Category: კავკასია

  • რუსეთი უკრაინის დონბასის დასაპყრობად ემზადება-სტოლტენბერგი

    ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ სავარაუდოდ შემდეგ რამდენიმე კვირას, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონ დონბასში ახალ შეტევას წამოიწყებს. სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი „ძალიან კონცენტრირებულ“ იერიშს გეგმავს.

    „ახლა ვხედავთ რუსული ჯარის მნიშვნელოვან გადაადგილებას, რომელიც კიევს შორდება რათა მოახდინოს გადაჯგუფება, გადაიარაღება, მარაგების შევსება და ფოკუსის აღმოსავლეთზე გადართვა“, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

    სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი შეეცდება მთელი დონბასი ხელში ჩაიგდოს და ოკუპირებულ ყირიმზე სახმელეთო გასასვლელი მოიპოვოს. მისი კომენტარები, როგორც ჩანს ადასტურებს რუსეთის მიერ მარტის ბოლოს გაკეთებულ განცხადებებს, რომ ის ყურადღების გადართვას „დონბასის სრულ გათავისუფლებაზე“ ახდენს.

    ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ეს რუსეთის შეჭრის ახალი, გადამწყვეტი ფაზა იქნება. რუსეთის ძალების გადაჯგუფებას გარკვეული დრო დასჭირდება და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას დახმარება მიაწოდონ. მისი თქმით, მოკავშირეებს უკრაინის სამხედროების დახმარების დრო ჰქონდათ.

    ოთხშაბათს ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ როგორ გაგზავნონ უკრაინაში მეტი ანტი-სატანკო იარაღი, ტყვია-წამალი და სამედიცინო მარაგები.

    მოსალოდნელია, რომ ბრიუსელში ორ დღიან შეხვედრას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დაესწრება.

  • აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის მოხსნას ითხოვს

    უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მოტივით, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან, რუსეთის გარიცხვა სურს.

    „რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოში არის ფარსი,“ – თქვა ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა. „და ეს არასწორია, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროა, მათ გარიცხვაზე, გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრა გაიმართოს“ – აცხადებს გაეროში შეერთებული შტატების ელჩი.

    193-წევრიანი ასამბლეის ხმების ორი მესამედია საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი საბჭოდან მოიხსნას.

    თომას-გრინფილდმა რუსეთის ოფისიდან მოხსნაზე მოწოდებას საფუძვლად უკრაინის ბრალდებები დაურთო, რომლის მიხედვით, რუსულმა ჯარმა ქალაქ ბუჩაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.

    უკრაინა აცხადებს, რომ ბუჩაში განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას იძიებს, რუსეთი კი აცხადებს, ეს ყველაფერი კიევის დადგუმლია.

    მოსკოვს შეერთებული შტატების ამ მოთხოვნაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია

    24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გენერალურმა ასამბლეამ ორი რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს მოსკოვის ქმედებებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • „საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით“-ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში

    გამოქვეყნდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ახალი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, „საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით“, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იკისრა.

    დოკუმენტში ნათქვამია, რომ მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები „თანდათან კარგავენ საკუთარ არსს, ხოლო მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად იგდებს ძალაუფლებას თავის ხელში და  ამასთან, ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის“.

    მოხსენების ციტირებული ნაწილი, რომელიც 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდს ასახავს, მომზადდა როგორც საგარეო დოკუმენტი ევროპარლამენტისთვის სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და ევროპის კოლეჯის მოწვეული პროფესორის, ლორ დელკურის მიერ.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების დაკავება, 2019 წლის ივნისი/2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება.

    დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემაში 2020 წლიდან განვითარებულმა მოვლენებმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში „სერიოზული უკუსვლები“ აჩვენა, კერძოდ, „მოსამართლეთა ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის შეუსრულებლობა, ცვლილებები კანონში საერთო სასამართლოების შესახებ“.

    დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი სურათია. ამასთან მნიშვნელოვნად გაუარესებულია ქართული მედიის მდგომარეობა.

    „სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოში კიდევ უფრო რთული გახდა მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო“.

    ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, მასზე გავლენას ახდენს მზარდი პოლიტიკური ანტაგონიზმი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტირებისთვის არსებული არხების ეფექტურობა „სერიოზულად ეჭვქვეშ დგება“.

    დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამის საპირისპიროდ, 2020-2021 წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ზომები მიიღო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და სამსახურში გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად. მან ასევე დადებითად შეაფასა ბავშვთა უფლებების ახალი კოდექსი.

    ანგარიშის თანახმად, მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიისა, მოსალოდნელია შრომითი უფლებების არსებითი გაუმჯობესება შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და შრომის ინსპექციის მანდატის გახანგრძლივების გამო. „მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია და დანაშაული მათ წინააღმდეგ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

    ანგარიშის თანახმად, მაშინ, როდესაც საქართველო რეგიონალურ ლიდერად რჩება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ანტიკორუფციული რეფორმები ბოლო წლებში შენელდა, ხოლო მაღალი დონის კორუფციის ეფექტიანი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

    დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს დეცენტრალიზაციის რეფორმა ძირითადად განპირობებულია უფრო ეფექტიანი მენეჯმენტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის აუცილებლობით, ვიდრე ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობის სურვილით.

