Category: მსოფლიო

  • ფეისბუქმა, ტვიტერმა და იუთუბმა დონალდ ტრამპს  პოსტი და ვიდეო დაუბლოკეს

    ფეისბუქმა, ტვიტერმა და იუთუბმა დონალდ ტრამპს პოსტი და ვიდეო დაუბლოკეს

    „ფეისბუქმა“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტი მოხსნა იმ მიზეზით, რომ ის კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.

    პოსტი შეიცავდა ვიდეო კლიპს, რომელშიც „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, რომ ბავშვებს „თითქმის იმუნურები“ არიან კოვიდ-19-ს მიმართ.

    “ეს ვიდეო შეიცავს მცდარ განცხადებებს იმაზე, რომ ადამიანების ერთ ჯგუფს კოვიდ-19-ის მიმართ იმუნიტეტი აქვს, რაც კოვიდის გარშემო მავნე დეზინფორმაციის შესახებ ჩვენს პოლიტიკას არღვევს,“ განაცხადა „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა.

    ტრამპის საარჩევნო კამპანიამ @TeamTrump იგივე ვიდეო „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა ეს ტვიტი საკუთარ გვერდზე გადაიტანა, რაც მოგვიანებით „ტვიტერმა“ მოხსნა (დამალა) კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით.

    კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ @TeamTrump-ის ანგარიში ახალს მესიჯებს ვერ გაავრცელებს, სანამ აღნიშნულ ვიდეოს არ წაშლის.

    ვიდეო „იუ-ტუბმაც“ მოხსნა საკუთარი პლატფორმიდან. ამ შემთხვევაშიც მიზეზი კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაა. პრეზიდენტ ტრამპის თავდაპირველი ინტერვიუ „ფოქს ნიუსთან“ ჯერ ისევ დევს „იუთუბზე.“ კომპანიას შეკითხვაზე, თუ რომელი ვიდეო მოხსნა პლატფორმიდან, ჯერ პასუხი არ გაუცია.

    ტრამპის კამპანია სოციალური მედიის კომპანიებს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არსებულ მიკერძოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის, რაც პრეზიდენტმა თქვა, ფაქტია. „სოციალური მედიის კომპანიები სიმართლის არბიტრები არ არიან,“ თქვა საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა კორტნი პარელამ.

    ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ-19-ით დაავადებულთა უმრავლესობა ზრდასრული ადამიანია, თუმცა არსებობს ბავშვებისა და ჩვილების დაავადების შემთხვევებიც. გარდა ამისა, მათ დაავადების სხვებზე გადადება შეუძლიათ.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ანალიზი ამბობს, რომ 24 თებერვლიდან 12 ივლისამდე გამოვლენილი 6 მილიონი შემთხვევის 4,6% 5-14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • აშშ 10 მილიონს სთავაზობს მას, ვინც რუსულ დეზინფორმაციას გამოავლენს

    აშშ 10 მილიონს სთავაზობს მას, ვინც რუსულ დეზინფორმაციას გამოავლენს

    შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაზე საუბრობს.

    შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთი იყენებს სტრატეგიის ერთიანობას, „კომუნიკაციის არხებსა და პლატფორმებს, ოფიციალური, არაპირდაპირი და უცნობი წყაროების გამოყენებით”, რათა ცრუ ნარატივები გაავრცელოს და შექმნას.

    სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის ანგარიშში საუბარია იმაზე, თუ როგორ იყენებს რუსეთი, როგორც ოფიციალური კომუნიკაციის გზებს, ასევე არაპირდაპირ მეთოდებს, მათ შორის სოციალურ მედიაში, პროპაგანდის გასავრცელებლად.

    „პეკინი რუსეთის გზამკვლევიდან სწავლობს დეზინფორმაციის და პროპაგანდის გასავრცელებლად შეთქმულების თეორიების ვებ-გვერდების და არაპირდაპირი არხების გამოყენებას, იმ მიზნით, რომ დემოკრატიულ წესებსა და ინსტიტუტებს ძირი გამოუთხაროს“, – ამბობს ლეა გაბრიელი, ცენტრის კოორდინატორი.

