Category: მსოფლიო

  • ოკუპანტს ცოლმა მოუწოდა, უკრაინელი ქალები გააუპატიუროს – უკრაინა

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მოიპოვეს რუსი ოკუპანტისა და მისი ცოლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ქალი ჯარისკაცს მოუწოდებს, უკრაინელი ქალები გააუპატიუროს.

    „მიდი, მანდ გააუპატიურე უკრაინელი ქალები და არაფერი მითხრა. გასაგებია? მთავარია, თავი დაიცვა”,- ეუბნება ქალი უკრაინაში მებრძოლ ქმარს. ოკუპანტი აზუსტებინებს, მართლა შეუძლია თუ არა ამის გაკეთება, რაზეც ქალი პასუხობს: “კი, ნებას გრთავ”.

    უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეს შოკისმომგვრელი საუბარი ასახავს არა მხოლოდ ოკუპანტების, არამედ მათი ნათესავების მორალურ ღირებულებებსაც, რომელთა 80% ახლა უკრაინაში ომს მხარს უჭერს.

    https://www.facebook.com/SecurSerUkraine/videos/495766742103671

  • პუტინს სურს, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდები ბელარუსში ჩატარდეს

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბელორუსული პლატფორმა “საკმაოდ შესაფერისია შემდგომი კონტაქტებისთვის” რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ფარგლებში.

    მან მოლაპარაკებების პირველი რაუნდების ორგანიზებისთვის ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა.

    „მინდა მადლობა გადავუხადო ბელორუს კოლეგებს მათ ტერიტორიაზე მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის კარგად ორგანიზებისთვის. უკრაინულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყება დიდწილად შესაძლებელი გახდა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ძალისხმევის წყალობით. ჩვენ გვჯერა, რომ ბელარუსული პლატფორმა საკმაოდ შესაფერისია შემდგომი კონტაქტებისთვის“, – განაცხადა პუტინმა ლუკაშენკოსთან ერთობლივ ბრიფინგზე.

    ცნობისთვის, მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდები ბელარუსის ნაცვლად თურქეთში ჩატარდა, რასაც უკრაინული მხარე საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს. რუსეთი ფიქრობს, რომ მათი მხარდამჭერი ბელარუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორთა სიაში მოხვედრას იმსახურებს. თავად ლუკაშენკო მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს.

  • ვიცით რუსი მედესანტეს ვინაობა, ვინც უკრაინაში ბავშვი გააუპატიურა – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იდენტიციფირებულია რუსი მედესანტე, რომელმაც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბავშვი გააუპატიურა.

    “დაფიქსირდა გაუპატიურების ასობით შემთხვევა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონებსა და ძალიან მცირეწლოვანი ბავშვებს. უბრალოდ საშინელებაა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ასეა, ეს მოხდა. იდენტიფიცირებულია პიროვნება, რუსი მეომარი ბიჩკოვი ფსკოვიდან, მედესანტე ან სპეცრაზმელი, რომელმაც ვიდეო გაუგზავნა თანამებრძოლებს, თუ რას უკეთებს ბავშვს, როგორ დასცინის მას. აი, რუსი სამხედრო, „ბავშვების დამცველი“, სპეცოპერაცია, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა, „რუსული სამყაროსთვის“ ბრძოლის ასეთი ამბავი. ეს არის ის, რასთანაც ახლა ასოცირდება რუსული არმია, რუსი მედესანტეები ფსკოვიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

    მისივე თქმით, რუს პროპაგანდისტებს ახლა შეუძლიათ, მედესანტეების მოქმედების გამართლება და თქმა, რომ “ეს არ მომხდარა”, ან “ეს იყო დაცვა“.

    “იქნებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მოიწვიოს ფსკოვიდან მედესანტეები საკუთარ სახლში, რათა დაიცვან მათი შვილები და შვილიშვილები? მას ეს არ სურს? დარწმუნებული ვარ, მას შეეშინდება!“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

  • რუსეთის იზოლირება შეუძლებელია, არ ვგეგმავთ იზოლირებას – პუტინი

    “ჩვენ არ ვგეგმავთ საკუთარი თავის იზოლირებას. ზოგადად, თანამედროვე მსოფლიოში ვინმეს იზოლირება შეუძლებელია, ისეთი უზარმაზარი ქვეყნის იზოლირება, როგორიც რუსეთია, ნამდვილად შეუძლებელია. ამიტომაც, ვიმუშავებთ ჩვენს იმ პარტნიორებთან, ვისაც სურს ურთიერთობა”

    თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

  • ჩვენი მიზანი კეთილშობილურია – დონბასელი ხალხის დახმარება – პუტინი

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში “ანტირუსულ ძალებთან” შეტაკება გარდაუვალი იყო და ეს დროის საკითხს წარმოადგენდა.

    მისი თქმით, დონბასში რუსი ოფიცრები თანამედროვე იარაღით კომპეტენტურად მოქმედებენ.

