Category: მსოფლიო

  • ისრაელი ჰამასის ტერორისტებს ებრძვის და არა პალესტინელ მოსახლეობას – ნეთანიაჰუ

    მსურს, სრულიად ნათლად განვაცხადო, ისრაელი არ აპირებს ღაზის სამუდამოდ ოკუპაციას, ან მისი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლებას. ისრაელი ჰამასის ტერორისტებს ებრძვის და არა პალესტინელ მოსახლეობას და ჩვენ ამას საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით ვაკეთებთ. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეამცირონ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, ხოლო ჰამასი ყველაფერს აკეთებს, რომ მსხვერპლი მაქსიმალურად გაზარდოს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანურ ფარად გამოყენებით. ჩვენი მიზანია, გავათავისუფლოთ ღაზა ჰამასის ტერორისტებისგან და გავათავისუფლოთ ჩვენი მძევლები.

    განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

  • პენტაგონი: აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის ცუდად კონტროლდებოდა, თუმცა იარაღის დაკარგვის და გაჟონვის მტკიცებულებები არ არსებობს

    პენტაგონმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც აღიარა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარებისთვის თვალყურის დევნება და კონტროლი არასათანადოდ ხდებოდა.

    აშშ-ს თავდაცვის უწყების გენერალურმა ინსპექტორმა აღმოაჩინა, რომ თავდაცვის ჩინოვნიკებმა და დიპლომატებმა ვაშინგტონში და ევროპაში ვერ შეძლეს სწრაფად ან სრულად აღერიცხათ უკრაინაში გაგზავნილი თითქმის 40 000 ერთეული იარაღი, წერს New York Times, რომელიც ანგარიშს გაეცნო.

    პენტაგონის მოხსენებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები სათანადოდ არ ადევნებდნენ თვალყურს 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების  პორტატულ სარაკეტო სისტემებს, კამიკაძეების დრონებს და ღამის ხედვის აღჭურვილობას.

    ეს, ანგარიშის ავტორების თქმით, აჩენს შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მოპარული ყოფილიყო ან კონტრაბანდის საგანი გამხდარიყო.

    თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის დასკვნაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, არ არის მოყვანილი რაიმე მტკიცებულება ან ცნობა იმის შესახებ, რომ რომელიმე იარაღი არადანიშნულებისამებრ იქნა გამოყენებული პოლონეთში აშშ-ს სამხედრო ლოგისტიკის ცენტრში ან უკრაინის ბრძოლის ველზე  გაგზავნის შემდეგ, ხაზს უსვამს New York Times.

    „ჩვენი შეფასების სფერო არ იყო იმის დადგენა, მოხდა თუ არა ასეთი დახმარების გადამისამართება“, – ნათქვამია მოხსენებაში.

    ამავე დროს, პენტაგონი აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება უკრაინიდან შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღის გაჟონვის შესახებ.

    პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის დეპარტამენტს ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების ბოროტად გამოყენების ნიშნები არ უნახავს.

    ”ჯერჯერობით არ არსებობს სანდო მტკიცებულება უკრაინიდან შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული მოწინავე ჩვეულებრივი შეიარაღების უკანონო გაჟონვის შესახებ,” – თქვა მან.

    „ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ შემთხვევებს, როდესაც რუსეთი აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას, და საწინააღმდეგოს ამტკიცებს“, – განაგრძო რაიდერმა, „მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელები ამ შესაძლებლობებს იყენებენ ბრძოლის ველზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ეფექტურად იყენებენ მათ – სრულიად ცხადი მიზეზის გამო, რადგან რუსეთი  უკრაინის სუვერენიტეტის მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

  • პუტინი ამას არ დაასრულებს, სანამ ჩვენ არ დავასრულებთ მას! – ვოლოდიმირ ზელენსკი

    „ჩვენი მთლიანად ოკუპირება სურს. ხანდახან პარტნიორების გაუბედაობა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების, სწრაფი რეაგირების მხრივ, რუსეთის ფედერაციას გამბედაობასა და ძალებს მატებს.

    რუსეთის პრეზიდენტი, ვიდრე უკრაინას არ დაანგრევს, არ დამშვიდდება. უკრაინის შემდეგ მშვენივრად იცით თუ ვის აქვს შემდგომი რისკები. უნდა გვესმოდეს, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა შეიძლება იყონ შემდეგი, თუ ჩვენ ვერ გავძლებთ…

    მათ [რუსებმა] ფინეთზე დაიწყეს ლაპარაკი, უზბეკეთის დამოუკიდებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ის ამას არ დაასრულებს, სანამ ჩვენ ერთად არ დავასრულებთ მას“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ეკვადორის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ [ვიდეო]

    ეკვადორში,  ქალაქ გუაიაკილში ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში პირდაპირ ეთერში  ნიღბიანი, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.თავდამსხმელებმა, არხის თანამშრომლები მიკროფონებს მოაშორეს და იატაკზე დააწვინეს, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.

    ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ “საშინაო შეიარაღებული კონფლიქტი” გამოაცხადა და პოლიციას მისცა ბრძანება, უვნებელყონ კრიმინალური ჯგუფები, რომლებმაც ქვეყანაში არეულობა წამოიწყეს.

    ეკვადორის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ ტელევიზიის შენობა გაათავისუფლეს, ყველა შეიარაღებული პირი დააკავეს და მძევლები უვნებლები არიან. დაკავებულია 13 პირი.ეკვადორის გენერალური პროკურორის თქმით, ყველა დაკავებულს ბრალი ტერორიზმის მუხლით წაუყენეს.

    ამასთანავე, ტელევიზია TC-ს ერთ-ერთი თანამშრომელის თქმით, შეიარაღებულებ პირებს სურდათ, რომ ჟურნალისტებს მათი სიტყვები მედიით გაევრცელებინათ.

    ცნობისთვის, ეკვადორში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურის ციხიდან გაქცევისა და გაუჩინარების გამო 8 იანვარს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დედაქალაქ კიტოსა და გუაიკილის პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს.

    პატიმარი, მეტსახელად ფიტო, რომლის ნამდვილი სახელია ადოლფო მაკიას ვილამარი, კვირას დილით, როდესაც პოლიცია იმავე ციხის კომპლექსის სხვა საკანში მის გასაყვანად მივიდა, თავის საკანში აღარ იმყოფებოდა. “ფიტოს” გაუჩინარების შემდეგ, ეკვადორში პერიოდულად ისმის აფეთქებების ხმები, იტაცებენ პოლიციელებს და ციხეში ბუნტებს აწყობენ.

    ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული, ამასთანავე, დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

  • Bild: რუსული არმიის ზამთრის შეტევა ჩავარდა

    გერმანული გაზეთის Bild-ის კორესპონდენტი ჯულიან როპკე თვლის, რომ რუსული არმიის ზამთრის შეტევამ ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში მარცხი განიცადა.

    „გარდა ათასობით საკუთარი ჯარისკაცის დაღუპვისა და 400-ზე მეტი ჯავშანტექნიკის დაკარგვისა, მათ ვერაფერს მიაღწიეს“, წერს ჟურნალისტი პუბლიკაციაში სათაურით „ათასობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, პუტინის ზამთრის შეტევა ჩაიშალა“

    როპკეს თქმით, რომელიც ბრძოლის ველიდან უახლეს ვიდეოკადრებს ეყრდნობაა, რუსეთი „პრაქტიკულად ისევე შორს არის თავისი სტრატეგიული მიზნებისგან – ქალაქების კუპიანსკის აღებისგან ხარკოვის ოლქში და ავდეევკის აღებისგან დონეცკის რეგიონში – როგორც ამ გასული წლის ოქტომბერში, ანუ ზამთრის კამპანიების დასაწყისში.

    როგორც ჟურნალისტი წერს, ავდეევკას ჩრდილოეთით, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ გადალახონ სარკინიგზო ბილიკს სოფელ სტეპოვოიის მახლობლად. ”მათ ყოველდღიურად ანადგურებენ უკრაინული კამიკაძე დრონები და ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანები”, – ამბობს როპკე.

    მიუხედავად ათასობით დაღუპული სამხედრო მოსამსახურისა და ასობით დაკარგული ჯავშანტექნიკისა, რუსი სამხედროები ერთი კილომეტრითაც კი წინ არ წასულან საკუთარი ამოცანის მისაღწევად, როგორიც არის ავდეევკას ალყაში მოქცევა და აღება– დასძენს ის.

    კუპიანსკის ჩრდილოეთით, რუსული ჯარები  პატარა სოფელ სინკოვკას მახლობლად ჩარჩნენ. „აქაც კრემლის სატანკო ქვედანაყოფები ერთიმეორის მიყოლებით შედიან იმავე დანაღმულ ველში, კარგავენ მანქანების 100%-მდე და შემდგომში უამრავ ჯარისკაცს, რომლებსაც თავს ესხმიან უკრაინული დრონები“, – ნათქვამია სტატიაში.