    „დეზინფორმაციის საფრთხე ორივესგან, რუსეთიდან და ჩინეთიდან რეალურია და საშიში“, – ამბობს ის.

    პარალელურად, შეერთებული შტატები 10 მილიონს სთავაზობთ მათ, ვინც მოახდენს ნებისმიერი პიროვნების იდენტიფიკაციას, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობებს ეხმარებიან შეერთებული შტატების მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

    „შეერთებული შტატები არ შეეგუება უცხო [ქვეყნის] ჩარევას ჩვენს არჩევნებში“, – განუცხადა გაბრიელმა „ამერიკის ხმას“. „გლობალური ჩართულობის ცენტრი მსოფლიოს გარშემო პარტნიორებთან მუშაობს, რომლებიც გვიზიარებენ ინფორმაციას არჩევნებში ჩარევის ტაქტიკების შესახებ, რომელსაც რუსეთი და სხვები იყენებენ“, – თქვა მან.

    ცენტრის ანგარიშში შვიდი ვებსაიტი და ორგანიზაცია შესული, რომლებიც რუსული დეზინფორმაციაში გავრცელებაში მონაწილეობენ. მათ შორის მოხვდა ალექსანდრე დუგინის კვლევითი ინსტიტუტი „კატეჰონი“ და „სტრატეგიული კულტურის ფონდი“. ეს ორგანიზაციები ანტიამერიკულ ინფორმაციას ავრცელებენ და რუსეთის პოპულარიზაციას ეწევიან, განსაკუთრებით კოვიდ-19-თან დაკავშირებით.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ზოგადი მიზანი „დემოკრატიული ინსტიტუტების ღირებულების კითხვის ქვეშ დაყენება“ და „შეერთებული შტატების, მისი პარტნიორების და მოკავშირეების ერთიანობის და საერთაშორისო სანდოობის შესუსტებაა”.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • აშშ–ს კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი:რუსეთი იმ ქვეყნებს შორის არის, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა უნდა

    აშშ–ს კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი:რუსეთი იმ ქვეყნებს შორის არის, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა უნდა

    რუსეთი, ჩინეთი და ირანი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ცდილობენ აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინონ – ეს განცხადება ამერიკის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ნაციონალური ცენტრის მეთაურმა, უილიამ ევანინამ გააკეთა.

    ევანინას განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოური სახელმწიფოები გავლენის “საიდუმლო და აშკარა მეთოდებს“ იყენებენ, რათა კენჭისყრის შედეგები შეცვალონ 3 ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

    მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამ არჩევნებზე კვლავ რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება, მისი მეტოქე კი დემოკრატი ჯო ბაიდენია.

    ევანინას თქმით, რუსეთს სურს რომ ტრამპი თეთრ სახლში მეორე ვადით დარჩეს, ჩინეთს კი პირიქით, უნდა ამას ხელი შეუშალოს. ირანი კი ცდილობს მთლიანობაში მოიშალოს აშშ–ს დემოკრატიული ინსტიტუტების და პირადად პრეზიდენტის მიმართ ნდობა.

    აშშ–ს სადაზვერვო სააგენტოები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ჩაერია, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.

    ევანინას განცხადება კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ნაციონალური ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და დასათაურებულია როგორც: “ახალი მონაცემები ამერიკელი ხალხისთვის არჩევნებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.“

    განცხადებაში ნათქვამია, რომ ნოემბრის არჩევნების წინ უცხო სახელმწიფოები განაგრძობენ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევას, რათა აშშ–ს ამომრჩეველთა “პრიორიტეტები და პერსპექტივები შეარყიონ, შეცვალონ ამერიკული პოლიტიკა, გააღვივონ შიდა წინააღმდეგობები ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეარყიონ ამერიკელი ხალხის რწმენა ჩვენს დემოკრატიულ პროცესში.“

    ევანინას თქმით, უცხო სახელმწიფოებმა შეიძლება სცადონ აშშ–ს საარჩევნო ინფრასტრუქტურის კომპრომეტირება, ჩაერიონ უშუალოდ ხმის მიცემის პროცესში , მოიპარონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან ეჭვქვეშ დააყენონ არჩევნების შედეგები.

    ამასთან, კონტრდაზვერვის მეთაურის ინფორმაციით, ეს სახელმწიფოები ღიად გამოთქვამენ საკუთარ სურვილებს, ვინ უნდა გაიმარჯვოს მათი აზრით არჩევნებში– როგორც საჯარო განცხადებებში, ასევე პირად საუბრებში.

    “ძირითადად ჩვენ შეშფოთებული ვართ უკვე მიმდინარე მუშაობით, ასევე შესაძლო მოქმედებებით ჩინეთის, რუსეთის და ირანის მხრიდან“ – ნათქვამია განცხადებაში.

    New York Times ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო მონაცემებით სწორედ მოსკოვი წარმოადგენს ვაშინგტონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს. კერძოდ, როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი რუსეთი “იყენებს რიგ ზომებს, რათა მოახდინოს ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ასევე ამერიკული ისტებლიშმენტის სხვა წარმომადგენელთა დისკრედიტაცია, რომელთაც მოსკოვში რუსეთის წინააღმდეგ განწყობილებად თვლიან.“

    ბაიდენი მოსკოვში მას შემდეგ არ უყვართ, რაც ის უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პოზიციას წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ღიად უჭერდა მხარს რუს ოპოზიციონერებს – ნათქვამია განცხადებაში.

    რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით ევანინას განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ჯერ კიდევ თებერვალში, დოკუმენტის წინა ვერსიის კომენტირებისას პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ვაშინგტონის ბრალდებებს უწოდა “პარანოიდული ინფორმაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან“.

  • უბედურების ზონა: ამონიუმის ნიტრატი, რომელმაც დამანგრეველი აფეთქება გამოიწვია ბეირუთში ბათუმის პორტიდან მოხვდა

    უბედურების ზონა: ამონიუმის ნიტრატი, რომელმაც დამანგრეველი აფეთქება გამოიწვია ბეირუთში ბათუმის პორტიდან მოხვდა

    ბოლო ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 135 ადამიანი გარდაიცვალა, დაახლოებით 5  000–მა ადამიანი დაიჭრა. ქალაქის რამდენიმე კვარტალი სრულიად დანგრეულია. ხელისუფლების განცხადებით აფეთქდა ამონიუმის ნიტრატის დიდი პარტია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე პორტში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ  გაიზარდოს, რადგან შენობების ნანგრევებში კვლავ რჩებიან ადამიანები. მაშტაბური სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

    ბეირუთის გუბერნატომა, მარვან აბუდმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში აფეთქების შედეგად მიღებული ზარალი 10–15 მილიარდ დოლარად შეაფასა. მთავრობის სხდომაზე ოთხშაბათს ბეირუთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ორ კვირას გაგრძელდება. ბეირუთი უბედურების ზონად გამოცხადდა.

    ოთხშაბათს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა შინაპატიმრობა მოითხოვოს პორტის ყველა თანამშრომლისთვის, რომლებიც პასუხს აგებდნენ საშიში მასალების შენახვაზე. მათ დაპატიმრებას არმიის ძალები უზრუნველყოფენ.

    როიტერის წყაროს ინფორმაციით, რომელიც პირველადი გამოძიების მიმდინარეობას იცნობს, აფეთქების მიზეზი შესაძლოა დაუდევრობა და წლების მანძილზე ხელისუფლების უმოქმედობა გამხდარიყო.

    მისი თქმით, რამდენიმე კომიტეტმა და მოსამართლემ განიხილა ტვირთის შეძენის უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის შენახვას უკავშირდებოდა, თუმცა საშიში მასალის უტილიზაციის ან გადატანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად არაფერი გაკეთდა.

    აფეთქებამ სასურსათო კრიზისის საფრთხეც გააჩინა: ლიბანი კვების პროდუქტების უმრავლესობის იმპორტს ეწევა, დანგრეული პორტის რამდენიმე საწყობში კი მარცვლეულის მნიშვნელოვანი მარაგები ინახებოდა. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აფეთქებას გადარჩენილი მარცვლეული საკვებად უვარგისია.

    აფეთქების მრავალმა მოწმემ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა კადრები, სადაც პორტის თავზე ჯერ კვამლის სვეტი ჩანს, შემდეგ კი უძლიერესი აფეთქება ხდება. ამის შემდეგ ქალაქის თავზე სოკოს ფორმის კვამლის ღრუბელი გაჩნდა. აფეთქების ტალღამ მრავალი შენობა დაანგრია პორტიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში და ავტომობილები ჰაერში აისროლა.

    დიდი ბრიტანეთის შეფილდის უნივერსიტეტის სპეციალისტების შეფასებით აფეთქების სიმძლავრე ატომური ბომბის აფეთქების სიმძლავრის მეათედს შეესაბამება, რომელიც იაპონიის ქალაქ ხიროსიმაში მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ჩამოაგდეს. მათი თქმით ეს არის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი არაბირთვული აფეთქება.

    პორტში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ქიმიკატია, რომელიც სასუქადაც გამოიყენება და ასაფეთქებელ ნივთიერებადაც. აფეთქდა 2.75 ტონა ქიმიკატი. ზუსტად ამდენი ამიატის ნიტრატი შევიდა ლიბანში გემით, რომელიც რუს იგორ გრეჩუშკინს ეკუთვნოდა. ნივთიერება პორტის საწყობში უტილიზაციის მოლოდინში 2014 წლიდან ინახებოდა. ლიბანის არხმა  LBCI–მ განაცხადა, რომ სწორედ ამ ტვირთზე, როგორც აფეთქების წყაროზე იყო საუბარი ლიბანის თავდაცვის უმაღლეს საბჭოზე.

    ტვირთის ისტორიაზე და გემის რუს მფლობელზე ისაუბრა მედიასთან ინტერვიუში გემის ყოფილმა კაპიტანმა ბორის პროკოშევმა.

    მისი თქმით, გემი ქიმიკატით, რომელიც რუ სიგორ გრეჩუშკინს ეკუთვნოდა, ბეირუთის პორტში 2014 წელს დააპატიმრეს პორტის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო.

    იმის შესახებ, რომ გემი სახელად Rhosus ამონიუმის ნიტრატის 2750 ტონით ბეირუთის პორტში დააკავეს, 2015 წელს ვებგვერდი  shiparrested.com წერდა. მასალაში ნათქვამი იყო, რომ მოლდოვას დროშით მცურავი გემი საქართველოს ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიემართებოდა, თუმცა 2013 წლის სექტემბერში ბორტზე გაუმართაობის გამო ბეირუთში დაუგეგმავად გაჩერდა.

    უბედურების ზონა:

    ლიბანის წითელი ჯვრის განცხადებით ბეირუთის საავადმყოფოები გადავსებულია. ქვეყნის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და აფეთქების შედეგების სალიკვიდაციოდ 66 მილიონი დოლარის გამოყოფის პირობა დადო. ხელისუფლებამ უფლება მიიღო უბედურების ზონაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არმია გამოიყენოს.

    გაერო აცხადებს, რომ აფეთების შედეგად დაზიანდა ლიბანში მისი სამშვიდობო მისიის სამხედრო გემი, დაჭრილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. დაშავებულია გერმანიის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელიც.

    რა არის ამონიუმის ნიტრატი:

    ამონიუმის ნიტრატი ფართოდ გამოიყენება როგორც აზოტის სასუქი, ასევე ასაფეთქებელი ნივთიერება.

    ის განსაკუთრებით ფეთქებადსაშიშია ცეცხლთან და აალებად მასალებთან კონტაქტში. ამონიუმის ნიტრატის აფეთქების შემდეგ ატმოსფეროში შეიძლება ტოქსიკური გაზები გამოიყოს, მათ შორის აზოტის ოქსიდები და ამიაკი.

    ამ ნივთიერების შენახვისთვის მკაცრი მოთხოვნები არსებობს. ერთ–ერთი მათგანის მიხედვით შენობა, სადაც ის ინახება ცეცხლმედეგი უნდა იყოს, აკრძალულია მილების, გამწოვი არხების ან სხვა ტიპის გაყვანილობის დამონტაჟება, სადაც შეიძლება ფეთქებადსაშიში ნივთიერება დაგროვდეს.

    კონტექსტი:

    პარასკევს გაეროს ტრიბუნალს უნდა გამოეცხადებინა ოთხი მამაკაცის ვერდიქტი, რომლებსაც დაუსწრებლად დასდეს ბრალი ქვეყნის პრემიერ მინისტრის, რაფიკ ხარირის და კიდევ 21 ადამიანის მკვლელობაში. ხარირი 2005 წელს დაჯავშნული ავტომობილის ძლიერი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ოთხშაბათს გაირკვა, რომ ვერდიქტის გამოცხადება 18 აგვისტოსთვის გადაიდო. სასამართლოში განაცხადეს, რომ  გადაწყვეტილება აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მიიღეს.

    ხარირის აფეთქებაში ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ მოძრაობა ჰეზბოლას ადანაშაულებდნენ. სწორედ მისი წევრია ოთხივე ბრალდებული. თუმცა ჰესბოლა ყველა ბრალდებას უარყოფდა.

    ლიბანი ბოლო თვეებში მწვავე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა. ქუჩებში არ ცხრება ანტისახელისუფლო დემონსტრაციები რეფორმების და ცვლილებების მოთხოვნით. ქვეყანაში ხშირად ითიშება ელექტროენერგია, არასაკმარისია სასმელი წყალი, სამედიცინო სამსახურები მძიმე მდგომარეობაშია.

    გარდა ამისა, ბოლო დროს გართულდა სიტუაცია ლიბანის და ისრაელის საზღვარზეც. ისრაელის ხელისუფლებამ გასულ კვირას განაცხადა, რომ აღკვეთეს ჰესბოლას წევრების მცდელობა ისრაელის ტერიტორიაზე შეეღწიათ.

  • ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული – “რუსთავის აზოტი”

    ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული – “რუსთავის აზოტი”

    “რუსთავის აზოტის” გენერალური დირექტორის მოადგილებმ, ლევან ბურდილაძემ განაცხადა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული.

    მისი განმარტებით, სს “რუსთავის აზოტი” ქარხანას 2017 წლიდან მართავს, ტვირთი კი, გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს მიეკუთვნება. მაშინ ქარხნის ოპერირებას სხვა კომპანია, შპს “რუსთავის აზოტი” ახორციელებდა.

    “შესაძლებელია, მართლად რუსთავში ნაწარმოები გვარჯილა იყოს ეს, დანამდვილებით მე ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ შპს-ს წარმომადგენელი. გადაჭრით და დარწმუნებით არ შემიძლია ვთქვა, თუმცა არის შესაძლებლობა, რომ ეს მართლაც იყოს რუსთავში წარმოებული პროდუქცია”, – თქვა ბურდილაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

    მისი ინფორმაციით, რუსთავში წარმოებულ ამონიუმის ნიტრატს ვარგისიანობის ვადა 6 თვე აქვს, ბეირუთში აფეთქება კი უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

    “ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვადაგასული ამონიუმის ნიტრატის შენახვა წლების განმავლობაში ხდებოდა უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით და ამან გამოიწვია ეს აფეთქება”, – ამბობს სს „რუსთავის აზოტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

    ცნობისთვის, ლიბანის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მისივე თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.

    ბეირუთის პორტში გუშინ, 4 აგვისტოს 2 ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 100 ადამიანი და 4000–ზე მეტი დაშავდა.

  • ბეირუთის გუბერნატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ატირდა (ვიდეო)

    ბეირუთის გუბერნატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ატირდა (ვიდეო)

    ბეირუთის გუბერნატორმა მარვან აბუტმა, ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. ბეირუთის პორტის აფეთქება გუბერნატორმა, ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურ დაბომბვას შეადარა.

    ბეირუთში, პორტში მომხდარ აფეთქებას 100-მდე ადამიანი ესხვერპლა, 4000-მდე კი მძიმედ დაშავდა. ათეულობით დაკარგულს პოლიცია  და სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ეძებენ. აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურებულია პორტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

    წინასწარი მონაცემებით ზარალი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აჭარბებს. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი პორტის საწყობში შენახული ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა.

    ლიბანის პრემიერ მინისტრი ჰასსან დიაბი ამბობს, რომ ეს აფეთქება არა მხოლოდ ერთეულების, არამედ ეროვნული ტრაგედიაა.

    მომხდარი დაუსჯელი არ დარჩება, ნებისმიერი, ვისაც მომხდარში წვლილი მიუძღვის, შესაბამის საფასურს გადაიხდის, – განაცხადა მან.

    ლიბანში სამი დღის განმავლობაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.

     

    https://www.youtube.com/watch?v=2frMkFUcwE8

  • ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

    ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

    ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4 000-მდე გაიზრდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    ლიბანის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ.

    ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

    ამასთან, მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქების შედეგად ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების საზღვაო გემი დაზიანდა და რამდენიმე სამხედრო -საზღვაო მშვიდობისმყოფელი დაშავდა.

    პრეზიდენტმა დღეისთვის მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. გარდა ამისა, მიშელ აუნმა 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

  • გარდაცვლილია მინიმუმ 50 ადამიანი – ბეირუთის შოკისმომგვრელი აფეთქება (ვიდეო)

    გარდაცვლილია მინიმუმ 50 ადამიანი – ბეირუთის შოკისმომგვრელი აფეთქება (ვიდეო)

    ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა და 2,700-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოები გადავსებულია და დანგრეულია უამრავი შენობა.

    შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია.

    ლიბანის პრეზიდენტმა, ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების, შემდეგ, შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობის მობილიზაცია გამოაცხადა და დაავალა, რომ სიტუაციის მოგვარებაში ჩაერთონ.

    ასევე, მან სამხედრო მოსამსახურეებს დაზარალებულ რაიონებში პატრულირება დაავალა, რათა უსაფრთხოება უზრუნველყონ. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოაცხადა.

    ამასთან, „წითელი ჯვრის“ ლიბანის სამსახურმა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის დონორს მობილიზება სთხოვა.

    CNN-ის ინფორმაციით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების ბიძგები 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსშიც იგრძნობოდა.

  • ძლიერი აფეთქება ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში – დაშავდა ათობით ადამიანი (ვიდეო)

    ძლიერი აფეთქება ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში – დაშავდა ათობით ადამიანი (ვიდეო)

    ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ქალაქის საპორტო ნაწილში 2 ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქდა ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობები.

    შემთხვევის შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი, თუმცა მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. ჯანდაცვის მინისტრმა საავადმყოფოებს მოუწოდა, მოემზადონ დაშავებულების მისაღებად.

  • პანდემიით განათლების სისტემისთვის მიყენებული ზიანი მსოფლიო მოსახლეობის მთელ თაობას კატასტროფით ემუქრება – გაერო

    პანდემიით განათლების სისტემისთვის მიყენებული ზიანი მსოფლიო მოსახლეობის მთელ თაობას კატასტროფით ემუქრება – გაერო

    გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ჩავარდნები განათლებაში შეიძლება მაღალი ალბათობით პლანეტის მოსახლეობის მთელი თაობისთვის კატასტროფული აღმოჩნდეს.

    მოსწავლეების სკოლებში უსაფრთხო დაბრუნება მსოფლიოს მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს – განაცხადა მან ვიდეომიმართვაში, რომელიც გაეროს გვერდზე გამოქვეყნდა.

    ივლისის შუა რიცხვების მონაცემებით სკოლები მსოფლიოს 160 ქვეყანაში 1 მილიარდი ბავშვისთვის დაიკეტა, 40 მილიონი ბავშვი კი სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩა.

    ამასთან, პანდემიის დაწყებამდე მსოფლიოში 250 მილიონ ბავშვს არ ქონდა წვდომა განათლებაზე, განვითარებადი ქვეყნების საშუალო სკოლების მოსწავლეთა სამი მეოთხედი კი სასწავლო დაწესებულებებს საბაზო ცოდნის გარეშე ტოვებდა.

    “ახლა მთელი თაობის კატასტროფის წინაშე ვართ, რომლის გამოც შეიძლება დაიკარგოს და ვერ რეალიზდეს ადამიანის პოტენციალი, მოიშალოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი და გაძლიერდეს ფესვგადგმული უთანასწრობა“– განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. მან მოსწავლეების სკოლებში უსაფრთხო დაბრუნებისთვის მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებისთვის რეკომენდაციებიც წარადგინა.