ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა. ადრე ეს თბილისი იყო, ახლა კი ერევანია. მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიაში ხელში ვინმეს ევროპული დროშა ეჭიროს. სომხეთი ლიდერობას იღებს და ვფიქრობ, მომავალში ქართველებისთვისაც სასარგებლო იქნება, თუ სომხეთი წარმატებას მიაღწევს და პრორუსული ძალები ვერ შეძლებენ ქვეყნის უკან, ძველ მდგომარეობაში დაბრუნებას.
მთავარი გადაწყვეტილების მიმღები თავად ქართველი ხალხია. ამიტომ, მოთმინება გვჭირდება. დღეს რეალობა ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს მუდამ არ გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ერის შინაგანი სული – მიუხედავად რეპრესიებისა და ყველაფრისა. მესმის, რამდენად რთულია ეს, მაგრამ ის შეცდომები რაც დაშვებული იქნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა ის, რასაც დღემდე აკეთებს, გარკვეულწილად ქართველი ერის შეცდომაც იყო – ბოდიშს ვიხდი ამის თქმისთვის. უნგრელებს 16 წელი დასჭირდათ ახალი გადაწყვეტილების მისაღებად და იმის გასააზრებლად, რომ შესაძლოა, შეცდომა დაუშვეს, როდესაც ადრე ორბანს აძლევდნენ ხმას.
ერთ ან ორ დღეში ასეთი ცვლილებები არ ხდება. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ გზა, დავრჩეთ ჩვენი ღირებულებების ერთგულნი და რეალობას თვალი გავუსწოროთ. არ უნდა დავთმოთ ის, რისიც გვჯერა. სწორედ ასე ვხედავ საქართველოში ხალხს – ისინი კვლავ იბრძვიან და მომავალის იმედი ჯერ კიდევ აქვთ. ეს მარტივი პროცესი არ არის. გარედან არავინ მოვა რეჟიმის შესაცვლელად. ვითარების შეცვლა მხოლოდ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს შეუძლია.
Category: მსოფლიო
-

ადრე სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქი თბილისი იყო, ახლა ეს ერევანია – იუკნევიჩიენე
-

კანადის არმიის რიცხოვნობა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება. მიზეზი მხოლოდ ტრამპი არ არის
ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ კანადა თავდაცვის დაფინანსებაში ჩამორჩებოდა. სულ რაღაც ორი წლის წინ კი ახალწვეულების მიღების მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ყველას აფრთხილებდა: შეიარაღებული ძალები „სიკვდილის სპირალში“ შედიოდა.
ახლა კანადის არმია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რეკორდული ტემპით იზრდება და ახალწვეულების რაოდენობამ ბოლო 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია. შესაძლოა, ქვეყანამ შეძლო პირადი შემადგენლობის ქრონიკული დეფიციტის დაძლევა — პრობლემის, რომელიც კანადის შეიარაღებულ ძალებს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ზრდა ხდება მსოფლიოში მსხვილი შეიარაღებული კონფლიქტებისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, ასევე იმ დროს, როდესაც კანადა მილიარდებს გამოყოფს ახალი სამხედრო დაფინანსებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ნატოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა.
ეს ასევე ემთხვევა ნაციონალიზმის არატიპურ ზრდას, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადას „51-ე შტატი“ უწოდა — კომენტარი ბევრმა კანადის სუვერენიტეტის მიმართ უახლოესი მეზობლის მხრიდან მუქარად აღიქვა.
კანადის გლობალური საკითხების ინსტიტუტის მკვლევარმა შარლოტა დიუვალ-ლანტუანმა, რომელიც კანადის სამხედრო კულტურას იკვლევს, აღნიშნა, რომ ახალწვეულების ბოლო ზრდის უკან შესაძლოა „ტრამპის ეფექტი“ იდგეს, თუმცა სამხედრო სამსახურში მიღების განაცხადების რაოდენობამ მკვეთრი ზრდა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო — დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
„როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ მსოფლიო ნაკლებად უსაფრთხო ხდება, რომ მათი ქვეყანა შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს… ჩვეულებრივ იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სამხედრო სამსახურში შესვლა სურს“, — თქვა მან.
დიუვალ-ლანტუანის აზრით, გლობალური კონფლიქტები ამ ზრდის ერთადერთი ფაქტორი არ არის. მისი თქმით, გარკვეული როლი ითამაშა ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალმა დონემაც, რომელიც კანადაში მარტში 14%-ს უახლოვდებოდა, ასევე გარანტირებული დასაქმებისა და უფრო მაღალი ხელფასების დაპირებამ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ სამხედროების ანაზღაურების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა გამოაცხადა ბოლო თაობის განმავლობაში.თანამდებობაზე გასულ წელს მოსვლის შემდეგ კარნიმ შეიარაღებული ძალები თავისი მთავრობის პრიორიტეტად აქცია და წარმოადგინა, როგორც თავად უწოდა, „ამბიციური“ გეგმა კანადის შეიარაღებული ძალების სწრაფი მოდერნიზებისა და გაფართოებისთვის.
მარტში მან განაცხადა, რომ კანადამ 1980-იანი წლების ბოლოდან პირველად ოფიციალურად მიაღწია ნატოს მიერ დადგენილ მიზანს — თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ის დახარჯვას, რაც ერთ წელიწადში 63 მილიარდზე მეტ კანადურ დოლარს, ანუ 46 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კარნი ასევე შეუერთდა ნატოს ვალდებულებას, 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 5%-მდე დაიხარჯოს.
