Category: მსოფლიო

  • ვიქტორ ორბანი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

    უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო MTI ვიქტორ ორბანის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

    “სამშვიდობო მისიის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება”. – ციტირებს MTI ორბანის პრესმდივნის ბერტალან ჰავაშის სიტყვებს.

    ვიქტორ ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 2 დღით ადრე, უნგრეთის პრემიერი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

  • ჩვენი შეთავაზება, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების საშუალებას გააჩენს – პუტინი

    რუსეთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული უკრაინის კრიზისის მოგვარების ვარიანტი, კიევისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების მზადყოფნის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას გააჩენს

    ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

  • თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას – ზელენსკი

    ”თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას.[…] ჩვენ გვინდა გავიგოთ, გვექნება თუ არა ნოემბერში [ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში] აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა თუ სრულიად მარტო დავრჩებით“,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებების კომენტირებისას.

  • ვიქტორ ორბანმა ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება ურჩია

    უნგრეთის პრემიერმინსტრმა ვიქტორ ორგანმა, უკრაინაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შესთავაზა განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთთან და მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ჯერ-ჯერობით უცნობია პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი ორბანის შემოთავაზებაზე.

    ვიქტორ ორბანმა ასევე  განმარტა, რომ აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ მშვიდობის დამყარების ინიციატივას, თუმცა, მათი იმპლემენტაცია დროში გაიწელება და სწორედ ამიტომ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტს ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება.

    European Pravda-ს ინფორმაციით, ამ საკითხზე ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას არ უსაუბრია. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს მის მშვიდობის ინიციატივებს.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში, ვიქტორ ორბანს შეხვდა

    ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევში ჩასულ, უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს, უკრაინის მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა.

    ორბანმა ერთობლივი ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია წვლილი შეიტანოს ბლოკის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში, ამიტომ პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ უნგრეთი პირველი ივლისიდან,  2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

    ორბანი უკრაინაში ბოლოს 2012 წელს იმყოფებოდა, როცა პრეზიდენტი პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო.

  • პუტინმა თავდაცვის მინისტრი შოიგუ თანამდებობიდან მოხსნა

    რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს შეცვლა გადაწყვიტა და ის თანამდებობიდან მოხსნა.

    შოიგუს შემცვლელად პუტინმა ფედერაციის საბჭოს წარუდგინა მთავრობის მეთაურის პირველი მოადგილის ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა, სერგეი შოიგუ კი პუტინის ბრძანებულებით უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.

    კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის შესახებ“, რომლითაც შოიგუ დაინიშნა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნად.

    დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

    კიდევ ერთი ბრძანებულება პატრუშევს ეხება. ამ ბრძანებულებით პუტინმა ნიკოლაი პატრუშევი გაათავისუფლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან „სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო“.

    კრემლის პრესმდივანმა, პესკოვმა თქვა, რომ პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირი უნდა ხელმძღვანელობდეს და უწყება გახსნილი უნდა იყოს ინოვაციებისა და მოწინავე იდეებისთვის.

  • კრემლში ვლადიმირ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია გაიმართა

    დღეს, 7 მაისს, კრემლის დიდ დარბაზში ვლადიმერ პუტინის რიგით მეხუთე საპრეზიდენტო ინაუგურაცია გაიმართა. პუტინმა, საპრეზიდენტო პოსტი პირველად 1999 წელს დაიკავა, მას შემდეგ მხოლოდ 4 წლიანი წყვეტა ჰქონდა – 2008-2012 წლებში ის პრემიერ მინისტრი იყო, მანამდე და მას შემდეგ კი მუდმივად საპრეზიდენტო პოსტს იკავებს.

    ამ წლის მარტში პუტინმა მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რომელიც ომის, ცენზურის, რეპრესიების, ოპოზიციის განადგურების, მედიაზე კონტროლის ფონზე ჩატარდა  და ოფიციალური მონაცემებით ხმების 87%–ზე მეტი მიიღო.

