Category: მსოფლიო

  • რუსებმა უკრაინაში დღემდე ვერცერთი HIMARS–ის განადგურება ვერ შეძლეს – Politico

    რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღემდე ვერცერთი HIMARS–ის განადგურება ვერ შეძლეს მას შემდეგ, რაც ისინი ამერიკამ უკრაინას გადასცა და ომში აქტიურად გამოიყენება. ამის შესახებ Politico წერს.

    რუსეთის უკრაინაში სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ დრომდე აშშ–მ უკრაინას 18.9 მილიარდი დოლარის დახმარება გადასცა. ამ თანხაში შედის რეაქტიული სისტემა HIMARS. როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანი გამოცემასთან საუბარში ამტკიცებს, რუსებმა ვერცერთი მათგანის განადგურება ვერ მოახერხეს.

    გამოცემა ზალპური ცეცლის რეაქტიულ სისტემას უწოდებს იარაღს, რომელმაც ომის მსვლელობა შეცვალა. მათ საშუალება მისცეს უკრაინელებს რუსების ზურგში ობიექტები გაანადგურონ. პირველი ეგზემპლარები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა  ივნისში, რუსების მიერ ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის აღების შემდეგ მიიღეს.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაერთხელ ამკიცებდა, რომ HIMARS გაანადგურეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ მათ მიერ დასახელებული განადგურებული HIMARS–ების რაოდენობამ იმ რაოდენობას გადააჭარბა, რომლებიც უკრაინამ აშშ–სგან მიიღო. მტკიცებულების სახით რუსები ავრცელებდნენ სატვირთო მანქანების განადგურების და სხვა სამხედრო დანადგარების განადგურების ვიდეოებს.

  • რუსებს უჭირთ მობილიზებულთა მომზადება, წვრთნები ბელარუსში ტარდება – ბრიტანეთის დაზვერვა

    რუსებს უჭირთ მობილიზებულთა მომზადება, ამიტომ სამხედრო წვრთნები ბელარუსში ტარდება – ამის შესახებ ინფორმაციას, ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია,რომ რუსეთი ამჟამად ცდილობს სამხედრო წვრთნა უზრუნველყოს მობილიზებულთა და სასწრაფოდ გამოძახებულთათვის, ყოველწლიური საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში.

    “რუსეთს უჭირს მობილიზებული რეზერვისტებისა და წვევამდელების მომზადება სამხედრო სამსახურისთვის, ბელარუსის ტერიტორია წვრთნებისთვის გამოიყენება. […]  რუსეთში ინსტრუქტორების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ნაკლებობის გამო, რუსული ჯარები ბელარუსში წვრთნებს ატარებენ. ძალების განლაგება მცირე ან უვარგისი წვრთნით უზრუნველყოფს მცირე დამატებით შეტევით საბრძოლო შესაძლებლობებს,” – განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ.

  • ხერსონში ოკუპანტებმა 56 წლის ქალი პროუკრაინული პოზიციის გამო საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს

    ხერსონის ოლქის ქალაქ სკადოვსკში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ საჯაროდ დასაჯა სიკვდილით 56 წლის ტატიანა მუდრენკო, რომელიც ოკუპაციას გმობდა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Financial Times მოკლული ქალის დაზე, ნატალია ჩერნაიაზა დაყრდნობით წერს.

    ტატიანა მუდრენკო, რომელიც პროფესიით ექთანი იყო, საჯარო დგამოხატავდა პროუკრაინულ პოზიციას უშუალოდ რუსი სამხედროების წინაშე და მათ ორკებს უწოდებდა. ბოლო ცნობილი შემთხვევა ოქტომბრის დასაწყისში მოხდა, როცა ქალმა ადგილობრივი პოლიცია რუსულ არმიასთან თანამშრომლობის გამო გააკრიტიკა და დაიყვირა: “სკადოვსკი– უკრაინაა!“ 7 ოქტომბერს ნატალიამ დას დნეპრიდან დაურეკა, თუმცა მალევე კავშირი შეწყდა.

    გარკვეული დროის შემდეგ კი სკადოვსკის მაცხოვრებლების თქმით, პრორუსულმა პოლიციამ ტატიანა და მისი ქმარი, ანატოლი ორეხოვი მათი სახლის ეზოდან გაიტაცა.

    კოლაბორანტებმა სახლი გაჩხრიკეს, ასევე წაიყვანეს წყვილის ავტომობილი და ველოსიპედები. 15 ოქტომბერს ერთ–ერთმა ქალმა დაურეკა ნატალიას, რათა საშინელი ამბავი შეეტყობინებინა: მისი და გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

    “მან მითხრა, რომ ტანია ჩამოახრჩეს. პირში რაღაც ჩაასხეს, შემდეგ კი სასამართლოს შენობის წინ ჩამოკიდეს“– უყვება ნატალია ჩერნაია ჟურნალისტებს.

    ქალის თქმით, ვინც მოკლულის დას დაურეკა, ანატოლი არეხოვი პატიმრობიდან დამტვრეული ხელებით და სხვა ტრავმებით გამოვიდა, რაც მეტყველებდა, რომ ის სასტიკად სცემეს. მას ცოლის დაკრძალვის უფლება მისცეს, შემდეგ კი კაცი უკვალოდ გაქრა.

    ნატალია ჩერნაიამ სკადოვსკის საქალაქო მორგს მიმართა და შეეცადა დის ბედი გაერკვია. თავიდან მასთან ლაპარაკი არავის უნდოდა, შემდეგ კი გარდაცვალების ცნობა გაუგზავნეს, რომელშიც მიზეზად მითითებულია “მექანიკური ასფიქსია“, ანუ გაგუდვა ყელზე ძლიერი ზეწოლის შედეგად.

    უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციამ “მედია– ინიციატივა ადამიანის უფლებებისათვის“ ტატიანა მუდრენკოს სიკვდილი დაადოკუმენტირა და საკუთარ საიტზე დამატებითი დეტალები გამოაქვეყნა. სკადოვსკის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ვარაუდობენ, რომ უკრაინელი ქალის სიკვდილში გარეულია საოკუპაციო პოლიციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, იგორ კუზმენიუკი. მათი თქმით, კოლაბორანტი სასტიკად იქცევა და პროუკრაინული პოზიციის გამო ადამიანებს აწამებს. ტატიანას ნათესავებიც არ გამორიცხავენ ქალის მკვლელობასთან მის კავშირს. ტატიანა სავარაუდოდ ერთადერთი მსხვერპლი არ არის.

    ნატალია ჩერნაიამ არასამთავრობო ორგანიზაციას მისი ადგილობრივი ნაცნობების სიტყვები გადასცა, რომლის მიხედვით ოკუპანტებს პარტიზანულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ადამიანები ქალაქგარეთ მდებარე საბავშვო ბანაკში გაჰყავთ, სადაც რუსი სამხედროები არიან ბაზირებული. პოლიციელები ხშირად იმეორებენ, რომ იქიდან უკან აღარავინ ბრუნდება. ქალაქგარეთ ოკუპანტებმა ტრანშეებიც ამოთხარეს და ადგილობრივები შიშობენ, რომ სწორედ იქ შეიძლება დამარხონ წამების მსხვერპლები.

    შეგახსენებთ, ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი თეატრის მთავარი დირიჟორი, იური კერპატენკო საკუთარ სახლში დახვრიტეს მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა უარი თქვა მათთვის კონცერტის გამართვაზე.

  • ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 500 ენერგოგენერატორი გაუგზავნეს

    ევროკავშირის 17–მა ქვეყანამ უკრაინას 500 ენერგოგენერატორი გაუგზავნა, რათა ქვეყანას ელექტროენერგიის რეგულარული გათიშვების ფონზე მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის სამოქალაქო დაცვის და ჰუმანიტარული დახმარების მთავარმა სამმართველომ გაავრცელა. ის შუამავლის როლს ასრულებს ჰუმანიტარული დახმარების გადაცემაში.