კანადამ 2%-იან ნიშნულს მიაღწია ხელფასების ზრდის, ახალი აღჭურვილობის შესყიდვაზე აღებული ვალდებულებების, არსებული ბაზების მოდერნიზებისა და არქტიკაში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯზე.
ანალიტიკოსების აზრით, ახალი რეკრუტების მიუხედავად, კანადის შეიარაღებული ძალები მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავის მოკავშირეებს. ისინი აფრთხილებენ, რომ დამატებითი თანხები შედეგს მაშინვე ვერ გამოიღებს.
რიჩარდ შიმუკა, მაკდონალდ-ლორიეს ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი — ეს არის საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკური ცენტრი — ამბობს, რომ ამჟამად კანადის შეიარაღებულ ძალებს ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე ათასი ჯარისკაცისა და შეზღუდული რაოდენობის გამანადგურებლების განთავსება შეუძლიათ. შედარებისთვის, მისი თქმით, ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს საჭიროების შემთხვევაში 10 000 სამხედრო მოსამსახურის განთავსება შეუძლიათ.
„კანადის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა ამჟამად ძალიან დაბალ დონეზეა და ხუთი ან ათი წელი გავა, სანამ რეალურ აღმავლობას დავინახავთ“, — თქვა შიმუკამ.
შიმუკას აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის კანადის ისტორიული გადაჭარბებული დამოკიდებულება თავდაცვის საკითხებში აშშ-ზე — თავის მეზობელზე და მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ძალაზე.
აშშ-ის პრეზიდენტები და ოფიციალური პირები არაერთხელ ახდენდნენ ზეწოლას კანადაზე თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით, კრიტიკოსები კი კანადას „მუქთამჭამელს“ უწოდებდნენ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 2024 წელს კანადა დაადანაშაულა იმაში, რომ ის „ამერიკას კისერზე აზის“.
გასულ წელს ტრამპმა კანადა გამოყო, როგორც ნატოს ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავდაცვაზე საკმარის თანხას არ ხარჯავს. ივნისში მან ჟურნალისტებს უთხრა: „კანადა ამბობს: რატომ უნდა გადავიხადოთ, თუ აშშ უფასოდ გვიცავს?“გასულ წელს გამოქვეყნებული ალიანსის ანგარიშის თანახმად, კანადა კვლავ ნატოს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად გულუხვ წევრად რჩება — ჩამორჩება აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს — მიუხედავად იმისა, რომ 2%-იან მიზანს მიაღწია.
ნაკლები ბიუროკრატია და კეთილგანწყობილი მიღება უცხოელებისთვის
კანადის უნარი, უფრო მეტი ახალწვეული მიიზიდოს, იმის ნიშანია, რომ მდგომარეობა შესაძლოა თანდათან უმჯობესდება. კანადის თავდაცვის მინისტრმა დევიდ მაკგინტიმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ქვეყანამ შეიძლება პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების მიზნებს პროგნოზირებულზე ადრე მიაღწიოს.
სამხედროების წასვლის მაჩვენებელიც ოდნავ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2024 წელს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბილ ბლერი ამ მდგომარეობას „სიკვდილის სპირალად“ ახასიათებდა.
აპრილის ბოლოს კანადის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ფინანსურ წელს სამსახურში 7 000-ზე მეტი ადამიანი მიიღეს — ეს ახალწვეულების რაოდენობით ბოლო სამი ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანების საერთო რაოდენობიდან, რომლებმაც სამხედრო სამსახურში შესვლის სურვილი გამოთქვეს. კანადის თავდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, თებერვლის მდგომარეობით, კანადის შეიარაღებულ ძალებში მიღებაზე დადასტურებული განაცხადების რაოდენობა წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა — 21 700-დან 40 116-მდე გაიზარდა.
ეს მაჩვენებლები ასახავს იმ აპლიკანტების რაოდენობას, რომლებმაც საჭირო დოკუმენტები წარადგინეს სამსახურში მიღების უფლების დასადასტურებლად. განაცხადების საერთო რაოდენობა ბევრად უფრო მაღალი იყო და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 100 000-ს მიაღწია.
ეს მნიშვნელოვანი ნახტომია 2019–2020 წლებთან შედარებით, როდესაც განაცხადი დაახლოებით 36 000-მა ადამიანმა შეიტანა.
კანადის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა ტრევის ჰეინსმა BBC-ს უთხრა, რომ, მისი აზრით, მსურველთა რაოდენობის ზრდა დიდწილად იმით არის გამოწვეული, რომ სამხედროებმა ბიუროკრატიული პროცედურები გაამარტივეს.კანადის შეიარაღებულ ძალებს დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ განაცხადების სწრაფად განხილვას და კანდიდატების სამსახურში მიღებას. ცოტა ხნის წინ არმიამ განაცხადის პროცესის ზოგიერთი ელემენტი ციფრულ ფორმატზე გადაიყვანა — მათ შორის, დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა დაუშვა — პროცესის დასაჩქარებლად.
„ინტერესი ყოველთვის არსებობდა, — თქვა ჰეინსმა. — უბრალოდ, სისტემის გავლა რთული იყო“.