    ანგარიშის თანახმად, საქართველო მუდმივად ასრულებს ევროკავშირის ძირითად მოთხოვნებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ეფექტიანად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებთან და წევრ სახელმწიფოებთან კრიმინალთან ბრძოლის საქმეში.

    „დადებითად არის შეფასებული თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. თუმცა, საქართველომ უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა“.

    ამას გარდა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია, საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა კოვიდის გამო, ქვეყანა კარგ შედეგებს აღწევს საკუთარი სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების თვალსაზრისით.

    ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მართალია, საქართველო საკანონმდებლო პროცესების კუთხით სწორ გზაზეა, ის კვლავაც დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში, განსაკუთრებით ენერგოეფექტიანობის კუთხით არსებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია.

    წყარო: civil.ge

  • კადიროველებმა მარიუპოლში “რუსული ჰუმანიტარული დახმარება“ დაარიგეს, რომელიც სინამდვილეში უკრაინული აღმოჩნდა

    კადიროვის დაჯგუფების წევრებმა მარიუპოლის მაცხოვრებლებს რუსული ჰუმანიტარული დახმარება დაურიგეს, თუმცა კადრებში გამოჩნდა, რომ მთელი პროდუქცია უკრაინული წარმოების იყო. ამის შესახებ ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ტვიტერზე წერს.

    თავიდან ინფორმაცია მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გაავრცელა. ვიდეოს წარწერაში მითითებული იყო, რომ ჰუმანიტარული დახმარება რეგიონულმა საზოგადოებრივმა ფონდმა ახმატ–ხაჯი კადიროვმა გაგზავნა.

    კადრების დეტალურად დათვალიერებისას კი ჩანს, რომ რუსების მიერ დარიგებული ძეხვი სინამდვილეში უკრაინულია, უკრაინული წარწერებით. იგივე შეიძლება ითქვას ფქვილზეც.

    ტელეგრამ არხებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ ეს სინამდვილეში უკრაინული პროდუქციაა, ჩეჩნეთის ლიდერმა ინფორმაცია წაშალა.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთი ერთი თვეა ქალაქ მარიუპოლის აღებას უშედეგოდ ცდილობს. ქალაქში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.

  • ბრიტანეთი უკრაინას საზღვაო ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის – Sunday Times

    ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ უნდა უკრაინას საზღვაო ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტები გაუგზავნოს ოდესისა და ზღვის პირას მდებარე სხვა ქალაქების დასაცავად.  ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sunday Times წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

    ოფიციალურ ლონდონს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ბრიტანეთის დაზვერვის ბოლო ცნობებში საუბარია იმაზე, რომ რუსული ძალები კვლავ ფლობენ საზღვაო დესანტის გადამის პოტენციალს.

    ეს ინფორმაცია განსხვავდება მანამდე წამყვანი ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისგან, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ახლა უკვე აღარ აქვთ ოდესაზე ზღვიდან შტურმის მიტანის შესაძლებლობა.

  • CNN – რუსეთს უნდა უკრაინაში გამარჯვება 9 მაისამდე გამოაცხადოს

    ამერიკული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთი მოინდომებს დონბასზე სრული კონტროლი 9 მაისამდე დაამყაროს. ამის შესახებ სიენენი დაზვერვასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით საუბრობს.

    ტელეკომპანიის წყაროები ამბობენ, რომ რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში სტრატეგიას გადახედა და ოფიციალურად აცხადებს, რომ ახლა დონბასზე კონცენტრირდება. დანარჩენ უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ძალებს “არ შეუძლიათ კონტროლის შენარჩუნება რაიონებზე, სადაც საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ“– ამბობენ ისინი.

    დონბასის შემთხვევაში, სიენენის ინფორმაციით რუსეთს მეტი შანსი აქვს. წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია წარმატებას 9 მაისამდე მიაღწიოს, რადგან მისთვის “გამარჯვების დღეს“ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

    “პუტინი 9 მაისს გამარჯვების აღლუმს მაინც გამართავს, მიუხედავად უკრაინაში ომის მიმდინარეობის და სამშვიდობო მოლაპარაკების სტატუსისა“– უთხრა სიენენს ევროკავშირის ერთ–ერთი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი აზრით, პუტინი ხანგრძლივი და გაჭიანურებული ომისთვის ემზადება ორი ჩეჩნური კამპანიის სცენარით, რადგან სხვა არჩევანი აღარ აქვს.

    მოსკოვი უკრაინაში შეჭრას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი სამიზნე სამხედრო ობიექტებია. შაბათს ცნოილი გახდა მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების აღმოჩენის შესახებ კიევის ოლქში, საიდანაც რუსული არმია გავიდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამაზე კომენტარს არ აკეთებს. კითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საბრძოლო მოქმედებები, კრემლი ასევე არ პასუხობს.

  • უკრაინა “თავის ნატოს“ შექმნის–დავით არახამია

    რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის რადას  ფრაქცია “ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინას უნდა უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს სხვა ქვეყნებისგან და ამგვარად “საკუთარი, უკრაინული ნატო“ შექმნას.

    “გვინდა ჩვენი უკრაინული ნატო შევქმნათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატოს ყველაზე დიდმა და ეფექტურმა ქვეყნებმა მხარი დაგვიჭირონ აგრესიის შემთხვევაში„–თქვა მან.

    არახამიას თქმით, ნატოს სამი ქვეყანა – თურქეთი, გერმანია და იტალია უკვე დათანხმდნენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე.

    თუმცა, მისი თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმებას ასევე შეუერთდნენ ბრიტანეთი და აშშ. მათ გარეშე, მისი თქმით, ასეთი შეთანხმების ხელმოწერას აზრი არ ექნება.

    გარდა ამ ორი ქვეყნის, უკრაინისთვის ასეე მნიშვნელოვანია საფრანგეთის, ჩინეთის და თურქეთის მონაწილეობა– აღნიშნა არახამიამ.

    მოგვიანებით მან განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ მიიღო წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გარდა ყირიმის შესახებ პუნქტისა.

    მისი თქმით, სავარაუდოდ შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის თურქეთში შედგება.

  • როგორ მოახერხეს უკრაინელმა პილოტებმა რუსეთის ტერტორიის დაბომბვა– ექსპერტების აზრი

    წუხელ, უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტში, რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში მდებარე ნავთობბაზის დაბომბვა სავარაუდოდ ორი უკრაინული ვერტმფრენიდან განხორციელდა. როგორ მოახერხეს უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა ისე, რომ ისინი რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ვერ დააფიქსირა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მაღალი პროფესიონალიზმის ხარჯზე მოხდა.

    უკრაინელი ვერტმფრენის პილოტებს დაბალ სიმაღლეზე დიდი სიჩქარით ფრენის დიდი გამოცდილება აქვთ.  ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვერტმფრენები რადარებმა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა არ დააფიქსირონ. სწორედ ამას აკეთებენ ისინი წლების მანძილზე უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასში.

    ბიბისის სამხედრო კორესპონდენტი, ჯონათან ბილი წერს, რომ 2018 წელს ის მოწმე გახდა უკრაინელი სამხედრო მფრინავების საოცარი უნარებისა – ისინი ხეების და ბოძების თავზე სულ რამდენიმე მეტრში დაფრინავდნენ.

    ღამით ფრენა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მტრის საწვავის ბაზაზე შეტევისთვის, უჩვეულო სიმამაცეს და ძალიან დახვეწილ პროფესიულ უნარებს მოითხოვს.

    დაბალ სიმაღლეზე მოძრავი ვერტმფრენები ახლო მანძილის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის ადვილად მოსახელთებელია.

    ღამის ფრენა ამ რისკს ამცირებს, თუმცა ზრდის ხმელეთზე არსებულ ობიექტებთან შეტაკების საფრთხეს.

    შეტევა ბელგოროდის ნავთობბაზაზე, რომელიც წუხელ ვერტმფრენებიდან განხორციელდა, რადიკალურად არ ცვლის ომის ბედს, თუმცა მას შეუძლია იმის დემონსტრირება, რომ უკრაინამ მოახერხა საკუთარი ავიაციის საბრძოლო მდგომარეობაში შენარჩუნება. ამ ფაქტს კი უკრაინული არმიის საბრძოლო  სულისკვეთების ამაღლება შეუძლია.

  • რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს

    რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აღარ არიან, თუმცა მათი ნაწილი ჯერ კიდევ რჩება გაუცხოების ზონაში. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ატომური სააგენტოს მეთაურმა განაცხადა. ევგენი კრამარენკოს თქმით, რუსმა სამხედროებმა წასვლისას თან წაიღეს ელექტროსადგურის ქონების და კომპიუტერების ნაწილი.

    გარდა ამისა, რუსულმა არმიამ ტყვედ აიყვანა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაციონალური გვარდიის რამდენიმე თანამშრომელი.

    ხუთშაბათს საღამოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ჩერნობილის ზონაში რუსი სამხედროების დასხივების შესახებ.

    “მაგატეს ახლა არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა რადიაციის მაღალი დოზები მიიღეს ჩერნობილის გაუცხოების ზონაში ყოფნისას. სააგენტო ცდილობს მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია სიტუაციის დამოუკიდებლად შესაფასებლად“– ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათობით რუსმა სამხედრომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში, კერძოდ კი სადგურის ახლოს მდებარე ცნობილ “წითურ ტყეში“ დასხივება მიიღო, სოციალურ ქსელებში და მედიაში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ვრცელდება.

  • “Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განვიხილეთ“–ღარიბაშვილი

    “ვაგრძელებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაქცინების მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს.

    მისი თქმით, Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან სატელეფონო საუბრისას Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განიხილა.

    „ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer–ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე – ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს.

    ყურადღება გავამახვილეთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და ამისთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების დროულად მობილიზების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

    მადლობას ვუხდი Pfizer–ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს თანამშრომლობისთვის და მჯერა, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი ქვეყანა Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.