Category: კავკასია

  • სკანდალი გერმანიაში: წვეულებაზე კანცლერ შოლცის მონაწილეობით, 8 ქალს გაუპატიურების მიზნით სასმელში ნარკოტიკი ჩაუყარეს

    გერმანიის სოციალ–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები სწავლობენ მტკიცებულებებს კვირის დასაწყისში, მათი პარტიის შეკრებაზე ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების შესახებ, რომელსაც ქალების გასაუპატიურებლად იყენებენ. დაზარალდა მინიმუმ 8 ქალი. საქმე პოლიციასაც გადაეცა.

    პარტიის წარმომადგენლები ამ ქალების ჩვენებებს სწავლობენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ კვირის დასაწყისში, პარტიის ზაფხულის ყრილობის შემდგომ წვეულებაზე  ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, რომელიც როჰიპნოლს გავდა. ამის შესახებ დოიჩე ველე წერს.

    ზუსტდება, რომ ერთი შემთხვევა უკვე დადასტურდა შემოწმების შედეგად.

    მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერ გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაშიც გავრცელდა.

    “აღშფოთებულები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ნათელი მოვფინოთ ამ წარმოუდგენელ ამბავს“– თქვა სოციალ–დემოკრატების ლიდერმა ბუნდესტაგში კატია მასტმა.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიულ წვეულებას ესწრებოდა კანცლერი ოლაფ შოლციც, რომელიც შეიძლება ახალი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდეს.

    პარტიის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა, მატიას მარტინმა ყველა დაზარალებულ ქალს ურჩია ხელისუფლებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება ურჩია ყველა ქალს, რომლებიც “მანოკაუტირებელი წვეთების“ გამოყენებით დაზარალდა. ასე უწოდებენ გერმანიაში “ნარკოტიკებს გაუპატიურებისთვის“, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება როგიპნოლი (ფლუნიტრაზეპამი).

    რა არის ფლუნიტრაზეპამი და რატომ უწოდებენ მას “ნარკოტიკს გაუპატიურებისთვის“?

    ფლუნიტრაზეპამი – ეს არის საძილე სედატიური პრეპარატი. ალკოჰოლთან ან ოპიატებთან ერთად  მისმა გამოყენებამ შეიძლება მეხსიერების ჩავარდნა გამოიწვიოს. მას უწოდებენ “ნარკოტიკს გაუპატიურებისთვის“, რადგან მისი გამოყენების შემდეგ მსხვერპლს მომხდარის დეტალები აღარ ახსოვს, მათ შორის მის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა. მისი გამოყენების ბუმი ამ მიზნისთვის 90–იან წლებში იყო – თეთრი და გემოს არმქონე აბების აღმოჩენა რთული იყო ალკოჰოლურ სასმელში ჩაყრის შემთხვევაში. 1999 წელს მწარმოებლებმა მიზანმიმართულად შეცვალეს პრეპარატის შემადგენლობა – მას მწარე გემო და საღებავის თვისებები დაუმატეს.

  • “ცეცხლი კედელივით აღიმართა“–რუსი ოკუპანტები უკრაინის სამხრეთით ხორბლის ყანებს წვავენ

    უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით რუსული არმია მიზანმიმართულად ანადგურებს დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქების სოფლის მეურნეობის პროდუქციას.

    ხანძრები რუსული არმიის მასირებული დაბომბვის შედეგად ამ ოლქებში ხორბლის ყანებს ანადგურებს. ამის შესახებ ბოლო დღეებში ადგილობრივები იუწყებიან სოციალურ ქსელებში.

    დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელი, ნიკოლაი ლუკაშუკი ამბობს, რომ 7 ივლისს მტერმა დაბომბა ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორია, რის შედეგად მინდვრებს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმა 20 ჰექტარი ხორბალი გაანადგურა. ლუკაშუკმა დააზუსტა, რომ “მოხდა ხანძრის თვითლიკვიდაცია“.

    იმავე დღეს ოკუპანტებმა დაბომბეს სოფელ ნოვოსემონოვკას ტერიტორია, შედეგად დაიწვა 5 ჰექტარი მინდორი.

    ამავე დროს, ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ოლქში რუსები ხორბლის მინდვრებს ფოსფორის ბომბებით ბომბავენ.

    “ჩვენს რეგიონში რუსი ოკუპანტები უკანონოდ იყენებენ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულ კასეტურ და ფოსფორის ბომბებს. თავიდან საცხოვრებელ კვარტლებს ურტყამენ, შემდეგ კი ხორბლის მინდვრებს წვავენ“– წერენ ზაპოროჟიეს ოლქის  საინფორმაციო ტელეგრამ არხზე.

    მოგვიანებით მსგავსი ინფორმაცია გამოჩნდა ზაპოროჟიეს ოლქის პოლოგოვსკის თემის ტელეგრამ არხზე.

    28–ე მექანიზებულმა ბრიგადამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსული ჭურვი ხორბლის მინდორზე ეცემა და მინდვრები იწვის.

    “პორტების ბლოკირების, ხორბლის მოპარვის და გაყიდვის გარდა ოკუპანტები ცინიკურად ანადგურებენ ფერმერების მინდვრებს“– ამბობენ სამხედროები.

    ხორბლის ყანებში ხანძრის შესახებ ფეისბუქზე აქტივისტი იგორ ლუცენკოც ყვება და ფოტოებს აქვეყნებს.

    “რუსები ჩვენს პურს ანადგურებენ. სპეციალური ჭურვი მოფრინავს, სპეციფიური ხმაურით, თითქოს მეტალის ფრთებს იქნევს, ჰაერში ფეთქდება და მიწაზე რამდენიმე ცეცხლიანი ნამტვრევი ვარდება, რაც მინდორზე ხანძარს იწვევს“– წერს ის.

    ლუცენკოს თქმით, ცეცხლი მინდორში კედელივით აღიმართა, ზოგიერთ ადგილზე კი სიმაღლეში 5 მეტრს აღწევს, სიგანეში  ცეცხლის ზოლი რამდენიმე ასეული მეტრია, რამდენიმე კვირიანი მაღალი ტემპერატურისგან გამომშრალი ხორბალი კი ასანთივით იწვის.

  • აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი: სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ქვეყნებს ვაფრთხილებთ

    აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი: სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ქვეყნებს ვაფრთხილებთ

    შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უწყება წინასწარ არ აანონსებს სანქციების დაწესებას ინდივიდუალურ პირებსა თუ კომპანიებზე. ამის შესახებ დეპარტამენტმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა.

    წერილობით პასუხში დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ “როგორც ზოგადი წესი, ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებთან დაკავშირებულ პოტენციურ მოქმედებებს. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესის გაფრთხილებას, არ დაეხმარონ რუსეთს ჩვენი სანქციების თავიდან აცილებაში”.

    ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში გაგნაცხადა, რომ საქართველოსა და ბელარუსში პუტინთან დაკავშირებული პირებისთვის სანქციების დაწესება განიხილება. მაკფოლის თქმით, “ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“.

    ფინანსური დანაშაულის გამოვლენის ქსელმა, რომელიც შეერთებული შტატების ხაზინის ნაწილია, მარტში გამოქვეყნებულ განცხადებაში ფინანსურ ინსტიტუტებს სიფრხილისკენ მოუწყოდა, რომ სიფხიზლის მოდუნებით ხელი მონაწილეები არ გახდენ რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების მცდელობის.

    ამერიკის ხაზინა ამბობს, რომ ზოგიერთი მოქმედება, რომელიც განგაშს გამოიწვევს იქნება:

    • კორპორატიული მექანიზმების გამოყენება სანქცირებული ერთეულების ვინაობის, დაფინანსების წყაროს თუ საკუთრებით შეგნებულად დაფარვა;
    • ფიქტიური კომპანიების გამოყენება საეჭვო გადარიცხვების საწარმოებლად;
    • მესამე მხარის გამოყენება სანქცირებული ინდივიდუალური თუ იურიდიული პირების ვინაობის დასაფარად, რომლებიც თანხის წამომავლობის ან კუთვნილების დამალვას ცდილობენ;
    • უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დამალვა;
    • ახლად შექმნილი კომპანიები, რომლებიც გადარიცხვებს იღებენ იმ ფინანსური ინსტიტუტებიდან, რომლებიც ცოტა ხნის წინ SWIFT-ის პროგრამიდან გაირიცხა;

    ეს არის ნაწილი იმ 10 მთავარი ფაქტორიდან, რომელსაც ამერიკის ხაზინა საეჭვო მოქმედებებად მიიჩნევს რუსეთისთვის სანქციების არიდებაში დახმარების თვალსაზრისით.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ბრიტანულმა დაზვერვამ რუსეთის არმიის უახლოესი ტაქტიკური ამოცანები დაასახელა

    რუსეთის არმია ფრონტის ხაზზე ტექნიკას აგროვებს დონეცკის ოლქში, სივერსკის მიმართულებით, რომელიც ფრონტის ამჟამინდელი ხაზიდან 8 კილომატრით არის დაშორებული. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა ყოვლდღიურ ანგარიშში წერს.

    აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებს სავარაუდოდ პაუზა აქვთ მარაგების შესავსებად დონეცკის ოლში ახალი შეტევითი ოპერაციების დასაწყებად.

    “არსებობს რეალური ალბათობა, რომ რუსეთის უახლოესი ტაქტიკური მიზანი სივერსკი იქნება, რადგან მისი ძალები ცდილობენ სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიული მიზნისკენ წინ წაწევას – ეს არის სლავიანსკ–კრემატორსკის რაიონი“–ნათქვამია ანგარიშში.

    ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინული არმია სტაბილურად განაგრძობს წინსვლას სამხრეთ დასავლეთით ხერსონის მიმართულებით.

    ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებით (ISW), რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შეიძლება სცადონ სლავიანსკსა და კრემატორსკს არა მხოლოდ ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, არამედ დასავლეთიდანაც შეუტიონ.

  • “უკრაინას სანერვიულო არაფერი აქვს“–ექსპერტები ბორის ჯონსონის წასვლის შესახებ

    ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რომელიც თანამდებობიდან მიდის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პროუკრაინული ლიდერია, რომელიც კიევს სიტყვით და საქმით უჭერდა მხარს და მოსკოვთან კომპრომისების წინააღმდეგ  გამოდიოდა.

    შეიძლება თუ არა მისმა გადადგომამ და ახალი პრემიერ მინისტრის მოსვლამ შეასუსტოს დასავლეთის პოზიციები რუსეთთან მიმართებაში?

    ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ მოხდება.

    მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ჯონსონი რუსული აგრესიის მიმართ განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამდა. მაგალითად, 2015 წელს, როცა ლონდონის მერი იყო, მან მოუწოდა დასავლეთს პუტინთან ეთანამშრომლათ სირიაში ტერორისტებთან ბრძოლაში, მიუხედავად ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში ომისა.

    თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი გახდა, ჯონსონმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა მოსკოვთან მიმართებაში და უკრაინის მხარდაჭერა დაიწყო. მისმა მთავრობამ ჯერ კიდევ 2022 წლის სრულმაშტაბიან შეჭრამდე უკრაინას მისცა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები NLAW, რომლებიც ამერიკულ ჯაველინებთან ერთად უკრაინელებმა წარმატებით გამოიყენეს რუსული შეტევის მოსაგერიებლად.

    ახლა ბრიტანული სამხედრო დახმარება მოიცავს რეაქტიული არტილერიის სისტემებს, თვითდამიზნებად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ჯავშანტრანსპორტიორებს და ბრონემანქანებს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, უპილოტო აპარატებს, რადიელექტრონული ბრძლის საშუალებებს, ასევე ათასობით ჩაფხუტს, ჯავშანჟილეტს, სამედიცინო დახმარების კომპლექტებს. ბრიტანეთი ასევე წვრთნის უკრაინელ ჯარისკაცებს.

    ბრიტანული სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მოცულობამ ომის დაწყებიდან დღემდე 3.8 მილიარდი ფუნტი შეადგინა.

    ჯონსონი ორჯერ ჩავიდა კიევში ომის განმავლობაში, ლაპარაკობდა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საერთაშორისო სამიტებზე და უარყოფდა მოწოდებებს სწრაფი დაზავების შესახებ პუტინისთვის დათმობების ხარჯზე, რომლებიც ევროპის დედაქალაქებში ისმოდა.

    მის როლს უკრაინელი მოქალაქეები და პოლიტიკოსები განსაკუთრებით აფასებენ. ხუთშაბათს თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პრემიერს მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა, გასულ კვირას კი ის ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა.

    “მადლობა ყველაფრისთვის, ძმაო!“– ასეთი რეაქცია გამოხატა ჯონსონის გადადგომაზე საკუთარ ტელეგრამ არხზე როდიონ კუდრაშოვმა, პოლკ აზოვის დნეპროპეტროვსკის ქვედანაყოფის მეთაურმა.

    გასაკვირი არ არის, რომ ჯონსონის წასვლამ უკრაინაში და მისი დასავლელი მოკავშირეების ნაწილში შიში გამოიწვია. ზოგმა მის გადადგომას “საჩუქარი კრემლისთვის“ უწოდა. ამერიკელი ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოდან, ჯოზეფ ჩირინჩონე ვარაუდობს, რომ პოლიტიკური კრიზისი ბრიტანეთში შეასუსტებს დასავლეთის ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად და შეიძლება კიევის მოკავშირეების პრინციპულობას საფრთხე შეუქმნას.

    უკრაინელი პოლიტოლოგი ალენა გლივკო ამბობს, რომ უკრაინელებს აღელვება გასაგებია: “ნაცია ომის მდგომარეობაშია და არ იცის ბრიტანეთის პოლიტიკური სიტუაციის ყველა ნიუანსი. მისთვის მთავარია, რომ დახმარება უწყვეტი, სტაბილური და თანმიმდევრული იყოს.“– ამბობს ის და დასძენს, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა არა იმდენად ბორის ჯონსონზე, არამედ უფრო მეტად საზოგადოებრივ აზრზეა დამოკიდებული და ის უკრაინელების მხარეს არის. ნათელ მაგალითად ის ასახელებს ფაქტს, რომ უკრაინის დროშები არა მხოლოდ მთელ ლონოდონშია გამოფენილი, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ყოველ პატარა ქალაქშიც კი.

    “მხარდაჭერა შენარჩუნდება, იმიტომ რომ ის ერთ ადამიანს არ ემყარება“– ამბობს ალენა გლივკო.

    თუმცა, მთავრობის შეცვლამ შეიძლება იარაღის და ფინანსური დახმარების მიწოდების შეფერხებები მაინც გამოიწვიოს, ამბობს ის და ხაზს უსვამს, რომ ამჟამად ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური უწყება უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გეგმაზეც მუშაობს.

    “ყველა ეს გრძელვადიანი პროცესი გაგრძელდება, მთავარია, რომ ახლა არ იყოს შეფერხებები“– ამბობს ექსპერტი.

    ბელორუსში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, ნაიჯელ გულ–დევისი ამბობს, რომ ჯონსონის გადადგომა ლონდონის პოზიციაზე გავლენას არ მოახდენს:

    “ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისთვის – ეს არ არის პრემიერ–მინისტრის პირადი პოლიტიკა, არამედ ქვეყნის პოლიტიკაა. ორივე მსხვილ პარტიაში, მათ პოლიტიკოსებს შორის, მთლიანად საზოგადოებაში და კერძო სექტორში არსებობს კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. უკრაინას არ უნდა ეშინოდეს, რომ პრემიერის შეცვლით კურსი შეიცვლება“ – ამბობს ის და ასევე არ ელის შეფერხებებს იარაღის მიწოდებაში, რადგან თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი საკუთარ თანამდებობაზე რჩება.

    ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი სერ რიჩარდ ბერონსი ამბობს, რომ “დრამა მთავრობის გულში“ ლონდონის საგარეო კურსზე გავლენას ვერ მოახდენს.

    “დროებითი პრემიერ მინისტრიც, ვინც არ უნდა იყოს ის, და ყველა კანდიდატი შეინარჩუნებს ამჟამინდელ კურსს, იმიტომ რომ ბრიტანეთი საკუთარ თავს უკრაინის ერთ–ერთ მთავარ დასავლელ მხარდამჭერად ხედავს.“– თქვა გენერალმა.

    თუმცა, დასძინა, რომ მომავალი პრემიერის წინაშე  იქნება დილემა, რომელიც ბორის ჯონსონსაც ქონდა: როგორ შეინარჩუნოს უკრაინისთვის იარაღის და საბრძოლო მასალების მიწოდების უწყვეტი ნაკადი მრავალი თვის განმავლობაში.

    “როგორ უნდა შეინარჩუნოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერის საჭირო დონე საჭირო დროის განმავლობაში“– ეს არის მისი თქმით მთავარი გამოწვევა, რომელიც მისი აზრით მთელი ევროპის წინაშე დადგება – უკრაინაში ომი უკვე სიახლე არ არის მისი მოსახლეობისთვის, გაზრდილი ინფლაქციის, საწყვავისა და გათბობის ფასების ზრდის ფონზე უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად და კონტრშეტევაზე გადასასვლელად საკმაოდ რთულდება.

    გენერლის აზრით, დასავლეთს არჩევანი არ აქვს, იმიტომ რომ უკრაინის დაცვა მისი საკუთარი ინტერესების დაცვაა რუსეთისგან, თუმცა ის ელის, რომ ამ საკითხის გარშემო მწვავე დისკუსია დაიწყება.

  • კონგრესმენი შაჰინი: დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში

    “დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“ – ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინის გზავნილი საქართველოს მთავრობისადმი. სენატორმა შაჰინმა კომენტარი „ამერიკის ხმას“ მადრიდის ნატოს სამიტის შემდეგ მისცა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად შეხვდა.

    ნატოს სამიტს წინ უსწრებდა 24 ივნისის ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველომ ევროპული პერსპექტივა და დაპირება მიიღო, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი მას შემდეგ გახდება, რაც საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულებას დაიწყებს.

    სენატორი შაჰინი ამბობს, რომ ესმის ქართველი ხალხის იმედგაცრუება, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას გარკვეულ სფეროებში, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რეფორმების გატარება სჭირდება.

    „მესმის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ საქართველოს არა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. მაგრამ რჩება გარკვეული სფეროები, რომლებიც პროგრესს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს“.

    წევრობის განაცხადის განხილვისას, ევროკავშირი აფასებს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობას და დამოუკიდებლობას, ევროკავშირის ღირებულებებთან და პრინციპებთან მათ შესაბამისობას და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველოს შემთხვევაში, ევროპული საბჭოს მიერ გაწერილ 12 პუნქტს შორის, რომელიც თბილისმა უნდა შეასრულოს, არის პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, მედია თავისუფლების უზრუნველყოფა და ანტი-კორუფციული ზომების მიღება. ასევე, ერთ-ერთი საკითხია „დე-ოლიგარქიზაცია“.

    დე-ოლიგარქიზაცია სამივე ქვეყნისთვის წარდგენილი პირობაა. საქართველოს შემთხვევაში ის შესაძლოა მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდეს. თუმცა, თავად პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ქვეყნის მართვაში მონაწილეობას აღარ იღებს. ამ შეფასებას არ იზიარებს ოპოზიცია.

    სენატორი შაჰინი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ რეფორმების განხორციელება „საუკეთესო შანსია ქართველი ხალხისთვის ეკონომიკურად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად“.

    სენატში არსებულ ფართომასშტაბიან მხარდაჭერაზე დაყრდნობით, სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ „შეერთებული შტატების მთავრობა სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს საჭირო ნაბიჯების გადადგმაში. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის, რომ ქვეყანამ გამოიყენოს შესაძლებლობა და გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე დასაყენებლად“.

    საქართველოს ამერიკელი მეგობრების თქმით,, რეფორმების პროცესის წარმატებით გატარება მხოლოდ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის არ არის საჭირო. უპირველეს ყოვლისა, ის ქართველი ხალხის მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომლის 85 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.

    ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მთავრობა თავდაცვით პოზიციაში აღმოჩნდა. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიცია უარს ამბობს თანამშრომლობაზე. ოპოზიცია კი ამბობს, რომ მთავრობა ევროსაბჭოს რეკომენდაციების გატარებას არ გეგმავს და მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს.

    ქვეყანაში, პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული პოლარიზაცია, უკანასკნელ პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდა. სენატორი შაჰინი მთავრობას ინკლუზიური პროცესის წარმართვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში „არსებობს ფართომასშტაბიანი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე. ქართველი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაიწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა. ჩვენი გზავნილია: „დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ“ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“.

    ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ქვეყნის განაცხადით იწყება, რომლის განხილვასაც ორდინალურ სიტუაციაში შესაძლოა წლები დასჭირდეს. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდევ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდა. ამის შემდეგ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ქვეყნის ოფიციალურ კანდიდატად გამოცხადებას ან მას სტატუსის მისაღწევად საჭირო რეფორმების ჩამონათვალს აძლევს.

    ევროკომისიის რეკომენდაციას ევროპული საბჭოს დამტკიცება სჭირდება, რომელიც ბლოკის წევრი სახელმწიფოების მეთაურებისგან შედგება. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყანას შეუძლია გაწევრიანების გეგმაზე მოლაპარაკების დაწყება იმისთვის, რომ წევრობის კრიტერიუმი დააკმაყოფილოს. მესამე და ბოლო საფეხური კი გაწევრიანების მოლაპარაკებებია, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც, ქვეყანა ბლოკის წევრი ხდება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საბრძოლო მოქმედებებში “ოპერატიული პაუზა“ გამოაცხადა

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც რუსული სახელმწიფო სააგენტოები ციტირებენ, რუსულ საბრძოლო ქვედანაყოფებში, რომლებიც “საბრძოლო ამოცანებს“ ასრულებენ, “ოპერატიული პაუზა“ გამოცხადდა და მიმდინარეობს “საბრძოლო მასალების და  შესაძლებლობების შევსების “ ღონისძიებები.

    “სამხედროებს მიეცათ შესაძლებლობა დაისვენონ, სახლიდან წერილები და ამანათები მიიღონ“– ციტირებს სააგენტო ТАСС მის თანამოსაუბრეს თავდაცვის სამინისტროდან.

    მანამდე თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს მოახსენა ლუგანსკის ოლქის “სრული გათავისუფლების შესახებ“. ამის გამო პუტინმა ბრძანება გასცა, რომ სამხედროებს დასვენების საშუალება მისცენ.

  • “მილანის კოკაინის მეფე“, როკო მორაბიტო მრავალწლიანი ძებნის შემდეგ იტალიაშია ექსტრადირებული

    იტალიის ერთ–ერთი ყველაზე წონადი ძებნილი, განგსტერი როკო მორაბიტო რომში ჩაიყვანეს. მისი ექსტრადირება ბრაზილიიდან მოხდა, სადაც ის დიდი ხნის მანძილზე იმალებოდა.

    55 წლის მორაბიტო ცნობილია, როგორც “მილანის კოკაინის მეფე“. ის ბრაზილიის და იტალიის პოლიციების ერთობლივი ოპერაციის დროს გასული წლის მაისში დააპატიმრეს. იტალიაში განგსტერი 30 წლიან პატიმრობას ციხეში მოიხდის ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით.

    იტალიის მაფიის ერთ–ერთმა ბოსმა ძებნილობაში სამხრეთ ამერიკაში გაყალბებული დოკუმენტებით მრავალი წელი გაატარა.

    ბოლოს და ბოლოს, გასულ წელს, პოლიციამ მის კვალს ჟუან–პესოაში, ბრაზილიის ჩრდილო–აღმოსავლეთის საპორტო ქალაქში მიაგნო, სადაც მაფიოზური დაჯგუფება “ნდრანგეტას“ წევრ ვინჩენცო პასკინოსთან ერთად დააკავა. ამ უკანასკნელს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის 17 წელი აქვს მისჯილი.

    როკო მორაბიტოს რომში დაბრუნებით დასრულდა პოლიციის მიერ მისი დაკავების მცდელობის მრავალწლიანი ეპოპეა.

    ის იტალიის სამხრეთით, კალაბრიაში ჯუზეპე მორაბიტოს ოჯახში დაიბადა, რომელიც ქალაქ აფრიკოში მაფიოზური დაჯგუფება “ნდრანგეტას“ ბოსი იყო. 2004 წელს ჯუზეპე დააპატიმრეს, შვილმა კი დაჯგუფების მართვის სადავეები აიღო.

    დანაშაულებრივი ქსელი იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ კოკაინით უკანონო ვაჭრობის დიდ ნაწილს აკონტროლებდა.

    ახალგაზრდობაში მორაბიტომ მილანში ნარკოტიკებით წარმატებული მოვაჭრის სახელი გაითქვა, დააორგანიზა კოკაინის კონტრაბანდის საკვანძო მარშრუტები სამხრეთ ამერიკიდან ამ იტალიურ ქალაქში.

    ელეგანტურ პიჯაკებში გამოწყობილ მორაბიტოს ხშირად შეხვდებოდით ქალაქის ელიტარულ წვეულებებზე. მალე ის პოლიციის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რომელმაც მასზე თვალთვალი დააწესა.

    შედეგად გამოვლინდა, როგორ ცდილობდა მორაბიტო სამხრეთ ამერიკიდან ტონაზე მეტი კოკაინის შეტანის გარიგების ორგანიზებას, თუმცა ამის შემდეგ მალევე მაფიოზი გაქრა. პოლიცია თვლის, რომ ის ბრაზილიაში გაიქცა, სადაც გამოგონილი სახელით და გვარით ცხოვრობდა.

    მორაბიტოს ვილა ურუგვაიში

    იქიდან მეზობელ ურუგვაიში გადავიდა, სადაც კურორტ პუნტა–დელ–ესტეში 13 წელი ცხოვრობდა.

    ურუგვაიში მორაბიტო მდიდრულ ვილას ქირაობდა, რომელსაც შემოქმედების ნიმუშები ამშვენებდა. მეზობლები ყვებიან, რომ ის მოკრძალებულ მანქანას მართავდა და არავის გასჩენია ეჭვი მისი სიმდიდრის შესახებ, სანამ ქალიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად პომპეზური წვეულება არ მოაწყო.

    გაქცეული განგსტერი კვლავ მოხვდა პოლიციის თვალთახედვის არეში, როცა შვილი სკოლაში მისი ნამდვილი სახელით და გვარით დაარეგისტრირა. 2017 წელს მან ცოლთან იჩხუბა და ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში სასტუმროში გადავიდა. სწორედ იქ მიაგნო პოლიციამ.

    დაპატიმრების დროს მორაბიტოს პისტოლეტი, 13 მობილური ტელეფონი, პასპორტის 150 ფოტო უპოვნეს სხვადასხვა იმიჯით.

    თუმცა, მალე ის ისევ თავისუფლებაზე აღმოჩნდა–ციხეში 2 წლის გატარების შემდეგ იტალიაში ექსტრადიციის მოლოდინში მორაბიტო სამ პატიმართან ერთად გაიქცა, სახურავში გაკეთებული ხვრელის საშუალებით.

    საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში, რომელსაც ინტერპოლი ხელმძღვანელობდა, ბოლოს და ბოლოს ის ქალაქ ჟუან–პესოას სასტუმროში იპოვნეს. გასულ კვირას ბრაზილიის უმაღლესმა სასამართლომ იტალიაში მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

  • ჯონსონის მთავრობა იშლება. რა ელის ბრიტანეთის პრემიერს

    ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი გადადგომასთან ძალიან ახლოს არის: სამწლიანი სკანდალური პრემიერობის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მას გადადგომა ემუქრება, თუმცა ასე ახლოს თანამდებობის დატოვებასთან არასოდეს ყოფილა. თავიდან მას თანაპარტიელები აუმხედრდნენ, ახლა კი მისი გუნდიდან უახლოესი თანამებრძოლები– მისი მთავრობის მინისტრები გაიქცნენ.

    მთავარი პრეტენზია არა კონსერვატიული პარტიის კურსს, ან მუშაობის შედეგებს, არამედ პირადად პრემიერს უკავშირდება. თანამებრძოლებს არა მხოლოდ  მის წესიერებაში და პატიოსნებაში ეპარებათ ეჭვი – ეს ისედაც ჯონსონის დიდი ხნის პრობლემაა. ისინი იმედს კარგავენ, რომ ჯონსონი ოდესმე გამოსწორდება.

    მორიგი სკანდალის შემდეგ სამშაბათს მისი კაბინეტი დატოვა ორმა მძიმეწონოსანმა მინისტრმა – ფინასთა და ჯანდაცვის მინისტრებმა – მათ ფაქტიურად კარი გაიჯახუნეს. სკანდალი თავისთავად წინამორბედებისგან ნაკლებად განსხვავდებოდა, და ჯონსონს პასუხს არა იმდენად ამ კონკრეტული სკანდალის, არამედ სკანდალების დაუსრულებელი სერიის გამო სდებენ.

    მინისტრების გადადგომას შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკების გადადგომაც მოჰყვა. ოთხშაბათს არა მხოლოდ ოპოზიციამ, არამედ მისივე დეპუტატებმა ჯონსონს პარლამენტში გარჩევა მოუწყვეს და უნდობლობის ვოტუმის პროცედურა წამოიწყეს.

    ნებისმიერი სხვა პრემიერი ბრიტანული ტრადიციის მიხედვით უკვე დიდი ხნის წასული იქნებოდა, თუმცა ჯონსონი, კუთხეში მიმწყვდეულიც კი საკუთარ თავს არ ღალატობს და წასვლაზე უარს ამბობს.

    “ასეთ რთულ ვითარებაში და ასეთი კოლოსალური მანდატით პრემიერ მინისტრის საქმეა მუშაობა გააგრძელოს. და მეც ამას ვაპირებ“–განაცხადა ჯონსონმა პარლამენტში, საკუთარი პრობლემები ქვეყნის ეკონომიკურ სირთულეებს დააბრალა და თქვა, რომ მისგან განტევების ვაცის შექმნა უნდათ.

    თუმცა ამბოხებულთა ლიდერმა, წარსულში ფინანსთა მინისტრმა, გუშინდელ გადადგომამდე კი ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ  ჯავიდმა თქვა, რომ საქმე იმაში არ არის, როგორ უმკლავდება ჯონსონი ფასების რეკორდულ ზრდას, ბრექსითს, ენერგეტიკულ და სხვა კრიზისებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთს არყევს. არამედ საქმე თავად ჯონსონშია.

    ის ამბობს, რომ მთავრობის ეფექტური მუშაობა ლოიალობას და კოლექტიურ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მას კი ბოლო თვეების მანძილზე ძალიან გაუჭირდა ლოიალობასა და პრინციპულობას შორის ბალანსის მოძებნა და არ უნდა რომ საკუთარი პრინციპულობით გარისკოს.

    ““მე მჯერა, რომ გუნდი კაპიტანზე აკეთებს სწორებას. ბოლო თვეების მოვლენებმა ამ გუნდში მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.“–თქვა მან პარლამენტში.

    რა არ მოსწოონთ ჯონსონში

    მინისტრის მიერ ხსენებული “მოვლენები“ სკანდალების ჯაჭვია, რომელთაგან ყოველი სკანდალისას ჯონსონი თავიდან ყველაფერს უარყოფდა, შემდეგ აღიარებდა და ბოდიშს იხდიდა.  მას ბრალად სდებდნენ პათოლოგიურ მატყუარობას და ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დარჩენის სურვილს.

    ყველაზე დიდი სკანდალი მის რეზიდენციაში მკაცრი ლოკდაუნის დროს წვეულებების გამართვას უკავშირდება და ბრალდებას იმის შესახებ, რომ პრემიერმა პარლამენტში არაერთხელ იცრუა, ახალი მტკიცებულებების გამოჩენის შემდეგ კი ცუდ მეხსიერებას და დაბნეულობას დააბრალა ყველაფერი.

    იგივე ტაქტიკა გამოიყენა ბოლო ისტორიაში, რომელიც მისი მთავრობის წევრს უკავშირდებოდა, რომელსაც ბრალი დასდეს ორი მამაკაცის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დახურულ კლუბში. ჯონსონს ბრალი დასდეს, რომ მან ამ დეპუტატის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნამდეც იცოდა, რომ ის მსგავს ისტორიაში ადრეც იყო გარეული. ჯონსონმა თქვა, რომ მსგავსი არაფერი ახსოვს, თუმცა შემდეგ მაინც მოიხადა ბოდიში. ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა გამოჩნდა უტყუარი მტკიცებულებები, რომ მას ნამდვილად მოახსენეს პირადად ამ ინციდენტის შესახებ და თავისუფლად შეიძლებოდა მის მდივანს შეხვედრის ოქმები ამოეღო და ეს დაემტკიცებინა.

    ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს რომ “სკანდალებმა, ამორალურმა ქცევამ და პოლიტიკაში ჩავარდნებმა მთავრობის რღვევა გამოიწვია“. კირ სტარმერმა არც თანამდებობიდან გადამდგარები დაინდო, რადგან ისინი მისი თქმით მთელი ამ ხნის მანძილზე ჯონსონს ხელს აფარებდნენ, შემდეგ კი ვირთხებივით გაიქცნენ ხომალდიდან, რომელიც იძირება.

    მისი ლეიბორისტული პარტია უკვე 12 წელია ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერ ახერხებს. კონსერვატორებს კი პირიქით, ბრექსითისა და ჯონსონის ქარიზმის წყალობით ახლა პარლამენტში უმრავლესობა აქვთ.

    წავა თუ არა ჯონსონი

    ახალი ბუნტი ტექნიკურად გამორიცხულია ერთი წლის მანძილზე უნდობლობის ვოტუმის ჩავარდნის შემდეგ, რაც ჯონსონთან მიმართებაში ერთი თვის წინ მოხდა. თუმცა ეს წესები პარტიის კომიტეტის მიერ არის დაწერილი და მათი შეცვლაც პარტიასვე შეუძლია. ეს კი მალევე შეიძლება მოხდეს და ჯონსონი ახალი უნდობლობის ვოტუმის წინაშე საპარლამენტო არდადეგების დაწყებამდე – 23 ივლისამდე აღმოჩნდეს.

    თუ ის წააგებს, პატიის ლიდერის და პრემიერ მინისტრის პოსტებს დაკარგავს. ახალ პრემიერს პარტიის წევრები მოკლე სიიდან აირჩევენ, რომელსაც საპარლამენტო ფრაქცია განსაზღვრავს.

    ჯონსონის შემცვლელად გამოკვეთილი ფავორიტები ჯერჯერობით არ ჩანან. დღემდე თორები ფსონს მასზე დებდნენ, თუმცა სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ ჯონსონი მათ პარტიას მომავალ არჩევნებში გამარჯვებას მოუტანს. თუმცა, პოპულარული ალტერნატივების არარსებობის გამო მისი საბოლოოდ მოშორებაც არ უნდათ. მათ ახსოვთ, რომ ჯონსონს შეუძლია წყლიდან მშრალი გამოვიდეს.

    ის წარსულში გაზეთიდან გააგდეს გამოგონილი ციტატების გამო, პარტიული თანამდებობიდან გააგდეს ტყუილისა და ცოლის ღალატის გამო. თუმცა, მისი პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა.საუკუნეების გასაყარზე ის კომედიური ტელეგადაცემების ვარსკვლავი გახდა, აირჩიეს 2001 წლის პარლამენტში, მოიგო ლონდონის მერის არჩევნები 2008 წელს, სათავეში ჩაუდგა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წარმატებულ კამპანიას 2016 წელს, პარტიისგან 2019 წლის ზაფხულში პრემიერ მინისტრის პოსტი მიიღო და წელიწად ნახევრის შემდეგ პარტიას საპარლამენტო არჩევნები დიდი უპირატესობით მოაგებინა.

    ჯონსონს თავმდაბლობა არ უყვარს და იმ გამარჯვებას არა პარტიის, არამედ მთლიანად საკუთარ დამსახურებად თვლის. ოთხშაბათს პარლამენტში მან ასეთი ფრაზაც თქვა – “ჩემთვის მოცემული მანდატი“.

    კითხვაზე, რა გარემოებებში დაფიქრდება გადადგომაზე, ჯონსონმა ოპოზიციას და ამბოხებულ თანაპარტიელებს უპასუხა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მთლიანად პარალიზებული იქნება, ან… თუ მას ხელს შეუშლიან რომ უკრაინელებს მხარი დაუჭიროს. სხვა მიზეზი მას არ დაუსახელებია.

  • “ვიწყებთ განხილვას საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირებაზე – ისინი მხარს უჭერენ პუტინის ომს და ამის შედეგები უნდა იწვნიონ“–მაიკ მაკფოლი

    ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას და განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან – ვფიქრობ, უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს, – ამის შესახებ რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკ მაკფოლი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმესთან“ ინტერვიუში აცხადებს.

    მაიკ მაფოლი არ ასახელებს კონკრეტული პირების გვარებს, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში დასანქცირდნენ და ამბობს, რომ ამ საკითხზე სანქცირების ჯგუფმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

    „ჯგუფი, რომელსაც მე კოორდინაციას ვუწევ, საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიოა. ჩვენ გვყავს ამერიკელები, უკრაინელები, ევროპელები, რუსებიც კი, რომლებიც მონაწილეობენ ამ ჯგუფში, მაგრამ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან, რათა შევიმუშაოთ ახალი იდეები, რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ ვეხმარებით მათ საკითხების გადაჭრაში, ჩვენ ვაძლევთ მათ რჩევას და არა პირიქით. რაც შეეხება სახელებს, პიროვნებებს, ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პიროვნებების სიებს. სამუშაო დოკუმენტი #3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოვოთ სანქცირებული პიროვნებების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით. ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, – აცხადებს მაიკ მაკფოლი.