Category: მსოფლიო

  • ამერიკაში პროტესტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უერთდებიან

    ამერიკაში პროტესტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უერთდებიან

    აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, რომელშიც ბრალი პოლიციელს ედება, პროტესტის მიზეზი, ამერიკის გარდა მსოფლიოს კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც გახდა.

    შავკანიანი ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიან პოლიციელს მის კისერზე ფეხი 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი. ძირს გაწვენილი და ბორკილებდადებული ფლოიდი ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა, თუმცა პოლიციელს მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მამაკაცი გარდაიცვალა.

    ამერიკელი დემონსტრანტების მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი შეიკრიბა ლონდონის ცენტრალურ ქუჩებში. ისინი მხარს უჭერენ მათ, ვინც ამერიკის ქუჩებში, უკვე მეექვსე დღეა შავკანიანი მამაკაცის სიკვდილს აპროტესტებს. ფლოიდის საქმე, ამერიკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი პროტესტის მიზეზი გახდა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გადამწვარი და გაქურდულია მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები. გამომსვლელების ნაწილი ამტვრევს და ცეცხლს უკიდებს პოლიციის მანქანებსაც.

    ბრიტანელი გამომსვლელები სკანდირებდნენ: “თუ არაა სამართლიანობა, არაა სიმშვიდე!”.

    პროტესტი ისმოდა, ასევე, დანიაშიც. ხალხი კოპენჰაგენში, ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბა. დემონსტრანტების მთავარი მესიჯი იყო: “შეწყდეს შავკანიანი ხალხის მკვლელობა”.

    პტოტესტი იყო გერმანიაშიც. ხალხი ქუჩებში გამოვიდა ტრანსპარანტებით: “ვის ურეკავთ, როდესაც პოლიციელია მკვლელი?”

    ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, გაზეთების პირველ გვერდებზეც, სწორედ ფლოიდის საქმე იყო გამოტანილი. ზოგიერთი გაზეთი მთლიანად ფლოიდის საქმის გაშუქებაზე გადავიდა და კორონავირუსის თემა, რომელიც, კვლავ მწვავედ დგას, მეორე პლანზე გადავიდა.

  • საპროტესტო აქციებს ამერიკაში შესაძლოა Covid-19-ის ახალი აფეთქება მოჰყვეს

    საპროტესტო აქციებს ამერიკაში შესაძლოა Covid-19-ის ახალი აფეთქება მოჰყვეს

    ამერიკის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების შედეგად, შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების მოზღვავება დაიწყოს.

    ამერიკის დაახლოებით 40 ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღა მინეაპოლისში თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მამაკაცის მიმართ ძალის გამოყენების გამო დაიწყო. ინციდენტის დროს 46 წლის ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

    მომიტინგეების ერთი ნაწილი ნიღბებს ატარებს, მეორე ნაწილი კი არა. სოციალური დისტანცირება ისედაც რთული შესანარჩუნებელია, მაგრამ ისეთი დემონსტრაციების დროს, როგორიც ბოლო სამი დღეა მასობრივად მიმდინარეობს, ერთმანეთთან დისტანცირება შეუძლებელია.

    „ისევ გავიმეორებ, რომ თითქოს მას შემდეგ ერთი ცხოვრება გავიარეთ: ჩვენ ისევ პანდემიის შუაგულში ვართ… ჯერ ისევ იმის ზღვარზე ვართ, რომ საავადმყოფოებმა ვერე შეძლონ ნაკადის მოზღვავებისთვის თავის გართმევა,“ უთხრა მინესოტის გუბერნატორმა ტიმ ვოლცმა „ასოშეიტედ პრესს.“

    იგივეს უმეორებს მოსახლეობას ატლანტის მერი კეიშა ლანს ბოტომსი და დასძენს, რომ პანდემია უფრო მეტად რასობრივ უმცირესობებს აზარალებს.