ბოლო წლებში რეკრუტირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახდა ის, რომ განაცხადის შეტანა შეუძლიათ კანადის მუდმივ რეზიდენტებსაც და არა მხოლოდ მოქალაქეებს. ეს ზომა 2022 წელს ამოქმედდა. გასულ წელს უცხოეთის მოქალაქეები ახალწვეულების დაახლოებით 20%-ს შეადგენდნენ.
ამჟამად კანადა თავისი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს: გეგმის მიხედვით, რეგულარული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 85 500-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო მობილიზაციის ძალები 300 000-მდე რეზერვისტით უნდა შეიქმნას.
დიუვალ-ლანტუანის თქმით, კანადას ასეთი მასშტაბის მობილიზაციის გეგმა 2004 წლის შემდეგ არ განუხორციელებია. ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანა ითვალისწინებს უკრაინაში მიმდინარე ომს, რომელიც, როგორც მან აღნიშნა, დიდწილად სწორედ უკრაინის სამხედრო პოტენციალის წყალობით გრძელდება.
კანადა, ისევე როგორც მისი ევროპელი მოკავშირეები, ცდილობს „მომავალი ომებისთვის მოემზადოს მიმდინარე ომის გაანალიზებით“, — თქვა მან.
-

ქალი, რომელიც ერთდროულად ორი კაცისგან დაორსულდა: როგორ არის ეს შესაძლებელი და რატომ ხდება ასე იშვიათად?
2018 წელს კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის პოპულაციური გენეტიკისა და იდენტიფიკაციის ლაბორატორიას მიმართა ქალმა, რომელსაც თავისი ორი წლის ტყუპი ვაჟის მამობის დადასტურება სურდა.
ლაბორატორიაში ჩაატარეს სტანდარტული მამობის ტესტი. შემდეგ ტესტი ხელახლა გაიმეორეს, რადგან შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა: ბიჭებს ერთი დედა ჰყავდათ, მაგრამ სხვადასხვა მამა.
ეს უკიდურესად იშვიათი ფენომენია, რომელსაც ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაცია ეწოდება — ანუ სხვადასხვა მამის მიერ სხვადასხვა კვერცხუჯრედის განაყოფიერება. მსოფლიოში, სამეცნიერო ლიტერატურაში, ადამიანებში ასეთი მხოლოდ დაახლოებით 20 შემთხვევაა აღწერილი.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ექსპერტებმა იცოდნენ, თეორიულად ეს შესაძლებელი იყო, პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არასდროს ჰქონიათ. ამან მაშინვე გააღვიძა მათი სამეცნიერო ინტერესი.
როგორ გაირკვა ეს
მამობის ტესტის ჩასატარებლად კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერები იყენებენ მიკროსატელიტური მარკერების ანალიზის მეთოდს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ბავშვის, დედისა და სავარაუდო მამის დნმ-ის ძალიან პატარა ფრაგმენტების შესწავლა და ერთმანეთთან შედარება.
„ჩვენ თითოეული ადამიანის დნმ-ს ვიღებთ, ვიკვლევთ 15-დან 22-მდე უბანს, რომლებსაც მიკროსატელიტები ეწოდება, და მათ ერთმანეთთან ერთიმეორის მიყოლებით ვადარებთ“, — უთხრა BBC Mundo-ს ლაბორატორიის დირექტორმა, პროფესორმა უილიამ უსაკენმა.
თუმცა ეს პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დნმ-ის უბრალოდ ძლიერი მიკროსკოპით დათვალიერება.
თითიდან სისხლის აღების შემდეგ მეცნიერები ქიმიური გზით გამოყოფენ დნმ-ს დანარჩენი კომპონენტებისგან.
შემდეგ დნმ-ს სპეციალურ მოწყობილობაში ათავსებენ მისი ამპლიფიკაციისთვის, ანუ დნმ-ის გარკვეული უბნების დამატებითი ასლების შესაქმნელად.მიღებულ სითხეს ფლუორესცენტულ საღებავებთან ურევენ, რათა მონიშნონ 15-დან 22-მდე მიკროსატელიტური უბანი, რომელსაც იკვლევენ.
ამის შემდეგ ნიმუშს ელექტროფორეზის მეთოდით აანალიზებენ — ეს მეთოდი დნმ-ის ფრაგმენტებს ზომის მიხედვით ყოფს. აპარატი აფიქსირებს ფლუორესცენტულ სიგნალებს და მათ რიცხვით მონაცემებად გარდაქმნის.
საბოლოოდ, ამ რიცხვითი თანმიმდევრობების გამოყენებით მკვლევრები ადგენენ, რამდენად სავარაუდოა, რომ შემოწმებული მამაკაცი ბავშვის მამაა.
როდესაც ბავშვის გენეტიკური პროფილის ნახევარი დედის პროფილს ემთხვევა, მეორე ნახევარი კი — სავარაუდო მამისას, მამობა დასტურდება.
უჩვეულო შედეგი
კოლუმბიელი ბიჭების შემთხვევაში მეცნიერებმა დედის, ორივე ბავშვისა და სავარაუდო მამის დნმ-ში 17 მიკროსატელიტი გააანალიზეს.
მათ აღმოაჩინეს, რომ მამაკაცის დნმ ემთხვეოდა ერთ-ერთი ბავშვის დნმ-ს, მაგრამ არა მეორისას.
