Category: მსოფლიო

  • ტერიტორიული კომპრომისის შემთხვევაში, ზელენსკის რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს – კლიჩკო

    “რა ნაბიჯსაც იგი გადადგამს, ჩვენი პრეზიდენტი [ზელენსკი] პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკზე წავა. ცხადია, ომი უნდა მოვიგოთ, მაგრამ სიტუაცია უფრო და უფრო რთული ხდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების მხრიდან წამოსულ დახმარებაზე, კოშმარი იქნება, თუკი დამატებით ორი წლით მოგვიწევს ომი.[…]ზელენსკის სავარაუდოდ რეფერენდუმის ჩატარება მოუწევs.[…] მისთვის [ზელენსკისთვის] გამოსავალი შესაძლოა ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა იყოს, იმის მსგავსად რაც ისრაელში 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ მოხდა”.

    აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

  • ბაიდენი მორჩა, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები” მიღწეული იქნება – მედვედევი

    ბაიდენი მორჩა, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები” მიღწეული იქნება – მედვედევი

    “ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება”,

    ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას.

  • ჯო ბაიდენი აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურას მოხსნის

    პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არ აპირებს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა.

    ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება.

    81 წლის პრეზიდენტი წერილში, რომელიც მან თავის X -ის ანგარიშზე გამოაქვეყნა წერს:

    “მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გვერდზე გადგომა და მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე, ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ფოკუსირება. მე ვესაუბრები ერს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ”.– წერს ბაიდენი.

    ბოლო დღეები განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო მარათონიდან გასვლისკენ საკუთარი თანაპარტიელების დიდი ნაწილი მოუწოდებდა.

  • “ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია!” – ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა

    ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამასთან დაკავშირებით ის წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მოსახლეობას კვირის ბოლოს დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას.

    “მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა არჩევნებში ხელახლა მონაწილეობა იყო, მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია, რომ დათმობაზე წავიდე და ყურადღება დავუთმო ვადის დასრულებამდე ჩემს საპრეზიდენტო მოვალეობებს”.  – წერს ბაიდენი.

  • 128 ჯავშანმანქანა და 18 ჰაუბიცა – საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გადასცემს

    ფრანგული გამოცემა France Info-ს ცნობით, საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც უკრაინელი სამხედროების გადამზადებას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჯავშანტექნიკისა და ჰაუბიცების გამოყოფას მოიცავს.

    France Info-ს ცნობით, კიევი პარიზიდან მიიღებს 128 ჯავშანმანქანას VAB, 18 თვითმავალ ჰაუბიცა Caesar-ს და 24 მსუბუქ ტანკს. ასევე უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, სატვირთო მანქანები და რადარები გადაეცემა.

    საფრანგეთის შამპან-არდენის პროვინციაში 2100 უკრაინელი ჯარისკაცი ორთვიან გადამზადებას გაივლის. უკრაინელი სამხედროები საფრანგეთის ძალებთან ერთად წვრთნებს ღია სივრცეში გაივლიან. ასევე, აღნიშნული 2100 სამხედროდან მცირე ჯგუფი სპეციალურად ტანკების მართვის მიმართულებით გადამზადდება.

  • რუსული ტყვეობიდან 95 უკრაინელი ჯარისკაცი გათავისუფლდა – 13 აზოვსტალის მცველია

    უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 95 პირი დაიბრუნა – ინფორმაციას ამის შესახებ, ქვეყნის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, გაცვლილ ტყვეებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები.

    “ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნებას. კიდევ 95 დამცველი გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან”- დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

    ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიორების შუამავლობით მოხდა.

  • “უნდა დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს პოლიტიკაში”- ბაიდენმა ერს მიმართა ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით

    ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჩაწერილ განცხადებაში ამერიკელებს მოუწოდა უარი თქვან ძალადობაზე პოლიტიკაში.

    ”ჩვენ უნდა დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს პოლიტიკაში,” – თქვა ბაიდენმა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ასეთი ძალადობა ნორმად იქცეს. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური რიტორიკა ძალიან გახურდა. დროა გაგრილდეს. ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა ამის გაკეთება“.

    ბაიდენმა თქვა, რომ პოლიტიკა უნდა იყოს „მშვიდობიანი დებატების არენა“ და ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი.

    „ამერიკაში ჩვენ უთანხმოებას საარჩევნო ყუთთან ვაგვარებთ. ახლა ამის გაკეთების დროა. საარჩევნო ყუთთან. არა ტყვიებით“, – თქვა ბაიდენმა მიმართვაში, რომელიც დაახლოებით შვიდი წუთი გაგრძელდა.