    „ამერიკაში პანდემია ჯერ ისევ მიმდინარეობს და ის შავ და მუქ-კანიან ადამიანებს უფრო მაღალი რაოდენობით კლავს,“ თქვა მერმა. მისი რეკომენდაციით, ყველა ადამიანმა, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობდა, კოვიდ-19-ზე ტესტირება უნდა ჩაიტაროს.

    საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილე ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ვირუსი ჯერ ისევ აშფოთებს, მაგრამ პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ ხმის ამაღლება, უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

    ამერიკაში დღემდე კოვიდ-19-ის 1,8 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი რაოდენობაა. პანდემიის აფეთქებიდან დღემდე ქვეყანაში 106 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

    ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევები აჩვენებს, რომ აფრო-ამერიკულ და მუქ-კანიან რასობრივ უმცირესობებში კოვიდ-19-ის გამო მსხვერპლი გაცილებით მაღალია. აფრო-ამერიკელები ამერიკის მოსახლეობის 13 პროცენტს შეადგენენ, მაგრამ ამავდროულად კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის 25 პროცენტი სწორედ შავკანიანი მოსახლეობაა.

    APM კვლევითი ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევა ამბობს, რომ შავკანიან ამერიკელთა შორის სიკვდილობის მაჩვენებელი 2,4-ჯერ მაღალია, ვიდრე თეთრკანიანებში.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • აშშ–ს 40-მდე ქალაქში საგანგებო ვითარებაა, ამერიკელები პოლიციის ძალადობას და რასიზმს აპროტესტებენ

    აშშ–ს 40-მდე ქალაქში საგანგებო ვითარებაა, ამერიკელები პოლიციის ძალადობას და რასიზმს აპროტესტებენ

    • მობილიზებულია ეროვნული გვარდიის 5 000-მდე ჯარისკაცი და მზადყოფნაშია 2 000
    • ამერიკის 40-მდე ქალაქში საგანგებო ვითარება გამოცხადდა
    • საპროტესტო აქციებმა უქმეებზე 30-ზე მეტი დიდი ქალაქი მოიცვა
    • დემონსტრაციები ბევრგან დაპირისპირებით და ვანდალიზმით დასრულდა
    • აქციის 350 მონაწილე დააკავეს ნიუ-იორკში, ქვეყანაში – 1 400-ზე მეტი
    • დაშავებულია ათეულობით პოლიციელი

    უქმეებზე ამერიკის ბევრ ქალაქში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. შეერთებული შტატების მოქალაქეებს ბევრგან საღამოს და ღამის საათებში შინიდან გასვლა ეკრძალებათ. დღეისთვის საგანგებო ვითარება 20 შტატის 40-მდე ქალაქშია გამოცხადებული, სადაც რასიზმის და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო აქციებმა, თავადაც ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

    ზოგიერთ ქალაქში დემონსტრანტებს პოლიციელებიც შეუერთდნენ. “თქვენს გვერდში ყოფნა გვინდა… ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ვისურვებდი, ეს იყოს აღლუმი და არა საპროტესტო აქცია” – განაცხადა შერიფმა კრის სვანსონმა მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტში, ვიდრე დემონსტრანტებს შეუერთდებოდა. მის ნაბიჯს აქციის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

    იგივე მოხდა ნიუ-ჯერსის ქალაქ კემდონში, სადაც აქციას პოლიციის ოფიცერთა ჯგუფი შეუერთდა და მათ ბანერის – “დასრულდეს პოლიციის სისასტიკე” – ტარებაში ეხმარებოდა. “სანტა-კრუზის პოლიციის დეპარტამენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მშვიდობიან პროტესტს” – დაწერა “ტვიტერზე” კალიფორნიის ქალაქ სანტა-კრუზის პოლიციის განყოფილებამ და აქციის წინაშე მუხლმოყრილი პოლიციელების ფოტო გამოაქვეყნა. მსგავსი ფაქტები ამერიკის არაერთ ქალაქში მოხდა.