„ლაბორატორიის დირექტორი უკვე 26 წელია ვარ და ეს პირველი ასეთი შემთხვევაა — და ჯერჯერობით ერთადერთი“, — ამბობს უსაკენი.
„სხვა კვლევებიდან ვიცოდით, რომ მსოფლიოში ასეთი რამ მართლაც ხდება, მაგრამ ასეთი მოვლენების სიხშირე უკიდურესად დაბალია“, — ამატებს ანდრეა კასასი, გენეტიკის ექსპერტი და კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტის მკვლევარი.
როგორც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, გუნდმა ტესტი თავიდან ბოლომდე ხელახლა ჩაატარა, რათა გამოერიცხათ შეცდომები, რომლებიც შეიძლება ნიმუშების დამუშავებისას ან მათი არევის გამო წარმოქმნილიყო. შედეგი ზუსტად იგივე აღმოჩნდა.
ტყუპებს სხვადასხვა მამა ჰყავდათ.
რატომ არის ასეთი შემთხვევები ასე იშვიათი
2014 წელს ბალტიმორის ამერიკული ლაბორატორიის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ 39 000 მამობის ტესტის მონაცემთა ბაზაში ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაციის მხოლოდ სამი შემთხვევა აღმოაჩინეს.
უსაკენი განმარტავს, რატომ გვხვდება ეს ბიოლოგიური მოვლენა ასე იშვიათად.
„პირველ რიგში, ქალს ორი სქესობრივი პარტნიორი უნდა ჰყავდეს. მეორე — მას ორივე მამაკაცთან სქესობრივი კავშირი ძალიან მოკლე დროის შუალედში უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს პოლიოვულაცია“, — ამბობს ის.
პოლიოვულაციის დროს ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ორი ან მეტი კვერცხუჯრედი გამოიყოფა.„და ბოლოს, ორივე კვერცხუჯრედი უნდა განაყოფიერდეს, — ამბობს უსაკენი. — ეს იშვიათი მოვლენაა, რომელსაც ემატება კიდევ ერთი იშვიათი მოვლენა, შემდეგ კიდევ ერთი და კიდევ ერთი. სამწუხაროდ, ლატარიას არ ვთამაშობთ“.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მამისგან დაბადებული ტყუპები არასდროს იქნებიან ერთმანეთის იდენტურები ისე, როგორც ერთკვერცხუჯრედიანი ტყუპები, რომლებიც ერთი კვერცხუჯრედისა და ერთი სპერმატოზოიდისგან ვითარდებიან.
მეცნიერებს, ეთიკური მიზეზების გამო, არ შეუძლიათ დეტალურად გამოკითხონ ადამიანები იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც ჰეტეროპატერნალურ სუპერფეკუნდაციამდე მიიყვანა.
პირადი ცხოვრება
უმეტეს შემთხვევაში, თუ ქალს ერთზე მეტი კვერცხუჯრედი გამოუთავისუფლდა და მხოლოდ ერთი მათგანი განაყოფიერდა, მეორე — ან დანარჩენები — სწრაფად ბერდებიან და კვდებიან.
ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც სუპერფეკუნდაცია ასე იშვიათად ხდება: მეორე განაყოფიერება უნდა მოხდეს მანამდე, სანამ გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი დაიღუპება.
აშშ-ის ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის მონაცემებით, კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გამოსვლის შემდეგ 24 საათზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს.
თუმცა ანდრეა კასასი განმარტავს, რომ კვერცხუჯრედები აუცილებლად ერთდროულად არ გამოიყოფა.
„ზოგჯერ ერთი საკვერცხე გამოყოფს ერთ კვერცხუჯრედს, ხოლო ორი ან სამი დღის შემდეგ — კიდევ ერთს“, — ამბობს ის.
მისი თქმით, ეს ზრდის სხვადასხვა დროს განაყოფიერების ალბათობას.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ასეთი ცოტა შემთხვევაა ცნობილი, ის არის, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მამობის ტესტს არ იტარებს.
გენეტიკის ინსტიტუტის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მომავალში ეს მოვლენა შეიძლება ნაკლებად იშვიათად ჩაითვალოს „თანამედროვე მოლეკულური მეთოდების ხელმისაწვდომობისა და მამობის ტესტების მზარდი პოპულარობის“ წყალობით.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს აინტერესებთ ჩასახვის გარემოებები ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაციის შემთხვევებში, სამეცნიერო კვლევის ეთიკა მათ არ აძლევს უფლებას, ტესტირებაში მონაწილე ადამიანებს პირად ცხოვრებაზე კითხვები დაუსვან.
„მამობის ტესტები ყოველთვის ტარდება ყველა ჩართული პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სრული პატივისცემით“, — განმარტავს უსაკენი.
-

ესპანეთი ჰანტავირუსით დაინფიცირებული გემის მისაღებად ემზადება: მიმდინარეობს „უპრეცედენტო ოპერაცია“ – the Guardian
ესპანეთის ხელისუფლებამ თითქმის დაასრულა სამზადისი ჰანტავირუსით დაინფიცირებული გემის, MV Hondius-ის მისაღებად. მათი განცხადებით, მიმდინარეობს „უპრეცედენტო ოპერაცია“ საკრუიზო გემის 149 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის შესამოწმებლად და თავის ქვეყნებში დასაბრუნებლად.
