Category: მსოფლიო

  • სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლა იყო

    სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლა იყო

    თურქეთში, სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო. თურქეთის შს მინისტრის თქმით,  თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შეიარაღებულ თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა – მისივე თქმით, სროლის შემდეგ ერთი შეიარაღებული პირი მოკლეს, ორი კი დაჭრილია.

    “დადგენილია, რომ იზმითიდან დაქირავებული მანქანით სტამბოლში ჩასულ პირებს შორის არის ერთი, რომელსაც კავშირი აქვს ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა (რელიგიას ბოროტად იყენებდა). ასევე დადგინდა, რომ ორი ტერორისტიდან ერთ-ერთს, რომლებიც ძმები არიან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული სამართლებრივი ისტორია აქვთ”, – განაცხადა თურქეთის შს მინისტრმა.

     

  • ტრამპი:ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული საძიებო-სამაშველო ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში

    ტრამპი:ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული საძიებო-სამაშველო ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანში ჩამოგდებული ამერიკული გამანადგურებლის F-15-ის მეორე პილოტი უსაფრთხოდ არის.

    „ჩვენ ის ვიპოვეთ! ძვირფასო თანამოქალაქეებო, ბოლო რამდენიმე საათში ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული საძიებო-სამაშველო ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში,“ — დაწერა ტრამპმა.

    მან დაამატა, რომ დაკარგული ეკიპაჟის წევრი, „უაღრესად პატივსაცემი პოლკოვნიკი“, აღმოჩნდა ფრონტის ხაზს მიღმა, ირანის „მოღალატე მთებში“, სადაც მას „მტრები დასდევდნენ“, თუმცა ამერიკელი სამხედროები „24 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ მის ადგილმდებარეობას“.

    ორადგილიანი F-15 „იგლი“, რომელშიც ორი ოფიცერი იმყოფებოდა, თეირანის განცხადებით, პარასკევს ირანის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო — ეს ინფორმაცია დასავლურ მედიასთან საუბარში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს.

    ირანის სამხრეთ პროვინციის — კოჰგილუიე და ბოიერაჰმედის — გუბერნატორმა განაცხადა, რომ პრიორიტეტია ნებისმიერი ჩამოგდებული ამერიკული ეკიპაჟის „ცოცხლად დაკავება“, რისთვისაც ჯილდო (დაახლოებით 66 000 დოლარი) გამოცხადდა.

    გრინვიჩის დროით დაახლოებით 16:00 საათზე CBS-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი უკვე გადარჩენილია. მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თვითმფრინავები ცეცხლის ქვეშ მოყვნენ — დაზიანდა მხარდაჭერის თვითმფრინავი A-10 „უორთოგი“, რომლის პილოტმაც კატაპულტირება მოახერხა სპარსეთის ყურეში, სადაც ის გადაარჩინეს.

    ვერტმფრენს, რომლითაც გადარჩენილი პილოტი გადაჰყავდათ, ასევე ესროლეს მიწიდან; ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ, თუმცა მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

    შაბათს მეორე პილოტის ძებნის შესახებ ინფორმაცია მწირი იყო. ხოლო კვირას, გრინვიჩის დროით დაახლოებით 04:00 საათზე, ამერიკულმა მედიამ განაცხადა, რომ მეორე პილოტი ნაპოვნია.

    რამდენიმე წუთში ტრამპმა დაწერა, რომ დაკარგული პილოტი „ცოცხალია და ჯანმრთელია“ და მიუხედავად იმისა, რომ დაშავდა, „ყველაფერი კარგად იქნება“. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა, თუმცა BBC-ის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ამერიკულ და ირანულ ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

    BBC-ის მიხედვით, ტრავმები შესაძლოა მიღებული იყოს მაშინ, როდესაც ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახდინა თვითმფრინავიდან, მისი ჩამოგდების შემდეგ.

    ოფიციალური დადასტურების მიღებამდე ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებდა ინფორმაციას ავიადარტყმების შესახებ კოჰგილუიე და ბოიერაჰმედის პროვინციაში, სადაც სავარაუდოდ პილოტი იმყოფებოდა.

    სააგენტო „ტასნიმმა“, რომელიც დაკავშირებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, ადგილობრივ გუბერნატორზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. პასუხისმგებლობა გუბერნატორმა აშშ-სა და ისრაელს დააკისრა.

    პილოტის ოფიციალურ გადარჩენამდე ძებნაში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ მიდის ასობით ადამიანი მთიან რეგიონში დაკარგული ამერიკელი მფრინავის მოსაძებნად.

    ირანული მედიის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჩამოაგდო ამერიკული დრონიც, რომელიც პილოტის ძებნაში მონაწილეობდა. სააგენტო „ფარსის“ ცნობით, დრონი ირანის ისფაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა. ასევე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ადამიანები „ბლექ ჰოუკის“ ტიპის ვერტმფრენებს ესვრიან.

    აშშ-ს ამ ცნობების დადასტურება ჯერ არ გაუკეთებია.

    აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გადამდგარმა პოლკოვნიკმა ბრენდან კირნიმ თქვა, რომ ასეთი ოპერაციების წარმატების შანსი „ჩვეულებრივ ძალიან, ძალიან დაბალია“.

    მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პილოტს კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებოდა, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან „საკმარისია, ერთმა ადამიანმა მაინც შენიშნოს“.

    „არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვე პანიკას,“ — აღნიშნა მან.

    კირნიმ ასევე თქვა, რომ არსებული ცნობებით, პილოტს შესაძლოა მოუწია „სიმაღლეზე გადასვლა და დამალვა“, რაც „მისი მომზადების დასტურია“.

    ასეთი სიტუაციებისთვის პილოტები სპეციალურ წვრთნას გადიან.

    „მათი მთავარი ამოცანაა — გადარჩენა და ტყვეობისთვის თავის არიდება,“ — განაცხადა ჯენიფერ კავანამ, ანალიტიკური ცენტრის Defense Priorities სამხედრო ანალიზის დირექტორმა.

    მისი თქმით, პილოტებს ასწავლიან, რომ თუ ფიზიკურად შეუძლიათ, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ კატაპულტირების ადგილი და დაიმალონ, რათა უსაფრთხოება უზრუნველყონ.

    გარდა ამისა, ისინი სწავლობენ გადარჩენის ტექნიკებს, რათა შეძლონ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობა მინიმალური რესურსებით — საკვებისა და წყლის გარეშე ან მათი მოპოვებით.

  • “მასონური მაფია“,  „მოსადი“ და შეკვეთილი მკვლელობები–პარიზში  ლოჟა „ათანორის“ წევრების სასამართლო პროცესი დაიწყო

    “მასონური მაფია“, „მოსადი“ და შეკვეთილი მკვლელობები–პარიზში ლოჟა „ათანორის“ წევრების სასამართლო პროცესი დაიწყო

    ამ კვირაში – ორშაბათს, 30 მარტს – პარიზში   „მასონური მაფიის“ საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. 22 ადამიანი, მათ შორის პარიზის გარეუბან პიუტოს მასონური ლოჟა „ათანორის“ რამდენიმე წევრი, ეჭვმიტანილია მთელი რიგი დანაშაულების ჩადენაში — გამოძალვიდან შეკვეთილ მკვლელობამდე. პოლიცია მასონების კვალზე სრულიად შემთხვევით გავიდა.

    „დაგომარი“ და „აბელარი“ „მოსადის“ წინააღმდეგ

    ისტორია 2020 წლის 24 ივლისს დაიწყო, როცა პარიზის გარეუბან კრეტეის მცხოვრებ კაცს შვილი  საბავშვო ბაღში მიჰყავდა, წერს ფრანგული გამოცემა BFM TV. მან შენიშნა საეჭვო მანქანა, რომელშიც ორი ადამიანს თითქოს ეძინა. მიუხედავად სიცხისა, მათ ხელთათმანები ეცვათ. ახალგაზრდა მამამ პოლიცია გამოიძახა.

    ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცები მაშინვე დააკავა. ავტომობილზე ყალბი ნომერი სკოჩით იყო მიკრული ორიგინალ ნომერზე. თავად მანქანა 2019 წლის სექტემბრიდან გატაცებულად ითვლებოდა. შიგნით პოლიციამ აღმოაჩინა, სხვა ნივთებთან ერთად, სათვალთვალო მოწყობილობები და 9 მმ კალიბრის პისტოლეტი.

    დაკავებულთაგან ერთმა, 28 წლის პიერ ბურდენმა, განაცხადა, რომ ისინი საფრანგეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ, კოდური სახელებით „დაგომარი“ და „აბელარი“, და ასრულებდნენ მისიას. მათი დავალება იყო სახელმწიფოს ინტერესებში „ლიკვიდაცია“ გაეკეთებინათ მარი-ელენ დინისთვის, რომელიც თითქოს საიდუმლოდ მუშაობდა ისრაელის დაზვერვაზე — „მოსადზე“.

    60 წლის დინი – ორი შვილის დედა და ბიზნესმენი, რომელიც ქოუჩინგის მომსახურებას სთავაზობს – გაოცდა, როცა პოლიცია მივიდა და აცნობა, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმებოდა. „მოსადთან“ მას არასოდეს ჰქონია კავშირი — ისრაელშიც კი არასოდეს ყოფილა.

    „ვგრძნობდი თავს ისე, თითქოს რუსეთში ვყოფილიყავი. თითქოს, ჩემთვის შეუმჩნევლად, რაღაც ნახევრად მაფიურ ისტორიაში აღმოვჩნდი ჩათრეული“, — ჰყვებოდა დინი გაზეთ Le Monde-ს.

    ბურდენის მონათხრობში ერთი ნაწილი მაინც აღმოჩნდა სიმართლე. საფრანგეთის საგარეო დაზვერვის გენერალურმა დირექტორატმა (DGSE) დაადასტურა, რომ როგორც ბურდენი, ისე მისი თანამზრახველი — 25 წლის კარლ ენო, კოდური სახელით „აბელარი“ — მართლაც იქ მსახურობდნენ.

    მარი-ელენ დინი გაოცდა, როდესაც პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმებოდა.

    თუმცა ისინი იცავდნენ სამხედრო ბაზას კომუნა სერკოტში, სადაც ჯაშუშებსა და საიდუმლო აგენტებს ამზადებენ, და მათ არასოდეს ჰქონიათ დაკისრებული რაიმე საიდუმლო მისია — მით უმეტეს ისეთი, რაც DGSE-ის კომპეტენციას სცდება, როგორც იქნებოდა მკვლელობა საფრანგეთის ტერიტორიაზე.

    „პათოლოგიური მატყუარა“

    პიერ ბურდენი — „დაგომარი“ — 2014 წელს საკუთარი სურვილით შევიდა DGSE-ში სამსახურში. პირველი წლები ხელმძღვანელობის თვალში თავი დადებითად წარმოაჩინა, თუმცა მალე იმედგაცრუება დაეწყო კარიერული პერსპექტივების არარსებობის გამო.

    „მან უფრო ფრთხილად უნდა იმოქმედოს, როდესაც ინიციატივას ავლენს, და ყოველთვის უნდა ახსოვდეს თავისი როლი. <…> მისი სექციის მეთაური მას არ ენდობა“, — ციტირებს BFM TV მის შეფასებას.

    „იქ 12 საათი ზიხარ მონიტორებთან, ტელეფონის გარეშე, წიგნის გარეშე, მთელი კვირა არაფერს აკეთებ, დასვენების დღეების გარეშე, როგორც სრული იდიოტი“, — ასე აღწერდა ბურდენი თავის სამუშაოს ბაზაზე.

    „დაგომარმა“ ორჯერ ვერ ჩააბარა ოფიცრის გამოცდა და უარი მიიღო შიდა გადაყვანაზეც. კოლეგები გამომძიებლებთან საუბარში მას „პათოლოგიურ მატყუარად“ ახასიათებდნენ.

    2018 წელს ბურდენმა გაიცნო იანიკ ფამი — DGSE-ის რეზერვისტთან და DGSI-ის (საფრანგეთის შიდა დაზვერვის გენერალური დირექტორატი) აგენტი. ფამმა მალევე შესთავაზა მას „საიდუმლო მისიებში“ მონაწილეობა — თითქოს DGSE-ის საიდუმლო განყოფილების ფარგლებში — და გააცნო კერძო დაცვის თანამშრომელი სებასტიან ლერუა.

    პიერ ბურდენი იმედგაცრუებული იყო საგარეო დაზვერვაში თავისი სამუშაოთი და ორჯერ ჩააგდო ოფიცრის გამოცდა.

    ლერუას კონტაქტები გამომძიებლებმა ბურდენის ტელეფონში იპოვეს. 2020 წლის 26 ივლისს ლერუა დააკავეს.

    სწორედ ლერუამ მისცა ბურდენს დავალება — „ლიკვიდაცია“ გაეკეთებინა მარი-ელენ დინისთვის — თითქოს DGSE-ის ხელმძღვანელობის დავალებით. მანვე მიაწოდა „დაგომარსა“ და „აბელარს“ გატაცებული ავტომობილი. მკვლელობისთვის ლერუა მზად იყო მათთვის 30 000 ევრო გადაეხადა.

    ჯერ კიდევ 2019 წელს დინზე თავდასხმა მოხდა: უცნობებმა მას სცემეს და კომპიუტერი მოჰპარეს. ბურდენის თქმით, ლერუამ თავად აღიარა, რომ ამ თავდასხმის უკან იდგა.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ სებასტიან ლერუა მუშაობდა დანიელ ბოლიოსთვის — DGSE-ის ყოფილი ოფიცრისთვის და მასონური ლოჟა „ათანორის“ წევრისთვის.

    მასონები პარიზის გარეუბანში

    განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა  ლოჟა „ათანორის“ სამი წევრი (ალქიმიაში ასე ეწოდება სპეციალურ ღუმელს): ჟან-ლუკ ბაგიური, ფრედერიკ ვალიო და დანიელ ბოლიო.

    „ათანორი“ 2008 წელს დაარსდა. მასში დაახლოებით 20 ადამიანი შედის. ისინი მკაცრად იცავენ ძველ და მიღებულ შოტლანდიურ წესდებას (მე-19 საუკუნის დასაწყისში შემუშავებულ მასონურ რიტუალთა სისტემას) და თვეში ერთხელ იკრიბებიან — ტრადიციულ შავ სიურტუკებსა და თეთრ ხელთათმანებში — ფილოსოფიური საკითხების განსახილველად და „ცოდნასთან წვდომისთვის“.

    ბაგიურმა, რომელიც ლოჟაში მაღალ პოზიციას („გრადუსს“) იკავებდა, ვალიოს — ყოფილ ჟურნალისტს და რამდენიმე უსაფრთხოების კომპანიის მფლობელს — სთხოვა მარი-ელენ დინის „ლიკვიდაცია“. ნამდვილი მიზეზი არ ყოფილა ქალის თითქოსდა თანამშრომლობა „მოსადთან“, არამედ ბიზნესინტერესების კონფლიქტი: დინის კოუჩინგის ბიზნესი ბაგიურის ბიზნესს უწევდა კონკურენციას. მკვლელობისთვის ბაგიურმა ვალიოს 70 ათასი ევრო გადაუხადა (BFMTV-ის მონაცემებით — 50 ათასი).

    ვალიომ საქმე დანიელ ბოლიოს გადააბარა. ბოლიომ, თავის მხრივ, დაიქირავა ლერუა და უთხრა, რომ ეს იყო დაზვერვის არაოფიციალური მისია, ხოლო დინი — ისრაელის ჯაშუში. ლერუამ იგივე ინფორმაცია გადასცა უშუალო შემსრულებლებს — „დაგომარსა“ და „აბელარს“.

    „მოსადის შესახებ ისტორია მე მოვიგონე, რათა ლერუა მომეტყუებინა და დაეჯერებინა, რომ ეს სახელმწიფო შეკვეთა იყო“, — აცხადებდა მოგვიანებით ბოლიო.

