Category: მსოფლიო

  • მორიგი სანქციები რუსული “ტროლების ქარხნის“ დირექტორს და შეფასებები ვაშინგტონიდან

    მორიგი სანქციები რუსული “ტროლების ქარხნის“ დირექტორს და შეფასებები ვაშინგტონიდან

    გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ევგენი პრიგოჟინს, მის კომპანიებს და მათთან ერთად კიდევ ორ პირს მორიგი სანქციები დაუწესა. ყველა მათგანი ე.წ „ვაგნერის დაჯგუფებასთანაა“ დაკავშირებული. ამერიკამ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც აფრიკაში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის დაჯგუფებამ“ ლიბიის დედაქალაქში, ტრიპოლის ირგვლივ ტერიტორია დანაღმა.

    ეკონომიკური სანქციები ყველა იმ პირს და ბიზნესს შეეხო, ვისაც ახლო კავშირი აქვს ევგენი პრიგოჟინთან. პრიგოჟინი ბიზნესმენი და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. მას ხშირად მოიხსნებენ, როგორც “პუტინის შეფსაც”, ვინაიდან პრიგოჟინი კრემლისა და რუსული სამთავრობო უწყებებისთვის სარესტორნო მომსახურების უზრუნველყოფაში იყო ჩართული.

    ითვლება, რომ პრიგოჟინი, რომელიც სამხედრო დაჯგუფებას ხელმძღვანელობს, სწორედ, ვლადიმირ პუტინის ბრძანებითა და ხელშეწყობით, ფინანსური მხარდაჭერით, მოქმედებს.

    „ვაგნერის ჯგუფი“ რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს სამხედრო მიმართულებით ატარებდა უკრაინაში, სუდანში, სირიასა და ლიბიაში. ამ ჯგუფის წევრები განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩევიან.

    რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობამ აფრიკაში, ვაგნერის დაჯგუფებას ბრალი დასდო „ლიბიის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმდების გართულებაში“, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების შესახებ გამოაცხადა. სამხედრო წარომადგენლობის განცხადებას თან ახლდა ფოტო მასალაც.

    ანა ბორჩევსკაია, „ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ვაშინგტონის ინსტიტუტიდან“ თვლის, რომ ეს სანქციები იმის ნიშანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლოდან აკვირდება და ყურადღებას აქცევს ამ დაჯგუფების ქმედებებს:

    „ვფიქრობ, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე ერთჯერადი გაფრთხილება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვაგნერის ჯგუფის და, უფრო ფართოდ კი რუსეთის მოქმედებები აფრიკაში ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს და [ამერიკის] ადმინისტრაცია ნამდვილად ცდილობს, რომ ეს საქმიანობა, როგორმე შეაჩეროს. თუმცა, რამდენად ეფექტური იქნება სანქციები, ვფიქრობ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. პრიგოჟინს სანქციები 2018 წელს, ამერიკის არჩევნებში ჩარევისთვის დაუწესეს. თუმცა, ამ ჯგუფის მოქმედებები, მაინც გრძელდებოდა. ახლანდელი ნაბიჯი, ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ [ამერიკაში] “ვაგნერის” ქმედებებს საკმაოდ სერიოზულად უყურებენ’’, ამბობს ექსპერტი.

    თუმცა, 2018 წლამდე, სანქციები პრიგოჟინისთვის 2016 წელსაც დააწესა ამერიკამ. მაშინ, უკრაინის ოკუპაციის ხელშეწყობის მიზნით, რუსეთისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტმა პრიგოჟინი სანქცირებული პიროვნებების სიაში შეიყვანა.

    პრიგოჟინის და მისი „ტროლების ქარხნის“ სახელი, ამერიკაში კიდევ ერთხელ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების დროს ამოტივიტივდა. არჩევნების შემდეგ, პროკურორ რობერტ მალერის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, სწორედ პრიგოჟინის „ტროლების ქარხნის“ მიზანი იყო არჩევნებში ჩარევა და ისინი ამ გეგმაზე 2014 წლიდან მუშაობდნენ.

    რაც შეეხება „ვაგნერის ჯგუფს“. ისინი ძალიან აქტიურად ატარებენ რუსულ სამხედრო ინტერესებს აფრიკის კონტინენტზე და არა მხოლოდ. ამ დაჯგუფების წევრები სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ სირიაში, ცენტრალურ აფრიკასა და ლიბიაში მიმდინარე ბრძოლებში.

    კიმბერლი მარტინი, კოლუმბიის უნივერისტეტის პროფესორი „ვაგნერის დაჯგუფებას“ ორ წელიწადზე მეტია იკვლევს. ის ამბობს, რომ სამხედრო დაჯგუფების წევრები პირდაპირ კავშირში არიან რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან. მისი თქმით, წლების განმავლობაში ის, რაც თითქოს, თავდაპირველად მცირე სამხედრო ჯგუფად იყო მიჩნეული, ახლა იმდენად შეიცვალა, რომ პირდაპირ რუსეთის ინტერესების გამტარებლად შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ რეგიონებში, სადაც ისინი იბრძვიან.

    „ვაგნერის დაჯგუფება პირველად, აღმოსავლეთ უკრაინაში, 2014 წელს გამოჩნდა. კერძო სამხედრო დაჯგუფებები რუსეთში არაკონსტიტუციური და არალეგალურია, თუმცა, პუტინს ბევრჯერ ჰყავს “ვაგნერი” საჯარო გამოსვლებში ნახსნები. ის ამბობს ხოლმე, “აცადეთ გააკეთონ რაც სურთ მსოფლიოს მასშტაბით, აკეთონ ფული იმით რასაც ჩადიან, ოღონდ ნუ დაარღვევენ კანონს სახლში [რუსეთში].” ვინაიდან ისინი სახლში არაკანონიერ დაჯგუფებად ითვლებიან, ეს უკვე გვაძლევს წარმოდგენას იმაზე, თუ რამდენად კორუფციულია რუსული სისტემა“, ამბობს მარტინი.

    კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერის“ წევრები დაქირავებული სამხედროები არიან და ისინი ფულს იღებენ იმაში, რასაც აკეთებენ, ისინი ღრმად “პატრიოტებიც” არიან და საქმეს მაშინ ჰკიდებენ ხელს თუ სჯერათ, რომ ეს რუსეთს აწყობს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • დამნაშავე, რომელმაც უკრაინაში ავტობუსით მძევლები აიყვანა, პერიოდულად ასაფეთქებელ მოწყობილობებს აფეთქებს

    დამნაშავე, რომელმაც უკრაინაში ავტობუსით მძევლები აიყვანა, პერიოდულად ასაფეთქებელ მოწყობილობებს აფეთქებს

    უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსის სიახლოვეს, რომელშიც მძევლები იმყოფებიან, კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ტერორისტმა ხელყუმბარა ისროლა. მამაკაცი ამ გზით ცდილობს მისი მოთხოვნების სტიმულირებას.

    „სოციალური ახალი ამბების პირველი არხის“ ინფორმაციით, დამნაშავემ ინფორმაციის გადაცემის არხად, სწორედ ეს მედიასაშუალება აირჩია.

    მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსთან რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. კერძოდ, აფეთქდა სამი ასაფეთქებელი პაკეტი.

    შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო – პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.

  • გამტაცებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ – ზელენსკი

    გამტაცებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ პირთან, რომელმაც ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

    „პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირთან, რომელმაც მძევლები აიყვანა. ყველაფერს ვაკეთებთ მათ გასათავისუფლებლად. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

    შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო – პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.

  • ამერიკული კომპანიები შიშობენ, რომ მათი უსაფრთხოების გეგმა ვირუსის ჰაერით გავრცელების შემთხვევაში შესაცვლელი იქნება

    ამერიკული კომპანიები შიშობენ, რომ მათი უსაფრთხოების გეგმა ვირუსის ჰაერით გავრცელების შემთხვევაში შესაცვლელი იქნება

    მას შემედგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი, შესაძლოა, ჰაეროვანო გზითაც ვრცელდებოდეს, ამერიკულ კომპანიებში ახალი შეკითხვა გაჩნდა. როგორ უნდა დიცვან უსაფრთხოების წესები და უზრუნველყონ შესაბამისი გარემო თანამშრომლებისთვის?

    დაახლოებით, ორი კვირის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოითხოვა, რომ მეტად ყოფილიყო შესწავლილი ვირუსის ჰაერით გადატანის შესაძლო გზები. ბევრმა ამერიკულმა კომპანიამ ჯანმოს თავდაპირველი მითითებების მიხედვით შეიმუშავა ოფისებში დაბრუნებისა და მუშაობის სტრატეგიაც. თავიდან საუბარი იყო იმაზე, რომ ვირუსს ადამიანის დაიფიცირება შეეძლო მას შემდეგ, რაც ის ჰაერში გამოიყოფოდა და შემდეგ რაიმე ზედაპირზე დაეშვებოდა. ახლა კი შიშობენ, რომ ვირუსი დახველების ან დაცემინებისას გამოყოფილი მცირე წვეთების გარეშეც, შესაძლოა, ჰაერში საათობით ჩერდებოდეს.

    კომპანიები ახლა ყურადღებით აკვირდებიან დღეს არსებულ პროტოკოლებს – არის თუ არა საკმარისი მხოლოდ პირბადის ტარება, ზედაპირების დამუშავება და სავენტილაციო სისტემის განახლება. ზოგიერთ კომპანიაში, სადაც მყიდველსა და გამყიდველს შორის შუშის, ან გამჭვირვალე პლასტმასის ბარიერი მოათავსეს, ფიქრობენ კიდევ რის გაკეთება შეუძლიათ იმისთვის, რომ თანამშრომლები დაიცვან.

    იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი ჰაერში მართლაც რამდენიმე საათის განმავლობაში ჩერდება, მაშინ, კომპანიებისთვის ბევრად უფრო გართულდება უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პერსონალისა და კლიენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

  • რამზან კადიროვს აშშ-ში შესვლა აეკრძალა

    რამზან კადიროვს აშშ-ში შესვლა აეკრძალა

    აშშ-მ რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს აეკრძალა აშშ-ში შესვლა და ეს გადაწყვეტილება კადიროვის მხრიდან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას უკავშირდება.

    აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების არაერთ უხეშ დარღვევაზე, მათ შორის წამებასა და მკვლელობებზე.  აშშ-ს შავ სიაში კადიროვის გარდა მისი მეუღლე და შვილებიც მოხვდნენ.

  • პირველი ოფიციალური ფოტოები და დეტალები ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გასაიდუმლოებული ქორწილიდან

    პირველი ოფიციალური ფოტოები და დეტალები ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გასაიდუმლოებული ქორწილიდან

    პირველად ბრიტანული სამეფო ოჯახის ქორწილმა მსოფლიო მოულოდნელად გააოცა: პრინცესა ბეატრისმა პროტოკოლი დაარღვია და ქორწინების ფაქტი საიდუმლოდ შეინახა. მართალია სულ ცოტა ხნით, მაგრამ ასეთი რამ სამეფო ოჯახის ისტორიას არ ახსოვს, რომ წინასწარ ოჯახის წევრის ქორწინების შესახებ არაფერი ყოფილიყო ცნობილი.

    პრინცესა ბეატრისისა და ბიზნესმენ ედოარდო მაპელი მოცის ქორწილის დეტალები მოგვიანებით გახმაურდა.

    ბეატრისი და იტალიელი უძრავი ქონების მაგნატი ედო თავდაპირველად 29 მაისს გეგმავდნენ დაქორწინებას, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებულნი გახდნენ ცერემონია გადაედოთ. საბოლოოდ კამერული ზეიმი 17 ივლისს შედგა – თარიღი მისი უდიდებულესობის ნიშნობის თარიღს დაემთხვა. დედოფალ ელისაბედის შვილიშვილი უინძორის სასახლის პარკში მდებარე პატარა სამეფო სამლოცველოში დაქორწინდა, რომელიც იმ სახლიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებაროებს, სადაც ბეატრისი გაიზარდა. პრინცესა სამეფო ოჯახის პირველი წევრია, რომელიც ნეოგოთიკურ ეკლესიაში დაქორწინდა. ეს პატარა ეკლესია ასევე დედოფალ ვიქტორიას სამრეკლოს სახელით არის ცნობილი. ცერემონიალს, რომელიც გამთენიისას შედგა სულ 20 სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ პატარძლის მშობლები, დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი. არაფერია ცნოილი იმის შესახებ, ესწრებოდნენ თუ არა ცერემონიალს ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი.

    ყველაზე ამაღელვებელი და უჩვეულო დეტალი პატარძლის კაბა იყო, რომელიც დიზაინერმა ნორმან ჰარტნელმა შექმნა და რომელიც… მას დედოფალმა ათხოვა.

    დედოფლის თაყვანისმცემლები აღფრთოვანებით შეხვდნენ ცერემონიალის ფოტოების გამოქვეყნებას, რომლებზეც ჩანს რომ ბეატრისმა საქორწილო კაბად ბებიის კაბა აირჩია. ბრილიანტებით გაწყობილი კაბა პატარძალმა ოდნავ გადააკეთა, მაგალითად სახელოები დაუმატა, რაც თავდაპირველ ვარიანტში არ იყო.

    ეს კაბა ელისაბედ მეორეს 1962 წელს ფილმ “ლოურენს არაბიელის“ ლონდონური პრემიერის დროს ეცვა. კიდევ ერთხელ დედოფალი ამ კაბით 1967 წელს გამოჩნდა პარლამენტის საზეიმო გახსნის დროს. მაშინ დედოფალს თავზე დიადემაც ედგა.

    მოკლედ, ბეატრისი ნამდვილად ისტორიული, ულამაზესი კაბით დაქორწინდა. რაც შეეხება დიადემას, მან ასევე ისტორიული რელიქვია გამოიყენა – დედოფალ მარიას დიადემა, რომელიც 1919 წელს არის დამზადებული. ის დედოფალ მარიას დედამ– დედოფალმა ვიქტორიამ ქორწილში აჩუქა. ეს დიადემა ედგა თავზე დედოფალ ელისაბედ მეორეს 1947 წელს პრინც ფილიპზე დაქორწინებისას.

    წყვილი ერთმანეთს 2018 წლიდან ხვდება. მათ ურთიერთობას თან სდევდა სკანდალი, პრინცი ენდრიუს და მის კავშირებთან დაკავშირებით სექს დანაშაულისთვის გასამართლებულ ჯეფრი ეპსტეინთან. ამ სკანდალმა ქორწილის მზადებას ჩრდილი მიაყენა. ბოლო თვეებში ბევრს საუბრობდნენ იმაზე,  შეასრულებდა თუ არა ბეატრისის მამა, იორკის ჰერცოგი ცერემონიალის დროს საკუთარ როლს და მიიყვანდა თუ არა ქალიშვილს საკუთრხეველთან. ბრიტანული მედიის ინფორმაციით მან ეს როლი შეასრულა.

    კიდევ რამდენიმე დეტალი: ქორწინების ცერემოანიალი პანდემიის შესაბამისი რეკომენდაციებით ჩატარდა: 30–ზე ნაკლები ადამიანი, სოციალური დისტანცია, ტესტები ვირუსზე. დედოფალი ცერემოანიალზე უინძორის სასახლიდან მიიყვანეს, სადაც მან პრინც ფილიპთან ერთად ბოლო თვეები გაატარა – დედოფალი თვითიზოლაციაშია მას შემდეგ, რაც მარტში პანდემია დაიწყო.

    ქორწილს ედოარდოს შვილი წინა ქორწინებიდან, ოთხი წლის კრისტოფერ ვოლფი ესწრებოდა.

  • ელექტროსადგურზე თავდასხმის განხორციელება კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხეა – ფაშინიანი

    ელექტროსადგურზე თავდასხმის განხორციელება კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხეა – ფაშინიანი

    აზერბაიჯანის მხარემ აღნიშნა, რომ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის განხორციელება შეუძლია, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხეა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

    „ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი საზღვრების, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების დაცვა და ხელი შევუწყოთ გლობალურ უსაფრთხოებას. ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ აზერბაიჯანი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სომხეთს, არამედ გლობალურ უსაფრთხოებას. აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ მათ ქვეყანას მეწამორის ატომური ელექტროსადგურზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელება შეუძლია. სომხეთს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოების, მათ შორის, მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დაცვა, მაგრამ ეს არის განცხადება, რომელიც ცალსახად უნდა ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, რადგან ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორიზმის ჩადენის საფრთხე, საჭიროა შესაბამისი საერთაშორისო რეაგირება და გამოძიების ჩატარება,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

    მისივე თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატში გამართული მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და აზერბაიჯანმა კონსტრუქციული პოზიცია უნდა მიიღოს.

    შეგახსენებთ, ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

  • მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსმა უკვე 601 820 ადამიანი იმსხვერპლა.

    მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი უკვე 14 067 292-ს შეადგენს. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში (139 255), ბრაზილიასა (77 851) და დიდ ბრიტანეთში (45 318) დაფიქსირდა.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

  • ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის აღდგენის გეგმებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ

    ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის აღდგენის გეგმებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ

    პანდემიის გამოცხადებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპის კავშირის ლიდერები ბრიუსელში პირისპირ შეიკრიბნენ. საკარანტინო შეზღუდვების გამო, უმაღლესი დონის შეხვედრები ბოლო 5 თვეა ევროპაში ვირტუალურად მიმდინარეობს.

    ბლოკის 27 სახელმწიფოს შორის დღეს დაიწყო მოლაპარაკება კარანტინის დროს მძიმედ დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის შესახებ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო, მხარეები შეთანხმებას ერთ დღეში ვერ შეძლებენ და შეხვედრა უქმეებზეც გაგრძელდება.

    განხილვის მთავარი თემაა 750 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი, რომელმაც ბლოკის ქვეყნების ეკონომიკის სტიმულირებას უნდა შეუწყოს ხელი. ეკონომისტების შეფასებების მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკა, ბლოკის შექმნიდან დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ღრმა რეცესიას განიცდის.

    გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დღეს დაბადების დღე აქვს, ის 66 წლის ხდება. მერკელი უკვე 15 წელია გერმანიის სათავეშია და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და პატივსაცემ ლიდერად ითვლება. როტაციის პრინციპით, გერმანია წლის ბოლომდე ევროპის კავშირის საბჭოს

    ბევრი ანალიტიკოსი ევროკავშირის ამ შეხვედრას ანგელა მერკელის ლიდერობის კიდევ ერთ გამოცდად აფასებს. შეძლებს თუ არა, ფრთხილი და პრაგმატული ლიდერი მოკავშირეებს შორის არსებული წინააღმდეგობების დაძლევას? ამაზე იქნება დამოკიდებული არამარტო ეკონომიკური სტიმულირების გეგმაზე მოლაპარაკება, არამედ ევროპის კავშირის ახალი, შვიდწლიანი საბიუჯეტო გეგმის დამტკიცებაც.

    თუ ბლოკის წევრმა სახელმწიფოებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, თვის ბოლოსკენ კიდევ ერთი სამიტი დაინიშნება.

  • $10 მლრდ. განვითარებადი ქვეყნებისთვის – გაერო პანდემიაზე ხანგრძლივ რეაგირებას ითხოვს

    $10 მლრდ. განვითარებადი ქვეყნებისთვის – გაერო პანდემიაზე ხანგრძლივ რეაგირებას ითხოვს

    გაეროში ფიქრობენ, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ „მოკლევადიანი“ რეაგირება აქვს. ჰუმანიტარულ საკითხებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ პანდემიამ დაბალშემოსავლიანი ქვეყნები განსაკუთრებით აზარალა, მდიდარი სახელმწყოფოების რეაგირება კი ხანმოკლე და უმნიშვნელო იყო.

    მარკ ლოუკოკი ფიქრობს, რომ ამ პოლიტიკას, შესაძლოა მსოფლიოში ჯანდაცვის კრიზისის გამწვავება მოჰყვეს. ამიტომ, ის „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, 63 მოწყვლადი ქვეყნისთვის, 10.3 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოჰყონ. ამ დროისთვის, განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად 1.64 მილიარდი ამერიკული დოლარია დახარჯული.

    გაეროს გათვლებით, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, მომდევნო თვეების განმავლობაში, 250 მილიონი ადამიანი, შესაძლოა, უკიდურესად გაღარიბდეს.

    წყარო: ამერიკის ხმა