    თუმცა, იქ სადაც პოლიციას აქციების კონტროლი უჭირს, გუბერნატორებმა დასახმარებლად ეროვნული გვარდია იხმეს. გვარდიის რეზერვისტები მობილიზებულია 15 შტატში, მათ შორის მინესოტის ქალაქებში – მინეაპოლისში და სენტ-პოლში – საიდანაც კვირის დასაწყისში საპროტესტო გამოსვლები მთელ ამერიკას მოედო. სულ 5 000 რეზერვისტია გამოძახებული და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით 2 000 მზადყოფნაშია.

    ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

    დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.

    ამერიკის რამდენიმე ქალაქში, როგორიცაა მაგალითად ვილმინგტონი (დელავერი) და გრინვილი (სამხრეთ კაროლინა), დემონსტრაციებმა მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, საპროტესტო აქციების მონაწილეებს და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ხშირი იყო ვანდალიზმის და ძარცვის ფაქტებიც.

    ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, შაბათს ღამით, მათ 350 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანებს წვავდნენ, მიმდებარე შენობებს აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. ქალაქში ათეულობით პოლიციელი დაშავდა.

    საპროტესტო აქციები ნიუ-იორკში კვირასაც გაგრძელდა, თუმცა ქალაქის მერი ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ არ აპირებს თითქმის 9-მილიონიან ქალაქში საგანგებო ვითარების გამოცხადებას. მისი თქმით, დემონსტრაციების უმეტესი ნაწილი მშვიდობიანი იყო და ძალადობა მხოლოდ რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა.

    ნიუ-იორკისგან განსხვავებით, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ლოს-ანჯელესში საგანგებო ვითარების გამოცხადება არჩია. ე.წ. ანგელოსების ქალაქში აქციის მონაწილეებმა შენობებს ცეცხლი მოუკიდეს. საგანგებო მდგომარეობაა ასევე სიეტლში, ატლანტაში, ფილადელფიაში, ცინცინატიში, პორტლანდში, დენვერში და ამერიკის ბევრ სხვა ქალაქში.

    უქმეებზე არეულობა იყო ქალაქ ინდიანაპოლისშიც, სადაც აქციები პარასკევიდან მოყოლებული არ შეწყვეტილა. შაბათს ღამით მომხდარ სროლებში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. პოლიციის შეფმა რენდალ ტეილორმა სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ინდიანაპოლისის დატოვება სთხოვა, რადგან მისი თქმით, “ქალაქის ცენტრი ახლა უსაფრთხო არ არის”.

    დღეს განსაკუთრებით რთული ვითარებაა ფლოიდის დაღუპვის ადგილზე, მინეაპოლისში და მიმდებარე ქალაქ სენტ-პოლში, რომელიც მინესოტის შტატის დედაქალაქია. ამ ორ ქალაქში ვანდალიზმი და ძარცვა უკვე მე-5 დღეა გრძელდება.

    სენტ-პოლის მერის მელვინ კარტერის თქმით, აღშფოთება და ბრაზი, რომელიც მისმა თანამოქალაქეებმა გამოხატეს, სავსებით ლეგიტიმურია. თუმცა, სამწუხაროდ ბოლო კვირაში ეს ისეთი ფორმით მოხდა, რაც “დესტრუქციული და მიუღებელია”.

    სენტ-პოლის მერის ინფორმაციით, მინესოტის დედაქალაქში 170-ზე მეტი მაღაზია გაქურდეს, ან დაწვეს. მაღაზიების ქსელების კორპორაცია “ტარგეტმა”, ქვეყნის მასშტაბით 100-მდე პუნქტი დროებით დახურა, აქედან 30 – მინესოტის შტატში.

    მინესოტაში ეროვნული გვარდიის სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. ასეთი რამ იქ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა.