    “დღეს ჩვენი ოფიცრები მონაწილეობენ სპეცოპერაციაში დონბასში, უკრაინაში. ისინი დახმარებას უწევენ დონბასის სახალხო რესპუბლიკებს. ისინი მოქმედებენ გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად, იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს უნიკალური, შეუდარებელი მახასიათებლებით“, – თქვა პუტინმა.

    ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი დარწმუნებულია, რომ “დონბასის დაცვის” ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება.

    “ასე იქნება. ეჭვგარეშეა [რუსეთის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ დასახულ მიზნებს]. მიზნები აბსოლუტურად გასაგებია, ისინი კეთილშობილურია. მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები ხალხის, დონბასელი ხალხის დახმარება. ჩვენ იძულებული გავხდით, ეს გაგვეკეთებინა, რადგან კიევის ხელისუფლებას დასავლეთმა უბიძგა, უარი ეთქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დონბასის პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტას”,– აღნიშნა პუტინმა.

    ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლების ინტენსივობა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში გაიზრდება.

  • ორთაჭალაში კაცი მოკლეს – დაჭრილია ერთი პირი

    ორთაჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.

    დაჭრილია კიდევ ერთი პირი, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

  • სანქციებს არ შეუერთდით – საქართველო რაიმე სოლიდარობას ელის? – ილვესი

    “საქართველოს [რუსეთის] თანამონაწილედ იქცა იმით, რომ არანაირ სოლიდარობას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ.

    საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია. როგორ შეიძლება, საქართველო, ქვეყანა, სადაც მე შუა ომის დროს ჩავფრინდი, დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს? სანქციებს არ შეუერთდით – და საქართველო რაიმე სოლიდარობას ელის? მართლაც ელით, რომ [ამის შემდეგ] სერიოზულად განგიხილავენ ნატოს და ევროკავშირის წევრად? საქართველომ აჩვენა, როგორი ქვეყანა იქნებოდა, ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. ეს ვნახეთ.

    ვინ დაუჭერს მხარს საქართველოს, რომელიც მხარს არ უჭერს დასავლეთის ამჟამინდელ სუსტ პოზიციასაც?

    მე ვხედავ ევროკავშირის დროშებს საქართველოში. აბსურდია ეს! არავინ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პასუხს იმაზე, რაც ხდება უკრაინაში.

    […] წარმოდგენა არ მაქვს, რა არის საქართველოს მთავრობის მოტივაცია, და თანაც, ჩვენ გადაწყვეტილებებს მოტივაციებზე დაყრდნობით არ მივიღებთ – მივიღებთ იმის მიხედვით, როგორც იქცევით, და ასე თუ მოიქცევით, უნდა გაიაზროთ, რომ გამორიცხულია, იმ ქვეყნებმაც კი თითი გაანძრიონ თქვენს [დასაცავად], რომლებიც აქამდე მხარს გიჭერდნენ. ვინ ენდობა საქართველოს, რომ ნატოს მეხუთე მუხლს დაიცავს, თუ თავად მას არ დაესხმიან თავს? რა მოხდება, თუ საქართველოს მივიღებთ ნატოში, მერე რომელიმე სხვა ქვეყანა აგრესიის მსხვერპლი გახდება, და საქართველო იტყვის – არა, უკაცრავად, მეხუთე მუხლს მხარს ვერ დავუჭერთ? როგორც იქცევით, დასკვნებსაც იმის მიხედვით გავაკეთებთ”

    ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

  • “სუნთქვა მიჭირდა, გონება დავკარგე” – რას ყვებიან მარიუპოლში მოწამლულები

    აზოვის პოლკის განცხადებით, ქალაქ მარიუპოლში უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერების გავრცელების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია.

    მათი ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობის კონტაქტი ნივთიერებასთან მინიმალური იყო, რადგან ეპიცენტრი მათთან ახლოს არ იყო, სამხედროები კი ცოტა უფრო ახლოს იყვნენ.

    “თუმცა, მოწინააღმდეგის ცეცხლის გამო შემთხვევის სრულყოფილად გამოძიება ამჟამად შეუძლებელია, რადგან რუსები აგრძელებენ საკუთარი დანაშაულის დამალვის ტაქტიკას”,– აცხადებს აზოვი.

    მათივე ცნობით, დაზარალებულთა შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხანდაზმულ ქალს აქვს.

    “დავკარგე გონება, ძლივს გადავრჩი, სიარული არ შემიძლია. აქამდე ჩემი ჯანმრთელობა ნორმალური იყო”,– ამბობს დაშავებული ქალი.

    კიდევ ერთი დაშავებული იხსენებს, რომ ნივთიერების შესუნთქვის შემდეგ სუნთქვა გაუჭირდა და თავბრუ დაეხვა.

    “ვიდექით პოზიციებზე და აფეთქების ხმა გავიგეთ. ავედით, რათა შეემოწმებინა, რა ხდებოდა. დავინახეთ ნისლი, უფრო კვამლივით, არა სქელი, კვამლის მსგავსი. დავბრუნდით თავშესაფარში და რომ შევედით, ქოშინი ვიგრძენი, სუნთქვა მიჭირდა და მაშინვე თავბრუსხვევა დამეწყო, ფეხები მომეკეცა, ბამბასავით იყო. გასცეს ბრძანება, გაზის ნიღბები გაგვეკეთებინა, გავიკეთეთ. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, ცუდად ვსუნთქავდი. რა არის, გაუგებარია”,– ამბობს მოწამლული მამაკაცი.

    აზოვის პოლკის განმარტებით, დაშავებულთა ძირითადი სიმპტომებია: სახის ჰიპერემია, მაღალი წნევა, სიმშრალე და გულძმარვა ოროფარინქსისა და თვალების ლორწოვან გარსებში, თუმცა სრული ბლოკადის გამო გაშვებული ნივთიერების ტოქსიკოლოგიური ანალიზი შეუძლებელია.

    “ამავდროულად, მთავარი ამოცანაა პერსონალის მდგომარეობისა და მოწამვლის შესაძლო შედეგების მონიტორინგი”,– აღნიშნულია განცხადებაში.

  • რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავს – უკრაინის დაზვერვა

    რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავს – უკრაინის დაზვერვა

    უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი თავის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავს, რათა საზოგადოებაში ანტიუკრაინული ისტერია შექმნას.

    „რუსული სპეცსამსახურები გეგმავენ ტერაქტების სერიას – რუსეთის დასახლებებში საცხოვრებელი კორპუსების, საავადმყოფოებისა და სკოლების აფეთქებას. ასევე ქალაქ ბელგოროდზე ან ყირიმის ერთ-ერთ ქალაქზე სარაკეტო თავდასხმებს”,– აცხადებს დაზვერვა.

    დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ მობილიზაციის გეგმის ჩავარდნა რუსეთში, “პუტინის რეჟიმს აიძულებს, წამოიწყოს ბინძური სცენარით მოქმედება, რათა ემოციურად აღძრას რუსული საზოგადოება – შექმნას “უკრაინელი ნაციონალისტების სისასტიკის ემოციური სურათი”.

    მისივე აზრით, შესაძლებელია, რომ ტერორისტული თავდასხმები წარადგინონ, როგორც უკრაინელების შურისძიება ბუჩასა და კრამატორსკისთვის.

    „ბოლო დღეებში რუსეთის მთავრობა აჩქარებს ანტიუკრაინული ისტერიის ბორბალს. ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში აქტიურად იჭრება თხრილები და პანიკაა უკრაინული მოხალისეთა ბატალიონებისა და დივერსიული ჯგუფების წარმოსახვითი შეტევის გამო“,– აღნიშნა ბუდანოვმა.

  • არ დავთმობთ პოზიციებს, ერთგულები დავრჩებით! – საზღვაო ქვეითები მარიუპოლიდან

    36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებმა, რომლებიც მარიუპოლს რუსებისგან იცავენ, ჟურნალისტ ნატალია ნაგორნაიას ვიდეო გაუგზავნეს, რომელშიც აცხადებენ, რომ არ დათმობენ პოზიციებს. ინფორმაციას Українська правда ავრცელებს. ჟურნალისტის ცნობით, ვიდეო ჩაწერილია დღეს, დაახლოებით დილის 5 საათზე მარიუპოლში.

    საზღვაო ქვეითების თქმით, ისინი ბლოკადაში არიან, თუმცა ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

    “დიდება უკრაინას! ჩვენ ვართ მარიუპოლის დამცველები, 36-ე საზღვაო ბრიგადა, რომელიც ბოლო დრომდე იკავებს და ინარჩუნებს ამ ქალაქის დაცვას. ჩვენ არ დავთმობთ პოზიციებს. ამ ქალაქის ყველა ნაწილს მაქსიმალურად შევინარჩუნებთ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ქალაქი მართლაც აღმოჩნდა ბლოკადაში, რინგზე – საბრძოლო მასალისა და საკვების მოწოდების გარეშე.

    ჩვენ მადლობელი ვართ ყველა უკრაინელის, ვისაც სჯეროდა და სჯერა საზღვაო ქვეითების. იმ რწმენის, რომელსაც ამდენ ხანს ვინარჩუნებდით. ჩვენ არ დავტოვებთ პოზიციებს. ჩვენ ერთგულები ვართ და დავრჩებით ერთგულებად ყოველთვის.

    ყველა უკრაინელს უნდა ახსოვდეს ამ წინააღმდეგობის ფასი და დაასრულოს საქმე – დაიცვას გამარჯვება ბოლომდე. უკრაინა, ევროპა, მსოფლიო… გამარჯვების რწმენით ყოველთვის ერთგული ვართ, ბოლომდე ერთგულები“,– აცხადებენ საზღვაო ქვეითები.

    ცნობისთვის, ალყაშემორტყმულ მარიუპოლში საზღვაო ქვეითებმა გუშინ წინ განაცხადეს, რომ “უკანასკნელი ბრძოლისთვის” ემზადებიან. ისინი ქალაქს 47 დღეა იცავენ.

    გუშინ აზოვის პოლკმა განაცხადა, რომ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა მომწამვლელი უცნობი ნივთიერება გამოიყენეს.