ნიდერლანდების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი, რომელიც არგენტინიდან კაბო-ვერდეს მიმართულებით მიდიოდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეს სანაპიროსთან, კვირას შუადღისას უნდა გამოჩნდეს.
ესპანეთის მთავრობასა და არქიპელაგის რეგიონულ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების
შედეგად გადაწყდა, რომ MV Hondius-ი ღუზას გრანადილიას პორტში ჩაუშვებს და ტენერიფეს ნავმისადგომთან არ მივა. მგზავრებს ბორტზევე შეამოწმებენ. მათ არ ექნებათ არანაირი კონტაქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან — გემიდან პირდაპირ გადაიყვანენ რეპატრიაციისთვის, ხოლო ბორტზე მყოფ ესპანეთის 14 მოქალაქეს მადრიდის სამხედრო ჰოსპიტალში კარანტინში გადაიყვანენ.„ეს არის უპრეცედენტო ოპერაცია საერთაშორისო ჯანდაცვის განგაშის საპასუხოდ, რომელშიც 23 ქვეყანაა ჩართული“, — განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მონიკა გარსიამ პარასკევს დილით სახელმწიფო რადიო RNE-სთან ინტერვიუში. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ესპანეთს მიანდო ეს ოპერაცია. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა — უზრუნველყოფთ სათანადო ჯანდაცვისა და ლოგისტიკურ მართვას“.
გარსიამ დაადასტურა, რომ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საკუთარ ქვეყნებში გადააყვანენ მაშინაც კი, თუ მათ ჰანტავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ. შეგახსენებთ, რომ ვირუსმა გემზე უკვე იმსხვერპლა სამი ადამიანი.
მინისტრის თქმით, საერთაშორისო პროტოკოლები და მკაცრი პრევენციული ზომები სრულად იქნება დაცული. ვინაიდან კაბო-ვერდეს დატოვებისას ყველა მგზავრი ასიმპტომური იყო და მას შემდეგ მრავალი დღე გავიდა, ვარაუდობენ, რომ დაინფიცირების რისკი ყოველდღიურად იკლებს.
ჯანმოს განცხადებით, მოცემული შტამის საზოგადოებისთვის გადადების რისკი მინიმალურია, რადგან ის მხოლოდ „ძალიან ახლო კონტაქტით“ ვრცელდება. ამ დროისთვის ორგანიზაციამ დაადასტურა 5 შემთხვევა, ხოლო 3 საეჭვოდ მიიჩნევა. „ეს საშიში ვირუსია მხოლოდ უშუალოდ ინფიცირებულისთვის, ფართო მასებისთვის რისკი დაბალია“, — აღნიშნა ჟენევაში ჯანმოს წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმაიერმა. მისივე თქმით, დაავადება არ ვრცელდება ისე, როგორც კოვიდი.აშშ და დიდი ბრიტანეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც უკვე გაგზავნეს თვითმფრინავები ტენერიფეზე საკუთარი მოქალაქეების გამოსაყვანად. ჯანდაცვის უწყებები ცდილობენ ოთხ კონტინენტზე იპოვონ ის მგზავრები, რომლებმაც გემი აფეთქების გამოვლენამდე დატოვეს.
ამასობაში, ბრიტანეთის კიდევ ერთ მოქალაქეს დაუსვეს ჰანტავირუსის დიაგნოზი. ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ მანამდე უკვე დაადასტურა ორი შემთხვევა ბრიტანეთის მოქალაქეებს შორის, რომლებიც ნიდერლანდებისა და სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოებში იმყოფებიან. სააგენტოს ცნობით, მესამე შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ ატლანტიკის კუნძულ ტრისტან-და-კუნიაზე, სადაც პაციენტი ამჟამად მკურნალობს. სულ 29-მა ადამიანმა — მათ შორის შვიდმა ბრიტანელმა — დატოვა Hondius-ი, როდესაც ის 24 აპრილს წმინდა ელენეს კუნძულზე შევიდა. მათ შორის იყო ნიდერლანდელი ქალი, რომელიც მგზავრობისას გახდა შეუძლოდ და გარდაიცვალა.
გემის მოახლოებამ ტენერიფეზე დიდი შეშფოთება გამოიწვია. კანარის კუნძულების პრეზიდენტი თავიდან წინააღმდეგი იყო გემის მიღების და აცხადებდა, რომ ესპანეთს არ ჰქონდა მისი მიღების სამართლებრივი ვალდებულება. თუმცა, მოგვიანებით მან განაცხადა, რომ შემუშავებულია გეგმა კონტაქტების მინიმუმამდე დასაყვანად: უცხოელებს გემიდან პირდაპირ იმ სატრანსპორტო საშუალებებში გადასვამენ, რომლებიც მათ, ასაფრენ ბილიკზე მომლოდინე თვითმფრინავებთან მიიყვანს. „დაზუსტებით ვიცით, რომ გემიდან არავინ ჩამოვა, სანამ მათი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე არ იქნება“, — დასძინა მან.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, სადაც პორტი მდებარეობს, უკმაყოფილოა ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომელიც მათთან კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული. ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის, თუმცა მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიებს და მკაცრ დაგეგმარებას ითხოვენ.