    წყარო: ამერიკის ხმა

     

     

  • “ბრბოს ძალადობას შევაჩერებთ“– ტრამპი ქვეყანაში დაწყებულ პროტესტის ტალღაზე

    “ბრბოს ძალადობას შევაჩერებთ“– ტრამპი ქვეყანაში დაწყებულ პროტესტის ტალღაზე

    აშშ–ში პროტესტის ტალღა არ ცხრება. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციური ძალადობის და აფროამერიკელების მიმართ უდიერი დამოკიდებულების წინააღმდეგ იბრძვიან. ეს თემა ქვეყანაში არაერთხელ ყოფილა აქტუალური. ამჯერად კი მღელვარების მიზეზი მინეაპოლისში მომხდარი ინციდენტი გახდა, სადაც პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გამოყენების შედეგად  46 წლის ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. შაბათს ინდიანაპოლისში არეულობებისას ადამიანი დაიღუპა.

    ვაშინგტონში კი შაბათს საღამოს თეთრის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით ადამიანია შეიკრიბა. მომიტინგეების ნაწილმა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობების შუშების მტვრევა დაიწყო. ისინი პოლიციას ქვებს და წყლის ბოთლებს ესროდნენ. პასუხად პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის გაზი გამოიყენა.

    შეტაკება მოხდა პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც თეთრ სახლს იცავდნენ.

    აშშ–ს პრეზიდენტმა მადლობა უთხრა სპეცსამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც მისი თქმით ეფექტურად უზრუნველყოფდნენ თეთრი სახლის დაცვას, ამავე დროს გააკრიტიკა ვაშინგტონის მერი, მიურიელ ბოუზერი, რომელმაც მისი თქმით არ მისცა უფლება დედაქალაქის პოლიციას ქალაქში მიმდინარე პროცესებში ჩარეულიყო. ტრამპმა არეულობებს მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ “ პროფესიონალურად ორგანიზებული“ უწოდა და პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია “ბრბოს ძალადობას შეაჩერებს, სრულად შეაჩერებს!“

    ფლოიდის სიკვდილს პრეზიდენტმა ტრაგედია უწოდა და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა გამოძიება დააჩქაროს.

    ვაშინგტონთან ერთად საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს ამერიკის დაახლოებით 40 ქალაქში. ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, დენვერში, ჩიკაგოსა და კიდევ რამდენიმე სხვა ქალაქში მშვიდობიანი დემონსტრაციები, ვაშინგტონის მსგავსად, ძალადობრივ ტალღაში გადაიზარდა.

    ლოს ანჯელესში პროტესის მონაწილეებმა მანქანები დაწვეს და სკანდირებდნენ – “შავების სიცოცხლეც ფასეულია“. პოლიციამ აქციის დასაშლელად ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

    ფილადელფიაში მინიმუმ 13 პოლიციელი დაშავდა, დაწვეს პოლიციის ავტომობილები.

    სოლთ ლეიქ სითიში დემონსტრანტებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს, რის შემდეგაც იუტას შტატის გუბერნატორმა ქალაქში ეროვნული გვარდიის სამხედროები გაგზავნა.

    ორშაბათს მომხდარი ინციდენტის გამო საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან მალევე მინეაპოლისში პროკურორმა პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს ბრალი ორი მუხლით წაუყენა – მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.

    ორივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შოვინს შესაძლოა სულ 35 (25 პირველი და 10 მეორე ბრალდებისთვის) წლიანი პატიმრობა შეეფარდოს.

     

    დანარჩენ სამ ოფიცერს, რომლებიც დაკავების ინციდენტში მონაწილეობდნენ, ბრალი წაყენებული არ აქვთ, თუმცა ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.

  • ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს – ნახეთ ვიდეო

    ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს – ნახეთ ვიდეო

    SpaceX-მა და NASA-მ დღეს ისტორიაში პირველად გაუშვეს კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი Crew Dragon. ხომალდის აფრენა ნასას ფეისბუკგვერდზე პირდაპირ ეთერში გავიდა. ხომალდში  ორი ასტრონავტი  ბობ ბენკენი და დუგ ჰარლი სხედან. გაფრენა წარმატებით განხორციელდა.

    ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-ის მიწიდან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.

    პროექტი 3 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა და ეკიპაჟი  ორი წლის წინ შეარჩიეს. 2011 წლის შემდეგ აშშ-ს მსგავსი ფრენა არ განუხორციელებია და იძულებული იყო ასტრონავტების კოსმოსში გასაყვანად უზარმაზარი თანხა რუსეთისთვის გადაეხადა.

    ხომალდის სტარტს პრეზიდენტი ტრამპი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.  ნასაში ცხადებენ, რომ ქრუ-დრაგონის გაშვებით, ქვეყნის კოსმოსური ინდუსტრიის ისტორიაში ახალი ერა იწყება.

     

  • პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მუდმივი თვალთვალის გამო შეშფოთებულები არიან

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მუდმივი თვალთვალის გამო შეშფოთებულები არიან

    ბრიტანული გამოცემა ექსპრესის ინფორმაციით პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საკუთარი ოჯახის და შვილის, პატარა არჩის უსაფრთხოებით შეშფოთებულები არიან მას შემდეგ, რაც იზოლაციის დროს მათ თავს ინციდენტების სერია დატრიალდა. უპილოტო დრონებმა მათ სახლზე რამდენჯერმე გადაიფრინეს და ჰაერიდან ცდილობდნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ფოტოების გადაღებას.

    ბოლო კვირების მანძილზე მინიმუმ ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა დრონებმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს ლოს ანჯელესში მდებარე სახლს, სადაც ჰარი და მეგანი შვილთან ერთად კარანტინს ატარებენ.  სვარაუდოდ ფოტოების მოპოვებას დრონების პატრონი მასმედიაზე გაყიდვის მიზნით ცდილობდა.

    “წარმოიდგინეთ, თქვენ რომ აღმოჩენილიყავით მათ ადგილზე, ამ მოწყობილობების პირისპირ, რას იგრძნობდით? დრონები ფაქტიურად მათ თავზე ზუზუნებდნენ, როცა ბავშვთან ერთად უკანა ეზოში თამაშობდნენ. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ისინი უბრალოდ მოსიყვარულე მშობლები და მოსიყვარულე ოჯახი არიან.“ – ეუბნება გამოცემას წყვილის ახლობელი.

    სასექსის ჰერცოგის ოჯახი დრონების გამოჩენამ იმდენად შეაშინა, რომ ყოველი ინციდენტის შესახებ ლოს ანჯელესის პოლიციას შეატყობინა. ახლო მომავალში ისინი სახლის დაცვის გაძლიერებას და დამატებითი ჯგუფის დაქირავებას გეგმავენ, რათა პირადი სივრცე დაიცვან.

    “ისინი არავითარ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას არ ითხოვენ, უბრალოდ უნდათ უსაფრთხოდ იცხოვრონ საკუთარ სახლში. რა მოხდება მათ ამ სურვილს პატივი სცენ?“– ამბობს ოჯახის ახლობელი.

    პაპარაცებისთვის ამჟამად რთული დროა. ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩა იმის გამო, რომ ვარსკვლავები რამდენიმე თვეა იზოლაციაში არიან გამოკეტილი საკუთარ სახლებში.  სასეირნოდ და ხალხმრავალ ადგილებში იშვიათად გამოდიან. ფოტოგრაფები ათას ეშმაკობას მიმართავენ, რათა გასაყიდად კადრები მოიპოვონ.

    სამეფო წყვილმა, რომელმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან განდგომა იანვარში გადაწყვიტა, საცხოვრებლად ლოს ანჯელესი აირჩია, რომელიც “პაპარაცების ხახად“ არის ცნობილი. ამის შესახებ წესით კარგად უნდა იცოდეს მეგან მარკლმა, რომელიც კალიფორნიაშია გაზრდილი. წყვილის ამერიკაში გადასვლა თვითიზოლაციის პერიოდს დაემთხვა, კარანტინის დასრულების შემდეგ კი ისინი სავარაუდოდ პაპარაცების მუდმივი სამიზნე გახდებიან.

  • საფრანგეთში სავაჭრო ცენტრები გაიხსნა, ავსტრიაში კინოთეატრები. ნახეთ, როგორ იხსნება კარანტინი ევროპაში

    საფრანგეთში სავაჭრო ცენტრები გაიხსნა, ავსტრიაში კინოთეატრები. ნახეთ, როგორ იხსნება კარანტინი ევროპაში

     

    ევროპული ქვეყნები თანდათანობით საზღვრებს ხსნიან და შეზღუდვებს აუქმებენ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოიღეს, თუმცა ბრიტანელი მეცნიერები კვლავ გვაფრთხილებენ, რომ კარანტინის გაუქმება ჯერ ადრეა.

    პარიზში უკვე იხსნება სავაჭრო ცენტრები, მათ შორის ცნობილი სავაჭრო ცენტრი ლაფაეტის გალერეა. თუმცა სტუმრებს სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარება მოუწევთ. კოსმეტიკასთან მიკარება და ტესტერის გამოყენება აკრძალულია. საფრანგეთში უკვე გაიხსნა საქალაქო პარკებიც.

    ავსტრიის ხელისუფლებამ კი მიიღო გადაწყვეტილება ვენაში კინოთეატრების გახსნის შესახებ, თუმცა ერთ სეანსზე დამსწრეთა რაოდენობა 100–ს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთი წესები ყველა საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის მოქმედებს.

    ამ დღეებში ქვეყანაში საკარანტინო ზომების შემსუბუქების შემდგომი ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებში კვლავ გაიხსნა სასტუმროები და ფიტნეს კლუბები.

    ავსტრიისგან განსხვავებით, სადაც ნიღბების ტარების წესი მხოლოდ ივნისის შუა რიცხვებში შემსუბუქდება, პოლონელებს უკვე შეუძლიათ საზოგადოებრივ ადგილებზე ნიღბის გარეშე იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვის წესი მოქმედებს.

    უნგრეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასწრების უფლება მისცა. გერმანიაში კი ბუნდესლიგის მატჩები ჯერჯერობით მაყურებლის გარეშე ტარდება.

    იტალიაში  დამთვალიერებლებისთვის კვლავ იხსნება პიზის კოშკი.

    სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით ბრიტანეთში კარანტინის შემსუბუქებას არ ჩქარობენ, თუმცა ორშაბათიდან ინგლისში ექვს ადამიანამდე ჯგუფების შეკრება დასაშვები ხდება. ასეთი წესები უკვე მოქმედებს შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, თუმცა ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩევლები ყველას აფრთხილებენ, რომ კარანტინის შემსუბუქება ჯერ არ შეიძლება. მათი თქმით, ქვეყანაში კრონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი ჯერ კიდევ მაღალია და აუცილებელია ქვეყანა მათ კლებას დაელოდოს, სანამ კარანტინს შეამსუბუქებს.

  • მაიმუნებმა კორონავირუსის მქონე პაციენტების სისხლის სინჯები მოიპარეს

    მაიმუნებმა კორონავირუსის მქონე პაციენტების სისხლის სინჯები მოიპარეს

    ინდოეთში მაიმუნების ჯოგი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს დაესხა თავს. მაიმუნებმა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სისხლის ნიმუშები “გაიტაცეს”.

    ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავდასხმა ამ კვირაში მაშინ მოხდა, როდესაც ლაბორატორიის ტექნიკოსი მეერუთში, სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის კამპუსში, ფეხით გადაადგილდებოდა.

    “მაიმუნებმა მას [სინჯარები] ხელიდან გამოგლიჯეს და გაიქცნენ. მათ თან იმ პაციენტების სისხლის ნიმუშები წაიღეს, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ დ ამკურნალობის კურსს გადიან. ჩვენ მათ ანალიზები თავიდან ავუღეთ”, – ამბობს ექიმი გარგი, კოლეჯის წამყვანი სპეციალისტი.

    ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, დაღვარეს თუ არა მაიმუნებმა სისხლი გატაცებული სინჯარებიდან, მაგრამ ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები შიშობენ, რომ ცხოველებმა შესაძლოა ვირუსი დასახლებულ პუნქტშიც გაავრცელონ.

    გარგი ამბობს, რომ უცნობია დაავადდებიან თუ არა მაიმუნები ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტის შედეგად: “არ არის მტკიცებულება იმისა, რომ შესაძლოა მაიმუნები დაინფიცირდნენ”, – უთხრა ექიმმა გარგმა საინფორმაციო სააგენტო “როიტერს”.

    ინდოეთში ახალი კორონავირუსის 165 799 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 706 ადამიანი გარდაიცვალა. მეცნიერთა ნაწილს მიაცნია, რომ ვირუსი სწორედ ცხოველებიდან ადამიანებში ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ე.წ. სველ ბაზარში გადავიდა.

    ინდოეთის ზოგიერთ დასახლებაში კი მაიმუნები ადამიანთა ცხოვრებაში ბოლო დროს ხშირად იჭრებიან და ზოგჯერ ესხმიან კიდეც მათ თავს. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ცხოველების მიერ ურბანულ დასახლებებში საკვების საძებნელად გამოსვლა მათი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს განადგურებისა და გაუარესების შედეგია.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • აშშ-ში  CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში დააკავეს – ნახეთ ვიდეო

    აშშ-ში CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში დააკავეს – ნახეთ ვიდეო

    ამერიკის შეერთებულ შტატებში, CNN- ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში დააკავეს. ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად CNN-ი ავრცელებს. პოლიციამ ჟურნალისტი, პროდიუსერი და მისი ოპერატორი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი მინეაპოლისში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში  აშუქებდნენ. გადამღები ჯგუფი 1 საათში გაათავისუფლეს.

    სამართალდამცავებმა დაკავების მიზეზად გადამღები ჯგუფის დაუმორჩილებლობა დაასახელა. ამ ინციდენტის შემდეგ კი შტატის გუბერნატოდმა CNN-ის პრეზიდენტს, ჯეფ ზაკერს დაურეკა და მოუბოდიშა.

     

    ცნობისთვის,აშშ-ს შტატში,  მინეაპოლისში  რამდენიმე დღისწინ აფროამერიკელი კაცის,  ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიანმა პოლიციელებმა ის ასფალტზე დააწვინეს, კისერზე მუხლი დააჭირეს. ჯორჯ ფლოიდი დახმარებას ითხოვდა და ამბობდა რომ შეეწყვიტათ რადგან ვეღარ სუნთქავდა შემდეგ კი მან მოძრაობაც შეწყვიტა და საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. სწორედ ამ მომხდარი ამბის გამო მინეაპოლისსში უკვე მესამე დღეა პროტესტის ტალღა არ წყდება. დემონსტრანტებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწვეს, ასევე დაზიანებულია არაერთი მაღაზია და მანქანა.

  • ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით   ყოფილი პოლიციელი დააკავეს

    ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ყოფილი პოლიციელი დააკავეს

    ამერიკის შეერთებულ შტატებში, დააკავეს  ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც ბრალად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა ედება ბრალად.

    ეს სწორედ ის პოლიციელია რომელმაც ჯორჯ ფლოიდი ასფალტზე დააწვინა და  ფეხს კისერზე აჭერდა.   ჯორჯ ფლოიდი  კისრიდან ფეხის აღებას ითხოვდა რადგან სუნთქვას ვერ ახერხებდა რამდენიმე წუთში კი ფლოიდმა მოძრაობა შეწყვიტა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

    ვიდეოში, სადაც ეს პროცესია აღბეჭდილი, სოციალური ქსელი მოიცვა და პროტესტის ტალღის მიზეზი გახდა.დემონსტრანტებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწვეს, ასევე დაზიანებულია არაერთი მაღაზია და მანქანა.

    ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ოთხი პოლიციელი კი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.