Category: კავკასია

  • უკრაინელებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურეს

    წუხელ რუსების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში  ადგილობრივი აეროპორტის ტერიტორია დაიბომბა, სადაც რუსი სამხედროების ბაზა იყო განთავსებული. სოციალურ ქსელებში არაერთი ფოტო და ვიდეო ვრცელდება.  კვამლის უზარმაზარი სვეტები არა მხოლოდ მელიტოპოლიდან, არამედ მეზობელი სოფლებიდანაც ჩანდა. აფეთქებების ხმა დიდხანს ისმოდა.

    ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, აფეთქებებმა ოკუპანტებში პანიკა გამოიწვია და ისინი ქუჩებში აქტიურად გადაადგილდებოდნენ. პანიკა იყო მოსახლეობაშიც, რადგან ქალაქის ოკუპაციის შემდეგ რუსებმა აქ ყველა თავშესაფარი გააუქმეს და დაბომბვისას ადამიანებს თავის შეფარება აღარსად შეუძლიათ.

    ოკუპირებული მელიტოპოლის მერმა, ივან ფიოდოროვმა განაცხადა, რომ წუხელ უკრაინულმა ძალებმა 30–ზე მეტი შეტევა განახორციელეს და მწყობრიდან გამოიყვანეს ქალაქში განლაგებული ერთ–ერთი რუსული სამხედრო ბაზა. გარდა ამისა, მისი თქმით წინააღმდეგობის ძალებმა რელსებიდან გადაიყვანეს რუსული ჯავშანმატარებელი, რომელიც საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული.

    “ახლა ოკუპანტები ცდილობენ პროვოკაცია მოაწყონ და ამტკიცებენ, თითქოს დაიბომბა მშვიდობიანი რაიონები, დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, დაინგრა საქალაქო ინფრასტრუქტურა. ეს ტყუილია! უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ მელიტოპოლში მშვიდობიანი ცხოვრება და უკრაინული სახელმწიფოებრიობა დაბრუნდეს“–თქვა ივანოვმა.

  • მეცნიერებმა მყინვარებში უცნობი ბაქტერიები აღმოაჩინეს, რომლებსაც მათი დნობის შემთხვევაში ახალი ეპიდემიების გამოწვევა შეუძლიათ

    გლობალურმა დათბობამ კაცობრიობას შეიძლება ახალი დაავადებები მოუტანოს, რომელთა შესახებ ამჟამად წარმოდგენაც კი არ გვაქვს.

    ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ შეიძლება იმოქმედოს დედამიწაზე გლობალურმა დათბობამ. გაირკვა, რომ ეს პროცესი არა მხოლოდ კლიმატურ ცვლილებებს, არამედ სხვა, უფრო სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. მყინვარებში, რომლებმაც დნობა უკვე დაიწყეს, მეცნიერებმა დაახლოებით ათასი უცნობი ბაქტერია აღმოაჩინეს, რომლებსაც ახალი დაავადებების და ეპიდემიების გამოწვევა შეუძლიათ.

    ამას მოწმობს კვლევის შედეგები, რომელიც ჟურნალ Nature biotechnology–ში გამოვეყნდა.

    მეცნიერთა ჯგუფმა ტიბეტის მყინვარებში თოვლის და ყინულის ნიმუშები შეაგროვა. გაირკვა, რომ გაყინულ წყალში დაახლოებით ათასობით ისეთი ბაქტერიაა, რომელთა შესახებ მეცნიერებამ არაფერი იცის. მკვლევარები უკვე ვარაუდობენ, რომ ეს ბაქტერიები შესაძლოა კაცობრიობისთვის სერიოზული საფრთხის მატარებლები იყვნენ. მათ შეიძლება ახალი დაავადებები და ეპიდემიების პროვოცირება გამოიწვიონ.

    ბაქტერიების 968 სახეობიდან, რომლებიც მეცნიერებმა ტიბერტის დნობად მყინვარებში აღმოაჩინეს, 98% მეცნიერებისთვის უცნობია და მათ უკვე უწოდეს პოტენციურად საშიში. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 10% ყინულის ფარებით და მყინვარებით არის დაფარული. თუ ყველა მათგანი დნობას დაიწყებს, ადამიანებს ახალი ბაქტერიების “გაცნობა“ მოუწევთ, რომლებიც გაყინულ წყალში ბუდობენ. და არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ თითქმის ყველა ეს ბაქტერია მთელი მსოფლიოსთვის ახალ გამოწვევად იქცევა.

  • პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარები:სამხედრო ექსპერტი უკრაინის გამარჯვების ვარიანტების შესახებ

    რუსეთზე უკრაინის გამარჯვება ორი სცენარით შეიძლება მოხდეს – პესიმისტურით და ოპტიმისტურით. ასეთი მოსაზრება გამოთქვა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა მის იუთუბ არხზე.

    “დღეისათვის გამარჯვების ორი სცენარის წარმოდგენაა შესაძლებელი. ერთი – პესიმისტური, მეორე – ოპტიმისტური. პესიმისტური ცენარია ასეთია: უკრაინა გადის 24 თებერვლამდე არსებულ გამოყფ საზღვრებზე. ამ შემთხვევაში რუსეთი შეძლებს სახის შენარჩუნებას და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომით ტაიმაუტს მიიღებს, რათა ახალი არმია მოამზადოს და ისევ შემოგვიტიოს ომის გზით. ანუ, ეს იქნება უბრალოდ გადავადებული ომი. ოპტიმისტური სცენარი – 1991 წლის საზღვრებზე გასვლაა. სხვათა შორის, ორივე სცენარში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ან ჯარების წინსვლის შეჩერება ჩვენი ტერიტორიების გასათავისუფლებლად, შეიძლება ორი გზით დასრულდეს.

    პირველი – მოლაპარაკების პროცესი ცეცეხლის შეწყვეტასთან ერთად. მეორე– მოლაპარაკების პროცესი ცეცხლის შეწყვეტის გარეშე, როგორც ეს 2014 წლიდან მოყოლებული, 8 წლის განმავლობაში იყო. ასეთი ვარიანტი არ არის გამორიცხული. ამასთან, ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებშიც ამ ვარიანტის არსებობა შესაძლებელია“– პროგნოზირებს ჟდანოვი.

    ის ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი იმ პირობებშია შესაძლებელი, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების 24 თებერვლისთვის არსებულ საზღვრებზე გასვლის, ან 1991 წლის მდგომარეობით არსებული სახელმწიფო საზღვრების დაკავების მომენტისთვის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა დარჩება.

    “თუ პუტინი ძალაუფლებას ინარჩუნებს, არაფერი არ ხდება, ის ცოცხალი და ჯანმრთელია და კვლავ მართავს რუსეთს, მაშინ მოვლენათა ასეთი განვითარება სრულიად რეალური და შესაძლებელია. თუ რუსეთის ხელისუფლებაში რაღაც ხდება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა იცვლება, ასეთ შემთხვევაში დასავლეთი მხოლოდ ერთ სცენარს განიხილავს – 1991 წლის საზღვრებზე გასვლას და რაიმე სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ორი სახელმწიფოს თანაარსებობის შესახებ“ – ამბობს სამხედრო ექსპერტი.

    ჟდანოვი ამბობს, რომ დასავლეთი განიხილავს ვარიანტს, რომელშიც უკრაინა რუსეთის სამხედრო მანქანის მთავარი შემაკავებელი ძალა უნდა გახდეს.

    “ამის გაკეთება კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთს არ მიეცემა საშუალება რამენაირი, თუნდაც მცირე გამარჯვება, ან სტატუს ქვო გაიფორმოს. სტატუს ქვო – ეს იქნება 24 თებერვლისთვის არსებულ საზღვრებზე გასვლა. ასეთ შემთხვევაში დასავლეთი ფაქტიურად აგებს, მაგრამ დასავლეთი დღეს არ აპირებს წაგებას“– ამბობს ჟდანოვი.

    მისი თქმით, დასავლეთს ჯერ კიდევ წინ აქვს რუსეთის ბირთვული არსენალის საკითხის გადაწყვეტა, რადგან ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ყველაფერი თავიდან გამეორდეს.

