Category: მსოფლიო

  • რუსები მიკოლაევს ბომბავენ

    უკრაინის ქალაქ მიკოლაევში დღეს დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმის. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში უკვე 10-ზე მეტი აფეთქება მოხდა. თვითმხილველები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ  ბომბები მოხვდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და საცხოვრებელ კორპუსს. ასევე უნივერსიტეტის შენობებს. ქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

    მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი კიმის ცნობით, რუსი ოკუპანტების დაბომბვის ერთ-ერთი სამიზნე მიკოლაევის უნივერსიტეტი გახდა.

    “დღეს ტერორისტმა რუსეთმა შეუტია მიკოლაევის ორ უმსხვილეს უნივერსიტეტს. მინიმუმ 10 რაკეტა. ახლა ისინი ჩვენს განათლებას უტევენ. ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტებს დაადასტურონ, რომ რუსეთი არის ტერორისტი“– დაწერა კიმმა ტვიტერზე.

  • დღეს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს პასუხს გასცემენ – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ დღეს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებს ვინიცის, მიკოლაევისა და ხარკოვის დაბომბვისთვის პასუხს გასცემს. ამის შესახებ არესტოვიჩმა ტელეგრამის არხზე დაწერა.

    „ჩვენ მათ ვურტყამთ, ხოლო ისინი ჩვენ. განსხვავება ჩვენსა და მათ შორის ისაა, რომ ჩვენ ვურტყამთ მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს. უკვე 300 წელია ცივილიზებულ სამყაროში ომის წესები გულისხმობს ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას მოქმედების მეთოდებისა და განადგურების საშუალებების არჩევისას.

    თუ ომისას პრობლემის გადასაჭრელად საკმარისია მტრის დაჭრა და არა მოკვლა, წესები გულისხმობს, რომ მტერი მხოლოდ უნდა დაიჭრას. ფრთოსანი რაკეტების სროლა ქალაქის ცენტრში არ არის მხოლოდ ომის წესების დარღვევა. ესაა ლოგიკისა და ცივილიზაციის უარყოფა. და ცივილიზაცია იძლევა პასუხს. ეს პასუხი არ იქნება სწრაფი, რადგან ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. მაგრამ ყოველი ასეთი დარტყმა აჩქარებს ცივილიზაციის მიერ ზომების მიღებას ანტიცივილიზაციის წინააღმდეგ: სანქციებს, იარაღის გადაცემას. იქნება კიდევ ბევრი ჩვენი დარტყმა, მათი საპასუხო დარტყმა, ისევ ჩვენების, ისევ მათი.

    პუტინის რეჟიმი დამარცხდება ბრძოლის ველზე, მისი დამარცხების სხვა გზა არ არსებობს. და მას მოკლავს როლი, რომელიც მათ თავად აირჩიეს – ანტიცივილიზაცია.

    დღეს ღამით, ЗСУ (თვითმავალი საზენიტო ქვემეხი) ოკუპანტებს ვინიცის, მიკოლაევისა და ხარკოვისთვის პასუხს მოჰკითხავს“, – წერს არესტოვიჩი.

    უკრაინის ქალაქ ვინიცაში დღეს, 14 ივლისს მომხდარი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობას ამ დრომდე აზუსტებენ, ნანგრევებში მოყოლილებს კი მაშველები ეძებენ. დილით, ქალაქის ცენტრის დაბომბვას, ბოლო ინფორმაციით 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. 80-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 39 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

  • საფრანგეთი უნდა ემზადოს რუსული გაზის მოწოდების სრული შეწყვეტისთვის–მაკრონი

    საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი გაზს იყენებს როგორც ომის იარაღს და მზად უნდა იყვნენ მისი მოწოდების შეწყვეტისთვის.

    ამის შესახებ როიტერი წერს.

    საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა თქვა, რომ ამ მობილიზაციის ნაწილია ფრანგი მომხმარებლების და საწარმოების ჩართვა ენერგიის მოხმარების შემცირების კამპანიაში.

    “უნდა მოვემზადოთ სცენარისთვის, როცა მოგვიწევს სრულად ვთქვათ უარი რუსულ გაზზე“–თქვა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში წარმოადგენს ენერგომოხმარების შეკავების დეტალურ გეგმას.

    მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე საფრანგეთმა უნდა განაგრძოს საკუთარი არმიის გაძლიერება, ახალი საბრძოლო ტექნიკის შექმნა და საბრძოლო მასალების მარაგების შევსება.

  • იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი თანამდებობას ტოვებს

    იტალიის პრემიერ მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან მიდის.

    პრემიერის პრეს სამსახურის ინფორმაციით, დრაგიმ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯო მატარელეს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

    “მინდა განვაცხადო, რომ დღეს საღამოს გადავცემ გადადგომის თხოვნას რესპუბლიკის პრეზიდენტს“– ნათქვამია დრაგის განცხადებაში.

    მინისტრებისადმი მიმართვისას დრაგიმ აღნიშნა, რომ აღარ არსებობს ნაციონალური ერთიანობის კოალიცია, რომელიც მხარს უჭერდა მთავრობას მისი შექმნის მომენტიდან, შესაბამისად, ის ვეღარ ხედავს მისი კაბინეტის მუშაობის შესაძლებლობას.

    გადადგომის საბაბი გახდა მოძრაობა “5 ვარსკვლავის“ – მმართველი კოალიციის ერთ–ერთი მთავარი პარტიის უარი, მონაწილეობა მიეღო კენჭისყრაში იტალიის პარლამენტის ზედა პალატაში მთავრობის ნდობის გამოცხადების შესახებ, რითაც მათ ფორმალურად დააფიქსირეს საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლა.

    მანამდე დრაგი აცხადებდა, რომ ვერ ხედავს მის მთავრობას მოძრაობა “5 ვარსკვლავის“ მონაწილეობის გარეშე, ამასთან აღნიშნავდა, რომ კოალიციის ულტიმატუმების გზით შენარჩუნებას აზრი არ აქვს.

    შეგახსენებთ, რომ მარიო დრაგიმ იტალიის მინისტრთა საბჭოს მეთაურის პოსტი 2021 წლის 13 თებერვალს დაიკავა.

  • პოლონეთში ყოფილ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკთან, მასობრივი სამარხი იპოვეს

    პოლონეთში, საკონცენტრაციო ბანაკთან ახლოს მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს – ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი იუწყება. ქალაქ ჯიალდოვოში აღმოჩენილ სამარხში სულ მცირე 8 000 ადამიანის, ჯამში კი 17.5 ტონა ფერფლია აღმოჩენილი.

    მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ცხედრები შეაგროვეს და დაწვეს ნაცისტური ოპერაციის დროს, რათა ჩადენილი მკვლელობების კვალი დაეფარათ. ნაცისტებმა სოლდაუში მოკლეს ებრაელები, პოლიტიკური ოპონენტები და პოლონური ელიტის წევრები.

    აღნიშნული საკონცენტრაციო ბანაკი,  1939 წელს აშენდა. ითვლება, რომ იქ 30 000-მდე ადამიანი დაიღუპა და მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ნეშტების დნმ-ის ანალიზს ჩაატარებენ, რათა მეტი გაიგონ მსხვერპლის შესახებ. მოკლულ პოლონელებს შორის იყვნენ სასულიერო პირები და ინტელიგენციის წარმომადგენლები.

     

     

  • CNN:ომის შემდეგმა ფაზამ შეიძლება მისი ბედი გადაწყვიტოს

    უკრაინაში ომი მორიგ გარდამტეხ წერტილს მიუახლოვდა, და ორივე მხარის მებრძოლები საბრძლო მოქმედებების მესამე აქტისთვის ემზადებიან, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის ბალანსი გადატეხოს – წერენ ტელეკომპანია CNN–ის ჟურნალისტები ანალიტიკურ სტატიაში.

    “ეს ძალიან გაჭიანურებული ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა ორ არმიას შორის, რომლებმაც უზარმაზარი დანაკარგები ნახეს და გამოფიტვასთან ძალიან ახლოს არიან“– ამბობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ჯასტინ ბრონკი დონბასში სამთვიანი ბრძოლების შემდეგ არსებული ვითარების აღწერისას.

    მოსალოდნელია, რომ რუსეთის პრეზიდენტის შემდეგი ნაბიჯი დონეცკის ოლქზე შეტევა იქნება, რომლის აღება მთელი დონბასის აღებას უდრის, სადაც 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული დაჯგუფებები არიან.

    თუმცა, როდის და როგორ მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია. იმ დროს, როცა რუსეთი ინტენსიურ საჰაერო დარტყმებს განაგრძობს, რუსეთის სახმელეთო ძალებს ოპერატიული პაუზა აქვთ.

    ამან შეიძლება უკრაინულ არმიას მომზადების დრო მისცეს დონეცკის ოლქის იმ ნაწილებში, რომლებსაც ჯერ კიდევ ინარჩუნებს, ძირითადად სამრეწველო ზოლში, რომელიც სლავიანსკიდან სამხრეთით მიდის. ასევე ნარჩუნდება უკრაინელების კონტრშეტევის ალბათობა ქვეყნის სხვა ნაწილებში, მათ შორის ხერსონში.

    სრულმაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგი ფაზა, როცა ის დაიწყება, შეიძლება არ აღმოჩნდეს უკანასკნელი, თუმცა შეიძლება მან განსაზღვროს უკრაინის ცენტრალური რეგიონის მომავალი  და ანალიტიკოსების აზრით, მნიშვნელოვანწილად განსაზღვროს ომის შედეგები– წერს CNN.

    ექსპერტების აზრით, თუ პუტინი დონბასს აიღებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის უკრაინაში ომს შეწყვეტს.

    “არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ამბიციები სრულად გაქრა. მათ მართლაც განზრახული აქვთ დონბასზე სრული კონტროლი მოიპოვონ, თუმცა თუ აქ წარმატებას მიაღწევენ, შეეცდებიან კიდევ უფრო მეტი წარმატება მოიპოვონ.“– ამბობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ევროპული პროგრამის დირექტორი, მაქს ბერგმანი.

    თუ პუტინი დონბასის საზღვრებს მიღმა გადავა, მან შეიძლება გადაწყვიტოს დნეპრის ნაპირებისკენ წაიწიოს წინ, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ჰყოფს. ეს კი ქვეყნის ნახევრის დაპყრობის მცდელობას ნიშნავს, რაც დასავლეთის აღშფოთებას გამოიწვევს და მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს ომს– ნათქვამია სტატიაში.

  • მოლდოვას პრეზიდენტი: რუსული არმიის წინააღმდეგ ჩვენს არმიას თოხებით მოუწევს ბრძოლა

    ტელეარხ მოლდოვა1–თან ინტერვიუში მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ შიში  გამოთქვა რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ ნაციონალური შეიარაღებული ძალები არასაკმარისად არიან აღჭურვილი და მომზადებული.

    “თუ რუსეთი ერთხელაც შეეცდება ჩვენ თავს დაგვესხას, რას გავაკეთებთ? გავგზავნით არმიას თოხებით თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომ როგორღაც თავი დავიცვათ? ჩვენ არ გვინდა ვინმეს თავს დავესხათ, არ გვინდა, რომ ვინმემ ომში ჩაგვითრიოს, მაგრამ ეს არის რეალობა, რომლისთვისაც უნდა ვემზადოთ“–თქვა მოლდოვას პრეზიდენტმა.

  • რუსეთმა ომი წააგო. მათ უკვე ყველაფერი სცადეს და ახლა თავდაცვაზე გადადიან–არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით ამერიკულმა HIMARS–ებმა რადიკალურად შეცვალეს თამაშის წესები ბრძოლის ველზე.

    მისი  თქმით, უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, რუსი ოკუპანტების მდგომარეობა უზარმაზარი დანაკარგების გამო ძალიან ახლოს არის პანიკასთან.

    “ HIMARS–ებმა რადიკალურად შეცვალეს ბრძოლის ველზე თამაშის წესები. ბოლო ერთ კვირაში სულ 50 დარტყმა განხორციელდა. ყველა მათგანი შედეგიანი იყო. არცერთი მიზანს არ აცდენია. ყველგან დეტონაცია, აფეთქებები, განადგურება და ა.შ.“– ამბობს არესტოვიჩი.

    მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები უკვე რაღაცას ხვდებიან. სოციოლოგიური კვლევებით ფულის გადახდა არმიისთვის არ უნდათ, არმიაში წასვლა არ უნდათ, “ოპერაციისადმი“ მოსახლეობის მხარდაჭერა დაეცა.

    “რუსი სამხედროებისთვის დაგილებზე უკვე დიდი ხანია ყველაფერი ცხადია.

    რუსეთმა ომი წააგო.

