Category: მსოფლიო

  • CNN:პენტაგონმა დაამტკიცა ტომაჰავკის რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის, საბოლოო გადაწყვეტილებას ტრამპი მიიღებს

    პენტაგონმა თეთრ სახლს „მწვანე შუქი აუნთო“ უკრაინისთვის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების Tomahawk-ის მიწოდებაზე, რადგან დაასკვნა, რომ ეს აშშ-ის არსენალებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება კი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული, — წერს CNN სამ ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლებიც სიტუაციას კარგად იცნობენ.

    ტრამპის განცხადება ზელენსკისთან შეხვედრაზე


    ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ურჩევნია, არ მიაწოდოს უკრაინას ეს რაკეტები.


    „ჩვენ არ გვინდა გავცეთ ის, რაც ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის გვჭირდება,“ — თქვა მან.

    პენტაგონის წარმომადგენლებმა თეთრ სახლს რაკეტების მარაგების შეფასება წარუდგინეს ზელენსკისთან შეხვედრამდე. ამ შეფასებამ გაამხნევა ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა აშშ-ს ნაკლები მიზეზი ექნება უარი თქვას მიწოდებაზე, — განაცხადა CNN-სთან საუბარში ორმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა.

    ტრამპის პოზიციის მოულოდნელი ცვლილება


    ამიტომაც ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ტრამპმა რამდენიმე დღეში მკვეთრად შეცვალა პოზიცია და ჟურნალისტების თანდასწრებით განაცხადა, რომ აშშ-ს თავად სჭირდება Tomahawk-ის რაკეტები.შემდეგ, დახურულ კარს მიღმა, მან ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ ამ ეტაპზე რაკეტებს არ მიაწვდის.

    გადაწყვეტილება ტრამპმა მიიღო მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

    მიწოდება ჯერ არ გამორიცხულა


    CNN-ის წყაროების თქმით, ტრამპმა „რაკეტების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნა“, ხოლო თეთრ სახლში უკვე მზად არის გეგმა მათი ოპერატიული მიწოდებისთვის, თუ პრეზიდენტი შესაბამის ბრძანებას გასცემს.

    პუტინით იმედგაცრუება და ახალი სანქციები


    ბოლო კვირებში ტრამპი იმდენად იმედგაცრუებული დარჩა პუტინის უარყოფითი პოზიციით, სერიოზულად განეხილა სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომ გასულ კვირას დაამტკიცა ახალი ამერიკული სანქციები რუსეთის ნავთობკომპანიების წინააღმდეგ და  გააუქმა დაგეგმილი შეხვედრა პუტინთან ბუდაპეშტში, — აღნიშნავს ტელეკომპანია.

    ოპერატიული სირთულეები უკრაინაში


    მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონი არ ღელავს მარაგებზე, აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ჯერ კიდევ ფიქრობენ, როგორ შეძლებს უკრაინა ამ რაკეტების ეფექტიან გამოყენებას. მათი თქმით, კიევმა უნდა გადაწყვიტოს რიგი ოპერატიული საკითხები.

    ერთ-ერთი გადაუწყვეტელი საკითხია — საიდან გაუშვებს უკრაინა რაკეტებს, თუკი აშშ მათ მიაწვდის.


    Tomahawk-ის რაკეტები ჩვეულებრივად გაეშვება ზღვიდან — გემებიდან ან წყალქვეშა ნავებიდან, მაგრამ უკრაინის საზღვაო ძალები მნიშვნელოვნად დასუსტებულია, ამიტომ, სავარაუდოდ, მათი გაშვება მოუწევთ ხმელეთიდან. CNN-ის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა უკვე შეიმუშავეს მიწაზე განთავსებული გამშვები სისტემები, რომლებიც შესაძლოა უკრაინას მიაწოდონ.

  • პოკროვსკში სიტუაცია რთულია, ამ მიმართულებით მტრის 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი – ზელენსკი

    პოკროვსკში სიტუაცია რთულია, ამ მიმართულებით მტრის 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი – ზელენსკი

    უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პოკროვსკში, სადაც ოკუპანტები წინ მიიწევენ, სიტუაცია მძიმეა. ამ მიმართულებით რუსი ოკუპანტების  170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი.