    როპკე თვლის, რომ რუსეთის მასიური შეტევები ამ დროისთვის შეჩერებულია. თუ ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ათასობით სამხედრო მოსამსახურე და ასობით ტექნიკა მონაწილეობდა შეტევაში, უკვე დაახლოებით ერთი კვირაა ბრძოლის ველზე მხოლოდ მცირე შეტაკებები მიმდინარეობს, წერს ჟურნალისტი.

    „რუსეთს ალბათ რეზერვების შეგროვება სჭირდება, სანამ შეტევას განაახლებს“, განაგრძობს ის.

    ამავე დროს, Bild-ის ავტორი აღნიშნავს: „გაურკვეველი რჩება, რამდენ ხანს შეძლებს უკრაინა ასეთი აქტიური თავდაცვითი მოქმედებების შენარჩუნებას და კიდევ რამდენი საბრძოლო მასალა ექნება მას“. ის ასევე იხსენებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ ცხადყო, რომ უკრაინის მხარდაჭერის დონე მომავალში მნიშვნელოვნად შემცირდება.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ ორიოლის ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

    რუსეთში, ორიოლის ოლქის ქალაქ ორელში, ნავთობსაცავზე დრონებით შეტევა იყო. უკრაინული მედია იუწყება, რომ ოპერაცია უკრაინის დაზვერვამ ჩაატარა.

    ორიოლის ოლქის გუბერნატორის ანდრეი კლიჩკოვის განმარტებით, კამიკაძე-დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა ცეცხლი, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

    მოგვიანებით კლიჩკოვმა განაცხადა, რომ ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე 3 ადამიანი დაშავდა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინამ ასევე მიიტანა იერიში ბელგოროდის ოლქსზეც.

  • რუსეთის გაყინული აქტივები საკმარისი იქნება უკრაინის აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად – კულება

    „ეს მოხდება 100%-ით, საკითხავია რა მოცულობით. რადგან არსებობს სამი ელემენტი: თავად გაყინული აქტივები, შემოსავალი მათგან და გადასახადები ამ შემოსავლებზე. გაყინული აქტივები საკმარისია ჩვენი აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად. ჩვენ შევძლებთ სკოლების, საავადმყოფოების, ინფრასტრუქტურის აღდგენას იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელმაც გაანადგურა ისინი.[…]ჩვენ უნდა შევქმნათ ყოვლისმომცველი სისტემა სამართლებრივი საკითხების გადასაჭრელად და ფინანსური მექანიზმები. ეს არის კომპლექსური სამართლებრივი, მარეგულირებელი და ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რადგან ეს არის ყველაზე ბუნებრივი გადაწყვეტილება“,

    განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება El Pais-თან ინტერვიუში.

  • ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა

    78 წლის ასაკში ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა.

    გერმანული გამოცემა ოჯახზე დაყრდნობით წერს, რომ ბეკენბაუერი კვირას, 7 იანვარს გარდაიცვალა.

    ფრანც ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად 1972, 1976 წლებში. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში.

    მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ გახდა მწვრთნელი. სხვადასხვა წლებში წვრთნიდა გერმანიის ეროვნულ ნაკრებს და მიუნხენის ბაიერნს.

  • 23 წლის, ცნობილი უკრაინელი მფრინავი “ლურჯი ჩაფხუტი” დაიღუპა 

    უკრაინაში,საბრძოლო დავალების შესრულებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების 114-ე ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის 23 წლის პილოტი, ვლადისლავ ზალისტოვსკი, მეტსახელად  “ლუჯი  ჩაფხუტი” (Blue Helmet) დაიღუპა. ის ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო, სასწავლებელმა ასევე დაადასტურა მისი დაღუპვა.

    ვლადისლავ ზალისტკოვსკი MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი იყო.

    • “ვერცერთი ჩვენგანი ვეღარ  იხილავს ახალ ლურჯი_ჩაფხუტის ვიდეოებს. ვლადისლავი ჩვენი ცის დასაცავად დაიღუპა, თუმცა ის მხოლოდ 23 წლის იყო. უბრალოდ დაფიქრდით ამ რიცხვზე 23 წელი, და ის იყო MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი და უკვე ჰქონდა ათობით საბრძოლო გაფრენა შესრულებული. ქედს ვიხრი მის წინაშე და პატივს ვცემ, როგორც ნამდვილ მებრძოლ პილოტს, რომელიც დაიღუპა უკრაინის დასაცავად!” – წერს მისი თანამებრძოლი მეტსახელად Air Fighter “ინსტაგრამზე”.
  • ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს რომ დაღუპულთა რიცხვი 23 000-ს აღემატება

    ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23 000-ს აღემატება.

    „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 23 084-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 58 926-ს აღწევს.

    სამინისტროს ცნობით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 249 ადამიანი დაიღუპა და 510 დაშავდა.