Category: მსოფლიო

  • ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორი და უშიშროების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან მოხსნა

    უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენპროკურორის ოფისის ხელმძღვანელი ირინა ვენედიქტოვა და მოვალეობების შესრულებას ჩამოაშორა უკრაინის უშიროების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

    შესაბამისი ბრძანებები პრეზიდენტის ოფისის საიტზე გამოქვეყნდა.

    ვენედიქტოვას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია “უკრაინის კანონის “სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ 11 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად“

    მეორე ბრძანებით ზელენსკიმ უკრაინისი გენერალურ პროკურორად დანიშნა ალექსეი სიმონენკო.

    რაც შეეხება უშიშროების სამსახურის უფროსის ხელმძღვანელს, მისი გათავისუფლების მოტივად მითითებულია “უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინარული წესდების 47–ე მუხლი.“

  • HIMARS–ები კარგად მუშაობს და უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე არსებით გავლენას ახდენს–პენტაგონი

    ამერიკული მაღალი მობილობის სარაკეტო–საარტილერიო სისტემები HIMARS, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა, არაპირდაპირ, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ რუსეთთან ფრონტის ხაზზე საბრძოლო ოპერაციებზე. ამის შესახებ პენტაგონის საიტზე წერია.

    პენტაგონის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ სისტემა M142 HIMARS ერთდროულად რამდენიმე მაღალი სიზუსტის რაკეტის გაშვების საშუალებას იძლევა. აშშ–მ უკვე მისცა უკრაინას 8 სისტემა, გასულ კვირას კი კიდევ ოთხის გაგზავნას შეპირდა. ამგვარად, მალე უკრაინას 12 ჰაიმარსი ექნება.

    „უკრაინელები ანადგურებენ ისეთ სამიზნეებს, როგორიც არის იარაღის და საბრძოლო მასალების, მომარაგების, სხვა მატერაილურ–ტექნიკური საშუალებების საწყობები, მართვის ცენტრები. და ეს ყველაფერი პირდაპირ ახდენს გავლენას ფრონტის წინა ხაზზე ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობაზე. ამიტომაც, მართალია უკრაინელები HIMARS–ს ფრონტის წინა ხაზზე არ ისვრიან, მაგრამ ისინი ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ომის მიმდინარეობაზე“– ამბობს ჩინოვნიკი.

    ის ხაზს უსვამს, რომ მართალია რუსებმა უკრაინასთან ომში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, ეს ძალიან რთულად მოახერხეს, ახლა კი ოკუპანტების შეტევა შენელდა.

    “ჩვენი შეფასებით, რუსულ ძალებს შეზღუდული მიღწევები აქვთ ჩრდილოეთ დონბასში, რადგან მათ უკრაინის თავდაცვის ძალები აკავებენ. რუსი სამხედროები განაგრძობენ არაზუსტ საარტილერიო დარტყმებს საჰაერო სარაკეტო დარტყმებთან ერთად“– ამბობს ჩინოვნიკი.

    პენტაგონის შეფასებით, ხარკოვთან უკრაინელები განაგრძობენ რუსების მხრიდან პოზიციების დაკავების მცდელობების მოგერიებას. იგივე სიტუაციაა სლავიანსკის გარეუბნებში. რუსები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ მათ უნდოდათ სლავიანსკში შესვლა, მაგრამ აქამდე ეს ვერ შეძლეს.

  • “ეს არის ბლეფი“– ფრენსის ფუკუიამა პუტინის განცხადებაზე

    რუსეთის პრეზიდენტის სიტყვბეი იმის შესახებ, რომ “რუსეთის ფედერაციას ჯერ სერიოზულად არც კი დაუწყია რამე“, პროფესორი ფრენსის ფუკუიამა ბლეფს უწოდებს. ამის შესახებ მან დოიჩე ველესთან ინტერვიუში განაცხაცხადა.

    სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ რუსულ არმიაში პირადი შემადგენლობის მწვავე უკმარისობას. რუსულმა არმიამ უკრაინაში შეჭრამდე მობილიზებული პირადი შემადგენლობის მესამედი დაკარგა. ოკუპანტის ძალების დანაკარგი დაახლოებით 80 000 სამხედროს შეადგენს, საიდანაც მინიმუმ 20 ათასი მოკლულია. ეს არის მონაცემები ტყვეების გათვალისწინების გარეშე.

    ისეთი დიდი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც რუსეთია, უკრაინაში შეჭრა – ეს არ არის “პატარა სამხედრო ოპერაცია“. სამხედრო თვალსაზრისით კი, ფუკუიამას განცხადებით ეს პრაქტიკულად კატასტროფაა.