-

ზელენსკი არავის ურჩევს მოსკოვის აღლუმზე ჩასვლას, რუსეთი კი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში კიევზე დარტყმით იმუქრება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 8 მაისის 00:00 საათიდან 10 მაისის 00:00 საათამდე რუსეთის ჯარები ფრონტზე ცეცხლს შეწყვეტენ და უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმებს არ განახორციელებენ — ამით სამხედრო უწყებამ დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების მიერ გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში გამოცხადებული ზავი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რუსეთის ქმედებებს „სარკისებურად“ უპასუხებს, თუმცა გააფრთხილა უცხოელი ლიდერები, რომ მოსკოვში აღლუმზე ჩასვლა არ ღირს.
რუსეთის სამხედრო უწყებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 8 მაისის შუაღამიდან მისი ჯარები ფრონტზე „სრულად შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს“.
„ამავე დროს შეწყდება სარაკეტო ძალებისა და არტილერიის, საზღვაო და საჰაერო ბაზირების შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებსა და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რომლებიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და შეიარაღებულ ძალებთან არის დაკავშირებული“, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
უწყებამ ასევე მოუწოდა „უკრაინულ მხარეს, მიჰყვეს ამ მაგალითს“.
თუ უკრაინა ზავს დაარღვევს, რუსეთის არმია „ადეკვატურ პასუხს“ გასცემს, — განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში. განცხადებაში სამხედროებმა გაიმეორეს ის მუქარები, რომლებიც ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააჟღერა: მოსკოვში „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის“ მცდელობის შემთხვევაში „კიევის ცენტრზე მასირებული სარაკეტო დარტყმის“ მიყენება.
„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ კიევის სამოქალაქო მოსახლეობასა და უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს ქალაქის დროულად დატოვების აუცილებლობის შესახებ“, — ნათქვამი იყო განცხადებაში.
რა თქვა ზელენსკიმ
ხუთშაბათს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც შეახსენა ყველას, რომ კიევი 6 მაისის შუაღამიდან სიჩუმის რეჟიმის დაწესებას სთავაზობდა, თუმცა რუსეთს ოფიციალურად არ უპასუხია და უკრაინულ ქალაქებსა და ფრონტზე სამხედროებზე დარტყმების განხორციელება განაგრძო.
„მათ [რუსეთის ხელისუფლებას] უკრაინისგან სურთ ნებართვა, ჩაატარონ თავიანთი აღლუმი, რათა წელიწადში ერთხელ ერთი საათით უსაფრთხოდ გამოვიდნენ მოედანზე, შემდეგ კი ისევ გააგრძელონ ჩვენი ხალხის მოკვლა და ომი“, — თქვა ზელენსკიმ.
„მივიღეთ მიმართვები რუსეთისთვის ახლობელი ზოგიერთი სახელმწიფოსგან, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ჩასვლას აპირებენ. უცნაური სურვილია… ასეთ დღეებში. ჩვენ არ ვურჩევთ“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, მან გაიმეორა ის, რაც მანამდეც ჰქონდა ნათქვამი: „უკრაინის პოზიცია მაქსიმალურად გამჭვირვალე და პატიოსანია: უკრაინა იმოქმედებს სარკისებურად. სიჩუმე რომ ყოფილიყო, უკრაინული შორი მოქმედების სანქციებიც არ იქნებოდა“.
„შორი მოქმედების სანქციებს“ ზელენსკი უკრაინის სამხედროების დარტყმებს უწოდებს რუსეთის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ფრონტის ხაზიდან მნიშვნელოვან მანძილზე მდებარეობს. ამ მიმართვაშიც უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა უკრაინული ძალების ბოლო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე, მათ შორის სამხედრო გემზე კასპიის ზღვაში და ნავთობის ობიექტზე პერმის მხარეში.
მანამდე, ხუთშაბათს, კრემლმა გამოაქვეყნა უცხოელი ლიდერების სია, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში ჩავლენ. ამ სიის მიხედვით, გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოსკოვში ჩავლენ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ლაოსის პრეზიდენტი ტჰონგლუნ სისულიტი, მალაიზიის უზენაესი მმართველი სულთან იბრაჰიმი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმზე დასწრებას არ გეგმავს.
გარდა ამისა, მოსკოვში იქნებიან ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა სერბსკას წარმომადგენლები და თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები.
„საზეიმო ღონისძიებაზე სპეციალურად არ მოგვიწვევია უცხოელი სტუმრები, ისევე როგორც გასულ წელს“, — განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
ეს კრემლის 9 მაისის სტუმრების ყველაზე მოკლე სიაა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან მოყოლებული. იმ წელს მოსკოვში აღლუმზე არცერთი უცხოელი ლიდერი არ ჩასულა. მაშინაც კრემლმა განაცხადა, რომ არავინ მიუწვევია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2026 წელს წითელ მოედანზე აღლუმში, პირველად რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სამხედრო ტექნიკის კოლონა, ასევე სუვოროველები და ნახიმოველები მონაწილეობას არ მიიღებენ.

კრემლმა აღლუმის ფორმატის შეცვლა საჰაერო თავდასხმების შიშითა და იმით ახსნა, რომ წელს თარიღი საიუბილეო არ არის.
9 მაისს მოსკოვში მობილური კავშირი სრულად გაითიშება, არ გაიხსნება არც ე.წ. „თეთრი სიების“ საიტები.
