Category: კავკასია

  • “ხელმომწერი ოპოზიციის მხრიდან რაიმე კომპრომისზე წასვლა სუიციდის ტოლფასი იქნება“–ხუხაშვილი 20 ივნისის ამნისტიაზე

    ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან 20 ივნისის ამნისტიაზე ხელმოწერა მათთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. ხელისუფლებას კი ამ ამნისტიის ლობირებით საკუთარი დანაშაულის დაფარვა უნდა.
    “პოლიტიკური შეთანხმების ენდშპილი ასე გამოიყურება:
    1. ქართული ოცნების მხრიდან ამნისტიის ლობირება ნიშნავს, რომ ამნისტია მათ საკუთარი დანაშაულის დასაფარად ჭირდებოდათ და არა მელიას გასათავისუფლებლად.
    2. ხელმომწერი ოპოზიციის მხრიდან რაიმე კომპრომისზე წასვლა ისეთ საქმეებზე, სადაც დაზარალებული არსებობს პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნება.
    3. მელია ახლა მორალურად აბსოლუტურად გამართულია. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პარტია, ვერავინ გაიშვერს მისკენ ხელს, რომ რაიმე მორალური კომპრომისი დაუშვა.
    დაველოდოთ…“– წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქზე.
  • კოვიდკატასტროფა ინდოეთში. გარდაცვლილთა ცხედრებს ქუჩაში წვავენ

    ინდოეთი კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ დღეში 350 ათასს მიაღწია. ყოველ ოთხ წუთში დედაქალაქ დელიში ერთი ადამიანი კვდება. პრემიერ მინისტრმა ნარენდა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის შტორმის ეპიცენტრშია.

    ადგილების უკმარისობის გამო კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს   პირდაპირ ქუჩებში წვავენ. ბევრ საავადმყოფოში კი ჟანგბადი და საწოლი ადგილები აღარ არის საკმარისი და პაციენტებს ვეღარ იღებენ.

    დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვყანაში თითქმის 20 მილიონი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ–ს შემდეგ.

    “ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით გამარჯვებაში, რადგან პირველ ტალღას წარმატებით მოვერიეთ, თუმცა ამ ქარიშხალმა ნაცია შეარყია“– თქვა პრემიერ მინისტრმა ერისადმი რადიომიმართვაში.

    დიდმა ბრიტანეთმა კვირას ინდოეთში 495 ჟანგბადის კონცენტრატი, 120 არაინვაზიური აპარატი და 20 ხელოვნური სუნთქვის აპარატი გაგზავნა.

    პრემიერმა ჯონჯონმა პირობა დადო, რომ ლონდონი ინდოეთის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

    ევროკავშირი ასევე დაპირდა ინდოეთს ჟანგბადს და მედიკამენტებს.

    აშშ, რომელიც მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა ინდოეთისთვის კორონავირუსის ექსპრეს დიაგნოსტიკის საშუალებების, ხელოვნური სუნთქვის აპარატების და ექიმებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მიწოდებას დაიწყებს.

    აშშ–ს პრეზიდენტის უფროსი სამედიცინო მრჩევლის, ენტონი ფაუჩის თქმით აშშ ინდოეთში ვაქცინის დოზებსაც გაგზავნის და ინდოეთს ადგილზე მისი წარმოების გაზრდაშიც დაეხმარება.

    “ინდოეთში და ქვეყნებში, სადაც საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე დაბალი შემოსავალი აქვთ, საშინელი სიტუაციაა და ჩვენ შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ ადამიანების დასახმერაბლად“– თქვა ფაუჩიმ.

  • მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო – მთავრობის განცხადება

    საქართველოს მთავრობა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც “ნამახვასჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზეა საუბარი. გთავაზობთ განცხადებას სრულად:

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიღებულია შემეგი  გადაწყვეტილებები:

    პრემიერ მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს.  ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას,  რომელიც  შეისწავლის კონტრაქტის  პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

    საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“  გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით  იმუშავებს.

    საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

    კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

    კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს  მხოლოდ პროექტის  პირველი ეტაპის მოსამზადებელ  სამუშაოებს  ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

    საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს  მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა,  იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

    ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე  დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

    საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და  კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.“– ნათქვამია მთავრობის გადაწყვეტილებაში.

  • სკანდალი ბრიტანულ პოლიტიკაში: ყოფილი მრჩეველი და “რუხი კარდინალი“პრემიერ ჯონსონს ღიად დაუპირისპირდა

    ბრიტანეთში პოლიტიკური სკანდალია: პრემიერ მინისტრის ყოფილი მრჩეველი, დომინიკ კამინგსი, რომელსაც პრესა “ბრექსითის არქიტექტორს“ და მთავრობის რუხ კარდინალს უწოდებდა, ბორის ჯონსონ მწვავედ აკრიტიკებს.

    კამინგსი ყოფილი უფროსის წინააღმდეგ პარასკევს საღამოს გამოვიდა. საკუთარ ბლოგში მან მთავრობის კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა, ნეგატიურად შეაფასა მისი ქმედებები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში და მოყვა, რომ პრემიერი არაეთიკური, და პრაქტიკულად უკანონოო სქემებით გეგმავდა საკუთარი ბინის რემონტის დაფინანსებას.

    პრემიერის პრესმდივანმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მთავრობაში ყველა ეთიკურ ნორმას და კანონს იცავენ, რემონტი კი ჯონსონმა საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა.

    კამინგსი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის საკვანძო პოლიტტექნოლოგად ითვლება და მას უდიდესი გავლენა ქონდა პრემიერ მინისტრზე 2020 წლის ნოემბრამდე, როცა მან უფროსი მრჩევლის პოსტი დატოვა.

    რა დაწერა კამინგსმა

    ხუთშაბათს ჟურნალისტებმა კამინგსი ცოტა ხნის წინ პრესაში ჯონსონის მიმოწერის გაჟონვის ფაქტთან დააკავშირეს.

    მან ამ ბრალდებებს საკუთარ ბლოგში უპასუხა და არა მხოლდ კატეგორიულად უარყო, არამედ მათ ავტორად პრემიერ მინისტრის პრესმდივანი დაასახელა, რომლის უკანაც მისი აზრით თავად ჯონსონი დგას.

    იმავე პოსტში ის კონტრშეტევაზეც გადავიდა. ჯონსონი შიდა შემოწმებებში ჩარევებში დაადანაშაულა. მისი თქმით, ჯონსონს სურდა მისი მეორე მრჩეველი, ჰენრი ნიუმანი გადაერჩინა ინფორმაციის გაჟონვის გამო თანამდებობიდან გათავისუფლებისგან, იმიტომ რომ ის პრემიერის საცოლის საუკეთესო მეგობარია.

    კამინგსმა მწვავე განცხადება გააკეთა ჯონსონის გეგმებთან დაკავშირებით მისი ბინის რემონტის თაობაზე:

    “მე მას ვუთხარი, რომ არაეთიკური, სულელი და პოტენციურად უკანონო იყო მისი გეგმა, საიდუმლოდ აენაზღაურებინა ბინის რემონტი დონორების  [ პოლიტიკური ]   ფინანსებით და რომ ეს თითქმის ასი პროცენტით არღვევდა პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების წესებს“– წერს კამინგსი და დასძენს, რომ უარი თქვა ამ მიზნისთვის გადახდების ორგანიზებაში.

    საქმე ეხება დაუნინგ სთრითის 11–ში, ფინანსთა მინისტრისოფიციალური რეზიდენციის ზედა სართულზე მდებარე ოთხსაძინებლიანი ბინის რემონტს.

    ის ბევრად დიდია მეზობლად მდებარე პრემიერის რეზიდენციაზე, რის გამოც ჯონსონმა და მისმა საცოლემ ამჯობინეს ამ ბინაში ეცხოვრათ, ისევე როგორც მისმა ზოგიერთმა წინამორბედმა.

