Category: მსოფლიო

  • დილიდან კიევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის

    უკრაინული მედიის ცნობით, კიევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის.

    “არის შეტყობინებები აფეთქებების ხმების შესახებ დნეპროპეტროვსკისა და კიევის რაიონებში. წინასწარი ინფორმაციით წარმატებით მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა”, წერს UNIAN.

    ოდესაში, კრივოი როგში და რიგ სხვა ქალაქებში ადგილობრივმა ხელისუფლებებმა ელექტროტრანსპორტის შეაჩერეს.

    დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა, რაც ღამით კამიკაძეების დრონების შეტევას  მოჰყვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით ჩამოგდებულია 24 შაჰედის დრონი.

  • ერთ ღამეში უკრაინელებმა 24 ირანული “შაჰიდის” დრონი ჩამოაგდეს

    უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა 24 ირანული “შაჰიდის” დრონი ჩამოაგდეს.

    რუსმა ოკუპანტებმა ირანული დრონები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. უკრაინელებმა დრონების უმრავლესობა ქვეყნის ცენტრში, საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში გაანადგურეს.

    “წინასწარი მონაცემებით, მტერმა გამოიყენა 24 „შაჰიდი“. 24-ვე გაანადგურეს საზენიტო სარაკეტო დანაყოფებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, საჰაერო ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებთან თანამშრომლობით”, – აცხადებს უწყება.

  • “ეს არ არის რუსეთზე თავდასხმის საფრთხე“– რა თქვა ბაიდენმა უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე გადაწყვეტილების გამოცხადებისას

    ოთხშაბათს საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილება უკრაინისთვისს აბრამსის  საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას.

    ”[აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ] ოსტინმა რეკომენდაცია გაუწია ამ ზომას, რადგან ის დაეხმარება უკრაინას უკეთ დაიცვას თავისი ტერიტორია და მიაღწიოს სტრატეგიულ მიზნებს. აბრამსის ტანკები საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ მათი შენარჩუნება და მართვა უკიდურესად რთულია, ამიტომ ჩვენ ასევე ვაძლევთ უკრაინას სათადარიგო ნაწილებს და აღჭურვილობას ამ ტანკების ბრძოლის ველზე მომსახურებისთვის“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

    აბრამსები უნდა დაეხმარონ უკრაინის არმიას „გაზარდოს მანევრირება ღია ბრძოლის ველზე“, დასძინა ბაიდენმა.

    მან მადლობა გადაუხადა გერმანიას, რომელიც დათანხმდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ლეოპარდ-2 ტანკებით მიწოდებაზე.

    „მადლობელი ვარ კანცლერ შოლცის ლეოპარდ-2-ის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის და იმისთვის, რომ გერმანია აორგანიზებს ორი სატანკო ბატალიონის უკრაინისთვის მიწოდებას. მინდა მადლობა გადავუხადო კანცლერს ლიდერობისთვის და უკრაინის მხარდასაჭერად კოლექტიური ძალისხმევის ერთგულებისთვის.  გერმანია ნამდვილად ბევრს აკეთებს“, – განაცხადა აშშ–ს პრეზიდენტმა.

    ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ შეცვალა ვაშინგტონმა დამოკიდებულება უკრაინაში ტანკების მიწოდების მიმართ და იყო თუ არა ეს გერმანიის ზეწოლის შედეგი, ბაიდენმა თქვა, რომ ის ეძებს შეთანხმებულ ქმედებებს კიევის დასავლელი მოკავშირეების მხრიდან.

    “გერმანიამ არ მაიძულა გადამეფიქრებინა. მე მინდოდა ჩვენი ერთიანობის უზრუნველყოფა. ახლა კი სწორედ ამას ვაკეთებთ”, – თქვა ბაიდენმა.

    ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატების მთავარი მიზანი უკრაინის სუვერენიტეტის დაცვაა.

    “ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდა: დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში და უკრაინის მიწის დაცვაში. ეს არ არის რუსეთზე თავდასხმის საფრთხე. ასეთი საფრთხე არ არსებობს. თუ ჯარები რუსეთში დაბრუნდებიან, ეს ომი შეიძლება დღეს დასრულდეს“–თქვა ბაიდენმა.

  • თეთრი სახლი: ტანკები დაეხმარება უკრაინას ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის გათავისუფლებაში

    ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტანკების მიწოდების მიზანია, რომ დაეხმაროს უკრაინას თავისი ტერიტორიის გათავისუფლებაში და დაიცვას თავი რუსული არმიის მომავალი თავდასხმისგან.

    „ჩვენ გვსურს მივაწოდოთ [შეიარაღებულ ძალებს] საშუალებები არა მხოლოდ რუსეთის თავდასხმისგან თავის დასაცავად – და ჩვენ ველით, რომ პუტინი და რუსი სამხედროები შეეცდებიან შეტევის ორგანიზებას რამდენიმე კვირაში ან თვეში, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ – არამედ რათა მათ შეძლონ თავიანთი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნება“, – განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

    ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, შედის თუ არა ყირიმი ამ კონცეფციაში, ოფიციალურმა პირმა უპასუხა: “ყირიმი არის უკრაინა. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას. სადაც უკრაინელებს მოუნდებათ, იქ შეუტევენ,  და როგორ დაგეგმავენ საკუთარ ქვეყანაში ოპერაციების ჩატარებას, მათი გადასაწყვეტია“.

  • აშშ უკრაინას 31 აბრამსის ტანკს გადასცემს – Bloomberg

    შეერთებული შტატების პრეზინდეტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში 31 ცალ M1 Abrams ტანკს აგზავნის. აღნიშნულ ინფორმაციას, Bloomberg-ის ჟურნალისტი ჯენიფერ ჯეიკობსი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ახალი დახმარების პაკეტის ღირებულება 400 მილიონი დოლარი იქნება.

    აქვე აღსანიშნავია, რომ დღეს, 25 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე ჯო ბაიდენი ბრიფინგს გამართავს სადაც სავარაუდოდ, გამოაცხადებს აბრამსის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გადაცემას.

    განახლება : აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა რომ Abrams-ების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

    • “დღეს ვაცხადებ, რომ აშშ უკრაინაში 31 Abrams-ის ტანკს, ერთი უკრაინული ბატალიონის ეკვივალენტს გაგზავნის. ეს ნაბიჯი მდივანმა ოსტინმა შემოგვთავაზა, რათა გაძლიერდეს უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობა და მიაღწიონ სტრატეგიულ მიზნებს”. – თქვა ბაიდენმა.

    ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ Abrams-ის ტანკები მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი, თუმცა რთული შესანახია და ამიტომაც უკრაინას შესაბამის ნაწილებსა და აღჭურვილობასაც გადასცემენ. ამერიკელები უკრაინელ ტანკისტებს გაწვრთნიან.

    • “საკუთარი ტერიტორიის გასათავისუფლებლად სჭირდებათ ბრძოლის ველზე რუსეთის ცვლადი ტაქტიკებისთვისა და სტრატეგიისთვის წინააღმდეგ მოქმედება, სჭირდებათ მანევრირების შესაძლებლობის გაუმჯობესება გაშლილ რელიეფზე და მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, რომ რუსეთის აგრესია შეაჩერონ და თავი დაიცვან დიდი ხნის განმავლობაში”. – თქვა ჯო ბაიდენმა.

    აბრამსის ტანკები უკრაინისთვის

    უკრაინისთვის ამერიკული ტანკების მიწოდების შესახებ მსჯელობა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ M1 Abrams-ის შენარჩუნება რთულია, მათი გამოყენების სწავლის პროცესს დიდი დრო დასჭირდება და ეს ტანკები ასევე ბევრ საწვავს მოიხმარენ. რაზეც უკრაინამ უპასუხა, რომ დასავლური ტანკები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ მობილურობასა და დაცვას გაუწევდნენ რუსეთის ახალი შეტევისთვის. ახალი ტანკები ასევე დაეხმარება რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას.

    თუმცა, მას შემდეგ რაც გერმანია დათანხმდა თავისი საბრძოლო ტანკების უკრაინაში გადაცემას, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ს ხელისუფლება ამზადებდა ოფიციალურ განცხადებას M1 Abrams ტანკების უკრაინაში მიწოდების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებული წყაროს თქმით, ეს იყო ურთიერთდაკავშირებული გადაწყვეტილებები.

    ცნობისთვის, დღეს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

  • წავა თუ არა პუტინი ბირთვულ ესკალაციაზე უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გამო – სტოლტენბერგის პასუხი

    ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კომენტარი გააკეთა გერმანელი პოლიტიკოსების შიშზე, რომ ლეოპარდ 2-ის უკრაინაში ტანკების მიწოდებამ შესაძლოა რუსეთთან ბირთვული ესკალაცია გამოიწვიოს.

    გენერალურმა მდივანმა Die Welt-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსული ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა, მაგრამ თავად კრემლის „ბირთვული რიტორიკა“ საშიშია.

    “ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა. მაგრამ რუსული ბირთვული რიტორიკა სრულიად უპასუხისმგებლო და საშიშია. რუსეთის ფედერაციამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგოს და, შესაბამისად, ვერ უნდა წამოიწყოს”, – თქვა მან.

    სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო კრემლის მოქმედებებს აკვირდება და ჯერჯერობით რუსეთის ბირთვულ ძალებში ცვლილებები არ შეინიშნება.

    „ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ რეაქცია გვექნებოდა ვიქნებოდით. მაგრამ რუსეთს რომ მივცეთ იმის უფლება რომ ამ რიტორიკით გვაშანტაჟოს, სამყარო უფრო საშიში გახდება. მაშინ რუსეთის ფედერაცია დააყენებწს ამ ბირთვულ საფრთხეს, როცა რაღაცის მიღწევა მოინდომებს“, – განაცხადა მან.

    მან აღნიშნა, რომ ეს სახიფათო იქნებოდა სხვა ქვეყნებისთვისაც, რადგან პუტინმა და მისნაირ ავტორიტარულ ლიდერებს ეცოდინებათ, რომ უხეში ძალის გამოყენებით შეძლებდნენ თავიანთი მიზნების მიღწევას.

    მან ხაზი გაუსვა, რომ ნატოს ინტერესებშია უკრაინის გამარჯვების გარანტია. სტოლტენბერგმა გაიმეორა, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში არის გარკვეული ნიუანსი.

    “რისი მიღწევაც უკრაინას შეუძლია ასეთ მოლაპარაკებებში, განუყოფლად არის დაკავშირებული სამხედრო ვითარებასთან. თუ ჩვენ გვსურს გამოსავალი, რომელშიც უკრაინა გადარჩება, როგორც სუვერენული ქვეყანა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება უფრო მძიმე ტექნიკა”, – ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

  • რუსეთის თავდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა – პუტინი

    ”ბრძოლამ აჩვენა, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. რასაც შეერთებული შტატები უშვებს Patriot-ის სისტემებისათვის, ჩვენ სამჯერ მეტ ასეთ რაკეტას ვაწარმოებთ, უფრო მეტსაც. ჩვენი სისტემები თავისთავად თანამედროვე და სანდოა. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ საერთო ჯამში, სისტემა მუშაობს და მწყობრშია.”

    განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

  • უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოლედარი დატოვეს – უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობა

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი და გამაგრდნენ წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე. ამის შესახებ Suspilny-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განუცხადა. მან განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის გადასარჩენად იქნა მიღებული.

    „პერსონალის სიცოცხლის გადასარჩენად თავდაცვის ძალები გამოვიდნენ სოლედარიდან, გამაგრდნენ მომზადებულ თავდაცვით პოზიციებზე.” – მან თქვა.

    ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა დიდი ზიანი მიაყენეს რუს ოკუპანტებს, რაც შეიძლება შევადაროთ აგრესორის დანაკარგებს ჩეჩნეთის ორ ომში.

    მან აღნიშნა, რომ უკრაინელმა სამხედროება მისია შეასრულეს: მათ მტერს არ მისცეს საშუალება, გაერღვიათ „ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით და ზურგიდან შესულიყვნენ, შემდეგ კი ოპერატიული სივრცეში გადასულიყვნენ“.

  • თუ აშშ უკრაინას Abrams-ებს გადასცემს, ისინი ისევე დაიწვება, როგორც სხვა ტექნიკა – კრემლი

    “დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ექსპერტს ესმის ამ იდეის აბსურდულობა, ეს გეგმა საკმაოდ წარუმატებელია ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ვიმეორებთ, რომ ეს ტანკები ისევე დაიწვება, როგორც ყველა სხვა. უბრალოდ ძვირია ისინი და პირველ რიგში, ეს ყველაფერი ევროპელ გადამხდელებს დააწვება მხრებზე.”,

    ასე ეხმაურება, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი  აშშ-ის მიერ,  უკრაინაში Abrams-ის ტიპის ტანკებს გაგზავნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

    ცნობისთვის, გუშინ, 24 იანვარს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემისკენ იხრება. მედია წერს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გახდეს ცნობილი.

  • რუსეთმა დეპორტირებული უკრაინელების მობილიზება დაიწყო

    ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ტყვედ აყვანილი უკრაინელების მობილიზაცია დაიწყო.

    “რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დეპორტირებული მამაკაცების მობილიზება მიმდინარეობს.ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებელ ადგილზე პასპორტების გაცემის შესახებ.[…] იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ყველაზე აქტიურად მოუწოდებენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის“, – წერია განცხადებაში.

    რუსები აგრძელებენ უკრაინის ტყვედ აყვანილი მოქალაქეების რუსეთის იზოლატორებში იძულებით გადაყვანას.