    “თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის არმიამ ბოლო ორი თვის მანძილზე, დონბასზე სამხედრო მოქმედებების კონცენტრირების შემდეგ მხოლოდ უმნიშვნელოდ წაიწია წინ, ვვარაუდობ, რომ მათ არც ისე ბევრი რეზერვი აქვთ, ასე რომ, ჩემი აზრით, პუტინი ბლეფობს, როცა ამბობს, რომ “მათ ჯერ არცკი დაუწყიათ“. – ამბობს ფუკუიამა.

    შეგახსენებთ,   7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ უკრაინასთან ომი ჯერ სერიოზულად არცკი დაუწყიათ.

  • რუსული სპეცსამსახურები აღმოსავლეთ ევროპაში გააქტიურდნენ და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სქემის გაშიფვრას ცდილობენ

    რუსულმა სპეცსამსახურებმა გაააქტიურეს საქმიანობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იმისათვის, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სქემები აღმოაჩინონ.

    ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს.

    ოკუპანტი ქვეყნის აგენტებმა დავალება მიიღეს გამოავლინონ და თვალი მიადევნონ მარშრუტებს, რომლითაც უკრაინაში იარაღის მიწოდება ხდება.

    “იარაღის რაოდენობის და მიწოდების სქემის დასადგენად, რომელსაც უკრაინას მეგობარი ქვეყნები თავდაცვისთვის გადასცემენ, რუსი სამხედრო ატაშეებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კავშირის დახურული არხებით მიიღეს ბრძანება გაააქტიურონ პოლიციის თანამშრომლების და მოქალაქეების გადაბირება, რომლებიც იარაღის ტრანსორტირებაში არიან ჩართული“– ამბობს უკრაინის დაზვერვა.

    მისივე ინფორმაციით, უკრაინის სასაზღვრო რეგიონებში რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ გამოიყენონ ადგილობრივი თემების წარმომადგენლები და პრორუსი აქტივისტები.

    “სამაგიეროდ, როგორც კი რუსებისგან თანამშრომლობის წინადადებას იღებენ, ევროპელები მაშინვე მიმართავენ პოლიციას და უშიშროების ორგანოებს“– აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვა.

  • უკრაინელებმა, ზაპოროჟიეში ერთი SU-25 ჩამოაგდეს, მეორე კი დააზიანეს

    უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა, ზაპოროჟიეში ერთი SU-25 ჩამოაგდეს, მეორე კი დააზიანეს. ამის შესახებ СБУ-ს პრესცენტრმა 15 ივლისს განაცხადა.

    “ორეხოვისა და სტეფნოეს დასახლებების მიდამოებში, მტერი ცდილობდა უკრაინის პოზიციებზე ორი SU-25-ით შეტევას. მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მტრის თვითმფრინავებს გადასატანი საზენიტო სარაკეტო სისტემებით ესროლეს, შედეგად ერთი SU-25 ჩამოვარდა, მეორეს რაკეტა მოხვდა და დაზიანდა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • რეზნიკოვი აცხადებს, რომ ომის დასრულება წლის ბოლომდე შესაძლებელია

    უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ВВС News Україна-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  წლის ბოლომდე ომის დასრულება შესაძლებელია.

    “შემიძლია ამის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ იურისტი ვარ, მაგრამ კომუნიკაცია მაქვს სამხედროებთან: თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური გეგმა – ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლება მინიმუმ 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობამდე”, – განაცხადა მან.

  • ბოლო კვირებში HIMARS-ებით ოკუპანტების 30-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გავანადგურეთ – უკრაინა

    ბოლო კვირებში HIMARS-ებით ოკუპანტების 30-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გავანადგურეთ – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.

    “ნება მომეცით ვახსენო ცნობილი HIMARS, რომლებიც ახლა მშვენივრად მუშაობენ ფრონტის ხაზზე. გასული კვირების განმავლობაში განადგურდა მტრის 30-ზე მეტი სამხედრო-ლოგისტიკური ობიექტი, რის გამოც რუსული საოკუპაციო ძალების შეტევითი პოტენციალი ახლა მნიშვნელოვნად შემცირდა.” – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

  • დიდი ბრიტანეთის სამხედრო პილოტები მზად არიან რუს პილოტებთან ბრძოლისთვის–ბრიტანეთის საჰაერო ძალების მეთაური

    რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალები შეიძლება ჩათრეულ იყვნენ რუსეთთან ომში. ამის შესახებ ბრიტანეთის ავიაციის  მარშალმა, მაიკ ვიგსტონმა განაცხადა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურია.

