Category: მსოფლიო

  • ბრიტანეთში covid19-ით პირველი კატა დაინფიცირდა. სავარაუდოდ ვირუსი მას პატრონისგან გადაედო

    ბრიტანეთში covid19-ით პირველი კატა დაინფიცირდა. სავარაუდოდ ვირუსი მას პატრონისგან გადაედო

    ბრიტანეთის მთავარი ვეტერინარის განცხადებით ქვეყანაში პირველად კორონავირუსი შინაურ კატას გამოუვლინდა. ამის შესახებ სამთავრობო საიტი gov.uk წერს.

    ბრიტანეთში ეს არის ცხოველებს შორის კორონავირუსის  პირველი დადასტურებული შემთხვევა, თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ცხოველმა პატრონიც დააინფიცირა, ან შინაურ ცხოველს შეუძლია ვირუსი ადამიანებს გადასცეს.

    არსებული მონაცემებით კატა კორონავირუსით პატრონისგან დაინფიცირდა, რომლებსაც covid19-ის ტესტმა დადებითი შედეგი უჩვენა.

    კატა და მისი პატრონები მას შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდნენ, იმავე სახლში მცხოვრები სხვა ცხოველები და ადამიანები არ დაინფიცირებულან.

  • ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევა დაადასტურა

    ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევა დაადასტურა

    ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში პირველი შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ სააგენტო KCNA კიმ ჩენ ინის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

    “შეიძლება ითქვას, რომ ვერაგი ვირუსი ჩვენს ქვეყანაშიც შემოვიდა””,– თქვა ჩრდ. კორეის ლიდერმა.

    აქამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ამტკიცებდა, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან “ბრწყინვალე წარმატებას” მიაღწია და ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

  • “ქეითმა მეგანი შეგნებულად დაამცირა“–ინტერნეტში მეგან მარკლის სკანდალური ბიოგრაფიის ნაწყვეტები გამოჩნდა

    “ქეითმა მეგანი შეგნებულად დაამცირა“–ინტერნეტში მეგან მარკლის სკანდალური ბიოგრაფიის ნაწყვეტები გამოჩნდა

    ინტერნეტში მეგან მარკლის სკანდალური ბიოგრაფიის ნაწყვეტები გამოჩნდა

    გამოცემების – Daily Mail–ის  და  The Telegraph–ის ხელთ აღმოჩნდა ფრაგმენტები წიგნიდან “თავისუფლების ძიებაში“. ეს არის ოფიციალური სამეფო ბიოგრაფია, რომელიც პრინცი ჰარის და მეგან მარკლის კარნახით არის დაწერილი. ყველაზე დელიკატური მომენტი წიგნში ეხება “დიდებული ოთხეულის“, ანუ სასექსის და კემბრიჯის ჰერცოგების – ჰარის და მეგანის და ქეითის და უილიამის ურთიერთობებს. როგორც ავტორები ამტკიცებენ, მეგანი და ჰარი იმედგაცრუებულები იყვნენ იმით, რომ მათ სამეფო ოჯახში “უკანა სკამის დაკავება“ მოუწიათ, იმ დროს, როცა პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ყველაზე საუკეთესო ოფიციალურ როლებს და პრიორიტეტს იღებდნენ საკუთარი საქველმოქმედო პროექტების შექმნისას.

    წიგნში მოყვანილია სენტიმენტალური და სევდიანი წერილის ტექსტი, რომელიც მეგან მარკლმა მის ერთ–ერთ მეგობარს გაუგზავნა. წერილში ის წერს, რომ “ამ ოჯახის გამო მთელი თავისი ცხოვრება დათმო“, საბოლოოდ კი წასვლის გარდა სხვა არჩევანი აღარ დარჩა.

    ბიოგრაფიის ერთ–ერთი ავტორი ამერიკული ELLE–ს ერთ–ერთი ავტორი, კეროლინ დიურანია. როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს, ჰარის და მეგანის დრამატული გადაწყვეტილება სამეფო ოჯახიდან წასვლის შესახებ აჩვენებს, რომ ისინი თავს “განდევნილებად“ გრძნობდნენ და რომ ოჯახის სხვა, უფროსმა წევრებმა ვერ შეძლეს და არც უნდოდათ პრესის თავდასხმებისგან მათი დაცვა. ჟურნალისტის თქმით, ისინი ამ ჩაკეტილი სივრციდან გაქცევაზე ოცნებობდნენ.

    კიდევ ერთი მწვავე მომენტი – სამეფო კარის მსახურთა ეჭვებია იმის შესახებ, რომ ჰარის და მეგანს თვით დედოფლის დაჩრდილვა უნდოდათ. პრინცი გრძნობდა, რომ სასახლის ჩინოვნიკებს უბრალოდ არ უყვარდათ მეგანი და არაფერზე უკან არ დაიხევდნენ მისი ცხოვრების გასართულებლად. საბოლოოდ, წიგნის მიხედვით ამ “ნაცრისფერ პიჯაკიანმა მამაკაცებმა“ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჰარის ბებიასთან შეხვედრა და არსებული პრობლემების განხილვა ვერ მოეხერხებინა. მის უდიდებულესობასთან პირად აუდიენციას მან მხოლოდ 29 იანვარს მიაღწია, როცა სამეფო ოჯახიდან და ბრიტანეთიდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

    რაც შეეხება პრინცესა დაიანას შვილების ურთიერთობას, როგორც ბიოგრაფიაში ჩანს, მათ ნგრევა მაშინვე დაიწყეს, როგორც კი უმცროსმა პრინცმა განაცხადა, რომ მეგან მარკლზე აპირებდა დაქორწინებას.

    “ქორწილის წინ მართლაც დამანგრეველი რაღაცეები ითქვა და გაკეთდა“– ნათქვამია წიგნში, რომლის თანახმად უილიამი და მისი მეუღლე, ქეით მიდლტონი  მეგანს აიძულებდნენ ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ  თავი არასასურველ პერსონად ეგრძნო.

    ამის ნათელი დემონსტრირება იყო  ვესტმინსტერის სააბატოში გამართული ბოლო წირვა, რომელსაც “დიდებული ოთხეული“ ერთად ბოლოჯერ ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი იანვრის შემდეგ არ ყავდათ ნანახი, ერთმანეთს პრაქტიკულად არ ეკონტაქტებოდნენ. კეროლი დიურანი აღნიშნავს, რომ მეგანი ცდილობდა ქეითთან ვიზუალური კონტაქტი დაემყარებინა, თუმცა მან ისეთი სახე მიიღო, თითქოს ძლივს იცნო, რითაც რძალი შეგნებულად დაამცირა.

  • კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი , რომლითაც შესაძლოა საქართველოს დახმარების 15% შეუჩერდეს

    კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი , რომლითაც შესაძლოა საქართველოს დახმარების 15% შეუჩერდეს

    აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეცაა საუბარი. როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, კანონპროექტი 224 ხმით 189-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

    “სახსრების 15 პროცენტი არ გამოიყოს, სანამ სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ანგარიშს კომიტეტებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, რაც შესაბამისი იქნება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან”, – წერია დოუკუმენტში.

    ცნობისათვის, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

    კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

  • ამერიკელმა კაცმა ლატარიაში 22 მილიონი მოიგო, თანხის ნახევარი კი მეგობარს მისცა

    ამერიკელმა კაცმა ლატარიაში 22 მილიონი მოიგო, თანხის ნახევარი კი მეგობარს მისცა

    ორმა ამერიკელმა მეგობარმა, ჯო ფინიმ და ტომ კუკმა 1992 წელს პირობა დადეს: თუ რომელიმე მათგანი Powerball–ის ლატარიას მოიგებდა, მოგებას თანაბრად გაიყოფდნენ. მოლაპარაკება მეგობრებმა მხოლოდ ხელის ჩამორთმევით გაამყარეს.

    თითქმის 30 წლის შემდეგ ტომმა მართლაც მოიგო და მეგობართან შეთანხმებაც არ დაივიწყა. ჯო ამბობს, რომ გაოგნდა, როცა ძველმა მეგობარმა მოულოდნელად დაურეკა და შეატყობინა, რომ 22 მილიონიანი ჯეკპოტის ნახევარს აძლევდა.

    ორივე მეგობარი ვისკონსინის შტატში ქალაქ მენომონიში ცხოვრობს.

    “ვულოცავთ ტომს და ჯოს და მათ ოჯახებს. მეგობრობის და ხელის ჩამორთმევის ძალამ თავისი საქმე გააკეთა. უზომოდ გახარებული ვარ, რომ მათ წარმატება ეწვიათ“– განაცხადა ლატარიის ადგილობრივმა წარმომადგენელმა, სინდი პოლზინმა.

    Powerball–ის ლატარიაში ჯეკპოტის მოგების შენსი დაახლოებით 292 მილიონთან ერთია.

    მეგობრებმა გადაწყვიტეს მთელი თანხა ერთდროულად აიღონ, ნაცვლად ყოველწლიური გადახდებისა. შედეგად, ფედერალური და ადგილობრივი გადასახადების გამოკლებით თითოეული მათგანი ხელზე 5.7 მილიონ დოლარს მიიღებს.

    ტომმა გადაწყვიტა პენსიაზე გავიდეს. ჯო კი უკვე პენსიაზეა. ორივე ამბობს, რომ ახალ იმედი აქვთ ოჯახებთან მეტ დროს გაატარებენ.

    ტომმა მომგებიანი ბილეთი მაღაზიაში 2 დოლარად იყიდა.

    მარტში ჯეკპოტი ვისკონსინის კიდევ ერთმა მაცხოვრებელმა მოიგო. მაშინ თანხამ 768 მილიონი დოლარი შეადგინა.

  • მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიაში პირველი ნამაზი ჩატარდა. ლოცვისას  ქრისტიანული ფრესკები  დაფარეს

    მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიაში პირველი ნამაზი ჩატარდა. ლოცვისას ქრისტიანული ფრესკები დაფარეს

    სტამბოლში, აია სოფიას ტაძარში 86 წლიანი პაუზის შემდეგ  ნამაზი პირველად ჩატარდა. მასში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიმ ერდოგანიც მონაწილეობდა.

    მეჩეთად გადაკეთებული ტაძრის შიგნით მლოცველთა რაოდენობა კორონავირუსის პანდემიის გამო 500–ზე მეტი ვერ იქნებოდა, თუმცა სულთანაჰმედის მოედანზე, აია სოფიას წინ ათასობით მორწმუნე მუსულმანი შეიკრიბა. რელიგიის საქმეთა სამინისტროს შეფასებით პანდემიის დასრულების შემდეგ ტაძარში ერთდროულად რამდენიმე ათას ადამიანს შეეძლება ლოცვა.

    სტამბოლის გუბერნატორმა მუსულმანებს მოუწოდა მეჩეთში თან წაეღოთ ნიღბები, სალოცავი ხალიჩები, “მოთმინება და გაგება“.

    1453 წელს ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1935 წელს მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. ივლისის დასაწყისში თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ეს დადგენილება გააუქმა, რამაც ქვეყნის ხელისუფლებას კანონიერი შესაძლებლობა მისცა კვლავ ჩაატარონ კომპლექსში მუსულმანური ღვთისმსახურება.

    წმინდა სოფიას ტაძარი ბიზანტიური კულტურული მემკვიდრეობის ერთ–ერთ ყველაზე დიდ საგანძურად ითვლება. ტაძრის შიგნით მრავალი ძველებური ფრესკაა, რომლებიც მლოცველი მუსულმანების თვალისგან დაფარეს. ბევრი ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნე ღელავს ამ ფრესკების ბედზე, რომლებზეც ქრისტიანული წმინდანები არიან გამოსახული.

    ასე დაფარეს მუსულმან მლოცველთა თვალისგან ქრისტიანული ფრესკები

    ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომში წმინდა პეტრეს ტაძრის აშენებამდე აია სოფია ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი ტაძარი იყო. 1985 წელს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. რომის პაპმა განაცხადა, რომ განაწყენებულია თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების შესახებ.

    თურქეთის პრეზიდენტი ერდოგანი ამბობს, რომ ტაძარი კვლავ რჩება მსოფლიო და ზოგადსაკაცობრიო მემკიდრეობად და აქ სტუმრობა ყველას შეეძლება, შესვლა კი უფასო იქნება. ერდოგანის ოპონენტები თვლიან, რომ ტაძარს სტატუსი პრეზიდენტის შერყეული რეიტინგის ასაწევად შეუცვალეს.

  • რუსეთი 1 აგვისტოდან საერთაშორისო ავიამიმოსვლას აღადგენს

    რუსეთი 1 აგვისტოდან საერთაშორისო ავიამიმოსვლას აღადგენს

    1 აგვისტოდან რუსეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლას აღადგენს. მოსკოვის, პეტერბურგის და დონის როსტოვის აეროპორტებიდან შესაძლებელი იქნება თურქეთში, ბრიტანეთში და ტანზანიაში გაფრენა. მოთხოვნა ამ ქვეყნებში ტურებზე და ავიაბილეთებზე მომენტალურად მკვეთრად გაიზარდა. რუსეთმა საერთაშორისო ავიამიმოსვლა 27 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვიტა, თუმცა ბევრ მსხვილ ქალაქში ფრენები ორი კვირით ადრე შეწყდა. თავდაპირველად აკრძალვა შიდა რეისებსაც ეხებოდა, თუმცა 13 მაისს ეს  შეზღუდვა მოიხსნა.

    ავიაკომპანიები და მსხვილი ტურისტული სააგენტოები აკრძალვის გაუქმების შესახებ განცხადების შემდეგ პოზიციის გამოხატვას არ ჩქარობდნენ, რადგან დარგობრივ უწყებებს – როსავიაციას და როსტურიზმს ჯერ არ მოუხდენიათ შესაბამისი დოკუმენტების და ინსტრუქციების კორექტირება, რომლებიც ახალ პირობებში ფრენებს დაარეგულირებს.

    თუმცა, ფრენების განახლების შესახებ ინფორმაციას იმდენად დიდხანს ელოდნენ, რომ ონლაინ ბილეთების საძიებო სერვისებზე  მოთხოვნა თურქეთის მიმართულებით სამჯერ გაიზარდა, ბრიტანეთის მიმართულებით ხუთჯერ, ტანზანიის მიმართულებით კი სამოცდაათჯერ.

  • პანდემიის გამო ტრამპმა ფლორიდაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა გააუქმა

    პანდემიის გამო ტრამპმა ფლორიდაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა გააუქმა

    კოვიდ19-ის პანდემის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელზეც ის პრეზიდენტობის კანდიდატად უნდა დაესახელებინათ, გააუქმა.

    “ფლორიდაში პანდემიური ვითარება რთულია, ახლა არ არის შესაფერისი დრო ყრილობის გამართვისთვის,”- თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა პრესკონფერენციის დროს თეთრ სახლში.

    როგორც ის ამბობს, 27 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიება გაუქმებულია და ამ დროისთვის არ აქვს გადაწყვეტილი, რა ფორმით მიმართავს ის ამერიკის მოქალაქეებს და მხარდამჭერებს.

    “მე უნდა დავიცვა ამერიკელი ხალხი. ეს არის ის, რასაც მე ყოველთვის ვაკეთებ და ამას მე ყოველთვის გავაკეთებ,”- ამბობს პრეზიდენტი ტრამპი.

    თეთრ სახლში საუბრის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ფლორიდაში 27 აგვისტოს მისი 10 000 მხარდამჭერი უნდა შეკრებილიყო, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მან ეს გადაიფიქრა.

     

  • სატელეფონო ზარი ვაშინგტონი მოსკოვი – ტრამპი პუტინს ესაუბრა

    სატელეფონო ზარი ვაშინგტონი მოსკოვი – ტრამპი პუტინს ესაუბრა

    ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის კომუნიკაცია შედგა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბარს წინ უძღვოდა ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და კანადის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოპარვას ჰაკერული თავდასხმებით ცდილობდა. ამის გამო, რუსეთს ევროკავშირმა სანქციები დააკისრა. თუმცა, უცნობია ისაუბრეს თუ არა ამ საკითხის შესახებ პრეზიდენტებმა.

    მედიისთვის არსებული ინფორმაციით, სატელეფონო ზარის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა კოვიდ19-ის პანდემიის, ირანის და ბირთვული შეთანხმების შესახებ გაცვალეს მოსაზრებები.

    თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიასთან ერთად პრეზიდენტებმა განიხილეს მსოფლიო ეკონომიკის გახსნის თემაც. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კი პრეზიდენტებმა სურვილი გამოთქვეს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობა განვითარდეს.

    სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს შორის შეიარაღებაში შეჯიბრი თავიდან იქნება აცილებული და იმედს გამოთქვამს, რომ ვენაში მიმდინარე ბირთვული შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

    საერთაშორისო მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმა ირანის შესახებაც ისაუბრეს. კერძოდ ყურადღება გაამახვილეს ირანის ბირთვულ პროგრამებზე.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “მიუღებელია” ევროკავშირი ჰომოსექსუალთა ქორწინებას გვაძალებდეს – პოლონეთის იუსტიციის მინისტრი

    “მიუღებელია” ევროკავშირი ჰომოსექსუალთა ქორწინებას გვაძალებდეს – პოლონეთის იუსტიციის მინისტრი

    პოლონეთის იუსტიციის მინისტრი ზბიგნევ ზიობრო აცხადებს, რომ ის მიუღებლად თვლის კონსერვატიული ქვეყნისთვის ევროკავშირის მხრიდან ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების დაშვების თავს მოხვევას. ზიობროს თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლონეთმა შეიძლება ბლოკისგან ფინანსური დახმარება ვეღარ მიიღოს. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

    “არსებობს რეალური რისკი, რომ აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როცა ევროკავშირის კომისია ეფექტურად გვაიძულებს შემოვიღოთ ე.წ. ჰომოსექსუალთა ქორწინება, ბავშვების აყვანის უფლებით” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ზიობრომ ასევე დასძინა: “ჩვენ ამას ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავთანხმდებით”.

    ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი ითხოვდა, რომ წევრ ქვეყნებს გაეზიარებინათ საერთო დემოკრატიული ფასეულობები. წინააღმდეგ შემთხვევაში მასტიმულირებელი პაკეტით გათვალისწინებული დახმარება დაიბლოკებოდა.

    პოლონეთის მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის (კანონის და სამართლის პარტია) ლიდერი – ანჯეი დუდა – გასულ კვირაში ქვეყნის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს. ამომრჩევლებისთვის მიცემული მისი ერთ-ერთი პოლიტიკური დაპირება იყო, არ დაეშვა ჰომოსექსუალი წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლება და სკოლებში აეკრძალა ჰომოსექსუალთა სამოქალაქო უფლებების შესახებ გაკვეთილების ჩატარება. პოლონეთის პრეზიდენტი ჰომოსექსუალთა უფლებების კომუნიზმზე უარეს “იდეოლოგიად” თვლის.

    ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი აქტივისტი ალისია სენკევიჩი ამბობს, რომ ანჯეი დუდა ლგბტ საზოგადოებას ისე ექცევა, როგორც სახელმწიფოს მტრებს. “ეს წარმოუდგენელია… კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს ფუნდამენტური ადამიანის უფლებების ერთგულებას და მათ პატივისცემას” – აღნიშნავს სენკევიჩი.

    წყარო: ამერიკის ხმა