    პრეზიდენტმა ტრამპს უსურვა სწრაფი გამოჯანმრთელება და  გმირი უწოდა 50 წლის მეხანძრე კორი კომპატორს, რომელიც ტრამპის მიტინგის დროსდაიღუპა , როცა ოჯახის წევრებს ეფარებოდა ტყვიებისგან დასაცავად.

    ტრამპის მიტინგზე  ტყვიებით დაიჭრა კიდევ ორი ​​ადამიანი –  57 წლის დევიდ დაჩი და 74 წლის ჯეიმს კოპენჰავერი. ორივე მათგანი  საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავად ტრამპი მსუბუქად დაიჭრა: წინასწარი მონაცემებით, ტყვიამ ექს-პრეზიდენტის თავიდან სულ რამდენიმე მილიმეტრში გაიარა და ყურში მოხვდა.

    ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს ჯერ არ გაუკეთებიათ რაიმე კონკრეტული დასკვნა თავდამსხმელის მოტივების შესახებ.

    FBI-მ განაცხადა, რომ ტრამპს  20 წლის თომას მეთიუ კრუკსმა ესროლა ბეთელ პარკიდან, რომელიც პენსილვანიაში, 70 კილომეტრში მდებარეობს ბატლერიდან,  სადაც თავდასხმა მოხდა.

    თავის მიმართვაში პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, მიანიშნა, რომ სანდო ფაქტების არარსებობის პირობებში, ინტერნეტში დაიწყო მრავალი ცრუ მტკიცებების და შეთქმულების თეორიების გავრცელება.

    „მსროლელის მოტივი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ არ ვიცით, რა შეხედულებები ჰქონდა და ვის დაუჭირა მხარი. ჩვენ არ ვიცით, მიიღო თუ არა მან დახმარება ან მხარდაჭერა ვინმესგან, თუ ვინმესთან იყო კონტაქტში“, – თქვა ბაიდენმა.

    მანამდე FBI-მ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა და სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ არ დაუდგენიათ, უკავშირდებოდა თუ არა ის რაიმე იდეოლოგიას.

    ოვალური კაბინეტიდან მიმართვამდე ბაიდენი ჟურნალისტებს ესაუბრა და თქვა, რომ ტრამპის უსაფრთხოება გაძლიერდება. ის ასევე დაჰპირდა უსაფრთხოების გაძლიერებას რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე, რომელიც ორშაბათს იწყება, სადაც ტრამპი ოფიციალურად იქნება წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატად.

    თუმცა, ამერიკის საიდუმლო სამსახურმა, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ს ამჟამინდელი და წინა პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე, განაცხადა, რომ რესპუბლიკელების კონვენციაზე თავის მუშაობაში „არავითარ ოპერატიულ ცვლილებას არ ელის“.

    ბაიდენმა ასევე დაურეკა ტრამპს, რათა გამოეხატა თანაგრძნობა მკვლელობის მცდელობის გამო. წყაროებმა Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ ზარი იყო “მოკლე და პატივისცემით გამსჭვალული”.

    ეს იყო ბაიდენის მხოლოდ მესამე მიმართვა ოვალური კაბინეტიდან მისი პრეზიდენტობის მანძილზე. ასეთი გამოსვლები შედარებით იშვიათად იმართება და, როგორც წესი, ყველაზე სერიოზულ მოვლენებს ეძღვნება.

    ბაიდენმა ასეთი მიმართვა გასული წლის ოქტომბერში, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ გააკეთა. მანამდე მან 2023 წლის ივნისში მიმართა ერს და მოითხოვა, რომ აშშ კონგრესმა დაუშვას აშშ-ს ვალის ზღვრის გაზრდა.

    ტრამპი ეროვნული ერთიანობისკენ მოწოდებით გამოდის

    ამასობაში დონალდ ტრამპმა პირველი ინტერვიუ მისცა მკვლელობის მცდელობის შემდეგ. მან Washington Examiner-ს განუცხადა, რომ გადაწყვიტა გადაეწერა თავისი მომავალი კონვენციის გამოსვლის ტექსტი,  რათა ფოკუსირება მოეხდინა ეროვნულ ერთიანობაზე და არა ბაიდენის კრიტიკაზე.

    „სიტყვა, რომლის გამოსვლასაც ვაპირებდი, ბომბი იქნებოდა“, – თქვა ტრამპმა. „ეს რომ არ მომხდარიყო, ჩემს ერთ-ერთ ყველაზე წარმოუდგენელ გამოსვლას ნახავდით“, დასძინა მან და განმარტა, რომ მას სურდა ძირითადად ესაუბრო ბაიდენის პოლიტიკის ნაკლოვანებებზე.

    „მართალი გითხრათ, ახლა ეს იქნება სრულიად განსხვავებული გამოსვლა. ეს არის ქვეყნის გაერთიანების შესაძლებლობა. მათ მომცეს ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

    მან ასევე აღიარა, რომ „ახლა იწყებს რეალობის გააზრებას“ იმის შესახებ, რაც მას კვირას შეემთხვა.

    ტრამპი უკვე ჩავიდა მილუოკიში (ვისკონსინი), სადაც კონფერენცია გაიმართება.

  • ვინ იყო თომას კრუქსი–ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა

    FBI-მ გამოაცხადა, რომ მამაკაცი, ვინც დონალდ ტრამპს ესროლა ბატლერში, პენსილვანიის შტატში, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი იყო. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რესპუბლიკური პარტიის რეგისტრირებული მხარდამჭერი იყო.

    მას შემდეგ, რაც ტყვია ტრამპს ააცილა, უფრო ზუსტად – ყურში მოარტყა,მსროლელმა რამდენიმე ტყვია ესროლა შეკრებილ ხალხს, რის შედეგადაც ერთი დაიღუპა და კიდევ ორი ​​მძიმედ დაჭრა. მას ესროლეს და მოკლეს საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა, რომლებიც ტრამპს იცავდნენ, როგორც ყოფილ პრეზიდენტს და როგორც ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატს.

    თომას კრუქსს თან არანაირი საბუთი არ ჰქონია და გამოძიებამ მისი იდენტიფიკაცია დნმ-ით შეძლო.

    თომას კრუქსი მშობლებთან ერთად ცხოვრობდაპიტსბურგის  წყნარ გარეუბანში, ბეთელ პარკში, მკვლელობის მცდელობის ადგილიდან დაახლოებით 70 კილომეტრში. 2022 წელს მან დაამთავრა სკოლა და მიიღო პრიზი – 500 დოლარი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღებული შედეგებისთვის. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი წერდა.

    სკოლის დამთავრების შემდეგ კრუქსი იქვე, მოხუცთა სახლის სამზარეულოში მუშაობდა.

    როგორც ამერიკულმა პრესამ გაარკვია, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც რესპუბლიკელი კანდიდატის, ტრამპის მკვლელობა სცადა, თავად ოფიციალურად დარეგისტრირდა რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერად.

    თუმცა, სამი წლის წინ მან თანხა  – $15 შესწირა ორგანიზაცია ActBlue-ს, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას. ამერიკული პრესის ცნობით, მკვლელობის დროს კრუქსს ეცვა მაისური Demolition Ranch-ის ლოგოთი. ეს არის YouTube არხი მილიონობით გამომწერით, რომელიც აქვეყნებს ვიდეოებს იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით.

    სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ იარაღი, რომელიც თომას კრუქსმა გამოიყენა სროლისას,  მამამისმა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ ლეგალურად იყიდა. ამის შესახებ Associated Press ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

    მოტივები უცნობია

    ”ჩვენ ვერ დავადგინეთ მისი მოტივი ამ დროისთვის,” – თქვა კევინ როჟეკმა, FBI-ის პიტსბურგის ოფისის ხელმძღვანელმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე.

    მისი თქმით, გამოძიება შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს და გამომძიებლები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა გაარკვიონ, თუ რამ აიძულა კრუქსი ტრამპისთვის ესროლა.

    თომასის მამამ, მეთიუ კრუქსმა, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ მას აბსოლუტურად არ აქვს წარმოდგენა რა მოხდა და მან უნდა ისაუბროს სამართალდამცავებთან, სანამ შვილზე პრესასთან ისაუბრებს.

    მკვლელობის მცდელობის შემდეგ, კვირას ღამით, პოლიციამ ალყა შემოარტყა კრუქსის სახლს და მიმდებარე სახლებს და სასწრაფოდ მოახდინა მათი მეზობლების ევაკუაცია. ადგილობრივმა პოლიციამ განმარტა, რომ ამის მიზეზი კრუქსის სახლში სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა გახდა.

  • პენსილვანიაში დონალდ ტრამპს ესროლეს. დეტალები და რეაქციები

    სროლის ხმა გაისმა აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას პენსილვანიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე. ტრამპმა სიტყვა შეწყვიტა და სცენა დატოვა.

    მალევე გავრცელდა ინფორმაცია სამართალდამცავ წყაროებზე დაყრდნობით, რომ მსროლელი „განეიტრალებულია“. მოგვიანებით ოლქის პროკურორმა ოფიციალურად განაცხადა, რომ  მსროლელი მოკლეს, ასევე მოკლულია აქციის მინიმუმ ერთი მონაწილე.

    სროლის დაწყებისთანავე, ტრამპი ტრიბუნისკენ დაიხარა, მასთან მცველები მივარდნენ და წაიყვანეს.

    ვიდეო კადრებში ჩანდა, რომ ტრამპის მარჯვენა ყური სისხლით იყო მოსვრილი.

    რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი  მხარდამჭერებს ბატლერში, პენსილვანიის შტატში მიმართავდა სიტყვით,  რომელიც გადამწყვეტი შტატია ნოემბრის არჩევნებში.

    ტრამპის უკან მისი მხარდამჭერები იდგნენ პლაკატებით. სროლის ხმის გაგონებისთანავე ისინიც დაიხარნენ.

    კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხალხიდან მხრიდან სროლა მაშინ გაისმა, როცა   ტრამპი აშშ-ში არალეგალური მიგრანტების რაოდენობაზე საუბრობდა.

    ტრამპის სპიკერმა სტივენ ჩანგმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება საავადმყოფოში, სადაც ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ. „პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცავებს და საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებს ამ საშინელი მოვლენის დროს სწრაფი რეაგირებისთვის. ის კარგად არის და ადგილობრივ საავადმყოფოში გადის გამოკვლევას“.

    ტრამპის დაცვაზე პასუხისმგებელი საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ექს-პრეზიდენტი უსაფრთხოდ არის და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

    პირველი რეაქცია

    პენსილვანიის გუბერნატორმა, დემოკრატმა ჯოშ შაპირომ განაცხადა, რომ შტატის პოლიცია ადგილზე მუშაობს ფედერალურ სააგენტოებთან ერთად. „ძალადობა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა შაპირომ. “მას ადგილი არ აქვს პენსილვანიაში და შეერთებულ შტატებში.”

    ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც რეაგირება მოახდინა მომხდარზე. „მე და სარა შოკირებული ვართ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმით, ჩვენ ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისთვის და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის“, დაწერა მან X-ზე (ყოფილი Twitter).

    პოლიტიკოსების მკვლელობის მცდელობები მთელ მსოფლიოში იზრდება

    ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გაიზარდა პოლიტიკური მკვლელობის მცდელობებისა და სიკვდილით გამოწვეული მუქარის რიცხვი.

    გასულ წელს კიტოში მოკლეს ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატი ფერნანდო ვილავიჩენსიო.

    არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, რადგან თავდამსხმელის იარაღი გაიჭედა.

    იაპონიის პრემიერ მინისტრი შინზო აბე თვითნაკეთი იარაღით მოკლეს.

    ამ წლის დასაწყისში სამხრეთ კორეის ოპოზიციის ლიდერი ლი ჯე-მიუნგი კისერში დაიჭრა, გაზაფხულზე კი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.

    ასეთი გახმაურებული შემთხვევები აშშ-ში ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ამერიკელი მაღალჩინოსნების მიმართ მუქარა გახშირდა.

    New York Times იტყობინება, რომ გასულ წელს პოლიციამ გამოიძია რვა ათასზე მეტი მუქარა კონგრესის წევრების მიმართ და მუქარა განხორციელდა ფედერალური მოსამართლეების მიმართაც.

    გასული წლის ოქტომბერში ამერიკელების თითქმის მეოთხედი დაეთანხმა განცხადებას, რომ „პატრიოტებს შესაძლოა ძალადობა მოუწიოთ ქვეყნის გადასარჩენად“ (ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი  ბოლო სამი წლის განმავლობაში).

  • “F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები გზაშია! ზაფხულში უკრაინის ცაზე იფრენენ!” – ბლინკენი

    ”თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტ ბაიდენის გუშინდელი გამოსვლა, სადაც მან ისაუბრა იმ სამუშაოზე, რომელიც ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა გავწიეთ, რათა უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიგვეწოდებინა. კონკრტულად პეტრიოტები, მაგრამ ასევე სხვა სისტემებიც. ეს არის მნიშვნელოვანი უკრაინის ინფრასტრუქტურის, ხალხისა და დასაცავად. ეს ასევე არის საშუალება, რომ ჩვენ გავხსნათ უკრაინაში ინვესტიციების გზა, რაც ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის წინსვლისთვის. ასე რომ, ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. თუმცა, ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი იმ ყოვლისმომცველი პაკეტისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ახლა დიდი სიამოვნებით ვაცხადებ, რომ F-16 ტიპის გამანადგურებლები უკვე გზაშია, ისინი მიდის ნიდერლანდებიდან, დანიიდან და უკრაინის ცაში იფრენენ უკვე ამ ზაფხულს”.

    ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის ფარგლებში საუბრობს.