Category: მსოფლიო

  • შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე – არის მსხვერპლი

    შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე – არის მსხვერპლი

    აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, საზღვართან, ტოვუზის რაიონში მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, არიან დაღუპულები. დაპირისპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

    აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, რასაც შეტაკებები მოჰყვა და ორივე მხარეს ჰყავს დანაკარგი.

    “სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით ტოვუზის რაიონში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლი გახსნეს ჩვენი პოზიციებისა და საარტილერიო დანადგარის მიმართულებით. ორივე მხრიდან არის დანაკარგი”, – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

    მათივე ინფორმაციით, სომხეთმა მათი პოზიციების დაკავების მიზნით არტილერიით სცადეს თავდასხმა, თუმცა საპასუხო რეაქციის შემდეგ უკან დაიხიეს, შეტაკებების დროს კი აზერბაიჯანულმა მხარემ 2 სამხედრო მოსამსახური დაკარგა, ხოლო 5 სამხედრო დაშავდა.

    საპირისპიროს ამბობს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო. მათი განცხადებით, საზღვრის დარღვევა აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სცადეს. უწყების ინფორმაციით, შეტაკებებს მსხვერპლი მხოლოდ აზერბაიჯანული მხრიდან მოჰყვა, სომხეთის მხრიდან კი არავინ დაზარალებულა.

  • თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

    თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

    თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი თურქეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, აია-სოფია მეჩეთად გადააკეთოს.

    შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე იუნესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აია-სოფია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, ამიტომ მისი სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ორგანიზაციას წინასწარ უნდა ეცნობოს.

    ცნობისთვის, 1 500 წლის წინ აშენებულ ქრისტიანულ ტაძარს, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა, 1930-იან წლებში მუზეუმის სტატუსი მიანიჭეს.

  • ამერიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდული სისწრაფით იზრდება, სიკვდილიანობა (ჯერ) არა

    ამერიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდული სისწრაფით იზრდება, სიკვდილიანობა (ჯერ) არა

    ივნისის შუა რიცხვებიდან დაწყებული, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში რეკორდულად სწრაფად იზრდება. ახალი კორონავირუსი ბოლო კვირის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 50 000 ადამიანს დაუდასტურდა.

    ინფიცირების რეკორდული, 60 000-იანი მონაცემი იქნა აღრიცხული ოთხშაბათს. სიკვდილობა კი ამერიკაში ბოლო კვირის მანძილზე, დღეში საშუალოდ 500 იყო.

    ამ ეტაპზე აშკარაა, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი ინფიცირებასთან შეფარდებით იმდენად მაღალი არ არის, როგორც გაზაფხულზე, როცა პანდემიის ეპიცენტრად ნიუ-იორკი გადაიქცა. ერთი შეხედვით, ეს კარგი ამბავია, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დღევანდელი მონაცემები მხოლოდ დროებითია.

    სიკვდილობა გაიზრდება

    ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ სიკვდილობის პროცენტულობა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის პროგრესულად ზრდასთან ერთად მოიმატებს. სტატისტიკური მონაცემებით, ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვალება საშუალოდ ერთი თვის შემდეგ ხდება. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვი კი ამერიკაში უკვე იზრდება, დაახლოებით მესამედით, როგორც ამას ქვემოთ მოცემული გრაფა აჩვენებს.

    უნდა ვივარაუდოთ, რომ სიკვდილობა თანდათან გაიზრდება, ამბობს ამეშ ადილჯა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრიდან. “ვფიქრობ, ეს ელემენტარული ბიოლოგია და მათემატიკაა. ჰოსპიტალიზაციის და სარეანიმაციო პალატების გამოყენების ზრდასთან ერთად, ჩვენ სიკვდილობის მაჩვენებლის ზრდის მოწმე გავხდებით” – აღნიშნავს ის.

    ინფექცია ახალგაზრდებში

    ბევრი ფიქრობს, რომ მართალია, სიკვდილობის მაჩვენებელი გაიზრდება, მაგრამ ის მაინც შედარებით დაბალ ნიშნულზე დარჩება. ამ მოსაზრებას ორი ფაქტორი ამყარებს: ერთი ის, რომ ამერიკაში, ახალი ტალღის ინფიცირებულთა შორის, თითქმის ნახევარი ახალგაზრდა და შედარებით უფრო ჯანმრთელია.

    თუმცა, აუცილებლად ყურადსაღებია შემდეგი გარემოება: თავისთავად ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ხარ, “არ ნიშნავს, რომ სერიოზულად ავად არ გახდები”, – განაცხადა სამშაბათს ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ. მისი თქმით, კოვიდ-19 დიაგნოზის მქონე ახალგაზრდებიც ხვდებიან ინტენსიური თერაპიის პალატებში, მაგრამ შედარებით დაბალი პროცენტით.

    ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ კოვიდ-19-მა ახალგაზრდების ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული კვალი დაატყოს. “მთელი წყებაა პრობლემების, რომელთა შესახებ თანდათან ვიგებთ,” – ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ბარუნ მათემა.

    “ძალიან ბევრი რამაა ასიმპტომატურ ინფიცირებასა და სიკვდილს შორის” – აღნიშნავს ის. სერიოზულ და ხანგრძლივ გართულებათა რიცხვში კი ეპიდემიოლოგი ფილტვების დაზიანებას, სისხლის შედედებებს და ინსტულტებს ასახელებს.

    მკურნალობის გაუმჯობესება

    სპეციალისტების აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილობის შედარებით მცირე მონაცემს შესაძლოა, მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი – მკურნალობის გაუმჯობესებაც – განსაზღვრავდეს. გვიანი გაზაფხულის შემდეგ, ჰოსპიტალიზებულთა შორისაც ახალი თერაპიების დადებითი შედეგი შეიმჩნევა.

    ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ორი პრეპარატი “დექსამეტაზონი” და “რემდესივირი” კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში უკეთეს შედეგს აჩვენებს. თუმცა, ექიმები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ პაციენტების ერთ ნაწილში ხდება.

    “თუ ძალიან, ძალიან ავად ხარ, ეს მედიკამენტები ეფექტურია, მაგრამ ის არ კურნავს” – ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი რაჯეშ განდი. მისი თქმით, ეს წამლები მოქმედებს, ეს მნიშვნელოვანი შედეგია, უკეთესი ვიდრე – მარტში. მაგრამ, “ჯერ ძალიან შორს ვართ იმ მკურნალობისგან, რომელიც გვესაჭიროება… საქმე გვაქვს ძალიან, ძალიან აგრესიულ ვირუსთან, სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლით”.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ევროკავშირი პროგნოზებს ცვლის:ეკონომიკური რეცესია იმაზე ღრმა იქნება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

    ევროკავშირი პროგნოზებს ცვლის:ეკონომიკური რეცესია იმაზე ღრმა იქნება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

    ევროკავშირი აცხადებს, რომ ევროპაში ეკონომიკური რეცესია იმაზე ღრმა იქნება, ვიდრე გაზაფხულზე ვარაუდობდნენ. ევროკომისიამ 2020წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. წინა გათვლები არ ითვალისწინებდა იმას, რომ საკარანტინო ზომები ასე ნელა და თანდათანობით მოიხსნებოდა.

    ევროკომისიის ზაფხულის პროგნოზში ნათქვამია, რომ ევროზნის მშპ 2020 წელს 8.7 %–ით შემცირდება და 2021 წელს 6.1%–ით გაიზრდება. ევროკავშირის ეკონომიკა 2020 წელს 8.3%–ით შემცირდება, 2021 წელს კი 5.8%–ით გაიზრდება.

    ამგვარად, ვარდნა მოსალოდნელზე ბევრად ძლიერი იქნება – 7.7% ევროზონისთვის და 7.4% მთლიანად ევროკავშირისთვის. 2020 წელს ზრდა ასევე ნაკლებად მდგრადი იქნება, ვიდრე გაზაფხულზე პროგნოზირებდნენ.

    ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მისი სამშობლო, იტალია, ასევე ესპანეთი და საფრანგეთი დაზარალდებიან.

    “ყოველ ევროპულ ქვეყანაში წელს უარყოფითი ზრდის მაჩვენებელი იქნება, მომავალ წელს კი ეკონომიკურ ზრდისკენ წავალთ“– აცხადებს პაოლო ჯენტილონი.

    ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული აღდგენის გეგმა ყველა ქვეყნისთვის დახმარებას ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, როგორ დაზარალდნენ ისინი პანდემიისგან. თუმცა ბრიუსელი ცდილობს ჩამორჩენილებს უფრო დაეხმაროს, ვიდრე მდიდრებს და ევროკავშირის კეთილდღეობის მაჩვენებელი გაათანაბროს.

    ამიტომაც ევროკომისარს აშფოთებს ის, რომ ზოგიერთი ქვეყანა კრიზისს თავს სხვებზე ცუდად ართმევს.

    “ევროპულ ქვეყნებში დაუშვებელია იდეა იმის შესახებ, რომ ეს განსხვავებებიმომავალში კონსოლიდირდება და შენარჩუნდება, იმიტომ რომ ეს პრობლემებს შექმნის ჩვენი ერთიანი ბაზრისა და ევროზონის სიმყარისთვის.“

    ბრიუსელისთვის მთავარ პრობლემად გაურკვევლობა რჩება. პროგნოზები არ ითვალისწინებს კორონავირუსის მეორე ტალღის შესაძლებლობას. თუმცა, ჯენტილიონი მის წინააღმდეგ მთავარ იარაღად ევროპულ თანამშრომლობას თვლის. ევროკომისარი ამბობს, რომ ოპტიმისტია და დარწმუნებულია, რომ ყველა სახელმწიფოს მეთაური საერთო ევროპული რეაქციის აუცილებლობას აცნობიერებს. ამიტომაც აღდგენის გეგმის შემუშავება რთული იქნება, თუმცა შეთანხმება შესაძლებელია.

  • ისრაელი ეპიდემიის ახალი ტალღის გამო შესაძლოა ხელახლა ჩაიკეტოს

    ისრაელი ეპიდემიის ახალი ტალღის გამო შესაძლოა ხელახლა ჩაიკეტოს

    ისრაელის ხელისუფლება მთელ რიგ მკაცრ საკარანტინო ზომებს აწესებს. მიზეზი ქვეყანაში Covid19-ით ინფიცირების მკვეთრი ზრდაა. სასწრაფოდ დახურვას ექვემდებარება ბარები, სპორტკლუბები, ღამის კლუბები, აუზები და ღონისძიებების ჩასატარებელი დარბაზები.

    რესორნების სტუმრების რაოდენობა შენობის შიგნით 20–ს არ უნდა აღემატებოდეს, გარე ტერასებზე კი 30–ს სინაგოგებში ერთდროულად ლოცვა მხოლოდ 19 ადამიანს შეუძლია.

    პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით ქვეყანა ახლოს არის ხელახალ სრულ კარანტინთან. ბოლო დღეებში ქვეყანაში დღეღამეში ახალი დაინფიცირების შემთხვევები დაახლოებით ათასს შეადგენს, ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე მარტ–აპრილში, ეპიდემიის პიკზე იყო.

     

     

  • კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

    კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ცნობილი იტალიელი ოსკაროსანი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Ansa აქვეყნებს.

    მათივე ინფორმაციით, კომპოზიტორი რომის საავადმყოფოში, ღამით გარდაიცვალა. მან რამდენიმე დღის წინ დაცემისგან ტრავმა მიიღო.

    ენიო მორიკონეს ფილმებისა და ტელევიზიისთვის 400-ზე მეტი მუსიკა აქვს შექმნილი. გარდა ამისა, ის 100 კლასიკური ნამუშევრის ავტორია.

  • ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი მოკლეს, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა

    ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი მოკლეს, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა

    ავსტრიაში ჩეჩენი ბლოგერი, მამიხან უმაროვი მოკლეს. Кавказ.Реалии-ს ინფორმაციით, მკვლელობა ვენიასთან ახლოს მდებარე ქალაქში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოხდა.

    უმაროვი “იუთუბზე” რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი იყო სახელით”ანზორი ვენიდან”. ბლოგერი რუსულ სპეცსამსახურებს ამხელდა და აცხადებდა, რომ ევროპაში პოლიტიკურად დევნილებსა და ჩეჩენ სეპარატისტებზე თავდასხმების უკან რუსული დგას. მან ავსტრიას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა. ის ავსტრიაში პოლიტიკურ თავშეფასარს ითხოვდა.

    მისი სავარაუდო მკვლელი ვერცხლისფერი მანქანით გადაადგილდებოდა. ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელი ჩეჩნეთიდან იყო.

    ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჩეჩნეთის ან რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ, ქვეყნიდან გაქცეულ პირებს თავს ესხმიან. მიმდინარე წლის 26 თებერვალს შვედეთში ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობა სცადეს. ბლოგერმა თავდამსხმელი მოიგერია და პოლიციას გადასცა. აბდურახმანოვმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც თავმდამსხველიც ჩანს. მას სისხლი სდის, აბდურახმანოვს კი ჩაქუჩი უჭირავს, რომლითაც, როგორც თავად ამბობს უცნობი კაცი მოკვლას უპირებდა.

    2019 წლის აგვისტოში გერმანიაში მოკლეს საქართველოს მოქალაქე, პანკისში მცხოვრები ზელიმხან ხანგოშვილი. გერმანიის პროკურატურის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.

    გარდა ამისა, საქართველოში დააკავეს ინგუში წარმომავლობის პირი, რომელსაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობას ედავებიან. როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

     

  • თურქეთში ფოიერვერკების ქარხანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

    თურქეთში ფოიერვერკების ქარხანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

    თურქეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰენდეკის რაიონში, ფოიერვერკების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, აფეთქების დროს ქარხნის შენობაში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების ხმა 50 კილომეტრის რადიუსში ისმოდა.

  • ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

    ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

    ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან.

    დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი.

    პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული შტატები მსოფლიოში გამოკვეთილად ლიდერობს როგორც ინფიცირების (2 781 025), ისე სიკვდილობის (130 813) მაჩვენებლებით. ამ ეტაპზე, კოვიდ-19-ის გართულებით გარდაცვლილი ამერიკელების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთად აღებულ შემდეგ სამ განვითარებად ქვეყანაში: ბრაზილია, რუსეთი და ინდოეთი.

    ტრამპს უარყოფითი გამოხმაურებები აქვს მასშტაბურ ანტირასისტულ გამოსვლებზე რეაქციის კუთხითაც, და ახლა უკვე ავღანეთში მებრძოლ ამერიკელ ჯარისკაცებთან დაკავშირებული სკანდალის გამოც. ამ ყველაფრის ფონზე, პრეზიდენტმა 30 ივნისს “ტვიტერზე” დაწერა: “მარტოხელა მებრძოლი”!

    ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთრი თავი წინააღმდეგობებთან მებრძოლ ერთადერთ ჯარისკაცად წარმოაჩინა. სავარაუდოდ, ესეც საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

    ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, რომელიც პიუს კვლევითმა ცენტრმა 30 ივნისს გამოაქვეყნა, ტრამპი ბაიდენს 10 პროცენტით ჩამორჩება. გამოკითხულ ამერიკელთა შორის, რეგისტრირებული ამომრჩევლების 54% მხარს ბაიდენს უჭერს, ტრამპს კი – 44% ემხრობა.

    პრეზიდენტის მომხრეებს ეს მონაცემები არ აშინებთ. ისინი 2016 წლის არჩევნებს იგონებენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ეტაპზე, დაახლოებით ამ დროს, ივნისში, ის ჰილარი კლინტონსაც 10 პროცენტით ჩამორჩებოდა, თუმცა არჩევნებზე მისი დამრცხება მაინც მოახერხა.

    “მკვლევარები ქვიშაში რამდენიმე მარცვალს უყურებენ, მთელი სანაპიროს ნაცვლად. ერთადერთი გამოკითხვა, რომელიც ფასობს, არის 2020 წლის 3 ნოემბერი” – ამბობს ლინდა ტროკინი, სემინოლის საგრაფოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ფლორიდის შტატში.

    იმედს არ კარგავს არც მისი კოლეგა ტეხასის შტატის, დალასის საგრაფოში – როდნი ანდერსონი. მისი თქმით, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციის “დამსახურებები წინა პლანზე წამოიწევს” და ეს რეალური გამოწვევა იქნება ჯო ბაიდენისთვის, რომელიც “სიტყვებს თავს ვერ უყრის”.

    სავარაუდოდ, რესპუბლიკელი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიასაც სწორედ ეს გათვლა აქვს. დონალდ ტრამპი ხშირად ხმარობს გამოთქმას “ჩუმი უმრავლესობა” და ამით მიანიშნებს, რომ გამოკითხვების უმეტეს ნაწილში ბაიდენის დაწინაურების მიუხედავად, მას მეტი მხარდაჭერა აქვს იმ ადამიანებისგან, ვინც არჩევნებამდე ძალიან არ აქტიურობს.

     

  • “ვენდი” და “პიცა-ჰატი” გაკოტრდა, თუმცა კაფეები ჯერ არ იხურება

    “ვენდი” და “პიცა-ჰატი” გაკოტრდა, თუმცა კაფეები ჯერ არ იხურება

    კომპანიამ “ენ-პი-სი” გაკოტრებაზე განაცხადი ტეხასის სასამართლოში ოთხშაბათს შეიტანა. 1962 წელს დაარსებული კომპანია ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის ოპერატორად ითვლება. “ენ-პი-სი” შეერთებულ შტატებში მართავს 1 200-ზე მეტ “პიცა-ჰატის” და 400-მდე “ვენდის” ობიექტს.

    კომპანიის სრული დასახელებაა NPC International, Inc. მისი გაკოტრება კორონავირუსის პანდემიას და ბიზნესის თვეობით შეჩერებას უკავშირდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ “პიცა-ჰატის” და “ვენდის” კაფეები იხურება. “ენ-პი-სი” არ კარგავს სიტუაციის გამოსწორების იმედს, აცხადებს, რომ მუშაობას კვლავ აგრძელებს და პრობლემების მოგვარებას შეეცდება.

    კომპანიას დღეს $903 მილიონის ოდენობის დავალიანება აქვს. ტეხასის სასამართლოს დოკუმენტებში არსებული გეგმის მიხედვით, “ენ-პი-სი” ვალების ნაწილს ქსელის მფლობელობაში მყოფი კაფეების გაყიდვით გაისტუმრებს.

    წყარო: ამერიკის ხმა