    მაიკ ვიგსტონმა ინტერვიუ Sky News–ს  სამხედრო ავიაციის მსოფლიოში უდიდეს ჩვენებაზე –  Royal International Air Tattoo–ზე სტუმრობისას მისცა, რომელიც ფეიფორდის ავიაბაზაზე, ინგლისის გლოსტერშირის საგრაფოში იმართება.

    ვიგსტონის თქმით, რუსეთი ახლა დიდი ბრიტანეთის და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომაც ბრიტანელი სამხედრო მფრინავები მუდმივ წვრთნებს გადიან, რათა რუსეთიდან საფრთხის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთისა და მისი ნატოელი მოკავშირეებისთვის, მზად იყვნენ რუს პილოტებთან საბრძოლველად.

    “ნახეთ რა ხდება უკრაინაში. გაიხსენეთ, რა იყო მანამდე საქართველოში. რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი საფრთხისთვის ამ ქვეყნის მხრიდან და ეს უმნიშვნელოვანესი გაკვეთილია, რომელიც უკრაინის ომიდან უნდა ვისწავლოთ“– განაცხადა ბრიტანელმა მარშალმა.

    ვინგსტონის თქმით, ბრიტანელი სამხედრო მფრინავების მუდმივი წვრთნები მოკავშირეების პილოტებთან ერთად მათ უპირატესობას აძლევს პოტენციურ საჰაერო ბრძოლაში რუს პილოტებთან შედარებით.

    “საფრთხე იმისა, რომ შეიძლება საჰაერო ბრძოლა მოხდეს, როცა ჩვენი თვითმფრინავები – F-35 ან  Typhoon –ები მტრის თვითმფრინავებს შეეჯახებიან, ძალიან რეალურია. ამიტომ ჩვენც ვემზადებით და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებსაც. ჩვენი თვითმფრინავები მზად არიან დაიცვან არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ტერიტორია, არამედ ნატოს ქვეყნებისაც.“– ამბობს ის.

  • უკრაინელებმა კადიივკაში, რუსების საწყობები დაბომბეს, რომლის შევსებაც წლების განმავლობაში ხდებოდა – 15 ივლისის შეჯამება უკრაინაში

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე რუსეთ-უკრაინის ომში, 15 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აჯამებს.

    “წუხელ უკრაინელებმა ლუგანსკის რაიონში რუსების სამხედრო ბაზა და საწყობები დაბომბეს კადიივკაში, საბრძოლო მოქმედებების ხაზიდან 40 კილომეტრში. წლების განმავლობაში ხდებოდა კადიივკას საწყობების შევსება. უკრაინელებმა კარგად იცოდნენ მის შესახებ ჯერ კიდევ ომამდეც კი. ახლა კი კადიივკაში საწყობებისა და სამხედრო ბაზის დიდი ნაწილი სრულადაა განადგურებული. მოკლულები არიან მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრებიც.

    – დონეცკის რაიონში რუსები ინტენსიურად ბომბავენ სლავიანსკა და კრამატორსკს. სამხედრო ძალები ცდილობენ შეტევითი ოპერაციის დაწყებას სოლედარისა და სივერსკის მიმართულებით, თუმცა უკრაინელები იტყობინებიან რომ ბოლო რამდენიმე დღეა მეტრიც კი არ დაუკარგავთ. რუსები უკრაინელთა პოზიციებს სინჯავენ. ამასთან, იმის ფონზე, რომ ლუგანსკის ოკუპირებულ რაიონში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკის თავმოყრა ხდება სწორედ ლისიჩანსკიდანაა სავარაუდო შეტევის წამოწყება დონეცკის რაიონზე. თუმცა, ერთი შეხედვით, ბოლო რამდენიმე დღეა შეტევის ინტენსივობამ იკლო.

    სინამდვილეში რუსებმა ლუგანსკის რაიონის დასაკავებლად თავისი რესურსების მაქსიმუმი გაიღეს და ახლა შევსების გარეშე ვეღარ აწარმოებენ ფართომასშტაბიან შეტევას. სავარაუდოა, რომ მათი გადაჯგუფებისა და შევსებების შემდეგ დონეცკის რაიონზე შეტევის კიდევ ერთი ფაზა იქნება. ამ პერიოდს უკრაინელებიც ეფექტურად იყენებენ და ძალიან კარგად ემზადებიან საკუთარი პოზიციების დასაცავად. ამ პირობებში რუსებს ძალიან გაუჭირდებათ წინ წაწევა.

