადობა, მათი “ჩაქოლვა” გაამართლა.

    ლომიძის განმარტებით, მოსეს რჯული დამისი მკაცრი კანონი ებრაელებისთვის იყო განკუთვნილი, რათა “რჩეული ერი წმინდად შენახულიყო ქრისტეს მოსვლისთვის”.

    “ამას ეძღვნება მთელი გალატელთა მიმართ წერილი პავლესი ახალ აღთქმაში. თქვენო, ეუბნება მოციქული არაებრაელ ქრისტიანებს, არა ხართ ვალდებული დაიცვათ მოსეს რჯული, რადგან ახლა უკვე ქრისტეს რჯულს ექვემდებარებითო. ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს. მათი ცოდნა საჭიროა, მაგრამ არა მათით ხელმძღვანელობა. იცხოვრეთ ქრისტეს რჯულით. იყო ებრაელთათვის მოსეს რჯულში მძიმე ცოდვისთვის ქვით ჩაქოლვა, მაგრამ იესო ქრისტემ მოგვცა სხვა უფრო მაღალი და ღვთაებრივი რჯული”,– წერს დეკანოზი.

    ის იშველიებს ქრისტესთან მრუში ქალის მიყვანის ამბავს, როდესაც ღმერთმა თქვა, მან ისროლოს პირველი ქვა, ვინც თავად უცოდველიაო. დეკანოზის შეფასებით, ესაა სწორედ ქრისტეს რჯული – “ბევრად მაღალი და ღვთაებრივი”.

    “თუ საკუთარი შვილი არ გისმენს, არ გემორჩილება და მტრად მოგეკიდა, ხელი კი ნუ აგქავდება მის საცემად და დასასჯელად, არამედ დაფიქრდი: თავისუფალი ხარ დანაშაულისგან მის წინაშე? მისი დაბადებიდან, სულ თოთოობიდან ყველაფერი სწორად და მართებულად გააკეთე მის აღზრდაში? არაფერი შეგშლია და არ შეგიცოდავს მის წინაშე? ასე უნდა ფიქრობდეს ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი მშობელი.

    P.S. ისე მრუშობისთვის, ანუ მეუღლის ღალატისთვის და მკითხაობა-ცრუმორწმუნეობისთვისაც ქვით ჩაქოლვა იყო მოსეს რჯულში. რამდენი ვერ გადარჩებოდა სიკვდილს, მოსეს რჯულით რომ ვხელმძღვანელობდეთ დღეს?!”,– წერს დეკანოზი.

    ცნობისთვის, მიტროპოლიტმა იოანემ ქადაგებისას თქვა, რომ “მოსეს რჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო”.