    „პოკროვსკში სიტუაცია მძიმეა. ამ მიმართულებით მტრის 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი. ეს ძალიან ბევრია. დღეს დილით ვესაუბრე მთავარსარდალს, პოკროვსკში ცვლილებები არ არის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

  • საფრანგეთში ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილები დააკავეს . ერთი მათგანი ქვეყნის დატოვებას აპირებდა

    საფრანგეთის ხელისუფლებამ დააკავა ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც გასულ კვირას ლუვრის გამბედავ ძარცვაში მონაწილეობდნენ. თავდაპირველად ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი პარიზის პროკურატურამაც დაადასტურა, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა ოფიციალურად არ დაუსახელებიათ.

    გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შაბათ საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს — ის თვითმფრინავში ჩაჯდომას და ქვეყნის დატოვებას აპირებდა. მეორე ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს პარიზის გარეუბანში.

    გაზეთ Le Parisien-ის ინფორმაციით, ორივე მამაკაცი პარიზის მახლობლად მდებარე დეპარტამენტიდან — სენ-სენ-დენიდან არიან და ადრე უკვე მოხვედრილან პოლიციის ყურადღების ცენტრში.

    მათი პირადობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. სააგენტო AFP–ის წყაროზე დაყრდნობით, ერთ-ერთ დაკავებულს აეროპორტში ალჟირისკენ გამგზავრება ჰქონდა დაგეგმილი.

    ლუვრის ძარცვა გასულ კვირას, დღისით მოხდა — მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი მუზეუმიდან 88 მილიონი ევროს (100 მილიონ დოლარზე მეტი) ღირებულების ისტორიული ფასეულობები მოიპარეს. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა აღიარა, რომ უსაფრთხოების პროტოკოლებმა „ვერ იმუშავა“, რამაც ქვეყანას სერიოზული ზიანი მიაყენა. პარიზის პროკურორმა ლორა ბეკუამ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ გამოძიების შესახებ დეტალების დროზე ადრე  გახმაურებამ შესაძლოა გამოძიებას ავნოს.

    „ლუვრის ძარცვიდან ერთ კვირაში ვადასტურებ, რომ შაბათს, 2025 წლის 25 ოქტომბრის საღამოს, განხორციელდა დაკავებები. ერთ-ერთი დაკავებული ემზადებოდა ქვეყნის დასატოვებლად“, — ნათქვამია ბეკუას განცხადებაში მედიის კითხვის პასუხად. განცხადებაში დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა კვლავ არ არის მითითებული.

    „ძალიან ვნანობ, რომ ეს ინფორმაცია გამოძიების ინტერესების გათვალისწინების გარეშე გახდა საჯარო. ასეთი გაჟონვები მხოლოდ ავნებს იმ ასეულობით გამომძიებლის ძალისხმევას, რომლებიც მოპარულ სამკაულებსა და დანაშაულის ყველა მონაწილეს ეძებენ. დამატებითი დეტალების გახმაურება ჯერ ძალიან ადრეა. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ეჭვმიტანილების დაკითხვის დასრულების შემდეგ (რომელიც შეიძლება 96 საათამდე გაგრძელდეს)“, — დასძინა პროკურორმა.

    ლუვრის ძარცვისას ოთხმა ნიღბიანმა დამნაშავემ კარიერის კიბე გამოიყენა, გაემართნენ მუზეუმის ფანჯრისკენ, მოჭრეს მინაც და  ჩარჩოც, შემდეგ კი შენობაში შეაღწიეს.

    მათ გახსნეს მეტალის სეიფები ძვირფასეულობით,  შემდეგ კი სკუტერებით მიიმალნენ. მთელი ოპერაცია რვა წუთზე ნაკლებ დროში მოხდა.

    ძარცვაში მონაწილეობდა ოთხი ნიღბიანი პირი, საიდანაც ორმა შიგნით შეაღწია. გამომძიებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს პროფესიონალი კრიმინალები იყვნენ, რადგან ზუსტად იცოდნენ, რა ნივთების მოსაპარად მიდიოდნენ და მოქმედებდნენ კარგად დაგეგმილი გეგმით.

    ოთხშაბათს პროკურორმა ბეკუამ RTL–თან განაცხადა, რომ მოპარული სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევროს შეადგენს (დაახლოებით 102 მილიონ დოლარს).