  • “უკრაინელები ახერხებენ ზუსტად აარჩიონ სამიზნეები,“–პენტაგონის მაღალიჩნოსანი HIMARS–ის ეფექტურ გამოყენებაზე

    უკრაინამ წარმატებით დაიწყო  ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, HIMARS–ის გამოყენება რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე შეტევისთვის – წერს CNN აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომლის ვინაობა არ სახელდება.

    სანამ აშშ უკრაინაში საბრძოლო მასალების გასაგზავნად ემზადება გაუმჯობესებული სარაკეტო სისტემა HIMARS–ისთვის, უკრაინულმა ძალებმა უკვე მიაწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს ამ სისტემების გამოყენებაში, რუსების სამხედრო სამეთაურო პუნქტების გასანადგურებლად და ბრძოლის ველზე მათი შესაძლებლობების შესამცირებლად – უთხრა ჟურნალისტებს პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

    “უკრაინელები ახერხებენ ზუსტად აარჩიონ სამიზნეები, რაც უფრო წარმატებით უთხრის ძირს  რუსების ძალისხმევას, ვიდრე ეს ახლო რადიუსის სისტემების გამოყენების დროს  იქნებოდა შესაძლებელი. “–თქვა ჩინოვნიკმა.

    მისი განცხადებით, უკრაინელი სამხედროები სულ ცოტა ხანია რაც HIMARS–ებს იყენებენ, მაგრამ ამას ძალიან ეფექტურად აკეთებენ სწავლების ხანმოკლე კურსის შემდეგ, რომელიც სულ ახლახანს დასრულდა. მინიმუმ ოთხი სისტემა უკრაინას უკვე მიაწოდეს, კიდევ ოთხს კი აშშ–ს ხელისუფლების დაპირების თანახმად უკრაინა მალე მიიღებს.

    “თქვენ ხედავთ, უკრაინელები რა მეთოდურად არჩევენ სამიზნეებს და შემდეგ რა ზუსტად მიაქვთ დარტყმა ამ სამიზნეებზე, და ამგვარად, რუსეთის საბრძოლო პოტენციალს თანმიმდევრულად ამცირებენ“– თქვა მან.

    ჩინოვნიკმა ასევე კომენტარი გააკეთა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ და უარყო მოსკოვის განცხადება, თითქოს მათ სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები არ განუხორციელებიათ:

    “მათ, რა თქმა უნდა, კარგად იცოდნენ ეს რა შენობა იყო. და მათ უნდა სცოდნოდათ, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად ასეთი თანმდევი ზიანი იქნებოდა“– ამბობს ჩინოვნიკი და დასძენს, რომ დარტყმისას რუსეთმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენა, რაც არ არის განკუთვნილი ქალაქში, ხალხმრავალ ადგილებში გამოყენებისთვის.

  • “საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იყო ის, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად გადაწყვეტილების ნაწილი ვერ გახდა“–სტრონსკი

    ამერიკის ხმა ამერიკელ ანალიტიკოსებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა გახდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის მიზეზი, მაშინ, როცა ეს სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს, და რა შანსები აქვს ამის შემდეგ საქართველოს. ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე და რეკომენდაციებზე საუბრისასაც, მთავრობა ოპოზიციას დასავლელი პარტნიორების მოტყუებაში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი მთავრობას – ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებაში. ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ევროპელთა მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობის დაკარგვის გამორჩეული მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, გასული წლის გაზაფხულზე ე.წ. „მიშელის შეთანხმების“ დატოვება იყო. უშუალოდ ევროსაბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმების უგულებელყოფა და შემდგომი პროცესები მათი აზრით, განსაკუთრებით უარყოფითად შეფასდა.

    “ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმების კოლაფსმა ამ კუთხით ქვეყნის პერსპექტივები დააზიანა და ყველა მხარის მიმართ ნდობა შეამცირა. გაჩნდა იმედგაცრუება არა მხოლოდ მმართველი „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ ოპოზიიციის მიმართაც”, – ამბობს პოლ სტრონსკი, კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ამერიკის ხმასთან საუბრისას. მისი აზრით, შემაშფოთებელი პრობლემებია ზედმეტად ცენტრალიზებული ძალაუფლება, რეალური ინსტიტუციური და სისტემური ცვლილებების ნაკლებობა და მმართველობის ვერტიკალური სისტემა.

    „საქართველო ყოველთვის კაშკაშა ვარსკვლავი იყო, როცა რეგიონში დემოკრატიის შესახებ ვსაუბრობდით. მისგან მოლოდინები ძალიან, ძალიან მაღალი იყო. გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა იმედისგამაცრუებელია ის, რომ ქვეყანა კვლავ პოლარიზაციის მახეშია გაბმული, კვლავ პოლიტიკური კრიზისი, კვლავ [პრობლემური] მედია ლანდშაფტი, კვლავ კორუფციის მაღალი მაჩვენებლები და შეკითხვები მართლმსაჯულების შესახებ – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებზეც საქართველოს შეუძლია მუშაობა, მაგრამ ვფიქრობ საქართველოსთვის გამანადგურებელი დარტყმა იყო ის, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად გადაწყვეტილების ნაწილი ვერ გახდა“, – მიიჩნევს მკვლევარი და დასძენს, რომ საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

    სტრონსკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მოლდოვამ და უკრაინამ მოახერხეს უფრო მკაფიოდ ეჩვენებინათ ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ მათი მთავრობა რეფორმების და პრო-დასავლური კურსის ერთგულია. და მართალია პრობლემები არსებობს, მაგრამ დასავლეთისკენ სვლა აშკარაა. „მაშინ, როცა საქართველოში ჩვენ ვნახეთ სტაგნაცია და უკუსვლა. ვხედავთ უდიდეს შიდა პოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც ქვეყანას წინ წასვლაში ხელს უშლის, და პოლარიზაციას, რომელმაც რეალურად შეაჩერა დღის წესრიგი. ეს ძალიან შემაშფოთებელია“.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ავანსად მიიღეს“ და მათ პირობების შესასრულებლად ამის მერეც ექნებათ დრო. საქართველო კი არც ომშია ჩაბმული და არც ფრონტის ხაზთან ისე ახლოა, როგორც – მოლდოვა. ამიტომ ეს ქართველმა ხალხმა მარცხად არ უნდა აღიქვას. თუმცა პოლ სტრონსკი ფიქრობს, რომ გეოგრაფიულ მდებარეობაზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველომ არ შეასრულა აქამდე გაცემული დაპირებები.

    „მათ შესაძლოა მართლაც ჰქონდათ ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობა, ვიდრე ნებისმიერ სხვა მთავრობას, მაგრამ მათ არ ჰქონიათ სტაბილურობა და სხვა ტიპის პროგრესი. იქნებ მშვიდობაც იმის გამო იყო, რომ რუსეთს სხვა ფრონტი აქვს და მეორე ფრონტის გახსნა არ სურდა და არა მხოლოდ მათი მმართველობის გამო“, – ამბობს სტრონსკი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა პასუხად. ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოში ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისადმი სრული ერთგულება დღეს არც ისე ნათელია და ბოლო დროს საფრთხე შეექმნა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა უმცირესობათა უფლებები თუ სხვა, სამოქალაქო უფლებები.

    „ბევრი მოქალაქე ძალიან ბედნიერი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით, რადგან ჩანდა, რომ გარდაქმნა ხდებოდა. მაგრამ ამის შემდეგ გარდაქმნა არ გვინახავს. 10 წლის მერე ჩვენ ვხედავთ ძალაუფლების კონსოლიდაციას და არის შეკითხვა იმაზე, იზიარებენ თუ არა საქართველოს ლიდერები იმავე უნივერსალურ და ლიბერალურ ღირებულებებს, რომლებიც დასავლეთს აქვს? ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპის ნაწილად ხედავს, მათ სურთ ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა. მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკური ლიდერობა ჯერ არ არის ამისთვის მზად და ის უფრო და უფრო პოლარიზებული და უფრო და უფრო არეული ხდება“, – მიიჩნევს სტრონსკი.

    სტრონსკი ფიქრობს, რომ საქართველოში არსებულ კონკრეტულ გამოწვევებთან ერთად, ევროკავშირი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითაც მსჯელობს. რადგან ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ახლა ბლოკის წევრია, სწორედ მანამ მიიღეს, სანამ ისინი რეფორმირებას დაასრულებდნენ, ზოგმაც მოგვიანებით დაიწყო უკუსვლა, რადგან არ იყვნენ [პირობების] ერთგულნი. აპრილის შეთანხმების კოლაფსის შემდეგ კი ევროპელ ლიდერებს აშფოთებთ, „ხომ არ მიჰყვება საქართველო უნგრეთის გზას?“ – ამბობს კარნეგის ფონდის ევრაზიის პროგრამების დირექტორი და განმარტავს, რომ ბოლო ორ წელიწადში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მზაობაზე და ლიდერების მზრიდან დასავლური ღირებულებების ერთგულებისადმი ბევრი ეჭვი გააჩინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართველი ხალხი ნამდვილად მზადაა მეტი ინტეგრაციისთვის.

    იმოქმედებს თუ არა ევროინტეგრაციის გზაზე შეყოვნება ამერიკასთან ურთიერთობაზე და საქართველოსადმი მოლოდინებზე ატლანტის ოკეანის დასავლეთით? – სტრონსკი ამბობს, რომ სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით არსებული პარტნიორობა ამერიკასა და ქართველოს შორის ძალიან ძლიერია. მართალია ვაშინგტონში ნამდვილად არსებობს იმედგაცრუება რეფორმების ნელი ტემპისა და იმის გამო რომ პრობლემები წლების განმავლობაში არ გვარდება, მაგრამ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ დადებითი განწყობა ამერიკის დედაქალაქში უცვლელია.

    „ამერიკა მხარს უჭერს იმას, რისი გაკეთებაც ევროპას სურს საქართველოსგან – მხარს უჭერს ამ რეფორმებს და მათ მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს დასავლეთთან უფრო ფართო ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მოთმინება არ არის ამოუწურავი“, – ამბობს პოლ სტრონსკი.

    წყარო:ამერიკის ხმა

  • ევროკავშირი დღეს უკრაინის ეკონომიკური დახმარების პირველ ტრანშს დაამტკიცებს

    ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე ინგლისურ და უკრაინულ ენებზე დაწერა, რომ დღეს ევროკავშირი განიხილავს, და სავარაუდოდ დაამტკიცებს უკრაინისთვის პირველი მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკური დახმარების გამოყოფას.

    უკრაინისთვის მაკროსაფინანსო დახმარების პირველი ნაწილის გადაცემის შესახებ ევროკავშირმა მაისში გამოაცხადა.

    “ჩვენ დავეხმარებით უკრაინას მოაგვაროს ქვეყნის  გადაუდებელი საჭიროებები. ევროკავშირი განაგრძობს ურაინის დახმარებას და გრძელვადიან მხარდაჭერას მისი რეკონსტრუქციისთვის “– წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

  • აშშ უკრაინას თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

    პენტაგონმა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახალი, 820 მლნ დოლარიანი პაკეტის შესახებ განაცხადა.

    აშშ–ს თავდაცვის უწყების ინფორმაციით, პაკეტში შედის ორი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი NASAMS  და საბრძოლო მასალები საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის –HIMARS.

    პაკეტში ასევე შევა დამატებითი საბრძლო მასალები ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS–სთვის, 150 ათასი საბრძოლო მასალა  155- მილიმეტრიანი არტილერიისთვის და 4 დამატებითი კონრსაარტილერიო რადარი.

    პენტაგონი ასევე აღნიშნეს ნორვეგიის როლი უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდებაში.

    საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები  NASAMS 1990-იან წლებში ნორვეგიულმა კომპანია Kongsberg Defence & Aerospace–მა და ამერიკულმა კომპანია Raytheon–მა შეიმუშავეს.

    მათი გამოყენება შესაძლებელია: ფრთოსანი რაკეტების, დრონების, თვითმფრინავების და ვერტმფრენების წინააღმდეგ. სროლის სიშორე გამოყენებული რაკეტებიდან გამომდინარე შეიძლება 20–180 კილომეტრი იყოს, განადგურების სიმაღლე – 21 კილომეტრამდე.

    “მივესალმები ისტორიულ გადაწყვეტილებას დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ, რომელიც შეიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს. მადლობა აშშ–ს პრეზიდენტს უცვლელი ლიდერობისთვის და მხარდაჭერისთვის აგრესორთან ბრძოლაში. ერთად– გამარჯვებისკენ!“– ასეთი იყო ტვიტერზე ზელენსკის რეაქცია ამ ინფორმაციაზე.

  • შოლცის თქმით, პუტინი მზად არის, რომ უკრაინაში ომი დიდი ხანი აწარმოოს

    “პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი შესაძლებლობა აქვს და ის ნამდვილად აწარმოებს ამ სასტიკ ომს და ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა. ვფიქრობ, რომ ამ ომის დაწყების გადაწყვეტილება ერთი წლით ადრე ან შესაძლოა უფრო ადრე მიიღეს, ვინაიდან პუტინი ამისთვის მოემზადა. ასე რომ, ის შეძლებს ომის გაგრძელებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში”.

    ამის შესახებ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • სანქციებზე მომუშავე ჯგუფმა რუსი ოლიგარქების 30 მილიარდი დოლარის ქონება დააყადაღა

    მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფი,  უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ  რუსეთზე სასანქციო ზეწოლისთვის მარტში შეიქმნა, ამბობს რომ რუსი ოლიგარქების კუთვნილი, 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაბლოკა ან მისი კონფისკაცია მოახდინა.

    ლუქსის კლასის იახტების, თვითმფრინავების, მდიდრული სახლების და სხვა ქონების გარდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებს ეკუთვნის, REPO-ს სახელით ცნობილი სამუშაო ჯგუფი  აცხადებს,  რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინა.

    ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „REPO-ს სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, მომავალ თვეებში ჯგუფის წევრები გააგრძელებენ სანქციებ-დაწესებული რუსული ქონების ძებნას და სანქციების ქვეშ მყოფ რუსებს საშუალებას არ მისცემენ ძირი გამოუთხარონ იმ ზომებს, რომელსაც REPO-ს წევრებმა ერთობლივად მიმართეს“.

    შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა და ხაზინამ 16 მარტს შექმნეს REPO (Russian Elites, Proxies and Oligarchs), როგორც რუსეთის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი საერთაშორისო სანქციების ნაწილი. შეერთებული შტატების გარდა მის წევრებს შორის არიან ავსტრალია, ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და ევროკავშირი.

    REPO-ს გარდა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამ მიზნით სააგენტოთშორისო სამუშაო ჯგუფი KleptoCapture (კლეპტოქაფჩერ) ჩამოაყალიბა, ევროკომისიამ კი გაყინვის და კონფისკაციის საკუთარი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულება მოახდინოს.

    აპრილში, ესპანეთის ხელისუფლებამ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თხოვნის საფუძველზე, რუსი მილიარდერის, ვიქტორ ვექსელბერგის 90 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერ იახტა დააკავა.

    მაისში, ფიჯის სამართალდამცავებმა, სანქცირებული რუსი ოლიგარქის – სულეიმან ქერიმოვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს. 106 მეტრიანი მდიდრული იახტა „ამადეა“ სან-დიეგოს ყურეში ორშაბათს გადაიყვანეს.

  • ოდესის ოლქში სარაკეტო შეტევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18–მდე გაიზარდა

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოაგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით ოდესის ოლქში ღამით განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად გარდაცვლილ მოქალაქეთა რაოდენობა 18–მდე გაიზარდა. აქედან ორი ბავშვია. კიდევ 30 ადამიანი დაჭრილია.

    ერთმა რუსულმა რაკეტამ ნაწილობრივ დაანგრია 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ოდესის ოლქის ბელგოროდ–დნესტრის რაიონში. ორი რაკეტა კი დასასვენებელ ბაზებს მოხვდა.

    უკრაინული შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ  სამი Х-22  რაკეტით სამოქალაქო ობიექტები  Ту-22 –ის ბომბდამშენებიდან შავი ღის მხრიდან დაბომბა.