    – რუსებმა დღეს ქალაქ მიკოლაივში უნივერსიტეტის შენობები დაბომბეს. არიან დაშავებულები და დაღუპულები. სამოქალაქო ობიექტების ამორჩევა შემთხვევითი არაა. მათი მიზანი ქვეყნის სრული განადგურება, მოსახლეობაში პანიკის დათესვა და ტერორის მეშვეობით უკრაინელთა საბრძოლო სულისკვეთების გატეხაა. მაგრამ, ზოგადად მსგავსი მოლოდინი გულუბრყვილობაა – უმეტეს შემთხვევაში, ასეთ დროს წინააღმდეგობის სურვილი ბევრად იზრდება ხოლმე.

    – ზაპორიჟიას რაიონში ენერჰორადის ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა საარტილერიო დანადგარები და სარაკეტო კომპლექსები განათავსეს და მდინარე დნეპრის მეორე მხარეს მდებარე ქალაქ ნიკოპოლს ბომბავენ. უკრაინელები ენერჰორადის ელექტროსადგურს ვერ ბომბავენ. პრაქტიკულად, რუსებმა რადიაციული დაბინძურების საფრთხე საკუთარ საფარად გამოიყენეს და საცეცხლე პოზიციად აქციეს ის, რაც ყველას და ყველაფერს უქმნის საფრთხეს.

    – ზაპორიჟიას რაიონში რუსული ავიარეიდის მცდელობა ჩავარდა. უკრაინელებმა ორი რუსული მოიერიშე თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ჩამოგდება მოახერხეს.

    – რუსები ინტენსიურად ბომბავენ დნიპროპეტროვსკის რაიონს. მათ ცოტა ხნის წინ დაბომბეს ქალაქი დნიპრო, კრივიი რიჰის შემოგარენი და ხერსონი-დნიპროს გზა.

    – უკრაინელები ხერსონში რუსული პოზიციების განადგურებას განაგრძობენ. ამასთან, რაიონის სოფლებში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ და ხალხს აწიოკებენ და აიძულებენ წასვლას, შემდგომ იქაურობას ძარცვავენ და წვავენ. ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი საცეცხლე პოზიციად აქვთ გადაქცეული. გაქცეული ხალხი ფეხით მიემართება სამშვიდობოს მაღალი ტემპერატურის, უწყლობისა და მუდმივი სარაკეტო დაბომბვის პირობებში”- წერს კობერიძე.

  • ჟანგდება „დიდგორები”, რა გახდა გაგზავნა? უამრავი უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენდა – უკრაინაში მებრძოლი ქართველი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი ქართველი, რატი ბურდული Girchi TV-ში საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია თურქეთის დახმარებით უკრაინელებს ქართული ჯავშანმანქანები “დიდგორები” მიაწოდონ, რომლებიც ძალიან გამოსადეგია ქალაქებში, მედევაკუაციის მხრივ.

    “სირცხვილია, ერთ ნავში ვართ და ჩვენ გარდა ყველა ეხმარება უკრაინას სამხედრო მხრივ. ჟანგდება დიდგორები საწყობებში. 2 ცალი რა გახდა რო დადო და გააგზავნო. იდეალური მანქანაა გაუშვი თურქეთში და თურქები ჩაიყვანენ ადგილზე. სიმბოლურად დაახვიონ წითელი ბაფთა ორ ცალ დიდგორს რომელსაც არ ამუშავებ და ვერ იყენებ და გაუშვი აჩუქე. მე ვარ პასუხისმგებელი რომ მედევაკუაციისთვის იდეალური მანქანაა და უამრავ უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენდა. როგორც საბრძოლო მანქანა მაინცდამაინც ვერ ამართლებს განსაკუთრებით რთულ რელიეფზე, მაგრამ მედევაკუაციისთვის ქალაქებში არის იდეალური. ძალიან გამოგვადგებოდა იქ რომ გვქონდეს. ელემენტარულად ძალიან დიდი მესიჯი იქნებოდა სახელმწიფოსგან, დაგვიანებული იქნებოდა მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.” – განაცხადა რატი ბურდულმა.

    მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად. ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.
    მანქანას გააჩნია 3 ფენიანი  სენდვიჩის ტიპის დაჯავშნული ფსკერი. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.
    მანქანას გააჩნია მოდულური კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ათეულობით სხვადასხვა მოდიფიკაციის და სხვადასხვა შეიარაღების მატარებელი საბრძოლო მანქანა.