Category: მსოფლიო

  • გულახდილად ვამბობ, ჩვენ ვემზადებით ომისთვის! – ლუკაშენკო

    არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამას გულახდილად ვამბობ. “გინდა მშვიდობა – მოემზადე ომისთვის” – ეს მე არ მომიგონია. ძალიან სწორი ნათქვამია.

    აცხადებს ამის შესახებ,  ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ, ლუკაშენკო რომელიც ქალაქ გროდნოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

  • ერდოღანის ყველაზე დიდი მარცხი ისტორიაში. რატომ წააგო თურქეთის პრეზიდენტმა ადგილობრივი არჩევნები და რა ემუქრება ახლა მის ძალაუფლებას

    თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია, რომელსაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობს, მოულოდნელი მარცხი განიცადა კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიცღრმა ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩატარდა . რას ნიშნავს ეს დრამატული დანაკარგი ერდოღანისთვის, რომელმაც დაკარგა კონტროლი თურქეთის ყველა დიდ ქალაქზე?

    მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ  ქვეყნის მასშტაბით ხმების 37,8% მიიღო, ხოლო ერდოღანის პარტიამ 35,5%, იტყობინება Anadolu Agency.

    ბევრმა ექსპერტმა ამ არჩევნებს უწოდა “ერდოღანის ყველაზე დიდი მარცხი ისტორიაში”.

    მისმა მთავარმა კონკურენტმა არა მხოლოდ შეძლო ერდოღანის ხელისუფლებაში ყოფნის 21 წლის განმავლობაში პირველად ეროვნულ კენჭისყრაში მისი პარტიის დამარცხება. მან ასევე მიიღო ყველაზე მეტი ხმა მრავალი ათწლეულის განმავლობაში. როგორ გახდა ეს შესაძლებელი?

    ეკონომიკური პრობლემები: ჰიპერინფლაცია და მოსახლეობის უკმაყოფილება

    მთავარი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის დამარცხებას, იყო ქვეყანაში არსებული ღრმა ეკონომიკური კრიზისი.

    ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც ცხოვრების ღირებულებამ მკვეთრი მატება დაიწყო მხოლოდ 2022 წლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, თურქეთში ეკონომიკური კრიზისი 2018 წლიდან გრძელდება. ქვეყანაში ინფლაცია 65%-ს აჭარბებს, ხოლო ეროვნულმა ვალუტამ ლირამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ღირებულების 80% დაკარგა.

    თურქეთის მთავრობას პრეზიდენტ ერდოღანის მეთაურობით ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ვერ ხვდება, რამდენად რთულია ეს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.

    „მმართველმა პარტიამ დააგვიანა ეკონომიკური კრიზისის დამანგრეველი შედეგების აღიარება“, – ამბობს ანკარის ჰაჯი ბაირამ ველის უნივერსიტეტის პროფესორი ბაჰადირ თურქი.

    მან დასძინა, რომ 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერდოღანი და მისი პარტია “ზედმეტად ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი კრიზისიდან გამოსავლის შესახებ”.

    “ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ერდოღანმა და მისმა პარტიამ დაუშვეს”, – ამბობს პროფესორი თურქი.

    წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიცია ბევრს საუბრობდა ცხოვრების გაძვირების პრობლემაზე.

    სტამბოლის პოპულარული მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც არჩევნებში სამართლიანობის და განვითარების პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ იბრძოდა, აქტიურად იყენებდა ლოზუნგს „ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს სიღარიბეს“. შედეგად, მან დიდი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ხუთი წლით აირჩიეს.

    იმამოღლუ

    იმამოღლუმ, ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის წარმომადგენელმა, ერდოღანი დაადანაშაულა „ეკონომიკის კანონების თავდაყირა დაყენებაში“.

    ერდოღანი ზედიზედ მესამე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად 2023 წელს და კამპანიის დროს ის ხალხს ეკონომიკის აღდგენას დაპირდა. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლებმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს არა პირადად ქვეყნის პრეზიდენტის, არამედ მთლიანად მმართველი პარტიის მიმართ.

    „ამომრჩეველისთვის ადვილი არ არის ლიდერებისადმი ემოციური მიჯაჭვულობის გაწყვეტა. მაგრამ ადგილობრივ არჩევნებზე მათ ხმა უნდა მიეცათ არა ლიდერისთვის [ერდოღანი], არამედ პარტიისთვის. და ამ არჩევნებში მათ სურდათ გამოეხატათ უკმაყოფილება პარტიის მიმართ“, – ამბობს სტამბოლის ოზეგინის უნივერსიტეტის პროფესორი ევრენ ბალტა.

    ოპოზიცია აფართოებს თავის ბაზას

    მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ შეინარჩუნა ძალაუფლება თურქეთის უდიდეს ქალაქებში, მათ შორის სტამბულში, ანკარასა და იზმირში და მოიპოვა ძალაუფლება რამდენიმე სხვა ცენტრში, მათ შორის ბურსაში, ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქში.

    მან დიდი პოპულარობა მოიპოვა თურქეთის ტრადიციულად კონსერვატიულ ცენტრალურ რეგიონებშიც კი –  ამ მოვლენას მრავალმა კომენტატორმა უწოდა “წითელი ტალღა“–ეს არის ფერი, რომლითაც პარტიის წარმატებები აღინიშნა რუკებზე.

    რესპუბლიკური სახალხო პარტია შეიქმნა თანამედროვე თურქეთის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ 1923 წელს და არის სეკულარული პოლიტიკური ძალა ნაციონალისტური პოზიციით. მისი ტრადიციული ამომრჩევლები საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან და დიდ ქალაქებში ცხოვრობენ.

    თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დაარსების დღიდან, კონსერვატორები და ერთგული მუსლიმები განიხილავდნენ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას, როგორც საფრთხეს მათი ისლამური სათნოებისა და ღვთისმოსაობის ღირებულებებისთვის.

    თავის მხრივ, პარტიამ დაადანაშაულა კონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის სამართლიანობისა და განვითარების პარტია ისლამისტური იდეების პროპაგანდაში. რელიგიურ და საერო თემებს შორის განხეთქილება ათწლეულების მანძილზე თურქეთის პოლიტიკაში განმსაზღვრელი ფაქტორია.

    თუმცა, ბოლო წლებში ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ პოპულარობა მოიპოვა უფრო კონსერვატიულ და რელიგიურ მოქალაქეებშიც კი – და ეს იყო მისი ამჟამინდელი გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი.

    „2017 წლიდან, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ მიმართა კონსერვატორებთან შერიგების პოლიტიკურ სტრატეგიას და დაასრულა განხეთქილება“, – ამბობს პროფესორი ბალტა.

    სტამბულში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო იმამოღლუს გამარჯვებას, იყო ქურთული თემის მხარდაჭერა. მისმა წევრებმა ხმა მისცეს მოქმედ მერს, თუმცა კენჭისყრაში იყო პროქურთული მწვანე მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი.

    ბალტა დარწმუნებულია, რომ ქურთული თემის წევრებმა გადაწყვიტეს სტრატეგიული ხმის მიცემა.

    „ერთის მხრივ, არის ერდოღანის პარტია, გამარჯვების სერიოზული პრეტენდენტი, რომელიც მათ „ტერორისტულ დაჯგუფებას“ უწოდებს. მეორე მხრივ, არის იმამოღლუ და რესპუბლიკური სახალხო  პარტია, რომელიც ქურთებს თანასწორ მოქალაქეებად ექცევა. ამიტომ მათ რაციონალური არჩევანი გააკეთეს და ხმა მისცეს იმამოღლუს“, – განმარტავს ბალტა.

    კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დაეხმარა ოპოზიციას ამ არჩევნებში, იყო  ამომრჩევლებისთვის თავისი გზავნილის მიწოდების უნარი. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში მედიის უმეტესობას მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სააგენტოებიაკონტროლებენ , ეს კონტროლი არ შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურად.

    პრეზიდენტ ერდოღანს ხშირად ადანაშაულებენ მედიის მონოპოლიზებაში და ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაში. მაგრამ ბალტა გვახსენებს, რომ ავტორიტარიზმი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ხარისხით.

    „თურქეთში მედიაზე ან პოლიტიკურ პარტიებზე კონტროლი არასოდეს ყოფილა ისეთი, როგორიც რუსეთში – და არც იქნება“, დარწმუნებულია ის. „აქ ჯერ კიდევ დიდი პოლიტიკური კონკურენციაა და აქ არის ოპოზიცია, რომელსაც აქვს ხალხთან საუბრის ინსტრუმენტები და უნარი.

    ნიშნავს თუ არა ეს პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობის გარდაუვალ დასასრულს?
    მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის პარტიამ სერიოზული მარცხი განიცადა, ექსპერტები ამბობენ, რომ მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

    ერდოღანის პრეზიდენტობა 2028 წელს დასრულდება. 31 მარტის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადა მისთვის ბოლო იქნებოდა.

    „მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა აღიარა, რომ ეს იყო შესანიშნავი არჩევნები ოპოზიციისთვის, ის რჩება მთავარ ძალად თურქეთის პოლიტიკაში და აქვს მნიშვნელოვანი გავლენა“, – ამბობს პროფესორი თურქი. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთში ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის ის კვლავ ძალიან პატივსაცემი და საყვარელი ფიგურაა“.

    თურქის თქმით, გასულ წლებში ერდოღანის პარტიის წარმატება უზრუნველყოფილი იყო ჰარმონიული კავშირით „ერდოღანის ქარიზმატულ ძალასა და პარტიული ბიუროკრატიის მუშაობას შორის“. „მაგრამ მეჩვენება, რომ ასეთი ჰარმონია თანდათან იშლება და ამას ადგილობრივი არჩევნების შედეგები აჩვენებს“, – მიიჩნევს ექსპერტი.

    ახლად არჩეული სტამბულის მერი ეკრემ იმამოღლუ ახლა პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის განზრახვა ჯერ არ გამოუცხადებია. პროფესორ ბალტას თქმით, მერის თანამდებობის შენარჩუნებით იმამოღლუ აძლიერებს თავის პოტენციალს, როგორც საპრეზიდენტო შესაძლო კანდიდატისას.

    ხელისუფლებაში ყოფნის ორი ათწლეულის განმავლობაში ერდოღანმა გააფართოვა თავისი პოლიტიკური გავლენა თურქეთის ფარგლებს გარეთ. მან წარმოაჩინა საკუთარი თავი, როგორც შუამავალმა რუსეთსა და უკრაინას შორის და 2022 წელს დაეხმარა ხელშეკრულების გაფორმებას უკრაინული სურსათის ექსპორტის აღდგენის შესახებ; პრეზიდენტმა ასევე გააფართოვა თურქეთის სავაჭრო კავშირები აფრიკისა და აზიის ბევრ ქვეყანასთან; მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ახლო აღმოსავლეთში.

    ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში ასეთმა მძიმე მარცხმა შესაძლოა „შეარყიოს მისი საერთაშორისო ლეგიტიმაცია“.

    „იმამოღლუ პირობას დებს, რომ შექმნის ფუნქციონალურ დემოკრატიულ სისტემას. ჩვენ შეიძლება მოწმენი გავხდეთ ფინანსური, კულტურული და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებისა ოპოზიციასა და მსოფლიო ძალებს შორის“, – ვარაუდობს ბალტა.

    მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს ერდოღანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასასრულად, ის სერიოზულ გამოწვევას შეუქმნიან მის ძალაუფლებას. თავად თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა– „31 მარტი ჩვენთვის დასასრული კი არა, გარდამტეხი მომენტია“.

    ერდოღანი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისი მომხრეების მხარდაჭერის დასაბრუნებლად. მაგრამ კენჭისყრის შედეგებით წახალისებული ოპოზიცია წარმატებას გამოიყენებს საკუთარი გავლენის გასაფართოებლად იმ მუნიციპალიტეტებს მიღმა, სადაც გამარჯვება მოიპოვა და შეეცდება გაძლიერდეს, როგორც ხელისუფლების რეალური პოლიტიკური ალტერნატივა.

  • საიდუმლო დაავადება, რომელიც ამერიკელ ოფიციალურ პირებს გამოუვლინდათ, ”ჰავანის სინდრომი“ თბილისშიც დაფიქსირდა – ჟურნალისტური გამოძიება

    მსოფლიოს სამი გავლენიანი გამოცემა The Insider, 60 minutes და Der Spiegel ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებენ.  მათ  აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუხსნელი ანომალიური ინციდენტები, ასევე ცნობილი როგორც “ჰავანის სინდრომი”, შეიძლება გამოწვეული იყოს რუსული “მთავარი სადაზრერვო სამმართველოს” (GRU) ერთ-ერთი ქვედანაყოფის – 29155 – წევრების მიერ გამოყენებული ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით.

    “ჰავანის სინდრომი” პირველად საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წელს მოექცა მას შემდეგ, რაც კუბაში 20-ზე მეტი ამერიკელი ოფიციალური პირი ავად გახდა აქამდე დაუდგენელი მიზეზებით. ამის შემდეგ 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ადგილებში. მათ შორის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ არიან ამერიკელი დიპლომატები, ჯაშუშები, სამხედრო ოფიცრები, კონტრაქტორები, ზოგიერთ შემთხვევაში მათი ცოლები, შვილები და შინაური ცხოველებიც კი.

    “ჰავანის სინდრომის” დროს ადა­მი­ა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ავად ხდე­ბა. უწევს წნევა, ეწყება ყურების ტკივილი, გუ­ლის­რე­ვა, პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა, ეს­მის უც­ნა­უ­რი ხმა­უ­რი. მსხვერ­პლის ნა­წი­ლი, წლე­ბის გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, დღე­საც უჩი­ვის პრობ­ლე­მებს: ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბინ­დვას, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პრობ­ლე­მებს, წო­ნას­წო­რო­ბის და­კარ­გვას, უძი­ლო­ბას და ა.შ.

    თავდასხმები ხორციელდება, რასაც The Insider უწოდებს “მიმართული ენერგეტიკული იარაღის” გამოყენებით. მსხვერპებს ჰქონდათ სიმპომები, როგორიცაა ქრონიკული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, გულისრევა, სმენისა და მხედველობის დაქვეითება, ტვინის ტრვამული დაზიანებები, ზოგიერთმა მსხვერპლს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები ჰქონდა, რომ იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ სამსახური.

    გამოცემა პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ აკუსტიკურ იარაღს იყენებდა. შემთხვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, 2021 წლის ოქტომბრით თარიღდება. გამოცემის თანახმად, სამიზნე საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ცოლი გახდა.

    სტატიაში ნათქვამია, რომ დაზარალებული ქალი ქმართან ერთად საქართველოში 2020 წლის თებერვალში პანდემიისას ჩამოვიდა და თბილისში, დიღმში ცხოვრობდა. ქმარი ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ატაშე იყო. ჯოი (სახელი შეცვლილია) იხსენებს, რომ ერთ დღეს მოულოდნელად გაიგო ძლიერი, გამჭოლი ხმა, რაც ჰგავდა შეგრძნებას, რასაც ფილმებში ბომბის აფეთქების შემდეგ აღწერენ. ამბობს, რომ ამას სხვადასხვა სიმპტომი, მათ შორის ყურისა და თავის ძლიერი ტკივილი და გულისრევა მოჰყვა.

    • ”საშრობში ვიყავი როცა გამჭოლი ხმა გავიგე, ისეთი ხმა რომელიც მხოლოდ ბომბის აფეთქებას ჰგავს. ყურები გამეხვრიტა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ფანჯრიდან რაღაც შემოვიდა და მარცხენა ყურზე მომხვდა. მესმოდა გამჭოლი ხმა, ვიგრძენი ყურის და თავის გაუსაძლისი ტკივილი, გულისრევა, როგორც კი ამ ყველაფერს თავი დავაღწიე, მივხვდი რომ ოთახიდან უნდა გავსულიყავი. კიბეებზე ჩავედი და ქვედა სართულზე უსაფრთხოების კამერა შევამოწმე რომელიც შემოსასვლელი კარის გვერდით იყო. მინდოდა, მენახა, იყო თუ არა გარეთ ვინმე, ჩვენს ჭიშკართან მანქანა, შავი მერსედესი იდგა და მას ფოტო გადავუღე,  იქვე იყო ქერა ახალგაზრდა კაცი”. – იხსენებს ჯოი

    რესპონდენტი ამბობს, რომ როგორც კი ფოტოს გადასაღებად კამერა ასწია, ახალგაზრდა, მაღალი კაცი მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა. მოგვიანებით ეს პირი ამოიცნო, როგორც ალბერტ ავერიანოვი, რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს, GRU-ს, აგენტი.