    ბიბისი–ს წყაროს ინფორმაციით გაზაფხულისთვის რემონტი პრაქტიკულად დამთავრებული იყო, თუმცა ხარჯები დაფარული არ ყოფილა, რადგან ხარჯებმა გადააჭარბა პრემიერისთვის გამოყოფილ წლიურ თანხას საცხოვრებლის მოსაწყობად – 30 ათას ფუნტს.

    რამდენიმე ბრიტანულმა მედიასაშუალებამ მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯონსონი განიხილავდა საქველმოქმედო ფონდის შექმნის შესაძლებლობას, რათა კერძო შემოწირულობები მიეზიდა. სწორედ ამ მოდელს იყენებენ აშშ–ს პრეზიდენტები თეთრი სახლის რემონტისთვის.

    თუმცა, პარასკევს მთავრობამ განაცხადა, რომ ჯონსონმა პირადად დაფარა რემონტის ხარჯები.

    საიდან დაიწყო ყველაფერი:

    ეს სკანდალი საფუძველს სხვა სკანდალიდან იღებს. კვირის დასაწყისში ბიბისი–მ გამოაქვეყნა ბორის ჯონსონისა და  ბრექსითის აქტიური მხარდამჭერის, მილიარდერ სერ ჯეიმს დაისონის მიმოწერის ფრაგმენტები .

    მიმოწერაში ჯონსონი დაისონს პირდება, რომ მოაგვარებს მისი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საგადასახადო საკითხებს, თუ ის სინგაპურის შტაბ–ბინის ნაცვლად ბრიტანეთში იმუშავებს.

    მიმოწერა გასული წლის მარტში შედგა, როცა მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა ხელოვნური სუნთქვის აპარატების საჭირო რაოდენობა მიეღო კორონავირუსით დაინფიცირებული მძიმე პაციენტებისთვის და დაისონის კომპანია ამ აპარატების შემუშავებისთვის მიიწვია.

    ოპოზიციამ ამ მიმოწერას კონსერვატიული ბიზნესმენების მფარველობის და პრივილეგიების მტკიცებულება უწოდა. თუმცა, ჯონსონი ამბობს, რომ სიგიჟეა ამ ყველაფერში რამე საჩოთირო დაინახო. მთავრობა ამტკიცებს, რომ პადნემიის პირობებში ქვეყნის ინტერესებით მოქმედებდა.

    მთავრობაში დაიწყო იმის ძიება და შემოწმება, თუ საიდან გაჟონა ინფორმაციამ. ბევრმა მედიასაშუალებამ ინფორმაციის გაჟონვა პირდაპირ დაუკავშირა კამინგსს. სწორედ ამას უპასუხა პრემიერის ყოფილმა მრჩეველმა საკუთარ ბლოგში დ ა უარყო, რომ ინფორმაციის გაჟონვის წყარო ის არის.

    იმ ადამიანის სენსაციური ბლოგი, რომელიც წარსულში ბორის ჯონსონი უერთგულესი მოკავშირე იყო, შეიძლება დიდი სკანდალის დასაწყისი აღმოჩნდეს. ყველაზე ინფორმირებულ ადამიანს შეუძლია უამრავი ინფორმაცია გაამჟღავნოს, რომელზეც დაუნინგ სთრითზე მუშაობისას მიუწვდებოდა ხელი. პრაქტიკულად, მან თავის დაცვასთან ერთად უკვე გაამჟღავნა ჯონსონის სამზარეულოს დეტალები, თუნდაც ბინის რემონტთან დაკავშირებულ საკითხში.

    რა იქნება მომავალში?

    კამინგსი პირობას დღებს, რომ ყველა კითხვას 26 მაისს უპასუხებს. სწორედ ამ დღეს არის დაგეგმილი მისი გამოსვლა საპარლამენტო კომისიის წინაშე, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის ქმედებებს შეისწავლის.

    კამინგსმა საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ მზად არის გამოაქვეყნოს ყველა ელექტრონული წერილი, რომელიც 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ნოემბრამდე მიიღო, ანუ იმ დროს, როცა პრემიერის უფროსი მრჩევლის პოსტზე მუშაობდა.

    “მსგავსი საკითხების მოგვარების სწორი გზა იქნება სასწრაფოდ დაიწყოს საპარლამენტო გამოძიება კოვიდ19–ის კრიზისთან დაკავშირებით მთავრობის ქმედებების შესასწავლად, რომელმაც უნდა შეაგროვოს ყველა საკვანძო ფიგურის ჩვენებები და მიიღოს წვდომა დოკუმენტებთან“– წერს კამინგსი.

     

  • ბაიდენმა პუტინს სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა

    თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. განცხადების მიხედვით, პრეზიდენტებმა იარაღის კონტროლის, ამერიკა-რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობისა და ახალი სტარტის შეთანხმების შესახებ ისაუბრეს.

    სატელეფონო საუბრის დროს საუბარი იყო ისეთ მწვავე თემებზეც, როგორიცაა კიბერ თავდასხმები ამერიკაზე და უკრაინაში ბოლო დროს გამწვავებული მდგომარეობა.

    „პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათელი გახადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, რუსეთის ისეთ ქმედებებზე საპასუხოდ, როგორიცაა კიბერთავდასხმები და არჩევნებში ჩარევა, იმოქმედებს მკაცრად.

    პრეზიდენტმა ბაიდენმა, ხაგზასმით აღნიშნა ამერიკის ურყევი მხადაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა გააჟღერა ჩვენი შეშფოთება რუსეთის მხრიდან სამხედრო აქტიურობისადმი ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • Covax-ის პლატფორმამ ვაქცინის განაწილება უკვე დაიწყო. პირველი 600 000 დოზა განაში გაგზავნეს

    განა მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covax-ის პროგრამის ფარგლებში კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ეს პლატფორმა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში ვაქცინაციის უზრუნველყოფისთვის არის შექმნილი. AstraZeneca –ს 600 ათას დოზიანი პარტია, რომელშიც ინდოეთშია წარმოებული ოთხშაბათს აკრაში ჩაიტანეს.

    ვაქცინის პირველ მიმღებ ქვეყანად განა იმის გამო შეირჩა, რომ სხვებზე უკეთ მოემზადა ვაქცინაციისთვის. მოსალოდნელია, რომ პირველი აცრა უკვე მომავალი კვირის დასაწყისში გაკეთდება. პირველ რიგში ვაქცინას ჯანდაცვის სისტემის მუშაკები, 60 წელს გადაცილებულები, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და მაღალჩინოსნები მიიღებენ.

    განას მოსახლეობა 30 მილიონია. აქ პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების 80 ათას შემთხვევაზე მეტი და გარდაცვალების 580 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ტესტირების პრობლემების გამო ეს ციფრები შეიძლება არაზუსტი იყოს.

    Covax-ის პროგრამა ჯანმოს ხელმძღვანელობით შეიქმნა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის, ასევე ეპიდემიური მზადყოფნის სფეროში ინოვაციების კოალიციის მონაწილეობით.

    პროგრამის ამოცანაა უღარიბესი ქვეყნები ვაქცინის მიმღებთა რიგში ბოლო არ აღმოჩნდნენ. ამაში მათ დაფინანსების საშუალებით 98 მდიდარი და განვითარებული ქვეყანა დაეხმარება.

    ჯანმო თვლის, რომ 190 უღარიბესი ქვეყნის მოსახლეობა ერთი წლის მანძილზე მოსახლეობის 20%–ის ასაცრელად საკმარის დოზას მიიღებს საკუთარი საბიუჯეტო სახსრების დახარჯვის გარეშე, რაც ჯამში 2 მილიანდ დოზას შედაგენს.

    Covax-ის პლატფორმიდან უკრაინა 16 მილიონ დოზას ელოდება. რამდენ დოზას ელოდება საქართველო ამ პლატფორმიდან და როდის, დაზუსტებით არავინ ამბობს. საუბარია წლის ბოლომდე ჯამში 1 400 000 დოზა ვაქცინის მიღებაზე, რაც 700 000 ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.  პირველ ეტაპზე საუბარი იყო მარტის ბოლომდე 200 00 დოზამდე AstraZeneca–ს ვაქცინის შემოტანაზე. თუმცა ამ დღეებში ითქვა, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ვადების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს.

  • ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს მომავალი საათების და დღეების განმავლობაში–აშშ–ს სახელმწიფო დეპარტატმენტი

    სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს საკითხს რამდენიმე შეკითხვაა შეეხო.

    „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა, დეპარტამენის პრესსპიკერს, ნედ პრაისს ჰკითხა განიხილა თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული საკითხი ქართველ კოლეგებთან და განიხილება თუ არა სანქციები. პასუხად პრესსპიკერმა, თქვა, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნების, ასევე საქართველოს შემთხვევაში, პოდიუმიდან გაკეთებული განცხადებები, კულისებს მიღმა უფრო პირდაპირ განხილვაზე მეტყველებს.

    „როგორც აღვნიშნე, ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ იმოქმედოს მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და გააძლიეროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის მიმართ იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო და პროკურატურის სისტემა თვისუფალია პოლიტიკური მიკერძოებულობისგან. ჩვენ ცხადად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ფაქტი, რომ ამას პოდიუმიდან ვამბობ, მეტყველებს იმაზე, რომ უფრო პირდაპირი განხილვა გვქონდა მეორე მხარესთან, მათ შორის, საქართველოში. რომ არ გავმეორდე, ამ ბრიფინგზე რამდენჯერმე ვთქვი და აღვნიშნავ, რომ შეერთებულ შტატებისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ამომავალი წერტილი ღირებულებებია. აქ იკვეთება ის ღირებულებები, რაც ჩვენთვის ძვირფასია: თავისუფლება, კანონის უზენაესობა და პროკურატურის სისტემა, რომელიც დამოუკიდებელი და პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალია“.

    კითხვით მიმართა ასევე პრესსპიკერს, „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტმა ჯონ ჰადსონმა იმაზე, თუ „რამდენად უშლის ეს ხელს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას?“

    პასუხად პრაისმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა.

    „რაც ჩვენ უკანასკნელ დღეებში ვიხილეთ, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერვე განცხადებულ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის მეტი არ მინდა არაფერი ვთქვა, ვიტყვი რომ [მოვლენებს] ყურადღებით დავაკვირდებით მომავალი საათების და დღეების განმავლობაში. საიდუმლო არ არის თუ რას ვფიქრობთ, თუ რა უნდა მოხდეს საქართთველოში და ვნახავთ ეს ასე იქნება თუ არა“, – თქვა მან.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ეს იყო ქართული დემოკრატიის გულში დანის ჩარტყმა- ვაშინტონში ექსპერტები მელიას დაკავებას აფასებენ

    ნიკა მელიას დაპატიმრებას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმით აღებას ვაშინგტონში, პოლიტიკოსების შემდეგ, სფეროს ექსპერტებიც გამოეხმაურნენ.

    „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი სტივენ ბლენკი, თვლის, რომ მელიას დაკავებით და ძალადობრივი ქმედებებით, საქართველოს დემოკრატიას დიდი ზიანი მიადგა.

    „ეს იყო ქართული დემოკრატიის გულში დანის ჩარტყმა. ეს ნამდვილადაა იმის ნიშანი, რამდენად ცუდადაა საქმე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ პოლიტიკიდან წავიდა, ნათელია, რომ მისი პარტია, კვლავ, უარს ამბობს, დაიცვას ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპები. ჩვენ ვიცით, რომ მას კავშირები აქვს მოსკოვში და ასეთები სხვებიც არიან პარტიის ხელმძღვანელობაში. მათი ქმედება არის მცდელობა იმისა, რომ გაანადგურონ ქართული დემოკრატიის ნებისმიერი შანსი და შეუძლებელი გახადონ საქართველოს ნატოში გაერთიანება. ისინი შეუძლებელს ხდიან იმასაც, რომ საქართველომ მოაგვაროს თავისი პრობლემები რუსეთთან, იმისთვის, რომ რუსეთმა წინსვლა განაგრძოს“, -ამბობს ბლენკი.

