Category: მსოფლიო

  • დროთა განმავლობაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთ-თურქეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატი პერსპექტიული გახდება – ლავროვი

    დროთა განმავლობაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთ-თურქეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატი პერსპექტიული გახდება – ლავროვი

    ” კარგად ვიცით, რომ დასავლელი მეგობრების “კეთილი რჩევები” ყოველთვის არსებობს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, და ეს რჩევები ზოგჯერ აღიქმება პროცესის ამა თუ იმ მონაწილეს მიერ.  მაგრამ ის ფაქტი, რომ დასავლეთის რჩევები ყოველთვის მიმართულია არა რეგიონის ქვეყნებს შორის მათი ინტერესების ბალანსზე დაფუძნებული შეთანხმებების მოძიებაზე, არამედ მათი გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობაზე, ასევე ყველასთვის ცნობილია.[…] ჩვენ შევთავაზეთ უფრო აქტიურად განვითარდეს თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის – სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო და მათი სამი უახლოესი მეზობელი – რუსეთი, თურქეთი და ირანი. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს ფორმატი გახდება პერსპექტიული, მით უმეტეს, რომ ის არ იქნება დამოკიდებული გლობალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ის თავისუფალია ჰეგემონიის შესანარჩუნებელი გეოპოლიტიკური თამაშებისგან, რომელსაც ახლა ავითარებს ვაშინგტონი ბრიუსელში პარტნიორებთან ერთად”

    ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, შემეჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

  • ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი: ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ რუსეთთან ომი უახლოეს 20 წელიწადში დაიწყება

    ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰოლანდიელმა ადმირალმა რობ ბაუერმა თქვა, რომ ალიანსმა თავისთავად  ნაგულისხმევად არ უნდა მიიღოს, რომ ის გააგრძელებს მშვიდობიან ცხოვრებას და უნდა მოემზადოს რუსეთთან ომისთვის, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს რიგით ადამიანებზე.

    ბაუერის  განცხადებების უფრო სრული ციტირება ბრიტანული Daily Telegraph-ის პარასკევის გამოცემაში (paywall) მოხდა , რომელმაც მთავარ გვერდზე გამოიტანა სათაური: „ნატო გვაფრთხილებს რუსეთთან ომის შესახებ მომდევნო 20 წლის განმავლობაში“.

    „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მშვიდობიან მდგომარეობაში ცხოვრება თავისთავად და გარანტირებულად არ მოხდება. და ამიტომ ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის. მაგრამ დებატები გაცილებით ფართოა. ეს არის ინდუსტრიული ბაზა, მაგრამ ასევე ადამიანები, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ისინი გარკვეულ როლს ასრულებენ“, – ციტირებს ბაუერს Telegraph-ის კორესპონდენტი.

    მან შეაქო შვედეთის ხელისუფლება იმის გამო, რომ ის მოქალაქეებს აფრთხილებს ომისთვის მზადების აუცილებლობის შესახებ. „აქედან უნდა დავიწყოთ. იმის გაცნობიერებიდან, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი იდეალურად არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ადმირალმა.

    მომავალ კვირას ნატო იწყებს ფართომასშტაბიანი წვრთნები Steadfast Defender 2024, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 90 ათასი ჯარისკაცი (მათ შორის 20 ათასი ბრიტანელი). ეს წვრთნები მაისამდე გაგრძელდება.

  • მიუნხენის აეროპორტში არნოლდ შვარცნეგერი დააკავეს

    ცნობილი მსახიობი და კალიფორნიის ექსგუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს. როგორც CNN წერს შვარცნაგერის დაკავების მიზეზი გერმანიის ტერიტორიაზე არადეკლარირებული ძვირადღირებული საათის შეტანა გახდა.

    CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მსახიობი Audemars Piguet-ის ძვირადღირებული საათის გაყიდვას ავსტრიაში დაგეგმილ საქველმოქმედო აუქციონზე გეგმავდა, რომელიც ხვალ, 19 იანვარს უნდა გაიმართოს. თუმცა, მიუნხენის აეროპორტის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მსახიობმა საათს დეკლარირება არ გაუკეთა და არც შესაბამისი საბაჟო გადასახადი გადაიხადა, რასაც ევროკავშირის კანონი ითვალისწინებს.

