Category: მსოფლიო

  • ტრამპი ამბობს, რომ შვილის ქორწილში მისვლას „შეეცდება“, თუმცა დრო „არახელსაყრელია“

    ტრამპი ამბობს, რომ შვილის ქორწილში მისვლას „შეეცდება“, თუმცა დრო „არახელსაყრელია“

    პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი და „სხვა საქმეები“ ამ შაბათ-კვირას შვილის ქორწილში მისვლას გაურთულებს. ის ამბობს, რომ ამ საკითხში ნებისმიერი გადაწყვეტილება მისთვის მომგებიანი არ იქნება.

    ამ თემაზე კითხვა მას ჟურნალისტმა დაუსვა:

    ჟურნალისტი: „სხვათა შორის, ამ შაბათ-კვირას თქვენი შვილის ქორწილში მიდიხართ?“

    პრეზიდენტი ტრამპი: „თუ წავალ — გამანადგურებენ. თუ არ წავალ — მაინც გამანადგურებენ, ოღონდ fake news-ებით!“

    „მას უნდა, რომ წავიდე, მაგრამ ეს პატარა, პირადი ღონისძიება იქნება და ვეცდები, მოვახერხო. შუა პროცესში ვარ. ვუთხარი, იცი, ჩემთვის ეს დრო მაინცდამაინც კარგი არ არის-მეთქი!“

    „ერთი საქმე მაქვს, რომელსაც ‘ირანი’ ჰქვია, და კიდევ სხვა საქმეებიც.“

    „ძალიან კარგი ადამიანი ჰყავს გვერდით, დიდი ხანია ვიცნობ, და იმედი მაქვს, შესანიშნავი ქორწინება ექნებათ.“

    დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილი, გავრცელებული ინფორმაციით, ბაჰამებზეა დაგეგმილი. ტრამპ უმცროსი პალმ-ბიჩის წრეებში ცნობილ ბეტინა ანდერსონზე ქორწინდება. მათი ნიშნობის შესახებ ტრამპმა ჯერ კიდევ დეკემბერში, თეთრი სახლის სადღესასწაულო ღონისძიებაზე განაცხადა.

    აშშ–ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 5 შვილი ჰყავს, სამი ქორწინებიდან.

    პირველი ქორწინებიდან დონალდ ტრამპ უმცროსი, ივანკა ტრამპი და ერიკ ტრამპი.

    მეორე ქორწინებიდან ტიფანი ტრამპი.

    მესამე ქორწინებიდან, მელანია ტრამპთან მას ერთი შვილი ჰყავს–ბერონ ტრამპი.

  • Air France და Airbus 2009 წლის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

    Air France და Airbus 2009 წლის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

    Air France და Airbus დამნაშავედ ცნეს გაუფრთხილებლობით მკვლელობის საქმეზე, რომელიც უკავშირდება რეის AF447-ის კატასტროფას. თვითმფრინავი რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში მიფრინავდა და 2009 წელს ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. კატასტროფის შედეგად 228 ადამიანი დაიღუპა. პარიზის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ავიაკომპანია და თვითმფრინავის მწარმოებელი ტრაგედიაზე „განსაკუთრებულ და სრულ პასუხისმგებლობას“ ატარებენ.

    შტორმის დროს თვითმფრინავმა მართვა დაკარგა, შევიდა ვარდნის რეჟიმში და წყალში ჩავარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი — ეკიპაჟის 12 წევრი და 216 მგზავრი — დაიღუპა.

    მგზავრებს შორის იყვნენ 126 კაცი, 82 ქალი, შვიდი ბავშვი და ერთი ჩვილი.

    მანამდე, 2023 წლის აპრილში, სასამართლომ Air France და Airbus გაამართლა, თუმცა რვაკვირიანი პროცესის შემდეგ სააპელაციო ინსტანციამ ხუთშაბათს საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო.

    თვითმფრინავის ნამსხვრევების აღმოჩენა მხოლოდ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მოხერხდა — ზღვის ფსკერის დაახლოებით 10 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობზე. თუმცა ბორტის თვითმწერები მხოლოდ 2011 წელს იპოვეს, მრავალთვიანი ღრმაწყლოვანი ოპერაციების შემდეგ.

    თვითმფრინავი ოკეანეში 11.5 კილომეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. ეს კატასტროფა მსხვერპლის რაოდენობით ფრანგული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა.

    განაჩენის გამოცხადებას ხუთშაბათს დაღუპულთა ნათესავები დაესწრნენ — ძირითადად საფრანგეთის, ბრაზილიისა და გერმანიის მოქალაქეები.

    პროკურატურამ ორივე კომპანიისთვის მაქსიმალური ჯარიმის დაკისრება მოითხოვა — თითოეულისთვის 225 ათასი ევრო. თუმცა დაღუპულთა ოჯახების ნაწილმა ეს თანხა გააკრიტიკა და სიმბოლური სასჯელი უწოდა.

    რეის AF447-ის დაღუპულთა ნათესავების ასოციაციის ხელმძღვანელი დანიელ ლამი, რომელმაც კატასტროფაში შვილი დაკარგა, სასამართლოს გადაწყვეტილება მიესალმა.

    „საბოლოოდ მართლმსაჯულების სისტემამ აღიარა იმ ოჯახების ტკივილი, რომლებიც აუტანელი სისასტიკის კოლექტიურ ტრაგედიას შეეჯახნენ, — განაცხადა ლამიმ. — ეს პრესტიჟული კომპანიები ვეღარ დაიმალებიან თვითკმაყოფილებისა და ტექნოლოგიური ქედმაღლობის უკან“.

    Airbus-მა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას იღებს ცნობად, თუმცა მისი გადასინჯვის მოთხოვნას აპირებს.

    თავად ვერდიქტმა შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიაყენოს ორივე კომპანიის რეპუტაციას.

    ბრალის სრული აღიარება

    ნოემბერში გამართული დასკვნითი მოსმენების დროს პროკურორის მოადგილეები Air France-ისა და Airbus-ის ქცევას „მიუღებელს“ უწოდებდნენ და კომპანიებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ისინი „სისულელეებს ლაპარაკობდნენ და არგუმენტებს გზადაგზა იგონებდნენ“.

    მაშინ პროკურორმა როდოლფ ჟუი-ბირმანმა მკაცრად გააკრიტიკა Air France-ისა და Airbus-ის ქცევა კატასტროფის შემდეგ გასული წლების განმავლობაში.

    „არაფერი მოჰყოლია — გულწრფელი თანაგრძნობის ერთი სიტყვაც კი, — განაცხადა მან. — ეს არის თავდაცვა, რომელიც ციხესიმაგრესავით არის აგებული. ერთი სიტყვით, ყველაფერს ამას შეიძლება ეწოდოს: უხამსობა“.

    2012 წელს ფრანგმა გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ კატასტროფა გამოიწვია სიჩქარის სენსორების ტექნიკური გაუმართაობისა და პილოტების შეცდომების კომბინაციამ, როდესაც ისინი თვითმფრინავის ვარდნის რეჟიმზე რეაგირებდნენ.

    სიჩქარის არასწორი ჩვენებების გამო ეკიპაჟი დეზორიენტირებული აღმოჩნდა, ხოლო როდესაც თვითმფრინავმა ამწევი ძალის დაკარგვა დაიწყო, პილოტებმა შეცდომით ლაინერის ცხვირი ზემოთ ასწიეს, ნაცვლად იმისა, რომ ქვემოთ დაეწიათ და მართვა აღედგინათ.

    კატასტროფის შემდეგ შეიცვალა პილოტების მომზადების პროგრამები, ხოლო თავად სიჩქარის სენსორები შეცვალეს.

    ტრაგედიის შემდეგ Air France აცხადებდა, რომ ხომალდის მეთაურს 11 ათასზე მეტი საფრენი საათი ჰქონდა, მათ შორის 1700 საათი სწორედ ამ ტიპის თვითმფრინავზე.

    თვითმფრინავმა ბოლო ტექნიკური მომსახურება 2009 წლის 16 აპრილს გაიარა.

    როგორც Airbus, ისე Air France მთელი პროცესის განმავლობაში თანმიმდევრულად უარყოფდნენ ბრალს.

    თუმცა საბოლოოდ სასამართლომ ორივე კომპანია ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

    Airbus — იმაში, რომ სათანადოდ არ შეაფასა სიჩქარის სენსორებთან დაკავშირებული პრობლემების სერიოზულობა, რომელთა შესახებაც, როგორც სასამართლოში დადგინდა, კატასტროფამდე უკვე ცნობილი იყო.

    Air France — იმაში, რომ კომპანიამ არ უზრუნველყო პილოტების სპეციალური მომზადება იმ სიტუაციებისთვის, რომლებიც უშუალოდ ამ პრობლემას უკავშირდებოდა, და ეკიპაჟებს საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდა.

    Airbus-ის წარმომადგენელმა კრისტოფ კაილმა ჯერ კიდევ ოქტომბერში სასამართლოში განაცხადა, რომ კომპანიის მიზანია „ნულოვანი რაოდენობის კატასტროფა“.

    „ყველაზე მცირე ავარიაც კი ჩვენი მთელი საზოგადოების მარცხია“, — ამბობდა ის.

    Air France-ის ადვოკატმა პასკალ ვაილმა მაშინ აღიარა, რომ ავიაკომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა, პილოტებისთვის მაღალ სიმაღლეებზე მოქმედების ტრენინგები ჩაეტარებინა, თუმცა ეს არ ხდებოდა.

    „ჩვენ გულწრფელად მიგვაჩნდა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა“, — თქვა მან.

    კატასტროფამ ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამძებრო-სამაშველო ოპერაციას დაუდო საფუძველი.

    თვითმფრინავი ატლანტის ოკეანის მოშორებულ ნაწილში ჩავარდა — სამხრეთ ამერიკის სანაპიროდან 1100 კილომეტრზე მეტ მანძილზე.

    ძებნის პირველ ეტაპზე კატასტროფის მიზეზების გამოძიებას ფრანგული ხელისუფლება კოორდინირებდა, ხოლო ცხედრების ამოყვანით ბრაზილიური სამსახურები იყვნენ დაკავებული.

    ოპერაციის პირველი 26 დღის განმავლობაში წყლიდან 51 ცხედრის ამოყვანა მოხერხდა — ბევრი დაღუპული კვლავ სავარძლებზე იყო მიბმული.

    დაღუპულთა ერთ-ერთი ნათესავი 2019 წელს მედიას უყვებოდა, რომ საკუთარი შვილის ნეშტის დაკრძალვა მხოლოდ ტრაგედიიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ შეძლო.

    მისმა შვილმა — 40 წლის ინჟინერი ნელსონ მარინიო ფილიო — რიო-დე-ჟანეიროს გალეანის აეროპორტში რეისს ძლივს მიუსწრო და, Air France-ის თანამშრომლების თქმით, ბოლო მგზავრი იყო, რომელიც ბორტზე ავიდა.

    რეისის მგზავრები მსოფლიოს 33 ქვეყანას წარმოადგენდნენ. დაღუპულთა შორის იყვნენ 61 ფრანგი, 58 ბრაზილიელი, გერმანიის 26 მოქალაქე, ორი ამერიკელი, ხუთი ბრიტანელი და სამი ირლანდიელი.

    ბრიტანელ მგზავრებს შორის იყო 11 წლის ალექსანდერ ბიოროი ბრისტოლიდან, რომელიც ბრაზილიაში სასკოლო არდადეგების შემდეგ საფრანგეთის გავლით შინ ბრუნდებოდა.

    სამი ირლანდიელი ქალი — ეთნე უოლსი, ჯეინ დიზი და ეშლინგ ბატლერი — ექიმები იყვნენ და ბრაზილიაში დასვენების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.

    კატასტროფაში დაიღუპა 26 წლის ბრაზილიელი პრინციც — პედრუ ლუიშ ორლეან-ბრაგანსა.

    ეკიპაჟი 11 ფრანგისა და ერთი ბრაზილიელისგან შედგებოდა.

  • ზელენსკი: უკრაინის დაზვერვა „ჩრდილოეთიდან ომის გაფართოების“ ხუთ სცენარს განიხილავს

    ზელენსკი: უკრაინის დაზვერვა „ჩრდილოეთიდან ომის გაფართოების“ ხუთ სცენარს განიხილავს

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვა განიხილავს ხუთ სცენარს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა შესაძლოა ჩერნიგოვი-კიევის მიმართულებით ახალი შეტევითი ოპერაციები დაიწყოს.

    საკუთარ სოციალურ ქსელებში მან დაწერა, რომ გაიმართა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა, სადაც გააანალიზეს დაზვერვის მონაცემები რუსეთის ჯარების შესაძლო მოქმედებების შესახებ.

    „მტრის მოქმედების თითოეულ შესაძლო ვარიანტზე ვამზადებთ პასუხებს, თუ რუსები მართლაც გადაწყვეტენ აგრესიის გაფართოებას. ამ მიმართულებით ჩვენი ძალები გაძლიერდება“, — დაწერა ზელენსკიმ.

    მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ სცენარებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს დამატებითი დიპლომატიური ზემოქმედების ზომები ბელარუსთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა შესაძლოა ომის ასეთი გაფართოებისთვის გამოიყენოს“.

  • უკრაინა არის მსხვერპლი და აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა! ყველა საშუალებით! –  მადიარი

    უკრაინა არის მსხვერპლი და აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა! ყველა საშუალებით! – მადიარი

    “მინდა აქ, ვარშავაში კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა ის, რაც ადრეც მითქვამს: უკრაინა არის მსხვერპლი და აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ამისთვის ხაზგასმა მსურს იმიტომ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული იყო ბუდაპეშტის მემორანდუმით, რომელსაც ხელი 1994 წელს მოეწერა, ასე იყო 2014 წლამდე… ერთადერთი მიზანი, რაც ყველას უნდა ჰქონდეს არის დაუყოვნებელი, ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა“

     

    თქვა უნგრეთის ახალმა პრემიერმა პეტერ მადიარმა ვარშავაში ვიზიტისას, პოლონეთის პრემიერ, დონალდ ტუსკთან გამართულ საერთო ბრიფინგზე.

  • ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ Mango-ს დამფუძნებლის შვილი  მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

    ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ Mango-ს დამფუძნებლის შვილი მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

    ჯონათან ანდიკი, ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის შვილი, მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილია. ის კატალონიის პოლიციამ  დააკავა. ისაკ ანდიკი 2024 წლის დეკემბერში კლდიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა. თავდაპირველად მისი სიკვდილი უბედურ შემთხვევად შეფასდა, თუმცა 2025 წლის ოქტომბერში საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ჯონათან ანდიკი საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს.

    ესპანური La Vanguardia წერს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა ჯონათან ანდიკი ბარსელონაში, საკუთარ სახლში დააკავეს. მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი ადვოკატი, კრისტობალ მარტელი მივიდა. El País-ის ცნობით, ანდიკი იმისთვის დააკავეს, რომ მოსამართლის წინაშე წარდგეს და ეჭვმიტანილის სტატუსით ჩვენება მისცეს. სხვა დეტალები უცნობია — საქმე კვლავ გასაიდუმლოებულია.

    ჯონათან ანდიკის ოჯახის წარმომადგენელმა მისი დაკავება დაადასტურა. „ჯონათან ანდიკი ჩვენებას აძლევს იმასთან დაკავშირებით, რაც 2024 წლის 14 დეკემბერს მოხდა. ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს ვიტყვით, რადგან გამოძიება კვლავ გასაიდუმლოებულია. ის, როგორც აქამდეც, სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან“, — განაცხადეს მის ოჯახში.

    როგორ განვითარდა Mango-ს დამფუძნებლის დაღუპვის საქმე

     

    71 წლის ისაკ ანდიკი 2024 წლის 14 დეკემბერს ბარსელონასთან ახლოს, მონსერატის მთებში ლაშქრობის დროს დაიღუპა. მას თან ახლდა ჯონათანი. უფროსი ანდიკი 100 მეტრზე მეტი სიმაღლიდან გადავარდა მარშრუტზე, რომლის სირთულეც საშუალოდ ფასდება. თავდაპირველად პოლიციამ მომხდარი უბედურ შემთხვევად მიიჩნია , რადგან ჩათვალა, რომ  შესაძლოა, ისაკ ანდიკს ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა. 2025 წლის იანვარში საქმე დაიხურა.

    თუმცა 2025 წლის ოქტომბერში საქმე ხელახლა გაიხსნა და ანდიკის სიკვდილის მიზეზი მკვლელობად გადაკვალიფიცირდა. ესპანური მედიის ცნობით, საქმის გადახედვის საფუძველი გახდა შეუსაბამობები ჯონათან ანდიკის ჩვენებებში, რომლებიც მან მამის გარდაცვალების დღეს მისცა. თავდაპირველად ეს წინააღმდეგობები შოკს მიაწერეს.

    El País-ის ინფორმაციით, ლაშქრობამდე რამდენიმე დღით ადრე ჯონათან ანდიკი იმ ადგილებში იმყოფებოდა, სადაც მოგვიანებით მისი მამა დაიღუპა. მამაკაცის ადვოკატები ამბობენ, რომ ის უბრალოდ მოგზაურობისთვის ემზადებოდა.

    გარდა ამისა, ესპანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ გამოძიებისთვის ცნობილი გახდა მამასა და შვილს შორის უთანხმოების შესახებ ჯონათანის როლთან დაკავშირებით კომპანიაში. მათ რთულ ურთიერთობაზე საუბრობდა ისაკ ანდიკის პარტნიორიც, პროფესიონალი გოლფის მოთამაშე ესტეფანია კნუტი.

    ჯონათან ანდიკი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა.

    45 წლის ჯონათან ანდიკი ისაკ ანდიკის სამი შვილიდან უფროსია. ისაკ ანდიკი სტამბოლში იყო დაბადებული და 1984 წელს ბარსელონაში Mango-ს პირველი მაღაზია გახსნა. მისი გარდაცვალების მომენტისთვის მისი ქონება დაახლოებით 4.5 მილიარდ აშშ დოლარად ფასდებოდა, ხოლო მის კომპანიას მსოფლიოში დაახლოებით 2 850 მაღაზია ჰქონდა.

    ჯონათან ანდიკი Mango-ში 2005 წლიდან მუშაობდა. მამის გარდაცვალების დროისთვის ის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი იყო. El País-ის წყაროები, რომლებიც ჯონათანთან მუშაობდნენ, მას მომთხოვნ და პირდაპირ ადამიანად ახასიათებენ, თუმცა ამავე დროს — გაგებით სავსე პიროვნებად, რომელსაც მოდის სამყაროსი ძალიან კარგად ესმის.

    2012 წელს ისაკ ანდიკი პენსიაზე გასვლას და კომპანიის მართვის ჯონათანისთვის გადაცემას გეგმავდა. ის ეტაპობრივად სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა შვილს. 2014 წელს Mango-ს დამფუძნებელი ამბობდა, რომ ჯონათანი უკვე ორი წელია ფაქტობრივად აღმასრულებელი დირექტორის როლს ასრულებს.

    მაგრამ 2015 წელს, როცა კომპანიის ფინანსურმა მაჩვენებლებმა კლება დაიწყო, ისაკ ანდიკმა ახალი ფინანსური დირექტორი, ტონი რუისი დაიქირავა. 2020 წელს რუისმა ჯონათანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე შეცვალა.

    ჯონათან ანდიკმა Mango Man-ის მიმართულება ჩაიბარა — სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობდა მანამ, სანამ მამამისი საქმიანობიდან ჩამოშორებას გადაწყვეტდა.

    2025 წლის ივნისში კომპანიამ ის ამ თანამდებობიდანაც გაათავისუფლა. ჯონათანს მხოლოდ დირექტორთა საბჭოში როლი დარჩა.

  • რუსეთმა მასშტაბურ წვრთნებში სტრატეგიული ბირთვული ძალები ჩართო. რას ნიშნავს ეს

    რუსეთმა მასშტაბურ წვრთნებში სტრატეგიული ბირთვული ძალები ჩართო. რას ნიშნავს ეს

    რუსეთმა სამშაბათს დაიწყო სტრატეგიული ბირთვული ძალების მასშტაბური წვრთნები „ბირთვული ძალების მომზადებისა და გამოყენების მიმართულებით აგრესიის საფრთხის პირობებში“, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. ერთი დღით ადრე ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღით მანევრები გაიმართა.

    ასეთ მასშტაბურ ბირთვულ წვრთნებს რუსეთი ტრადიციულად ოქტომბერში ატარებს. ჩვეულებრივ, მათ „გრომი“ ეწოდება. წესიდან გადახვევა იყო 2022 წლის თებერვალში ჩატარებული წვრთნა — უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ.

    წვრთნებში, რომლებიც 19 მაისს დაიწყო, ჩართული იქნება მთელი ბირთვული ტრიადა — კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, ატომური წყალქვეშა ნავები და სტრატეგიული ბომბდამშენები.

    „სულ წვრთნაში ჩართული იქნება 64 ათასზე მეტი პირადი შემადგენლობა, 7800-ზე მეტი ერთეული შეიარაღება, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, მათ შორის 200-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი, 140-ზე მეტი საფრენი აპარატი, 73 ზედაპირული ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი, რომელთაგან 8 სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა ნავია“, — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

    ეს სტრატეგიული ბირთვული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილია. „ატომური მეცნიერების ბიულეტენის“ მონაცემებით, 2026 წელს რუსეთს, დაახლოებით, 320-ზე მეტი გამშვები დანადგარი ჰქონდა, მათ შორის შახტური და მობილური. შესაბამისად, წვრთნებში მათი უმრავლესობა მონაწილეობს.

    13 სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავიდან წვრთნებში რვაა ჩართული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივ წყალქვეშა ნავების გარკვეული ნაწილი რემონტში ან სამხედრო ბაზაზე ტექნიკურ მომსახურებაზე შეიძლება იმყოფებოდეს, რვა სუბმარინი შესაძლოა სტრატეგიული წყალქვეშა ფლოტის თითქმის მთელ ბრძოლისუნარიან ნაწილს წარმოადგენდეს.

    თავდასხმის შემდეგ

    წვრთნები იმ ფონზე ტარდება, როცა უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შორი მანძილის უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული დარტყმები გახშირდა. მანამდე, ორი დღით ადრე, მოსკოვმა დრონების ყველაზე დიდი შეტევა გადაიტანა.

    შეტევის შედეგად მოსკოვის ოლქის სამი მცხოვრები დაიღუპა, რეგიონში 17 ადამიანი დაშავდა.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის თავდასხმას „სამართლიანი პასუხი“ უწოდა უკრაინაზე რუსეთის ბოლო დარტყმებზე, მათ შორის კიევზე შეტევაზე, სადაც 14 მაისს ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რაკეტის დარტყმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.

    ოფიციალურ წყაროებში ამ თავდასხმასა და წვრთნებს შორის კავშირი არ აღნიშნულა.

    თუმცა ტექნიკურად სტრატეგიული ბირთვული ძალები მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან და მათი პოზიციებზე გასაყვანად, სავარაუდოდ, ბევრად ნაკლები დროა საჭირო, ვიდრე სხვა ჯარების შემთხვევაში.

    ბელარუსის წვრთნები

    სტრატეგიული ბირთვული ძალების დიდი წვრთნების წინა დღეს ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღით მანევრები დაიწყო. რუსეთმა იქ ტაქტიკური ბირთვული ქობინები 2023 წელს განათავსა.

    ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამ წვრთნებზე შეამოწმებდნენ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ნაწილების მზადყოფნას, განახორციელონ გაშვებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოუმზადებელი რაიონებიდან.

    ტაქტიკური იარაღით ბირთვული წვრთნები ბელარუსში პირველად არ ტარდება. მაგალითად, 2024 წელს ჩატარდა ბირთვული იარაღის მატარებლების — ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსის „ისკანდერის“ დივიზიონისა და Су-25 ტიპის თვითმფრინავების ესკადრილიის — საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება.

    ამავე დროს, ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარებულ წვრთნებს დასავლეთში ტრადიციულად შეშფოთებით უყურებენ — 2022 წელს უკრაინაში შეჭრა, მათ შორის, სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან დაიწყო.

    უკვე ამ შეჭრამდეც ნატოში განიხილავდნენ რუსეთთან ომის დაწყების შესაძლო სცენარებს, რომლებშიც თავდასხმა სწორედ ბელარუსში დიდი მანევრებით იწყებოდა. ასეთი შიშები ჯერ კიდევ 2017 წელს გამოითქმებოდა.

    „სარმატის“ გაშვება

    12 მაისს რუსეთმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის — „სარმატის“ — გამოცდა ჩაატარა.

    ეს მძიმე კლასის რაკეტა რუსეთის ბირთვულ ძალებში Р-36М „ვოევოდას“ ტიპის რაკეტებს უნდა ჩაენაცვლოს, რომლებიც უკრაინულ საწარმო „იუჟმაშში“ იყო აგებული და მათ მომსახურებას მისი სპეციალისტები უკვე აღარ ახორციელებენ.

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, „სარმატის“ გაშვების შესახებ მოხსენების მიღებისას, განაცხადა, რომ მისი მოქმედების მანძილი 35 ათას კილომეტრს აღემატება, რაც „ვოევოდას“ მაჩვენებელზე ორჯერ მეტზე მეტია.

    35 ათასი კილომეტრის დიაპაზონი საშუალებას იძლევა, რაკეტა სამიზნისკენ ნებისმიერი ტრაექტორიით გაემართოს და არა უმოკლესი გზით. ეს მის გადაჭერას მნიშვნელოვნად ართულებს.

    სხვა მახასიათებლები, რომლებიც პუტინმა ჩამოთვალა — სუბორბიტალური ფრენის ტრაექტორია და გადატანილი ტვირთის წონა — ასევე აღემატება სხვა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ანალოგიურ მაჩვენებლებს.

    თუმცა ყველა ამ მაჩვენებლის ერთობლიობა პრაქტიკული გამოცდების დროს არასოდეს დადასტურებულა. სულ ორი წარმატებული გაშვებისას რაკეტამ არაუმეტეს ექვსი ათასი კილომეტრი გაიფრინა.

    პუტინი თავის გამოსვლებში საკმაოდ ხშირად საუბრობს სტრატეგიულ შეიარაღებაზე, პირველ რიგში — ბირთვულზე.

    „სარმატის“ გაშვების კომენტირებისას მან ბირთვული ძალების სფეროში სხვა პროექტებიც ახსენა. მან ისაუბრა საშუალო მანძილის რაკეტა „ორეშნიკზე“, რომელიც, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეიარაღებაში 2025 წლიდან დგას.

    მან ასევე ახსენა ბირთვული ძრავების მქონე კომპლექსები: წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“ და ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“. ამ ორი აპარატის წარმატებული გამოცდების შესახებ 2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია.

    თუმცა იმ შემთხვევებში ასეთი გამოცდების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები დამოუკიდებელი წყაროებიდან არ გავრცელებულა.

  • პუტინის მდგომარეობა უკრაინაში „უკიდურესად ცუდია“, თუმცა არა იმდენად, რომ უკან დაიხიოს, — WSJ

    პუტინის მდგომარეობა უკრაინაში „უკიდურესად ცუდია“, თუმცა არა იმდენად, რომ უკან დაიხიოს, — WSJ

    გამოცემა the wall street joural წერს, რომ ბოლო თვეებში რუსეთის არმია ფრონტზე სერიოზულ პრობლემებს აწყდება, ხოლო უკრაინამ ტაქტიკური და ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვება შეძლო.

    „რუსეთის საქმეები ცუდად მიდის, მაგრამ არა იმდენად ცუდად, რომ ვლადიმირ პუტინი მოქმედებაზე აიძულოს“, — ნათქვამია მასალაში.

    აღინიშნება, რომ რუსეთის წინსვლის ტემპი ახლა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე ნელია, ხოლო რუსეთის დანაკარგები ყოველთვიურად ათიათასობით ადამიანად ფასდება.

    ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სახელდება უკრაინული საშუალო რადიუსის დრონების განვითარება, რომლებიც რუსეთის ღრმა ზურგში ლოგისტიკას, შტაბებს, საჰაერო თავდაცვასა და მართვის სისტემებს ურტყამენ.

    „რუსეთს სულ უფრო უჭირს ასეთ მანძილზე დარტყმების განხორციელება“, — განაცხადა ანალიტიკოსმა რობ ლიმ.

    ამასთან, სამხედრო ანალიტიკოსი ფრანც-შტეფან გადი მიიჩნევს, რომ უკრაინა უფრო ძლიერ პოზიციაშია, ვიდრე ბევრს ეგონა. თუმცა ომი ადაპტაციის ციკლებს გულისხმობს და მთავარი კითხვა ის არის, შეძლებს თუ არა რუსეთი უკრაინის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებზე პასუხის პოვნას.

  • აშშ-მა კვლავ გაახანგრძლივა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შეჩერება

    აშშ-მა კვლავ გაახანგრძლივა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შეჩერება

    აშშ-მა კიდევ 30 დღით დაუშვა რუსული ნავთობის შეძენა, რომელიც „ამჟამად ზღვაში იმყოფება“, — განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. მისი თქმით, ასეთი თხოვნით ვაშინგტონს რამდენიმე „ყველაზე მოწყვლადმა ქვეყანამ“ მიმართა.

    ბესენტს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა Bloomberg-ი ადრე წერდა, რომ ინდოეთი და ინდონეზია ცდილობდნენ ტრამპის ადმინისტრაციის დარწმუნებას, გაეხანგრძლივებინა სანქციების შეჩერება, რადგან ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ მსოფლიო ბაზრებს ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოაკლო.

    ვაშინგტონის მხრიდან რუსულ ნავთობთან დაკავშირებული სანქციების შეჩერება პირველად მარტში ამოქმედდა. მაშინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 30 დღით დაუშვა იმ ნავთობის შეძენა, რომელიც უკვე გემებზე იყო დატვირთული. ამის შემდეგ, აპრილში, ეს ზომა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივეს.

    ევროპული ქვეყნები ამას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ასეთი ნაბიჯები ასუსტებს რუსეთზე ზეწოლას — რუსეთზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს.

  • გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და  უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა – ზელენსკი

    გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა – ზელენსკი

    „არ შეიძლებოდა რუსებს არ სცოდნოდათ, თუ რომელი გემი იმყოფებოდა ზღვაში. საერთო ჯამში, რვა რეგიონში ნგრევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. საერთო ჯამში, რუსებმა ამ დარტყმის დროს გამოიყენეს 524 თავდასხმის დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა. […]ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემები და იყოს თვითკმარი ამ საფრთხეების წინაშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ახლავე გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და უკრაინის უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა. ეს კვირა ფოკუსირებული იქნება ჩვენს პარტნიორებთან მუშაობაზე, რათა გავაძლიეროთ ადამიანების სიცოცხლის დაცვა“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

  • Financial Times-მა სმარტფონები მსოფლიოში შობადობის მასობრივ ვარდნაში დაადანაშაულა

    Financial Times-მა სმარტფონები მსოფლიოში შობადობის მასობრივ ვარდნაში დაადანაშაულა

    FT ყურადღებას ამახვილებს XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ ტენდენციაზე: სმარტფონების მასობრივი გავრცელების შემდეგ მსოფლიოში შობადობამ მკვეთრად დაიწყო კლება.

    გამოცემის მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნების ორ მესამედზე მეტში შობადობის კოეფიციენტი უკვე მოსახლეობის მარტივი კვლავწარმოებისთვის საჭირო დონეზე — ერთ ქალზე 2,1 ბავშვზე — დაბლა დაეცა. ბევრ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი დღეს ორ ბავშვზე მეტად ერთ ბავშვს უახლოვდება, ცალკეულ შემთხვევებში კი ყველაზე გავრცელებულ „ნორმად“ საერთოდ უშვილობა იქცევა.

    FT წერს, რომ გარდატეხა თითქმის სინქრონულად დაემთხვა სმარტფონების, მობილური ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მასობრივ გავრცელებას. თუ ადრე შობადობა თანდათან მცირდებოდა, 2000-იანი წლების ბოლოსა და 2010-იანი წლების დასაწყისის შემდეგ ბევრ ქვეყანაში გრაფიკი ფაქტობრივად მკვეთრად დაეშვა ქვემოთ. გამოცემა მონაცემებსა და კვლევებსაც იმოწმებს, რომელთა მიხედვითაც, რიგ ქვეყნებში შობადობის ჯამური კოეფიციენტი წინა დინამიკასთან შედარებით თითქმის 40%-ით შემცირდა.

    სტატიის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქმე მხოლოდ ძვირ საცხოვრებელში, კრიზისებსა თუ კარიერულ პრიორიტეტებში არ არის. მთავარი პრობლემა სულ უფრო ხშირად ის ხდება, რომ ადამიანები უბრალოდ უფრო იშვიათად ქმნიან წყვილებს. ახალგაზრდები ნაკლებად ურთიერთობენ ოფლაინ, უფრო გვიან იწყებენ ურთიერთობებს და სულ უფრო ხშირად რჩებიან მარტო. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დღეს ბევრ ქვეყანაში შობადობის ვარდნა უკვე არა იმით არის განპირობებული, რომ ოჯახებს ნაკლები შვილი ჰყავთ, არამედ იმით, რომ თვითონ ოჯახების რაოდენობა მცირდება.

    FT ცალკე ყურადღებას უთმობს სოციალური ქსელებისა და ციფრული გარემოს როლს. მეცნიერები სმარტფონებს უკავშირებენ ცოცხალი ურთიერთობის შემცირებას, მარტოობის ზრდას და ურთიერთობების მიმართ მოლოდინების შეცვლას. ალგორითმები, კონტენტის უსასრულო ლენტი და ვირტუალური კომუნიკაცია სულ უფრო ხშირად ანაცვლებს რეალურ გაცნობებსა და ოჯახურ ცხოვრებას.

    Instagram-ში, TikTok-სა და სხვა პლატფორმებზე „იდეალური ცხოვრების“ კულტურამ გააძლიერა შფოთვისა და არასტაბილურობის განცდა და მარტოობა მასობრივ მოვლენად აქცია.

    გამოცემა ასკვნის, რომ დემოგრაფიული კრიზისი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ტექნოლოგიური პრობლემაც. სმარტფონი, რომელიც ადამიანების დასაკავშირებლად შეიქმნა, პარადოქსულად სულ უფრო ხშირად იქცევა ფაქტორად, რომელიც მათ ერთმანეთისგან აშორებს.