Category: მსოფლიო

  • რუსეთის FSB მედვედჩუკის მოსკოვში გადაყვანას გეგმავდა – უკრაინა

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ჩვენება მისცა პრორუსი დეპუტატისა და პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებულმა მცველმა.

    მან გამოძიებას უთხრა, რომ რუსეთის FSB ცდილობდა მედვედჩუკის მოსკოვში გადაყვანას.

    “ჩვენების მიხედვით, მედვედჩუკი თავის მზარეულთან და დაცვასთან ერთად იმალებოდა კიევში, კერძო სახლში. “ლეგენდის“ მიხედვით, ეს სახლი სავარაუდოდ იტალიიდან ჩამოსულ ოჯახს აქვს ნაქირავები.

    დაცვის თანამშრომელი ყვება, როგორ ემზადებოდა პუტინის ნათლია რუსული სპეცსამსახურების დახმარების იმედით გასაქცევად”,– აცხადებს უწყება.

    უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის თქმით, რუსეთის FSB გეგმავდა მედვედჩუკის წაყვანას ჯერ დნესტრისპირეთში, შემდეგ კი მოსკოვში, მაგრამ უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაქცეული სახალხო დეპუტატი გზაში – კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა.

    ცნობისთვის, უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა მედვედჩუკის გაცვლა უკრაინელ ტყვეებში. რუსეთმა მას უპასუხა, რომ მედვედჩუკი უცხოელი პოლიტიკოსია და მას კავშირი არ აქვს სამხედრო ოპერაციასთან.

  • თქვენ გარდა არავის ადარდებს, გაგზავნით თუ არა დელეგაციას კიევში – კელი ოცნებას

    “სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ არავის ადარდებს, გაგზვნით თუ არა “მაღალი დონის” დელეგაციას უკრაინაში. არავის თქვენ გარდა”

    წერს ტვიტერზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი.

  • დონეცკის მიმართულებით მტერი მზადაა შეტევითი ოპერაციისთვის – გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით, არსებული ინფორმაციით, მტერი მზადაა შეტევითი ოპერაციისთვის.

    “ის აგრძელებს თავისი ძალისხმევის ფოკუსირებას მარიუპოლის გარკვეული უბნების აღებაზე და საჰაერო თავდასხმებზე.

    მტერი ცდილობს განახორციელოს თავდასხმის ოპერაციები სევეროდონეცკის, რუბიჟნესა და პოპასნას რაიონებში”,– აცხადებს გენშტაბი.

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, “ბრძოლა რთული იქნება”.

  • უცნობი პატრიოტები მელიტოპოლში ღამ-ღამობით ოკუპანტებს ხოცავენ – უკრაინა

    უკრაინი სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, უცნობი პატრიოტები მელიტოპოლში ღამ-ღამობით ოკუპანტებს ანადგურებენ.

    “დადგენილია, რომ 2022 წლის 20 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ღამით პატრულირებისას ლიკვიდირებული იქნა რუსეთის ფედერაციის 70 სამხედრო მოსამსახურე. მათ შორის იყვნენ “კადიროვიელები”.

    კომენდანტის საათის დროს,, ღამით პატრულირებისას გარდაცვალების მიზეზია დანით და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები”,– აცხადებს დაზვერვა.

    მათივე ცნობით, საოკუპაციო ადმინისტრაცია საგულდაგულოდ მალავს ინფორმაციას დაღუპულთა ზუსტი რაოდენობისა და მათი გარდაცვალების გარემოებების შესახებ.

    “არსებობს მტკიცებულება, რომ ეს მელიტოპოლში უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობის მუშაობის შედეგია. ჯერჯერობით, საოკუპაციო ძალების ნაწილებმა ვერ მიაღწიეს შედეგს რუსი სამხედროების განადგურებაში მონაწილე პირების ძებნაში”,– აცხადებს სადაზვერვო სამსახური.

  • EU-ს 4 ქვეყანა, რომელიც რუსული გაზის ემბარგოს ეწინააღმდეგება

    ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თქვა, რომ რუსული გაზის ემბარგო ახლა “შეუძლებელია“, ევროკავშირმა კი უნდა დააწესოს სანქციები, რომელიც რუსეთს უფრო დააზიანებს, ვიდრე ევროკავშირს.

    ”გაზის ემბარგოს წინააღმდეგ ავსტრია არ არის მარტო ამ არგუმენტით”,– თქვა მან და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეები ასევე არიან გერმანია, უნგრეთი და ბულგარეთი.

