Category: კავკასია

  • რას შეცვლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი საქართველოსთვის–ამერიკელი ექსპერტების აზრი

    ამერიკა პრეზიდენტს, საქართველო კი პარლამენტს ირჩევს. ორივე არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი. “Ამერიკის ხმა” დაინტერესდა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოზე და არის, თუ არა შესაძლებელი, რომ ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვალოს?

    ვაშინგტონში გამოცდილი დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველოსთან მიმართებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რადგან “ამერიკაში უთქმელი და დაუწერელი პირობაა- არ იცვლება საგარეო პოლიტიკა და მას არ აკრიტიკებენ ახალი პრეზიდენტები,”- ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი.

    “ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალიან მყარია და ამ ურთიერთობებს ძალიან კარგი საფუძველი აქვს. ამერიკის არჩევნები უფრო კონცენტრირებულია შიდა საკითხებზე. საქართველოსა და ამერიკას შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სამხედრო კუთხითაც. ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად აფიქსირებს პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია “- ამბობს დიპლომატი იალოვიცი, რომელიც თვლის, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები არ შეიცვლება. თუმცა აქვე ამატებს:

    “საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და ის მუდმივად ცდილობს წინსვლას. ამ დროისთვის, ბევრი პრობლემაა ამ კუთხით, რაზეც ამერიკელმა კონგრესმენებმა არაერთი წერილი გაუგზავნეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო წამოიწევს თუკი, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი ნაკლებ კონცენტრაციას აკეთებს ასეთ საკითხებზე, მაგრამ თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, საქართველოს უფრო მეტი კონცენტრაცია და მუშაობა დასჭირდება დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჯო ბაიდენისთვის ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამ საკითხებს დიდ ყურადღებას უთმობს,”- განაცხადა ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა “ამერიკის ხმასთან საუბრის დროს.

    ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი კი ფიქრობს, რომ როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკა საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდება და არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება. დიპლომატი აქვე ამბობს, რომ საქართველოში შესაძლოა უახლოეს პერიოდში ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისი გაიხსნას.

    “საინტერესოა ის ფაქტი, რომ საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს ძალიან ძლიერი გრძნობები აქვთ პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. ბევრი თვლის, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ არის ისეთი მეგობრული და დამხმარე პიროვნება, როგორც ამერიკის სხვა პრეზიდენტები იყვნენ. მაგრამ, თუ გადავხედავთ პოლიტიკას და პიროვნებებზე არ ვისაუბრებთ, მე ვფიქრობ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება. ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის დროს და ეს მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპის პირობებშიც გრძელდება. ამერიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის, ასევე მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს რეფორმების განხორციელებაში , მიუხედავად რუსეთიდან მომდინარე წინააღმდეგობებისა. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ გაგრძელდება და გაიზრდება – მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. თუ არჩეული იქნება პრეზიდენტი ტრამპი, ვფიქრობ გაგრძელდება არსებული პოლიტიკა და მხარდაჭერა გაძლიერდება, სამხედრო წვრთნების და პირდაპირი ინვესტიციების კუთხითაც. ამავე დროს, თუ ამერიკელი ხალხი პრეზიდენტად აირჩევს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს, ვერ ვხედავ ვერანაირ შანსს იმისას, რომ საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერა შემცირდეს,”- ამბობს “ამერიკის ხმასთან” საუბრისას დიპლომატი ვოლკერი.

    დევიდ კრამერი, რომელიც ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორია, ამბობს, რომ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსადმი ყურადღებას დეტალები აკლდა:

    “ტრამპის ადამინისტრაციამ საქართველოსთან ურთიერთობა კარგად დაიწყო. 2017 წელს საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდა. მაგრამ, მას შემდეგ ამერიკას 2 წელი დასჭირდა იმისათვის , რომ საქართველოში ახალი ელჩი გაეგზავნა. კელი დეგნანი, რომელიც ახლა ამერიკის ელჩია საქართველოში, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მან მხოლოდ ამ წლის დასაწყისში დაიწყო მუშაობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელჩის ყოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტული ქვეყანა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი,”- ამბობს დევიდ კრამერი.

    კრამერმა “ამერიკის ხმასთან” საუბრის დროს ისაუბრა იმის შესახებაც, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოსთვის, თუ ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპი ან ჯო ბაიდენი გაიმარჯვებენ.

    “მე ვფიქრობ, თუ ტრამპის ხელახლა არჩევა მოხდება, შესაძლოა ამან გარკვეული პრობლემები წარმოშვას ევროპასთან ურთიერთობაში. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები არ არის კარგ ფორმაში. პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ შესაძლებელია ამერიკამ ნატო დატოვოს, რაც ჩემი აზრით კატასტროფა იქნება. ეს კი ვფიქრობ, რომ დიდი პრობლემა იქნება საქართველოსთვის. ქვეყანა არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ის მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ. მაშინაც კი, თუ პრეზიდენტი ტრამპი ვერ შეძლებს ოფიციალურად გაიყვანოს ამერიკა გაერთიანებიდან, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ საუბარი გასვლის სურვილის შესახებ, ნატოს დასრულებას ნიშნავს, რა თქმა უნდა ჩემი აზრით. თუ მოიგებს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი? მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან უწყობს ხელს ნატოს, ის აცნობიერებს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოსწორების მნიშვნელობას. ასე რომ, მე ვხედავ მნიშვნელოვან განსხვავებას ამ ორ კანდიდატს შორის, მაგრამ არ ვამბობ იმას, თუ რომელი იქნება უკეთესი. საქართველოში უნდა იცოდნენ, რომ მიუხედავად გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატისა, ურთიერთობები მყარად გაგრძელდება. უფრო მეტიც, საქართველოს აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ამას ადასტურებს ბოლოს მიღებული რეზოლუციები და გამოჩენილი ყურადღება,”- აცხადებს ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ კრამერი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ოქსფორდის უნივერსიტეტმა Covid19-ის ტესტირების სფეროში სერიოზული გარღვევის შესახებ გამოაცხადა

    ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ შეიმუშავეს ექსპრესტესტი ორგანიზმში კორონავირუსის არსებობის გამოსავლენად. ამ ტესტის შედეგების მიღება არალაბორატორიულ პირობებში მექსიმუმ 5 წუთში არის შესაძლებელი.

    უნივერსიტეტს იმედი აქვს, რომ მალე დაიწყებს მოწყობილობის შემუშავებას, რომელიც ტესტს ჩაატარებს, 2021 წლის დასაწყისში კი უკვე მზა, ლიცენზირებულ პროდუქციას ბაზარზე გამოიტანს.

    მეცნიერების განცხადებით ანტიგენების ექსპრეს ტესტი მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის საწინდარია, რადგან მათი ჩატარება მასობრივად და მაქსიმალურად სწრაფად შეიძლება აეროპორტებში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.

  • ბრიტანეთის კონტრდაზვერვის შეფი ბრიტანეთის მთავარ პრობლემად რუსეთს ასახელებს

    ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის (МИ-5) ხელმძღვანელი, კენ მაკალამი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები მისი უწყებისთვის მთავარ პრობლემად იქცა.

    ბიბისისთან ინტერვიუში ამ სიტუაციის მიზეზთა შორის ან ადამიანების მკვლელობის მცდელობები, მათ შორის ალექსეი ნავალნის საქმე, ასევე სხვა მთელი რიგი საფრთხეები დაასახელა ბრიტანული დემოკრატიისთვის, ინფორმაციისა და ინფრასტრუქტურისთვის. მაკალამის თქმით, მომავალში რუსეთის ადგილს ბრიტანეთის მთავარი საფრთხეების სიის თავში ჩინეთი დაიკავებს.

    მაკალამი ამ პოსტზე აპრილი დაინიშნა და ბიბისისთან ინტერვიუში პირველად ისაუბრა იმ ამოცანებზე და მიზებზე, რომლებიც მისმა ორგანიზაციამ პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს:

    “ჩვენ საქმე გვაქვს ტერორიზმის უსიამოვნო კომბინაციასთან, რომელიც არსად წასულა და მტრული საქმიანობის ზრდასთან, რომელიც სახელმწიფო დონეზეა მხარდაჭერილი.

    თუ მკითხავთ, რომელი ქვეყნის დაზვერვა უქმნის  2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ყველაზე დიდ პრობლემებს დიდ ბრიტანეთს, გეტყვით, რომ ეს არის რუსეთი. თუმცა თუ მკითხავთ, რომელი ქვეყანა მოახდენს მსოფლიოში სიტუაციის ფორმირებას უახლოეს ათწლეულში და შექმნის ყველაზე დიდ შესაძლებლობებს და ყველაზე დიდ პრობლემებს ბრიტანეთისთვის, მაშინ გიპასუხებთ, რომ ეს არის ჩინეთი. ხატოვნად რომ ვთქვათ, თუ რუსეთის სპეცსამსახურები ეს არის ცუდი ამინდის პერიოდები, ჩინეთი ეს არის მთლიანად კლიმატის ცვლილება“– თქვა კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა.

    ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სტრუქტურა – МИ-5   ბოლო დრომდე იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ მისი არსებობა 1980–იანების ბოლომდე ოფიციალურად არც კი  იყო აღიარებული.

  • პირველი სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის

    თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდ. ამის გამო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის.

    ამის შესახებ პირველი სკოლის დირექტორი თამარ კაპანაძე ფეისბუქზე წერს:

    “დღეს ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდ19.

    პარასკევს, დღის პირველ ნახევარში, იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა. ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს!

    თუმცა, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე”, – წერს კაპანაძე Facebook-ზე.

    დღეს საქართველოში COVID-19-ის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 292.

    ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 13 521 შემთხვევაა გამოვლენილი,  7159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა.

  • ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება გავწიროთ ვიღაცების გაუაზრებელი მითითებებით – მეუფე ვახტანგი “კარტოგრაფების საქმეზე”

    ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ არ შეიძლება, გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები “ასე გავწიროთ”,”ვიღაცების გაუაზრებელი მითითებებით”. მისი აზრით ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა. ამის შესახებ მან დღეს, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის წირვაზე შესვლამდე, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

    “ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეიძლება, ასე გავწიროთ, ვიღაცების ასე გაუაზრებელი მითითებებით, თუ რას აკეთებენ, არ ვიცი. არ ვიცი, ვინ მიიყვანა ეს ხალხი ასეთ ზომამდე. ჯერ არაა გადაწყვეტილი ეს საკითხი და რატომ ღელავს ეს ხალხი, არ ვიცი.

    გამოძიებას თუ უნდა ჭეშმარიტების დადგება, ესეც გაირკვევა მოკლე დროში. მე ასე მწამს, რომ ეს ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა. დაამტკიცებს დრო. 2-ში, 3-ში გაირკვევა ყველაფერი”, – თქვა მეუფე ვახტაგმა. მისი აზრით  ყველაფერს “გაარკვევს და გადაწყვეტს” არჩევნები:

    “კმარა ასეთი ცხოვრება. ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაზე, ეროვნული ღირსებით, რომელიც რაღაცას გააკეთებს”.

    საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.

    ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

    თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

  • ხელვაჩაურის მერმა “ბათუმელების“ ჟურნალისტს აგინა

    ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდიმანძემ “ბათუმელების” ჟურნალისტს აგინა. ვარიმანიძე წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურეობრივი მანქანით გადაადგილების შესახებ ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.

    “ბათუმელებმა” 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, “ბათუმელების” ჟურნალისტს აგინებს. მერის გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტის შეკითხვამ, რატომ გადაადგილდებოდა ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.

    კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე გაღიზიანდა და ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა უთხრა, რომ მერს არა აქვს უფლება, ასე უხეშად ესაუბროს მოქალაქეებს,  ჯუმბერ ვარდმანიძე უცენზურო გინებაზე გადავიდა.

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა.

    ორგანიზაცია ამბობს, რომ მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.

    ქარტია მიიჩნევს, რომ:

    აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული.

    ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა.

    ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, იფიქრონ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავონ მედიაზე თავდასხმის რისკები.

    ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს დაუყოვნებლივ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე, იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გახდეს გადამდები სხვა საჯარო პირებისათვის.

  • შვეიცარიამ საქართველო კორონავირუსის მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა

    შვეიცარიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ შვეიცარიის მთავრობამ განაახლა მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სია და მათ შორის გლობალური ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით საქართველოც მოხვდა.

    “საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 12 ოქტომბრიდან შემოვლენ შვეიცარიის ტერიტორიაზე საქართველოდან სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტით, სატრანზიტო ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სტატუსის მიუხედავად, ვალდებულნი არიან გაიარონ 10 დღიანი კარანტინი/თვითიზოლაცია. აღნიშნული წესი ვრცელდება ნებისმიერ საქართველოდან შემოსულ პირზე, ხოლო წესის გვერდის ავლის შემთხვევაში გათვალისწინებულია მაღალი ჯარიმა-10 000 შვეიცარიული ფრანკი (კარანტინის წესები სრულად იხილეთ ქვემოდ მოცემული ბმულის საშუალებით).

    შვეიცარიაში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს თვითიზოლაცია ბინიდან, სასტუმროდან და ა.შ გაუსვლელად! დაუყოვნებლივ, მაქსიმუმ 2 დღის ვადაში უნდა დაუკავშირდეს კანტონალურ უწყებებს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაემორჩილოს მიღებულ ინსტრუქცია/რეკომენდაციებს . იხილეთ კანტონალური უწყებების მისამართები:
    https://www.bag.admin.ch/…/em…/quarantaene-einreisende.html…

    ასევე, მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია გამგზავრებამდე კომუნიკაციაში იყვნენ შესაბამის ავიკომპანიებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ მგზავრობასთან დაკავშირებული წესები, როგორიცაა Covid-19 ტესტის წარდგენის აუცილებლობა და სხვა.
    https://www.bag.admin.ch/…/emp…/quarantaene-einreisende.html

    8 ოქტომბერს საქართველო მაღალი რისკჯგუფის ქვეყნების სიაში გერმანიამაც შეიყვანა.

     

  • ორი ამბავი კორონაკრიზისზე: საქმე უკეთ არის, ვიდრე ეგონათ, თუმცა უარესად, ვიდრე იმედოვნებდნენ

    კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა, თუმცა დაავადება არც ისეთი მძიმე აღმოჩნდა, როგორც პანდემიის პიკზე ეგონათ – აცხადებენ ეკონომისტები და მასობრივად იწყებენ პროგნოზების გაუმჯობესებას. თუმცა გვაფრთხილებენ, რომ სიხარული ნაადრევია, რადგან ცუდი ამბავიც გვაქვს: ადამიანების გამოჯანმრთელება ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ადრე იმედოვნებდნენ.

    ასე რომ, ასი წლის წინანდელი დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე ღრმა კრიზისიდან გამოსვლა ჭიანურდება.  პრობლემა შესაძლოა ქრონიკულად იქცეს და უფრო დიდ უბედურებად მოგვევლინოს, ვიდრე მკვეთრი, ღრმა ვარდნა და სწრაფი აღდგენაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2020 წლის გაუმჯობესეებული პროგნოზის გამოქვეყნებამდე გაგვაფრთხილა, რომ მის მოგვარებას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს და “ღრმა შრამები“ დატოვოს.

    მილიონობით ადამიანი დიდი ხნით დარჩება უმუშევრად, ახალგაზრდობა სრულყოფილ განათლებას ვერ მიიღებს და კარიერის დაწყების შესაძლებლობას დაკარგავს. მთელი რიგი სფეროები გაკოტრდება, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული გაიზრდება, სახელმწიფო ვალები კი პირველად მიაღწევს მსოფლიოს ყველა ქვეყნის წლიური მშპ–ს 100%–ს – ამბობს სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა. მისი განცხადებით სავალუტო ფონდმა ივნისში 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის სერიოზული ვარდნა იწინასწარმეტყველა, თუმცა დღეისათვის სურათი არც ისე საშინელია და ფონდმა პროგნოზი ცოტა გააუმჯობესა.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთადერთი არ არის, ვინც ეს გააკეთა: ბოლო კვირების განმავლობაში მშპს,ს ანუ მოხმარების, წარმოების, ინვესტიციების და ვაჭრობის საერთო მოცულობის ვარდნის შეფასება რამდენიმე ქვეყანამ შეცვალა, შვეიცარიიდან და ტაილანდიდან დაწყებული, პორტუგალიით და საბერძნეთით დამთავრებული.

    Ifo–ს ინსტიტუტმა კი, რომელიც ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის – გემანიის ტემპერატურას ზომავს, აღიარა, რომ ზაფხულში ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე უფრო სწრაფი აღმოჩნდა და ამიტომაც 2020 წლის ჯამური ვარდნა 5.2%–ზე მეტი არ იქნება. არადა წინა პროგნოზით გერმანიაში მინუს 6.7%–ს ვარაუდობდნენ.

    წარსულში მძიმე პროგნოზების ავტორ ეკონომისტებს დღეს ბევრი ნიშნის მოგებით უყურებს, თუმცა მძიმე სცენარების ავტორები ამბობენ, რომ სწორედ მათი პროგნოზების წყალობით დაიჯერეს ხელისუფლებებმა მოსალოდნელი კატასტროფის რეალურობა და შესაბამისი ზომები მიიღეს.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღევანდელი სიტუაცია სწორედ მსოფლიო ეკონომიკის უპრეცედენტო ანტიკრიზისული მხარდაჭერის შედეგია. ხელისუფლებებმა ბიუჯეტებიდან ჯამში დაახლოებით 12 ტრილიონი დოლარი გამოყვეს მოსახლეობის და ბიზნესის მხარდასაჭერად. ცენტრალურმა ბანკებმა კი დაკრედიტების არნახული მოცულობა უზრუნველყვეს, რის გამოც მილიონობით კომპანიამ გადარჩენა შეძლო.

    ფული მთავრდება, კრიზისი კი ჯერ არა

    გაზაფხულზე რამდენიმე კვირიან კარანტინში აღმოჩნდა მსოფლიო კონომიკის 85%, რომლის წლიური მოცულობა 80 ტრილიონ დოლარს აღემატება. ზაფხულში საქმიანმა აქტივობამ გამოცოცხლება დაიწყო და ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მოხდა სწორედ იმის წყალობით, რომ დასავლეთის მდიდარმა ქვეყნებმა კოლოსალური თანხები დახარჯეს კარანტინის დროს ჩაკეტილი ეკონომიკის მხარდასაჭერად, აზიურმა ქვეყნებმა კი სწრაფად ალაგმეს ეპიდემია და თითქმის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

    თუმცა, შემოდგომისთვის პროცესი შენელდა, ვირუსი კი შეტევაზე გადავიდა. მასობრივ გადაადგილებებზე და თავშეყრებზე შეზღუდვები კვლავ ძალაშია. ადამიანები აღარც შვებულებებში დადიან, აღარც საქმეებზე, აუქმებენ ქორწილებს, არ დადიან ფეხბურთზე. შედეგად მთელი რიგი სფეროები – ავიაცია, სასტუმროები, რესტორნები, გასართობი ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკას მძიმე გირებივით კიდია და მას კოვიდამდელ მდგომარეობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

    სამგზავრო ავიაგადაიზვების მოცულობა  მაგალითად კვლავ შარშანდელზე 75%–ით ნაკლებია.

    ახლო მომავალში მასობრივი ვაქცინაციის იმედის  არქონისა და ახალი შეზღუდვების ფონზე ეკონომისტებმა სამომავლო პროგნოზების გადახედვა დაიწყეს. ახლა უკვე უარყოფითი მიმართულებით.

    მაგალითად, Ifo–მ გერმანიის მშპს ზრდის პროგნოზი 6.4–დან 5.1 %–მდე შეამცირა 2021 წლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წარმოებაზე და არა მომსახურების სფეროზე ორიენტირებული კონტინენტის უმსხვილესი ეკონომიკა სხვებზე უკეთ გაუმკლავდა არა მხოლოდ პანდემიას, არამედ მის ეკონომიკურ შედეგებს. გარდა ამისა, მას დაბალანსებული ბიუჯეტის და მცირე ვალების ხარჯზე ყველაზე მეტი რეზერვები აქვს, რამაც ხელისუფლებას საშუალება მისცა მოსახლეობისა და ბიზნესისთვის ანტიკრიზისული დახმარება გაეწია.

    თუმცა ყველას ასე როდი გაუმართლა. სწორედ ამის გამო იზრდება პესიმიზმი უახლოესი წლის მანძილზე ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით.

    ეკონომისტები ეჭვობენ, რომ მდიდარი ქვეყნებსაც აღარ ეყოფათ ფინანსური და პოლიტიკური კაპიტალი იმისათვის, რომ ეკონომიკა კიდევ მრავალი თვის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე ყავდეთ.

    ასეთი ნიშნები სახეზეა: დიდმა ბრიტანეთმა სამუშაო ადგილების შესანარჩუნებელი სუბსიდიები და ბიზნესისთვის შეღავათიანი კრედიტები შეზღუდა. აშშ–ს ხელისუფლებამ, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკაა, პირველი ანტიკრიზისული 4 ტრილიონ დოლარიანი პაკეტი უკვე დახარჯა, მეორე ანტიკრიზისული პაკეტი 3 მილიარდი დოლარის მოცულობით კი პოლიტიკურ დავებში გაიჭედა. ისევე, როგორც მისი ევროპული ანალოგი – 750 მილიარდ ევროიანი ახალი მარშალის გეგმა, რომლის დამტკიცება ევროკავშირის აღმოსავლელი წევრების – უნგეთის და პოლონეთის დემოკრატიების ბედზე დავაში გადაიზარდა.

    შესაძლებლობა ყველა ქვეყანას განსხვავებული აქვს. განვითარებული ქვეყნები მზად არიან დახარჯონ იმდენი, რამდენიც საჭიროა. ღარიბი ქვეყნები ხარჯავენ იმდენს, რამდენიც გამოსდით.

    სიღარიბესთან ბრძოლაში სიღატაკე იმარჯვებს

    საშუალო შეძლების ქვეყნები კვლავ მდიდრებზე მეტად ზარალდებიან. ამას საერთაშორისო კრედიტორების დასკვნები ადასტურებს.

    მაგალითად, დასავლეთ ევროპაში კრიზისი პირადად მოსახლეობის დაახლოებით 40%–ს შეეხო, მეზობელ ქვეყნებში კი თითქმის 75%–ს. ეს მონაცემები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ეკუთვნის.

    მათ აგვისტოში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი გამოკითხეს ევროპის ექვს მდიდარ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებამ ანტიკრიზისული სუბსიდიები და შემწეობები არ დაიშურა, და რვა შედარებით ღარიბ ქვეყანაში : ბელორუსში, უნგრეთში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, პოლონეთში, სერბეთში, თურქეთში და უკრაინაში.

    გაირკვა, რომ ძველი სამყაროს პერიფერიებში კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა გამოკითხულთა 15–მა პროცენტმა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მდიდარ ევროპულ ქვეყნებში. ამდენივემ დაკარგა შემოსავალი ოჯახური ბიზნესიდან, როცა დასავლეთ ევროპაში ასეთი მხოლოდ 2 პროცენტია.

    მთლიანობაში პანდემიამ კაცობრიობა რამდენიმე წლით უკან დახია სიღარიბის შემცირების გზაზე. მსოფლიო ბანკის მონაცემებით ბოლო 25 წლის მანძილზე მსოლიოში სიღარიბე მუდმივად მცირდებოდა, თუმცა კორონავირუსმა ეს პროცესი სამი  წლის წინანდელ მაჩვენებელზე დააბრუნა, რადგან პანდემიის გამო დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება სიღატაკეში – ანუ 1.9 დოლარიანი დღიური შემოსავლის ზღვარზე.

    ჯერ კიდევ პანდემიამდე  უთანასწორობის შემცირების პერსპექტივებს არაერთი ბარიერი  ხვდებოდა.  კორონავირუსმა კი ეს პრობლემები კიდევ უფრო გააღრმავა.

    მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროგნოზით მსოფლიო საქონელბრუნვა წელს 9.2%–ით შემცირდება. ამ შემოდგომისთვის მოსალოდნელი სხვა აპოკალიფსური სცენარების მსგავსად ეს  სცენარიც ნაკლებად დრამატული აღმოჩნდა, ვიდრე გაზაფხულზე ვარაუდობდნენ. აპრილში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 13%–იან შემცირებას ვარაუდობდა.

    თუმცა, ცუდი ამბავი ის არის, რომ 2021 წლისთვის ახლა უკვე უარესი პროგნოზებია, ვიდრე პანდემიის პირველი ტალღის პიკზე.

    აპრილში ეკონომისტებს იმედი ქონდათ, რომ უკვე მომავალ წელს მსოფლიო ვაჭრობა 21%–ით გაიზრდებოდა და გასული წლის ვარდნას დააკომპენსირებდა, ახლა კი ისინი მხოლოდ მოკრძალებულ – 7%–იან ზრდას ელიან, რადგან თვლიან, რომ კრიზისიდან გამოსვლას არაერთი წელი დაჭირდება.

    ეკონომისტების ვარაუდით, აღდგენის პროცესი ნებისმიერ დროს შეიძლება შეფერხდეს, სანამ პანდემია გრძელდება.

  • ამრიკელი ანალიტიკოსები საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტის პერსპექტივის შესახებ

    საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი ნდობა საზოგადოებაში, რომელიც მათ საშუალებას მისცემს უმრავლესობით შევიდნენ პარლამენტში და შეძლონ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ მთავრობა. დიდია იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებსაც პოზიცია არ დაუფიქსირებიათ ან არ იციან ვის მისცემენ ხმას.

    მაგალითად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მხოლოდ გამოკითხულთა 36 აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. კვლევის შედეგები 14 სექტემბერს გამოქვეყნდა. 17 სექტემბერს საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგები გახდა ცნობილი, სადაც გამოკითხულთა 23 პროცენტი ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემდა ხმას. გამოკითხულთაგან, ვინც იცის ვის აძლევს ხმას 2020-ის არჩევნებში, მონაცემები პარტიებზე ასე გადანაწილდა:

    • ქართული ოცნება 36%
    • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია 15%
    • ევროპული საქართველო 4%
    • სტრატეგია აღმაშენებელი 4%
    • პატრიოტთა ალიანსი 4%
    • ლეიბორისტული პარტია 3%
    • ალეკო ელისაშვილის პარტია 2%
    • ლელო 2%
    • გირჩი 2%

    სწორედ ამ მონაცემების გამო ჩნდება კითხვა, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები შევლენ და ისინი დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ მთავრობის ფორმირებას? ამ კითხვით “ამერიკის ხმამ” ვაშინგტონში გამოცდილ დიპლომატებს მიმართა, რომლებსაც საქართველოს თემატიკაზე აქვთ ნამუშევარი, კარგად იცნობენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და პოლიტიკურ პროცესებს.

    კურტ ვოლკერი რომელიც ამერიკის ელჩი იყო ნატოში და კარგად იცნობს როგორც რეგიონში, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ამბობს, რომ პარტიებს შორის ურთიერთობა ძალიან რთული იქნება. დიპლომატი საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა და როგორც მმართველ გუნდთან, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან გამართა შეხვედრა.

    “მე ბევრი რამ ვიცი ორ პარტიას [“ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”] და განსაკუთრებით, ორი პარტიის ორ ლიდერს შორის [მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი] მტრობის შესახებ, ასე რომ, რეალისტურად რომ ვიფიქროთ, მათ შორის რეალური თანამშრომლობა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. მე ორივე პარტიაში მყავს მეგობრები და როდესაც მათთან მაქვს საუბარი, რეალურად მათ შორის არსებობს საკითხები, რომლებზეც თანხმდებიან და საკითხებს ერთნაირად აღიქვამენ. მიუხედავად მხარეებს შორის მტრობისა, ზოგ საკითხზე მათ შეუძლიათ გამონახონ საერთო ენა. შეძლებენ, თუ არა ამას, ეს სხვა საკითხია,”- ამბობს კურტ ვოლკერი.

    მმართველი გუნდი “ქართული ოცნებიდან” ამბობს, რომ ისინი არჩევნებს მოიგებენ და მთავრობას დააკომპლექტებენ. ამ დროისთვის ამ პარტიას ყველაზე მაღალი ნდობა აქვს საზოგადოებაში ყველა კვლევის მიხედვით. თუმცა, ამ კვლევებით არ იკვეთება, რომ პარტია შეძლებს საკუთარი ძალებით დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა.

    საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, მეორე ადგილს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იკავებს. ოპოზიციურ სპექტრში პარტიას ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. რამდენიმე კვირის წინ, კი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ პრემიერობა სურს

    თუმცა, საქართველოში ჩატარებული კვლევების თანახმად ამ პარტიას არ აქვს საკმარისი ნდობა საზოგადოებაში, რომ მიღებული ხმებით მთავრობა დააკომპლექტოს.

    “წინა ხელისუფლებასაც და მოქმედსაც აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. არცერთი მათგანი არ არის სრულყოფილი. ამ დროისთვის ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ არავის აქვს უმრავლესობა. ამიტომ, საჭირო იქნება ერთგვარი კოალიციის შექმნა მთავრობის ფორმირებისთვის. კარგია, რომ პოლიტიკური კრიზისი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით გადალახულია და საქართველოში ჩამოყალიბდა ბევრად უფრო პროპორციული სისტემა, ვიდრე ეს იყო წარსულში. ეს უკვე არის ვითარების გაუმჯობესება. როგორც უკვე აღვნიშნე, მოქმედიც და წინა ხელისუფლებაც არ არიან სრულყოფილები. ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, მეორე მხარეს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. განსხვავება მათ შორის ის არის, რომ როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში ის იკავებდა კონკრეტულ თანამდებობას, რაც ვერ ვნახეთ ივანიშვილის შემთხვევაში. მე ვისურვებდი, რომ პროცესები უფრო ნაკლებად გახდეს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებული და ის იყოს საკითხებზე დაფუძნებული. მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება და ეს პერიოდი, რაც არჩევნებამდე არის დარჩენილი, გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქართულ პოლიტიკაში, რადგან ბოლო კვლევები, რომელსაც მე გავეცანი, ცალსახად აჩვენებს, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ძალიან ბევრია. ეს კი ნიშნავს, რომ 31 ოქტომბრამდე მოვლენების განვითარებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ადამიანები,”- ამბობს დევიდ კრამერი.

    პოლიტოლოგები, დიპლომატები და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე ამერიკელი სპეციალისტები ცალსახად ამბობენ, რომ 2020-ის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, რათა უნდა მოხდეს დადასტურება იმის, რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული პრინციპების მიმართ. ყველა მათგანი ასევე თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები მხოლოდ კონკრეტულ პირებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და ე.წ. მესიების დრო უნდა დასრულდეს. ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა ისაუბრა.

    კენეტ იალოვიცი ისურვებდა, რომ “ძველმა, გამოცდილმა და ძლიერმა” ქართველმა პოლიტიკოსებმა საშუალება მისცენ ახალგაზრდებს ჩაერთონ პოლიტიკაში და მათ ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა.

    “საქართველოში დაახლოებით ისეთი ვითარება იქნება, როგორიც იყო 2012 წელს. მაშინ, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის პოსტს მიხეილ სააკაშვილი იკავებდა მანამ, სანამ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს აირჩევდა ქართველი ხალხი. ეს ერთგვარი კოჰაბიტაცია იყო. ეს არ იყო კატასტროფა, თუმცა ვერ ვიტყვით რომ კარგად მუშაობდა მაშინ ეს სისტემა. საქართველოში ახლა არის დრო, პერიოდი, როცა უნდა დასრულდეს ე.წ. მესიების დრო – ჯერ იყო გამსახურდია, შემდეგ შევარდნაძე, სააკაშვილი, ახლა ივანიშვილი. პოლიტიკურ პარტიებს ბევრი შრომა მოუწევთ, რათა შექმნან კოალიციური მთავრობა და ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება.კოალიციური მთავრობის შექმნა სხვადასხვა პრობლემებს ითვალისწინებს. ამის ნათელი მაგალითი ვნახეთ ისრაელში. თუმცა პოლიტიკოსებს ბევრი შრომა მოუწევთ და საჭირო იქნება კონსენსუსი, მეტი მოსაზრება უფრო ჯანსაღ პოლიტიკურ ვითარებას ქმნის და მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა პროცესის მართვა შესაძლებელია, აქ განსაკუთრებით საჭირო იქნება პოლიტიკური უნარების გამოვლენა. ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში ეს ის არის, რაც ქართველ ხალხს სურს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის,”- ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

    საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით 3 კვირაა დარჩენილი. პროცესს დასავლეთი ყურადღებით აკვირდება. “[ეს ეტაპი] ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა” ამბობენ, ანალიტიკოსები და დიპლომატები ვაშინგტონიდან და იმედოვნებენ, რომ არჩევნები საქართველოში თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩაივლის.

    არის, თუ არა საქართველო დემოკრატიული ღირებულებების ერთგული-ამ, ერთგვარ ტესტზე შედეგი, 2020 წლის არჩევნების მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებით დადგება-ფიქრობენ ისინი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში ჩამოდის

    2020 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ჩამოდის.

    მუხთარლი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება, საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს. ის ასევე  გააკეთებს განცხადებას მედიისათვის და მიმდინარე გამოძიებაში მიღწეულ პროგრესს შეაფასებს.

    საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

    აფგან მუხთარლის ინტერესებს საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“) იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს.

    აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ,  ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა, სადაც მუხთარლის ოჯახს თავშესაფარი აქვს მიღებული. მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის იხდიდა.