    იმ ქვეყნებს შორის, ვინც უკრაინაში ენერგგორესურსები გაგზავნა, არიან საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი, იტალია, სლოვენია, სლოვაკეთი, დანია და სხვები.

    მანამდე უკრაინას 500 მობილური გენერატორი დიდმა ბრიტანეთმა გაუგზავნა

    რუსეთის არმიამ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასქტრუქტურაზე მრავალი დარტყმა განახორციელა. ზელენსკი ამბობდა, რომ შეტევებმა ქვეყნის ენერგოობიექტების 40%–ის დაზიანება გამოიწვია. უკრაინის ხელისუფლებამ ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დააწესა. პიკის საათებში მოქალაქეებს მოუწოდებენ არ გამოიყენონ ელექტროდანადგარები. ქუჩებში ითიშება ქუჩის განათება და ჩერდება ტროლეიბუსების მოძრაობა. ნოემბრის დასაწყისში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა კიევში ვიზიტის რდოს თქვა, რომ ევროკავშირი სწავლობს უკრაინის ენერგოსექტორის დახმარების შესაძლებლობებს. მან უცხოურ კომპანიებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ უკრაინისთვის ენერგოაღჭურვილობის მიწოდებას.

     

  • ირანმა აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა

    ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს, უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა. განცხადება ამის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. როგორც მინისტრი აცხადებს, ირანმა დრონები რუსეთს, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მიაწოდა.

    • “ჩვენ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობა მივეცით უკრაინის ომამდე თვეებით ადრე”, – თქვა ამირაბდოლაჰაინმა ჟურნალისტებთან თეირანში გამართული შეხვედრის შემდეგ.

    მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის.

  • უკრაინაში Starlink-ის 1300 თანამგზავრი გაითიშა – CNN

    გასულ კვირას დაფინანსების არარსებობის გამო უკრაინაში Starlink-ის 1300 თანამგზავრი გაითიშა – ამის შესახებ ინფორმაციას, CNN-ი 2 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი თანამგზავრები უკრაინელი სამხედროებს  საშუალებას აძლევს დარჩნენ ქსელში მაშინაც კი, როცა მობილური ინტერნეტი გამორთულია.

    შეგახსენებთ, რომ SpaceX-მა მიმდინარე წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ  უკრაინაში Starlink-ს დაფინანსებაზე კომპანიაm თითქმის 100 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა და მომავალში ამას ვეღარ შეძლებდა.

    აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ილონ მასკმა SpaceX-ის განცხადება უკან წაიღო და განაცხადა :  “ჯანდაბას. უბრალოდ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის დაფინანსებას”, – დაწერა მასკმა Twitter-ზე.

     

  • Twitter-ში მასობრივი შემცირებები დაიწყო. მასკი ეკონომიას და შემოსავლის ახალი გზების მოძებნას ცდილობს

    მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი Twitter პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის, ილონ მასკის ხელში გადავიდა, კომპანიაში თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება დაიწყო. მანამდე ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ მასკს შესაძლოა კომპანიის თანამშრომელთა ნახევარი შეემცირებინა და მალე ყველა გაიგებდა, შეძლეს თუ არა სამუშაო ადგილის შენარჩუნება.

    Twitter–ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ელექტრონული წერილი გაუგზავნა, რომლითაც უთხრა, რომ პარასკევს კომპანია “მთელ მსოფლიოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირების რთულ პროცესს გაივლიდა“, და ეს აუცილებელი იყო, რათა კომპანია “განვითარების ჯანსაღ გზაზე გადავიდეს“. იმავე წერილში ნათქვამი იყო, რომ ტვიტერის ოფისები დროებით დაიხურებოდა, საშვების მოქმედება კი შეჩერდებოდა.

    თანამშრომლებს უთხრეს, რომ პარასკევს, გრინვიჩის დროით 16 საათამდე კომპანიის 8 ათასი თანამშრომლიდან ყველა მიიღებდა ელექტრონულ წერილს თემაზე “თქვენი თანამდებობა Twitter–ში“, რომელშიც მათთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შეიტყობდნენ.

    თუმცა, ზოგიერთმა საკუთარი ბედის შესახებ უფრო ადრე გაიგო, მას შემდეგ, რაც მათი კომპიუტერების ეკრანები მოულოდნელად ნაცრისფერი გახდა. ერთ–ერთი თანამშრომელი, ვინც დღემდე ტვიტერზე მუშაობდა ამბობს, რომ მთელი ინფორმაცია მის სამუშაო ლეპტოპზე უცებ განადგურდა, თუმცა არანაირი ელექტრონული წერილი არ მიუღია. შედეგად მან დაასკვნა, რომ სამსახური დაკარგა.

    კომპანიის ბევრმა თანამშრომელმა Twitter–ში გამოსამშვიდობებელი მესიჯების გამოქვეყნება დაიწყო.

    კომპანია არ ამბობს, როგორი იქნება თანამშრომელთა გათავისუფლების მაშტაბები, თუმცა მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი მენეჯერები თანამშრომელთა ნახევარს შეამცირებენ.

    Twitter–ის ყიდვის შემდეგ მასკის პირველი გადაწყვეტილება პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელის გათავისუფლება იყო, რომლებთანაც სოციალური ქსელის შეძენაზე რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ის თვითონ ჩაუდგა  სათავეში კომპანიას, რომელიც ახლა უკვე კერძო კომპანიია და მისი აქციები საფონდო ბირჟებზე აღარ იყიდება.

    ოქტომბერში მასკმა Twitter 44 მილიონ დოლარად იყიდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი კაცობრიობის დახმარებაა ცივილიზებული დისკუსიებისთვის მიუკერძოებელი პლატფორმის ორგანიზებაში, სადაც განსხვავებული შეხედულებების ადამიანები განსხვავებულ აზრებს გაცვლიან.

    გარიგების ფასი ბევრი ანალიტიკოსის აზრით ძალიან მაღალია. ამ თანხის გადახდის შესახებ მასკმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, თუმცა ივლისში გადაიფიქრა და ეს იმით ახსნა, რომ კომპანიამ მას ყალბი ანგარიშების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ წარუდგინა და ზოგიერთი შეფასებით პლატფორმაზე ანგარიშების 20% შესაძლოა ყალბი იყოს. ამის შემდეგ Twitter–ის აქციების ფასი დაეცა, სოციალურმა ქსელმა კი მასკს სასამართლოში უჩივლა და პირობის შესრულება მოითხოვა. მასკმა ეს მოთხოვნა სასამართლოს დაგეგმილ სხდომამდე რამდენიმე კვირით ადრე შეასრულა.

    Twitter მუდმივად წამგებიანი კომპანიაა. არსებობის მანძილზე მან მოგებით მხოლოდ ორი წელი – 2018 და 2019 წლები დაამთავრა, 2021 წლის შედეგებით კი 411 მილიონი დოლარი დაკარგა. ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა შედარებით სტაბილურია და თვეში 300 მილიონ ადამიანს შეადგენს.

    ახლა მასკი ცდილობს Twitter–ს შემოსავლის ახალი წყაროები გამოუძებნოს და ხარჯების შემცირების გზები მოძებნოს. მასობრივი გათავისუფლებები ხელფასზე ფულის დაზოგვის ერთ–ერთი გზაა. თუმცა, მასკმა შემოსავლების ზრდის გეგმებიც დასახა.

