Category: მსოფლიო

  • გული გვწყდება, რომ ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ პოლიტიკას – დნიპროს მერი

    “ოკუპანტები უწევენ ძირითადად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ისინი ესვრიან თბოელექტროსადგურებს, ელექტროტრანსფორმატორებს, რომ დატოვონ ზამთარში ხალხი სითბოს, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე, რომ ასე გატეხონ ჩვენი ნება წინააღმდეგობისა და უზარმაზარი ემიგრაციული კრიზისი შექმნან, რომ ადამიანები ევროპაში გაიქცნენ და ევროპამ უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე, მაგრამ მათ არაფერი გამოსდით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მომავალშიც. ჩვენ ყველანი გაერთიანებული ვართ და ძალიან გული გვწყდება, რომ ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ პოლიტიკას. საქართველო დაზიანდა რუსული აგრესიისგან, საქართველო ასევე დაზიანდა რუსული ოკუპაციისგან და თუ ჩვენ ვსაუბრობთ საერთოდ რუსეთის მიზანზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთს ერთადერთი მიზანი გააჩნია, აღადგინოს რუსეთი იმპერია. თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი იქნება საქართველო.”

    ამის შესახებ დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ფორმულას ეთერში საუბრისას განაცხადა.

  • CIA-ის დირექტორი უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და ზელენსკის შეხვდა

    აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორი, უილიამ ბარნსი გასულ კვირას უკრაინის დედაქალაქ კიევში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად რუსეთის სამხედრო გეგმები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

    შეხვედრის დროს ზელენსკისა და მისი დაზვერვის წარმომადგენელთათვის მთავარი საკითხი იყო, რამდენ ხანს გასტანს აშშ-სა და დასავლეთის მხარდაჭერა, აშშ-ს პოზიციას უკრაინის მიმართ შეცვლის თუ არა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა გამარჯვება.

  • Washington Post: CIA-ს ხელმძღვანელი კიევში რუსეთის გეგმებზე სასაუბროდ საიდუმლოდ ჩავიდა

    აშშ–ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს  დირექტორი უილიამ ბერნსი ფარულად გაემგზავრა კიევში გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან და უკრაინის დაზვერვის ჩინოვნიკებთან შესახვედრად, იტყობინება The Washington Post, ვიზიტის შესახებ ინფორმირებული მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით.

    გავრცელებული ინფორმაციით, უილიამ ბერნსმა ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის სავარაუდო სამხედრო გეგმების შესახებ უკრაინაში.

    აშშ-ის დაზვერვა ყურადღებით აკვირდება რუსეთის მზადებას უკრაინაში დიდი ახალი შეტევისთვის, რომელიც შეიძლებამომდევნო რამდენიმე თვეში დაიწყოს.

    ბერნსი უკრაინის დედაქალაქში პირველად არ ჩასულა- ის აქ  გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერშიც იყო ჩასული.

  • რამშტეინის კლუბის შეხვედრის წინა დღეს ევროპამ უკრაინისთვის იარაღის ახალი ფართომასშტაბიანი მიწოდება გამოაცხადა

    ხუთშაბათს ესტონეთში გამართულ შეხვედრაზე ევროპელმა თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიის მიწოდების შესახებ. ისინი ტაპას სამხედრო ბაზაზე რამშტეინის ფორმატში მოკავშირეების დიდი შეხვედრის წინა დღეს შეიკრიბნენ, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი.

    შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას 600 ბრიმსტონის რაკეტას მიაწვდის, ხოლო დანიამ განაცხადა, რომ გადასცემს 19 CAESAR-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარს, რომლებიც საფრანგეთს შეუკვეთა.

    ესტონეთი უკრაინას დასახმარებლად 113 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის, რომელიც მოიცავს ათეულობით FH-70 და D-30 ჰაუბიცებს და ასობით M2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს საბრძოლო მასალებით.

    ლატვია უკრაინას მიაწვდის ათობით Stinger სისტემას, ორ M-17 ვერტმფრენს, ათეულობით ტყვიამფრქვევს, დრონებს და მოამზადებს 2000 უკრაინელ ჯარისკაცს.