მუქარები კიევზე დარტყმის შესახებ
ოთხშაბათს საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 4 მაისს უცხოურ საელჩოებს წერილი გაუგზავნა მოწოდებით, „წინასწარ უზრუნველყონ“ თავიანთი თანამშრომლების ევაკუაცია კიევიდან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ეს ახსნა „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კიევზე, მათ შორის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე, საპასუხო დარტყმის მიყენების გარდაუვალობით“.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინა 9 მაისს მოსკოვზე დარტყმით იმუქრებოდა და პირობას დებს, რომ თუ ეს მოხდება, უკრაინის დედაქალაქზე მასირებული შეტევით უპასუხებს.
ზელენსკის პირდაპირი მუქარა არ გამოუთქვამს მოსკოვზე დარტყმის შესახებ სამხედრო აღლუმის დროს. ერევანში გამოსვლისას მან თქვა: „რუსეთმა განაცხადა, რომ 9 მაისის აღლუმი მოსკოვში სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში. მათ არ შეუძლიათ თავს მისცენ სამხედრო ტექნიკის გამოყვანის უფლება და ეშინიათ, რომ დრონებმა შეიძლება წითელ მოედანზე გადაიფრინონ. ეს მეტყველი ფაქტია და აჩვენებს, რომ ისინი ძლიერები არ არიან“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების საპასუხოდ, ევროკომისიის პრესსპიკერმა ანვარ ალ-ანუნიმ თქვა, რომ ევროკავშირი კიევიდან დიპლომატების ევაკუაციას არ აპირებს.
„რუსეთის საჯარო მუქარები კიევზე თავდასხმის შესახებ მისი უგუნური ესკალაციის ტაქტიკის ნაწილია“, — განაცხადა მან ხუთშაბათს ბრიფინგზე. „რაც ჩვენ, ევროკავშირს, გვეხება, ჩვენ ჩვენს პოზიციასა და კიევში ყოფნას არ შევცვლით“.
„რუსული თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა კიევსა და უკრაინის სხვა ნაწილებში“, — განაცხადა ალ-ანუნიმ და აღნიშნა, რომ წინა დარტყმებმა ზიანი მიაყენა დიპლომატიურ მისიებსაც, მათ შორის ევროკავშირის მისიას.
რუსეთმა უგულებელყო უკრაინის წინადადება 6 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაგრძო უპილოტო აპარატების გაშვება ხარკოვის, სუმის, დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქებისა და სხვა ადგილების მიმართულებით.
უკრაინელმა სამხედროებმა უპასუხეს შორი მოქმედების უპილოტო აპარატების ახალი გაშვებებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. კერძოდ, 7 მაისის დილით დრონებმა ისევ, ორ კვირაში უკვე მესამედ, შეუტიეს ნავთობის ობიექტებს პერმში.
-

თეორიულად, მოსკოვში კრემლის გუმბათს შეიძლება მოვახვედროთ-ექსპერტი 9 მაისს კრემლზე შესაძლო დარტყმის შესახებ
“2022 წელს ვინმეს რომ ეთქვა, პუტინი მოსკოვში აღლუმის ჩატარების საშუალებას შეგვეხვეწებოდაო, ეს სრულიად გაუგებარი იქნებოდა. ახლა კი ის ფაქტობრივად ტრამპს სთხოვს, ზეგავლენა მოახდინოს ზელენსკიზე, რათა უკრაინამ ამ დღეებში რუსეთზე ზედმეტად ძლიერი დარტყმები არ განახორციელოს. ეს მართლაც ძალიან საინტერესო და უნიკალური სიტუაციაა “— მიიჩნევს ავიაციის ექსპერტი კონსტანტინ კრივოლაპი.
„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვზე ჩვენი მხრიდან არსებითი დარტყმები არ იქნება. თუმცა პირადად მე ვისურვებდი, რომ ჩვენს „ფლამინგოს“ რაკეტებსა და დრონებს მოსკოვის აღლუმზე გადაეფრინათ და შემდეგ მოხვედროდნენ, პირობითად, ვოტკინსკის მანქანათმშენებელ ქარხანას, რომელიც აწარმოებს რაკეტებს: „ისკანდერს“, „ორეშნიკს“ და ა.შ.“ — აღნიშნა მან.
ამასთანავე, მან დასძინა, რომ ტექნიკურად მოსკოვზე დარტყმა შესაძლებელია, მაგრამ ამის ეფექტიანობა დაბალი იქნება:
„თეორიულად, მოსკოვში კრემლის გუმბათს შეიძლება მოვახვედროთ. მაგრამ აქვს კი ამას აზრი? წმინდა ფსიქოლოგიურ კმაყოფილებას, რა თქმა უნდა, მივიღებთ, მაგრამ როგორი იქნება ეფექტიანობა?“
-

რუსეთი ქვეყნებსა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლობებს კიევიდან დიპლომატების გაყვანისკენ მოუწოდებს
რუსეთი უცხო ქვეყნების და ორგანიზაციების წარმომადგენლობებს კიევიდან დიპლომატების ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვა, Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ქვეყნებმა სერიოზულად უნდა მიიღონ 4 მაისს გავრცელებული გაფრთხილება კიევზე შესაძლო მასშტაბური დარტყმების შესახებ, თუ უკრაინა 9 მაისის მოსკოვის აღლუმზე თავდასხმას განახორციელებს.
მისი თქმით, საჭიროა დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების დროული ევაკუაცია, რადგან რუსეთის პასუხი „გარდაუვალი“ იქნება.
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოუწოდებს თქვენი ქვეყნის ხელისუფლებებს… მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებას და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების პერსონალის დროული ევაკუაცია ქალაქ კიევიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან კიევზე საპასუხო დარტყმის გარდაუვალობის გამო” – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ეს გაფრთხილება აგრესიულ ნაბიჯს არ წარმოადგენს და კიევზე იერიშის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, დაესხმება თუ არა უკრაინა თავს მოსკოვში გამარჯვების დღის ღონისძიებებს.
-

ნიკოლ ფაშინიანი, 9 მაისს რუსეთში არ მიემგზავრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9 მაისს რუსეთში არ მიემგზავრება. მიზეზად ფაშინიანმა, სომხეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანია დაასახელა.
„ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს აპრილში ვიზიტის დროს ვაცნობე“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.
-

Times: უკრაინელმა ჰაკერებმა Starlink გამოიყენეს რუსული პოზიციების კოორდინატების მისაღებად
ბრიტანული გაზეთი Times-ის კორესპონდენტები ყვებიან, როგორ გამოიყენეს უკრაინელმა ჰაკერებმა წარმატებით ის მომენტი, როდესაც SpaceX-მა უკრაინის ფრონტზე მყოფ რუსულ დანაყოფებს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტსერვისზე წვდომა გაუთიშა.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედროებმა კონტრაბანდით შეძლეს Starlink-ის ათიათასობით ტერმინალის შეტანა, თუმცა თებერვალში მათი გამოყენების შესაძლებლობა დაკარგეს.
შედეგად, კავშირის გარეშე მოულოდნელად დარჩენილმა რუსმა სამხედროებმა დაიწყეს უკრაინელების ძებნა, რომლებიც თანხის სანაცვლოდ დათანხმდებოდნენ ამ ტერმინალების საკუთარ სახელზე რეგისტრაციას. ამით ისარგებლეს უკრაინული ჯგუფის — „256-ე კიბერშტურმის დივიზიის“ — სამოქალაქო ჰაკერებმა.
ისინი თავს IT-სპეციალისტებად ასაღებდნენ, რომლებიც მზად იყვნენ რუსი სამხედროებისთვის „მომსახურება“ გაეწიათ, და საჭირო ინფორმაციის მისაღებად AI-ჩატბოტებს იყენებდნენ.
თავდაპირველად ისინი ტერმინალების შესახებ ზოგად მონაცემებს ითხოვდნენ, მაგალითად სერიულ ნომრებს, თუმცა საბოლოოდ მათ GPS-კოორდინატების დასახელებას სთხოვდნენ. შედეგად, პუბლიკაციის თანახმად, მათ 2,6 ათასზე მეტი ტერმინალის შესახებ ზუსტი მონაცემების მიღება შეძლეს.
ეს მონაცემები დაუყოვნებლივ გადაეცემოდა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც მათ სატელიტურ სურათებს ადარებდნენ, შემდეგ კი ზუსტ დარტყმებს აყენებდნენ სამეთაურო პუნქტებსა და დრონების გაშვების ადგილებს.
ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო, რომელსაც პუბლიკაციის ავტორები ესაუბრნენ, ამბობს, რომ ასეთი დარტყმების დაწყების შემდეგ9 და Starlink-ის სერვისის გათიშვის შედეგად ამ სექტორში რუსული შეტევების რაოდენობა 45%-ით შემცირდა.
-

რუსული ელიტები უკმაყოფილონი არიან ომით, ეკონომიკითა და ცენზურით: კრემლი განხეთქილებას უახლოვდება-The Washington Post
The Washington Post წერს, რომ რუსეთის ჩინოვნიკებსა და კრემლთან დაახლოებულ წრეებში იზრდება გაღიზიანება უკრაინის წინააღმდეგ ომის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და შეზღუდვების გამკაცრების გამო — მათ შორის, ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებისა და ქვეყნის შიგნით „ხრახნების მოჭერის“ გამო.
ერთ-ერთ მაგალითად ასახელებენ ყოფილ Z-პროპაგანდისტს ილია რემესლოს, რომელიც ადრე ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობდა და პუტინის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა, ახლა კი საჯაროდ მოითხოვა მისი გადადგომა და ის სამხედრო დამნაშავედ მოიხსენია.
ამის შემდეგ რემესლო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა უკვე ერთ თვეში გაათავისუფლეს, რაც თანამედროვე რუსეთისთვის უჩვეულოა.
თავად ის ამტკიცებს, რომ სისტემის ნაწილი „უკვე იწყებს პუტინის წინააღმდეგ მუშაობას“ და მიმდინარე პროცესებს საბჭოთა კავშირის ბოლო წლებს ადარებს, როდესაც ელიტებმა თავად დაიწყეს სისტემის შიგნიდან ნგრევა.
ამასობაში პუტინის ადმინისტრაციასა და ძალოვნების ნაწილს შორის კონფლიქტზე საუბრობს მიხეილ ხოდორკოვსკიც. მისი თქმით, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი თითქოს ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ რუსეთში ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს.