Category: მსოფლიო

  • ამერიკის უზენაესმა სასამართლომ დეპორტაციის პროცესი გაამარტივა

    ამერიკის უზენაესმა სასამართლომ დეპორტაციის პროცესი გაამარტივა

    ხუთი ოთხის წინააღმდეგ – სასამართლომ კონსერვატიული მოსამართლეების უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ იამაიკის მოქალაქე ანდრე მარტელო ბარტონი ქვეყანაში ვერ დარჩებოდა. სასამართლომ უარი თქვა მისი დეპორტაციის გაუქმებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანაში დიდი ხნის მანძილზე მცხოვრებ პიროვნებას, შეუძლია გაძევება თავიდან აიცილოს, იამაიკის მოქალაქემ ეს ვერ შეძლო. მას ბრალი ჯორჯიის შტატში ნარკოტიკულ საშუალებებთან და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულებებში ედებოდა.

    თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული საქმის განხილვა. ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ ათასობით იმიგრანტზე, ვისაც რაიმე ტიპის, თუნდაც მსუბუქ კანონდარღვევაში ედება ბრალი და ლეგალურად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

    იმიგრაციის საკითხი დონალდ ტრამპის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ერთ-ერთი მთვარი თემაა. სულ ცოტა ხნის წინ, მან საკუთარი საიმიგრაციო აკრძალვები იმით გაამართლა, რომ იმიგრანტები დანაშაულებს ჩადიან და ამის აღკვეთა უნდა მოხდეს.

    ამერიკაში მცხოვრებ იმიგრანტებს, ვისი დეპორტაციის ბრძანებაც გაიცემა, შეეძლებათ, რომ გადაწყეტილების გაუქმება იმ შემთხვევაში მოითხოვონ, თუ ისინი ქვეყანაში, მინიმუმ 7 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “რუსეთთან მშვიდობას სრულად ვუჭერ მხარს” – მიხეილ სააკაშვილი

    “რუსეთთან მშვიდობას სრულად ვუჭერ მხარს” – მიხეილ სააკაშვილი

    “მე რუსეთთან მშვიდობას სრულად ვუჭერ მხარს” – განაცხადა  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც სააკაშვილი აცხადებს ის უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მომხრეა.   ამის შესახებ ინფორმაციას ” Deutsche Welle” ავრცელებს.

    “მე რუსეთთან მშვიდობას სრულად ვუჭერ მხარს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა პირობა, რომლის მიხედვითაც ეს მშვიდობა მიიღწევა. და ახლა ეს არც ისე ადვილია. ვფიქრობ, რომ ყველა მისი ნაბიჯი მოწმობს იმას, რომ ის იცავს უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს “, – განაცხადა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.

    უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების მიმართულებით ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა და დაავალა მოლაპარაკებები გამართოს მსოფლიო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან. უმაღლეს რადაში, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას,  კენჭს 30 აპრილს უყრიან.

     

  • ციმბირში ასზე მეტი სახლი დაიწვა

    ციმბირში ასზე მეტი სახლი დაიწვა

    ანომალური სიცხის გამო ციმბირში ტყის ხანძრები მძინვარებს. ერთ დღეში ცეცხლმა კემეროვოს და ნოვოსიბირსკის ოლქების ცხრა მუნიციპალიტეტში 140 შენობა გაანადგურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. ასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. დაწვა ტაიგის ათასობით ჰექტარი. მხოლოდ სოფელ პოსტნიკოვოში ცეცხლი მოედო 22 სახლს.

    წინასწარი მონაცემებით ხანძრის შედეგად გარდაცვლილები არ არიან. ხანძრის ლიკვიდაციაში 120 ერთეული ტექნიკა და 430–ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული, პროცესში მონაწილეობდა ავიაციაც. ამ დროისთვის ნოვოსიბირსკის ოლქში ბუნებრივი ხანძრის კერები ლიკვიდირებულია.

