Category: მსოფლიო

  • “ჰორმუზის სრუტეში 16 ირანული დამნაღმველი გემი გავანადგურეთ” – აშშ-ს ცენტრალური  სარდლობა

    “ჰორმუზის სრუტეში 16 ირანული დამნაღმველი გემი გავანადგურეთ” – აშშ-ს ცენტრალური სარდლობა

    აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ გუშინ 10 მარტს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს 16 ირანული დამნაღმველი გემი გაანადგურა.

    “აშშ-ს ძალებმა 10 მარტს გაანადგურეს რამდენიმე ირანული სამხედრო-საზღვაო ხომალდი, მათ შორის 16 დამნაღმველი ჰორმუზის სრუტესთან ახლოს” – დაწერა აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე.

    მანამდე, CNN-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ ირანის რეჟიმმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნედლი ნავთობის თითქმის მეხუთედის გადაზიდვა ხდება.

  • რომის პაპმა გაათავისუფლა ეპისკოპოსი, რომელსაც 250,000 დოლარის მითვისებას ედავებიან

    რომის პაპმა გაათავისუფლა ეპისკოპოსი, რომელსაც 250,000 დოლარის მითვისებას ედავებიან

    რომის პაპმა ლეომ მიიღო სან-დიეგოს კათოლიკე ეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგომა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააკავა ეჭვის საფუძველზე, რომ მან თავისი ეკლესიის მრევლისგან 250,000 დოლარი მიითვისა, განაცხადა ვატიკანმა სამშაბათს.

    ეპისკოპოსი ემანუელ ჰანა შალეტა 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა ქალდეური კათოლიკური თემის მცირე საზოგადოებას კალიფორნიის ქალაქში.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, ორშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე მან არ აღიარა თავი დამნაშავედ მითვისებისა და ფულის გათეთრების 16 ეპიზოდში.

    სან-დიეგოს ოლქის პროკურორის მოადგილემ ჯოელ მადერომ განაცხადა, რომ სავარაუდო დანაშაულები 2024 წელს მოხდა და მათ შესახებ ეკლესიის ერთმა თანამშრომელმა შეატყობინა სამართალდამცველებს მას შემდეგ, რაც ფინანსური სახსრების დაკარგვა შენიშნა, იუწყება ადგილობრივი ABC-ის ტელეკომპანია KGTV.

    შერიფის ოფისის განცხადებით, ჰანა შალეტა 5 მარტს დააკავეს სან-დიეგოს საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის აშშ-ის დატოვებას ცდილობდა.

    ეპისკოპოსის ადვოკატმა ორშაბათის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჰანა შალეტა უბრალოდ დაგეგმილ მოგზაურობაში მიდიოდა გერმანიაში.

    ქალდეური კათოლიკეები აღიარებენ რომის პაპის ავტორიტეტს, თუმცა ღვთისმსახურებას ატარებენ აღმოსავლური ქრისტიანული ლიტურგიული წესით.

    ვატიკანის სტატისტიკის მიხედვით, სან-დიეგოში დაახლოებით 71,000 ქალდეური კათოლიკე ცხოვრობს.

  • ირანის ახალი სულიერი ლიდერი არჩეულია. რა ვიცით მოჯტაბა ხამენეის შესახებ და რას ნიშნავს მისი არჩევა

    ირანის ახალი სულიერი ლიდერი არჩეულია. რა ვიცით მოჯტაბა ხამენეის შესახებ და რას ნიშნავს მისი არჩევა

    კვირას საღამოს ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის ახალ უმაღლეს ლიდერად მოჯტაბა ხამენეი აირჩია.

    ის არის უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის ვაჟი, რომელიც მიმდინარე აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კამპანიის დაწყებისას დაიღუპა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა ექსპერტთა საბჭოს განცხადება:

    „მიუხედავად ომის დროის მძიმე პირობებისა და მტრის პირდაპირი მუქარებისა ამ ეროვნული ინსტიტუტის მიმართ, მიუხედავად ექსპერტთა საბჭოს სამდივნოს ოფისების დაბომბვისა, რამაც რამდენიმე თანამშრომლისა და დაცვის წევრის მოწამეობრივი სიკვდილი გამოიწვია, საბჭოს არც ერთი წამით არ შეუწყვეტია ისლამური სისტემის ხელმძღვანელობის არჩევისა და წარდგენის პროცესი.“

    რა არის ცნობილი მოჯტაბა ხამენეის შესახებ?