    პუტინის  ინაუგურაციის მეხუთე ცერემონია თითქმის არაფრით განსხვავდებოდა 2018 წლის ცერემონიისგან.

    ის ცერემონიალზე კრემლის დიდი სასახლის გეორგიევსკის დარბაზში  კრემლის პირველი კორპუსიდან, საკუთარი კაბინეტიდან ლიმუზინით წავიდა. მან კონსტიტუციაზე ფიცი დადო და შემდეგ  სიტყვით გამოვიდა.

    საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ სახელმწიფო სისტემა მოქნილი უნდა გახდეს, თუმცა უნდა უზრუნველყოს  განვითარების სტაბილურობა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც მარტში გაიმართა, პუტინმა მილიონების კონსოლიდირებული ნება და კოლოსალური ძალა უწოდა.

    პუტინმა მადლობა უთხრა რუსეთის ყველა რეგიონის მოსახლეობას და რუსეთის ე.წ. ისტორიული მიწელის მოსახლეობას, რომელმაც მისი თქმით სამშობლოსთან ყოფნის უფლება მოიპოვა. პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები იგულისხმა. ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინასთან ომში მონაწილეებს, რომელსაც კვლავ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა.

    პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთთან დიალოგზე უარს არ ამბობს.

    “ჩვენ მზად ვართ  ღიად გავამყაროთ კეთილი ურთიერთობები ქვეყნებთან, ვინც რუსეთში სანდო და პატიოსან პარტნიორს ხედავს, და ეს მსოფლიოს უმრავლესობაა. ჩვენ უარს არ ვამბობთ დასავლეთის სახელმწიფოებთან დიალოგზე. არჩევანი მათზეა. აპირებენ თუ არა ისინი მომავალშიც შეაკავონ რუსეთის განვითარება. გააგრძელონ აგრესიის და ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის პოლიტიკა, რომელიც წლებია არ წყდება.  თუ მოძებნონ თანამშრომლობის და მშვიდობის გზები. გავიმეორებ,  საუბარი, მათ შორის უსაფრთხოების სსაკითხებზე, სტრატეგიულ სტაბილურობაზე შესაძლებელია. თუმცა, არა ძალის პოზიციიდან, ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე, თაღლითობისა და საკუთარი გამორჩეულობის გრძნობის გარეშე. მხოლოდ თანასწორობის პრინციპით, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემით”.

    დასავლეთში რუსეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს არათავისუფალს და არასამართლიანს უწოდებენ. აშშ–ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის და ბევრი ევროპული ქვეყნის ხელისუფლებამ უარი თქვა პუტინის ინაუგურაციაზე საკუთარი წარმომადგენლის გაგზავნაზე. ევროპარლამენტმა არჩევნების შედეგებს არალეგიტიმური და არადემოკრატიული უწოდა და ევროკავშირს მოუწოდა პუტინი უკანონო პრეზიდენტად აღიარონ.

    პუტინის ინაუგურაციას რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი მაინც ესწრებოდა. ესენია საფრანგეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი, მალტა და კვიპროსი.

    ცერემონიის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ პუტინი ქუჩაში გავიდა, სადაც პრეზიდენტის პოლკის აღლუმი ჩაიბარა.

    აღლუმის შემდეგ  ისევე, როგორც 2018 წელს, ის კრემლის ხარების ტაძრის სამლოცველოში მივიდა, სადაც საზეიმო წირვა–ლოცვა თავად პატრიარქმა კირილმა ჩაატარა.

    წირვის ბოლოს კირილმა პუტინს მიმართა და ფაქტიურად კურთხევა მისცა მას იმ მსხვერპლზე, რომელიც მისი თქმით ქვეყნის სასიკეთოდ აუცილებელია.

    • ”ღვთის დიდი წყალობაა ჩვენს დროში, როცა სახელმწიფოს სათავეშია მართლმადიდებელი ადამიანი, რომელსაც არ რცხვენია საკუთარი რწმენის, და როცა უამრავი რუსი სახელმწიფო მეთაურში ხედავს არა მხოლოდ წარმატებულ პოლიტიკოსს, არამედ ძალიან კეთილ, ჭკვიან და გულითად ადამიანს. სახელმწიფოს მეთაურმა ხანდახან საბედისწერო და მრისხანე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. თუ ის ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგები შეიძლება ძალიან საშიში იყოს ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის. მაგრამ ეს გადაწყვეტილებები თითქმის ყოველთვის მსხვერპლსაც უკავშირდება. და ასეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხალხის და ქვეყნის სასიკეთოდ მიიღება, არასოდეს იქნება დაგმობილი არც ეკლესიის და არც ხალხის მიერ”.

    პუტინის ინაუგურაციის დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა ციხეში მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა. იულია ნავალნაიამ ყველას შეახსენა, რომ წინა საპრეზიდენტო ვადაში პუტინმა საპენსიო ასაკი გაზარდა და უკრაინაში შეიჭრა, რამაც არა მხოლოდ ადამიანების სიკვდილი, არამედ რუსეთის იზოლაცია გამოიწვია, ქვეყანაში კი რამდენიმე ასეული პოლიტპატიმარი გაჩნდა, რომლებიც არაადამიანურ პირობებში არიან.

    • ”პირადად ჩემთვის პუტინის ექვსი წელი – ეს არის წლები, როცა ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი, პატიოსანი და მამაცი ადამიანი, ნამდვილი პატრიოტი დევნეს, მოწამლეს ქიმიური იარაღით, სამი წელი აწამებდნენ ციხეში, შემდეგ კი მოკლეს. ესეც პუტინმა გააკეთა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პუტინს მსოფლიოში არავინ დაუჯეროს. ახლა ჩვენს ქვეყანას მართავს მარყუარა, ქურდი და მკვლელი. მაგრამ ეს აუცილებლად დამთავრდება. არ დანებდეთ. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს”
  • პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა

    ვლადიმერ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა.  სწავლება უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში მონაწილეობას სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ფორმირებები და სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიღებენ.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სწავლების ჩატარების მიზეზი “პროვოკაციული განცხადებები და დასავლეთის ოფიციალურ პირთა მუქარებია”, თუმცა არ არის აღნიშნული, კონკრეტულად რა სახის განცხადებებზეა საუბარი.

    კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ  ტაქტიკური ბირთვული იარაღით დაგეგმილი სწავლება დაკავშირებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებთან, ასევე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების “განზრახვასთან, გაგზავნონ სამხედროები უკრაინაში”.

    “თუ მეკითხებით, დასავლეთის წარმომადგენლების რომელ განცხადებებზეა საუბარი, თვალნათელია, რომ საუბარია ბატონ მაკრონისა და ბრიტანეთის წარმომადგენლების განცხადებებზე. როგორც იცით, მათ დაემატათ აშშ-ს სენატის წარმომადგენლებიც, თუ არ ვცდები, რომლებიც საუბრობდნენ უკრაინაში შეიარაღებული კონტინგენტების მზაობაზე და ზრახვაზეც კი”. – თქვა პესკოვმა.

  • ბრაზილიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 78 ადამიანი ემსხვერპლა

    ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა. განხორციელდა 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

    დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რადგან კვირის მონაცემებით დაკარგულად 105 ადამიანი ითვლება, შაბათს კი დაკარგულად 70 მიიჩნეოდა.

    წყალდიდობებმა რამდენიმე ქალაქში ხიდები და გზები გაანადგურა.

    ძლიერმა ნალექმა  მეწყერი გამოიწვია და ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ჩამოანგრია.

    გამოცემის ცნობით,  ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონში მოსახლეობა საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

  • გალანტის თქმით, IDF-მ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრ  იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა [IDF]სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა.

    “სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი განადგურებულია. დარჩენილი ნახევარი კი ან იმალება ან ტოვებს ლიბანს” – თქვა იოავ გალანტმა.

    თავდაცვის მინისტრის თქმით, IDF-ის მთავარი მიზანი ჩრდილოეთში არის ის, რომ იძულებით გადაადგილებული ისრაელელი მოსახლეობა თავიანთ სახლებში დაბრუნდეს.