    ქერჩის ხიდის დასაცავად უზარმაზარი რაოდენობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებია მობილიზებული, მის დასაცავად ყოველდღე ტარდება სწავლებები.

    ანტონოვსკის ხიდთან საფორტიფიკაციო ნაგებობებს აგებენ. დნეპრზე უკან დახევას და ხერსონიდან წასვლას გეგმავენ.

    პუტინის განცხადება, რომ 15 ივლისს რაღაცას გვაჩვენებს, არაფრით არის გამყარებული.

    მათ უკვე ყველაფერი სცადეს და გამოიყენეს, რაც შეიძლებოდა და ახლა თავდაცვაზე გადადიან.

    პუტინს არაფერი გამოუვიდა თებერვალში, და ახლა იმ რესურსის 10%–იც აღარ გააჩნია.

    ეს არის  დასასრულის დასაწყისი “სპეცოპერაციისა“, რომლის მიზნები ქაღალდზე და კრემლის ბელადის ოცნებებში დარჩა.“–ამბობს არესტოვიჩი ბოლო ინტერვიუში.

  • ზელენსკის ოფისი პასუხობს ბრალდებებს, რომ უკრაინა დასავლური იარაღით ვაჭრობს

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხეილ პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ რუსები უკრაინის დისკრედიტაციას ცდილობენ, რათა ქვეყანაში დასავლური იარაღის მიწოდება შეფერხდეს.

    “უკრაინაში იარაღის  ყველა სახეობა, მათ შორის შორსმსროლელი, მკაცრ აღრიცხვას ექვემდებარება და ფრონტზე იგზავნება. უკრაინისთვის იარაღი გადარჩენის საკითხია. მასზე კონტროლი – ჩვენი პრიორიტეტი. ყველა “ჭორი“ სხვა დანარჩენის შესახებ ბანალური რუსული პროპაგანდისტული “გაჟონვებია“, რომლის მიზანი იარაღის მოწოდების ჩაშლაა“–თქვა პოდოლიაკმა.

    ანალოგიური განცხადებით გამოვიდა ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო, რომელმაც თქვა, რომ არის მისი დისკრედიტაციის მცდელობა იმ ჭორების გავრცელებით, თითქოს ის იარაღის და ნარკოტიკის კონტრაბანდას მფარველობს. მარჩენკომ ხაზი გაუსვა, რომ ამ ინფორმაციის “გაჟონვა“ რუსეთის მიერ არის ინსპირირებული.

    “როგორც ჩანს, ყველა ნარკოტიკს რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობა აკონტროლებს, რადგან ისინი განაგრძობენ ასეთი საეჭვო შინაარსის ინფორმაციის “გაჟონვას“. ოლქის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის ყველა მცდელობა ოკუპანტების მიერ იაფფასიანად და საცოდავად გამოიყურება“–თქვა მან.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გაიმართა ევროკავშირის ქვეყნების, ასევე უკრაინის და მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მოლდოვას ტერიტორიაზე ჰაბის შექმნის საკითხი, რომლის ამოცანა უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის მცდელობების აღვეთა. ევროპელების შიში უკავშირდება ყოფილ იუგოსლავიაში ომის გამოცდილებას, რომლის შედეგად ევროკავშირი უკანონო იარაღმა წალეკა, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის მიერ გამოიყენება.

    მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ–ს და ზოგიერთ ექსპერტს აწუხებს საკითხი, როგორ იქნება გამოყენებული უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი, მათ შორის სტინგერები, რომლითაც სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდება შეიძლება. დასავლელი პარტნიორები შიშობენ, რომ იარაღი შეიძლება ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს.

  • ცნობილი გახდა ბრიტანეთის პრემიერობის იმ კანდიდატთა სია, ვინც არჩევნების მეორე ტურში გადავიდა

    ვინ დაიკავებს ბორის ჯონსონის წასვლის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტს– პარტიაში დასახელებული კანდიდატებიდან მეორე ტურში 6 კანდიდატი გადავიდა.

    ყველაზე მეტი – 88  ხმა ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა მიიღო.

    მეორე ტურში ასევე გადავიდნენ:

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტი

    ქალების საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, კემი ბადენოკი

    საგარეო საქმეთა მინისტრი  ლიზ ტრასი

    თემთა პალატის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი ტომ ტუგენდჰატი

    ინგლისის და უელსის გენერალური პროკურორი სუელა ბრავერმანი