Category: მსოფლიო

  • ბორელი: შეუძლებელია მილიონი ადამიანის გადასახლება 24 საათში

    ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელიმ, რომელიც პეკინში იმყოფება, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელის მოთხოვნა ჩრდილოეთ ღაზადან 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის შესახებ „სრულიად შეუსრულებელი იყო“.

    ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გუშინ  ღაზას სამხრეთით გაიქცა, მას შემდეგ რაც ისრაელმა ტერიტორიის დატოვება უბრძანა მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის დაწყებამდე.

    „ისეთ სიტუაციაში, როგორიც ღაზაშია, 24 საათში მილიონი ადამიანის გადაადგილება  მხოლოდ ჰუმანიტარულ კრიზისად შეიძლება ჩაითვალოს“, – თქვა ბორელმა ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ბოლო დღეს.

    ევროპული მხარდაჭერის მიუხედავად, მან ასევე გააფრთხილა ისრაელი, რომ ის ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

    ”პოზიცია ნათელია — როგორც ნებისმიერ  უფლებას[სახელმწიფოს თავდაცვის უფლებას], მასაც აქვს საზღვარი. და ეს ზღვარი არის საერთაშორისო სამართალი“–თქვა ბორელმა.

  • ისრაელმა ღაზას სექტორის მოსახლეობას შაბათს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ევაკუაცია შესთავაზა

    ისრაელმა ღაზას სექტორის მოსახლეობას მოუწოდა, შაბათს, ადგილობრივი დროით 10:00-დან 16:00 საათამდე, ღაზას სექტორის სამხრეთით ევაკუაცია მოახდინოს, ორი კონკრეტული მარშრუტით – დალდულისა და ალ-სანას მაგისტრალებით.

    ისრაელის არმიის წარმომადგენლის ავიჩაი ადრეის თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ამ გზით მგზავრობა სრულიად უსაფრთხო იქნება.

    მოწოდება ძირითადად ორი ქალაქის – ბეიტ ჰანუნისა და ხან იუნისის მცხოვრებლებს ეხება, რომლებიც შესაძლოა ისრაელის სახმელეთო ოპერაციის პირველი სამიზნე გახდეს.

  • ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური მურად აბუ მურადი მოკლულია–ისრაელის არმია

    ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ჰამასის ოპერაციულ ცენტრზე ღაზაში მოკლულია დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური, მურად აბუ მურადი.

    აბუ მურადი იყო ნაჰბას საჰაერო-სადესანტო სპეცრაზმის მეთაური და ისრაელის წყაროების მიხედვით, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის ერთ-ერთი ლიდერი და კოორდინატორი.

    ისრაელის სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მანამდე რამდენიმე ლიბანელი ბოევიკი მოკლეს, რომლებიც ცდილობდნენ ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას ქალაქ მარგალიოტის მახლობლად ლიბანის საზღვარზე.

    ისრაელის არმიის  ცნობით, ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლო თვითმფრინავები გამოიყენეს.

    ისრაელის არმიის განცხადებაზე პალესტინის მხარე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

    მოგვიანებით ისრაელის არმიამ ჰამასის კიდევ ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

  • POLITICO: ბლინკენმა გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას

    როგორც გამოცემა Politico წერს, აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა გასულ კვირას გააფრთხილა კანონმდებლების მცირე ჯგუფი, რომ მისი ოფისი თვალყურს ადევნებს შესაძლებლობას, რომ აზერბაიჯანი მალე შეიჭრას სომხეთში, იტყობინება ორი ადამიანი, ვინც საუბრის შინაარსს იცნობს.

    ეს მოწოდება მიუთითებს ადმინისტრაციის შეშფოთების სიღრმეზე აზერბაიჯანის ოპერაციების გამო ქვეყნის დასავლეთში სეპარატისტული რეგიონის წინააღმდეგ და კონფლიქტის გავრცელების შესაძლებლობაზე.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მანამდე მოუწოდა სომხეთს, გახსნას „დერეფანი“ მისი სამხრეთ საზღვრის გასწვრივ, რომელიც მატერიკულ აზერბაიჯანს ირანთან და მის ექსკლავთან აკავშირებს, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. ალიევი იმუქრებოდა, რომ საკითხის „ძალისმიერი გზით “ მოაგვარებდა.