    მოჯტაბა ხამენეი დაიბადა 1969 წლის 8 სექტემბერს ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მეშჰედში. ის არის ალი ხამენეის ექვსი შვილიდან მეორე. საშუალო განათლება მან მიიღო თეირანში მდებარე რელიგიურ სკოლაში „ალავი“.

    ირანული მედიის ცნობით, 17 წლის ასაკში მოჯტაბა რამდენჯერმე მონაწილეობდა მოკლევადიან სამხედრო სამსახურში ირან-ერაყის ომის დროს. ამ რვაწლიანმა სისხლიანმა კონფლიქტმა კიდევ უფრო გააძლიერა ირანის რეჟიმის უნდობლობა აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ, რომლებიც იმ პერიოდში ერაყს უჭერდნენ მხარს.

    1999 წელს მოჯტაბა გადავიდა ქალაქ ქომში — ირანის წმინდა ქალაქში, რომელიც შიიტური თეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ითვლება — რათა რელიგიური განათლება გაეგრძელებინა. საინტერესოა, რომ მან მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სასულიერო ტანსაცმლის ტარება.

    მამისგან განსხვავებით, მოჯტაბა ხამენეი ძირითადად ჩრდილში მდგომი ფიგურა იყო.
    მას არასოდეს ეკავა სახელმწიფო თანამდებობა და არც საჯარო გამოსვლები ან ინტერვიუები ჰქონია.  საჯაროდ ხელმისაწვდომია მისი მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის ფოტო და ვიდეო.

    თუმცა დიდი ხანია არსებობს ინფორმაცია, რომ მას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, როგორც ადამიანს, რომელიც აკონტროლებდა მის მამასთან – უმაღლეს ლიდერთან  წვდომას.

    აშშ-ის დიპლომატიურ დეპეშებში, რომლებიც WikiLeaks-მა 2000-იანი წლების ბოლოს გამოაქვეყნა, მოჯტაბა აღწერილია როგორც „ძალაუფლება სასულიერო სამოსის უკან“.

    Associated Press-ის ცნობით, ირანის ხელმძღვანელობაში მას „უნარიან და მტკიცე ლიდერად“ მიიჩნევდნენ.

    სააგენტო როიტერი წერს, რომ ხამენეის ვაჟის მემკვიდრედ არჩევით ირანის სასულიერო ხელმძღვანელობა ტრამპს დაუპირისპირდა.

    რეგიონული ოფიციალური პირების თქმით, ეს ნაბიჯი პირდაპირი პასუხია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომელმაც  თქვა, რომ ხამენეის ვაჟი „მიუღებელი კანდიდატია“.

    ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, კონფლიქტის დაწყების დღესვე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტყმის შედეგად დაიღუპა. ომი ახლა უკვე მეორე კვირაშია შესული.

    მოჯტაბას დანიშვნა უმაღლესი ლიდერის პოსტზე ექსპერტთა საბჭოს მიერ ფაქტობრივად ნიშნავს, რომ თეირანში ძალაუფლება კვლავ მკაცრი ხაზის მხარდამჭერების ხელში რჩება. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ირანის ომის მიმდინარეობა აშშ-სა და ისრაელთან და მისი შედეგები ახლო აღმოსავლეთის ფარგლებსაც გასცდეს.

    ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ალექს ვატანკამ თქვა:

    „მოჯტაბას მოსვლა იგივე სცენარის გაგრძელებაა. ეს დიდი დამცირებაა შეერთებული შტატებისთვის — ასეთი მასშტაბის ოპერაციის ჩატარება, ამდენი რისკის გაწევა და ბოლოს 86 წლის ადამიანის მოკვლა, რომელსაც მისივე მკაცრი პოზიციის მქონე ვაჟი ჩაანაცვლებს.“

     ირანის რთული თეოკრატიული სისტემის ფარგლებში უმაღლესი ლიდერი არის სახელმწიფოს საბოლოო ავტორიტეტი. ის განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას, აკონტროლებს ბირთვულ პროგრამას და მიმართულებას აძლევს არჩეულ პრეზიდენტსა და პარლამენტსაც.

