Category: მსოფლიო

  • “სრულად ვენდობით“– ევროპოლმა დააკონკრეტა, რას გულისხმობდა მათი განცხადება ურაინიდან იარაღის შესაძლო კონტრაბანდაზე

    ევროპული პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინელ ჩინოვნიკებთან, რათა შეამციროს ევროკავშირში იარაღი კონტრაბანდის საფრთხე, ნათქვამია ევროპოლის განცხადებაში.

    ის მეორე დღეს გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ევროპოლის ოფიციალური წარმომადგენლის, იან ოპ გენ ოორტის სიტყვები იმის შესახებ, რომ ორგანიზაციამ დააფიქსირა იარაღით და სამხედრო საქონლით შავ ბაზარზე ვაჭრობის შემთხვევები. მან ასევე განაცხადა შეშფოთების შესახებ იმის გამო, რომ იარაღი და საბრძოლო მასალები საზღვრის გასწვრივ ინახება ევროკავშირში კონტრაბანდისთვის.

    თუმცა, პარასკევს ევროპოლმა ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც მისი წარმომადგენლის სიტყვები დააკონკრეტა: “ჩვენ სრულად ვენდობით უკრაინელ ჩინოვნიკებს და ისინი ახალ ზომებს იღებენ ამ იარაღის კონტროლისა და მეთვალყურეობისთვის“–ნათქვამი განცხადებაში.

    ამასთან, განცხადებაში ისიც არის ნათქვამი, რომ “პოტენციური საფრთხე, რომელიც წარსულში აღინიშნებოდა სამხედრო  კონფლიქტების ზონებში, რომ ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება ცუდ ხელში აღმოჩნდეს, არსებობს. უკრაინაში ომთან დაკავშირებით ევროპოლი გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების გავრცელებას შეიძლება ევროკავშირში იარაღის და საბრძოლო მასალების კონტრაბანდა გამოეწვია არსებული არხებით და ონლაინ–პლატფორმებით. ეს საფრთხე შეიძლება კონფლიქტის დასრულების შემდეგ უფრო გაიზარდოს.“

    პენტაგონში აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ უკრაინიდან ევროკავშირში იარაღის კონტარაბნდის ნიშნებს.

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ ტვიტერზე დაწერა, რომ ფეიკ ნიუსებს დასავლეთის მიერ გადაცემული იარაღის არამიზნობრივ გამოყენებაზე რუსეთი ავრცელებს.

    უფრო მკაცრი განცხადება გააკეთა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი დანლოვმა. მან თქვა, რომ დასავლურ მედიაში პუბლიკაციები იარაღის შესაძლო კონტრაბანდაზე მაშინ გამოჩნდა, როცა რუსეთი “მაშტაბურ საინფორმაციო სპეცოპერაციას“ ატარებს უკრაინის დისკრედიტაციისთვის, რომლის მიზანი დასავლეთიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტაა.

    დანილოვმა პირობა დადო, რომ ევროპოლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს მათ გაცხადებებს შავ ბაზარზე იარაღის და საბრძოლო მასალების მოხვედრის შესახებ და მიანიშნა, რომ მათგან ელოდება ფაქტებს და მტკიცებულებებს.

  • უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით! – ჯოზეფ ბორელი

    უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით! – ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

    • ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის (510 მილიონი დოლარი) სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

    „ევროკავშირი რჩება კონცენტრირებული და მტკიცე მხარდაჭერა აქვს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით. ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშის მობილიზებაზე შეთანხმდნენ, რაც 2,5 მილიარდ ევროს სამხედრო აღჭურვილობას შეადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, – განაცხადა  ჯოზეფ ბორელმა.

  • უკრაინა და რუსეთი ხორბლის გატანაზე შეთანხმდნენ

    რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ კიევი შავი ზღვის პორტებიდან ხორბლის გატანას შეძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთი ავრცელებს. თურქეთი გაეროსთან ერთად, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა.

    აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს.

    მხარეებმა ხელშეკრულებებს ხელი ცალ-ცალკე მოაწერეს. დოკუმენტს ხელი ჯერ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ  მოაწერა ხოლო შემდეგ, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.

    გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა  ამ შეთანხმებას, ომში “იმედის შუქურაა” უწოდა.

    რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში ხორბლის უმსხვილეს ექსპორტიორები არიან.

    უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, უკრაინა აქამდე შავი ზღვით ხორბლის გატანას ვერ ახერხებდა. უკრაინა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით მარცვლეულის მოპარვაში სდებს ბრალს.

  • იარაღი ადრე რომ მიგვეღო სევეროდონეცკის დაბრუნებას შევძლებდით – გაიდაი

    ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ პარტნიორი ქვეყნებისგან იარაღი ადრე რომ მიეღო უკრაინას, ქვეყანა ლუჰანსკის რეგიონის ოკუპაციას აიცილებდა.

    “იარაღი ადრე რომ მიგვეღო, მაშინ, პრინციპში, სევეროდონეცკის დაბრუნებაც კი შეგვეძლო. პრობლემა ის არის, რომ რუსებს საბჭოთა არტილერიის უზარმაზარი რაოდენობა აქვთ,” – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაიდაიმ.

  • რუსეთი Marlboro–ს და IQOS–ის გარეშე რჩება

    სიგარეტის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, ამერიკული Philip Morris წლის ბოლოს რუსული ბაზრის დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იაცეკ ოლჩაკმა განაცხადა.

    კომპანიის ყველაზე ცნობილი ბრენდია  Marlboro, ასევე კომპანია აწარმოებს ბრენდებს:  Parliament, Chesterfield L&M, Next და თამბაქოს გამაცხელებელ სისტემებს  IQOS.

    რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ Marlboro–ს ყიდვას, რომლის კოლოფი საბჭოთა პერიოდში უცხოური სიგარეტის სიმბოლო იყო. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ეს ბრენდი რუსეთში აღარ შევა, თუმცა არ არის გამორიცხული ის არაოფიციალურად, პარალელური იმპორტის გზით მოხვდეს რუსეთში.

    თამბაქოს გიგანტისთვის რუსეთი სიდიდით მეშვიდე ბაზარია. მას რუსული ბაზრის 27% ეკუთვნის. ასეთი ციფრები დაასახელა ოლჩაკმა ბლუმბერგთან ინტერვიუში:

    “ყველა ღონეს ვხმაროთბ, რომ ჩვენი რუსეთში ყოფნა შეწყდეს. მაგრამ ვიფქრობ, ეს შემდეგი კვარტლის განმავლობაში ვერ მოხდება.“

    ოლჩაკის თქმით,ბაზრიდან გასვლის პროცესის დასრულება წლის ბოლოს შესაძლებელია.

    უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Philip Morris–ს ბაზრის დატოების განზრახვის შესახებ პირდაპირ არ განუცხადებია. მარტის დასაწყისში მან თქვა, რომ წარმოებას ამცირებს და რუსეთში ინვესტირებას წყვეტს, ასევე ამცირებს წარმოების მოცულობას მიწოდების ჯაჭვში შექმნილი პრობლემების გამო. მარტის ბოლოს კი კომპანიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს აქტივები სხვა მფლობელს გადასცეს – ისევ და ისევ ლოჯისტიკური პრობლემების გამო.

    მანამდე რუსეთიდან წასვლის შესახებ განაცხადა მეორე გიგანტმა– British American Tobacco. ამ ბრიტანულ მწარმოებელს ეკუთვნის ბრენდები:  Dunhill, Kent, Lucky Strike, Pall Mall, Rothmans, ასევე თამბაქოს გამაცხელებელი სისტემა Glo.

  • MI6: რუსული არმია გამოიფიტა. უკრაინელებს შეტევაზე გადასვლა შეუძლიათ

    ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მეთაური, რიჩარდ მური აცხადებს, რომ შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის არმიას სულ უფრო გაუჭირდება ფრონტზე ახალი სამხედროების და შეიარაღების გაგზავნა. მისი აზრით, უკრაინისთვის ეს ნიშნავს ახალი ფანჯრის გაჩენას კონტრშეტევისთვის.

    “ვფიქრობ ისინი მალე გამოიფიტებიან. მოუწევთ გარკვეული პაუზის გაკეთება, რაც უკრაინელებს შესაძლებლობას მისცემს საპასუხოდ დარტყმა განახორციელონ“–თქვა მურმა აშშ–ში, ასპენში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე.

    MI6–ს მეთაურმა ეპიკური ჩავარდნა უწოდა რუსეთის წარუმატებლობას მისი თავდაპირველი მიზნების მიღწევის საქმეში. ეს მიზნები იყო: უკრაინის პრეზიდენტის მოშორება, კიევის აღება და დასავლეთში განხეთქილების შეტანა.

    მან რუსეთის უკრაინაში შეჭრას აგრესიის ყველაზე აშკარა, დაუფარავი ფაქტი უწოდა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

    ივლისის დასაწყისში ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსეთის არმიამ ოპერატიული პაუზის შესახებ განაცხადა, თუმცა რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სამხედროებს მოქმედებების აქტივიზაცია უბრძანა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუს სამხედროებს არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, მათ შორის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში, სადაც მათი ძირითადი ძალებია კონცენტრირებული.

    უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთის არმიის დასუსტებას დასავლეთის მიერ მიწოდებული შორსმსროლელი არტილერიის გამოყენებას უკავშირებენ, პირველ რიგში კი ამერიკული  HIMARS–ების, რაც უკრაინელებს საშუალებას აძლევს რუსეთის იარაღის საწყობებს და ბაზებს დაარტყან და ამგვარად მოსკოვის უპირატესობა გაანადგურონ.

    ასპენში მიმდინარე ფორუმისას მურმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის არმიის დანაკარგები მოკლული სამხედროების სახით მინიმუმ 15 ათასია. ეს მონაცემი დაასახელა აშშ–ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს უფროსმა უილიამ ბერნსმა. ცნობილია, რომ დასავლური სტრუქტურები დანაკარებს მხოლოდ დადასტურებული და იდენტიფიცირებადი შემთხვევებიდან ითვლიან.

    თავად მურმაც ამ მონაცემებს “კონსერვატიული შეფასება“ უწოდა.

    “ეს დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რაც რუსებმა ავღანეთში ათწლიანი ომის დროს დაკარგეს. და ეს სულაც არ არიან ბიჭები მოსკოვის და პეტერბურგის საშუალო კლასიდან. ესენი არიან ღარიბი ბიჭები ციმბირის მუშათა ქალაქებიდან. მათ შორის არაპროპორციულად ბევრია ნაციონალური უმცირესობების წარმომადგენელი. ეს საზარბაზნე ხორცია“–თქვა მურმა.

    მისი შეფასებით, გარდაცვლილების გარდა, რუსეთის არმიამ უკრაინაში დამატებით 45 ათასი ჯარისკაცი დაკარგა დაჭრილების სახით.

    უკრაინული მხარის მონაცემებით რუსეთმა უკრაინაში ომის განმავლობაში 38.5 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.

  • ევროპოლი აცხადებს, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ მონაცემებს ფლობს

    ევროპული პოლიციის სამმართველოს, ევროპოლის წარმომადგენელმა, იაპ ოპ გენ ოორტმა განაცხადა, რომ  ისინი ფლობენ მონაცემების უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ. ამის თაობაზე გერმანული გამოცემა შპიგელი წერს.

    ევროპოლის წარმომადგენლის განცხადებით დაფიქსირდა შავ ბაზარზე ცეცხლსასროლი იარაღით და სამხედრო დანიშნულების საქონლით ვაჭრობის შემთხვევები.

    ასევე, მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების გამომძიებლებმა აღმოაჩინეს “მძიმე შეიარაღებით ვაჭრობობის ნიშნებიც“, თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ იარაღზეა საუბარი.

    “არის რისკი, რომ იარაღი ორგანიზებულ დამნაშავეთა და ტერორისტთა ხელში მოხვდება“– თქვა ევროპოლის სპიკერმა.

    მისი განცხადებით, შემჩნეულია, რომ უკრაინიდან გადიოდნენ ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით. ასევე არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვრის გასწვრივ იარაღი და საბრძოლო მასალები ევროკავშირში კონტრაბანდის მიზნით ინახება.

    მანამდე ევროპოლის შეშფოთების შესახებ ინფორმაცია გერმანულმა მაუწყებელმა  SWR–მა გაავრცელა. არხმა მოიყვანა კონფიდენციალური წერილიდან ციტატა იმის შესახებ, რომ გამოძიების ინფორმაციით “დანაშაულებრივი ქსელები რეგიონში გააქტიურდნენ და ახორციელებენ ან გეგმავენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების კონტრაბანდას, მათ შორის სამხედრო იარაღის.“

    12 ივლისს Financial Times–მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარი იყო, რომ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნები მოითხოვენ გაუმჯობესდეს უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მეთვალყურეობის სისტემა იმის შიშით, რადგან არსებობს შიში, რომ იარაღი შეიძლება უკრაინიდან ევროპის შავ ბაზარზე მოხვდეს.

  • ბრიტანეთი უკრაინას დამატებით შეიარაღებას მიაწვდის

    ბრიტანეთი უკრაინას მთელ რიგ საარტილერიო იარაღს, მათ შორის, 1600 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ, თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლასმა განაცხადა.

    თავდაცვის მდივნის განცხადებას, წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ჯონსონის მიერ, უკრაინისთვის მილიარდი ფუნტის ფირებულების სამხედრო დახმარების დაპირება. ამით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმსაშტაბიანი ომი წამოიწყო, კიევის მიმართ, ლონდონის დახმარებამ 2,3 მილიარ ფუნტს მიაღწია.

    “ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს ინსტრუმენტები, რათა დაიცვას თავისი ქვეყანა პუტინის უკანონო შემოჭრისგან“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

    უოლასის თქმით, ბრიტანეთი უკრაინისთვის ასევე უზრუნველყოფს სარადარო სისტემებს, ასობით თვითმფრინავს და 50 000-ზე მეტ საბრძოლო მასალას.

    დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას მთელი რიგი სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის თითქმის 7000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასობით რაკეტა და ჯავშანტექნიკა. ასევე, ბრიტანეთი ამზადებდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

  • ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენს Covid19-ი 21 ივლისს  დაუდასტურდა.

  • მოსკოვში ФСБ-ს ყოფილი გენერალი გარდაცვლილი იპოვეს

    რუსული მედიის ცნობით,  მოსკოვის ცენტრში, ФСБ-ს ყოფილი გენერალი ევგენი ლობაჩოვის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი სადარბაზოში მისმა მეუღლემ იპოვა.

    ლობაჩოვს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. იქვე იყო TT-ს მარკის პისტოლეტი. ერთ-ერთი ვერსიით, გენერალმა თავი მოიკლა.

    “76 წლის ლობაჩოვის ცხედარი კაჩალინსკაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა”, – განაცხადა სამართალდამცავი უწყების ერთ-ერთმა წარმოამდგენელმა ТАСС-თან.