    „ნავთობი უკვე განიხილება ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოში. გაზის საკითხი ცალკეა, იცით, ეს არ არის მხოლოდ ავსტრიის პოზიცია, ეს არის, მაგალითად, გერმანიის, უნგრეთის ან ბულგარეთის პოზიცია, რადგან ჩვენ ვართ დამოკიდებული გაზზე. ჩვენი ინდუსტრიები გაზზეა დამოკიდებული. ასე რომ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ სანქციების შესახებ, რომელიც რუსეთს უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე ჩვენ”,– განაცხადა კანცლერმა.

    კითხვაზე, შეიძლება თუ არა გაზის ემბარგოს საკითხმა დაარღვიოს ევროკავშირი, ნეჰამერმა თქვა, რომ მას ამის არ სჯერა.

    „ჩვენ გადავწყვიტეთ შევიკრიბოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებით და უკვე დაწესებული სანქციები მართლაც მკაცრი და ძლიერია. და ჩვენ მივიღებთ მეტ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რადგან, მოგეხსენებათ, გვინდა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირში არის ერთიანობა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მან.

    ნეჰამერმა დაამატა, რომ ევროპული ქვეყნები ცდილობენ, რუსული გაზისგან დამოუკიდებელი გახდნენ, “მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია, ამას დრო დასჭირდება.”

  • “დონბასისთვის ბრძოლა რთული იქნება” – ერმაკი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ყველა მცხოვრებს რეგიონების დატოვებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, დონბასისთვის ბრძოლა რთული იქნება.

    “დღეს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებიდან ხალხის ევაკუაცია ნამდვილად საჭიროა. მე მხარს ვუჭერ გაიდაის, ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომელიც მოუწოდებს უკრაინელებს, ჩასხდნენ საევაკუაციო ავტობუსებში და გაემგზავრონ უსაფრთხო რეგიონებში.

    ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ძალებს აგროვებს და საცხოვრებელ უბნებს ესვრის. ისინი მზად არიან, მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცონ, ფარად გამოიყენონ.

    დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის ბრძოლა რთული იქნება და მშვიდობიანი ხალხი უნდა წავიდეს ისეთი ადგილებიდან, სადაც შეიძლება ველოდოთ გამწვავებას, რათა გადაარჩინოს ბავშვები და შეიარაღებულ ძალებს მტერზე მუშაობა გაუადვილოს. არ გადადოთ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევაკუაციისთვის”,– წერს ერმაკი ტელეგრამზე.

  • ზელენსკი აქვეყნებს სამხედრო აღჭურვილობის სიას, რომელიც უკრაინას სჭირდება

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პუტინი და მისი არმია ცვლის სტრატეგიას – ისინი აძლიერებენ თავიანთ ჯარებს, რათა კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ ხარკოვსა და მთელ დონბასზე, მათ შორის მარიუპოლზე.

    მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში გაჩერებას არ გეგმავს.

    “პუტინის პროპაგანდისტული მანქანა ღიად აცხადებს, რომ ევროპა უკრაინის შემდეგ „მომდევნო ლოგიკური მიზანია“. ასე რომ, ან დასავლეთი დაეხმარება უკრაინას ახლა პუტინის შეჩერებაში, ან პუტინი გააგრძელებს რუსეთის იმპერიის გაფართოებას და ათასობით ქალი და ბავშვი დახოცავს. მან ეს უკვე გააკეთა მარიუპოლში, ხარკოვში, ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში.

    რუსული აგრესიისგან მსოფლიოს გმირულად დაცვის გასაგრძელებლად, უკრაინას სჭირდება იარაღის კონკრეტული სია. მივმართავ მსოფლიოს მოქალაქეებს, დაეხმარონ თავიანთ მთავრობებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციებსა და ქვეყნების ლიდერებს, გადასცენ უკრაინის რეალური საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს ომის შეჩერებას”,– აცხადებს ზელენსკი და სამხედრო აღჭურვილობის სიას აქვეყნებს:

    “სასწრაფოდ გვჭირდება მძიმე არტილერია, მძიმე ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები:

    – საარტილერიო დანადგარები (კალიბრი 155 მმ) და საბრძოლო მასალა;
    – საარტილერიო ჭურვები (კალიბრის 152 მმ). Რაც შეიძლება მეტი;
    – მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები: “Hail”, “Hurricane” ან ამერიკული M142 HIMARS;
    – ჯავშანტრანსპორტიორი (ჯავშანმატარებლები, ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანები და ა.შ.);
    – ტანკები (T-72, ამერიკული ან გერმანული ანალოგები);
    – საჰაერო თავდაცვის სისტემები (S-300, “Buk” ან მსგავსი თანამედროვე დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემები);
    – საბრძოლო თვითმფრინავი.