    ანალიტიკოსების თქმით, მოჯტაბას არჩევა — რომელიც ცნობილია როგორც უკიდურესად მკაცრი სასულიერო პირი  და რომლის მეუღლე, დედა და ოჯახის სხვა წევრები აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპნენ, ერთმნიშვნელოვან სიგნალს აგზავნის:

    ირანის ხელმძღვანელობამ კომპრომისის ნებისმიერი შესაძლებლობა უარყო და ახლა ერთადერთ გზად დაპირისპირებას, შურისძიებასა და გამძლეობას მიიჩნევს.

    შიდა წყაროების თქმით, მოჯტაბას წინ ელოდება დიდი შიდა და საგარეო წნეხი — როგორც უკმაყოფილო მოსახლეობისგან, ისე მზარდი სამხედრო კონფლიქტისგან. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ ის სწრაფად შეეცდება ძალაუფლების კონსოლიდაციას.

    ეს სავარაუდოდ გულისხმობს:

    • ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისთვის (IRGC) უფრო ფართო უფლებამოსილებებს
    • შიდა კონტროლის გამკაცრებას
    • ოპოზიციისა და პროტესტის სასტიკ ჩახშობას

    ერთმა რეგიონულმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც თეირანის ხელისუფლებასთან არის დაახლოებული, Reuters-ს უთხრა:

    “მოჯტაბას სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ რკინის ხელი აჩვენოს…
    ომიც რომ დასრულდეს, ქვეყნის შიგნით მძიმე რეპრესიები გაგრძელდება.“

    ეს პოზიცია გაჩნდა მას შემდეგ, რაც ირანში უკვე თვეებია იზრდება შიდა არეულობა, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე სისხლიან პროტესტებს მოიცავდა.

    ომამდე ირანი უკვე სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა:

    • მძიმე ეკონომიკური კრიზისი
    • მაღალი ინფლაცია
    • ეროვნული ვალუტის გაუფასურება
    • მზარდი სიღარიბე
    • მკაცრი რეპრესიები, რამაც საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააძლიერა

    მოჯტაბას მმართველობის პერიოდში ქვეყანას წინ ელოდება:

    • უფრო მკაცრი შიდა კონტროლი
    • მოსახლეობაზე გაზრდილი ზეწოლა
    • კიდევ უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკა

    ამის შესახებ კიდევ ერთმა ირანელმა წყარომ განაცხადა, რომელიც ადგილზე არსებულ ვითარებას კარგად იცნობს.

    ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მკვლევარმა პოლ სეილემმა აღნიშნა, რომ მოჯტაბა არ არის ფიგურა, რომელიც შეეცდება შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან.

    „ახლა სცენაზე არავინ ჩანს, ვინც კომპრომისზე წავა. ეს არის მკაცრი არჩევანი, გაკეთებული მკაცრ მომენტში.“

    ირანის სასულიერო წრეებში – სადაც ამერიკას ხშირად „დიდ სატანას“ უწოდებენ — ხამენეის მკვლელობამ ის „მოწამის“ სტატუსამდე აიყვანა.

    სასულიერო პირებმა მოკლული ლიდერი გმირად წარმოაჩინეს და ის იმამ ჰუსეინს შეადარეს – შიიტურ ტრადიციაში თვითგანწირვისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს.

    ირანის საკითხების სპეციალისტმა და აშშ-ის ყოფილმა დიპლომატმა ალან აირმა თქვა:

    „მოჯტაბა მამაზე კიდევ უფრო მკაცრი ფიგურაა.ის რევოლუციური გვარდიის ფავორიტი კანდიდატი იყო. მას ბევრი შურისძიება აქვს განსახორციელებელი.“

    ეს ვითარება დიდ რისკებსაც ქმნის.ისრაელმა უკვე განაცხადა, რომ ხამენეის ნებისმიერი მემკვიდრეც შესაძლოა სამიზნე გახდეს, ხოლო ტრამპმა თქვა, რომ ომი შესაძლოა მხოლოდ მაშინ დასრულდეს, როცა ირანის სამხედრო ხელმძღვანელობა და მმართველი ელიტა მთლიანად განადგურდება.