    გარდა ამისა, უკვე ამ დეკლარაციის ფარგლებს მიღმა, გერმანული კონცერნი Rheinmetall, Handelsblatt-ის თანახმად, მზადაა წლის ბოლომდე ასამდე ლეოპარდ-1 და ლეოპარდ-2 ტანკი გადასცეს უკრაინას, თუ გერმანიის ხელისუფლება მას ნებას მისცემს. გერმანიის გადაწყვეტილებას პარასკევს რამშტეინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ელოდებიან.

    ბენ უოლესმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთი ერთიანია კრემლის წინააღმდეგ.

    „თუ პრეზიდენტი პუტინი ფსონს დებს, რომ ჩვენ ეს მოგვბეზრდება, ის ცდება“, – თქვა უოლესმა, „ჩვენი მიზანია, რუსეთი უკრაინიდან გავაძევოთ და უკრაინის სუვერენიტეტი აღვადგინოთ“, – დასძინა მან.

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თავის მხრივ, ხუთშაბათს განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინა აქცია რუსეთისა და ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების ხიდად.

    „ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება შეერთებული შტატების და მისი სატელიტების დესტრუქციული კურსის მიმართ ნატოს გაფართოებისკენ, ალიანსის სამხედრო ძალების და სამხედრო ინფრასტრუქტურის მოახლოების შესახებ ჩვენს საერთო საზღვრებთან, რაც იწვევს სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციას და არ შეიძლება ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩეს“, – განაცხადა ლავროვმა მინსკში ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე.

    რამშტეინის მოლოდინში

    ეს განცხადებები გაკეთდა რამშტეინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინა დღეს, რომელშიც 50-მდე ქვეყანა შედის. შეხვედრა 20 იანვარს არის დაგეგმილი და მონაწილეები მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის, კერძოდ, გერმანული ლეოპარდის ტანკების მიწოდების შესახებ.

    პოლონეთმა და ფინეთმა გამოაცხადეს ამ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის მზადყოფნა გამოთქვეს. ისინი მხოლოდ გერმანიის თანხმობას ელოდნენ, მაგრამ ის ნებართვის მიცემას არ ჩქარობდა.

    თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს  გერმანიის ახალი თავდაცვის მინისტრის მოსვლასთან ერთად – სამშაბათს ამ პოსტზე დაინიშნა 62 წლის ბორის პისტორიუსი – გამოცდილი პოლიტიკოსი და კანცლერ ოლაფ შოლცის თანაპარტიული წევრი სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში .

    ხუთშაბათს ახალმა მინისტრმა უკვე განიხილა უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხი აშშ-ს თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან.

    იმავდროულად, კრემლმა კვლავ გააფრთხილა დასავლეთი, არ მიაწოდოს უკრაინას იარაღი,  რომლითაც შეიძლებარუსეთს დაარტყას. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამან შესაძლოა კონფლიქტი სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანოს.

    ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, თავის მხრივ, BBC-სთან ინტერვიუში გამოვიდა მოწოდებით, არ შეეშინდეთ რუსული მუქარის და განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    “ომის დროს ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი. რუსეთი არ დასუსტებულა. რუსეთმა გაასამმაგა თავისი სამხედრო მრეწველობა, რომ მეტი აწარმოოს, მათ ჰყავთ მეტი ხალხი, ვინც მობილიზებულია ან შეიძლება იყოს მობილიზებული, ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი ამ კუთხით”, – განაცხადა მან და დასძინა: ”მე ვფიქრობ, ტერორიზმზე ერთადერთი პასუხი არის ის, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დანებდეთ ტერორისტულ საფრთხეებს, უბრალოდ არ შეგიძლიათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტერორისტები გაიმარჯვებენ.”

    ოთხშაბათს დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკვე აქტიურად ეხმარება უკრაინას საბრძოლო მასალისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებით. ეს იყო მისი რეაგირება მოწოდებებზე,  გერმანიამ სხვა ქვეყნებს მისცეთ ნებართვა, ტანკები უკრაინას გადასცენ.

    იმავდროულად, დავოსში იმავე ფორუმზე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ლოდინი უკვე შეუძლებელია და აუცილებელია მოქმედება პროაქტიული იყოს.