    ჩვენ ვთხოვთ მთელ მსოფლიოს გაერთიანდეს და დაგვეხმაროს ამ სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიეცით უკრაინას იარაღი, რომ ერთად დავამარცხოთ ეს ბოროტება”,– წერს ზელენსკი.

  • “არ არის რუსეთის მოქალაქე” – კრემლის პირველი კომენტარი მედვედჩუკზე

    კრემლმა პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, რადას დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის გაცვლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

    პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთმა არ იცის, სურს თუ არა მედვედჩუკს მისი სიტუაციის მოგვარებაში რუსეთის ჩართვა.

    „რაც შეეხება გაცვლას, რომელზედაც კიევის სხვადასხვა ფიგურა ისეთი ხალისით, სიამოვნებით საუბრობდა: მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე. მას არანაირი კავშირი არ აქვს სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან. ის უცხოელი პოლიტიკური ფიგურაა. ჩვენ საერთოდ არ ვიცით, სურს თუ არა მას თავად რუსეთის მონაწილეობა მის წინააღმდეგ ამ ცილისმწამებლური სიტუაციის მოგვარებაში”,– განაცხადა პესკოვმა.

    ცნობისთვის, რადას პრორუსი დეპუტატი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა მედვედჩუკის გაცვლა უკრაინელ ტყვეებში.

    დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ თქვა, რომ კარგი იქნება გაცვლამდე მედვედჩუკისგან ინფორმაციის მიღება.

  • რუსებისა და ჩვენი ძმობის მითი თებერვალში დაიმსხვრა – უკრაინა მაკრონს პასუხობს

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების გამო, რომელმაც უკრაინელებსა და რუსებს “ძმები” უწოდა, უკმაყოფილებას გამოთქვამს. უწყების სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ მაკრონს უპასუხა, რომ უკრაინელ და რუს ხალხს შორის “ძმობის” მითი 24 თებერვლის შემდეგ დაიმსხვრა.

    “იმედგაცრუებას იწვევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს არ სურს უკრაინელების გენოციდის აღიარება რუსეთის ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ.

    უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ახლოს არიან, ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ მითმა ორი მოძმე ხალხის, რუსებისა და უკრაინელების შესახებ, ნგრევა დაიწყო ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ. მაშინ რუსი “ძმები” ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მოვიდნენ, მაგრამ რვა წელიწადში 14 000 უკრაინელი დაიღუპა. ეს მითი საბოლოოდ თებერვალში დაიმსხვრა, როდესაც პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ქალაქებისკენ გამოფრინდა.

    “მოძმე” ხალხი არ კლავს ბავშვებს, არ ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებს ქალებს, არ ასახიჩრებს მოხუცებს და არ ანგრევს “მოძმე” ადამიანების სახლებს. ყველაზე დაუნდობელი მტრებიც კი არ მიმართავენ სისასტიკეს დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ”, — თქვა ნიკოლენკომ.

    ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სიფრთხილით ეკიდება გენოციდის მსგავსი სიტყვების გამოყენებას უკრაინასთან მიმართებით, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან. მისი განმარტებით, სურს ომის შეჩერება, ამიტომ არ არის დარწმუნებული, რომ “რიტორიკის ესკალაცია ამ მიზანს ემსახურება”.

  • უკრაინა-საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები ამოიწურა – სტეფანჩუკი

    უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა პირადად დაუდასტურა.

    “ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები ამოიწურა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს ქართველ პარლამენტარებს, თავად ნახონ, რა ხდება უკრაინაში და დაადასტურონ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა!

    გულწრფელად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიპოვით ყველა საკონტაქტო წერტილს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი მომავლის ერთად აშენება. და ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ის, რაც გამოგვარჩევს”,– წერს სტეფანჩუკი Facebook-ზე.

    ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მის ვიზიტს “მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია”. მისი განმარტებით, სტეფანჩუკთან პირადმა კომუნიკაციამ და მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ “იმედის” ეთერში დაარწმუნა, რომ “არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა”.