    გამოძიების თანახმად, ალბერტ ავერიანოვი, მუშაობს GRU-ს ელიტურ ქვედანაყოფში, – „ქვედანაყოფი 29155“ – რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ოპერაციაზე პასუხისმგებელი, მათ შორის სკრიპალების მოწამვლასა და ჩეხეთში, ქალაქ ვრტებიცეში საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებასთან. ალბერტი არის ჯგუფის დამფუძნებლის მეთაურის შვილი.  აშშ-ის მთავრობის ორი ოფიციალური პირი  60 Minutes-ს ეუბნება, რომ ალბერტი მართლაც იმყოფებოდა თბილისში, როდესაც თავდასხმა მოხდა.

    ”ის გაწვრთნილი იყო რომ დანაყოფის წევრი გამხდარიყო, 16 წლიდან მისი ნომერი არის ტელეფონის წიგნებში დანაყოფის წევრების. ის უფრო მეტია ვიდრე ანდრეი ავერიანოვის, ბოსის შვილი. ის არის ამ დანაყოფის წევრების კოლეგა. გვჯერა, რომ ამ დანაყოფის, მკვლელობის და დივერსიის რაზმის წევრები იყვნენ შემთხვევის ადგილებში ხელის შეწყობისთვის, ზედამხედველობისთვის ან იმისთვის, რომ  პირადად განეხორციელებინათ თავდასხმა ამერიკელ დიპლომატებზე, მთავრობის ოფიციალურ პირებზე – აკუსტიკური იარაღის გამოყენებით”.

    როდესაც The Insider-მა დაურეკა ალბერტს, რათა ეკითხა, იყო თუ არა იგი თბილისში ამერიკელ დიპლომატებზე და მათ ოჯახებზე სავარაუდო თავდასხმების დროს, მან მოისმინა კითხვა, შემდეგ ზედმეტად აღელვებულმა იკითხა ვინ ესაუბრდებოდა, როდესაც უთხრეს, რომ ეს იყო The Insider-ის მთავარი რედაქტორი, მან მაშინვე გათიშა ტელეფონი.

    გამოცემები “ჰავანას სინდრომს” წლებია იძიებენ. The Insider გამოძიების მთავარ მიგნებებს შორის ასახელებს იმას, რომ ქვედანაყოფის უფროსმა წევრებმა “არალეტალური აკუსტიკური იარაღის” შემუშავებასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოსთვის სხვადასხვა ჯილდო და პოლიტიკური დაწინაურება მიიღეს. რუსულ სამხედრო ლიტერატურაში ის აღწერილია, როგორც ხმოვან და რადიოსიხშირულ ენერგიაზე დაფუძნებული მოწყობილობები, რადგან ორივე მსხვერპლის ტვინში აკუსტიკურ არტეფაქტებს იწვევს. სამი გამოცემა მიუთითებს იმასაც, რომ GRU-ს აღნიშნული ქვედანაყოფი საბოტაჟის ოპერაციებს პუტინის იმპერიალისტური ოცნებების ასასრულებლად მთელ მსოფლიოში ატარებენ. კრემლი ჰავანის სინდრომთან კავშირს უარყოფს. პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ამ საკითხს მედია წლების განმავლობაში უკავშირებდა რუსეთს, თუმცა, მისი მტკიცებით, ბრალდებები უსაფუძვლოა.

    მედიის გამოძიებამ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აუხსნელი ჯანმრთელობის ინციდენტებს, რომელიც „ჰავანას სინდრომის” სახელითაცაა ცნობილი, შესაძლოა, ქვედანაყოფ 29155-ის წევრების მიერ გამოყენებული ენერგეტიკული იარაღი იწვევდა. გამოძიების მთავარ აღმოჩენებს შორის არის ის ფაქტი, რომ ქვედანაყოფის უფროსმა წევრებმა მიიღეს ჯილდოები და პოლიტიკური დაწინაურება „არალეტალური აკუსტიკური იარაღის“ შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოსთვის, ეს ტერმინი რუსულ სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში როგორც ულტრაბგერით ასევე რადიოსიხშირეზე დაფუძნებული ენერგიის მოწყობილობების აღსაწერად გამოიყენება.

    60 Minutes-ს რობინ გარფილდმა, კომერციის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მისმა მეუღლემ ბრიტა გარფილდმა განუცხადეს, რომ 2018 წელს, მათ გაიგეს უცნაური ხმები ღამით, როდესაც ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ შანხაიში, ჩინეთი. ამას მოჰყვა მეხსიერების დაქვეითების სიმპტომები, მხედველობის დაქვეითება და წონასწორობის პრობლემა, როგორც მათთვის, ასევე მათი შვილებისთვის. 2020 წელს მათ კვლავ ისაუბრეს 60 Minutes-თან და განაცხადეს, რომ მათ კვლავ დაესხნენ თავს, შუაღამისას, ფილადელფიაში, სადაც მკურნალობდნენ ჩინეთში მიყენებული დაზიანებების გამო.

    “ღამით ხმაურმა გამაღვიძა და თავიდან მეგონა, რომ სახლში ქურდი შემოიპარა. რომ გავედი ოთახიდან, ბავშვების ოთახში შევედი და საშინელი სურათი დამხვდა – ჩემს ორივე შვილ კრუნჩხვები ჰქონდა. მივედი ერთ-ერთთან, თავი დავდე მის გვერდით და გავიგონე ძალიან უცნაური ბგერა

    • კრემლის პასუხი ბრალდებებზე

    კრემლმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ რუსული სამხედრო დაზვერვა, შესაძლოა, იდუმალი „ჰავანის სინდრომის“ დაავადების უკან იდგეს.

    „ეს სულაც არ არის ახალი თემა. მრავალი წლის განმავლობაში, პრესაში გაზვიადებული იყო ეგრეთ წოდებული „ჰავანის სინდრომის“ თემა და თავიდანვე რუსულ მხარეს სდებდნენ ბრალს“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

    ”მაგრამ, არავის არასოდეს გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ. ამიტომ, ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა მედიის უსაფუძვლო, უსაფუძვლო ბრალდებები” – თქვა პესკოვმა

  • რუსეთის ახალი რკინიგზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენთვის შესაძლოა დიდი პრობლემა გახდეს – კირილ ბუდანოვი

    “რუსეთი ერთ წელზე მეტია აშენებს რკინიგზას, რათა მიუერთდეს სამხრეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს პროცესი თითქმის დასრულებულია და ჩვენთვის შესაძლოა მომავალში სერიოზული პრობლემა გახდეს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ რკინიგზის სახმელეთო მონაკვეთს როგორმე გავანადგურებთ. ამის გამოცდილება უკვე გვაქვს და გაცილებით მარტივი საკითხია, ვიდრე ყირიმის ხიდი”.

    აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური, კირილო ბუდანოვი.

  • დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

    ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, რომ მეფე ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

    ეს არ არის პროსტატის კიბო, მაგრამ ის მაშინ აღმოაჩინეს, როცა ცოტა ხნის წინ მეფე პროსტატის ადენომის მკურნალობის კურსს გადიოდა.

    სასახლის განცხადებაში არ არის მითითებული სხვა დეტალები, მათ შორის მეფის ავადმყოფობის ეტაპი ან ექიმის პროგნოზი, მაგრამ ნათქვამია, რომ მეფემ ორშაბათს დაიწყო “შესაბამისი მკურნალობის კურსი”.

    ბუკინგემის სასახლემ ასევე აღნიშნა, რომ მეფე “ზოგადად დადებითად არის განწყობილი მისი მკურნალობის მიმართ და მოელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება სრულად საზოგადოებრივ საქმიანობას”.

    უახლოეს მომავალში ის ნაკლებად დაესწრება საჯარო ღონისძიებებს, ამ პასუხისმგებლობას მკურნალობის მსვლელობისას სამეფო ოჯახის სხვა უფროსი წევრები აიღებენ. ამ სტატუსს ამჟამად ფლობენ მისი მეუღლე, დედოფალი კამილა, ვაჟი, პრინცი უილიამი, ძმა, პრინცი ედვარდი და და, პრინცესა ანა.

    ჩარლზ III კვლავ განაგრძობს სახელმწიფოს მეთაურის კონსტიტუციური როლის შესრულებას, მათ შორის სახელმწიფო დოკუმენტაციის გაფორმებას და კერძო შეხვედრებს. მათ შორის,  პრემიერ მინისტრთან აუდიენციას: ისინი გააგრძელებენ ყოველკვირეულ შეხვედრებს.

    თუ ექიმები მეფეს ურჩევენ პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე შემცირებას, შესაბამისი ზომები მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული.

    იმ შემთხვევაში, თუ მეფე ვერ ახერხებს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას, არსებობს კარგად ჩამოყალიბებული კონსტიტუციური პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა გადადის „სახელმწიფო მრჩევლებზე“.

    ამჟამად მათ შორის არიან დედოფალი კამილა, პრინცი უილიამი, პრინცესა ანა და პრინცი ედვარდი. პრინცი ჰარი და იორკის ჰერცოგი (ანუ პრინცი ენდრიუ) ამ სიაში აღარ შედიან, რადგან ისინი არ არიან სამეფო ოჯახის მომუშავე წევრები.

    მედიის ინფორმაციით, პრინცი ჰარი, რომელიც ახლა კალიფორნიაში ცხოვრობს, ესაუბრა მამას და უახლოეს დღეებში დიდ ბრიტანეთში ჩავა.

    ორშაბათს დილით 75 წლის მეფე ნორფოლკის სანდრინგემის სასახლიდან ლონდონში დაბრუნდა. ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის მკურნალობას ამბულატორიულად გაივლის.

    კიბოს თერაპიის აბსოლუტური უმრავლესობა  ამბულატორიულად ტარდება. მაგრამ ეს  მოიცავს შესაძლო მკურნალობის უზარმაზარ სპექტრს.

    ქიმიოთერაპია ასევე  სხვადასხვა ფორმით გამოიყენება, რომელთაგან თითოეულმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მაგრამ რადგან უცნობია, რა ტიპის კიბო აქვს მეფეს, ძნელია ვარაუდი, რა ტიპის მკურნალობა ჩაუტარდება მას.

    მედია წერს,  რომ მეფე ჩარლზ III-მ პირადად  აცნობა თავისი დიაგნოზი მის უახლოეს ოჯახის წევრებს, მათ შორის პრინცებს უილიამსა და ჰარის, ასევე მის და-ძმებს პრინცესას ანას და პრინცებს ენდრიუს და ედვარდს.

    კვირას მეფე სანდრინგემში წირვას დაესწრო და შეკრებილ ხალხს მიესალმა.

    ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ მეფემ ლონდონის კერძო კლინიკაში პროსტატის ოპერაცია გაიკეთა.

    ჩარლზ III-მ გადაწყვიტა გამოეცხადებინა თავისი მკურნალობა, რათა მეტი მამაკაცისთვის მიეცა მოტივაცია, გამოკვლევა ჩაიტარონ.

    გავრცელებული ინფორმაციით, ის კმაყოფილი იყო ამ სამედიცინო პრობლემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობით. მისი განცხადების შემდეგ, ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის ვებგვერდზე  პროსტატის პრობლემებისა და დაავადებების შესახებ ძებნების რაოდენობის მკვეთრი ზრდა (1000%-ით)აღინიშნა.

    კიბოს მრავალი სახეობის განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება. ბრიტანეთში, საშუალოდ, 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში კიბოს ახალი შემთხვევების მესამედზე მეტი (36%) მოდის.

    წამყვანი ბრიტანელი ონკოლოგი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი, პროფესორი კეროლ სიკორა, თვლის, რომ მეფის გადაწყვეტილება მისი დიაგნოზის გასაჯაროებაზე დაეხმარება საზოგადოებას უკეთ გაიგოს, რა არის სინამდვილეში ასეთი დაავადებები.

    „კიბო ბევრ ადამიანს აშინებს და მისი დიაგნოზის გასაჯაროებით, ჩარლზ III, რა თქმა უნდა, დაეხმარება ადამიანებს გარკვეული შიშების მოხსნაში. ჩვენ ვმკურნალობთ სიმსივნით დაავადებულთა თითქმის ნახევარს და… იმედია დიდხანს და წარმატებულად იცხოვრებს, მაგრამ… ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერი შეიძლება დაავადდეს კიბოთი… გახსნილობა საუკეთესო საშუალებაა ადამიანების დასაცავად, რათა მათ არ ეშინოდეთ. ისაუბრეთ ღიად იმ სიმპტომებზე, რომლებიც კიბოს მოასწავებდეს“ – ამბობს პროფესორი სიკორა.

  • სალივანის თქმით, აშშ ახლო აღმოსავლეთში ირანულ დაჯგუფებებზე საპახუხო იერიშებს გააგრძელებს

    “ვაპირებთ დამატებით დარტყმებს [ირანზე]… აშშ უპასუხებს, როცა ჩვენ ძალებს თავს დაესხმებიან”, – ამის შესახებ თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

    “ეს ყველაფერი პარასკევს ღამით დაიწყო, თუმცა ამით არ დამთავრდება. ჩვენ ვაპირებთ, დამატებითი საჰაერო დარტყმები განვახორციელოთ, რათა მკაფიო სიგნალი გავაგზავნოთ, რომ ჩვენს ძალებზე თავდასხმას, ან ადამიანების მოკვლას, აშშ სათანადოდ უპასუხებს.

    გვჯერა, რომ ჩვენი დარტყმები ეფექტურ შედეგს გამოიღებს [ირანულ] დაჯგუფებებზე, რომლებიც ჩვენს ძალებს თავს დაესხნენ”, – თქვა სალივანმა.

    2 თებერვალს, იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

  • აშშ-ის სენატმა საბოლოოდ შეათანხმა კანონპროექტი უკრაინის დახმარების შესახებ. ბაიდენი კონგრესს მის სწრაფად მიღებას სთხოვს

    ამერიკელი სენატორები ბოლოს და ბოლოს  შეთანხმდნენ ორპარტიულ კანონპროექტზე 118 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების შესახებ , რომელიც აერთიანებს სახსრებს უკრაინის, ისრაელის დასახმარებლად და შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრის გასაძლიერებლად.

    აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს და სთხოვს კონგრესს, არ გადადოს მისი მიღება. პირველადი კენჭისყრა შუა კვირაში ჩატარდება, მაგრამ უკვე ცხადია, რომ კანონპროექტს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეხვდება წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ. პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკვე განაცხადა, რომ ის კანონპროექტის დაბლოკვის პირობას დებს.

    სენატორები შეთანხმებას გასული წლის შემოდგომის შემდეგ ვერ ახერხებენ. მთავარი მიზეზი რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მექსიკასთან საზღვრის გაძლიერების ღონისძიებებსა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება იყო. რესპუბლიკელებმა მექსიკასთან საზღვრის გამკაცრება მოითხოვეს და ეს უკრაინის დამატებითი დახმარების განხილვის პირობად აქციეს.

    დამატებითი დაფინანსების ჯამური მოცულობა 118 მილიარდ დოლარზე მეტია.

    აქედან,  $60,06 მილიარდის უკრაინის მხარდასაჭერად უნდა წავიდეს, 14,1 მილიარდის ისრაელის დასახმარებლად, 20,23 მილიარდი დოლარის მექსიკასთან საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 4,83 მილიარდი აშშ-ის პარტნიორების მხარდასაჭერად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, 2,44 მილიარდი – აშშ-ის ცენტრალური სარდლობისთვის და 2.44 – წითელ ზღვაში ოპერაციების მხარდასაჭერად.

    არალეგალური იმიგრაციის პრობლემები საზღვარზე და არჩევნები

    ”ამ კანონპროექტის პრიორიტეტები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება მათი იგნორირება მოხდეს და მათ პოლიტიკამ ხელი შეუშალოს” – თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა განცხადებაში.

    კანონპროექტს მხარი დაუჭირა სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა მიჩ მაკკონელმაც და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები “უკეთეს გარიგებას ვერ მიიღებენ”.

    კანონპროექტს წინააღმდეგობა უფრო კონსერვატიული რესპუბლიკელების მხრიდან ექმნება. ისინი ხელმძღვანელობენ დონალდ ტრამპის პოზიციით, რომელიც დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება.

    ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება შემოთავაზებულ სასაზღვრო შეთანხმებას, რომელსაც სენატორები განიხილავდნენ.

    სავარაუდო კანდიდატს სურს გამოიყენოს საზღვრის საკითხი ბაიდენის წინააღმდეგ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და არასაკმარისად მიიჩნევს კანონპროექტში გათვალისწინებულ ზომებს უკანონო იმიგრაციასთან საბრძოლველად.

    „ცუდი სასაზღვრო შეთანხმება ბევრად უარესია, სასაზღვრო შეთანხმების საერთოდ არარსებობა“, – წერს ტრამპი თავის გვერდზე Truth Social.

    პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, რომელიც ეს პოსტი ტრამპისადმი ლოიალობის წყალობით დაიკავა, ასევე თქვა, რომ ამჟამინდელი სახით კანონპროექტს, რომელსაც სენატორები ამზადებენ, პალატაში არანაირი შანსი არ აქვს.

    შაბათს ჯონსონმა თქვა, რომ მომავალ კვირას გაიმართება კენჭისყრა ისრაელისთვის 17,6 მილიარდი დოლარის დახმარების კანონპროექტზე, უკრაინის დამატებითი თანხის გარეშე.

    შემოდგომის შემდეგ კონგრესი ვერ ახერხებს ახალი ბიუჯეტის მიღებას უკრაინის მხარდასაჭერად. ამ ხნის განმავლობაში მანამდე გამოყოფილი თანხები თითქმის ამოიწურა დაკიევისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა .

  • Tesla-სა და Space X-ის დირექტორთა საბჭოს წევრები ილონ მასკთან ერთად ნარკოტიკებს იღებდნენ, რათა ის არ გაენაწყენებინათ – The Wall Street Journal.

    გამოცემა The Wall Street Journal ელონ მასკის ნარკოტიკებთან დამოკიდებულების შესახებ წერს.

    გამოცემა წერს, რომ მასკმა კეტამინი მიიღო Tesla-ს გამგეობის წევრთან და Airbnb სახლების გაქირავების სერვისის ვებგვერდის თანადამფუძნებელ ჯო გებბიასთან, ასევე საბჭოს ყოფილ წევრებთან სტივ ჯარვესტონთან და ანტონიო გრაციასთან და მილიარდერის ძმასთან კიმბალ მასკთან შეხვედრისას.

    მედიის ცნობით, 2022 წლის ზამთარში საქმე იქამდე მივიდა, რომ მასკის მეგობარმა და დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა ლარი ელისტონმა შესთავაზა ბიზნესმენს ჰავაიზე ჩასულიყო „გასაშრობად“. როგორც Wall Street Journal-ი წერს, მასკის გარემოცვას ეშინია, ნარკოტიკების მოხმარებაზე უარის თქმით ის არ განაწყენონ, რადგან ის დაეხმარა მათ სიმდიდრის დაგროვებაში.

  • ბირთვული რაკეტა ავტოფარეხში–აშშ-ში პოლიციამ ცივი ომის დროინდელი არტეფაქტი იპოვა

    ამერიკის პოლიციამ განაცხადა, რომ ვაშინგტონის შტატის მაცხოვრებლის ავტოფარეხში იპოვეს დაჟანგული რაკეტა, რომელიც ცივი ომის დროს იყო წარმოებული და ბირთვული იარაღის მატარებელი  უნდა ყოფილიყო.

    თუმცა რაკეტას არ წარმოადგენდა საფრთხეს, რადგან არც საწვავი ჰქონდა და არც ქობინი. პოლიციამ უჩვეულო აღმოჩენა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოჰაიოში მდებარე შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეროვნული მუზეუმიდან  ზარი მიიღო. მუზეუმის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ვაშინგტონის შტატში, ბელვიუს მცხოვრებმა მათ რაკეტის გადაცემა შესთავაზა, რომელიც მის ავტოფარეხში იყო.

    ოთხშაბათს ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, პოლიციამ ბომბის გამანადგურებელი ჯგუფი გაგზავნა საჭირო მისამართზე. პოლიციამ განაცხადა, რომ ავტოფარეხში იპოვეს “Douglas AIR-2 Genie (ადრე ცნობილი როგორც MB-1) რაკეტა, უმართავი ჰაერი-ჰაერი რაკეტა, რომელსაც ჰქონდა 1.5 კილოტონიანი W25 ბირთვული ქობინი. თუმცა, თავად ქობინი, ისევე როგორც საწვავი, რაკეტაში არ იყო.

    ბელვიუს  პოლიციის სპიკერმა სეტ ტაილერმა განაცხადა, რომ ნაპოვნი მოწყობილობა “არსებითად სარაკეტო საწვავის ავზი იყო”. ”სინამდვილეში, ჩვენი ასაფეთქებელი მოწყობილობების რაზმის ერთ-ერთმა წევრმა იკითხა, საერთოდ რატომ იყო საჭირო პრესრელიზის გავრცელება ჟანგიანი რკინის ნაჭერის შესახებ”, – თქვა ტაილერმა.

    ცნობილია, რომ მამაკაცი, რომელმაც მუზეუმს რაკეტის გადაცემა შესთავაზა, არ ელოდა პოლიციის ვიზიტს და “უკიდურესად უკმაყოფილო” იყო იმით, რომ ამ ამბავმა ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო.

    ტაილერი ამბობს, რომ ეროვნული საჰაერო ძალების მუზეუმის თანამშრომლებს არ უთქვამთ, რომ პოლიციას იძახებდნენ. ”მან მოგვცა საშუალება, ჩაგვეტარებინა შემოწმება და ჩვენ დავადგინეთ, რომ საფრთხე არ არსებობდა”, – განმარტა პოლიციის წარმომადგენელმა. რაკეტის მფლობელი ამბობს, რომ ის ადრე მის გარდაცვლილ მეზობელს ეკუთვნოდა და თავდაპირველად კერძო კოლექციის გაყიდვისას იქნა შეძენილი. „რადგან ნივთი არ იყო საშიში და სამხედროებმა არ მოითხოვეს მისი დაბრუნება, პოლიციამ ის ადგილობრივ მცხოვრებს დაუტოვა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი აღდგენა და მუზეუმში გამოფენა“, – თქვა პოლიციამ.

    AIR-2 Genie რაკეტა გამოიყენებოდა აშშ-ს და კანადის სამხედროების მიერ ცივი ომის დროს. 1950-იან წლებში შემუშავებული რაკეტა იყო მსოფლიოში პირველი ბირთვული ჰაერ-ჰაერი რაკეტა და შექმნილი იყო ბომბდამშენების განადგურებისთვის.

    Seattle Times იტყობინება, რომ ის მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს წვრთნებისას – 1957 წელს. ასეთი რაკეტების წარმოება 1962 წელს შეწყდა, მაგრამ ისინი აშშ-ს არმიაში 1980-იანი წლების დასაწყისამდე დარჩა. 

  • შეერთებულმა შტატებმა დაიწყო პირველი დარტყმები ირანულ სამიზნეებზე ერაყსა და სირიაში

    ამერიკულმა ავიაციამ  ერაყსა და სირიაში პროირანული ფორმირებების სამიზნეებზე დარტყმები განახორციელა  28 იანვარს იორდანიაში მდებარე ბაზაზე დრონების თავდასხმის საპასუხოდ, რომელსაც 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

    ოფიციალური განცხადების თანახმად, 2 თებერვალს, გრინვიჩის დროით 21 საათზე,  აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმები ერაყსა და სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა (IRGC) და მასთან დაკავშირებულ შეიარაღებულ ფორმირებებზე.

    აშშ-ს ძალებმა დაარტყეს 85-ზე მეტი სამიზნეს, ამასთან,  მრავალი თვითმფრინავი, მათ შორის შორი დისტანციის ბომბდამშენები, შეერთებული შტატებიდან ჩამოფრინდნენ.

    საჰაერო თავდასხმებში გამოყენებული იქნა 125-ზე მეტი მაღალი სიზუსტის  მართვადი საბრძოლო მასალა. სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო და მართვის ცენტრები, სადაზვერვო ცენტრები, რაკეტები, ასევე დრონების საწყობები და ლოგისტიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების ჯაჭვი ბოევიკებისთვის და მათი სპონსორებისთვის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდან, რომლებიც ხელს უწყობდნენ თავდასხმებს აშშ-სა და კოალიციის ძალებზე, ნათქვამია განცხადებაში.

    ცოტა ხნის შემდეგ, თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოჩნდა პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განცხადება: „ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო. ის გაგრძელდება იმ დროსა და ადგილას, რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ. შეერთებული შტატები არ ეძებს კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოს სხვა წერტილში. მაგრამ ვისაც სურს ჩვენთვის ზიანის მოყენება, აცნობეთ მათ, რომ თუ ამერიკელს დააზიანებთ, ჩვენ გიპასუხებთ“.

    შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით პრეზიდენტმა ბაიდენმა გასცა ბრძანება, რომ „ამერიკული და კოალიციის ძალებზე თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს  ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და მასთან დაკავშირებულ ბოევიკებს.

    „ჩვენ არ მოვითმენთ ამერიკულ ჯარებზე თავდასხმებს. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას შეერთებული შტატების, ჩვენი ძალების და ჩვენი ინტერესების დასაცავად“, – დასძინა მან.

    ხუთშაბათს, Reuters, ანონიმ  წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ სირიაში მყოფმა IRGC-ის მაღალჩინოსნებმა ათობით საშუალო დონის ოფიცერთან ერთად  ქვეყანა დატოვეს.

    როგორც BBC-ის კორესპონდენტი უსაფრთხოების საკითხებში  აღნიშნავს, არც ირანს და არც შეერთებულ შტატებს არ სურთ სრულმასშტაბიან ომში შესვლა და ეს ორივე ქვეყანამ განაცხადა.

    CNN-ის ხუთშაბათის ინფორმაციის თანახმად,  აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ ირანის მთავრობა სულ უფრო მეტად შეშფოთებულია რეგიონში მისი მარიონეტების საქმიანობით, რომლებმაც ოქტომბრის შემდეგ განახორციელეს 160-ზე მეტი თავდასხმა ამერიკულ ჯარებზე.

    მაგრამ ირანმა განაცხადა, რომ იგი გადამწყვეტად უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას მის ტერიტორიაზე, მის ინტერესებზე ან ირანის მოქალაქეებზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

    ერთი დღით ადრე ამერიკული მედიის წყაროებმა განაცხადეს, რომ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმების გეგმა დაამტკიცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ის ამოქმედდება ყველაზე შესაფერის მომენტში (ძირითადად ამინდის პირობების თვალსაზრისით).

    იორდანიაში დრონების თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაშავდა.

    ხომ არ გააჭიანურა აშშ–მ პასუხი მეტისმეტად?

    რამდენიმე სამხედრო ექსპერტმა ამბობს, რომ საპასუხო დარტყმის  გაჭიანურებით, შეერთებული შტატები რისკავს, რომ  ვერ მიაღწევს სასურველ ზემოქმედებას ირანის მიერ მხარდაჭერილ ბოევიკებზე და რეგიონში ამერიკელი ჯარების უსაფრთხოებაზე.

    “ ჩნდება კითხვა,  შეუძლია თუ არა ამან აღადგინოს შეკავება და დაშინება, თუ ის ოდესმე არსებობდა”, – თქვა ბრაიან კატულისმა, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსმა თანამშრომელმა, რომელიც ადრე  ეროვნული უშიშროების საბჭოსთან მუშაობდა.

    ჰუსეინ იბიშის, ვაშინგტონის სპარსეთის ყურის ინსტიტუტის მკვლევარის თქმით, დარტყმის გაჭიანურებით, შეერთებული შტატები მიუთითებს „რის გაკეთებას  არ აპირებს დანამდვილებით – ვგულისხმობ ირანზე დარტყმას“.

    „თუ ისინი ირანს დაარტყამდნენ, რესპუბლიკელების მედროშეები, როგორიცაა დონალდ ტრამპი, დაგმობდნენ ბაიდენს, როგორც ომის გამჩაღებელს. ეს არის პოლიტიკური ხაფანგი. ეს ყველას ესმის, ამიტომ ამ ხაფანგში არ ჩავარდებიან“, – განაცხადა მან.