    ახალი ლიდერი დიდი ხანია ეწინააღმდეგება რეფორმისტებს

    56 წლის მოჯტაბა ხამენეი — გავლენიანი საშუალო რანგის სასულიერო პირი — დიდი ხანია ეწინააღმდეგება რეფორმისტულ ჯგუფებს, რომლებიც დასავლეთთან თანამშრომლობას ემხრობიან.

    მისი ახლო კავშირები:

    • მაღალი რანგის სასულიერო პირებთან
    • ისლამური რევოლუციის გვარდიასთან

    მას მნიშვნელოვან გავლენას აძლევს როგორც პოლიტიკურ სისტემაში, ისე უსაფრთხოების სტრუქტურებში.

    ანალიტიკოსების თქმით, მოჯტაბამ გავლენა ჯერ კიდევ მამამისის მმართველობის პერიოდში მოიპოვა, როდესაც ის:

    • უსაფრთხოების აპარატში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა
    • აკონტროლებდა იმ ფართო ეკონომიკურ იმპერიას, რომელსაც ეს სტრუქტურები ფლობენ
    • მრავალი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ხამენეის „კარიბჭის მცველი“ და „მინი-უმაღლესი ლიდერი“ იყო

    მისი დანიშვნა ხდება იმ დროს, როცა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ ძლიერდება.

  • ისრაელი მოქალაქეებს აფრთხილებს საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ – მედია

    ისრაელი მოქალაქეებს აფრთხილებს საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ – მედია

    აზერბაიჯანული ონლაინ გამოცემა წერს, რომ ისრაელმა გაავრცელა გაფრთხილება სომხეთთან, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებით. ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამოაქვეყნა სამოგზაურო გაფრთხილება, რომელიც ეხება არაბთა გაერთიანებული საამიროების ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებს.

    როგორც Modern.az იუწყება, ამის შესახებ ინფორმაცია გავლენიანმა ისრაელურმა გამოცემა YNET-მა გაავრცელა.

    კერძოდ, მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევენ თავი შეიკავონ სომხეთში, საქართველოში და აზერბაიჯანში მოგზაურობისგან.

    შეგახსენებთ, რომ აშშ და ისრაელი 28 თებერვლიდან ირანის ტერიტორიას უტევენ. საპასუხოდ ირანი სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს ისრაელზე და რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.

    ისრაელ-ამერიკული თავდასხმის შედეგად ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ხამენეი და სხვა მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.

  • ტრამპი უარყოფს ირანთან მოლაპარაკებას. თეირანი ახალი ლიდერის არჩევისთვის ემზადება–მთავარი ამ დროისთვის

    ტრამპი უარყოფს ირანთან მოლაპარაკებას. თეირანი ახალი ლიდერის არჩევისთვის ემზადება–მთავარი ამ დროისთვის

    მთავარი 8 მარტს ირანის ომთან დაკავშირებით:

    • ტრამპის თქმით, ომმა შესაძლოა ირანის არმია და მმართველი ელიტა მთლიანად გაანადგუროს

    • ირანის მედიის ცნობით, ქვეყნის ახალი უმაღლესი ლიდერის არჩევის გადაწყვეტილება ახლოვდება

    • ირანის პრეზიდენტმა მეზობელ ქვეყნებს ბოდიში მოუხადა

    • ქუვეითში შენობას ცეცხლი გაუჩნდა, ოსლოში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

    • ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მომწოდებლებმა წარმოება შეამცირეს, ფასები გაიზარდა

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები არ აინტერესებს, რაც ზრდის ალბათობას, რომ ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც თეირანს აღარ ექნება მოქმედი არმია და ქვეყნის ხელმძღვანელობა სრულად განადგურდება.

    მას შემდეგ, რაც ტრამპი Air Force One-ზე ჟურნალისტებს ესაუბრა, აშშ-ის მოკავშირე ისრაელმა კვირა დილით ირანის სხვადასხვა ტერიტორიაზე ახალი დარტყმები დაიწყო. ომი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ქაოსი გამოიწვია და მსოფლიო ნავთობის ბაზარი შეარყია, უკვე მეორე კვირაში შევიდა.

    შესაძლოა ერთ მომენტში აღარავინ დარჩეს, ვინც იტყვის — ჩვენ ვნებდებით,“ — განაცხადა ტრამპმა.

    გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-მ და ისრაელმა განიხილეს სპეციალური დანაყოფების ირანში გაგზავნის შესაძლებლობა, რათა ომის მოგვიანებით ეტაპზე მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები უსაფრთხოდ აიღონ.

    შაბათს, როცა მას ჰკითხეს ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე, ტრამპმა თქვა, რომ ეს შეიძლება მოხდეს „შემდგომ ეტაპზე“.

    საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა განაცხადეს, რომ შაბათსა და კვირას დილით მათ ტერიტორიაზე ირანული დრონების შეტევები განხორციელდა. ქუვეითში მთავრობის შენობას მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა.

    ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა, რომელმაც მცირე დაზიანება გამოიწვია, თუმცა დაშავებულები არ ყოფილან. პოლიციის თქმით, ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება და ვინ დგას მის უკან.

    Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, საუდის არაბეთმა თეირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანის თავდასხმები სამეფოსა და მის ენერგეტიკულ სექტორზე გაგრძელდება,  საპასუხო ზომებს მიიღებს.

    როგორც ჩანს, სპარსეთის ყურის ქვეყნებში დაძაბულობის შემცირების მცდელობის ფარგლებში, ირანის პრეზიდენტმა მეზობელ სახელმწიფოებს ბოდიში მოუხადა იმ თავდასხმებისთვის, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ობიექტებზე განხორციელდა.

    მან ასევე ტრამპის მოთხოვნა ირანის უპირობო კაპიტულაციის შესახებ „ოცნებად“ შეაფასა, თუმცა თქვა, რომ ქვეყნის დროებითმა ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა მეზობელ სახელმწიფოებზე თავდასხმების შეჩერება, თუ ირანზე დარტყმები მათი ტერიტორიიდან არ განხორციელდება.

    პრეზიდენტ პეზეშქიანის განცხადებებმა ირანში პოლიტიკური დებატები გამოიწვია, რის შემდეგაც მისმა ოფისმა განმარტა, რომ ირანის სამხედროები მკაცრად უპასუხებენ აშშ-ის ბაზებიდან განხორციელებულ ნებისმიერ თავდასხმას.

    ირანის მედიის ცნობით, სასულიერო ორგანო, რომელიც ქვეყნის შემდეგი უმაღლესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა უკვე კვირას შეიკრიბოს, რათა გასულ კვირას მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელი აირჩიოს. სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, ექსპერტთა ასამბლეის წევრმა აიათოლა მოჰამედმეჰდი მირბაქერიმ განაცხადა, რომ კანდიდატზე საკმაოდ ფართო შეთანხმება უკვე მიღწეულია.

    ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანის რამდენიმე რაიონში ძლიერი აფეთქებები ისმოდა, ხოლო ისრაელმა განაცხადა, რომ შაბათს ირანის სარაკეტო ობიექტებზე, სამეთაურო ცენტრებზე და საწვავის საცავებზე დარტყმები განახორციელა.

    გაეროში ირანის წარმომადგენლის ამირ საიედ ირავანის განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად მინიმუმ 1,332 ირანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

    აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, შესაძლოა ამერიკულ ძალებს კავშირი ქონდეთ ირანში გოგონათა სკოლის დაბომბვასთან, რომლის შედეგადაც ბევრი ბავშვი დაიღუპა. თუმცა ტრამპმა,  განაცხადა, რომ ამაზე პასუხისმგებელი ირანია.

    აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა, რომელიც ტრამპის გვერდით იდგა Air Force One-ზე, თქვა, რომ საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

    ისრაელმა შაბათს ლიბანშიც ახალი დარტყმები განახორციელა, მას შემდეგ რაც ირანთან დაკავშირებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ საზღვრის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ისრაელმა გააფრთხილა ლიბანი, რომ ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, თუ ჰეზბოლას არ შეაკავებს. ორშაბათიდან ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა.

    ირანის სტრატეგიამ, რომელიც მაქსიმალური ქაოსის შექმნას ისახავს მიზნად, მნიშვნელოვნად გაზარდა კონფლიქტის ეკონომიკური ფასი:

    • გაიზარდა ენერგომატარებლების ფასები

    • დაზარალდა მსოფლიო ვაჭრობა და ლოგისტიკა

    • შეფერხდა ავიამიმოსვლა.

