Category: მსოფლიო

  • უკრაინელებმა ოკუპანტების თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და 5 დრონი გაანადგურეს

    უკრაინელმა ბოლო 24 საათში, დონბასში რუსული ძალების მრავალი თავდასხმა მოიგერიეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

    „უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას დასახლებასთან და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, კრასნაია გორას, ბახმუტის, ნოვობახმუტოვკას, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ჩარივნას დასახლებებთან“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

    ამასთანავე უკრაინის ავიაციამ 8 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ადგილებს, მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს კი სამჯერ დაარტყა.

    „ამავე დროს, ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს СУ-25 თვითმფრინავი, KA-52 ტიპის 3 რუსული ვერტმფრენი, „ორლანის“ ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატი, „მერლინის“ ტიპის ერთი და „ლანცეტის“ ტიპის ერთი უპილოტო საფრენი აპარატი“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

  • ოკუპანტებმა ხერსონში სკოლა, სამშობიარო და პოლიკლინიკა დაბომბეს

    რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში სამშობიაროს, სკოლისა და პოლიკლინიკის შენობები დაბომბეს.ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.

    ოკუპანტების იერიშების შედეგად არავინ დაშავებულა.

    “დაზიანდა სამშობიაროს შენობა, მეოთხე სართულზე კვამლი გაჩნდა. შენობაში პაციენტები არ იმყოფებოდნენ, იყო მხოლოდ მედპერსონალი. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. მსხვერპლი არც სკოლაში, არც კლინიკაში არ ყოფილა, მაგრამ შენობებზე ჩამსხვრეულია მინები, კარები, რუსული ჭურვის ფრაგმენტები მოხვდა გაზსადენს”, – წერს ის Telegram-ზე

  • გენერალმა ზალუჟნიმ უკრაინული წარმოშობის ამერიკელისგან მემკვიდრეობით 1 მილიონი დოლარი მიიღო–NYT

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 2023 წლის იანვარში მემკვიდრეობით მიიღო 1 მილიონი დოლარი, მაგრამ თანხა თავად არ დაიტოვა და უკრაინის არმიის ანგარიშზე გადარიცხა. ამის შესახებ The New York Times იტყობინება.

    ამერიკელის ახლობლების ინფორმაციით, ზალუჟნიმ მემკვიდრეობა მიიღო უკრაინული წარმოშობის ამერიკელი გრიგორი სტეპანეცისგან.

    ეს ინფორმაცია უკრაინული არმიის პრესსამსახურმა დაადასტურა.

    ზოგიერთი ცნობით, ჰრიჰორი სტეპანეცმა ასევე უანდერძა 2 მილიონი დოლარი უკრაინის უნივერსიტეტებს ,ხოლო კიდევ 1 მილიონი დოლარი მემკვიდრეობით გადაეცა ისრაელის არმიას.

  • ყველაზე ახლოს კატასტროფასთან: უკრაინის ომის ფონზე “განკითხვის დღის საათის“ ისარმა 10 წამით გადაიწია

    “განკითხვის დღის საათის“ ისარმა ათი წამით გადაიწია და ახლა შუაღამემდე 90 წამზე მიუთითებს, რაც მეცნიერების თქმით უპრეცედენტო საფრთხის დროა. საათზე  შუაღამე მსოფლიო ბირთვული კატასტროფის სიმბოლოა, და რაც უფრო ახლოს არის ისარი  შუაღამესთან, ბირთვული ექსპერტების აზრით, მით უფრო ახლოსაა მსოფლიო კატასტროფასთან. მოძრავი ისრები სამშაბათს ვაშინგტონში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

    ეს საათი1947 წელს  გამოჩნდა, როგორც პირველი ატომური ბომბის შემქმნელების პროექტი, მისი ისრების მაჩვენებლები პერიოდულად ქვეყნდება ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჟურნალის ატომური მეცნიერების ბიულეტენის გარეკანზე.

    საით გადააადგილონ  ისრები, ამას ჟურნალის დირექტორთა საბჭო და მოწვეული ექსპერტები წყვეტენ, მათ შორის ათზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატი.

    თავისი ისტორიის მანძილზე საათმა მხოლოდ 25-ჯერ შეცვალა თავისი პოზიცია. ამჟამინდელი ცვლა შუაღამემდე 90 წამით ადრე არის ყველაზე ახლოს უბედურებასთან, რომელიც საათს ოდესმე უნახავს. მეცნიერთა აზრით, ეს ძირითადად, თუმცა არა მთლიანად, რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება.