    3 ოქტომბერს სატელეფონო საუბრისას, კანონმდებლებმა მოთხოვეს  ბლინკენს ალიევის წინააღმდეგ შესაძლო ქმედებები  სექტემბერში მისი ქვეყნის მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეჭრის საპასუხოდ, აცხადებენ ადამიანები, რომლებმაც დელიკატური საუბრის გახმაურება ანონიმურობის პირობით გადაწყვიტეს.

    ბლინკენმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენი ეძებს   აზერბაიჯანისთვის  პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობებს და არ აპირებს ხანგრძლივი შეთანხმების განახლებას, რომელიც აშშ-ს ბაქოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის საშუალებას აძლევს. მან დასძინა, რომ სახელმწიფო ხედავს უახლოეს კვირებში აზერბაიჯანის სამხრეთ სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას.

    ამის მიუხედავად, ბლინკენმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებების მიმართ ნდობა გამოთქვა დემოკრატ დეპუტატებთან, მათ შორის კალიფორნიის წარმომადგენლებს ნენსი პელოსისა და ანა ეშოუს და ნიუ ჯერსიდან ფრენკ პალონესთან საუბარში.

    კიდევ ორმა პირმა დაადასტურა, რომ ბრიფინგი გაიმართა აზერბაიჯანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა დეტალები არ აკონკრეტებენ.

    განცხადებაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა ამ ინფორმაციაზე, მაგრამ ხაზი გაუსვა დეპარტამენტის ერთგულებას „სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ და კონფლიქტის „პირდაპირი მოლაპარაკებების“ გზით გადაჭრის მიმართ.

    ასევე მნიშვნელოვანია უარის თქმის ვადის გაგრძელების გადავადების გადაწყვეტილება. ყოველწლიურად, 2002 წლიდან, შეერთებული შტატები გამოსცემდა უარის დოკუმენტს, რაც მას საშუალებას აძლევს, გვერდი აევლო  თავისუფლების მხარდაჭერის აქტის დებულებისთვის, რომელიც კრძალავს შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების გაწევას აზერბაიჯანისთვის სომხეთთან არსებული ტერიტორიული დავების ფონზე. უარის თქმის ვადა ივნისში ამოიწურა, თუმცა შტატებს მისი ვადის გაგრძელება აღარ მოუთხოვია, და არც განუმარტავს რატომ არ მოითხოვა.

    ბრიფინგის შემდეგ პალონემ საჯაროდ განაცხადა, რომ შეშფოთებულია სომხეთში აზერბაიჯანის გარდაუვალი შეჭრის შესაძლებლობით. „ალიევი წინ მიიწევს თავისი მიზნისკენ, დაეუფლოს სამხრეთ სომხეთს“, – დაწერა პალონემ ოთხშაბათს ტვიტერზე და ამტკიცებდა, რომ „მისი რეჟიმი გათამამდა მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში შეჭრის გამო უარყოფითი შედეგები პრაქტიკულად არ მიუღია.

    გასულ თვეში რეგიონში აზერბაიჯანის სამხედრო შეჭრამ აიძულა მთიანი ყარაბაღში მცხოვრები 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი გაქცეულიყო. ადგილობრივმა ლიდერებმა კაპიტულაცია მოახდინეს რუსეთის შუამავლობით და შეთანხმდნენ, რომ გაუქმდებოდა სამი ათწლეულის წინანდელი არაღიარებული სახელმწიფო. მას შემდეგ აზერბაიჯანულმა ძალებმა ყარაბაღის ათზე მეტი ყოფილი ლიდერი დააკავეს.

    20 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში ბლინკენმა თქვა, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებებით“ და თქვა, რომ „დავების გადასაჭრელად ძალის გამოყენება მიუღებელია“.

    მაგრამ მთიანი ყარაბაღი არ არის ერთადერთი ტერიტორიული დავა ორ კავკასიურ ქვეყანას შორის. ბაქოს მოითხოვს მარშრუტს ნახჩევანის ექსკლავამდე, რომელიც გაივლის სომხეთის სამხრეთ სიუნიქის რეგიონს, რომელიც აზერბაიჯანულად ცნობილია როგორც ზანგეზური და საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს ახალი საგზაო მარშრუტი  ირანის გვერდის ავლით გაიყვანოს.

    ალიევმა განაცხადა, „ჩვენ განვახორციელებთ ზანგეზურის დერეფანს, სურს თუ არა ეს სომხეთს“.