    მკვლევარი, რომელიც წლებია, უკვე საქართველოს, რუსეთისა და რეგიონში მიმდინარე თემების შესახებ მუშაობს, ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ დაპირსპირებაში ერთადერთი გამარჯვებული არსებობს და ეს მოსკოვია. „არ გამიკვირდება, ეს ყველაფერი მათი ორგანიზებული რომ იყოს“, ამბობს ის.

    ბლენკი თვლის, რომ სიტუაციას საქართველოსთვის ისიც ამწვავებს, რომ ამერიკას სამხრეთ კავკასიისადმი კონკრეტული, ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ აქვს.

    „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ბოლო სამმა ადმინისტრაციამ, უბრალოდ, მიატოვა კავკასია. ამ წუთას არანაირი პოლიტიკა კავკასიისთვის არ არსებობს და ახლა არის მცდელობა, რომ ეს ფაქტი [ხელისუფლებამ] გამოიყენოს საკუთარი ქმედებებისთვის. ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც ამ ხალხს შეაჩერებს ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრისგან“.

    ბლენკი შიშობს, რომ თუ საქართველოში მოვლენები კვლავ არადემოკრატიული გზით განვითარდება, ამერიკა და ევროკავშირი ქვეყანას „ყურადღებას არ მიაქცევენ“, რომ „საქართველო, უბრალოდ, მარტო დარჩება. არ იარსებებს რაიმე გამოკვეთილი პოლიტიკა ამერიკის, ან ევროკავშირის მხრიდან საქართველოს წინ წასაწევად“.

    პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად ბლენკს ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან „ძლიერი ჩართულობის პოლიტიკა“ მიაჩნია, თუმცა, ვერ ხედავს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

    ბლენკის მსგავსად, საქართველოს მწვავე გამოწვევების წინაშე მყოფს ხედავს „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მიმომხილველი, ლუის ნავაროც. ნავარო, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და იქიდან აკვირდებოდა პოლიტიკურ მოვლენებს თვლის, რომ ახლა ქვეყანა, მისი თანამედროვე ისტორიის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდშია.

    „ვფიქრობ, რომ 2007 წლის ნოემბრის შემდეგ, საქართველო ყველაზე მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გადის. პრემიერ გახარიას გადადგომამ და მისი მხრიდან იმის თქმამ, რომ პოლიტსაბჭოზე სამართალდამცავი ორგანოების საკითხი განიხილებოდა და მას ამის შესახებ შეკითხვები ჰქონდა, როგორც ჩანს, სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზირების საკითხის შესახებ, საკმაო კრიტიკა გამოიწვია, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით. [თბილისში განვითარებული] მოვლენებიც, ამის კულმინაცია მგონია“, ამბობს ნავარო.

    მისი აზრით, ამ ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და „ყველა, ვინც დაინტერესებულია, რომ ნახოს როგორ გაწევრიანდება საქართველო ევროკავშირში, გაწევრიანდება ნატოში, დაიცავს თავის სუვერენიტეტს, ყველა, ვინც ამ თემებითაა დაინტერესებული, დღეს დამარცხდა“.

    დემონსტრანტები, რომლებიც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქუჩაში გამოვიდნენ და პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყეს, ყველაზე ხშირად იყენებენ ლოზუნგს: „Never back to USSR”, არასდროს დავბრუნდებით უკან, საბჭოთა კავშირში.

    ნავარო, დემონსტრანტების მსგავსად ფიქრობს, რომ ტოტალიტარული რეჟიმისკენ სვლის საფრთხე, საქართველოში ახლა ნამდვილად არსებობს.

    „თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა გაერთიანებულია ერთი ადამიანის ინტერესების ირგვლივ, ვისი ფულიც, იქიდან გამომდინარე რაც „პანამის ფურცლების“ გამოძიებიდან ვიცით, რუსეთზეა ორიენტირებული, ეს საფრთხე ყოველთვის არსებობს. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს… მაგრამ მყარი კლეპტოკრატიის იდეა, უფრო კლეპტოკრატული ტიპის მთავრობისკენ სვლა, ერთი ადამიანის სურვილებისკენ სვლა, როგორც ეს ლუკაშენკოს შემთხვევაში ხდება ბელარუსში, ასეთი ტიპის საფრთხე, რეალურად არსებობს“, ამბობს ნავარო.

    ნიკა მელიას დაკავების და საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებში საფრთხის შემცველ ნიშნებს ხედავს კენეტ იალოვიცი. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში შიშობს, რომ ახლანდელი ქმედებები, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე გავლენას იქონიებს.

    „გარე სამყაროსთვის ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს, სასამართლო სისტემას ოპოზიციის ლიდერების დასასჯელად იყენებენ. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია როგორ პოლიტიკას გაატარებენ ქვეყნის შიგნით, მაგრამ ეს, შესაძლოა იყოს ერთ-ერთი გზაგასაყარი. თუ საქართველოს სურს, რომ იყოს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი ქვეყნების ნაწილი, რომლებიც, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულები არიან, მაშინ ეს არ არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი“, ამბობს იალოვიცი.

    ყოფილი ელჩი ერთი თვის წინ, ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. 6 იანვარს, კაპიტოლიუმში შეჭრა და დონალდ ტრამპის მომხრეების აგრესიული ქმედება, ამერიკაში დღემდე განხილვისა და მსჯელობის საგანია. სფეროს ექსპერტები კვლავ აანალიზებენ მომხდარს და პრობლემის მოგვარების გზებზე მსჯელობენ.

    იალოვიცი ამბობს, რომ კაპიტოლიუმში შევარდნამ ნათლად დაანახა ყველას, რომ ისეთი ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, „მუდამ ფხიზლად უნდა იყოს“.

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ძალადობრივი შესვლა, ოპოზიციის ლიდერის დაკავება და თბილისში მიმავალი გზების გადაკეტვა არ არის კარგი ნაბიჯი. მე მინდა მოვუწოდო მთავრობის ლიდერებს და მათ უკან მდგარ ძალას, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ იმასთან რასაც აკეთებენ, იმიტომ, რომ თუ მართლა სურთ რომ იყონ დასავლეთის საზოგადოების წევრი, მაშინ ეს ძალიან რეტროგრადული ნაბიჯია, რომელიც უნდა გამოსწორდეს“, – ამბობს იალოვიცი.

    იალოვიცსაც და ნავაროსაც სჯერათ, რომ მოლაპარაკებებისა და დიალოგისთვის დრო და რესურსი სულ არსებობს. “გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მაგრამ მთავარი კითხვაა, მმართველ ძალებს როგორი ნება აქვთ და რამდენად იქნება ხალხის ნება, რომ იმოქმედონ.“, ამბობს ნავარო.

    დასავლეთში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მთელი დღისა და ღამის განმავლობაში კეთდებოდა კრიტიკული განცხადებები. თემას გამოეხმაურნენ ამერიკელი კონგრესმენი, პოლიტიკოსები, სფეროს მკვლევრები და ექსპერტები. განცხადებები ვიხილეთ ევროპარლამენტარებისა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებისგან. ყველა მათგანი თვლის, რომ ის, რაც თბილისში მოხდა, იყო დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი და ამ ყველაფერს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ სავალ გზაზე გავლენა ექნება.

    საქართველოს მთავრობა კი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრებისგან მოვისმინეთ მადლობებიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციელების მისამართით.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ქართული ოპოზიციის ლიდერის დაკავება სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს აღრმავებს-The Washington Post

    ქართული ოპოზიციის ლიდერის დაკავება სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს აღრმავებს- ამ სათაურით აქვეყნებს ნიკა მელიას დაკავების შესახებ სტატიას ამერიკული გამოცემა ვაშინგტონ პოსტი. გთავაზობთ სტატიის სრულ თარგმანს:

    “სამშაბათს საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი დააკავა, რამაც პოლიტიკური განხეთქილება გააღრმავა და კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა კრიზისში ჩააგდო.

    ნიკა მელია, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მისი პარტიის შტაბ–ბინიდან სამშაბათს ადრე დილით გამოათრიეს, ეს სცენა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მისმა პარტიამ ტვიტერში განათავსა ფოტოები რომელზეც ჩანს დიდი რაოდენობით სპეცრაზმის კონტიგენტი, რომელიც შენობაში შედის და განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა შენობის შიგნით მელიას ათობით მხარდამჭერის დასაპატიმრებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

    არეულობა საქართველოში რუსეთის უზარმაზარი საზღვრების გასწვრივ პირველი არ არის: ბელორუსში აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტი გრძელდება, რომელიც ოპოზიციამ ფალსიფიცირებულად გამოაცხადა. ყირგიზეთში ცოტა ხნის წინ ბოლო 15 წლის განმავლობაში მესამე რევოლუცია მოხდა.

    საქართველო 3.7 მილიონი მოქალაქით, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრება, უფრო დემოკრატიულ ქვეყნად ითვლებოდა, ვიდრე ეს ორი ქვეყანა. მას აქვს ნატოში შესვლის ამბიცია. თუმცა, სამშაბათს მომხდარი ესკალაცია საბოლოო ჯამში შესაძლოა მოსკოვის სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან ის თბილისს მის გავლენიან დასავლელ მოკავშირეებს დააშორებს. ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვამდნენ შეშფოთებას იმის გამო, რომ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების  ზოგიერთი ქმედებები უკუსვლის მანიშნებელი იყო.

    ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გასულ თვეს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ ის ძველებურად მართავს კულისებიდან.

    პოლიტიკური დაძაბულობა ოქტომბერში დაიწყო, როცა ქართული ოცნების კოალიციამ არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიციური ჯგუფები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. კრიტიკოსები ქართულ ოცნებას ძალაუფლების ყველა დონეზე და ყველა შტოს თითქმის სრული კონტროლის განმტკიცებაში ადანაშაულებენ.

    პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის დამფუძნებელი ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინაში დევნილი მიხეილ სააკაშვილია, არჩევნებში 27 % აიღო. დეკემბრის ბოლოს მელია პარტიის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს.

    ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დასკვნით ოქტომბრის არჩევნები საქართველოში “კონკურენტული  იყო და მთლიანობაში ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო“, თუმცა დასკვნაში მოყვანილია ასევე “ფართოდ გავრცელებული მტკიცებები ამომრჩევლებზე ზეწოლის და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლის შესახებ“.

    გასულ კვირას, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მოულოდნელად წავიდა პოსტიდან და მიზეზად მელიას დაკავების გეგმები დაასახელა.

    41 წლის მელიამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში 2019 წლის ანტისამთავრობო პროტესტების დროს პოლიტიკურად მოტივირებულია. მელიას დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში 9 წლიანი ციხე ემუქრება.

    “მინდა მჯეროდეს რომ ეს ნაბიჯი დეესკალაციის და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას დაეხმარება ჩვენს ქვეყანაში. “– თქვა გახარიამ გადადგომისას პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ მელიას წინასწარ პატიმრობაში აყვანა “ მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკია“.

    გახარიას მოულოდნელი გადადგომის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მელიას დაპატიმრება დროებით გადაიდო. თუმცა 24 საათიც არ  იყო გასული ირაკლი ღარიბაშვილის ახალ პრემიერ მინისტრად დამტკიცების შემდეგ, როცა ქართულმა პოლიციამ ნიკა მელია პარტიის ოფისიდან შავი ჯიპით გაიყვანა, რომელსაც საიდენტიფიკაციო ნიშნები არ ქონდა.

    საკუთარ განცხადებაში აშშ–ს საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მაპოლარიზებელი რიტორიკით კრიზისის დროს. საელჩომ დასძინა, რომ საქართველომ დღეს გადაუხვია დემოკრატიის განმტკიცებისა და ევროატლანტიკური ოჯახისკენ მიმავალი გზიდან.“– წერს ვაშინგტონ პოსტი

  • ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები–ოცნების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

    საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი და ერთადერთი სწორი ნაბიჯი ხელახალი არჩევნებია. ჯანელიძე მინისტრის პოსტს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, 2015-2018 წლებში იკავებდა.

    “ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ”, – წერს ჯანელიძე.

    დღეს დილით ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.