    ქუვეითის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ შაბათიდან დაიწყო წარმოების შემცირება, რაც დაემატა ერაყისა და კატარის მიერ უკვე განხორციელებულ შემცირებებს.

    ნავთობის ფასები მრავალწლოვან მაქსიმუმამდე გაიზარდა, რადგან კონფლიქტმა პრაქტიკულად ჰორმუზის სრუტის ფუნქციონირება შეაფერხა.

  • იმედია, EU-ში 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს ერთი ადამიანი არ დაბლოკავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემ  – ზელენსკი

    იმედია, EU-ში 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს ერთი ადამიანი არ დაბლოკავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემ – ზელენსკი

    ‘იმედია, EU-ში 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს ერთი ადამიანი არ დაბლოკავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემ” – ამის შესახებ, უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით.

    „ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს არ დაბლოკავს და უკრაინელ სამხედროებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემ. დაე, მას დაურეკონ და მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

    ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „უკრაინას აიძულებს, უნგრეთისთვის „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება განაახლოს“.

    „არანაირი შეთანხმება და კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. გარწმუნებთ, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს“, – აღნიშნა ორბანმა.

  • ვმობთ ირანის ტერორისტულ აქტს,  მოგვიხადონ ბოდიში! – ალიევი

    ვმობთ ირანის ტერორისტულ აქტს, მოგვიხადონ ბოდიში! – ალიევი

    “ვმობთ ირანის ტერორისტულ აქტს, მოგვიხადონ ბოდიში! ” – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის დრონებით იერიშს “ტერორისტული აქტი” უწოდა.

    “დღეს ირანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯს ტერორისტულ აქტს. ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა გააკეთონ ახსნა-განმარტება, ბოდიში მოუხადონ აზერბაიჯანულ მხარეს. ამ ტერორისტული აქტის ჩამდენი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ”, – თქვა ილჰამ ალიევმა.

  • აშშ-მა იპოვა და მოკლა იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც ტრამპის მკვლელობა სცადა – ჰეგსეთი

    აშშ-მა იპოვა და მოკლა იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც ტრამპის მკვლელობა სცადა – ჰეგსეთი

    3 მარტს აშშ-მა იპოვა და მოკლა იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა. ირანი პრეზიდენტი ტრამპის მოკვლას ცდილობდა, პრეზიდენტი ტრამპი კი ბოლოს იცინის.

    თქვა აშშ-ის ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა ბრიფინგზე.

  • ვიწყებთ ოპერაციების გაფართოებას ირანის  სიღრმეში და განვაგრძობთ სულ უფრო და უფრო ღრმა წერტილების დაბომბვას – გენერალი დენ კეინი

    ვიწყებთ ოპერაციების გაფართოებას ირანის სიღრმეში და განვაგრძობთ სულ უფრო და უფრო ღრმა წერტილების დაბომბვას – გენერალი დენ კეინი

     

     “ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვების მაჩვენებელი საბრძოლო მოქმედებების პირველ დღესთან შედარებით 86%-ით შემცირდა, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში კლებამ 23% შეადგინა. მათი ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენება საწყის დღეებთან შედარებით 73%-ით არის შემცირებული.ჩვენ ვიწყებთ ოპერაციების გაფართოებას ქვეყნის სიღრმეში და განვაგრძობთ ირანის ტერიტორიაზე სულ უფრო და უფრო ღრმა წერტილების დაბომბვას.   ჩვენ გავანადგურეთ ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის 20-ზე მეტი ხომალდი”.

    აცხადებს ამერიკის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების მეთაური, გენერალი დენ კეინი.

  • როცა ახალი ლიდერის ასარჩევად იკრიბებოდნენ, ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყა

    როცა ახალი ლიდერის ასარჩევად იკრიბებოდნენ, ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყა

     როცა ახალი ლიდერის ასარჩევად იკრიბებოდნენ, ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყა – აცხადებს Reuters-ი ირანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
     

    Fox News ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აცხადებს, ისრაელის ძალებმა ექსპერტთა შენობაზე იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ.ექსპერტთა ასამბლეა დაახლოებით 90 წევრისგან შედგება და ის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი.

    Fox News-ის ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გააჟღერა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მიანიშნებს, “თუ რა დონის სადაზვერვო ინფორმაცია აქვს ისრაელს ამ ომის ფარგლებში”.