Category: მსოფლიო

  • Politico: პენტაგონში არიან უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნის მომხრეები

    ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების – განსაკუთრებით აბრამსის მიწოდებისთვის ხანგრძლივი ბრძოლის დროს, იყო ამერიკული სამხედრო ისტებლიშმენტის წინააღმდეგობა. რაც შეეხება საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას, რომელსაც კიევი თავისი ლობისტური ძალისხმევის შემდეგ სამიზნედ ასახელებს, პენტაგონის დამოკიდებულება არც ისე ცალსახად ნეგატიურია. ამ იდეას ჰყავს გავლენიანი მხარდამჭერები დეპარტამენტში, წერს Politico, სამი ანონიმური წყაროს მონათხრობზე დაყრდნობით. „არა მგონია, რომ ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყოთ“, – ციტირებს გამოცემას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს.

    უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლების, F-16-ისა და მისი ანალოგების მიწოდებაზე, როგორიცაა Tornado ან შვედური Gripen, რადგან ბევრი დასავლური ქვეყანა გეგმავს მათ ჩანაცვლებას ახალი F-22-ებით და F-35-ებით მომავალ წლებში. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ დასავლურ სამხედრო დოქტრინაში თვითმფრინავებს ასევე ენიჭებათ მნიშვნელოვანი ადგილი საჰაერო თავდაცვაში – მათ შეუძლიათ გაანადგურონ რაკეტები და თვითმფრინავები ფრენისას , რის გამოც დასავლეთის ქვეყნებს აქვთ შედარებით ცოტა სახმელეთო საზენიტო სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალა მათთვის. პენტაგონი წუხს, რომ დასავლური სისტემების მიწოდების შემთხვევაშიც კი, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები საბოლოოდ შეიძლება ამოიწუროს. F-16-ს ან მათ  ანალოგებს ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ.

    არც პენტაგონს და არც ევროპელ მოკავშირეებს არ სჯერათ, რომ რუსეთში ეს შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ესკალაცია. „მოდით, ვაღიაროთ, რომ F-16-ების გამო ბირთვული ომი არ იქნება“, – ციტირებს Politico თავის ერთ-ერთ წყაროს.

    თეთრმა სახლმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე Politico-ს კითხვაზე საბრძოლო თვითმფრინავების პირდაპირ უკრაინაში გადაცემის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ მიუთითა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის ჯონ ფაინერის განცხადებებზე გასულ ხუთშაბათს. მისი თქმით, უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება განიხილება:  „ჩვენ არ გამოვრიცხავთ რაიმე კონკრეტულ სისტემას“–თქვა მან.

  • ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა

    კვირას ღამით ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა.

    საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ შაჰიდ-სალიმში ძრავის ზეთის დიდ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.

    საინფორმაციო სააგენტო Tasnim იუწყება, რომ სამხედრო საბრძოლო მასალის  მწარმოებელ ქარხანას ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში ასევე დაესხნენ დრონები.

    ასევე ვრცელდება ინფორმაცია დასავლეთ ირანის ქალაქ დიზფულის საჰაერო ბაზაზე აფეთქების შესახებ, ქალაქ ჰამადანსა (ქვეყნის დასავლეთით) და რაშტში (ჩრდილოეთი) აფეთქებები და ხანძრებია.

    ასევე დაიბომბა დრონების ქარხანა თებრიზში, შეიარაღების საცავი მალარდში

    აფეთქებების ხმები ისმოდა  თეირანში, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თავს დაესხნენ სამთავრობო შენობებს.

    მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

    ირანის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა დრონების შეტევა ისპაჰანში მდებარე სამხედრო ქარხანაზე:

    „2023 წლის 28 იანვრის საღამოს, დაახლოებით 23:30 საათზე, უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ცენტრზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „ერთი მათგანი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემით, დანარჩენი ორი კი თავდაცვით ხაფანგში ჩავარდა და აფეთქდა“.

    ირანელი სამხედროების განცხადებით, შენობის სახურავი “მცირედ დაზიანდა”.

    რომელ ქვეყანას ეკუთვნის თვითმფრინავები, რომლებიც თავს დაესხნენ ირანის სამხედრო ობიექტებს, ირანის ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს.

    ისპაჰანი არის ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრი, რომელიც თეირანის სამხრეთით 330 კილომეტრში მდებარეობს.

    არაბული საინფორმაციო არხის Al Arabiya-ს ცნობით, ისრაელმა ირანში სამხედრო მრეწველობის განადგურების მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

    ისრაელი ამ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.

  • უკრაინა დასავლეთთან დაჩქარებული წესით განიხილავს მოიერიშე თვითმფრინავებისა და შორი დისტანციის რაკეტების გადაცემას

    პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს დასავლელ პარტნიორებთან თვითმფრინავების და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების მიწოდებაზე.

    მისი თქმით, უკრაინას სჭირდება რაკეტები, რათა გაანადგუროს საბრძოლო მასალის საწყობები ყირიმში, თვითმფრინავები კი, პირველ რიგში, ფრონტის ხაზზე სახმელეთო ძალების ჰაერიდან დასაცავად.

    „არა მგონია, რომ ომის ფარგლებში ვინმემ ეს ვერ გაიგოს. ამიტომ, ჯერ ერთი, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მეორეც, მოლაპარაკებები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და მესამე, ეს ყველა პარტნიორს კარგად ესმის“–განაცხადა მან FreeDom-თან ინტერვიუში.

    ამავდროულად, პოდოლიაკმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ნიუანსები “პარტნიორ ქვეყნებში შიდა ფსიქოლოგიურ სტატუსთან დაკავშირებით”: უკრაინის ზოგიერთ მოკავშირეს ჯერ კიდევ არ შეუძლია უარი თქვას შიდა კონსერვატიზმზე, უკრაინის ომის ფონზე მსოფლიო არქიტექტურაში ცვლილებების შიშის გამო–თქვა მან, თუმცა დაუკონკრეტებია რაზეა საუბარი. მაგრამ გამოთქვა რწმენა, რომ თვითმფრინავებისა და შორი დისტანციის რაკეტების შესახებ მოლაპარაკებები მალე წარმატებით დაგვირგვინდება.

    როგორც მანამდე ესპანური გაზეთი El Pais იტყობინებოდა, უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლის იური იგნატის სიტყვებზე დაყრდნობით, უკრაინას სურს მიიღოს  გამანადგურებლების პირველი პარტია – 24 ერთეული თვითმფრინავი.

    ამავდროულად, კიევი იმედოვნებს ამერიკულ F-16-ების მიღებას, მაგრამ ასევე განიხილავენ ვარიანტებს შვედური გამანადგურებელი Gripen-თან ან ფრანგულ Rafale-თან დაკავშირებითაც.

    მოგვიანებით, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში იგნატმა განმარტა, რომ უკრაინა თვითმფრინავებთან დაკავშირებით  ამჟამად მხოლოდ  მოლაპარაკების ეტაპზეა. თვითმფრინავების მოდელები და მათი რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება.

    ”ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად, მათ შორის, მფრინავების და ტექნიკური პერსონალის მომზადების გათვალისწინებით,” – ციტირებს Interfax-Ukraine-ს საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელს– ”აქედან გამომდინარე, თავიდან შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ შეიძლება იყოს ორი ესკადრილია. და ერთი ესკადრილია 12 თვითმფრინავია“.

    ზოგადად, მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ბევრად უფრო თანამედროვე მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელიც დაიცავს ქვეყნის ცას.

  • ზელენსკიმ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პასუხად დანგრეულ დარბაზებში გადაღებული  უკრაინელი სპორტსმენების ფოტოები გამოაქვეყნა

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ უკრაინელი სპორტსმენები უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს განადგურებულ სპორტდარბაზებში ვარჯიშობენ.ამგვარად მან კიდევ ერთხელ გამოხატა პოზიცია ოლიმპიურ შეჯიბრებებში რუსების და ბელორუსებში დაშვების  წინააღმდეგ.

    “ოლიმპიური პრინციპები და ომი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. რუსეთმა უნდა შეაჩეროს აგრესია და ტერორი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ოლიმპიურ მოძრაობაში რუსეთის მონაწილეობაზე საუბარი”, – წერს ზელენსკი.

    მანამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ბევრი მხარს უჭერს რუსი და ბელორუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებზე დაბრუნების იდეას.

    „ჩვენ ვიცით უკრაინის თვალსაზრისი, რომელსაც არა მხოლოდ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს იზოლაცია, არამედ ყველა რუსეთის სრული იზოლაცია სურს“, – განაცხადა ბახმა. მან დასძინა, რომ უკრაინელ სპორტსმენებთან სოლიდარობა შენარჩუნებულია, მაგრამ ცალკეული სპორტსმენები არ უნდა იყვნენ დისკრიმინირებული, მაშინაც კი, თუ ქვეყნები კონფლიქტში არიან, წერს Spiegel.

    ბახმა ივარაუდა, , რომ რუსეთისა და ბელორუსიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არ უჭერდნენ მხარს უკრაინის ომს, შეძლებენ 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა ნეიტრალური დროშებით.

    „არ შეიძლება არ იყო იმედგაცრუებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარის განცხადებებით. მე მას არაერთხელ ვესაუბრე და არასდროს მსმენია, როგორ აპირებს სპორტის დაცვას ომის პროპაგანდისგან, თუ რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე დააბრუნებს. “ – განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში წინა დღეს.

  • თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება იქ არ ვიომებთ ტანკებითა და გამანადგურებლებით.. – მედვედევი

    თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება იქ არ ვიომებთ ტანკებითა და გამანადგურებლებით.. – მედვედევი

    “უსასრულოა შტერების რიცხვი ევროპის სახელმწიფო სტრუქტურებში. რომელიღაც იტალიის, რომელიღაც თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და სხვა შეიარაღების მიწოდებას მესამე მსოფლიო ომისგან აცილების მცდელობა უწოდა. იშვიათია შერეკილია […]პირველ რიგში, უკრაინის დაცვა, რომელიც არავის ჭირდება ვერ გადაარჩენს ჩამპალ ბებერ კონტინენტს შურისგებისგან. მეორე – თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, იქ ვიომებთ არა ტანკებით და არც გამანაგდურებლებით. ამ შემთხვევაში ყველაფერი ფუჭი იქნება.”

    აცხადებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი.

  • ოლაფ შოლცი: გერმანია კიევს იმისთვის ეხმარება, რომ ომი მის საზღვრებს არ მიუახლოვდეს

    გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაავრცელა ვიდეო მესიჯი, რომელშიც ისაუბრა ბერლინის პოლიტიკურ კურსზე რუსეთის მიმართ და უკრაინის ომზე . შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ითვალისწინებს არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, არამედ მისი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსაც.

    ხელისუფლების პრიორიტეტად, შოლცის თქმით, გერმანიის უსაფრთხოება რჩება. „ჩვენი მიზანი ნათელია – რუსეთმა ძალის გამოყენებით საზღვრების გაფართოება არ უნდა შეძლოს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ გერმანელებს სურთ “მშვიდობა ევროპაში და რათა ომი მათაც არ მიუახლოვდეს”.

    კანცლერის თქმით, გერმანიის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება სამ პრინციპს – უკრაინის ჰუმანიტარულ, ფინანსურ და სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას; კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას, რუსეთისა და ნატოს ომში მისი გადაზრდის აღკვეთას; ყველა მოქმედების მჭიდრო კოორდინაციას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით.

    შოლცის თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან გერმანიის მთავრობა ღებულობს ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყოველთვის შეთანხმებულია საერთაშორისო დონეზე. მან გაიხსენა, რომ უკრაინაში “საშინელი, სასტიკი და უაზრო ომი” რუსეთის პრეზიდენტმა გამოიწვია.

    იმავდროულად, Wall Street Journal-ის თანახმად, თავის წყაროებზე დაყრდნობით, ოლაფ შოლცმა, რომელიც გააკრიტიკეს დასავლური ტანკების უკრაინაში გადაცემის საკითხში ყოყმანის გამო, ფაქტობრივად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დასავლეთის მხრიდან ამ მიწოდების არაოფიციალური ტაბუს მოხსნაში.

    WSJ-ის ცნობით, სწორედ შოლცმა დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკული ტანკების მიწოდების აუცილებლობაში, რომელიც ეჭვობდა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა.

  • რუსმა ოკუპანტებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს – არის მსხვერპლი

    რუსმა ოკუპანტებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს – არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას, დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

    “კონსტანტინოვკაზე რუსი ოკუპანტების მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 კი დაშავდა. რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაზიანდა 4 მაღალსართულიანი კორპუსი, სასტუმრო, ავტოფარეხები და მანქანები.ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ. ბოროტება აუცილებლად დაისჯება”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

  • ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 12 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

    ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 12 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

    “ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, კრასნა ჰორას, ბახმუტის, ივანოვსკოეს, კლიშივკას, დრუჟბას, ვოდიანეს, მარინკას, პობედას, ვუჰლედარისა და პრეჩისტოვკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

    გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო და 26 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

  • “ისრაელი უკრაინას კულუარულად უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე საჯაროდ“–ისრაელის ელჩი გერმანიაში

    ისრაელი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში უფრო ფართო მასშტაბით უჭერს მხარს, ვიდრე ეს საზოგადოებისთვის არის ცნობილი, განაცხადა ისრაელის ახალმა ელჩმა გერმანიაში რონ პროსორმა პორტალ Waz-თან ინტერვიუში.

    ისრაელი ეხმარება უკრაინას, „მაგრამ კულისებში უფრო მეტად, ვიდრე საჯაროდ“–ამბობს ის.

    ელჩმა გაიხსენა, რომ ისრაელი, სხვა საკითხებთან ერთად, ხელს უშლის ირანული დრონების მიწოდებას, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებს .

    “ისრაელის არმია რეგულარულად თრგუნავს ირანიდან იარაღის მიწოდებას სირიასა და ლიბანში. მათ შორისაა ირანული დრონებბი და რაკეტები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

    მისი თქმით, ისრაელს სირიაში რუსეთის ყოფნისა და რუსეთის ტერიტორიაზე დიდი ებრაული თემის გამო „ჩრდილში დარჩენას“ ურჩევნია.

    ადრე ისრაელის მედიაში გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ თუნდაც ისრაელს უკრაინისთვის მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღების სისტემები მიეწოდებინა, ეს მას ბუმერანგივით დაუბრუნდებოდა უკან.

    „რუსებმა, იმავე ლოგიკით, შესაძლოა დაიწყონ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, როგორიცაა S-300 და S-400, ირანსა და სირიაში. მოსკოვი შეძლებს თქვას, რომ ეს სისტემები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს იცავს ისრაელის საჰაერო თავდასხმებისგან“, – წერდა ისრაელის გაზეთი Haaretz.

  • ჯოკოვიჩმა ომის შესახებ უნდა დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება! – უკრაინა

    ავსტრალიაში უკრაინის ელჩმა, ვასილ მიროშნიჩენკომ ცნობილი სერბი ჩოგბურთელისგან ნოვაკ ჯოკოვიჩისგან, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა.

    ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა ფანთან ერთად პოზირებს პრორუსული “Z” სიმბოლოთი

    აღნიშნული მოთხოვნა ელჩმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც ავსტრალიის ღია პირველობაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა , სადაც სერბი ჩოგბურთელის მამა პოზირებს გულშემატკივრებთან, რომლებსაც ომის მხარდამჭერი ატრიბუტიკა ჰქონდათ, მათ შორის რუსეთის დროშა, რომელზეც ვლადიმერ პუტინის სახე ეხატა.

    “სპეკულაციებისთვის წერტილის დასასმელად, ძალიან მტკიცე განც ხადებას გაკეთებაა საჭირო, რათა გავიგოთ მისი პოზიცია ამ ომის შესახებ, თუ რომელ მხარეს დგას. […]  რათქმაუნდა, მამის ცოდვებზე შვილი არ არის პასუხსიმგებელი, თუმცა შესაძლებელია, ნოვაკსაც მამამისის მსგავსი მოსაზრებები გააჩნია. მსოფლიომ უნდა გაიგოს, ვის მხარეს არის იგი ამ ომში.” – აცხადებს ელჩი.

    ომის მხარდამჭერი ფოტოების გამოყენებისთვის, ავსტრალიის ჩემპიონატიდან ოთხი გულშემატკივარი გააგდეს. ამ ინციდენტის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სრდიან ჯოკოვიჩს, განცხადება არ გაუკეთებიათ.