    “ჩვენ ვცხოვრობთ უპრეცედენტო საფრთხის მომენტში და საათი ამას ასახავს. შუაღამემდე 90 წამი არის ყველაზე ახლო დრო კატაკლიზმასთან, რომელიც ოდესმე უჩვენებია ამ საათს და ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი ექსპერტები ძალიან სერიოზულად იღებენ”, – განმარტავს რეიჩელი. ბრონსონი, ჟურნალის პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი.

    ბოლოს ისრის გადაადგილება 2020 მოხდა. მაშინ ისარმა შუაღამემდე 100 წამი აჩვენა.

    გადაწყვეტილებას თანმხლებ აკადემიური საბჭოს განცხადებაში ნათქვამია: ”რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ სერიოზული კითხვები გააჩინა სახელმწიფოების ურთიერთქმედების შესახებ, არღვევს საერთაშორისო ქცევის ნორმებს, რომლებიც საფუძვლად უდევს წარმატებულ რეაგირებას სხვადასხვა გლობალურ რისკებზე. იარაღი შეახსენებს მსოფლიოს, რომ კონფლიქტის ესკალაცია – შემთხვევით, განზრახ  თუ არასწორი გაანგარიშებით – საშინელი რისკია.

    ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის შეჭრის გამო ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ბირთვული რეაქტორები ფაქტობრივად მოხვდნენ საბრძოლო ზონაში საერთაშორისო პროტოკოლების დარღვევით, რაც რადიოაქტიური მასალების ფართომასშტაბიანი გამოყოფის საფრთხეს ქმნის.

    „კონფლიქტის კონტროლიდან გამოსვლის ალბათობა კვლავ მაღალია“, – აცხადებენ მეცნიერები.

    რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ მოქმედებს დასავლური იარაღის მიყიდვა უკრაინაზე იარაღის კონტროლზე და ბირთვული ომის რისკებზე, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივ ფურტერმა თქვა, რომ შეერთებულ შტატები და რუსეთი დაინტერესებულნი არიან ბირთვული ომის თავიდან აცილებასა და ბირთვული რისკების მინიმიზაციაში

    ”აშშ-ს სამხედრო დახმარებამ უკრაინაში შეიძლება გაართულოს ეს ძალისხმევა, მაგრამ… ვფიქრობ, ბირთვული ომის, ბირთვული იარაღის გავრცელების გრძელვადიანი რისკების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს წინააღმდეგობა გაუწიოს შეჭრას და უკან დახიოს რუსული ძალები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამაში უკრაინის მხარდასაჭერად“, – განმარტა ფრეტერმა.

    1953 წელს ცივი ომის პიკზე საათიშუაღამემდე 2 წუთს აჩვენებდა. შემდეგ სახიფათო სიტუაცია შეიქმნა 1962 წელს კარიბის ზღვის კრიზისის დროს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოგვარდა და საათს  დრო რეაგირებისთვის დრო არ დარჩა.

    მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შემორჩენილი ბოლო  ბირთვული იარაღის შეთანხმება – START-3 ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულება – საფრთხის ქვეშ არის.

    „თუ ორივე მხარე არ განაახლებს მოლაპარაკებებს და არ იპოვის საფუძველს შემდგომი შემცირებისთვის, ხელშეკრულებას ვადა ეწურება 2026 წლის თებერვალში“, – ნათქვამია ექსპერტების განცხადებაში. „ეს გააუქმებს ურთიერთდაკვირვებას, გაზრდის უნდობლობას, ხელს შეუწყობს გამალებულ შეიარაღებას  და გაზრდის ბირთვული დარტყმების უთრიერთგაცვლის ალბათობას.“

    უკრაინის ომის გარდა, მეცნიერები განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევენ ჩინეთის ბირთვული შესაძლებლობების მასიურ გაფართოებას, ასევე ჩრდილოეთ კორეის მიერ საშუალო და გრძელი რადიუსის რაკეტების ტესტირების გააქტიურებას, ირანის შესაძლებლობების ზრდას ამ სფეროში და  ბირთვული არსენალის განვითარებას ინდოეთში.