    ციმბირში 30 გრადუსი სიცხეა. ცეცხლის გავრცელებას ქარიც უწყობს ხელს, რომლის სიჩქარე წამში 20 მეტრია. ბაიკალის მხარეში ცეცხლი უკიდია რამდენიმე ასეულ ჰექტარ ტყეს. რეგიონის ტყეებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

     

  • ევროპა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

    ევროპა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

    ევროპა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

    ევროპა კარანტინიდან გამოსვლას იწყებს. დანიასა და ნორვეგიაში, სადაც კორონავირუსის ეპიდემია შედარებით სუსტია, ვიდრე მათ სამხრეთელ მეზობლებთან, სკოლები და საბავშვო ბაღები გაიხსნა. მათ მაგალითს მიბაძავს ნიდერლანდები – იქ უკვე მაღაზიების გახსნა დაიწყო, თუმცა კლიენტი არც ისე ბევრია.

    საფრანგეთში თვითიზოლაციის რეჟიმი ნარჩუნდება. მისი გაუქმება 11 მაისისთვის არის დაგეგმილი, თუმცა არა ყველასთვის. ხელისუფლება აცხადებს, რომ კაფეები, კინოთეატრები, მუზეუმები განსაკუთრებული განკარგულების შემდეგ გაიხსნება. მსხვილი გასართობი ცენტრები ამუშავებას ივლისზე ადრე ვერ შეძლებენ.

    მეზობელ გერმანიაში კი შემზღუდავი ზომები არც ისე მკაცრია. ბევრი საწარმო მუშაობის ძველებულ რეჟიმს დაუბრუნდა, თუმცა ერთი პირობით– ყველა თანამშრომელმა ნიღაბი უნდა ატაროს. ამას დამქირავებლები მკაცრად გააკონტროლებენ.

    ყველაზე მეტად კორონავირუსისგან ევროპის სამხრეთი დაზარალდა. იტალიასა და ესპანეთში ათობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა რგორც ჩანს ეპიდემიის პიკმა უკვე ჩაიარა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისეთი მაღალი აღარ არის, რაც რამდენიმე კვირის წინ იყო. ესპანეთში პატარა ბავშვების მშობლებს მათთან ერთად ქუჩაში გასეირნების უფლება მისცეს. გასულ კვირას კი ესპანეთში სამსახურს დაუბრუნდა 3 მილიონი ადამიანი. კარანტინის ზომების მოხსნისთვის ემზადება იტალიაც. აქ რამდენიმე დღის წინ წიგნების და საკანცელარიო მაღაზიები გაიხსნა, თუმცა იმ დათქმით, რომ გამყიდველები და მყიდველები ნიღბებში იქნებიან და ერთდროულად პატარა მაღაზიებში ორ კაცზე მეტი არ შევა.

    ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს და ის კარანტინის პერიოდში არც გაჩერებულა.

    ექსპერტების აზრით ეპიდემიის დასრულების შემდეგაც კორონავირუსი არსად გაქრება და დიდი ალბათობით სეზონური გახდება გრიპის მსგავსად. ამის გამო  ყველა მსხვილი ლაბორატორია აქტიურად მუშაობს კოვიდ19–ის ვაქცინის შესამუშავებლად.

    ოქსფორდის უნივერსიტეტის წამყვანი ვირუსოლოგი, ენდრიუ პოლარდი ამბობს, რომ მათ უკვე ჰქონდათ სერიოზული ბაზა და ამიტომაც სწრაფად ჩაერთნენ ახალი კორონავირუსის კვლევაში.

    “ჩვენ უკვე ბევრი ვიცით მის შესახებ, შესაძლოა მასთან საბრძოლველად შევძლოთ ვაქცინის ტიპის გამოყენება, რომელიც მსგავსი კორონავირუსის – სარსისთვის შევიმუშავეთ, რომელიც აზიაში 2003 წელს გამოჩნდა.“

    თუმცა, რამდენი დრო დაჭირდება ახალი ვაქცინის შემუშავებას, ჯერჯერობით რთული სათქმელია. სხვადასხვა პროგნოზებით მას შეიძლება რამდენიმე თვე, ან რამდენიმე წელი დაჭირდეს.

     

     

  • 2020 წელს საქონლის უმეტესობაზე ფასი დაეცემა – მსოფლიო ბანკი

    2020 წელს საქონლის უმეტესობაზე ფასი დაეცემა – მსოფლიო ბანკი

    სასოფლო – სამეურნეო საქონლის ჭარბი მარაგების მიუხედავად, სავაჭრო და მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები შეშფოთებას იწვევს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით  

    მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული „სასაქონლო ბაზრების მიმოხილვის“ აპრილის გამოცემის თანახმად,  COVID-19 – ის პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა შოკმა  სასაქონლო პოზიციების უმეტესობაზე ფასების ვარდნა განაპირობა და 2020 წლის განმავლობაში მოსალოდნელია მნიშვნელოვნად დაბალი ფასების დაფიქსირება.

    ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის მოულოდნელმა გაჩერებამ ყველაზე დიდი გავლენა ენერგომატარებლების და ლითონების ფასებზე იქონია და მოსალოდნელია  სერიოზული გლობალური რეცესია. ტრანსპორტთან დაკავშირებული საქონლის, მათ შორის ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა. სასოფლო – სამეურნეო საქონლის უმეტესობის პერსპექტივაზე მოკრძალებული ზემოქმედების მიუხედავად, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები და სახელმწიფოების მიერ ექსპორტის შეზღუდვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ან საქონლის მარაგების დაგროვება შეშფოთებას იწვევს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.

     “წარმოუდგენელ ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, პანდემიის ეკონომიკური გავლენა შეამცირებს მოთხოვნას და შეაფერხებს მიწოდებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ამ საქონელზე დამოკიდებულ განვითარებად ქვეყნებზე,“ აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანაბარი ეკონომიკური ზრდის, ფინანსების და ინსტიტუტების მიმართულების ვიცე – პრეზიდენტმა ჯეილა პაზარბაშიოღლუმ. მისივე თქმით: „პოლიტიკის შემმუშავებლებმა არ უნდა დაუშვან სავაჭრო შეზღუდვების დაწესება და ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც ყველაზე მძიმე ღარიბი ფენისთვის  აღმოჩნდება.“

    ნედლი ნავთობის ყოველთვიური საშუალო ფასი 50 პროცენტით დაეცა იანვრიდან მარტამდე პერიოდში. ფასებმა ისტორიულ მინიმუმს  აპრილში მიაღწია, ზოგიერთი საბაზისო სავაჭრო მონაცემის უარყოფითი მნიშვნელობით. სავარაუდოდ,  2020 წელს ბარელის ფასი საშუალოდ 35 აშშ დოლარი იქნება, რაც ოქტომბრის  პროგნოზის მკვეთრი დაღმავალი ცვლილებაა, და 43 პროცენტიანი კლებაა 2019 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც ბარელზე 61 აშშ დოლარს შეადგენდა. ასეთი შემცირება ასახავს მოთხოვნის ისტორიულად უდიდეს ვარდნას. ნედლი ნავთობის ფასის შემცირებას კიდევ უფრო ამწვავებს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC)  და ნავთობის სხვა მწარმოებლებს შორის არსებულ საწარმოო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გაურკვევლობა.  ზოგადად, 2020 წელს მოსალოდნელია ენერგორესურსების (მათ, შორისაა ბუნებრივი გაზი და ნახშირი) ფასების 40 პროცენტით კლება, ხოლო 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდისკენ შემობრუნება.

    სასოფლო-სამეურნეო ფასები ნაკლებად არის მიბმული ეკონომიკურ ზრდაზე და მხოლოდ უმნიშვნელო კლება აღინიშნა 2020 წლის პირველ კვარტალში, რეზინის გარდა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში გამოიყენება. ძირითადად მოსალოდნელია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება 2020 წლის განმავლობაში, რამდენადაც წარმოების დონეები და ძირითადი სასურსათო პროდუქციის მარაგები რეკორდულად მაღალია. თუმცა, შესაძლებელია სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის წარმოება  შეფერხების წინაშე აღმოჩნდეს ნედლეულით (მაგ. სასუქი, პესტიციდები) ვაჭრობაში და დისტრიბუციაში არსებული შეფერხების და შრომითი რესურსების ხელმისაწვდომობის გამო. მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ უკვე იქონია გავლენა განვითარებად ბაზრებზე და ისეთი მალფუჭებადი პროდუქტების ექსპორტის განვითარებაზე, როგორებიცაა ყვავილები, ხილი და ბოსტნეული.

    „ეს უდიდესი შოკია სასაქონლო ბაზრებისთვის. დაბალმა ფასებმა ნავთობზე შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს განვითარებად ქვეყნებზე და საფრთხე შეუქმნას აუცილებელ ინვესტიციებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაში, რომელიც ხელს უწყობს გრძელვადიან ზრდას და  ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას. საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად უნდა მოახდინოს რეაგირება ამ პრობლემებზე ინტერვენციების მეშვეობით ენერგიის მრავალფეროვან წყაროებში, მდგრად ტრანსპორტში და ციფრულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე წვდომაში, რომელიც ადამიანებს მისცემს ინტერნეტთან დაკავშირების საშუალებას ასეთ რთულ პერიოდში. ეს გადამწყვეტი იქნება არსებითი სოციალური სერვისების მისაწოდებლად, სამუშაო ადგილების დასაცავად, ბიზნესის მხარდასაჭერად და სიცოცხლის გადასარჩენად“  – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურის სფეროში მახტარ დიოპმა.

    ანალიზის თანახმად, შესწავლილ იქნა  COVID-19 პანდემიის ზემოქმედება სასაქონლო ბაზრებზე. შერბილების ღონისძიებებს, რომლებიც  ვირუსის კონტროლის მიზნით ხორციელდება, შედეგად მოჰყვა ნავთობზე მოთხოვნის უპრეცედენტო ვარდნა. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას შეუძლია სხვა საქონლის მოხმარების ცვლილების და წარმოების შემცირების გამოწვევა და ასევე, სურსათით უზრუნველყოფისთვის საფრთხის შექმნა. პანდემიას აქვს სასაქონლო მოთხოვნაზე და მიწოდებაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზემოქმედების პოტენციალი.

    ნავთობის ფასების კლება პოლიტიკის შემმუშავებლებს განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში ენერგოსუბსიდიების რეფორმების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ამ რეფორმებს შეუძლია თავისუფალი ხარჯვის ხელშეწყობა პანდემიასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის, ენერგორესურსების არაგონივრული მოხმარების შეწყვეტა, და ხარჯების გადანაწილება  მოსახლეობის ღარიბი ფენის დასახმარებლ პროგრამებზე.

     

  • ნიუ იორკში ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ 14%–ს კორონავირუსი უსიმპტომოდ აქვს გადატანილი

    ნიუ იორკში ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ 14%–ს კორონავირუსი უსიმპტომოდ აქვს გადატანილი

    ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ წინასწარი კვლევის მიხედვით შტატში ანტისხეულებზე ტესტირებულთა თითქმის 14%–ში ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ნიუ იორკში 2.7 მილიონი ადამიანი შესაძლოა ამ ვირუსით უკვე იყო დაინფიცირებული ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

    გუბერნატორმა აღნიშნა, რომ კვლევისთვის 3000 ადამიანი იქნა შერჩეული. კვლევის სხვა ლიმიტების და თავისებურებების გათვალისწინებით, კუომოს განცხადებით ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 0.5 %–ს შეადგენს, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ცოტა ხნის წინ ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა. ეს მაჩვენებელი არა მხოლოდ ნიუ იორკზე, არამედ მთელ მსოფლოიზე შეიძლება გავრცელდეს. აქამდეც არაერთი ვარაუდი გამოითქვა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად დაბალია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან აქამდე არ არსებობდა სტატისტიკა უსიმპტომო პაციენტების შესახებ და ისინი არ აღირიცხებოდნენ.

    ანტისხეულების მასობრივი ტესტირება კი უკვე წარმოდგენას ქმნის იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია დაინფიცირებული კორონავირუსით ან უკვე მოიხადა ისე, რომ ამის შესახებ ვერც გაიგო.

    “თუ დაინფიცირების მაჩვენებელი 13.9 პროცენტია, ეს სიკვდილიანობის თეორიებს და მაჩვენებელს ცვლის.“– განაცხადა კუომომ ყოველდღიურ ბრიფინგზე.

    მისი თქმით, კვლევა იმ ადამიანებზე იყო მიმართული, რომლებიც მართალია არ მუშაობდნენ, მაგრამ აქტიურად დადიოდნენ პრდუქტების მაღაზიებში და მოძრაობდნენ სხვადასხვა საქმეზე. კვლევა არ ჩაუტარებიათ იმ ადამიანებში, რომლებიც სახლში არიან  იზოლირებული.

  • ევროკავშირი 1 ტრილიონი ევროს დახმარების ფონდს ქმნის

    ევროკავშირი 1 ტრილიონი ევროს დახმარების ფონდს ქმნის

    ევროკავშირის ლიდერებმა ვიდოკავშირით ჩაატარეს სამიტი, რომელიც პანდემიასთან ბრძოლას ეძღვნებოდა. მათ სპეციალური დახმარების ფონდის შექმნა გადაწყვიტეს ევროპული კომპანიებისა და ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ფონდი შემდეგი ორი თვის განმავლობაში შეიქმნება და თავდაპირველად იქ 540 მილიონი ევრო მოიყრის თავს.

    თუმცა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საგანგებო დახმარების ფონდის მთლიანი მოცულობა 1 ტრილიონ ევროს მიაღწევს.  ამასთან, ევროპულ ქვეყნებს ჯერ კიდევ მუშაობა მოუწევთ ფონდის ფორმირების საბოლოო დეტალების შესათანხმებლად.

    საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოდის წინადადებით, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა გაინაწილოს ვალები, რომლებიც ესპანეთისა და იტალიისთვის დახმარების აღმოჩენის შემდეგ წარმოიქმნება. ეს ქვეყნები კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ. თუმცა ამის წინააღმდეგია გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, დანია და შვედეთი.

    სამიტის შემდეგ მაკრონმა დააზუსტა, რომ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია საკითხმა იმის შესახებ, საგანგებო ფონდის სახსრები პირდაპირი გრანტების სახით უნდა გაიცეს თუ კრედიტების.

  • პენტაგონი კორონავირუსის პანდემიის ციკლური დაბრუნებისთვის ემზადება

    პენტაგონი კორონავირუსის პანდემიის ციკლური დაბრუნებისთვის ემზადება

    შეერთებული შტატების სამხედრო ოფიციალური პირები გეგმავენ დამატებით ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ, მას შემდეგაც კი, როდესაც ახლანდელი პანდემია ჩაცხრება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ვირუსი ციკლური იქნება.

    ინფექციური დაავადებების ექსპერტები უკვე რამდენიმე კვირაა გვაფრთხილებენ, რომ “კოვიდ-19”-ს შეუძლია სექტემბერ-ოქტომბერში, ზამთრის თვეების წინ, გრილი ამინდის დადგომასთან ერთად, შეერთებულ შტატებში განმეორებით გააქტიურდეს. ეს არის საფრთხე, რომელმაც სამხედრო უწყების ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი შეაშფოთა.

    სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა დეივ გოლდფეინმა, ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა: “ჩვენ, ყველა ამაზე ვსაუბრობთ. სავარაუდოა, რომ მას აქვს პოტენციალი რაიმე ციკლური გზით უკან დაბრუნდეს. ყველა პროგნოზით, ვაქცინა მთელი წელიწადი არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შესაძლებლობები უნდა დავხვეწოთ, რათა გადავრჩეთ და [შესაბამისად] ვიმოქმედოთ.”

    უმაღლესი სამხედრო ოფიციალური პირების აზრით, ახალი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების მიუხედავად, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ქვეყნის და მისი ინტერესების დასაცავად მზადყოფნას ინარჩუნებს. ოთხშაბათის მონაცემებით, 56 ათასზე მეტი საკადრო და ასევე ნაწილობრივ მობილიზებული ჯარისკაცი, მთელ ქვეყანაში მიმდინარე მაშველი ძალისხმევის მხარდასაჭერად განალაგეს.

    მაგრამ პანდემიას, სამხედრო მზადყოფნის თვალსაზრისით უარყოფითი შედეგებიც ჰქონდა. მაგალითად, შემცირდა აფრიკაში, აზიაში და ევროპაში პარტნიორ ძალებთან ერთად, ერთობლივი წვრთნების მასშტაბი. ასევე შემცირდა ამერიკული სამხედრო ძალები ისეთ ადგილებში, როგორიცაა ერაყი და სირია, სადაც ამერიკული ჯარი, ადგილობრივ ძალებთან ერთად, ისლამური ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ მუშაობს.

    სამხედრო მეთაურების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ზოგადად უფრო ახალგაზრდები და ჯანმრთელები არიან ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა, მათ ვირუსისადმი ჯერ იმუნიტეტი არ აქვთ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • კორონავირუსის პანდემია ადამიანის უფლებების კრიზისს ქმნის-გაეროს გენმდივანი

    კორონავირუსის პანდემია ადამიანის უფლებების კრიზისს ქმნის-გაეროს გენმდივანი

    ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში მან თქვა, რომ მთავრობებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა იზრუნონ იმაზე, ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ეკონომიკური დახმარების პაკეტები პირველ რიგში იმათ უნდა მიეწოდოთ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა და ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება ჰქონდეს წვდომა საკვებზე, სუფთა წყალსა და საცხოვრებელზე.

    გუტერეშის თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ „საფრთხე ვირუსია და არა ხალხი“.

    გაეროს გენერალური მდივნის გზავნილი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაჟღერებულ გაფრთხილებას უბამს მხარს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყნაში კორონავირუსის წინააღმდეგ დიდი პროგრესი იქნა მიღწეული, გლობალურად ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა დამთავრებიდან ჯერ ძალიან შორსაა.

  • Covid-19-მა პირველი ამერიკელი გაცილებით ადრე მოკლა, ვიდრე აქამდე ეგონათ

    Covid-19-მა პირველი ამერიკელი გაცილებით ადრე მოკლა, ვიდრე აქამდე ეგონათ

    კალიფორნიის შტატის ოფიციალური წყაროები მნიშვნელოვან სიახლეს ავრცელებენ: სანტა-კლარის საგრაფოს ჯანდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსით პირველი ამერიკელი 3 კვირით ადრე გარდაიცვალა და ის არა ვაშინგტონის შტატში, არამედ კალიფორნიაში ცხოვრობდა.

    აქამდე ცნობილი იყო, რომ კოვიდ-19-ით პირველი ამერიკელი ვაშინგტონის შტატის ქალაქ კირკლენდში 29 თებერვალს გარდაიცვალა. სანტა-კლარის ჯანდაცვის მესვეურებმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრს ატლანტაში რამდენიმე საეჭვო ქსოვილის ნიმუში გაუგზავნეს და ზოგიერთზე დადებითი პასუხი მიიღეს.

    ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი საკუთარ სახლში 6 თებერვალს, თითქმის 3 კვირით ადრე გარდაიცვალა, მეორე კი 17 თებერვალს. პასუხი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრიდან სამშაბათს მოვიდა.

    კალიფორნიის შტატი, ისევე როგორც ნიუ-იორკი, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში, მასობრივი ტესტირების პოლიტიკას ირჩევს. გუბერნატორი გევინ ნიუსომი აცხადებს, რომ კალიფორნიაში ახლა დღეში საშუალოდ 14 500 ანალიზი კეთდება. აპრილის დასაწყისში, დღეში დაახლოებით 12 500-მდე ტესტირება ხდებოდა.

    გუბერნატორი ნიუსომი ამბობს, რომ 40-მილიონიანი შტატისთვის ეს ძალიან ცოტაა. მისი ამბიციური გეგმის მიხედვით, აპრილის ბოლოდან ანალიზი დღეში 25 000-მდე კალიფორნიელმა უნდა აიღოს.

    კალიფორნიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა უქმეებზე ახალი რეკომენდაცია გამოსცა. ის მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფ ადამიანებს ტესტირებას ურჩევს, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ სიმპტომები. ახალი რეკომენდაციის მთავარი სამიზნეა საავადმყოფოებში, ციხეებში და უსახლკაროთა თავშესაფარში მყოფი ადამიანები, რადგან იქ სოციალური დისტანცირება გაცილებით რთული მისაღწევია.

    კალიფორნია და პირველ რიგში ქალაქი სან-ფრანცისკო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შეერთებულ შტატებში კარანტინის მკაცრი ზომები მიიღო. გადაადგილების 24-საათიანი შეზღუდვა იქ თვეზე მეტია მოქმედებს.

    წყარო: ამერიკის ხმა