    ყოფილი პოლიციელი და DGSI-ის გადამდგარი თანამშრომელი ბოლიო 2021 წლის 21 იანვარს დააკავეს. როგორც გამოცემა Libération წერს, ბოლიო ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა: ოჯახური, წესრიგიანი ადამიანის იმიჯის მიღმა, რომელსაც ცოლი 15 წლიდან იცნობდა, 1992 წლიდან საყვარელი ჰყავდა.

    სწორედ ბოლიომ მოუყვა გამოძიებას „ათანორის“ ლოჟის როლის შესახებ ამ საქმეში.

    „დაგომარისა“ და „აბელარის“ დაკავების შემდეგ დაწყებულმა გამოძიებამ გამოავლინა კრიმინალური ქსელი, რომელიც ბაგიურისა და ვალიოს ირგვლივ იყო ჩამოყალიბებული. დინი მათი პირველი მსხვერპლი არ ყოფილა; გამოძიება მიიჩნევს, რომ მასონები 2018 წელს ავტოგონელ ლორან პასკუალის მკვლელობის დამკვეთებიც იყვნენ.

    მრბოლელი-მოვალე

    ლორან პასკუალი — ავტომრბოლელი, რომელიც მონაწილეობდა მრავალ პრესტიჟულ შეჯიბრში, მათ შორის საფრანგეთის Porsche-ის თასსა და „ლე-მანის 24 საათში“. როგორც BFM TV წერს, პასკუალი მდიდრულ ცხოვრებას იყო მიჩვეული — მაშინაც კი, როცა ამის საშუალება არ ჰქონდა.

    2018 წლის ბოლოს პასკუალის დედამ, ჟიზელმა, პოლიციას შვილის დაკარგვის შესახებ აცნობა. ძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა, სანამ 2019 წლის სექტემბერში სოკოს შემგროვებელმა ტყეში, ოტ-ლუარის დეპარტამენტში, დაახლოებით 40 სმ სიღრმეზე დამარხული თავის ქალა და ძვლები არ აღმოაჩინა. დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ისინი დაკარგულ ავტომრბოლელს ეკუთვნოდა.

    ლორან პასკუალის სიკვდილის გამოძიება  წინ ვერ მიიწევდა, სანამ პოლიციამ ბოლიოს დაკითხვა არ დაიწყო. 2021 წელს მან აღიარა, რომ ავტომრბოლელის მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

    გამოირკვა, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს პასკუალმა გაიცნო შეძლებული ოჯახი, რომელიც მანქანებითა და რბოლებით იყო დაინტერესებული. მათ პასკუალის 100 ათასი ევრო ასესხეს კარიერის განვითარებისთვის. მან თანხა არ დააბრუნა და 2013 წელს გაკოტრების პროცედურაც გაიარა, რათა ვალის გადახდა აერიდებინა.

    2016 წელს ეს ოჯახი ფრედერიკ ვალიოს გაეცნო. მან შესთავაზა დახმარება — მრბოლელის მოძებნასა და თანხის დაბრუნებაში. ოჯახმა მას თავდაპირველად 5 ათასი ევრო გადაუხადა, შემდეგ კი კიდევ 12 ათასი.

    ვალიომ პასკუალის მოძებნა დანიელ ბოლიოს დაავალა. ასე დაიწყო ოპერაცია კოდური სახელით „911“ — Porsche-ის ყველაზე ცნობილი მოდელის პატივსაცემად.

    დილან ბილეოდი (მარცხნივ) იყო სებასტიან ლერუას თანამზრახველი ავტოგონელ ლორან პასკუალის მკვლელობაში, მიიჩნევს გამოძიება.

    ბოლიომ, როგორც ყოველთვის, „ბინძური საქმისთვის“ ლერუა დაიქირავა. ამჯერად მან ავტომრბოლელი წარმოადგინა როგორც „საფრთხე საფრანგეთის სახელმწიფოსთვის“, თითქოს მას „კორსიკულ მიწისქვეშეთთან“ კავშირები ჰქონდა.

    დაკითხვებზე ვალიო ამტკიცებდა, რომ მის თანამზრახველებს მხოლოდ პასკუალის თვალთვალი და მისი კომპიუტერის მოპარვა დაევალათ, თუმცა ლერუა ამტკიცებდა, რომ დავალება მისი მოკვლა იყო.

    2018 წლის შემოდგომაზე ლერუამ თავის ძველ მეგობართან, დილან ბილეოდთან ერთად, პასკუალის ავტოფარეხში შეაღწია და როცა ის სახლში დაბრუნდა, გულში გასროლით მოკლეს. დაკითხვებზე ლერუა ამბობდა, რომ ესროლა ბილეოდმა, ხოლო ბილეოდი ამტკიცებდა, რომ გასროლა ლერუამ განახორციელა. ორივე ბრალდებულთა სკამზე ზის.

    თანამზრახველებმა შემდეგ მრბოლელის ცხედარი ოტ-ლუარის ტყეში გადაიტანეს, ხოლო ლერუამ ფოტო გაუგზავნა ბოლიოს, რომელმაც თავის მხრივ ვალიოს აცნობა მომხდარის შესახებ.

    ვალიო და ბოლიო დაკითხვებზე ამტკიცებდნენ, რომ პასკუალის მოკვლა არ უთხოვიათ, თუმცა გამოძიებამ ლერუას ვერსია გაიზიარა. ორ მასონს წაუყენეს ბრალი მკვლელობისკენ წაქეზების მიზნით შეთქმულებაში.

    ოჯახურ წყვილს ბრალი დასდეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ მკვლელობაში თანამონაწილეობასა და კრიმინალურ შეთქმულებაში მონაწილეობაში.

    რაში კიდევ ადანაშაულებენ ლოჟა „ათანორის“ მასონებს

    სულ, ბოლიომ ლერუას დაახლოებით ათამდე დავალება მისცა, რომლებიც თავად ვალიოსგან მიიღო.

    მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის გარდა, ჯგუფს ბრალად ედება სამრეწველო ჯაშუშობაც: გამოძიების ვერსიით, ლერუას თანამზრახველები ქუჩაში თავს დაესხნენ მეწარმე ქალს და კომპიუტერი წაართვეს.

    2019 წელს, გამოძიების მიხედვით, მათ ცეცხლი წაუკიდეს ბაგიურის თანამშრომლის მანქანას, რომელმაც მის კომპანიაში ფინანსური თაღლითობის ნიშნები აღმოაჩინა.

    2020 წლის ზაფხულში ბოლიომ მიიღო დავალება „მომაბეზრებელი პროფკავშირის წარმომადგენლის“ მკვლელობის შესახებ, თუმცა მისი შესრულება ვერ მოხერხდა.

    ჯგუფს ასევე ედება ბრალი არაერთ თავდასხმაში.

    სასამართლო პროცესი

    საქმეში სულ 22 ბრალდებულია, ასაკით 30-დან 73 წლამდე. მათ შორის არიან:

    • მასონური ლოჟის 4 წევრი,
    • DGSE-ის 4 თანამშრომელი,
    • 3 პოლიციელი,
    • 6 ტოპ-მენეჯერი,
    • ასევე დაცვა, ექიმი და ინჟინერი.

    მათ უმეტესობას ადრე ნასამართლეობა არ ჰქონია.

    ბაგიურს, ვალიოს, ბოლიოს და ლერუას  სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

    უცნობია, შეძლებს თუ არა ბოლიო სასამართლოში ჩვენების მიცემას. 2021 წლის იანვარში, დაკავებიდან და პირველი დაკითხვებიდან ცოტა ხანში, იგი საკანში სისხლის გუბეში და თავის მძიმე ტრავმით იპოვეს. სავარაუდოდ, მან თვითმკვლელობა სცადა — საკანში შეღწევის კვალი არ აღმოჩნდა.

    ბოლიო კომაში ჩავარდა, თუმცა შემდეგ გონს მოვიდა — თუმცა მეხსიერების დაკარგვით და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემებით.

    პარიზის სასამართლო საქმეს სამი თვის განმავლობაში — 17 ივლისამდე — განიხილავს.

     

  • ირანის ახალმა პრეზიდენტმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა – ტრამპი

    ირანის ახალმა პრეზიდენტმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა – ტრამპი

    ირანის რეჟიმის ახალმა პრეზიდენტმა, რომელიც ნაკლებად რადიკალიზებული და გაცილებით უფრო ჭკვიანია, ვიდრე მისი წინამორბედები, ახლახან აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა. განვიხილავთ, როდის გაიხსნება ჰორმუზის სრუტე, როდის იქნება ის თავისუფალი და უსაფრთხო. იქამდე კი ირანს მიწასთან გავასწორებთ ან, როგორც იტყვიან ხოლმე, ქვის ხანაში დავაბრუნებთ

    წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ში.

  • მზად ვართ აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის – ზელენსკი

    მზად ვართ აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის – ზელენსკი

     

    “ჩვენ მზად ვართ აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩემი აზრით, გულწრფელად რომ ვთქვა, ნორმალური ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ სიცოცხლეს, საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე სამუდამოდ და არა მხოლოდ რამდენიმე დღით. მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა კომპრომისისა, რომელიც ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს ეხება.

    მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა. თუ რუსეთი მზად იქნება, ჩვენც მზად ვართ. დაე, შემოგვთავაზონ ნებისმიერი ვადა – მზად ვართ ამ საკითხის გადასაჭრელად”,

    აცხადებს უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება და შეთანხმება მალე არ იქნა მიღწეული. ირანში “სტუმრობას”  დავასრულებთ სრული განადგურებით – ტრამპი

    თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება და შეთანხმება მალე არ იქნა მიღწეული. ირანში “სტუმრობას” დავასრულებთ სრული განადგურებით – ტრამპი

    თუ ირანთან რაიმე მიზეზით სამშვიდობო შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული და თუ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება “ბიზნესისთვის”, ჩვენს სასიამოვნო “სტუმრობას” ირანში დავასრულებთ მათი ყველა ელექტროსადგურის, ნავთობის ჭაბურღილისა და კუნძულ ხარგის აფეთქებითა და სრული განადგურებით (შესაძლოა წყლის ყველა გამამტკნარებელი ქარხანაც გავანადგუროთ!), რომლებსაც აქამდე განზრახ არ შევხებივართ. ეს იქნება სამაგიეროს გადახდა ჩვენი მრავალი ჯარისკაცისა და სხვების გამო, რომლებიც ირანმა ძველი რეჟიმის 47-წლიანი”„ტერორის მეფობის” განმავლობაში დახოცა და გამოასალმა სიცოცხლეს. გმადლობთ ყურადღებისთვის!

    წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე

  • ომი ახლო აღმოსავლეთში: ამერიკული ჯარები რეგიონში ჩავიდნენ, ირანი მათ დესანტის შემთხვევაში „ცეცხლის ქარიშხალს“ ჰპირდება

    ომი ახლო აღმოსავლეთში: ამერიკული ჯარები რეგიონში ჩავიდნენ, ირანი მათ დესანტის შემთხვევაში „ცეცხლის ქარიშხალს“ ჰპირდება

    ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანის ჯარები „ელოდებიან, როდის გადმოვლენ ამერიკელი ჯარისკაცები ხმელეთზე, რათა მათზე ცეცხლის ქარიშხალი დაატეხონ“. ამერიკული მედიის ცნობით, პენტაგონი ემზადება ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის, თუმცა უცნობია, დაუჭერს თუ არა ამას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

    ირანი მზადაა სახმელეთო შეჭრის მოსაგერიებლად

    ირანულმა მედიამ, მათ შორის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ IRNA, გამოაქვეყნა ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაღერ ღალიბაფის მიმართვა, რომელიც ომის დაწყებიდან პირველი თვის დასრულებას მიეძღვნა.

    ღალიბაფი ირანის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ცოცხლად გადარჩენილ ფიგურად ითვლება. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი აშშ-სთან გარკვეულ კონტაქტებს ინარჩუნებდა ომის დასრულების საკითხზე, თუმცა თავად ამას საჯაროდ უარყოფდა.

    მისი განცხადებით, „მტერი საჯაროდ სიგნალს აგზავნის მოლაპარაკებების მზადყოფნის შესახებ, ხოლო ფარულად ამზადებს სახმელეთო შეტევას“. მისი თქმით, აშშ „15-პუნქტიანი მოთხოვნების სიის წარდგენა არის მცდელობა, აშშ–მ მიაღწიოს იმას, რასაც ომის გზით ვერ მიაღწია“.

    ღალიბაფის თქმით, ირანის ჯარები „ელოდებიან, როდის დადგამენ ამერიკელი ჯარისკაცები ფეხს ირანის მიწაზე, რათა მათ ცეცხლის ქარიშხალი დაატეხონ“.

    რაც შეეხება კაპიტულაციას, თეირანის პოზიცია „მკაფიოა“ – ქვეყანა „დამცირებას არ მიიღებს“.

    რეგიონში ახალი ამერიკული ძალები ჩავიდა

    მანამდე აშშ-მ განაცხადა, რომ რეგიონში სამხედრო ხომალდ USS Tripoli-ზე დაახლოებით 3 500 სამხედრო ჩავიდა. გამოცემა The Washington Post იუწყება, რომ პენტაგონი ამზადებს ირანში სახმელეთო ოპერაციებს, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

    თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დაამტკიცებს თუ არა ამას დონალდ ტრამპი. მარტის დასაწყისში ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა: „მე ჯარებს არსად ვაგზავნი“, თუმცა მაშინვე დაამატა: „და თუ გავაგზავნიდი, ამას ნამდვილად არ გეტყოდით“.

    პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიო განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანში თავისი მიზნების მიღწევა „სახმელეთო ჯარების გამოყენების გარეშე“. მისი თქმით, სპარსეთის ყურეში სამხედროების განლაგება მიზნად ისახავდა პრეზიდენტისთვის სხვადასხვა მოქმედების ვარიანტის მიწოდებას: „ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით, პრეზიდენტს მივაწოდოთ მაქსიმალური შესაძლებლობები გაუთვალისწინებელ ვითარებებზე რეაგირებისთვის“.

    ისრაელმა თეირანს დაარტყა

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დაასრულეს თეირანზე მორიგი საჰაერო დარტყმების სერია, რომლის სამიზნე დროებითი სარდლობებისა და იარაღის წარმოების ობიექტები იყო.

    მათივე ინფორმაციით, ირანის რეჟიმმა ნაწილობრივ გადაიყვანა სარდლობის პუნქტები მობილურ რეჟიმში მას შემდეგ, რაც წინა ობიექტები დაიბომბა. ისრაელის სამხედროების განცხადებით, ამ პუნქტების ნაწილი უკვე განადგურებულია.

    ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმები განხორციელდა იმ მეთაურებზე, რომლებიც შტაბებში მოქმედებდნენ.

    დარტყმები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე

    ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში არაერთი შეტევა დაფიქსირდა, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

    საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ ბოლო საათებში 10 დრონი ჩამოაგდო. სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა, განაცხადეს ღამით განხორციელებული თავდასხმების შესახებ.

    შაბათს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. კომპანია Emirates Global Aluminium იუწყება, რომ აბუ-დაბიში მდებარე მისი დიდი ქარხანა დაზიანდა და რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.

    კომპანიამ დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიიღო, თუმცა დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ქუვეითში კი საერთაშორისო აეროპორტის რადარული სისტემა სერიოზულად დაზიანდა.

  • 25 წლის ესპანელმა ქალმა სიცოცხლე ევთანაზიის დახმარებით დაასრულა. ის წელიწადნახევარი სასამართლოში ედავებოდა მამას, რომელიც ამის წინააღმდეგი იყო

    25 წლის ესპანელმა ქალმა სიცოცხლე ევთანაზიის დახმარებით დაასრულა. ის წელიწადნახევარი სასამართლოში ედავებოდა მამას, რომელიც ამის წინააღმდეგი იყო

    25 წლის ესპანელი ნოელია კასტილიო რამოსი წელიწადნახევარი სასამართლოში იბრძოდა მამის წინააღმდეგ, ევთანაზიის უფლების მოსაპოვებლად. გოგონამ გადაიტანა სექსუალური ძალადობა და სცადა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა — ის პარალიზებული დარჩა და მუდმივ ტკივილს განიცდიდა. ხუთშაბათს, დღისით, მისი სურვილი – სიცოცხლის დასრულება – შესრულდა.

    ევთანაზია ჩატარდა სანტ კამილის საავადმყოფოში, სან-პერე-დე-რიბესში — ბარსელონის პროვინციის მუნიციპალიტეტში, სადაც ნოელია კასტილიო ცხოვრობდა.

    გოგონამ ითხოვა, რომ სიკვდილამდე ოთახში მარტო დაეტოვებინათ.

    „არ მინდა, რომ ვინმე ოთახში იყოს,“ – თქვა მან. – „არ მინდა, ნახონ, როგორ ვხუჭავ თვალებს.“

    ამ ისტორიამ მწვავე დებატები გამოიწვია მისი ახალგაზრდა ასაკის გამო და ასევე იმიტომ, რომ ის არ იმყოფებოდა იმ მდგომარეობაში, რომელსაც საზოგადოება ჩვეულებრივ ტერმინალურ დაავადებად აღიქვამს.

    კასტილიო ესპანურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ყოველთვის „თავს მარტო გრძნობდა“ და არასოდეს ეპარებოდა ეჭვი საკუთარ გადაწყვეტილებაში, ევთანაზიის გზით დაესრულებინა სიცოცხლე.

    „ჩემს ოჯახში ამას არავინ უჭერს მხარს,“ — ამბობდა კასტილიო. — „მე მივდივარ, თქვენ კი აქ რჩებით მთელი ამ ტკივილით, მაგრამ რა ვუყოთ იმ ტანჯვას, რაც მე ამ წლების განმავლობაში გამოვიარე? მე უბრალოდ მინდა მშვიდად წავიდე და ტკივილი დასრულდეს. მამის, დედის ან დის ბედნიერება არ უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ქალიშვილის ბედნიერება.“

    რთული ბავშვობა და სექსუალური ძალადობა.

    თავის პირველ და ერთადერთ ინტერვიუში ესპანურ ტელეარხ Antena 3-თან მან განაცხადა, რომ მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როცა ის 13 წლის იყო და ოჯახში მძიმე გარემო სუფევდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ზრუნვის ცენტრში იმყოფებოდა; მას დაუდგინეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და პიროვნების ზღვრული აშლილობა.

    ნოელიას ცხოვრებაში იყო მძიმე კრიზისული პერიოდები, როცა მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

    ერთ-ერთი ასეთი პერიოდის შემდეგ დედამ ის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსა, სადაც ის მკურნალობას გადიოდა.

    გოგონამ ასევე ისაუბრა მის მიერ გადატანილი სექსუალური ძალადობის რამდენიმე შემთხვევაზე – მათ შორის ყოფილ პარტნიორთან და სხვადასხვა საჯარო სივრცეში მომხდარ ინციდენტებზე.

    2022 წლის ოქტომბერში მომხდარი გაუპატიურების მძიმე ეპიზოდის შემდეგ,  მან თვითმკვლელობა სცადა, თუმცა გადარჩა. მაგრამ პარალიზებული დარჩა და ინვალიდის ეტლზე აღმოჩნდა მიჯაჭვული.

    ნოელია ბებიასთან ერთად

    „ძალიან მიჭირს დაძინება და თან ზურგისა და ფეხების ტკივილიც მაწუხებს,“ –ამბობდა ის.

    თუმცა მისი ტანჯვა მხოლოდ ფიზიკური არ ყოფილა. „ჩემი სამყარო ძალიან ბნელი იყო… არ მქონდა არც მიზნები, არც მისწრაფებები,“ — თქვა მან.

    2024 წლის აპრილში მან ევთანაზიაზე შეიტანა განაცხადი, რომელიც კომისიამ სამი თვის შემდეგ დააკმაყოფილა.

    სასამართლო დავა მამასთან

    ნოელიას დედამ, იოლანდამ, განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა შვილის გადაწყვეტილებას, თუმცა „პატივს სცემდა“ მას. ხოლო მამამ, ხერონიმო კასტილიომ, დანიშნულ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე, იმავე წლის აგვისტოში, სარჩელი შეიტანა ევთანაზიის შესაჩერებლად.

    ის ამტკიცებდა, რომ ნოელია ფსიქიკურ აშლილობებს განიცდიდა და ამიტომ ვერ იღებდა სრულად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, რეაბილიტაციის კურსზე გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო მისი წარმომადგენლები სასამართლოში აცხადებდნენ, რომ ნოელიამ ევთანაზიის საკითხზე პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა.

    ხერონიმოს ადვოკატები მოითხოვდნენ, რომ გოგონასთვის დაევალდებულებინათ ფსიქოლოგიური მკურნალობის გავლა, სანამ დახმარებით სიკვდილის ნებართვა მიეცემოდა, და სისტემას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ არ ამოწურა ყველა შესაძლო თერაპიული გზა შეუქცევადი პროცესის დაწყებამდე.

    მთელი პროცესის განმავლობაში ხერონიმოს კონსულტაციას უწევდა კათოლიკური ჯგუფი „ქრისტიანი ადვოკატები“.

    კატალონიის სასამართლომ პროცედურა დროებით შეაჩერა და შვიდი თვის შემდეგ ნოელია სასამართლოს წინაშე წარსდგა. მან განაცხადა, რომ რელიგიური ჯგუფების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა – მისი თქმით, ცენტრში, სადაც ცხოვრობდა, ოთახი სავსე იყო ნახატებით, ჯვრებითა და რელიგიური სიმბოლოებით.

    ნოელია დედასთან ერთად

    სასამართლომ ნოელიას მხარი დაუჭირა. თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა: გადაწყვეტილება რამდენიმე ინსტანციაში გაასაჩივრეს. კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინეს, რომ ნოელია კასტილიო აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და შეეძლო დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება. საბოლოოდ, 10 მარტს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ უარყო “ქრისტიანი ადვოკატების“ შუამდგომლობა პროცესის დროებით შეჩერების შესახებ.

    „ვხვდები, რომ ის მამაა და არ სურს შვილის დაკარგვა,“ – ამბობდა ნოელია კასტილიო ინტერვიუში და დასძენდა, რომ მათ შორის ახლო ურთიერთობა არ ყოფილა.

    ევთანაზია ესპანეთში

    ევთანაზიის შესახებ კანონი ესპანეთში 2021 წელს მიიღეს.

    ხელმისაწვდომი ბოლო ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს დახმარებით სიკვდილის 426 მოთხოვნა იქნა დამტკიცებული.

    კატალონიის „ღირსეული სიკვდილის უფლების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ქრისტინა ვალესმა  სააგენტო EFE-სთან კომენტარში განაცხადა, რომ ევთანაზიის ლეგალიზაციის შემდეგ ამ უფლებით ქვეყანაში დაახლოებით 1300 ადამიანმა ისარგებლა.

    “ქრისტიანი ადვოკატების“ ჯგუფმა ნოელიას გარდაცვალების კომენტირებისას პლატფორმა X-ზე, გააკრიტიკა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი მონიკა გარსია, რომელმიც ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღების ვადების შემცირების ინიციატივით გამოვიდა.

    „ევთანაზია არ უნდა იქცეს სწრაფ გამოსავლად იმ სიტუაციებში, სადაც არ არის საკმარისი მოვლა, მხარდაჭერა ან რეალური ალტერნატივები,“ — აცხადებს ორგანიზაცია.

  • ტრამპმა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები ხუთი დღით გადადო, რათა თეირანთან მოლაპარაკებები გამართოს

    ტრამპმა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები ხუთი დღით გადადო, რათა თეირანთან მოლაპარაკებები გამართოს

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა ხუთი დღით გადაედოთ ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები, რათა თეირანთან მოლაპარაკებები გამართონ.

    როგორც თეთრი სახლის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-მა და ირანმა გამართეს „ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების „სრული და ყოვლისმომცველი მოგვარების“ საკითხზე.

    „ამ ღრმა, დეტალური და კონსტრუქციული მოლაპარაკებების ხასიათისა და ტონის გათვალისწინებით, რომლებიც კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მე დავავალე თავდაცვის სამინისტროს ხუთი დღით გადადოს ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე,“ — დაწერა ტრამპმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

    ირანი უარყოფს, რომ შეერთებულ შტატებთან რაიმე დიალოგი არსებობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დონალდ ტრამპი დაადანაშაულეს იმაში, რომ ცდილობს მსოფლიო ენერგომატარებლების ფასების შემცირებას, რათა დრო მოიგოს თავისი სამხედრო გეგმების განსახორციელებლად.

    „ირანის ისლამური რესპუბლიკა რჩება საკუთარ პოზიციაზე და უარყოფს ნებისმიერი სახის მოლაპარაკებას მანამ, სანამ ომის ფარგლებში დასახულ მიზნებს არ მიაღწევს,“ — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც CBS News ციტირებს.

    ირანულმა მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ტრამპმა უკან დაიხია სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ ირანის მუქარების ფონზე.

    ამ ცნობების შემდეგ Fox News-ის წამყვანმა მარია ბარტირომომ ეთერში განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს და მან უთხრა, რომ „ირანს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა“.

    ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო მოლაპარაკებები თეირანთან წინა ღამით გაიმართა, და ამერიკული მხრიდან მათში მონაწილეობდნენ სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და სხვა ოფიციალური პირები.

    AFP-სთვის მიცემულ მოკლე კომენტარში ტრამპმა თქვა, რომ ირანთან დაკავშირებული საქმეები „ძალიან კარგად მიდის“, წერს სააგენტო.

    Axios-ის ცნობით, წყაროებზე დაყრდნობით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლები არიან თურქეთი, ეგვიპტე და პაკისტანი.

    მათი ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ცალ-ცალკე მართავდნენ მოლაპარაკებებს ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან.

    მოგვიანებით, ფლორიდიდან გაფრენამდე ჟურნალისტებთან საუბარში, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანში „მთავარ ფიგურასთან“, თუმცა არა უმაღლეს ლიდერ მოჯტაბა ხამენეისთან.

    მან ასევე ახსენა „ახლო აღმოსავლეთის პარტნიორები“ და აღნიშნა, რომ ისინი „მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განხილვებში“.

    „თუ ყველაფერი კარგად წავა, საბოლოოდ ამ საკითხს მოვაგვარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უბრალოდ გავაგრძელებთ დაბომბვას სრული ძალით,“ — დაამატა მან.

    ისრაელის სამხედროებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ აგრძელებენ თეირანზე დარტყმების განხორციელებას.

    აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ უკვე სამ კვირაზე მეტია გრძელდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე. ირანმა ფაქტობრივად დაბლოკა ორმუზის სრუტე — ნავთობის ტრანსპორტირების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი, რომლის გავლით ჩვეულებრივ გადის მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდებების დაახლოებით 20%. ამან მთელ მსოფლიოში საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

    ორშაბათს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს.

    ტრამპის განცხადებამ ნავთობის ფასების მყისიერი ვარდნა გამოიწვია. კერძოდ, Brent-ის მარკის ნავთობი 13%-ით გაიაფდა — დაახლოებით 96 დოლარამდე ბარელზე. FTSE 100 ინდექსი 0.5%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მანამდე 2%-ზე მეტით იკლებდა.

    აზიური ბაზრები, რომლებიც ტრამპის განცხადებამდე დაიხურა, პირიქით, მნიშვნელოვნად დაეცა: იაპონიის Nikkei 3.5%-ით შემცირდა, ხოლო სამხრეთ კორეის Kospi — 6.5%-ით. იაპონია და სამხრეთ კორეა ამ კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებს შორის არიან, რადგან ძლიერ არიან დამოკიდებული ნავთობისა და გაზის იმ მიწოდებებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ორმუზის სრუტით გადის.

    კვირას ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმით დაიმუქრა 48 საათში, თუ თეირანი არ გახსნიდა ორმუზის სრუტეს.

    ამის საპასუხოდ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ სრუტეს სრულად დახურავდა „მანამ, სანამ განადგურებული ელექტროსადგურები არ აღდგება“.

    ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სრუტე კვლავ ღიაა ყველა გემისთვის, მათ გარდა, ვინც „ირანის მტრებთან“ არის დაკავშირებული.

    დონალდ ტრამპის ბოლო საათებში გაკეთებული განცხადება, შესაძლოა, ოპერაცია „Epic Fury“-ის („ეპიკური რისხვა“) დაწყებიდან ყველაზე შემრიგებლური იყო — თუმცა ის კვლავ უპასუხოდ ტოვებს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას.

    მიუხედავად იმისა, რომ მან ისაუბრა ირანთან „ძალიან კარგ და პროდუქტიულ“ მოლაპარაკებებზე, ეს ინფორმაცია ირანის მხრიდან არ დადასტურებულა და მისი სიტყვები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ აგრესიულ რიტორიკას, რომელიც მხარეებმა შაბათ-კვირას გამოიყენეს.

    გარდა ამისა, უცნობია, კონკრეტულად რას ეხებოდა ეს მოლაპარაკებები. შესაძლოა საუბარი იყო ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე, ურანის გამდიდრებაზე ან უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტაზე – პერსპექტივაზე, რომლის ალბათობაც ტრამპმა პარასკევს თავადვე შეამცირა.

    ასევე შესაძლებელია, რომ ეს ორმუზის სრუტეს უკავშირდებოდეს, თუმცა ირანს საჯაროდ ჯერ არ განუცხადებია მზადყოფნა, გახსნას იგი ნავიგაციისთვის. ექსპერტების უმეტესობა ასეთ სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რადგან სრუტეზე კონტროლი ირანის მთავარი ბერკეტია ამ კონფლიქტში.

    ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტი ფლორიდაში იმყოფება, თუმცა მოგვიანებით ორშაბათს მემფისში გაემგზავრება, სადაც დანაშაულთან ბრძოლის თემაზე სიტყვით გამოვა.

    მიუხედავად ამისა, მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა მიპყრობილია ამ მოლაპარაკებების ნებისმიერ ახალ განცხადებაზე ან დეტალზე და იმაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მომავალში.

    მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საკმაოდ ყოვლისმომცველად ჟღერს, საჭირო იქნება მთელი რიგი იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებმაც ამჟამინდელ ვითარებამდე მიგვიყვანა.

    გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმიდან (სამ კვირაზე მეტი გავიდა) წარმოიშვა — პირველ რიგში, ირანის მიერ ორმუზის სრუტის ფაქტობრივი დახურვა და სხვა ქმედებები, რომლებმაც მსოფლიო ეკონომიკა ქაოსში ჩააგდო — არსებობს რამდენიმე საკვანძო მიმართულება, რომელთა ნაწილი განხილული იყო ამერიკელ და ირანელ წარმომადგენლებს შორის ჟენევაში გამართულ ბოლო მოლაპარაკებებზე, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

    ირანის მიერ ურანის გამდიდრება: დათანხმდება თუ არა თეირანი გამდიდრებაზე მკაცრ შეზღუდვებს და გადასცემს თუ არა იმ 440 კილოგრამ მაღალგამდიდრებულ ურანს, რომელიც ჯერ კიდევ მის განკარგულებაშია?

    ბალისტიკური რაკეტები: ბოლო სამმა კვირამ ბევრი რამ გვაჩვენა ირანის სარაკეტო პოტენციალზე. ისევ იგივე კითხვა დგას — დათანხმდება თუ არა თეირანი შეზღუდვებს?

    რეგიონული საქმიანობა: ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში პროქსი ძალებისა და მოკავშირეების მხარდაჭერა არასტაბილურობის მთავარი წყაროა. ნებისმიერი ყოვლისმომცველი შეთანხმება უნდა შეეხოს ირანის მხარდაჭერას „ჰეზბოლას“, ჰამასის, ჰუთების და ერაყში მოქმედ შიიტური ჯგუფების მიმართ.

    თუ აშშ-სა და ისრაელს სწორედ ამ მიმართულებებში სურთ პროგრესის დანახვა, ირანიც მოითხოვს დათმობებს და, შესაძლოა, კვლავ საკმარისად ძლიერიც იყოს, რომ ეს მოითხოვოს. პრიორიტეტებში იქნება სანქციების მოხსნა, ასევე ირანში რეჟიმის შეცვლის შესახებ ყველა საუბრის შეწყვეტა.

  • ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის „შეკვეცა“ დააანონსა,  თუმცა მედია ახალი ძალების გაგზავნაზე წერს

    ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის „შეკვეცა“ დააანონსა, თუმცა მედია ახალი ძალების გაგზავნაზე წერს

    დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა მალე დასრულდეს ირანის წინააღმდეგ ოპერაცია, რომელიც აშშ-მ და ისრაელმა სამი კვირის წინ დაიწყეს. ამავე დროს, მედია იუწყება, რომ პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში გზავნის სამ ხომალდს და 2000-ზე მეტ საზღვაო ქვეითს, ხოლო თეირანმა საშუალო რადიუსის ორი რაკეტა გაუშვა აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი ბაზის — დიეგო გარსიას მიმართულებით, რომელიც ირანიდან თითქმის 4 ათასი კილომეტრით არის დაშორებული.მედიის ცნობით, ეს წარუმატებელი შეტევა განხორციელდა მანამდე, სანამ ბრიტანეთი აშშ-ს მიერ მისი ბაზების გამოყენების შესაძლებლობებს გააფართოებდა.

    „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, ამიტომ განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შეკვეცის შესაძლებლობას“, — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

    მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა: „მე არ მსურს ზავის დადება“. „ზავს არ დებენ მაშინ, როცა ფაქტობრივად ანადგურებენ მეორე მხარეს“, — აღნიშნა მან.

    შაბათის ღამეს ისრაელმა ახალი დარტყმები მიიტანა თეირანსა და ბეირუთზე. საუდის არაბეთმა, ქუვეითმა და ისრაელმა კვლავ განაცხადეს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდების შესახებ.

    ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ შაბათის შეტევების წინ მათ გაავრცელეს ევაკუაციის გაფრთხილება ბეირუთის სამხრეთ გარეუბნების შვიდ რაიონში. პარასკევს ისრაელმა ორი მასშტაბური ავიადარტყმის ტალღა მიიტანა თეირანსა და ცენტრალურ ირანზე, ხოლო თავად ისრაელი ირანის მხრიდან მრავალრიცხოვანი სარაკეტო შეტევების სამიზნე გახდა.

    პოლიციის ინფორმაციით, პარასკევს ირანული რაკეტის ნამსხვრევები იერუსალიმის ძველი ქალაქის მახლობლად ჩამოვარდა — ეს ადგილი წმინდაა ქრისტიანებისთვის, იუდეველებისთვის და მუსლიმებისთვის. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

    სიტუაცია ჰორმუზის სრუტეში

    „ჰორმუზის სრუტე უნდა იყოს დაცული და კონტროლირებადი იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც მას იყენებენ — შეერთებული შტატები ამას არ აკეთებს!“ — დაწერა ტრამპმა.

    „თუ მოგვმართავენ, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მაგრამ ეს საჭირო აღარ უნდა იყოს, როდესაც ირანის მხრიდან საფრთხე აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათთვის ეს რთული სამხედრო ოპერაცია არ იქნება.“

    აშშ-ის პრეზიდენტი უკვე ერთ კვირაზე მეტია ცდილობს საერთაშორისო კოალიციის შექმნას, რომელიც ჰორმუზის სრუტის კონტროლისთვის საბრძოლო ხომალდებს გაგზავნის. 28 თებერვლამდე სწორედ ამ სრუტით გადიოდა მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით მეხუთედი.

    შაბათისთვის სამხრეთ კორეა და ბაჰრეინი შეუერთდნენ განცხადებას „მზადყოფნის შესახებ, შეიტანონ წვლილი სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაში“. თავდაპირველად განცხადებას ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და იაპონიის ლიდერებმა, შემდეგ კი შეუერთდნენ კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, დანია, ლატვია, სლოვენია, ესტონეთი, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ჩეხეთი, რუმინეთი და ლიტვა.

    ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ზომები იქნება მიღებული საზღვაო მარშრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და როდის. გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ პირველ რიგში საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ტრამპთან საუბარს შაბათ-კვირას გეგმავს.

    შაბათს ცნობილი გახდა, რომ ირანი მზად არის დაუშვას ჰორმუზის სრუტეში იაპონიასთან დაკავშირებული გემების გავლა. ამის შესახებ სააგენტო Kyodo-ს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განუცხადა. როგორც Reuters აღნიშნავს, იაპონია თავისი ნავთობის დაახლოებით 90%-ს სწორედ ამ სრუტის გავლით იღებს.

    არაღჩის განცხადებაზე პასუხად იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა Kyodo-ს უთხრა, რომ „ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები ბლოკადის მოხსნის ყველაზე ეფექტური გზაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე, რათა არ მოხდეს აშშ-ის პროვოცირება და დაამატა, რომ თუნდაც იაპონურ გემებს სრუტეში გადაადგილების უფლება მიეცეთ, ეს მიმდინარე ენერგეტიკულ კრიზისს სრულად ვერ მოაგვარებს.

    ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ცდილობს მიწოდების გაზრდასა და ფასების შემცირებას, განაცხადა, რომ 30 დღით გააუქმებს სანქციებს, რათა შესაძლებელი გახდეს ირანული ნავთობის — დაახლოებით 140 მილიონი ბარელის  გაყიდვა, რომელიც ომის გამო ტანკერებში იყო გაჭედილი. მანამდე ვაშინგტონმა ერთი თვით შეაჩერა სანქციები მსგავსი მოცულობის რუსულ ნავთობზეც.

    აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა X-ზე დაწერა, რომ ირანს გაუჭირდება ამ შემოსავლებზე წვდომა, რადგან ლიცენზია „მკაცრად შემოიფარგლება უკვე გზაში მყოფი ნავთობით და არ ითვალისწინებს ახალ შესყიდვებს ან მოპოვებას“.

    „ფაქტობრივად, ჩვენ ირანულ ნავთობს თეირანის წინააღმდეგ გამოვიყენებთ, რათა ფასების ზრდა შევაკავოთ“, — განაცხადა მან.

    მედია წერს ამერიკული სამხედროების გადაგზავნაზე

    Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პენტაგონი დამატებით გზავნის ახლო აღმოსავლეთში სამ ხომალდს და 2000-ზე მეტ საზღვაო ქვეითს.

    სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ რეგიონში გაიგზავნება დაახლოებით 2500 საზღვაო ქვეითი, ასევე სადესანტო ხომალდი Boxer და მასთან დაკავშირებული საბრძოლო გემები.

    Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების თითქმის ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ტრამპი გასცემს ბრძანებას სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე, თუმცა მხოლოდ 7% უჭერს ასეთ ნაბიჯს მხარს.

    მანამდე Reuters-ის წყაროები ამბობდნენ, რომ შესაძლო სამიზნეებად განიხილება ირანის სანაპირო ან კუნძული ხარკი, რომლის გავლით ექსპორტდება ირანის ნავთობის დაახლოებით 90%. მათი თქმით, ჯარების გაგზავნის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

    ხუთშაბათს ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ „ჯარებს არსად აგზავნის“ და დაამატა: „რომც ვაკეთებდე ამას, თქვენ ნამდვილად არ გეტყოდით“.

    CBS-ის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები უკვე დეტალურად ემზადებიან ირანში შესაძლო სახმელეთო ძალების გადასროლისთვის. არხის წყაროების მიხედვით, პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენლები უკვე აყენებენ კონკრეტულ მოთხოვნებს მსგავსი ოპერაციების დაგეგმვასთან დაკავშირებით.

    ტრამპის ადმინისტრაცია ასევე ამუშავებს სტრატეგიებს ირანის ბირთვული მასალების ამოსაღებად — CBS-ის ცნობით, გეგმები ფოკუსირებულია სპეციალური ოპერაციების ერთობლივი სარდლობის ძალების შესაძლო გამოყენებაზე.

    ბრიტანეთმა აშშ-ს მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

    პარასკევს ბრიტანეთის მთავრობამ აშშ-ს მისცა ნებართვა გამოიყენოს ბრიტანეთში არსებული სამხედრო ბაზები ირანის სარაკეტო დანადგარებზე დარტყმისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გემებს უტევენ.

    დაუნინგ-სტრიტის განცხადებით, პარასკევს მინისტრები შეიკრიბნენ ირანთან ომისა და სრუტის ბლოკირების საკითხის განსახილველად.

    „მათ დაადასტურეს, რომ აშშ-ის მიერ ბრიტანული ბაზების გამოყენების შეთანხმება რეგიონში კოლექტიური თავდაცვის ფარგლებში მოიცავს თავდაცვით ოპერაციებს ირანის სარაკეტო სისტემების წინააღმდეგ და იმ შესაძლებლობების შესუსტებას, რომლებიც გამოიყენება ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

    მანამდე ლონდონი აშშ-ს აძლევდა უფლებას გამოეყენებინა ბაზები მხოლოდ იმ ოპერაციებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავდა ირანის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების თავიდან აცილებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა ბრიტანულ ინტერესებს ან ადამიანთა სიცოცხლეს.

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე დაწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „საფრთხის ქვეშ აყენებს ბრიტანელების სიცოცხლეს, როცა აშშ-ს აძლევს უფლებას გამოიყენოს ბრიტანული ბაზები ირანის წინააღმდეგ აგრესიისთვის“.

    ომის დასაწყისში სტარმერმა უარი თქვა აშშ-ის თხოვნაზე, ბრიტანული ბაზები გამოეყენებინათ ირანზე დარტყმებისთვის და განაცხადა, რომ საჭირო იყო სამხედრო მოქმედებების კანონიერების შეფასება. თუმცა მოგვიანებით მან შეცვალა პოზიცია, მას შემდეგ რაც ირანმა დარტყმები მიიტანა ბრიტანეთის მოკავშირეებზე ახლო აღმოსავლეთში. შედეგად, აშშ-ს მიეცა უფლება გამოიყენოს RAF Fairford-ის ავიაბაზა ინგლისში და დიეგო გარსია — ამერიკა-ბრიტანეთის ერთობლივი ბაზა ინდოეთის ოკეანეში.

    თეირანის შეტევა დიეგო გარსიაზე

    ამავე დროს, Wall Street Journal წერს, რომ ირანმა ორი საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა დიეგო გარსიის ბაზის მიმართულებით, რომელიც ირანის სანაპიროდან თითქმის 4 000 კილომეტრით არის დაშორებული. წყაროების თქმით, ერთ-ერთი რაკეტა ზღვაში ჩავარდა, ხოლო მეორე ამერიკულმა გამანადგურებელმა SM-3 ტიპის გადამჭერი რაკეტით გაანეიტრალა.

    დიეგო გარსიას ავიაბაზა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ობიექტია აშშ-ისთვის — აქ განთავსებულია მძიმე ბომბდამშენები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ოპერაციებისთვის გამოიყენება. BBC-ის ცნობით, ირანმა მართლაც გაუშვა რაკეტები ამ ერთობლივი ბრიტანულ-ამერიკული ბაზის მიმართულებით.

    შეტევა წარუმატებელი იყო და განხორციელდა მანამდე, სანამ ბრიტანეთი ოფიციალურად გააფართოებდა აშშ-ის მიერ თავისი ბაზების გამოყენებას. CNN-ის ცნობით, რაკეტები პარასკევს დილით გაუშვეს.

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა:

    „ბრიტანელთა უმრავლესობას არ სურს მონაწილეობა მიიღოს ისრაელისა და აშშ-ის ომში ირანის წინააღმდეგ. საკუთარი ხალხის იგნორირებით, ბატონი სტარმერი საფრთხის ქვეშ აყენებს ბრიტანელების სიცოცხლეს.“

    ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია დიეგო გარსიაზე რაკეტების გაშვების შესახებ. „ირანის უპასუხისმგებლო თავდასხმები, რომლებიც მთელ რეგიონს აზარალებს და ჰორმუზის სრუტეს მძევლად აქცევს, საფრთხეს უქმნის ბრიტანეთის ინტერესებსა და მის მოკავშირეებს“, — განაცხადეს სამინისტროში.

    ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომ აშშ-მ ინდოეთის ოკეანეში მდებარე ბრიტანული ბაზიდან უკვე განახორციელა ბომბდამშენების გამოყენებით დარტყმები.

    აშშ-ის პრეზიდენტი ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ აკრიტიკებდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს იმის გამო, რომ ის არ უჭერდა მხარს ირანის წინააღმდეგ ოპერაციას. წინა დღეს ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო, წევრი ქვეყნები კი „მშიშრებად“ მოიხსენია.

    „აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! — დაწერა მან Truth Social-ზე. — ისინი ჩივიან ნავთობის მაღალ ფასებზე, რომელსაც იხდიან, მაგრამ არ სურთ დაეხმარონ ჰორმუზის სრუტის გახსნას — ეს ხომ მარტივი სამხედრო ოპერაციაა. მშიშრები არიან, და ამას დავიმახსოვრებთ“, — თქვა ტრამპმა.

    ხამენეის მიმართვა

    ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ნოვრუზთან — სპარსულ ახალ წელთან — დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.

    სახელმწიფო ტელევიზიით წაიკითხეს მისი ცხრა გვერდიანი წერილობითი გზავნილი, რომელიც ასევე ირანულ მედიაში გამოქვეყნდა, იუწყება BBC-ის სპარსული სამსახური.

    ხამენეის თქმით, ირანმა წელს სამი ომი გადაიტანა: ივნისში — ისრაელთან, მიმდინარე ომი და მესამე — პროტესტებთან დაკავშირებული დაპირისპირება, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მან თავისი მამის, ალი ხამენეის 28 თებერვლის გარდაცვალება „მოწამებრივი სიკვდილის ტრაგედიად“ და „საყვარელი ლიდერის“ დაკარგვად შეაფასა.

    ხამენეი-უმცროსმა, რომელიც საჯაროდ აღარ გამოჩენილა იმ დროიდან, რაც ისრაელის შეტევის შედეგად მისი მამა დაიღუპა, განაცხადა, რომ ირანელებმა ერთიანობითა და წინააღმდეგობით უპასუხეს და „მტერს დამაბნეველი დარტყმა მიაყენეს“.

    აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ ხამენეის ეს მიმართვა კითხვებს აჩენს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან ტრადიციულად მისი მამა ნოვრუზს ვიდეომიმართვით აღნიშნავდა.

    დარტყმა ნატანზის ბირთვულ ობიექტზე

    ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შაბათს დილით ირანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნატანზის ბირთვული ობიექტი კვლავ გახდა შეტევის სამიზნე.

    ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩატარდა „ტექნიკური და სპეციალიზებული შეფასებები“ რადიაციული დაბინძურების შესახებ და შედეგების მიხედვით „რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა არ დაფიქსირებულა და მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს“.

    ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ  განაცხადა, რომ თეირანმა დაადასტურა ობიექტზე შეტევა.

    მარტის დასაწყისშიც ირანი უკვე აცხადებდა ნატანზზე დარტყმის შესახებ. ივნისში აშშ-მ ბომბები ჩამოყარა სამ ბირთვულ ობიექტზე — ნატანზში, ფორდოში და ისფაჰანში — რის შემდეგაც ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შეტევები „სრულად ანადგურებდა“ ირანის ბირთვულ პროგრამას.

    ამავე დროს, ერაყში დრონის დარტყმის შედეგად დაზვერვის სამსახურის შტაბზე ერთი ოფიცერი დაიღუპა, იუწყება AFP და Reuters. ბაღდადში მდებარე ობიექტი შაბათს დილით გახდა შეტევის სამიზნე.