Category: სლაიდერი

  • საქართველო არასდროს შეწყვეტს სწრაფვას ნატოსკენ, გაუმარჯოს ქართულ ჯარს! – პრეზიდენტი

    “დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს. დღევანდელი ქართული ჯარი გმირების მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა. იბრძოლა და იმსახურა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის საკუთარ ქვეყანაში, იბრძოლა და იმსახურა საერთაშორისო მისიებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენი ძალა.

    ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია გავხდეთ მაგალითი სხვებისთვის. საქართველო ნატო-ს პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს მის ღირებულებებსა და უსაფრთხოების პრინციპებს. ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის საიმედო და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგი იყო საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყნის მონაწილეობა “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.

    გრძელდება ბრძოლა, ბრძოლა დასავლური არჩევანისთვის და ღირსეული მომავლისთვის, ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისათვის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

    უმნიშვნელოვანესია, რომ ვეტერანებმა კვლავ განაგრძონ საქართველოს სამსახურში ყოფნა, მონაწილეობა მიიღონ მომავალი თაობების აღზრდაში. სამშობლოს დაცვის ვალდებულება უწყვეტი თავდადებისა და ერთგულების ვალდებულებაა. საქართველო არასდროს შეწყვეტს სწრაფვას ნატოსკენ, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი.

    დასასრულ, სიამაყით აღვნიშნავ, რომ სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან და არ შემიძლია არ აღვნიშნო აქ ჩვენი პარტნიორების წვლილი, რომლის ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდით თქვენ. დასრულდა ჩვენი მონაწილეობა ამ სამშვიდობო მისიაში, დასრულდება 31 აგვისტოს თვით მისია. არ დასრულდება ჩვენი ერთობა, ჩვენი სოლიდარობა და ჩვენი ერთიანი ბრძოლა. მე მინდა თქვენ ყველას ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ. გაუმარჯოს ქართულ ჯარს! გაუმარჯოს საქართველოს!“

    განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების ღონისძიებაზე. მან მხედრული მამაცობისთვის 8 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა.

  • ქუთაისში მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის მინები ჩაამტვრიეს

    ქუთაისში მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის მინები ჩალეწეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც ოფიში არავინ იმყოფებოდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

    “მოვითოხვთ მკაცრ პასუხს ყველა იმ ფაქტზე, რომელიც ჩადენილი იქნება ჩვენს წინააღმდეგ. მგონია, რომ ზუსტად იმ ძალადობრივი კამპანიის გაგრძელებაა, რასაც ამ დღებში ჰქონდა ადგილი. თითოეულ ასეთ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ადამიანებს ძალადობის ჩადენისკენ”,– ამბობს სირცხვილიას წევრი, მარიამ დოლიძე TV პირველთან საუბრისას.

    ცნობისთვის, ძალადობრივებმა ჯგუფებმა სირცხვილიას ოფისის შენობის მინები დაამტვრიეს 5 ივლისსაც. მათ ოფისში შეჭრაც სცადეს, რა დროსაც 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • სამშობლოს დაკარგვას, ხმების დაკარგვა ამჯობინეთ! – ნაკაიძე საპატრიარქოს კრიტიკაზე

    სამშობლოს დაკარგვას, ხმების დაკარგვა ამჯობინეთ! – ნაკაიძე საპატრიარქოს კრიტიკაზე

    “მინდა, გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და გულდაწყვეტით აღვნიშნო, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას საშიშ ზღვარზე.

    პრო- რუსული და პრო-პუტინისტური ძალების გაძლიერება, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების წიაღში, ძალიან სახიფათო მოვლენად მიმაჩნია. ასევე, ამ დღეებში, რამდენიმე ჩემმა კოლეგამ საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციიდან თუ უმრავლესობიდან დააფიქსირა მხარდაჭერა იმ ფსევდო-რელიგიური ორგანიზაციებისადმი, რომლებიც ღიად არიან ჩართული რუსული ინტერესების გატარებაში.

    სამწუხაროა, პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო.
    მინდა, პირველ რიგში ჩემს კოლეგებს ვუთხრა, რომ სასულიერო პირების ძალადობრივი ქმედებებისა თუ მოწოდებების მიმართ ღია და კონკრეტული პროტესტის არ ქონა დიდი საფრთხის მატარებელია, არანაკლებ იმ ძალადობისა, რაც ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ.
    კოლეგებო, ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვეკისრება დიდი პასუხისმგებლობა.

    ღიად და მკაფიოდ უნდა გავემიჯნოთ ამ შავრაზმელთა ბანდებს, თუნდაც ის წარმოადგენდეს რომელიმე რელიგიურ ინსტიტუტს.
    იმის შიში, რომ საპატრიარქოს კრიტიკით, ხმებს დაკარგავთ გასაგებია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსები ვდგავართ არა პრივილეგირებული ორგანიზაციების, არამედ, ადამიანის უფლებების დასაცავად.
    სამშობლოს დაკარგვას, ხმების დაკარგვა ამჯობინეთ!
    ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა იმ საშიშროებისგან, რომელსაც დღევანდელობა უქადი”

    წერს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე.

  • ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა – NGO-ები

    არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები “კრიტიკულ ზღვარს” მიუახლოვდა. NGO–ები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.

    მათი შეფასებით, 5 ივლისს, როდესაც 53 ჟურნალისტს სცემეს, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად.

    “უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა”, — ნათქვამია განცხადებაში.

    ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ასევე სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზების მიზნით, საქართველოს მთავრობას მიმართავენ და მოითხოვენ:

    • 2021 წლის 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავე პირებს;
    • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას;

    ასევე, მიმართავენ საქართველოს პარლამენტს:

    • უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები;
    • მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები;
    • მკაფიოდ გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

    განცხადებას ხელს აწერენ:

    • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი — IDFI;
    • ლიბერალური აკადემია თბილისი;
    • მედიაკლუბი;
    • მედიის განვითარების ფონდი;
    • მედიის უფლებები;
    • სატელევიზიო ქსელი;
    • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი — AB;
    • საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
    • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება — ISFED;
    • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია — GYLA;
    • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა — GDI;
    • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია — GRMA;
    • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
    • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
    • უფლებები საქართველო;
    • ღია საზოგადოების ფონდი — OSGF
  • გამოვლინდა კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 7 ადამიანი

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.

    9 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 374 836
    • გამოჯანმრთელებულია – 357 804
    • გარდაცვლილია –  5 421
    • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 23 895, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 758,  PCR ტესტით – 10 137
    • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 3,47%, ბოლო 7 დღის –  3,89%
    • კარანტინის რეჟიმში – 78
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 285
    • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 936
  • დავაკავეთ კაცი, რომელმაც ხაშმში არასრულწლოვან ძმასთან ერთად ეკლესია გაქურდა – შსს

    შსს-მ ხაშმში ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. მათ ასევე ამხილეს დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა – 2004 წელს დაბადებული ლ.გ.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა – მ.გ.-მ და ლ.გ.-მ, მიმდინარე წლის 7 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს” – აცხადებს უწყება.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

  • შესაძლოა 52 ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტოს

    პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. კომიტეტი დასკვნას უახლოეს სესიაზე წარადგენს.

    საქმე ეხება ოპოზიციონერი დეპუტატების არჩევნების შემდეგ, ბოიკოტის დროს სესიებზე არდასწრებას.

    პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, “თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას”.

    საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიციონერთა გაცდენები არასაპატიოა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თავად პარლამენტის დისკრეციაა.

    აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტს სადეპუტატო მანდატების შეწყვეტას ითხოვდნენ, თუმცა ქართულმა ოცნებამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

    “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მანდატის შეწყვეტისთვის დღემდე იბრძვის საკონსტიტუციო სასამართლოში.

  • თუ მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, გააგრძელეთ რუსული კატლეტის ჭამა – სააკაშვილი პატარიას

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება საფარის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას Facebook-პოსტს, სადაც ის წერს, რომ თუ არჩევანი მხოლოდ ბიძინა და მიშას შორის აქვს, “გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას” აირჩევს.

    სააკაშვილი მას პასუხობს, რომ არ აპირებს, მისი მიღწევები დაამცირებინოს, რადგან მისი შეფასებით, ის უპრეცედენტო იყო.

    “ძვირფასო ბაია პატარაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და მხოლოდ, სასოწარკვეთილთან გინდა ამ კერძის ულუფის მიღება, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა, თავის დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო.

    არ ვაპირებ ვინმეს დავამცირებინო ის მიღწევები, რომელიც ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომელიც იყო უპრეცედენტო ჩვენს ისტორიაში და უზარმაზარ სივრცეზე, სადაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი და ნამდვილად არ ვაპირებ second-hand choice ვიყო ვიღაცისთვის. Good luck!”,– წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • ვინ იქნება ცესკოს ახალი თავმჯდომარე – კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია

    ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს.

    ორივე ცესკოს მოქმედი თანამშრომელია. გიორგი კალანდარიშვილი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, გიორგი სანტურიანი კი იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს.

    არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რომლებიც პროცესში მონაწილეობენ, კანდიდატები  ვერ სარგებლობენ მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.

    კომისიის ერთ-ერთი წევრი, საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ სხვა კომისიის წევრებმა შერჩევის დროს ან დაბალი სტანდარტით იხელმძღვანელეს, ან წინასწარ იყვნენ ერთმანეთში შეთანხმებულები.

    “პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ ორ კანდიდატს საზოგადოებაში არ ექნება მაღალი სანდოობა ბევრი მიზეზის გამო. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მე და ჩემმა კოლეგებმა სამოქალაქო სექტორიდან განსხვავებული პოზიციები დავწერეთ. ვფიქრობ, ამ გამოიყენეს ძალიან დაბალი სტანდარტი, ან იყო შეთანხმებული მოქმედება”. – ამბობს სიმონიშვილი.

    რაც შეეხება კომისიის წევრობის 2 ვაკანტურ პოზიციას – სულ 5 კანდიდატი შეირჩა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უნდა წარედგინოს.

    პრეზიდენტი 2 კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს, შემდეგ, თუ პარლამენტი კანდიდატს სრული შემადგენლობით (2/3) შეარჩევს, ის 5 წლის ვადით დაინიშნება, სხვა შემთხვევაში კი პოსტს 6 თვით დაიკავებს.

  • ივანიშვილის ხელისუფლების გამშვები არის სააკაშვილი, მეტი ვერავინ – სანიკიძე

    ივანიშვილის ხელისუფლების გამშვები არის სააკაშვილი, მეტი ვერავინ – სანიკიძე

    “მიშისტი არა ვარ, მე ვარ თანამოაზრე, თანამებრძოლი და პარტნიორი მიხეილ სააკაშვილის. მე არავისტი არ ვარ. მე ზვიადი და მერაბი მახსოვს რა, ვერავინ გამაკვირვებს. სააკაშვილთან რომ მაქვს დღეს პოლიტიკური ბმა, იმიტომ მაქვს რომ ერთი რამე ვიცი – ცვლილებას ყოველთვის სახელი და გვარი აქვს. ატყდეს ახლა ერთი ამბავი – ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გამშვები პერსონალურად არის მიხეილ სააკაშვილი, მეტი ვერავინ. თუ არადა, დაველოდოთ, აგერ. მე-9 წელია და 9 არჩევნები წავაგეთ…”

    განაცხადა ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, გუბაზ სანიკიძემ TV პირველის ეთერში.