    „ეს ფინანსური დანაკლისია, მაგრამ ბევრად უფრო მძიმეა ის ზიანი, რომელსაც ასეთი ქურდობა ისტორიულ მემკვიდრეობას აყენებს“, — აღნიშნა ბეკუამ.

    მოპარულ ნივთებს შორის იყო ბრილიანტებით დამშვენებული სამკაულები, რომლებიც ორმა ნაპოლეონმა თავის ცოლებს აჩუქეს.

    ექსპერტების აზრით, დიდი ალბათობით, მძარცველებმა სამკაულები უკვე ნაწილებად დაშალეს — ამოიღეს ბრილიანტები და გადაადნეს ძვირფასი ლითონები, რათა ბევრად უფრო დაბალ ფასად გაეყიდათ, როგორც უბრალო მასალა და  არა როგორც უნიკალური ისტორიული არტეფაქტები. ცნობილია, რომ გატაცებულია რვა ნივთი — დიადემები, ყელსაბამები, საყურეები და ბროსები — ყველა მათგანი XIX საუკუნეს მიეკუთვნება და ოდესღაც საფრანგეთის სამეფო და იმპერატორების ოჯახის საკუთრება იყო.

    კიდევ ორი ნივთი — მათ შორის იმპერატრიცა ეუჟენის გვირგვინი — გატაცების ადგილთან ახლოს იპოვეს. როგორც ჩანს, მძარცველებს გაქცევის დროს დაუვარდათ.

    მალევე საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ ძარცვის შემდეგ ლუვრში თავისუფლად გამოფენილი ნაწილის სამკაულები გადატანილ იქნა საფრანგეთის ბანკის მიწისქვეშა საცავებში.

  • Reuters: ვაშინგტონი ამზადებს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა გაურკვეველია, შემოიღებენ თუ არა მათ

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა დამატებითი სანქციები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენონ რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ, თუ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააგრძელებს უკრაინაში ომის შეწყვეტის გადადებას, — წერს Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

    ამ კვირაში, ტრამპმა, პირველად თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, უკვე შემოიღო რუსეთზე სანქციები. ისინი შეეხო რუსეთის უდიდეს ნავთობკომპანიებს — „როსნეფტს“ და „ლუკოილს“. ამავე დროს, ამერიკის პრეზიდენტმა გააუქმა დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბუდაპეშტში.

    Reuters-ის ცნობით, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს ასევე განუცხადეს, რომ მხარს უჭერენ ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ამერიკული იარაღის შესაძენად უკრაინისთვის. გარდა ამისა, ვაშინგტონმა დაიწყო იმ შესაძლებლობის განხილვაც, რომ მოხდეს ამერიკაში არსებული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, — განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას ორმა ამერიკელმა წყარომ.

    ჯერ გაურკვეველია,გადადგამს თუ არა ვაშინგტონი ამ ნაბიჯებს უახლოეს პერიოდში, თუმცა ეს მიუთითებს, რომ ადმინისტრაციას აქვს კარგად ჩამოყალიბებული ინსტრუმენტები, რათა კიდევ უფრო გაზარდოს ზეწოლა მას შემდეგ, რაც ტრამპმა რუსეთზე სანქციები უკვე დააწესა, — აღნიშნავს გამოცემა.

    „ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც ტრამპის შერიგებასა და გაღიზიანებას შორის მერყეობის გამო მძიმე მდგომარეობაში არიან, იმედოვნებენ, რომ ის კვლავაც გააძლიერებს ზეწოლას მოსკოვზე და საკუთარი სერიოზული ნაბიჯების გადადგმასაც განიხილავენ,“ — ვკითხულობთ სტატიაში.

    ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ სურს, ევროპელმა მოკავშირეებმა გადადგან რუსეთის მიმართ შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შესაძლოა დამატებით სანქციებს ან გადასახადებს მოიცავდეს. სხვა წყაროს თქმით, ტრამპი სავარაუდოდ რამდენიმე კვირით შეაჩერებს პროცესს, რათა შეაფასოს რუსეთის რეაქცია ოთხშაბათს გამოცხადებულ სანქციებზე.

    წყაროების შეფასებით, აშშ-ს მიერ უკვე მომზადებული დამატებითი სანქციების ნაწილი შეიძლება მიმართული იყოს რუსეთის საბანკო სექტორისა და მის ნავთობის გატანის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

    ბოლო კვირაში, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს მიმართეს ახალი სანქციების შეთავაზებით, — განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ. წამოჭრილ იდეებს შორის იყო ყველა რუსული ბანკის მთლიანად გათიშვა დოლარის სისტემიდან. ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენად სერიოზულად განიხილავს ვაშინგტონი კიევის ამ მოთხოვნებს, — ასკვნის Reuters.

  • Reuters: რესპუბლიკელი დონორი ვაშინგტონში ანტიდასავლური „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ლობირებს

    საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters სტატიას უძღვნის ქართული ოცნების ლობისტს შეერთებულ შტატებში, რომელიც ცდილობს ქართულ ოცნებაზე ზეწოლისთვის განკუთვნილი კანონპროექტები შეაფერხოს.  სააგენტოს ინფორმაციით რესპუბლიკელი დონორი სტივ ნიკანდროსი კონგრესში მოქმედებდა იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლას საქართველოს მმართველ პარტიაზე  და ამას წერილი ადასტურებს, რომელიც სააგენტოს ხელში ჩაუვარდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ  „ქართული ოცნება“ დასავლეთში მწვავე კრიტიკის ქვეშაა დემოკრატიის უკუსვლისა და მოსკოვთან დაახლოების გამო. ინიციატივის ავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი კი აღშფოთებულია ნიკანდროსის ქმედებებით.– წერს Reuters. 

    გთავაზობთ სტატიის სრულ თარგმანს:

    ვაშინგტონი, 23 ოქტომბერი (Reuters) — ამერიკელი ბიზნესმენი და რესპუბლიკელი დონორი, რომელსაც საქართველოში ბიზნესინტერესები აქვს, ბოლო კვირების განმავლობაში კონგრესის წევრებთან ლობირებდა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელმაც ზეწოლა უნდა მოახდინოს ქვეყნის ანტიდასავლურ მმართველ პარტიაზე. ამან გააღიზიანა გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი და კიდევ უფრო გაამწვავა კაპიტოლიუმში არსებული დაპირისპირება საქართველოს – რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორის მიმართ პოლიტიკის საკითხზე.

    კანონმდებელთა ორპარტიული ჯგუფი  იბრძვის კანონპროეტის მისაღებად, რომელიც დასჯის თბილისის სულ უფრო ავტორიტარულ და მოსკოვზე ორიენტირებულ მთავრობას. ამასობაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ზრდის ზეწოლას კრემლზე უკრაინაში ომის გამო — ოთხშაბათს მას რუსულ ნავთობურ კომპანიებზე ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა.

    ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც დიდწილად შეუზღუდავდა აშშ-ის მთავრობას „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმაციის შესაძლებლობას.

    თუმცა ტეხასელი ნავთობის მაგნატი და რესპუბლიკელი დონორი სტივ ნიკანდროსი 30 სექტემბრით დათარიღებულ წერილში მადლობას უხდის რესპუბლიკელ კონგრესმენებს, რომლებმაც ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

    როიტერსის ხელში არსებული წერილი ასევე მოუწოდებს მათ, რომ შეეცადონ კანონის საბოლოო ჩაგდებას – მას შემდეგ, რაც ის უკვე გავიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და პლენარულ კენჭისყრას ელოდება.

    კანონპროექტის ავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ნიკანდროსის მცდელობით ჩაშალოს ინიციატივა.

    ნიკანდროსმა როიტერსს კომენტარის თხოვნაზე არ უპასუხა.

    წერილში, რომელიც კომპანია TXN Energy-ის ხელმძღვანელის ხელმოწერილია, ნიკანდროსი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული ძალაა, ხოლო მსგავსი კანონპროექტი საქართველოს კიდევ უფრო მიუახლოვებს რუსეთს და დააზიანებს ამერიკულ ბიზნესინტერესებს, მათ შორის მის კომპანიასაც. TXN Energy საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს.

    „ჩვენნაირი კომპანიებისთვის, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებენ, სტაბილური ორმხრივი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ — აღნიშნულია წერილში.

    ნიკანდროსის ლობირება და უილსონის პროტესტი კაპიტოლიუმში მიმდინარე ხანგრძლივი დავის ბოლო მაგალითია. ორივე პარტიის წარმომადგენლები მწვავედ აკრიტიკებენ თბილისის ხელისუფლებას ავტორიტარული მეთოდების გაძლიერებისა და რუსეთისთვის ეკონომიკური არხის გახსნის გამო.

    2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველო რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო მარშრუტად იქცა, რის შედეგადაც ორმხრივი ვაჭრობა საგრძნობლად გაიზარდა. ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აშორებს საქართველოს დასავლეთს და ამყარებს კავშირებს მოსკოვთან, თეირანთან და პეკინთან.

    თუმცა საქართველოს მიმართ სანქციების ან ზეწოლის კანონპროექტები ხშირად ჩერდება საკანონმდებლო პროცესში, რაც კონგრესში იმედგაცრუებას იწვევს. ერთი ასეთი ინიციატივა, რომელიც სანქციებს აწესებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სენატში ჩარჩა, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატამ ის მაისში დამაჯერებლად – 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ – დაამტკიცა.

    დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოჰენმა სექტემბერში საჯარო მოსმენაზე აღნიშნა:
    „საოცარია, რომ ასეთი ფართო მხარდაჭერის მიუხედავად, ეს კანონპროექტი ვერ წინ მიდის. ვერ ვხვდები რატომ.“

     

    უილსონის ინიციატივის საბოლოო დამტკიცების გზაც საკმაოდ მყიფეა, რადგან სენატში მას ანალოგი კანონპროექტი არ აქვს. ნიკანდროსის წერილი Reuters-ს გადასცა ერთ-ერთმა მაღალი რანგის რესპუბლიკელმა თანაშემწემ, რომელიც შეშფოთდა, რომ ნიკანდროსის ქმედებები კიდევ უფრო დაასუსტებსკანონპროექტის მიღების შანსებს.

    სხვადასხვა კონგრესმენი მოითხოვს მაქსიმალურ ზეწოლას რუსეთსა და მის სავაჭრო პარტნიორებზე, რათა პუტინი აიძულონ მოლაპარაკებას დაუბრუნდეს უკრაინის საკითხზე. სხვები კი უჭერენ მხარს უფრო შერბილებულ პოლიტიკას მოსკოვისადმი — ტრამპი კი, როგორც ცნობილია, ორივე მიდგომას შორის მერყეობს.

    უილსონმა განაცხადა, რომ საკითხს განიხილავს ასევე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის რანგში:

    „როგორც კომისიის თანათავმჯდომარე, რომელსაც აქვს საგამოძიებო უფლებამოსილება, ვაპირებ უფრო დეტალურად გავარკვიო ამ პირის საქმიანობა,“ — მოგვწერა ვილსონმა ელექტრონული ფოსტით.

    საქართველოს ელჩმა ვაშინგტონში, თამარ ტალიაშვილმა, განცხადებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიკანდროსი „ პიონერ ბიზნესმენს“ წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას არანაირი ლობისტური კავშირი არ აქვს აშშ-ში.

    Open Secrets-ის მონაცემებით, ნიკანდროსმა რესპუბლიკელ კონგრესმენებსა და მათთან დაკავშირებულ კომიტეტებს 200,000 დოლარზე მეტი შესწირა. როიტერსს ვერ დაუდგენია, ჰქონია თუ არა ამ შემოწირულობებს გავლენა კანონმდებლების გადაწყვეტილებებზე.

    ტალიაშვილმა წერილში ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაუარესდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პერიოდში, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის პირობებში გაუმჯობესების შანსი არსებობს.

    „ბატონი სტივენ ნიკანდროსი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელიც ფართოდ არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი პირველი ინვესტორი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ამერიკული კაპიტალი შემოიტანა,“ — წერს ელჩი.

    ავტორი: გრემ სლეიტერი

  • აშშ–ს ფინანსთა სამინისტრო სანქციებს უწესებს რუსულ ნავთობის მსხვილ კომპანიებს და მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას

    აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსული ნავთობკომპანიების სანქცირების შესახებ. ფინანსთა სამინისტრო სანქციებს უწესებს რუსულ ნავთობის მსხვილ კომპანიებს და მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას

    განცხადებაში ნათქვამია:

    ვაშინგტონი — დღეს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) აწესებს დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვი არ იჩენს სერიოზულ მზადყოფნას მშვიდობის პროცესის მიმართ უკრაინაში ომის დასასრულებლად. დღევანდელი ნაბიჯი კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, მიიღოს შემოსავლები თავისი საომარი მანქანისთვის და დაუძლურებული ეკონომიკის შესანარჩუნებლად.
    აშშ კვლავაც იმოქმედებს მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდასაჭერად, თუმცა მუდმივი მშვიდობა დამოკიდებულია მთლიანად რუსეთის სურვილზე, კეთილსინდისიერად ჩაერთოს მოლაპარაკებებში. ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების გამოყენებას მშვიდობის მიღწევის პროცესის მხარდასაჭერად.

    „ახლა დროა შეწყდეს მკვლელობები და დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა,“ — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
    „ვინაიდან პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს ამ უაზრო ომის შეწყვეტაზე, ფინანსთა სამინისტრო აწესებს სანქციებს რუსეთზე — კერძოდ, ორ უდიდეს ნავთობის კომპანიაზე, რომლებიც კრემლის საომარ ბიუჯეტს აფინანსებენ. ფინანსთა სამინისტრო მზად არის გადადგას დამატებითი ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის მხარდასაჭერად, რათა დასრულდეს ეს ომი. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ ამ სანქციებში,“ — აღნიშნა მან.

    დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას —
    ღია აქციონერულ საზოგადოება „როსნეფტს“ (Rosneft Oil Company) და „ლუკოილს“ (Lukoil OAO), რომლებიც ახლა ოფიციალურად სანქცირებულად ითვლებიან.
    „როსნეფტი“ წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ კომპანიას, რომელიც საქმიანობს ნავთობისა და გაზის მოპოვების, გადამუშავების, ტრანსპორტირების, გადაყიდვისა და წარმოების სფეროში.
    „ლუკოილი“ ასევე მოქმედებს მოპოვების, გადამუშავებისა და ნავთობისა და გაზის რეალიზაციის სფეროში რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

    „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ სანქცირებულნი არიან აშშ-ის აღმასრულებელი განკარგულების E.O. 14024-ის საფუძველზე — როგორც რუსული ფედერაციის ენერგეტიკული სექტორის ნაწილი ან მასთან დაკავშირებული ოპერატორები.

    გარდა ამისა, OFAC სანქციებს უწესებს „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ რუსულ შვილობილ კომპანიებსაც, რომელთა სია მითითებულია თანდართულ დანართში A. აღნიშნულ სიაში შესულია ყველა ის ორგანიზაცია, რომლის 50 პროცენტზე მეტი წილი ეკუთვნის ან კონტროლდება „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ მიერ.

  • თეთრი სახლი: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება

    დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი „უახლოეს მომავალში შეხვედრას არ გეგმავენ,“ — განაცხადა სამშაბათს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა, იუწყება Reuters.

    ამავე წყაროს თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც არ აპირებენ პირად შეხვედრას. Reuters-ის ინფორმაციით, ლავროვისა და რუბიოს სატელეფონო საუბარი, რომელიც ორშაბათს გაიმართა, ოფიციალურმა წყარომ „პროდუქტიულად“ შეაფასა.

    გასული კვირის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრისას, რომელიც კრემლის ინიციატივით შედგა, მათ ბუდაპეშტში პირად შეხვედრაზე მოილაპარაკეს.

    Reuters-ის ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რუსეთის უარმა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, როგორც ჩანს, საფრთხე შეუქმნა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სამიტის ჩატარებას.

    ორი მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატის თქმით, ის ფაქტი, რომ მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა ტელეფონით საუბრისას ვერ მიაღწიეს შეთანხმებას შეხვედრასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ ტრამპისა და პუტინის სამიტი შესაძლოა საერთოდ არ გაიმართოს.

    „ვფიქრობ, რუსებს ძალიან ბევრი სურდათ, და ამერიკელებისთვის აშკარა გახდა, რომ ბუდაპეშტში ტრამპისთვის შეთანხმება არ იქნება,“ — უთხრა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.

    „რუსებს საერთოდ არ შეუცვლიათ პოზიცია და არ თანხმდებიან „შეჩერებაზე იქ, სადაც ახლა არიან,“ — თქვა მეორე დიპლომატმა. — „ვვარაუდობ, ლავროვმა იგივე სიტყვები გაიმეორა, ხოლო რუბიომ რაღაც მსგავსად უპასუხა: ‘ნახვამდის მოგვიანებით’.“

    ამასთან, არცერთ მხარეს საჯაროდ უარი არ  უთქვამს ბუდაპეშტში შეხვედრის გეგმაზე, და Reuters-ის ცნობით, სამიტის ორგანიზებაზე ძალისხმევა, როგორც ჩანს, კვლავ გრძელდება.

    სამშაბათს ვაშინგტონში იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიისიარტო, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა:

    „ჩვენ წინ რამდენიმე სერიოზული დღე გველოდება.“

  • პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვი საქართველოს $253 მილიონის კომპენსაციას არ გადაუხდის

    კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი საქართველოს $253 მილიონის კომპენსაციას არ გადაუხდის.

    • “ჩვენ არ აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მან. ჟურნალისტის კითხვაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოსთან ურთიერთობის დათბობას თუ შეუწყობდა ხელს, პესკოვი პასუხობს, რომ “ეს ცალკე საკითხია”.

    გუშინ, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა სადაც ნრუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

    მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია,რომ  რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, თავისუფლების უფლების, საკუთრების უფლებების, ოჯახური ცხოვრების, გადაადგილების თავისუფლებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებით დარღვევებზე, რაც ათეულობით ათას ეთნიკურად ქართველს შეეხო

  • მოლდოვას არჩევნებში სანდუს პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა. პრორუსული ოპოზიცია დამარცხდა

    მოლდოვას საპარლამენტო არჩევნვებში პრეზიდენტ სანდუს პროევროპულმა პარტიამ – „ქმედება და სოლიდარობა“ (PAS) გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან მოლდოვას პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. პრორუსულმა ოპოზიციამ არჩევნები ისევ წააგო.

    ბიულეტენების 99,91%–ის  დათვლის შემდეგ, პარტია „ქმედება და სოლიდარობა“ (PAS) იღებს 50,16%-ს, რაც მას პარლამენტის 101 ადგილიდან 54 მანდატს ანიჭებს.

    კიდევ ერთი პროევროპული პოლიტიკური გაერთიანება — ბლოკი „ალტერნატივა“ — წინასწარი მონაცემებით  რვა მანდატს მიიღებს.

    პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“, ცესკოს მონაცემებით, ხმების 24,19% მიიღო, რაც მას 27 საპარლამენტო ადგილის მანდატის მოპოვების საშუალებას აძლევს.

    „პატრიოტულ ბლოკში“ შედიან სოციალისტების პარტია ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით, კომუნისტების პარტია კიდევ ერთ  ყოფილ პრეზიდენტთან, ვლადიმირ ვორონინთან ერთად, ასევე ყოფილი პრემიერის (2001–2008 წლებში) ვასილე ტარლევის პარტია „მოლდოვის მომავალი“.

    ამ სამ პოლიტიკურ ძალასთან ერთად პარლამენტში კიდევ ორი პარტია შედის — „დემოკრატია სახლში“, რომელსაც  ნაციონალ-კონსერვატორი ვასილე კოსტიუკი ხელმძღვანელობს. ის  მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანებას უჭერს მხარს. პარლამენტში მოხვდა კიდევ ერთი –  ასევე პოპულისტი რენატო უსატის „ჩვენი პარტია“.

    მოლდოვას საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდა.  ბარიერის დასაძლევად პარტიას ხმების  მინიმუმ 5% უნდა მიეღო, ბლოკს კი — მინიმუმ 7%.

    კამპანიის მიმდინარეობისას იყო მრავალი სკანდალი და ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები მოსალოდნელ ფალსიფიკაციებში. კენჭისყრის დღემდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს ათობით ადამიანი, რომლებიც დაადანაშაულეს მასობრივი არეულობების ორგანიზებისთვის მზადებაში.

    უკვე შარშანდელი საპრეზიდენტო კამპანიის დროიდან ქვეყანაში ისმოდა ბრალდებები ბიზნესმენ ილან შორის მიმართ, რომელიც ძებნაშია და რუსეთის ტერიტორიაზე იმალება. დამოუკიდებელი გამომძიებლები და მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ე.წ. „შორის ქსელი“ ათობით ათას ამომრჩეველს პირდაპირი ქრთამით აკონტროლებდა.

    მედიამ გამოიკვლია დეტალები და გააშუქა შორთან დაკავშირებული ქსელის მუშაობა, რომლის მეშვეობითაც რუსეთიდან მიღებული თანხებით ცდილობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებას.

    სანამ ხმების დათვლა დასრულდებოდა, მაგრამ PAS-ის გამარჯვება უკვე აშკარა იყო, დოდონმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა — რადგან სანდუს პარტიას არ ჰქონდა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა. პარლამენტში გასული სხვა ოპოზიციური პარტიები მის პოზიციას არ დაეთანხმნენ. საბოლოოდ სანდუს პარტიამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

    დღეს დილით „პატრიოტული ბლოკის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხალხს მოუწოდა  პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე გამოსულიყვნენ, რათა  “მათი გამარჯვება დაეცვათ“.  კვირას საღამოს დოდონი და ტარლევი თავიანთი მხარდამჭერებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გასაპროტესტებლად მივიდნენ.

    ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

    „მოლდოვა, შენ ისევ მოახერხე,“ — დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

    მან აღნიშნა, რომ მოლდოვამ ერთმნიშვნელოვნად გააკეთა არჩევანი ევროპისკენ, დემოკრატიისა და თავისუფლების სასარგებლოდ. „ჩვენი კარი ღიაა. და ჩვენ დაგიჭერთ მხარს ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენს ხელშია,“ — დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამაც გამოხატა მოლდოვისთვის მხარდაჭერა ევროკავშირის სახელით.

    „მოლდოვის ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და მათი გზავნილი ნათელი და გასაგებია. მათ აირჩიეს დემოკრატია, რეფორმები და ევროპული მომავალი რუსეთის ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად,“ — დაწერა კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში.

    ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა მოლდოვის არჩევნების შედეგებზე საუბრისას ახსენა რუსეთი.

    „მიუხედავად რუსეთის მასშტაბური ძალისხმევისა დეზინფორმაციის გავრცელებისა და ხმების ყიდვისთვის, ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ხალხს, რომელიც თავისუფლებისკენ მიისწრაფვის,“ — დაწერა მან.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც აღნიშნა ჩარევის მცდელობები, თუმცა რუსეთი არ დაუსახელებია.

    „მიუხედავად ზეწოლისა და ჩარევის მცდელობებისა, მოლდოვის მოქალაქეთა არჩევანი მტკიცედ დადასტურდა. საფრანგეთი უჭერს მხარს მოლდოვას მის ევროპულ გზაზე და თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ მისწრაფებაში,“ — დაწერა მაკრონმა X-ში ჯერ ფრანგულად, შემდეგ კი რუმინულად.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაია სანდუს პარტიას გამარჯვება მიულოცა.

    „ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობები დამარცხდა, ხოლო მოლდოვა ევროპაში იგებს. რუსეთის დივერსიული ქმედებები, მუდმივი დეზინფორმაცია — არაფერმა ამან არ გაამართლა. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვამ ეფექტიანად დაიცვა თავი საფრთხეებისგან ყველა იმასთან ერთად, ვინც დაეხმარა,“ — დაწერა მან ტელეგრამში.

    კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა არჩევნების შედეგებზე კომენტარისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ „ჯერ, ალბათ, თავად მოლდოველებმა უნდა გაარკვიონ ყველაფერი“.

    მან ასევე დაამატა, რომ მოლდოვაში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მიიჩნევს, რომ არჩევნები შესაძლოა დარღვევებით ჩატარდა.

    პესკოვმა აღნიშნა, რომ „ასობით ათასმა მოლდოველმა ვერ შეძლო ხმის მიცემა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა.

    მოლდოვის ცესკოს მონაცემებით, რუსეთში სულ 4109 კაცმა მისცა ხმა.

    „შეფასებები უკვე შემდეგ უნდა გაკეთდეს, მას შემდეგ, რაც გავიგებთ, როგორ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას თავად პოლიტიკური ძალები ამ არჩევნებთან დაკავშირებით,“ — თქვა პესკოვმა.

  • ყოყმანის გარეშე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოაგვდოთ მფრინავი ობიექტები, თუ დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს! – ტუსკი

    „პოლონეთი დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩამოაგდოს მფრინავი ობიექტები, თუ ისინი დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს. ამ საკითხში განსახილველი არაფერია.[…] 100%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩვენი მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით იმავენაირად მოიქცევიან, როგორც ჩვენ, რომ თუ კონფლიქტი ძალიან მწვავე ფაზაში გადავა, ჩვენ მარტო არ ვიქნებით“

    ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.