    კერძოდ, მან დაწერა, რომ აპირებს ფასიანი გახადოს ვერიფიცირებული, ანუ ლურჯ ნიშნიანი ანგარიშები. თავიდან ამერიკულმა პრესამ დაწერა, რომ ასეთი ანგარიშის ფასი შეიძლება თვეში 20 დოლარი იყოს, თუმცა ამ განზრახვას ქსელის მომხმარებლების მასობრივი კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის მწერალ სტივენ კინგის მხრიდან, რომელმაც დაწერა რომ არ ჭირდებოდა “ლურჯი ნიშანი“ მის ანგარიშზე და არ აპირებდა ამაში 20 დოლარის გადახდას. მასკმა მას იქვე უპასუხა, რომ მათ ხარჯების დასაფარად შემოსავლები ჭირდებათ და მხოლოდ რაკლამის დამკვეთების იმედზე ვერ იქნებიან. “8 დოლარზე რას იტყვით?“– იკითხა მან და შეეცადა სხვა ლოგიკითაც გაემყარებინა ეს გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გზა ბოტების და ტროლების დასამარცხებლად.

    რა რისკები არსებობს მასკის მიერ ტვიტერის რეფორმირების პროცესში:

    ექსპერტები თვლიან, რომ არსებობს ორი მთავარი პრობლემა კომპანიის ახალი მფლობელის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

    პირველ რიგში, თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება თავად იმ ტექნოლოგიებს ემუქრება, რომლებიც ტვიტერის მუშაობას უზრუნველყოფენ. მისი თქმით, ქსელი, როგორც ტექნოლოგიური პროდუქტი სინამდვილეში კარგად არის აგებული და ძალიან საიმედოა, რაც შესაძლოა სწორედ გათავისუფლებული თანამშრომლების დამსახურება იყოს.

    მეორე: თანამშრომელთა რაოდენობის მკვეთრმა შემცირებამ ერთი დღის განმავლობაში შეიძლება ქსელის მიმართ ნდობა შეარყიოს – როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების მხრიდან. სოციალური ქსელები კი თითქმის მთლიანად ნდობას ეფუძნება, ისევე, როგორც დეველოპერების საქმიანობა, განსაკუთრებით კონკურენტულ შრომის ბაზრებზე.

    ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება მასკის გადაწყვეტილებები კომპანიის მუშაობაზე. მასკი ცნობილია, როგორც მენეჯერი, რომელიც თანამშრომლების მიმართ დაუნდობელ და მკვეთრ გადაწყვეტილებებს იღებს.

    ამერიკული მედია წერს, რომ ტვიტერის ზოგიერთ თანამშრომელს უკვე უწევს ჩვეულებრივზე მეტი დროით მუშაობა, რათა ახალი მფლობელის მოლოდინები გაამართლოს.

    თავად მასკმა განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები სამუშაო ეთიკის მიმართ “ექსტრემალური“ იქნება, თუმცა არც ისეთი მაღალი, როგორსაც საკუთარ თავს უყენებს.

     

  • პუტინის თქმით, რუსეთში იმაზე მეტი ადამიანია მობილიზებული, ვიდრე იგეგმებოდა

    რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ქვეყანაში, დაგეგმილ, 300 000-ზე მეტი ადამიანია მობილიზებული.

    “უკვე 318 000 [მობილიზებული] გვყავს. რატომ 318 000? რადგან მოხალისეები მოდიან. მოხალისეთა რაოდენობა არ მცირდება”. – თქვა პუტინმა.

    პუტინის თქმით, 49 000 მობილიზებული უკვე ჯარში იმყოფება და საბრძოლო დავალებებს ასრულებენ.

  • უკრაინას შეუძლია ხერსონის რეგიონის განთავისუფლება – ოსტინი

    “რაც შეეხება საკითხს, შეძლებენ თუ არა უკრაინელები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის ოლქის დანარჩენი ტერიტორიის აღებას: მე ნამდვილად მჯერა, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და, რაც მთავარია, უკრაინელებს სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ მეთოდური და უაღრესად ეფექტური ძალისხმევა საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ზეწოლას, სანამ არ დაამყარებენ კონტროლს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ ტერიტორიაზე”,

    აცხადებს, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. ამის შესახებ მან 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • უკრაინელებმა ღამით, 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს

    გუშინ, ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ცხრა კამიკაძე დრონი Shahed-136, რომლითაც რუსეთმა ქვეყნის რეგიონები დაბომბა.

    ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ავრცელებს.