    “მსოფლიო აღარ უნდა ყოყმანობდეს – არც დღეს და არც მომავალში”, – თქვა ზელენსკიმ. “მსოფლიოს მობილიზებამ უნდა აჯობოს ჩვენი საერთო მტრის მომავალ სამხედრო მობილიზაციას. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფა უნდა ასწრებდეს რუსული რაკეტის მომდევნო შეტევას. დასავლეთის ტანკების მიწოდებამ უნდა დაასწროს რუსული ტანკების მორიგ შემოჭრას“.

    გარდა ამისა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა დავოსის ფორუმის მონაწილეებს: „ახლა არის ომის გარდამტეხი მომენტი და ჩვენ გვჭირდება მნიშვნელოვნად გავუზარდოთ დახმარება უკრაინას. თუ გვინდა მივაღწიოთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხვალ, ჩვენ დღეს უნდა მივცეთ მეტი იარაღი. .”

    მას ევროპარლამენტიც ეთანხმება- ოთხშაბათს მათ მიიღეს წლიური ანგარიში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ნებართვას ლეოპარდ 2-ის მიწოდებაზე.

    იმავდროულად, ოთხშაბათს გერმანულმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ინფორმაციით, ოლაფ შოლცი მზად არის ლეოპარდის ტანკები გადასცეს უკრაინას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დათანხმდება მისი აბრამსის გაგზავნას უკრაინელებისთვის.

    გაზეთის ანონიმი თანამოსაუბრეების თქმით, ამის შესახებ შოლცმა სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ბაიდენს როგორც Süddeutsche Zeitung წერს, ამ კუთხით არანაირი დაპირება არ მიუცია.

    მაგრამ შეერთებული შტატები არ გეგმავს Abrams-ის მიწოდებას უკრაინისთვის, რასაც იმით ხსნის, რომ  ტანკებს მომსახურების  ძვირადღირებული ტექნიკური სისტემა ჭირდება.

    ხუთშაბათს Sky News-Arabia  პენტაგონის წყაროს ციტატა მოიყვანა, რომელიც განმარტავს აშშ-ს მიერ უკრაინას აბრამსის მიწოდებაზე უარის თქმის მიზეზებს: „ვაშინგტონი უარს ამბობს უკრაინას მიაწოდოს აბრამსი შენახვის და ოპერაციების მაღალი ღირებულების გამო“. გარდა ამისა, წყაროს ცნობით, გაზაფხულამდე მცირე დროში აბრამსზე სასწავლო პროგრამის განხორციელება [უკრაინელი სამხედროებისთვის] რთული იქნება.

    თუმცა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინას მიაწვდიან ყველაფერს, რაც მას სჭირდება.

    ”დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ტანკებიც, საბრძოლო თვითმფრინავებიც და შორი მანძილის  იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს 300 კილომეტრის დაშორებით,” – თქვა მინისტრმა და გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ მას დასავლელი პარტნიორებისთვის მხოლოდ Stingers–ის თხოვნა შეეძლო, ახლა კი უკრაინული მეზენიტეები სულ მალე დაიწყებენ Patriot-ის ძლიერი სისტემების მართვის შესწავლას.

  • “რუსეთის განადგურების სურვილი მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს”- რუსეთის პატრიარქი

    “დღეს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება მსოფლიოს, ჩვენს ქვეყანას და მთელ კაცობრიობას, რადგან ზოგიერთ გიჟს აქვს აზრი, რომ დიდი რუსული ძალა, რომელსაც აქვს ძლიერი იარაღი, დასახლებულია ძალიან ძლიერი ხალხით, რომლებიც თაობიდან თაობამდე ცხოვრობენ, თაობა, რომელიც არასოდეს დანებდა არცერთ მტერს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, რომ არსებულ პირობებში მათი დამარცხება შეიძლება”,

    განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილემ ნათლისღების წირვაზე.

  • თუ პუტინი ფიქრობს, რომ წელს დავიღლებით.. ის ცდება – უოლასი

    „თუ პრეზიდენტი პუტინი იმედებს ამყარებს იმაზე, რომ წელს დავიღლებით – ის ცდება. […] ჩვენ არსად არ წავალთ, ბატონო პუტინ, ჩვენ ამ საქმეში ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. თქვენ თავიდან უნდა დათვალოთ, თქვენ უნდა შეიტანოთ ცვლილება. თქვენ უნდა დატოვოთ უკრაინა”.

    აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი. მისი  თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 600 Brimstone-ის რაკეტას გადასცემს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Sky News ავრცელებს.

  • “პუტინი არის და იქნება” – პესკოვი ზელენსკის პასუხობს

    “გასაგებია, რომ ფსიქოლოგიურად ბატონი ზელენსკი ამჯობინებდა, რომ არც რუსეთი და არც პუტინი არ არსებულიყო, მაგრამ რაც უფრო მალე გაიაზრებს ის, რაც უფრო მალე გაიაზრებს უკრაინის რეჟიმი, რომ რუსეთი და პუტინი არიან და იქნებიან, მით უკეთესი იქნება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც უკრაინაა”.

    კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას  პასუხობს, სადაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის დარწმუნებული არაა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ ცოცხალი თუა.

  • როგორ შეცვლის “ლეოპარდის” ტანკები უკრაინაში ომის მიმდინარეობას

    პოლონელი გენერალი ვალდემარ სკრზიპჩაკი, პროფესიით ტანკერი, ამბობს, რომ ლეოპარდ2-ის ტიპის ტანკები პრაქტიკულად სრულყოფილი იარაღია. მან ასევე განმარტა, რომ უკრაინას სჭირდება “სატანკო მუშტის” შექმნა.

    „ამ ტანკებთან (ლეოპარდი 2) შეჯახებისას რუსებს, მათ შორის მათ ამაყ T-14 Armata-ს, არანაირი შანსი არ აქვს“, – ხაზგასმით აღნიშნა გენერალმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის რიგ ქვეყნებს აქვთ ეს ტანკები და თუ თითოეულ მათგანი მიაწვდის უკრაინას, შეიძლება შეიქმნას ორი სატანკო ბატალიონი (ერთი ბატალიონი – 31-დან 40 ტანკამდე) რომლის შემთხვევაში ლეოპარდი2 დიდ გავლენას მოახდენდა რუსეთის ჯართან ომის მიმდინარეობაზე.

    სკშიპჩაკმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის 30 ტანკის მიწოდება საკმარისი არ არის. მას ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად საკუთარი „სატანკო მუშტის“ შექმნა სჭირდება, რომელიც 350-400 ტანკისგან უნდა შედგებოდეს.

    „ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს და უკრაინას მიაწოდოს ეს ტანკები. თუ ასეთი „მუშტი“ იქნება, მაშინ უკრაინული არმია გაანადგურებს რუსულს“, – ხაზგასმით აღნიშნა პოლონელმა გენერალმა.

    ”აშშ-ს აქვს ასეთი ტანკების დიდი მარაგი”, განაგრძო მან. ”მაშასადამე, ამერიკას შეეძლო მათი მიცემა პოლონეთისთვის, მათ კი უკრაინისთვის”. სკიშიპჩაკი ამბობს, რომ ამას ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რადგან რუსეთი ამასობაში ახალი თავდასხმისთვის ემზადება.

  • “დავბრუნდი კიევში, რათა განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულება” – მიშელი

    “დავბრუნდი კიევში, რათა განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულება. დაე, 2023 წელი გამარჯვებისა და მშვიდობის წელი ყოფილიყოს”.

    დღეს, 19 იანვარს ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი კიევში ჩავიდა.

  • დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი ცოცხალია – ზელენსკი

    „დღეს არ მესმის, ვისთან და რაზე ვისაუბრო. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ჩნდება მწვანე ფონზე, სწორედ ის არის. მე არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ის ცოცხალია და გადაწყვეტილებებს იღებს. ვინ იღებს გადაწყვეტილებებს იქ, როგორია გარემოცვა? მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია.

    მე არ მესმის, როგორ შეიძლება ევროპელ ლიდერებს ერთ რამეს დაჰპირდე და მეორე დღეს სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელო. უბრალოდ არ მესმის, ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ ვამბობთ „სამშვიდობო მოლაპარაკებებს“

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე ჩართვისას განაცხადა.