    საბაჟოს განცხადებით, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი სამი საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც გაათავისუფლეს და ავსტრიაში გამგზავრების ნება დართეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, შვარცნეგერმა გერმანიაში გამართულ კლიმატის ცვლილების აუქციონში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ხოლო შემდეგ გეგმავს ავსტრიაში სათხილამურო ღონისძიებაზე დასწრებას.

  • 4 წლის გოგონამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა – მან ევერესტის, 5 364 მეტრის სიმაღლეზე მდებარე, საბაზო ბანაკამდე მიაღწია

    4 წლის ჩეხმა გოგონამ, ზარა შიფრამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც ევერესტის 5 364 მეტრის სიმაღლეზე მდებარე, საბაზო ბანაკამდე მიაღწია.

    ზარა შიფრა ჩეხეთისა და კანადის მოქალაქეა და მალაიზიაში ცხოვრობს.

    4 წლის გოგონა, ევერესტის საბაზო ბანაკში 7 იანვარს, მამასა და 7 წლის ძმასთან ერთად ავიდა. ოჯახმა 6 დღეში გაიარა.

    საბაზო ბანაკში 1 იანვარს ძლიერი ყინვა იყო -20-დან -25 °C-მდე.

    ზარას მამა, დევიდ შიფრა ამბობს, რომ მთელი გზის  განმავლობაში ამოწმებდა შვილების სისხლში ჟანგბადის დონეს და ამბობს, რომ ზარას სისხლში ჟანგბადის დონე  90%-ზე დაბლა არ დაცემულა. კარგი ფიზიკური მონაცემების წყალობით, ზარამ აკლიმატიზაცია საშუალო დონეზე გაიარა და რამდენიმე მოლაშქრესაც გადაუსწრო გზაში.

    ზარას მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს კარგი ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი. მალაიზიაში ბავშვი რეგულარულად დადის ლაშქრობებში და ცივ წყალში ბანაობს.

    ზარა, ევერესტის საბაზო ბანაკამდე ასვლამდე, მალაიზიის ჯუნგლების უკიდურესად რთულ პირობებში 5-10 კილომეტრს გადიოდა. 2023 წელს მან, ჯუნგლებში, 2200 კილომეტრი გაიარა.

    ზარა მიჩვეული იყო სიცივეს, რადგან მშობლების თქმით, ის მხლოდ ყინულის აბაზანებს იღებს.
    სავარაუდოდ  ამიტომაც არ ჰქონდა მას სიცივის პრობლემა.

    მანამდე ეს რეკორდი 5 წლის ინდოელმა ბიჭმა, პრიშა ლოკეშ ნიკაჯომ დაამყარა, რომელიც 2023 წელს ავიდა ევერესტის საბაზო ბანაკში.

  • პუტინი ომს განასახიერებს, ის არასდროს შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი დღესვე დავოსში ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა.

    ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, დღეს უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვა და დისტანციური შესაძლებლობები.

    პირისპირ შეხვედრების შემდეგ ზელენსკიმ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, წელს მიღებულ უნდა იქნას მტკიცე გადაწყვეტილება რუსული აქტივების ჩამორთმევისთვის, რათა ის უკრაინის აღდგენას და ომისგან დაცვას მოხმარდეს. ზელენსკიმ თქვა, რომ სანქციები ვერ უშლის ხელს რუსეთს რაკეტები აწარმოოს და ის ფაქტი, რომ რუსეთის ბირთვული სექტორი ჯერ კიდევ არ არის შეზღუდვების ქვეშ, არის დასავლეთის სისუსტე.

    • „ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი უკვე 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის დაწყებიდან თითქმის 10 წელი გავიდა. პუტინი აგრძელებს იმ გზას, რაც მე-20 საუკუნეში უნდა დასრულებულიყო. ეს არის ომი, განადგურება და შიში, რომ კონფლიქტი არასოდეს დასრულდება. პუტინმა მშვიდობის 13 წელი წაიღო. ის არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მიმდინარეობს სხვადასხვა ომები და კონფლიქტები. და წარუმატებლად სრულდება მშვიდობის აღდგენის ყველა მცდელობა. ფაქტობრივად, პუტინი ომს განასახიერებს. პუტინი არ შეიცვლება, ის არასოდეს შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ. მსგავსი რეჟიმები იქამდე არსებობენ, სანამ ომის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ.“- ამბობს ზელენსკი. 

    ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველი გაყინული კონფლიქტი ადრე თუ გვიან კვლავ გაჩაღდება და აგრესორზე ზეწოლის შემცირება მხოლოდ ომს ახანგრძლივებს.

  • ყველას ეგონა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა მაგრამ უკრაინამ რუსეთი გააგდო მიტაცებული ტერიტორიების ნახევრიდან, უკან დაახევინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს – ლაიენი

    დავოსში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს გუშინ საღამოს უკრაინის პრეზიდენტი შეუერთდა, სადაც დღეს  ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მათ განიხილეს უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები და შეთანხმდნენ უკრაინის კანონმდებლობის სკრინინგის დაწყებაზე. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გზაზე.

    ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ზელენსკისთან შეხვედრამდე მოუწოდა დავოსში შეკრებილ ლიდერებს განაგრძონ უკრაინის დახმარება, რადგან უკრაინელებს სჭირდებათ პროგნოზირებადი დაფინანსება 2024 წლის და შემდგომი წლების განმავლობაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დასავლეთმა არ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელსაც სჭირდება იარაღის საკმარისი და მდგრადი მიწოდება ქვეყნის დასაცავად და მისი კანონიერი ტერიტორიების დასაბრუნებლად:

    ”რუსეთის სტრატეგიული მიზნები ჩავარდა. და ეს პირველ რიგში არის სამხედრო მარცხი. ნუ დაგვავიწყდება, რომ როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ყველას ეგონა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, დანარჩენი უკრაინა კი რამდენიმე კვირაში.

    მაგრამ ეს არ მოხდა. სამაგიეროდ რუსეთმა დაკარგა მისი სამხედრო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი. უკრაინამ რუსეთი გააგდო მიტაცებული ტერიტორიების ნახევრიდან.
    უკრაინამ უკან დაახევინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და ხელახლა გახსნა საზღვაოსნო კორიდორი, რომ მარცვლეული მიაწოდოს მსოფლიოს. უკრაინამ შეინარჩუნა მისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მარცხი განიცადა რუსეთის ეკონომიკამ. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას წვდომა წაართვა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, რუსეთი დამოკიდებული გახდა ჩინეთზე. და ბოლოს, მარცხი განიცადა რუსეთის დიპლომატიამ. ფინეთი შეუერთდა ნატოს. მალე შვედეთიც შეუერთდება და უკრაინა, უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია ამ ომში გამარჯვება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი ბრძოლის გაძლიერება”. – განაცხადა, ლაიენმა.

  • ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინაა, როცა გინდა ოპონენტს ცხვირში უთავაზო.. – კულება ლავროვზე

    “ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გრძნობ, რომ გინდა ოპონენტს ცხვირში უთავაზო, მაგრამ ამის გაკეთება არ შეგიძლია. ეს მე 2-3-ჯერ დამემართა და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც 2022 წლის გაზაფხულზე ანტალიაში ლავროვს შევხვდი,”

    ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, უკრაინელ ბლოგერთან არაფორმალურ ინტერვიუში განაცხადა.

  • ამ ომში ის გაიმარჯვებს, ვინც ყირიმს გააკონტროლებს – ბენ ჰოჯესი

    ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.[…]ს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ჩემი აზრით, ის მოიგებს ამ ომს. არა მგონია, უახლოეს მომავალში მოხდეს სახმელეთო შეტევითი ოპერაცია ნახევარკუნძულზე, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს უკვე მოძველებული აზროვნების გზაა. ვგულისხმობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსული ჯარისკაცებისთვის.[…]პირველი არის უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდი და მეორე არის ეგრეთ წოდებული სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროს გასწვრივ მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ორივე მარშრუტის მოჭრა. შორ მანძილზე ზუსტი სროლით“,

    ამის შესახებ გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯსმა გამოცემა Sestry-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • იარაღიც რომ დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ!სასწორზე ერის არსებობა დევს – კულება

    “თუ დასავლეთი ვერ შეძლებს რუსეთის შეჩერებას უკრაინაში, სხვას ვის შეუძლია შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში? იარაღი რომც დაგვმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის აქ სასწორზე ამ ერის არსებობა დევს”.

    ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ABC NEWS-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 6-მდე გაიზარდა.

    დაშავებულია 24 ადამიანი.

    ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, რზა ხუდიევმა განაცხადა, რომ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

    შედარებით მსუბუქი დაზიანებების მქონე ექვსი პაციენტი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია საგამოძიებო პროცესი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.