Category: კავკასია

  • პავილიონისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, ფოკუსირდეს ნიკა მელიას მიმართ აგრესიაზე

    ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, მოლაპარაკებებსა და ნიკა მელიაზე ტვიტერზე წერს და აშშ–ს სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს ამ საკითხზე ფოკუსირდეს.

    “დღეს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, “ქართული ოცნების” გარდა, გამოთქვა მზაობა მშვიდობიანი მოლაპარაკებების დასაწყებად. ბატონო ბლინკენ, დემოკრატიის ტრანსატლანტიკური საზოგადოებები უნდა ფოკუსირდეს ნიკა მელიას მიმართ აგრესიზე, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე”, – წერს პავილიონისი.

    ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი რამდენიმე დღის მანძილზე საქართველოში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებოდა და მწვავე განცხადებებს აკეთებდა. ის ამბობს,  რომ თუ ხელისუფლება ნიკა მელიას დააპატიმრებს ამას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.

    “თუ ოპოზიციის ლიდერს დააპატიმრებენ, ამას რეაგირება მოჰყვება. ჯერ არ მსურს ამაზე ვისაუბრო, რადგან მაქვს იმედი, რომ ეს არ მოხდება…. ისინი ვერასდროს გაასაღებენ ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას ნორმალურ დასავლეთში. მათ ეს შეუძლიათ გაასაღონ ბელარუსში,  რუსეთში, მაგრამ არ მინდა საქართველო დაადგეს ბელარუსის და რუსეთის გზას. თქვენ დაკარგავთ ლიდერობას, ქარიზმას, რომელიც ანათებს დასავლეთში”, – ამბობს პავილიონისი

  • ისრაელი შეზღუდვებს აუქმებს და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრილია

    კვირას, 21 თებერვალს ისრაელმა მთელი რიგი შეზღუდვები მოხსნა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო შემოიღო. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ვაქცინის ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს. ორივე დოზით აცრილთა რაოდენობამ კი 32%–ს გადააჭარბა.

    ქვეყანაში მუშაობას განაახლებენ სპორტდარბაზები, სასტუმროები და რელიგიური დაწესებულებები. ვიზიტორებმა თან უნდა იქონიონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ანტისხეულების არსებობის შესახებ ცნობა. ვაქცინაციისა და ანტისხეულების დამადასტურებელი დოკუმენტი სპეციალურ მობილურ აპლიკაციაში აისახება, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთით დამზადდა.

    ისრაელში დღეიდან მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია.  თუმცა მაღაზიებში შესასვლელად არ არის საჭირო ცნობა ვაქცინაციის და ანტისხეულების შესახებ.

    ისრაელის მოქალაქეებმა ძველებურად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ცეკვები საბანკეტო დარბაზებში და რესტორნელბში აკრძალულია, მეჩეთებში, სინაგოგებში და ეკლესიებში კი ერთდროულად მყოფთა რაოდენობა ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.

    ისრაელში მოსახლეობის აცრის კამპანია ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი და აქტიურია მსოფლიოში. Pfizer–ის ვაქცინის პირველი კომპონენტი 9 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 45%–ზე მეტმა მიიღო.

    ხელისუფლების ინფორმაციით ვაქცინის ორი დოზის ეფექტურობა 95.8 პროცენტია.

    ისრაელში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 740 ათასი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით 5500 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის მანძილზე სამჯერ შემოიღო მკაცრი ლოქდაუნი. ისრაელის ხელისუფლება პირობას დებს, რომ მეოთხე ლოქდაუნი აღარ იქნება.

  • “ძვირს დავუჯენთ” – ბაიდენის გაფრთხილება რუსეთს

    „ამერიკა დაბრუნდა. დიპლომატია დაბრუნდა”, – თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში, საგარეო პოლიტიკური გეგმების შესახებ პირველი გამოსვლისას.

    დიპლომატების წინაშე საკუთარი ხედვის წარდგენისას, ბაიდენმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ამერიკა რუსეთს წინააღმდეგობას არ უწევდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

    „მე პრეზიდენტ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ მე ძალიან განვსხვავდები ჩემი წინამორბედისგან. დასრულდა დრო, როცა შეერთებული შტატები წინ არ უდგებოდა რუსულ აგრესიულ ქმედებებს: ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერ-თავდასხმებს და მისი მოქალაქეების მოწამვლას. ჩვენ უყოყმანოდ, ამას რუსეთს უფრო ძვირს დავუჯენთ და დავიცავთ ჩვენ კრიტიკულ ინტერესებს და ხალხს“, – თქვა ბაიდენმა.

    ბაიდენისგან ვაშინგტონში მოსკოვთან ურთიერთობებში უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას და ადამიანის უფლებებზე უფრო მეტად ფოკუსირებას მოელიან. მისი ადმინისტრაციის წევრებმა, მათ შორის, სახელმწიფო მდივანმა სხვებთან ერთად, უკვე წამოჭრეს რუსეთთან ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა. სამხედრო აგრესიის საკითხი, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ენტონი ბლინკენმა რუს კოლეგასთან ბირთვული შეიარაღების კონტროლის შეთანხმების, “სტარტის III” შესახებ სატელეფონო საუბრისას ახსენა. მხარეები “ახალი სტარტის” ხუთი წლით უცვლელად გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

    ილუზიების გარეშე

    მოსკოვი კი ამერიკის განცხადებებს არაკონსტრუქციულს და აგრესიულს უწოდებს.

    ორი ქვეყნის ურთიერთობა მოსკოვის ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, „სოლარუინდის“კიბერ თავდასხმების და რუსეთში დაკავებული ამერიკის ორი მოქალაქის პოლ ვილანის და ტრევორ რიდის საქმეების ფონზე დაძაბულია.

    დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმავა, გასულ კვირას, ალექსეი ნავალნისთვის სასამართლოს მიერ სამნახევარი წლით პატიმრობის მისჯამ. ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან დაბრუნებისას დააკავეს. გერმანიაში ის საბჭოთა ნერვული აგენტით „ნოვიჩოკი“ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. მას რუსეთში სასამართლომ პირობითი სასჯელი 3.6 წლით პატიმრობით შეუცვალა.

    მოსკოვში ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო აქტიური იქნება პოლიტიკური თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით, ვიდრე მისი წინამორბედი. ნავალნის მოკავშირე ვლადიმირ მილოვი ამბობს მას ამის თქმის იმედს ის აძლევს, რომ ახალ ადმინისტრაციას რუსეთში არსებულ ვითარებაზე ილუზიები არ აქვს.

    „იმ ხალხს, ვინც ბაიდენთან ერთად მოდის ხელისუფლებაში, ილუზიები არ აქვს იმაზე, რაც რუსეთში ხდება. კარგი ამბავი ისაა, რომ არ იქნება ე.წ. „სწავლის პერიოდი“ – ყოყმანი იმაზე, გადატვირთონ (მოსკოვთან) ურთიერთობები თუ არა“, – ამბობს მილოვი.

    გადაუჭრელი პრობლემები

    ახალი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გლობალურად მისი შეიარაღებული ძალების განთავსების საკითხს გადახედავს, იქნება ეს ერაყში, ავღანეთსა თუ ევროპაში.

    ჯო ბაიდენის თქმით, ამ ეტაპზე გერმანიიდან ჯარების გაყვანა, რომლის გადაწყვეტილებაც მისმა წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა მიიღო, შეჩერებულია. ტრამპი გეგმავდა გერმანიიდან, სადაც ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტიგენტია განთავსებული, 12 000-მდე სამხედრო მოსამსახურე პირის გაყვანას. გეგმის მიხედვით, მათგან 5 600 ნატოს სხვა მოკავშირე ქვეყნებში ნაწილდებოდა, მათ შორის, ბელგიასა და იტალიაში. ნაწილი კი „განგრძობით როტაციაში“ უნდა ჩართულიყო შავი ზღვის რეგიონში.

    მიმომხილველები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯის მიზანი, გერმანიის და ევროპელი მოკავშირეების დარწმუნების მცდელობაა, რომ ამერიკა ტრადიციულ პარტნიორობას არ უღალატებს.

    „ეს ნაბიჯი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნორმისკენ დაბრუნებაა. იმ ნორმის, როცა ამერიკა მოკავშირეებთან, განსაკუთრებით დემოკრატიულ მოკავშირეებთან, ახლოს თანამშრომლობს“, – განუცხადა „ამერიკის ხმას“ ბრაიან კურტისმა, „ამერიკული პროგრესის ცენტრიდან“.

    მართალია, ევროპის წამყვანი ქვეყნები, ბაიდენის ადმინისტრაციას ოპტიმიზმით შეხვდნენ, მაგრამ ბერლინსა და პარიზში ვაშინგტონს სიფრთხილით ეკიდებიან. მოკავშირეებს შორის ბევრი უთანხმოების საკითხია, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობებშიც. პრობლემები, რომელზეც ბაიდენის წინამორბედი დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობდა, იქნება ეს ნატოს დანახარჯები თუ “ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის პროექტი კვლავ რჩება.

    “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მილსადენით, კომპანია “გაზპრომი” გერმანიისთვის რუსეთიდან გაზის მიწოდებას გეგმავს. ვაშინგტონი პროექტს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ეს გაზრდის ევროპის ენერგო-დამოკიდებულებას რუსეთზე. ბერლინი კი ამერიკის პოზიციას არ იზიარებს.

    ეს კი იმ ფონზე, როცა ბაიდენის გუნდისთვის, ევროკავშირთან ერთიანი პოზიციების ქონა კრიტიკულია, რათა რუსეთზე გაზარდოს ზეწოლა ნავალნის და დაკავებული 10,000-ზე მეტი დემონსტრანტის გასათავისუფლებლად თუ სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე სამუშაოდ, როგორიცაა ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება, ევროპის ენერგო უსაფრთხოება თუ არქტიკის ათვისების საკითხები.

    წყარო: ამერიკის ხმა

    ანი ჩხიკვაძე

  • აშშ–მ შესაძლოა პუტინს პირადი სანქციები დააკისროს

    რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა პირველად გახდეს აშშ–ს პერსონალური სანქციების ობიექტი. ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა, რომელშიც ორივე პარტიის წარმომადგენლები შედიან, მოამზადა კანონპროექტი რუსეთის ოფიციალური პირების პასუხისმგებლობის შესახებ ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო.

    “პუტინის ხელისუფლებას გრძელი და ბინძური ისტორია აქვს მკვლელობისა და თავდასხმების გამოყენებისა რუსეთის მოქალაქეების გასაჩუმებლად…, რომლებიც რეჟიმის კორუმპირებულობას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ამხელენ“– განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას სენატორმა კრის კუნსმა.

    დოკუმენტი სახელწოდებით “მტრული ქმედებების გამო რუსეთის პასუხისმგებლობა“ აშშ–ს ადმინისტრაციისგან მოითხოვს  მისი დამტკიცებიდან 90 დღის განმავლობაში წარუდგინოს კანონმდებლებს ცნობები ყოფილი და ამჟამინდელი რუსი ჩინოვნიკების, ასევე იმ პირების შესახებ, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების განკარგულებით მოქმედებდნენ და ჩართულნი იყვნენ ნავალნის მოწამვლაში გასული წლის აგვისტოში. თეთრი სახლი ვალდებული იქნება გაარკვიოს, დაარღვია თუ არა რუსეთის ხელისუფლებამ კანონები, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს.

    180 დღის განმავლობაში ადმინისტრაციამ კონგრესს ასევე უნდა გადასცეს მთელი ინფორმაცია ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ, რომელიც მოსკოვში, საკუთარ სახლთან 2015 წლის თებერვალში მოკლეს.

    კანონპროექტის ერთ–ერთი პუნქტი აშშ–ს პრეზიდენტისგან მოითხოვს კანონმდებლებს წარუდგინოს ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის და მისი ოჯახის წევრების პირადი ქონების წყაროებისა და მოცულობის შესახებ.

    2016 წელს აშშ–ს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკვე დიდი ხანია ფლობენ ინფორმაციას პუტინის კორუმპირებულობის შესახებ, მათ შორის მონაცემებს ენერგეტიკასთან დაკავშირებული მისი საიდუმლო საინვესტიციო პროექტების შესახებ. ამასთან, დღემდე ამერიკის ოფიციალური პირები ცდილობდნენ კომენტარი არ გაეკეთებინათ რუსეთის ლიდერის პირადი ქონების შესახებ ინფორმაციაზე.

  • აშშ–ს ახალი სახელმწიფო მდივანი უკვე პოსტზეა. რას უნდა ელოდეს მოსკოვი კრემლის მწვავე კრიტიკოსისგან

    ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ოთხშაბათ დილას სახელმწიფო დეპარტამენტში მივიდა და პირველი სამუშაო დღე დაიწყო.

    ბლინკენს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები შენობის გარეთ, სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადეებით დახვდნენ.

    “ჩემთვის დიდი პატივია, რომ დავიწყო მუშაობა ჩვენი ერის 71-ე სახელმწიფო მდივნად. მოხარული ვარ და ველი ყველაფერს, რაც წინ გველოდება. ამერიკაში ახალი დღე გათენდა, მსოფლიოში, ახალი დღე გათენდა”– ასე დაიწყო თავისი სიტყვა სახელმწიფო დეპარტამენტში ენტონი ბლინკენმა.

    სახელმწიფო დეპარტამენტში მისვლამდე ბლინეკმა “ტვიტერზე” დაწერა: “ჩემი კარიერა სრულ წრეზე დატრიალდა. სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა 1993 წელს დავიწყე. დღეს კი ჩემი ცხოვრების მთავარი სიამაყეა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს გავუძღვე, როგორც 71-ე სახელმწიფო მდივანი”.

    ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამეტში მუშაობა 28 წლის წინ დაიწყო. ის ჯერ ევროპასა და კანადასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა, შემდეგ კი სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო. ის კარგად იცნობს საქართველოსა და უკრაინის პრობლემებს და ამ საკითხებზე ის წლებია მუშაობს.

    პრეზიდენტმა ბაიდენმა ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე 2020 წლის 23 ნოემბერს წარადგინა. მოგვიანებით კი მისი კანდიდატურა სენატმა მოსმენების შემდეგ დაამტკიცა.

    სენატში მოსმენების დროს, ბლინკენმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს წევრობას ემხრობა თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“.

    ენტონი ბლინკენი 58 წლისაა. ის ნიუ-იორკში ებრაელი იმიგრანტების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად ამბობს, მის მშობლები და წინაპრები დევნილი იმიგრანტები იყვნენ, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ.

    ბლინკენი ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში იურისპუდენციას და ჟურნალისტიკას სწავლობდა. ახალგაზრდობაში ჰოლივუდის პროდიუსერობაზე ოცნებობდა.

    1990–იან წლებში გამოსვლის ტექსტებს წერდა ბილ კლინტონისთვის. მისი ცოლი იმ პერიოდში ჰილარი კლინტონის პირად თანაშემწედ მუშაობდა.

    ბაიდენის წინასაარჩევნო შტაბში საერთაშორისო პრობლემატიკას კურირებდა.

    2002–2008 წლებში ხელმძღვანელობდა სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის აპარატს იმ დროს, როცა ბაიდენი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

    ბაიდენის ვიცე–პრეზიდენტობის დროს კი მისი მრჩევლის პოსტზე გადავიდა. განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული ერაყის საქმეებში. 2013 წლის ინტერვიუში ბაიდენმა მას სუპერვარსკვლავი უწოდა.

    2015–2017 წლებში ბლინკენი სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის მოადგილედ მუშაობდა. ის ახლო აღმოსავლეთის საკითხებით და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლით იყო დაკავებული.

    ტრამპის გამარჯვების შემდეგ თანამდებობა დატოვა და კერძო კომპანიაში დაიწყო მუშაობა. 2018 წელს შექმნა საკუთარ საკონსულტაციო ფირმა.

    ჯო ბაიდენის ძველი მრჩველი და “გადატვირთვის პოლიტიკის“ ერთ–ერთი ავტორი ვაშინგტონში ცნობილია, როგორც მოსკოვთან მიმართებაში მაქსიმალურად მკაცრი ზომების გატარების მომხრე. კვირის დასაწყისში თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მოსკოვისგან დაუყოვნებლივ მოითხოვენ ალექსეი ნავალნის, ასევე მისი მხარდამჭერი აქციების დროს დაპატიმრებულთა გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლს მკაცრი ზომებით დაემუქრნენ. ახალი ადმინისტრაციის პრესმდივნის, ჯენიფერ ფსაკის თქმით, სახელმწიფოს მეთაური არ გამორიცხავს რუსეთის ხელისუფლების ქმედებაზე რეაქციის სახით “ყველა ვარიანტი“ აამოქმედონ.

    თავად ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას მიანიშნა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთ სფეროს განიხილავს, რომელშიც აშშ–ს და რუსეთს თანამშრომლობა შეუძლიათ. ეს არის ბირთვული განიარაღების საკითხები. ყველა სხვა დანარჩენ საკითხში ურთიერთობები მინიმალური იქნება.

    ამავე დროს აშშ–მ უნდა გააგებინოს რუსეთის ხელისუფლებას, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან ნავალნის დაკავებით, კომპანია SolarWinds–ზე შეტევით, რომელშიც რუსი ხაკერები არიან ეჭვმიტანილი, ასევე ინფორმაციით ავღანეთში ამერიკელების მკვლელობისთვის თანხების გადახდის შესახებ – დასძინა პრეზიდენტმა.

    სენატში ენტონი ბლინკენის დამტკიცებისას ნავალნის დაპატიმრება მოსმენის ერთ–ერთი მთავარი თემა გახდა. რუსეთთან ურთიერთობების პრობლემას ბლინკენმა ერთ–ერთი საკვანძო უწოდა ახალი ადმინისტრაციისთვის, მისი დამოკიდებულება რუსი ოპოზიციონერის დაკავების მიმართ კი ერთადერთი ფრაზით გამოხატა: “ეს გამაოგნებელია, როგორ ეშინია ვლადიმერ პუტინს ამ ადამიანის.“

    ბლინკენის პოზიციას მისი კოლეგებიც იზიარებენ აშშ–ს ახალი ადმინისტრაციიდან. მაგალითად, უილიამ ბერნსი, რომელიც ბაიდენმა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორად წარადგინა, რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ ვერ ხედავს მომავალში მოსკოვთან ურთიერთობების განსაკუთრებულ პერსპექტივებს და ამერიკა კრემლთან მიმართებაში შესაძლებლობების საკმაოდ ვიწრო დიაპაზონის ფარგლებში იმოქმედებს – “მწვავე შეჯიბრსა და საკმაოდ უსიამოვნო მტრობას შორის.“

    ამ პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელება სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს მოუწევს.

    მითუმეტეს, რომ ბლინკენი ჯერ კიდევ თანამდებობაზე დანიშვნამდე, კერძო ბიზნესში მუშაობისას არაერთ ინტერვიუში როგორც ანალიტიკოსი საუბრობდა მოსკოვთან აშშ–ს ურთიერთობების შესახებ. ვნახოთ, რას ამბობდა ის:

    გადატვირთვის პოლიტიკაზე:

    “ბაიდენი უკიდურესად მკაფიოდ ამბობდა, რომ მაშინაც კი, როცა რუსეთთან გადატვირთვას ვცდილობდით, არ ვაპირებდით ჩვენს ძირითად პრინციპებზე უარის თქმას. არ ვაპირებდით ევროპასა და მის საზღვრებს გარეთ გავლენის სფეროების გაყოფის სფეროში დაბრუნებას. არ ვაპირებდით დათანხმებას წინადადებაზე იმის შესახებ, რომ ერთ ქვეყანას, ანუ რუსეთს შეუძლია უკარნახოს სხვა ქვეყნებს რა უნდა გააკეთონ და რა არა. პუტინი ეგრეთწოდებულ ასიმეტრიულ ტაქტიკას იყენებს რათა მოახდინოს შევიწროვება, ზონდირება, პროვოცირება პირდაპირი სამხედრო თავდასხმების გარეშე. ის ყველაფერს იყენებს: პოლიტიკოსების მოსყიდვიდან და დეზინფორმაციის კამპანიიდან დაწყებული პატარა და შეუმჩნეველი სამხედრო ოპერაციებით და ამ ქვეყნებში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერით დამთავრებული. ეს ყველაფერი კი ასიმეტრიულ სტრატეგიად იქცევა, რომელსაც ძალიან შეზღუდული რესურსებით დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.“

    ნატოსა და რუსეთის ურთიერთოების შესახებ:

    “მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი იბრძოლებს პუტინის წინააღმდეგ მისი აგრესიის გამო…

    ნატომ აშშ–ს მეთაურობით მკაფიოდ გაააქტიურა პოლიტიკა რუსეთის მიმართ უკრაინის მოვლენების შემდეგ. ჩვენი ყოფნა, მათ შორის რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში ახლა უფრო შესამჩნევი და მაშტაბურია, ვიდრე ამ კრიზისამდე იყო. ისევ და ისევ ამის გამო, ევროპელები უფრო შეკავშირდნენ, როცა საქმე ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება. ყველა მაჩვენებლით ამ სტრატეგიული გადაწყვეტილებების გამო რუსეთი სტრატეგიულად უფრო სუსტ პოზიციებზე აღმოჩნდა.“

    ტერორიზმთან ბრძოლაზე:

    “როცა ტრამპმა მიიღო დაზვერვის მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთი თალიბებს ჩვენი სამხედროების მკვლელობისთვის ფულს უხდიდა და ის არაფერს არ აკეთებს, ჩვენ გვაქვს რეალური ფუნდამენტალური პრობლემა.

    რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი საკვანძო ინტერესები ავღანეთში და ხელი შევუშალოთ ახალი ტერორისტული ჯგუფების ჩამოყალიბებას ისე, რომ იქ 14 000 ან 7 000 ამერიკელი ჯარისკაცი არ გავგზავნოთ? ამისათვის საჭიროა ჩემი აზრით შევინარჩუნოთ ტერორიზმთან საბრძოლველად ჩვენი იქ ყოფნა, რომ ახლო მომავალში ასეთი ჯგუფები არ აღმოცენდეს. “

  • გინდათ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატოთ – თენგიზ ცერცვაძის ღია წერილი

    ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ღია წერილს ავრცელებს, სადაც ექიმ მანანა ჯებაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობს.

    ცერცვაძე არ იზიარებს ჯებაშვილის მოსაზრებას, რომ საქართველო კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ყველას გადააჭარბა. ცერცვაძე ასევე წერს, რომ მკრეხელობაა იმის თქმა, თითქოს პაციენტების გადარჩევა ხდება:

    “ქალბატონო მანანა,
    რიგ საკითხებში ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ ჩემს გულწრფელ და ღრმა პატივისცემაში თქვენი, როგორც პიროვნების და პროფესიონალის მიმართ. ისიც კარგად მესმის, რომ ოპონირების დროს გადაჭარბებებიც მოსულა, მაგრამ დღეს თქვენს ფეისბუქ გვერდზე ისეთი რამ დაწერეთ, რაც ჩვენთან დამკვიდრებულ სტანდარტებშიც კი არ ჯდება. თქვენ ბრძანეთ „45 გარდაცვლილი (იგულისხმება COVID-19-ით პაციენტები, თ.ც.)“ ….. სიკვდილობის %-ით ყველას გადავაჭარბეთ! რას ფიქრობს სახელმწიფო, სანამდე უნდა გაგრძელდეს ბუნებრივი გადარჩევის პროცესი ისედაც მცირერიცხოვან ერში!“.
    ამას წინათ ერთ ჩემს კოლეგას შევახსენე სიტყვები, რომლებსაც ჰიტლერს და ჰებელსს მიაწერენ „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. მესმის, რომ გინდათ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატოთ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამისთვის სხვა უფრო შესაფერისი მაგალითი მოგეძებნათ. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ გაეცნობით ევროპის CDC-ის (ECDC), ჯანმო-ს და Worldometer -ის ოფიციალურ მონაცემებს ა.წ. 17 ნოემბრისთვის, რომ COVID-19-ის ყველა დადასტურებულ შემთხვევათა შორის (CFR) საქართველოზე დაბალი სიკვდილობის პროცენტი ევროპის 56 სახელმწიფოს შორის აქვს მხოლოდ სლოვაკეთს, ლიეტუვას და კიდევ რამოდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს, ხოლო 46 (ორმოცდა ექვს) სახელმწიფოს სიკვდილობის საქართველოზე მაღალი პროცენტი აქვს. რაც შეეხება „ბუნებრივ გადარჩევას“ ამის ჩვენი სახელმწიფოსთვის დაბრალება უბრალოდ მკრეხელობაა. აი, ევროპის და ამერიკის მთელ რიგ სახელმწიფოებში კი ასეთ რამ მართლა ხდებოდა და ზოგან ახლაც ხდება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბევრისთვის სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყანა შვედეთში არსებობდა ოფიციალური მითითება-რეკომენდაცია, რომ 65 წელზე მეტი ასაკის COVID-19-ით ავადმყოფები საავადმყოფოებში არ გადაეყვანათ, რადგან მათთვის იქ ადგილი არ იყო. წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, ეს რომ საქართველოში მომხდარიყო.
    აი, ასეთია სინამდვილე, მოგწონთ ეს, თუ არა”,-ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

  • აშშ–ს საელჩო საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

    “აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე და კოვიდ-19 პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას. ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის.

    ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.

    ჩვენ მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად. მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ.

    შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ყველა მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება.

    ამ არჩევნების წინა პერიოდში მიღებულ რეფორმებში გათვალისწინებული იყო წინა არჩევნებზე დაფიქსირებული ზოგიერთი ხარვეზი. ჩვენ მოვუწოდებთ მომდევნო მოწვევის პარლამენტს, გაატაროს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ოდირის საარჩევნო შეფასებებში. როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და ააშენოს უფრო ძლიერი დემოკრატია.“–ნათქვამია განცხადებაში.

  • ამერიკის ხელისუფლებამ Google–ის, Amazon–ის და Facebook–ის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა დაიწყო

    ამერიკული ინტერნეტ კომპანიების მზარდმა ძალაუფლებამ ამერიკის ხელისუფლება შეაშფოთა. რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ ვაშინგტონმა ევროპას დაუჭირა მხარი და ბიზნესისა და მოქალაქეების უფლებებისთვის ბრძოლაში მეორე ფრონტი გახსნა.

    თავიდან კონგრესმენებმა კომპანიები  Google, Amazon , Apple და Facebook დაადანაშაულეს იმაში, რომ ისინი “ გადაიქცნენ ისეთ მონოპოლიებად, რომელთა მსგავსი ნავთობბარონების და სარკინიზო მაგნატების შემდეგ კაცობრიობას აღარ ახსოვს.“

    გასულ კვირას კი რამდენიმე შტატის პროკურორებმა და ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა სარჩელი შეიტანეს Google-ის წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ კომპანიამ ინტერნეტზე წვდომის მონოპოლიზება მოახდინა, ბოროტად იყენებს “მეკარის“ როლს და კონკურენციას საეჭვო ბიზნეს–პრაქტიკების გამოყენებით ახრჩობს.

    აშშ–ს პირველი ორი ნაბიჯი მოიწონა ევროპამ, რომელიც დიდი ხანია მარტო და უშედეგოდ აწარმოებს უთანასწორ ბრძოლას ამერიკული ჰაიტეკ–გიგანტების წინააღმდეგ. აქამდე ვაშინგტონი თავისიანებს იცავდა ბრიუსელისგან, თუმცა 2020 წლის შემოდგომაზე ამერიკელები ევროპელების მხარეს გადავიდნენ.

    სილიკონის ველის კომპანიები დარწმუნებულნი არიან, რომ არაფერს არღვევენ  და პირიქით, უფასოდ, ან თითქმის უფასოდ ეხმარებიან ადამიანებს იმუშაონ, იურთიერთონ, ისწავლონ და გაერთონ. დომინირება კი კონკურენციის დროებითი შედეგია და არა სერიოზული საფრთხე კონკურენციისთვის.

    ხელისუფლებას ამის არ სჯერა და სადამსჯელო ზომების მთელ არსენალს ამზადებს – მილიარდებიანი ჯარიმებით დაწყებული იძულებითი დაყოფით დამთავრებული: Facebook შეიძლება  აიძულონ Instagram და WhatsApp გაყიდოს,  Google კი აიძულონ  YouTube  დათმოს, Android კი ცალკე კომპანიად გამოყოს.

    რატომ აღმოჩნდნენ ამერიკული ბიზნესის ჩემპიონები უცებ მიუღებელნი?

    თავიდან ბრძოლა ევროკავშირმა დაიწყო. მას არ მოეწონა, როგორ ექცეოდნენ ტექნოლოგიური გიგანტები კონკურენეტებს, მომხმარებელთა პირად მონაცემებს, საავტორო უფლებებს და ექსტრემიზმს საკუთარ პლატფორმებზე.

    ევროკავშირმა სამჯერ დააჯარიმა გუგლი საერთო ჯამში 9 მილიარდი დოლარით იმის გამო, რომ ამერიკელები საკუთარ საძიებო სისტემას საკუთარი საოპერაციო სისტემის – ანდროიდის საშუალებით “ქაჩავდნენ“, საკუთარ მაღაზიებს კი საკუთარი საძიებო სისტემით. ფეისბუქი და ამაზონი იმის გამო დასაჯეს, რომ ისინი მომხმარებელთა პირად მონაცემების საკუთარი საქონლის და მომსახურების პოპულარიზაციისთვის იყენებდნენ, ეფლის წინააღმდეგ გამოძიება კი მუსიკალური სერვისების საჩივრის ნიადაგზე დაიწყო, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ იმით, როგორ ახვევდა აიფონების მწარმოებელი მომხმარებელს თავზე საკუთარ Apple Music–ს.

    საქმეები წლობით გრძელდებოდა, ჯარიმები უმნიშვნელო იყო კომპანიების გიგანტურ მაშტაბებთან შედარებით, ახლა კი ქარის წისქვილებთან ბრძოლა უკვე შესაძლოა ჯვაროსნულ ლაშქრობაში გადაიზარდოს, რადგან ევროპას აშშ–ს ხელისუფლებამაც დაუჭირა მხარი, ის კი ერთადერთი ძალაა დედამიწაზე, რომელსაც ამერიკულ ბიზნესზე პირდაპირი გავლენა აქვს.

    რადიკალურ ძვრებს წინ უძღვოდა აშშ–ს კონრესის წარმომადგენელთა პალატის გამოძიება, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ. კონგრესმენებმა დაკითხვაზე ინტერნეტ გიგანტების ხელმძღვანელები დაიბარეს. სანახაობრივად ამაზონის შეფის; ჯეფ ბეზოსის და ფეისბუქის მფლობელის, მარკ ცუკერბერგის დაკითხვები საინტერესო და ხმაურიანი გამოვიდა, თუმცა საბოლოოდ დემოკრატების მიერ მხარდაჭერილ მამხილებელ ანგარიშს რესპუბლიკელების მხარდაჭერა არ მოუპოვებია. მათ სხვა გზით წასვლა გადაწყვიტეს – არა წესების შეცვლა და კანონების გადაწერა, არამედ სასამართლოში ჩივილი და იმის მტკიცება აირჩიეს, რომ მძლავრი კომპანიები უკვე არსებულ წესებს არღვევენ.  მათ   Google–ს სასამართლოში უჩივლეს.

    კანონის დამცველები დარწმუნებულნი არიან, რომ ინტერნეტ გიგანტი ცდილობს მთელი ინტერნეტ ტრაფიკი საკუთარი სერვისებით გაატაროს, და ყოველი კლიკიდან მოგება მიიღოს, ივაჭროს მომხმარებელთა მონაცემებით და მათი ქცევის შესახებ ინფორმაციით. ასეთი მონოპოლია კი მათი აზრით ვნებს მომხმარებელს და მთლიანად კაპიტალიზმს, ამიტომაც უნდა დაინგრეს.

    კომპანია Alphabet, რომელიც  Google–ის საძიებო სისტემის გარდა  YouTube–ს,  Android–ს და ბევრ სხვა რამეს აკონტროლებს, მონოპოლიზმის ბრალდებებს უარყოფს. მათი არგუმენტი ის არის, რომ მათი საძიებო თუ ოპერაციული სისტემები თუ იუთუბის ვიდეოპლატფორმები სრულიად უფასოა, ეს კი ნიშნავს, რომ ინტერნეტ ძიების 80%–ის გუგლის ხელში თავმოყრაც კი მომხმარებელს ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს.

    აშშ–ს კანონმდებლობის შეცვლის გარეშე მონოპოლიზმის დამტკიცება ადვილი არ იქნება და ვერც სწრაფად მოხდება. სარჩელის სასამართლო განხილვა 2022 წელზე ადრე არ დაიწყება, განხილვებსა და აპელაციებს კი კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.

    ამიტომაც ამერიკელი პროკურორების ნაბიჯი, რომლებიც გუგლის დანაწევრებას აპირებენ არასერიოზულად იქნა აღქმული. ამ ინფორმაცის გახმაურების დღეს გუგლის აქციები არათუ დაეცა, არამედ 1%–ით გაძვირდა კიდეც.

    ყველას კარგად ახსოვს, რომ ამერიკის ხელისუფლებისა   Microsoft –ის ბრძოლა 8 წელი გრძელდებოდა.

    ეს უზარმაზარი ვადაა ინტერნეტ ტექნოლოგიებისთვის და მანამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.

    ამერიკულმა ინტერნეტ გიგანტებმა რამდენიმე ათწლეულში პლანეტაზე ცხოვრება მთლიანად შეცვალეს : ეკონომიკა, პოლიტიკა, განათლება, ურთიერთობები და გართობა.

    მათ ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწიეს და საკუთარ თავზე მოირგეს ბიზნესი, ვაჭრობა, საზოგადოებრივი დისკუსიებიც კი. ეს თავდაპირველად დასავლური ტექნოლოგიების და ფინანსების უპირატესობის სიმბოლო იყო, ახლა კი თანდათანობით თავის ტკივილად იქცა.

    მოქალაქეები და ხელისუფლებები ინტერნეტ გიგანტების დომინირებაში დემოკრატიული წყობის საფუძვლებისა და კაპიტალიზმისთვის საფრთხეებს ხედავენ.

    განსაკუთრებულ შეშფოთებას სამი რამ იწვევს:

    პირველ რიგში ის, რომ მონოპოლიზაცია კონკურენციას კლავს, კონკურენცია კი საბაზრო ეკონომიკის საფუძველია.

    მეორე: რეგულატორები და აქტივისტები უკმაყოფილოები არიან გიგანტების დამოკიდებულებით იმის მიმართ, რა ხდება მათ პლატფორმებზე , მთავარია მათ მოგება მოიტანონ.  მათი თქმით, კონტენტის გაფილტვრის სურვილის არქონა შანსს აძლევს ექსტრემისტებს და სხვა ბნელ ძალებს.

    და ბოლოს– ამერიკული გიგანტები სხვა ქვეყნების ჯიბეს აცარიელებენ. ისინი ადგილობრივ ბიზნესს ავიწროებენ და ამგვარად დასაქმებას და საგადასახადო შემოსავლებს აყენებენ დარტყმას, მათ ნაცვლად იღებენ მოგებას და ეს თანხები ოფშორებში, ან საკუთარ იურისდიქციაში – აშშ–ში გადააქვთ.

    ამ პრობლემების გარდა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების მიმართ კიდევ ბევრი პრეტენზიაა – მაგალითად, საინფორმაციო საშუალებების განადგურება მათი სარეკლამო ბიზნეს მოდელის მოშლისა და საძიებო სისტემაში უფასო ციტირების გზით, ასევე დემოკრატიის ნგრევა კანონმდებლობის გვერდის ავლით წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევისთვის პირობების შექმნის საშუალებით.

    გიგანტური ძალაუფლების მქონე კომპანიების მოსათვინიერებლად სამი რეცეპტი არსებობს – არსებული წესების დარღვევისთვის ჯარიმა. ახალი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც თანამედროვეობასთან იქნება ადაპტირებული და მათი დარღვევისთვის დაჯარიმება. და თუ არაფერი უშველის – კომპანიების დაშლა.

    ჯერჯერობით პირველი ორი რეცეპტი არაეფექტურია, მესამე გზა კი მხოლოდ აშშ–ში შეიძლება განხორციელდეს, რადგან ეს კომპანიები ამერიკულია. თუმცა, თუნდაც ხელისუფლებამ ამ ზომას მიმართოს, მას მოუწევს დაადასტუროს, რომ კომპანიები მონოპლიურ მდგომარეობას ბოროტად იყენებენ, რაც ადვილი არ იქნება.

    გარდა ამისა, ამერიკის ხელისუფლებას სიფრთხილე მართებს, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანოს:

    ინტერნეტ გიგანტების ჯგუფი დიდი ხანია ამერიკული ეკონომიკის სისტემური მაფორმირებელი გახდა. მხოლოდ ოთხი ტექნოლოგიური გიგანტის  (Amazon, Facebook, Apple, Google) შემოსავლები სამნახევარჯერ აღემატება პორტუგალიის წლიურ მშპ–ს, ორნახევარჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის  და ყაზახეთის ეკონომიკა ერთად აღებული.