    „სომხეთში ეს აღიქმება როგორც ტერიტორიული პრეტენზიები და მოთხოვნა ექსტრატერიტორიული დერეფნის შესახებ“, – თქვა ოთხშაბათს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ანკარასა და ბაქოდან შეთანხმების მიღწევის მზარდი მოწოდების საპასუხოდ.

    სასაზღვრო დაძაბულობა დიდი ხანია არსებობს: აზერბაიჯანმა დაიწყო ტრანსსასაზღვრო შეტევა 2022 წლის სექტემბერში აღმოსავლეთ და სამხრეთ სომხეთში სტრატეგიული სიმაღლეების დასაკავებლად. სულ ახლახანს, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა „საპასუხო ზომები“  დრონის სავარაუდო შეტევის პასუხად.

    ოთხშაბათს მიცემულ ინტერვიუში ალიევის საგარეო პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა უარყო, რომ აზერბაიჯანს რაიმე პრეტენზია აქვს სომხეთის ტერიტორიაზე. მისი თქმით, კონფლიქტის რისკი დაბალია, რადგან „ბოლო ორი კვირა იყო ყველაზე მშვიდი კვირები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ისტორიაში.– წერს Politico.

  • ვისურვებდით გვეხილა ღაზადან გასასვლელი უსაფრთხო გზები – კირბი

    ისრაელის მოწოდებაზე ჩრდილოეთ ღაზას მაცხოვრებლების სამხრეთით ევაკუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

    ამერიკული ტელეარხის ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ მილიონი ადამიანი შეძლებს ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთით 24 საათში გადაადგილდეს, კირბიმ უპასუხა, რომ ეს რთული ამოცანაა:

    “ეს ძალიან მოკლე დროის პერიოდია ასეთი რაოდენობის ადამიანების გადაადგილებისთვის. ვაშინგტონს არ სურს ურჩიოს ისრაელს, რა აკეთოს ტაქტიკურ დონეზე, მაგრამ გვესმის, რა მიზეზებით ხელმძღვანელობს ისრაელის თავდაცვის არმია. გვესმის, რომ რის გაკეთებას ცდილობენ.. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ ცდილობენ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი შეამცირონ. ჩვენ ასევე ვისურვებდით გვეხილა ღაზადან გასასვლელი უსაფრთხო გზები, თუმცა ჯერჯერობით ისინი არ არსებობს.ჩვენ განვაგრძობთ ისრაელთან და ეგვიპტესთან ამ საკითხზე მუშაობა”. – ამბობს კირბი.

    მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ისრაელს ღაზას მოსახლეობისთვის უსაფრთხო ზონების შექმნაზე ესაუბრა და ისრაელის თანხმობა მიიღო. სააგენტო ფრანს პრესი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია რაიმე ტიპის უსაფრთხო ზონების შექმნაზე, სადაც სამოქალაქო მოსახლეობა შეძლებს გადასვლას და იქ დარჩება, სანამ ისრაელის მხრიდან უსაფრთხოების აღდგენის კანონიერი ოპერაციები დასრულდება. წყაროს თქმით, ისრაელი ამ მიდგომას მხარს უჭერს.

  • ”დრო რომ მოვა, ჩავერთვებით!” – “ჰეზბოლა“ მზად არის “ჰამასს“ შეუერთდეს ისრაელის წინააღმდეგ ომში

    ლიბანის რადიკალური შიიტური დაჯგუფება “ჰეზბოლა“ მზად არის ჰამასს დაუჭიროს მხარი ისრაელის წინააღმდეგ ომში, “როცა ამის დრო მოვა“ – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნაიმ კასემმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში პროპალესტინურ მიტინგზე გამოსვლისას.

    “ჩვენ სრულად მომზადებული ვართ და როდესაც მოქმედების დრო მოვა,  ჩავერთვებით!”. – თქვა ჰეზბოლას ლიდერის მოადგილემ, ნაიმ კასემმა ბეირუთის ქუჩებში მოწყობილი მსვლელობის დროს.

    მანამდე ისრაელ–ლიბანის საზღვარზე დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰაიანი “ჰეზბოლას“ ლიდერს, ჰასან ნასრალს შეხვდა.

    მან აღნიშნა, რომ გრძელდება “სამხედრო დანაშაულები ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ“, რაც აუცილებლად გამოიწვევს კოლექტიურ პასუხს წინააღმდეგობის ყველა მხარის მიერ“.
    ბევრი შიშობს, რომ ისრაელის ომი ჰამასთან ახალ მაშტაბებს მიიღებს, თუ მას “ჰეზბოლას“ ბოევიკები შეუერთდებიან.

  • ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთის მოსახლეობას 24 საათში ევაკუაციისკენ მოუწოდა. გაერო აპროტესტებს

    ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა ბრძანება ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრებთა ევაკუაციის შესახებ

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოუწოდეს ქალაქ ღაზას  ყველა მაცხოვრებელს, დატოვონ სახლები და  ანკლავის სამხრეთით გადავიდნენ, „მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

    “ისრაელის შეიარაღებული ძალები მოუწოდებს ღაზას ყველა სამოქალაქო პირს, საკუთარი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის დატოვონ სახლები და გადავიდნენ  ღაზას სექტორის სამხრეთით, როგორც ეს რუკაზეა ნაჩვენები“, – თქვა არმიის სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა ადრე დილით ტვიტერში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

    მანამდე გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ მაცხოვრებლებს ტერიტორიის უახლოესი 24 საათის განმავლობაში დატოვება უბრძანა

    გაერომ მიიღო ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლებს 24 საათის განმავლობაში ანკლავის სამხრეთით გადაადგილება უბრძანა, განაცხადა ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა.

    „გაერო კატეგორიულად ითხოვს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, თუ დადასტურდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ისედაც ტრაგიკული სიტუაციის კატასტროფულად გადაქცევა“, – თქვა მან.

    ბრძანება, რომელიც პარასკევს შუაღამისას გამოვიდა, ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს – მთელი ღაზას სექტორის მოსახლეობის ნახევარს, გაეროს მონაცემებით. ზოლის ჩრდილოეთით არის მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ღაზა.

    მისი თქმით, ისრაელის სამხედროებმა ღაზაში მომუშავე გაეროს ოფიციალური პირებს აცნობეს, რომ ბრძანება ასევე ეხება ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს და მის შენობაში მყოფებს, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებს.

    „გაერო შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი ტრანსფერი განხორციელდეს დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე“, დასძინა დუჟარიკმა.

    ისრაელი, როგორც ჩანს, ბოლო დღეებში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება,ხდება ჯარისკაცების, მძიმე არტილერიისა და ტანკების მასობრივი განლაგება ღაზას საზღვართან.

    პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას მართავს.

    ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაეროს რეაქციას ღაზას მაცხოვრებლების ევაკუაციის შესახებ სამარცხვინოდ უწოდებს.

    ისრაელის წარმომადგენელი გაეროში, გილად ერდანი, მკვეთრად გამოეხმაურა გაეროს განცხადებას, რომელშიც ორგანიზაცია ითხოვს ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის ევაკუაციის ბრძანების გაუქმებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

    „გაეროს პასუხი ისრაელის ღაზის მოსახლეობის ადრეულ გაფრთხილებაზე სამარცხვინოა! წლების განმავლობაში გაერო თვალს ხუჭავდა ჰამასის მიერ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შეიარაღებასა და გამოყენებაზე იარაღისა და მკვლელების თავშესაფრად. ახლა, იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭიროს ისრაელს, რომლის მოქალაქეებიც მოკლეს ჰამასის ტერორისტებმა, და რომელიც ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი მათთვის, ვინც არ არის ჩართული, ის ისრაელს ქადაგებებს უკითხავს“, – თქვა მან.

    დიპლომატის თქმით, გაერომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ბოევიკების მიერ აყვანილი მძევლების ისრაელში დაბრუნებაზე, ჰამასის დაგმობაზე და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე.

  • ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში 3600 ტერორისტული ობიექტი დაბომბა

    ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში 3600 სამიზნე დაბომბეს, 6000-ზე მეტი საბრძოლო მასალის გამოყენებით. მათი თქმით,  ბოლო რამდენიმე საათში დარტყმები მიიტანეს ჰამასის მეთაურებისა და ტერორისტული ჯგუფის რამდენიმე სხვა წევრის ადგილსამყოფელზე.

    IDF-ის ცნობით, ისინი თავს ესხმიან ღაზას სექტორში ჰამასის აქტივებს, მათ შორის სამხედრო ობიექტებს, იარაღის წარმოების ცენტრებსა და ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელობას.

  • ისრაელის ავიაკომპანია El Al 41 წლის განმავლობაში პირველად შეასრულებს ფრენას შაბათ დღეს, რათა რეზერვისტები ისრაელში ჩაიყვანოს

    Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის ავიაკომპანია El Al-მა გამოაცხადა, რომ 1982 წლის შემდეგ პირველად იფრენს  ებრაულ შაბათს, რათა  სამშობლოში დააბრუნოს ჯარში გაწვეული ისრაელელები, ასევე უსაფრთხოების პერსონალი და საზღვარგარეთ მყოფი მაშველები .

    რეზერვისტებს შაბათს უფასოდ გადაიყვანენ ნიუ-იორკიდან და ბანგკოკიდან ორი Boeing 787 თვითმფრინავით. ფრენის ხარჯებს თავად ავიაკომპანია და აშშ-ის ძირითადი ფინანსური ინსტიტუტები ანაზღაურებენ, ნათქვამია El Al-ის განცხადებაში.

    ათწლეულების განმავლობაში ElAl-ის თვითმფრინავები შაბათობით არ დაფრინავდნენ. კომპანია ამბობს, რომ შაბათის ფრენის აკრძალვაზე უარის თქმას ჰალაჩიური მხარდაჭერა აქვს: სამაშველო ფრენები განიხილება ებრაული სამართლებრივი პრინციპის ნაწილად, რომ სიცოცხლის გადარჩენა უპირატესია თითქმის ყველა სხვა რელიგიურ მოთხოვნაზე.

  • ისრაელის არმია ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება

    ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დაწყებული შეტევა დაბლოკილ პალესტინურ ანკლავში, მიზნად ისახავს გაანადგუროს ჰამასის უნარი, მართოს ღაზა.

    ”არმია ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება” – თქვა მან და დასძინა, რომ შაბათის შემდეგ დაღუპულია 222 ებრაელი ჯარისკაცი.

    იქნება თუ არა შემდეგი ეტაპი სახმელეთო ოპერაცია – ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჯერ შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია.

    ”ველოდებით რას გადაწყვეტს ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესაძლო სახმელეთო შეტევის შესახებ. გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერ მიღებული არ არის. მაგრამ ჩვენ ვემზადებით სახმელეთო მანევრისთვის, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული” – უთხრა ჟურნალისტებს არმიის წარმომადგენელმა რიჩარდ ხეხტმა.

    ამ დროისთვის ისრაელის არმიამ ათეულობით ათასი სამხედრო მოსამსახურე განალაგა ღაზას სექტორის საზღვართან და საჰაერო კამპანიას განაგრძობს, რომელიც ისრაელის განცხადებით ანკლავში ჰამასის ოპერატიული ცენტრების, ინფრასტრუქტურის და მეთაურობის გასანადგურებლად მიმდინარეობს.

    • “ჩვენ ვემზადებით ომის შემდეგი ეტაპებისთვის… რათა მზად ვიყოთ მრავალრიცხოვანი ოპერატიული მოქმედების გეგმებისთვის, გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში”.-განაცხადა რიჩარდ ხეხტმა.

    მისი თქმით, შესაძლო ოპერაცია  ჩატარდეს ჰაერიდან, თუმცა შეიძლება კომბინირებული იყოს – ზღვიდან და ჰაერიდან ერთდროულად.

    ისრაელი კვლავ ინარჩუნებს ღაზას სრულ ბლოკადას – შეწყვეტილია ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის მიწოდება.

    ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მიწოდება მანამ არ განახლდება, სანამ ჰამასის ბოევიკები ყველა მძევალს არ გაათავისუფლებენ, ვინც ღაზას სექტორში ჰყავთ დატყვევებული.

    • ისრაელის თავდაცვის ძალები კი აცხადებს, რომ ისინი ჰამასთან ომში არიან და არ არიან ვალდებული მათ მომარაგებაზე იზრუნონ:“დიახ, ჩვენ  კვლავ ყოველდღიურად ვიღებთ შეტევებს ჰამასის ტერორისტებისგან.ჩვენ არ მოვამარაგებთ ჰამასს არაფრით, არანაირი პროდუქტით. ჩვენ ჰამასთან ომში ვართ. ეს ომი მათ დაიწყეს.  ჩვენ არანაირი სამართლებრივი ვალდებულება არ გვაქვს, ჩვენი მტერი რამით მოვამარაგოთ. ისრაელის თავდაცვის ძალებს არჩევანი არ აქვს. ჩვენ საკუთარ ოჯახებს ვიცავთ“.