  • ჩინოვნიკების გადადგომის ტალღა უკრაინაში: ჯვაროსნული ლაშქრობა კორუფციის წინააღმდეგ თუ ზელენსკის პოლიტიკური ჟესტი

    სამშაბათს, ცნობილი გახდა  უკრაინის სტრუქტურებში ერთდროულად რამდენიმე გახმაურებული გადადგომის შესახებ: პრეზიდენტის ოფისში, თავდაცვის სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში და რეგიონების ხელმძღვანელებს შორის.

    უკრაინის  პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

    ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წინა დღეს დაწერა.

    „მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის, მეკეთებინა კარგი საქმეები ყოველდღე და ყოველ წუთს“, – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

    კირილო ტიმოშენკო ზელენსკის გუნდის წევრია ჯერ კიდევ  მისი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის შემდეგ.

    პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2019 წლის 21 მაისს დაიკავა (მაშინ სტრუქტურას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერქვა).

    მისი გადადგომის კონკრეტული მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბოლო დროს ის არაერთ კორუფციულ სკანდალში ბრალდებული გახდა.

    მაგალითად, პრესას ჰქონდა კითხვები მის უძრავ ქონებასთან და ძვირადღირებულ მანქანებთან დაკავშირებით.

    ტიმოშენკოს აკრიტიკებდნენ დიდი საბიუჯეტო თანხების დახარჯვის გამო ჯერ კიდევ ომამდე, როდესაც ისხელისუფლების მიერ ინიცირებულ დიდ სამშენებლო პროგრამას  ზედამხედველობდა.

    სკანდალი თავდაცვის სამინისტროში

    დღის მეორე გადადგომა იყო უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიაჩესლავ შაპოვალოვის თანამდებობიდან წასვლა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე.

    მის გადადგომას მხარი თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა დაუჭირა.

    შაპოვალოვმა განცხადება დაწერა ფრონტის ხაზზე სამხედროებისთვის საკვების შეძენის ფონზე სკანდალის ფონზე.

    გასულ შაბათს უკრაინულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, სამხედროებისთვის საკვებს მნიშვნელოვნად გაბერილ ფასებში ყიდულობს.

    თანამდებობიდან გადადგომის წერილში შაპოვალოვი წერდა, რომ ის პოსტს ტოვებს საზოგადოების  პროტესტის გამო, მაგრამ კორუფციის ბრალდებებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის თემაზე დაუსაბუთებელი მანიპულაციები უწოდა.

    თავდაცვის სამინისტრომ მინისტრის მოადგილის მიმართ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გადადგომა ღირსეული ქმედებაა ევროპული და დემოკრატიული პოლიტიკის ტრადიციებში, და დემონსტრირება იმისა, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა თუ სკამზე მაღლა დგას.

    თავდაცვის სამინისტრო კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპს ემორჩილება, პატივს სცემს დემოკრატიულ კონტროლს და უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოების ნებისმიერი შემოწმების აბსოლუტურ გამჭვირვალობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

    თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა იმედი, რომ ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა ვიაჩესლავ შაპოვალოვის გადადგომა, დაეხმარება უკრაინის ხელისუფლებას საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობის შენარჩუნებაში.

    ჯვაროსნული ლაშქრობა კორუფციის წინააღმდეგ თუ ზელენსკის პოლიტიკური ჟესტი?

    ბევრი სამსახურიდან გათავისუფლების სერიას  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უკავშირებს კვირის სატელევიზიო მიმართვაში.

    სწორედ ამ დღეს მთავრობამ საგანგებო სხდომაზე თანამდებობიდან გაათავისუფლა თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ვასილი ლოზინსკი, რომელიც წინა დღეს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. პრეზიდენტმა, ამ ინციდენტის კომენტირებისას თქვა: ”ახლა მთავარი აქცენტი კეთდება თავდაცვის, საგარეო პოლიტიკის, ომის საკითხებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვერ ვხედავ და არ მესმის, რასაც ამბობენ საზოგადოებაში, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე, რეგიონებში და ეს კვირა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების დრო“.

    ზელენსკის სიტყვებს მორიგი გახმაურებული წინ უძღვოდა მედიაში გახმაურებული სკანდალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების შესახებ. ამ გამოძიებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა უკრაინულ საზოგადოებაში და, კერძოდ, ჯარში – და ასევე, შეიძლება ვივარაუდოთ, კიევის დასავლელ პარტნიორებს შორის, რომელთა დახმარებით არა მხოლოდ უკრაინის არმიის უზრუნველყოფა, არამედ ზოგადად უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერაც ხდება. გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იძულებული გახდა კონტრშეტევაზე გადასულიყო.

    ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ ადანაშაულებდნენ ომის დროს კორუფციის პრობლემის შეუფასებლობაში. მისი საჯარო რიტორიკიდან მთელი ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ მთავარი ფრონტზე გამარჯვება იყო და ქვეყანაში კორუფციის მსგავსი პრობლემების დრო არ იყო.

    გასული წლის მაისში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ამ თემაზე ასე ისაუბრა: „ზოგიერთი რაღაც ახლა ზედმეტია, ბავშვს რომ ფეხები მოაგლიჯონ და ამ დროს რაღაც წვრილმანების მოყოლა დაუწყო.“

    ნოემბერში, Bloomberg-ის მიერ გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ის კიდევ უფრო შორს წავიდა: „ახლა [უკრაინაში] არ არის კორუფცია, რადგან ჩვენ ყველანი ერთიანნი ვართ. ბევრი კორუფციონერი თავის  ფულთან ერთად წავიდა. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი იქ დარჩნენ, სადაც არიან.“– თქვა ზელენსკიმ.

    მაშინ ამ დამოკიდებულებამ ბევრის გაოცება გამოიწვია ახლა კი, როგორც

    დასავლური მედია აღნიშნავს, გარემოებები შეიცვალა და კორუფციის პრობლემას ზელენსკი იგნორირებას ვეღარ გაუკეთებდა. შესაბამისად, საკადრო წმენდაც დაიწყო. თუმცა, მედია იმასაც აღნიშნავს, ერთი შეხედვით შთამბეჭდავი საკადრო წმენდა რეალურად  მეორე და მესამე ეშელონის პოლიტიკური ფიგურების გადადგომაა და შესაძლოა ყველა მათგანი ზელენსკის მიერ გამოცხადებულ ჯვაროსნულ ლაშქრობას კორუფციის წინააღმდეგ არც უკავშირდებოდეს.

    პოლიტოლოგი ვლადიმერ ფესენკო ამბობს, რომ ამ საკადრო გადაწყვეტილებების ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში განეხორციელებინათ.

    მესამე გახმაურებული თანამდებობიდან გათავისუფლება ეხებოდა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეს ოლექსი სიმონენკოს.

    განკარგულებას მისი საკუთარი ნებით თანამდებობიდან წასვლის  შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა სამშაბათს მოაწერა ხელი.

    სკანდალი ინსტაგრამზე გადაღებულმა ფოტოებმა გამოიწვია, რომლებშიც სიმონენკო ესპანეთის ქალაქ მარბელას კურორტზე ისვენებს.

    „უკრაინსკა პრავდას“ ჟურნალისტის, მიხაილო ტკაჩის ინფორმაციით, რომელიც სამართალდამცავ წყაროებზე ეყრდნობა,  გენერალური პროკურორის მოადგილე 10 დღის განმავლობაში საზღვარგარეთ შვებულებაში იმყოფებოდა.

    ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ სიმონენკო ესპანეთში მეუღლესთან ერთად ლვოველი ბიზნესმენისა და დეპუტატის, გრიგორი კოზლოვსკის მანქანით გაემგზავრა, მისი დაცვის თანხლებით.

    ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ამიერიდან უკრაინელი ოფიციალური პირები საზღვარგარეთ არასახელმწიფო მიზნებით გამგზავრებას ვერ შეძლებენ.

    გადადგომები რეგიონებში

    თანამდებობიდან გაათავისუფლეს ხუთი სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც:

    დნეპროპეტროვსკის ოლქი ვალენტინ რეზნიჩენკო

    ზაპოროჟიის რეგიონი ალექსანდრე სტარუხი

    კიევის რეგიონი ოლექსი კულება

    სუმის რეგიონი დიმიტრი ჟივიცკი

    ხერსონის რეგიონი იაროსლავ იანუშევიჩი

    გათავისუფლებულ ლიდერებს შორის ყველაზე გამოცდილია დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო. ის რეგიონს პეტრო პოროშენკოს დროს ხელმძღვანელობდა.

    ისევე როგორც კირილ ტიმოშენკო, ის არაერთხელ გაეხვა დიდი სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულ სკანდალში.

    2022 წლის შემოდგომაზე, მედია წერდა, რომ რეგიონში ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო კონტრაქტი შეიძლება მიეღო რეზნიჩენკოსთან დაახლოებულ პირს.

    მაშინ ხელისუფლებამ ამ ბრალდებებს არ უპასუხა, თუმცა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოძიება დაიწყო და რეგიონში ჩხრეკა ჩატარდა.

    ზაპოროჟიეში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობდა ალექსანდრე სტარუხი, გამოძიება ხელმძღვანელობის მიერ ჰუმანიტარული დახმარების ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

    ბოლო ერთი თვის განმავლობაში სუმის რეგიონის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი მონაწილეობდა მშენებლობისთვის თანხების განაწილებასთან დაკავშირებულ სკანდალებში, ასევე ხელი მოაწერა მისი მრჩევლის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას.

    ხერსონის ოლქის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა ეს თანამდებობა ცოტა ხნის წინ დროში დაიკავა. მის წინააღმდეგ პირდაპირი ბრალდებები კორუფციაში არ არის, მაგრამ ადგილობრივმა აქტივისტებმა გააკრიტიკეს ის, რომ დეოკუპაციის შემდეგ ხერსონში ცხოვრება გულმოდგინედ არ აღადგინა.

    მთავრობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა კიევის ოლქის ხელმძღვანელი ოლექსი კულებაც. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა ტიმოშენკოს თანამდებობა დაიკავოს პრეზიდენტის კაბინეტში.

  • გერმანია უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკებს აგზავნის – Spiegel

    გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel ავრცელებს.

    უკრაინისთვის “Leopard” გადაცემის საკითხს, გერმანიის ბუნდესტაგი ხვალ ოფიციალურად გამოაცხადებს.

    Reuter-ის ცნობით, გერმანიის მთავრობის სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

    ცოტა ხნის წინ, უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, ABC NEWS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12 ქვეყანა მზადაა 100 ცალი Leopard-2-ის ტანკი გადასცეს უკრაინას, როგორც კი გერმანია მიწოდების ნებართვას გასცემდა.

    ABC News-ის ცნობით, „რამშტაინში“ გაიმართა დახურული შეხვედრა, სადაც განიხილეს, რომ სახელმწიფოები მზად არიან გაგზავნონ თავიანთი ტანკები, როგორც კი გერმანია დათანხმდება ექსპორტის ლიცენზიის გაცემაზე.

    ამის შესახებ უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ABC News-თან ანონიმურად განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ შესაძლოა 100-მდე ტანკი მიიღოს, თუ გერმანია ექსპორტის ლიცენზიას გასცემს. ეს ქვეყნებია : პოლონეთი, ფინეთი, ესპანეთი, დანია და ნიდერლანდები. ტანკების მისაწოდებლად ამ ქვეყნებს მხოლოდ გერმანიის თანხმობა სჭირდებათ, რომელსაც, Bloomberg-ის თანახმად, გერმანიისგან ხვალ მიიღებენ.

    Wall Street Journal-ის და Fox News-ის თანახმად, ამ კვირაში (შესაძლოა ხვალ) თეთრი სახლი უკრაინაში დიდი რაოდენობით M1 Abrams ტანკების გაგზავნის შესახებ გამოაცხადებს!

  • 12 ქვეყანა მზადაა უკრაინას 100 ცალი ლეოპარდ-2-ის ტანკი გადასცეს – ABC NEWS

    12 ქვეყანა მზადაა 100 ცალი Leopard-2-ის ტანკი გადასცეს უკრაინას, როგორც კი გერმანია მიწოდების ნებართვას მისცემს. აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.

    ABC News-ის ცნობით, „რამშტაინში“ გაიმართა დახურული შეხვედრა, სადაც განიხილეს, რომ სახელმწიფოები მზად არიან გაგზავნონ თავიანთი ტანკები, როგორც კი გერმანია დათანხმდება ექსპორტის ლიცენზიის გაცემაზე.

    ამის შესახებ უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ABC News-თან ანონიმურად განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ შესაძლოა 100-მდე ტანკი მიიღოს, თუ გერმანია ექსპორტის ლიცენზიას გასცემს. ოფიციალურმა წარმომადგენელს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ ქვეყნებზეა საუბარი, მაგრამ ოფიციალურად პოლონეთმა და ფინეთმა უკვე ისაუბრეს ტანკების გადაცემაზე.

  • უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კადრობრივი წმენდა ჩაატარა

    უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კადრობრივი წმენდა ჩაატარა და  მინისტრის 6 მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.  ამასთანავე, მინისტრთა კაბინეტი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის 5 ხელმძღვანელის გადაყენებაზე შეთანხმდა. შესაბამის ინფორმაციას,  უკრაინსკა პრავდა  ავრცელებს. 

    გათავისუფლებული მინისტრთა მოადგილეები : 

    • ვიაჩესლავ შაპოვალოვი – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
    • ვიტალი მუზიჩენკო – უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე;
    • ივან ლუკერია – უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე;
    • ვიაჩესლავ ნეგოდა – უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე;
    • ანატოლი ივანკევიჩი – უკრაინის საზღვაო და შიდა წყლების ტრანსპორტისა და გადაზიდვის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე;
    • ვიქტორ ვიშნევი – უკრაინის საზღვაო და შიდა წყლების ტრანსპორტისა და გადაზიდვის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და გაციფრულების საკითხებში.

    მინისტრთა კაბინეტი დათანხმდა 5 სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობის დატოვებას:

    • ვალენტინა რეზნიჩენკო – დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
    • ალექსანდრა სტარუხა – ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
    • ალექსეი კულება – კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
    • დმიტრი ჟივიცკი – სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
    • იაროსლავ იანუშევიჩი – ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.
  • უკრაინა თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობს – ლუკაშენკო

    “ერთი მხრივ, [უკრაინელები] გვთხოვენ, რომ არც ერთ შემთხვევაში ვიომოთ უკრაინასთან, რომ ჩვენი სამხედროები იქეთ არ დაიძრან. თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობენ. მეორე მხრივ კი, ამ ფეთქებად ნივთიერებას (იგულისხმება უკრაინის მხარეს მებრძოლი ბელარუსი მოხალისეები) ამზადებენ და აიარაღებენ.[…] ცუდია, ქვეყანაში სიტუაცია ასე რომ წარიმართა. განსაკუთრებით, ჩვენი უკრაინის მიმართ. თუმცა, ეს ხომ ჩვენთვის გაკვეთილია. ყველა ათი მილიონისთვისა და სტუმრებისთვის, რომლებიც აქ, ჩვენთან არიან, ეს გაკვეთილია. უკვე ყველამ გაიგო: რომ არ გაგვეძლო 2020 წელს, ვიცით, რაც მოხდებოდა. უარესი იქნებოდა, ვიდრე უკრაინაშია. უკრაინა მდიდარია. ჩვენზე მდიდარი. აქ უარესი იქნებოდა. არ მსურს, მე ან თქვენ გიჩოქებდნენ და ამისთვის მადლობას გვიხდიდნენ, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რისთვისა და ვისი წყალობით გავუძელით”.

    ბელარუსის ავტორიტარი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

  • უკრაინამ რუსი მღვდლების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

    საღამოს სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სანქციებს აწესებს რუსეთის 22 მოქალაქის წინააღმდეგ, „რომლებიც სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორს და გენოციდის პოლიტიკას“.

    ორი საათის შემდეგ რამდენიმე უკრაინულმა მედიამ მათი სია გამოაქვეყნა. სანქცირებულთა შორის არის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 21 და ევანგელისტური ეკლესიის ერთი წარმომადგენელი (ორმოცდაათიანელები).

    სანქცირებულთა  (შესვლის აკრძალვა, ქონების ჩამორთმევა, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა და ა.შ.) შორის არიან:

    რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მიხეილ გუნდიაევი, პატრიარქ კირილის ძმისშვილი.

    რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელი რომან ბაღდასაროვი.

    მისი მოადგილე ალექსანდრე განჟინი (არქიმანდრიტი ალექსი).

    ლეონილ ემელიანოვი (ვლადიმირისა და სუზდალის მიტროპოლიტი ტიხონი).

    მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ვლადიმერ ლეგოიდის პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

    სინგაპურის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიტროპოლიტი სერგიუსი – ნიკოლაი ჩაშინი.
    საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების გამგე გიორგი ალფეროვი (ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი).