ჯონათან ანდიკი, ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის შვილი, მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილია. ის კატალონიის პოლიციამ დააკავა. ისაკ ანდიკი 2024 წლის დეკემბერში კლდიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა. თავდაპირველად მისი სიკვდილი უბედურ შემთხვევად შეფასდა, თუმცა 2025 წლის ოქტომბერში საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ჯონათან ანდიკი საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს.
ესპანური La Vanguardia წერს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა ჯონათან ანდიკი ბარსელონაში, საკუთარ სახლში დააკავეს. მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი ადვოკატი, კრისტობალ მარტელი მივიდა. El País-ის ცნობით, ანდიკი იმისთვის დააკავეს, რომ მოსამართლის წინაშე წარდგეს და ეჭვმიტანილის სტატუსით ჩვენება მისცეს. სხვა დეტალები უცნობია — საქმე კვლავ გასაიდუმლოებულია.

ჯონათან ანდიკის ოჯახის წარმომადგენელმა მისი დაკავება დაადასტურა. „ჯონათან ანდიკი ჩვენებას აძლევს იმასთან დაკავშირებით, რაც 2024 წლის 14 დეკემბერს მოხდა. ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს ვიტყვით, რადგან გამოძიება კვლავ გასაიდუმლოებულია. ის, როგორც აქამდეც, სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან“, — განაცხადეს მის ოჯახში.
როგორ განვითარდა Mango-ს დამფუძნებლის დაღუპვის საქმე
71 წლის ისაკ ანდიკი 2024 წლის 14 დეკემბერს ბარსელონასთან ახლოს, მონსერატის მთებში ლაშქრობის დროს დაიღუპა. მას თან ახლდა ჯონათანი. უფროსი ანდიკი 100 მეტრზე მეტი სიმაღლიდან გადავარდა მარშრუტზე, რომლის სირთულეც საშუალოდ ფასდება. თავდაპირველად პოლიციამ მომხდარი უბედურ შემთხვევად მიიჩნია , რადგან ჩათვალა, რომ შესაძლოა, ისაკ ანდიკს ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა. 2025 წლის იანვარში საქმე დაიხურა.
თუმცა 2025 წლის ოქტომბერში საქმე ხელახლა გაიხსნა და ანდიკის სიკვდილის მიზეზი მკვლელობად გადაკვალიფიცირდა. ესპანური მედიის ცნობით, საქმის გადახედვის საფუძველი გახდა შეუსაბამობები ჯონათან ანდიკის ჩვენებებში, რომლებიც მან მამის გარდაცვალების დღეს მისცა. თავდაპირველად ეს წინააღმდეგობები შოკს მიაწერეს.
El País-ის ინფორმაციით, ლაშქრობამდე რამდენიმე დღით ადრე ჯონათან ანდიკი იმ ადგილებში იმყოფებოდა, სადაც მოგვიანებით მისი მამა დაიღუპა. მამაკაცის ადვოკატები ამბობენ, რომ ის უბრალოდ მოგზაურობისთვის ემზადებოდა.
გარდა ამისა, ესპანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ გამოძიებისთვის ცნობილი გახდა მამასა და შვილს შორის უთანხმოების შესახებ ჯონათანის როლთან დაკავშირებით კომპანიაში. მათ რთულ ურთიერთობაზე საუბრობდა ისაკ ანდიკის პარტნიორიც, პროფესიონალი გოლფის მოთამაშე ესტეფანია კნუტი.
ჯონათან ანდიკი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა.
45 წლის ჯონათან ანდიკი ისაკ ანდიკის სამი შვილიდან უფროსია. ისაკ ანდიკი სტამბოლში იყო დაბადებული და 1984 წელს ბარსელონაში Mango-ს პირველი მაღაზია გახსნა. მისი გარდაცვალების მომენტისთვის მისი ქონება დაახლოებით 4.5 მილიარდ აშშ დოლარად ფასდებოდა, ხოლო მის კომპანიას მსოფლიოში დაახლოებით 2 850 მაღაზია ჰქონდა.

ჯონათან ანდიკი Mango-ში 2005 წლიდან მუშაობდა. მამის გარდაცვალების დროისთვის ის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი იყო. El País-ის წყაროები, რომლებიც ჯონათანთან მუშაობდნენ, მას მომთხოვნ და პირდაპირ ადამიანად ახასიათებენ, თუმცა ამავე დროს — გაგებით სავსე პიროვნებად, რომელსაც მოდის სამყაროსი ძალიან კარგად ესმის.
2012 წელს ისაკ ანდიკი პენსიაზე გასვლას და კომპანიის მართვის ჯონათანისთვის გადაცემას გეგმავდა. ის ეტაპობრივად სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა შვილს. 2014 წელს Mango-ს დამფუძნებელი ამბობდა, რომ ჯონათანი უკვე ორი წელია ფაქტობრივად აღმასრულებელი დირექტორის როლს ასრულებს.
მაგრამ 2015 წელს, როცა კომპანიის ფინანსურმა მაჩვენებლებმა კლება დაიწყო, ისაკ ანდიკმა ახალი ფინანსური დირექტორი, ტონი რუისი დაიქირავა. 2020 წელს რუისმა ჯონათანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე შეცვალა.
ჯონათან ანდიკმა Mango Man-ის მიმართულება ჩაიბარა — სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობდა მანამ, სანამ მამამისი საქმიანობიდან ჩამოშორებას გადაწყვეტდა.
2025 წლის ივნისში კომპანიამ ის ამ თანამდებობიდანაც გაათავისუფლა. ჯონათანს მხოლოდ დირექტორთა საბჭოში როლი დარჩა.