    ასეთი კომპანიების აქციებზე მოდის საფონდო ბირჟის თითქმის მესამედი. მათი საბაზრო ღირებულება 5 ტრილიონ დოლარს აღემატება, წლიური ბრუნვა კი 800 მილიარდს აღწევს. ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე მაგალითად საუდის არაბეთის, თურქეთის, პოლონეთის ან შვეიცარიის წლიური მაჩვენებელი.

  • მეცნიერებმა ადამიანის თავში დღემდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს

    ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: მათ ადამიანის თავში დამალული ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან გავს სანერწყვე ჯირკვლების ნაკრებს.

    აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის ორგანიზმის აგებულება დეტალურად იყო შესწავლილი ჯერ კიდევ ასი წლის წინ, თუმცა მეცნიერებს დღემდე ამ ორგანოს არსებობის შესახებ წარმოდგენა არ ქონდათ.

    აღმოჩენა შემთხვევით მოხდა, პროსტატის კიბოს მქონე პაციენტების უახლესი სკანერით – PSMA PET/CT –ით გამოკვლევისას. კონტრასტული ტომოგრაფიისას, რომლის დროსაც სისხლში რადიოაქტიური გლუკოზა შეყავთ, ეს სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი ორგანიზმში სიმსივნეს პოულობს. თუმცა ამ შემთხვევაში ცხვირხახის უკან სრულიად სხვა რამ აღმოაჩინეს.

    “ადამიანს დიდი სანერწყვე ჯირკვლების სამი ნაკრები აქვს, თუმცა არა ამ ადგილზე. აქამდე ცნობილი იყო, რომ სანერწყვე ჯირკვლები ცხვირხახაში მიკროსკოპიულად პატარები იყო და დაახლოებით ათასამდე ჯირკვალი ლორწოვან გარსზე თანაბრად იყო გადანაწილებული. წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როცა ეს ჯირკვლების ნაკრები აღმოვაჩინეთ“ – ამბობს ჰოლანდიის კიბოს ინსტიტუტის რადიოლოგ–ონკოლოგი ვაუტერ ვოგელი.

    ნერწყვის ჯირკვლები გამოიმუშავებს ნერწყვს, რომელიც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობისთვის. მის დიდ ნაწილს ჯირკვლების სამი ძირითადი ნაკრები გამოყოფს, რომლებიც პაროტიდული, ქვედაყბისქვეშა და ენისქვეშა  ჯირკვლების სახელით არის ცნობილი.

    ადამიანის ორგანიზმში კიდევ დაახლოებით ათასი წვრილი სანერწყვე ჯირკვალია. ისინი მთელი  პირის ღრუსა და სასუნთქი ტრაქტის გასწვრივ არიან განლაგებული, თუმცა იმდენად პატარები არიან, რომ მათი აღმოჩენა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება.

    ჰოლანდიელ მეცნიერთა ჯგუფის მიერ აღმოჩენილი აქამდე უცნობი სანერწყვე ჯირკვლების მეოთხე ნაკრები გაცილებით მსხვილია, ის ცხვირის უკან, ზუსტად თავის ცენტრში მდებარეობს.

    დღემდე უცნობი ჯირკვლები ასივე პაციენტს აღმოაჩნდა, რომლებიც ახალი აპარატის დახმარებით გამოიკვლიეს. გარდა ამისა, მეცნიერებმა ორი – ქალის და მამაკაცის ცხედრების გაკვეთისასაც დაადასტურეს ცხვირხახის უკანა კედელზე არსებული სტრუქტურა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუმცა აქამდე არავის შეუმჩნევია.

    “რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს სტრუქტურა აქამდე არცერთ წყაროში არ არის აღწერილი“ – ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჟურნალ Radiotherapy and Oncology–ში გამოქვეყნდა.

    ვიდეოში კარგად ჩანს ახლადაღმოჩენილ ჯირკვლების განლაგება და მათი აგებულება.

  • რემდესივირი Covid19-ით სიკვდილიანობას ვერ ამცირებს– ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრეპარატი რემდესივირი ვერანაირად ვერ ამცირებს Covid19–ით სიკვდილიანობას. პირველად ამ დასკვნის შესახებ ბრიტანულმა Financial Times–მა დაწერა, რომლის რეპორტიორებმა “სოლიდარობის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კლინიკური კვლევების შედეგები მიიღეს. ჯანმომ კი ეს ინფორმაცია დაადასტურა. გარდა ამ ანტივირუსული პრეპარატისა, რომელიც თავის დროზე ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, ასევე გამოიცადა სხვა წამლები, რომლებზეც ექიმები დიდ იმედებს ამყარებდნენ კორონავირუსის მკურნალობის პროცესში: ჰიდროქსილქლოროქინი, ლოპინავირი/რიტონავირი და ინტერფერონი. შედეგები მწარმოებლებისთვის სამწუხარო აღმოჩნდა:

    “სამწუხაროდ გაირკვა, რომ ამ კვლევის მონაწილე არცერთი წამალი არ იძლევა იმედს სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების თვალსაზრისით. ეს შედეგები არსებითად არ შეცვილა გარკვეული ქვეყნების, რეგიონების ან მოსახლეობათა ჯგუფების გამორიცხვის შემდეგაც“– აცხადებს ჯანმო. ცოტა ხნის წინ რემდესივირი აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკურნალობაში გამოიყენეს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა.