Category: კავკასია

  • ISW: რუსეთის ამოცანად კვლავ რჩება უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა

    ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი მის ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ რუსეთი საკუთარ ამოცანად კვლავ თვლის კიევის ხელისუფლების შეცვლას. ინსტიტუტის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ბოლო განცხადებაზე, რომელმაც სამშაბათს ხაბაროვსკში, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ თათბირზე თქვა,  რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მიუხედავად, რუსეთი მიაღწევს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებს.მან კვლავ გაიმეორა პუტინის თავდაპირველად გაცხადებული ამოცანა: “უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, მისი ნეიტრალური სტატუსის მიღწევა“.

    ინსტიტუტის ექსპერტების აზრით პატრუშევის განცხადება მეტყველებს, რომ რუსეთის ხელისუფლება არ შემოიფარგლება დონეცკში და ლუგანსკში წარმატებებით და კრემლი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, რათა უკრაინის ბევრად მეტი ტერიტორია დაიპყროს.

  • “არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც ივანიშვილი ასრულებს” – კორტნი

    ვაშინგტონში, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეცვალა, თუმცა საქართველომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

    „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელი, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო ოპონენტებთან პოლიტიკური უპირატესობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული, ვიდრე ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებით.

    „საქართველოს პრობლემა დემოკრატიული უკუსვლაა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. იმ დონემდე, რომ მაღალი რანგის ქართველი ოფიციალური პირები, ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკის გამო ბრაზობდნენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილების ფონზე, ზოგად დემოკრატიულ უკუსვლასთან ერთად, ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკით, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი ჩააყენა მდგომარეობაში, სადაც უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო”, – ამბობს ის.

    ჰერბსტი იქვე ამატებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ცვლილებების შესაძლებლობა კვლავ აქვს. თუმცა, კითხვა ისაა, სურს თუ არა მას ეს.

    “ეს არ არის საბოლოო მარცხი. თუ საქართველოს მთავრობას სურს გადახედოს დემოკრატიის ამ დარღვევებს, ალბათ ამის გამოსწორება შეუძლიათ. მაგრამ, მე ვფიქრობ, ისინი უფრო მეტად, ოპონენტებთან პოლიტიკური უპირატესობის შენარჩუნებით არიან დაინტერესებულნი, ვიდრე ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებით“ – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ჰერბსტი.

    ევროპელი ლიდერების მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების „ბრაზი“, რომლის შესახებაც ჰერბსტი საუბრობს, 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას მოჰყვა. მაშინ, საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლთა ნაწილმა განაცხადა, რომ „უსამართლო ვალდებულებების“ შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარი უნდა ეთქვა.

    სწორედ ამ მოვლენების საპასუხოდ, საქართველოში მოქმედმა თვრამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელისუფლება არაკონსტიტუციურად მოქმედებდა. განცხადება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, კონსტიტუციის 78-ე მუხლში არსებულ ჩანაწერზე მიუთითებდა. ჩანაწერი ამბობს, – „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“

    თუმცა, თუ საქართველო ვერ მოახერხებს, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ვადებში, მისივე წარმოდგენილი პირობები დაკმაყოფილებას, საფრთხე შესაძლოა არა მხოლოდ ევროკავშირში სვლას, არამედ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ნატოში ინტეგრაციასაც შეექმნას.

    საქართველოში შეერთებული შტატების მოქმედი და ყოფილი ელჩები ამბობენ, რომ ევროკავშირის პირობების დაკმაყოფილება, საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის გზაზეც მნიშვნელოვანი იქნება.

    „ნატოს წევრების დიდი უმრავლესობა, ასევე არის ევროკავშირის წევრი. ამიტომ, რადგან საქართველომ ევროკავშირისგან ასეთი მკაფიო მითითებები მიიღო, თუ მას ნატოში შესვლა სურს, ვფიქრობ უნდა მიჰყვეს ევროკავშირის რჩევებს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ალბათ ეს არის საუკეთესო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ მზადაა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს“ – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას უილიამ კორტნი, 1995-97 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი.

    ევროკავშირი საქართველოს მთავრობას სთხოვს ქვეყნის პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებასა და ინსტიტუტებზე პერსონალური ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენა აღმოფხვრას. ამ პროცესს ტერმინი დე-ოლიგარქიზაცია განსაზღვრავს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ერთადერთი ოლოიგარქი ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. ანალიტიკოსებს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად, პოლიტიკური ოლიგარქიის დასასრულს ხედავენ.

    „ვფიქრობ, უსაფრთხოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერთზე მეტი ოლიგარქია. მაგრამ ვფიქრობ ასევე მართალია, რომ არის ერთი კონკრეტული ოლიგარქი, რომელსაც ახლა უზარმაზარი გავლენა აქვს. ეს არ არის საიდუმლო“ – აცხადებს ჰერბსტი.

    უილიამ კორტნი ფიქრობს, რომ დროა საქართველოში ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჩამოყალიბდეს, რადგან ინდივიდებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რისი წინაშეც საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაშა, ნაკლებად ჯანსაღი პროცესია.

    „ცხადია, გარკვეული გაგებით, ეს არის ივანიშვილის გადაჭარბებულ პოლიტიკურ როლთან დაკავშირებული საკითხი. როლთან, რომელსაც იქამდე სააკაშვილი თამაშობდა. დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, რომლებმაც გადაჭარბებული როლი შეასრულეს. უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც მაგალითად ივანიშვილი ასრულებს. ასე რომ, დე-ოლიგარქიზაცია ნამდვილად გულისხმობს საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტერესებზეა დაფუძნებული და არა ინდივიდებზე, პიროვნებებზე. მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიებს აქვთ კონსერვატიული, ლიბერალური პარტიები. საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები პიროვნებებზე, ინდივიდებზე დგას. ინსტიტუციურად ეს ნაკლებად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა“ – ამბობს კორტნი.

    პრობლემები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად იქცა, გასულ წლებში, არაერთხელ გამხდარა ვაშინგტონის შეშფოთების მიზეზიც. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ფაქტორებმა გავლენა შესაძლოა ამერიკა-საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზეც მოახდინოს.

    „შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს – არსებით მხარდაჭერას უწევს და ასევე, ჩვენ ვაფასებთ ფაქტს, რომ საქართველო შესანიშნავი პარტნიორი იყო, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ოპერაციებს ვაწარმოებდით. მაგრამ, შეერთებული შტატები ასევე ღრმად ერთგულია დემოკრატიის მიმართ და ვაშინგტონმა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შენიშნა. ამის გამო, არა მხოლოდ მთავრობა, არამედ კონგრესშიც საქართველოს ბევრი მეგობარი გამოთქვამდა ჩივილს. ამიტომ, ვფიქრობ რომ საქართველოზე ხედვა ვაშინგტონიდან, ძალიან ჰგავს ბრიუსელის ხედვას თბილისზე. ბოლო ორი წელი, არ იყო საქართველოს დემოკრატიისთვის კარგი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვართ საქართველოს პარტნიორები, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ცვლილებები გვჭირდება – ვგულისხმობ, რომ საქართველო წმინდა დემოკრატიულ განვითარებას უნდა დაუბრუნდეს“ – აცხადებს „ატლანტიკური საჭოს“ წარმომადგენელი, ჯონ ჰერბსტი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ხერსონის ოლქში უკრაინელებმა რუსული საწყობები და ტექნიკა გაანადგურეს

    სამხრეთის ოპერატიულ ზონაში, ხერსონის ოლქში უკრაინის არმიის სარაკეტო–საარტილერიო ქვედანაყოფებმა სხვა ქვედანაყოფებთან ერთად რუსებზე შეტევა მიიტანეს, რის შედეგადაც საბრძოლო მასალების 2 საწყობი, რამდენიმე ერთეული ტექნიკა და 18 რუსი სამხედრო გაანადგურეს. ამის შესახებ სამხრეთის ოპერატიული მეთაურობა იუწყება.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მტრისთვის მიყენებული ზიანი ასეთია:

    საბრძოლო მასალების 2 საწყობი

    2 თვითმავალი საარტილერიო– ნაღმმტყორცნი დანადგარი “Нона-С”

    1 საზენიტო დანადგარი 23–ე კალიბრის.

    1 ჰაუბიცა “Мста-Б”

    5 ჯავშან მანქანა და ჩვეულებრივი მანქანები

    თავის მხრივ, რუსული არმია განაგრძობს სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ტაქტიკის გამოყენებას და თავდაცვის ზღუდეების აგებას.

    რუსებმა ხერსონის ოლქში არტილერიით დაბომბეს სოფელი დიდი კოსტრომკა. დაზიანდა სასოფლო სამეურნეო საწყობები, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

    რუსულმა ვერტმფრენმა ცალკეული შეტევები მიიტანა ხერსონის ოლქში უკრაინელების მიერ გათავისუფლებულ რამდენიმე დასახლებაზე, თუმცა უკრაინული მხრიდან დანაკარგი არ არის.

  • ბჟეზინსკი: ნატომ რუხი ზონების არსებობა უნდა დაასრულოს და თბილისს და კიევს მკაფიო სიგნალები გაუგზავნოს

    მადრიდში გამართულ სამიტზე ალიანსმა შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. 30 მოკავშირის მიერ რატიფიკაციის პროცესის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, ნატოსა და რუსეთს შორის დღემდე არსებული 1250 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი გაორმაგდება. ეს ერთ-ერთ მიზეზია იმისა, თუ რატომ უწოდებენ მადრიდის სამიტს ისტორიულს.

    ამ სამიტზე ნატომ რუსეთი დაუყოვნებელ და პირდაპირ საფრთხედ გამოაცხადა. მოკავშირეები შესაბამისი ზომების მიღებაზეც შეთანხმდნენ. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი იან ბჟეზინსკი ამბობს, რომ ნატომ საქართველოს და უკრაინას მკაფიო დადებითი პასუხი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოქმედებითაც უნდა მისცეს და ისინი ალიანსთან დააახლოვოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად. ბჟეზინსკის “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

    “ეს ცივი ომის შემდეგ ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი იყო იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რა ფონზეც ის გაიმართა. ფონი კი რუსეთის უკრაინაში შეჭრა და იქ მიმდინარე ომია. ბირთვული სახელმწიფო თავს დაესხა ალიანსის მეზობელ ქვეყანას, ხოლო ალიანსი აქტიურ დახმარებას უწევს უკრაინას. ალიანსის ეს შეკრება ევროპაში ომის დაბრუნებას დაემთხვა.

    მეორე ფაქტორი ის არის, რომ ალიანსმა დაიწყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ახალი, ცივი ომის შემდგომი პერიოდის დასაწყისი, როცა დასავლეთსა და რუსეთს შორის მომატებული სამხედრო დაძაბულობა იარსებებს. ჩემთვის ეს სამიტი ამის გამო არის მნიშვნელოვანი.

    ახლა დაიწყება, ეგრეთწოდებული, გაწევრიანების პროტოკოლი, რომლის ნაწილიც, ფინეთისა და შვედეთის ნატოში წევრობის რატიფიცირება 30 წევრი სახელმწიფოს პარლამენტებმა უნდა მოახდინონ. ეს დიდი პროგრესია, რომელიც ნატოს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. წარმოიდგინეთ, რომ შვედეთი და ფინეთი ერთად აღებული, ორი გერმანიის ზომაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ნატოსა და რუსეთს შორის ტერიტორიული სიახლოვე ახალ დონეზე გადავიდა. მათი საერთო საზღვარი ახლა თითქმის 1300 კილომეტრით გაიზარდა. ამით პუტინს ალბათ იმედები ძალიან გაუცრუვდა მიუხედავად იმისა, რომ ნატო რუსეთზე თავდასხმას არ აპირებს. ამასთან ერთად, ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებით, ნატო იძენს ორ ძალიან მძლავრ სამხედრო ძალას. ორივეს ფანტასტიური საჰაერო ძალები აქვს. ფინელები მალე გადავლენ ეფ-35 ტიპის თვითმფრინავებზე, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ამერიკაში. შვედებს არაჩვეულებრივი საზღვაო ძალები ჰყავს და ფინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სახმელეთო ჯარი და საარტილერიო შესაძლებლობები აქვს. ალიანსში მათი გაწევრიანებით, ბალტიის ზღვა ნატოს ეზოს ტბა გახდება, რადგან ზღვის სანაპიროს 95 პროცენტი ნატოს ტერიტორია იქნება. თუმცა, ჯერ გაწევრიანების პროტოკოლი უნდა დამთავრდეს, რაც ერდოღანს კიდევ ერთ შანსს მისცემს, რომ ნამცხვრის კიდევ ერთი ნაჭერი მიიღოს – ასე რომ, სანამ ყველაფერი არ დამთავრდება, მანამდე დამთავრებული არაფერია.“– ამბობს მკვლევარი.

    კითხვაზე,რას ნიშნავს შვედეთის და ფინეთის ნატოში ასეთი სწრაფი ტემპით გაერთიანება საქართველოსა და უკრაინისთვის და  შეიცვალა თუ არა რაიმე ამ ორი ქვეყნისთვის ბჟეზინსკი პასუხობს:

    “ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს უარყოფითი სიგნალი იყო. საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ნატოს ოპერაციებში. ძალიან ნათლად მაქვს გონებაში შემონახული მოგონება, როცა ვუყურებდი ვიდეოს, რომელზეც მე ვნახე ქართველი ჯარისკაცების მიერ თალიბების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა ქაბულში, როცა ისინი ამერიკის საელჩოს იცავდნენ. ეს ძალიან დრამატული იყო და კარგად აჩვენებდა სიმამაცეს, რომელიც ქართველებს ჰქონდათ დასავლეთთან ერთად ბრძოლაში. მე, ისევე როგორც თქვენ, იმ ადამიანებს შორის ვარ, რომლებიც საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები არიან. ეს ქვეყნები ამას იმსახურებენ. მათი წევრობა ალიანსს გააძლიერებს და რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

    როდესაც ეს ქვეყნები ხედავენ, რომ შვედეთი და ფინეთი მათთან შედარებით, ფაქტიურად, წამის მეასედში წევრიანდებიან ალიანსში, უკრაინისა და საქართველოსთვის ეს ალბათ იმედგაცრუებაა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს შორის განსხვავებები არსებობს. შვედეთი და ფინეთი უფრო მეტად არიან ინტეგრირებული ვიდრე საქართველო და უკრაინა. მიუხედავად ამისა, ალიანსის მხრიდან არ უნდა იყოს არანაირი გაურკვევლობა საქართველოს და უკრაინის ტრანს-ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

    როდესაც ამ ქვეყნებს მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით, მათ რუხ ზონაში ვტოვებთ და ამ რუხ ზონებში მათმა დატოვებამ რუსეთის მხრიდან სამი თავდასხმა გამოიწვია – 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში და ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ვფიქრობ, მათი წევრობის განაცხადზე მკაფიო დადებითი პასუხი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოქმედებით – იქნება ეს მაპი, რომელიც ძალიან დაგვიანდა, თუ რაიმე სხვა, ჩვენი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად.

    ჩემი აზრით, დასავლეთი უფრო მეტს უნდა აკეთებდეს, მაგრამ წარსულთან შედარებით, ბევრი რამ კეთდება. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა აცნობიერებს იმას, რომ რუსეთთან გრძელვადიანი პრობლემა გვაქვს და რომ მასზე რეაგირებას ძლიერი სტრატეგია სჭირდება. ჩვენ ნელი ტემპით ვაძლიერებთ რეაგირებას – ეს არ არის საკმარისად სწრაფი ნაბიჯები, მაგრამ მე არ დავეთანხმები არავის, ვინც იტყვის, რომ საქართველომ და უკრაინამ დასავლეთთან ურთიერთობაში ხელი უნდა ჩაიქნიონ. პირიქით!

    წყარო: ამერიკის ხმა

  • დასავლეთმა უკრაინის აღსადგენად “მარშალის გეგმის“ მომზადება დაიწყო–რა დაჯდება ომის შემდგომი რეკონსტრუქცია

    ევროპის და განვითარებული სამყაროს 40–ზე მეტმა ქვეყანამ  უკვე ოფიციალურად დაიწყო რუსული აგრესიის შემდეგ უკრაინის აღდგენის “მარშალის გეგმის“ მომზადება და ხელი მოაწერა ლუგანოს დეკლარაციას. სხვა დანარჩენთან ერთად, დოკუმენტში აღწერილია მომავალში თანხის გამოყოფის პირობები, მათ შორის კრუფციასთან ბრძოლა და სხვა რეფორმები უკრაინაში.

    დეკლარაცია საჯარო ჯერ კიდევ ომამდე დაგეგმილ ორდღიან კონფერენციაზე, URC2022–ზე გახდა, რომელიც შვეიცარიულ ლუგანოში 4–5 ივლისს გაიმართა.წარმომადგენლები კონფერენციაზე ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ გაგზავნა, ასევე ისრაელმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, თურქეთმა, აშშ–მ კანადამ და ავსტრალიამ.

    პოლიტიკურ დოკუმენტში, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს, მათ დაგმეს რუსეთის აგრესია, მოუწოდეს კრემლს დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები და დაადეკლარირეს უკრაინის აღდგენის მხარდაჭერისთვის მზადყოფნა.

    უკრაინის ხელისუფლება რეკონსტრუქციის ღირებულებად 750 მილიარდ დოლარს ასახელებს. მხოლოდ ამ წელს, ქვეყანას 60–65 მილიარდი დოლარი ჭირდება, და ეს თავდაცვის და შეიარაღების ხარჯების გარეშე.

    კიევის ეკონომიკის სკოლის გათვლებით, რუსულმა არმიამ უკვე გაანადგურა 100 მილიარდი დოლარის ღირებულების შენობები და ინფრასტრუქტურა, ომის შედეგად ჯამური ეკონომიკური ზარალი კი 600 მილიარდ დოლარად ფასდება.

    დასავლეთმა აქამდე სულ რამდენიმე მილიარდი გამოყო, და ისიც ძირითადად უკრაინისთვის იარაღის შესასყიდად, თუმცა ახლა უკვე დასავლეთი სამომავლოდ უკრაინის აღდგენითვის თანხების გაღებაზე ფიქრობს.

    “ჩვენ ვემზადებით პოსტსაომარი დროისთვის უკვე ახლა, როცა ჯერ კიდევ ომი ცხელ ფაზაშია. ჩვენ ვცდილობთ უკრაინელებს იმედი და რწმენა მივცეთ, რომ ისინი მარტონი არ არიან“– თქვა შვეიცარიის პრეზიდენტმა, ინიაციო კასისმა, რომელიც კონფერენციას მასპინძლობდა.

    ფული მხოლოდ რეფორმების შემდეგ

    რუსეთის შეჭრიდან უკვე ერთ თვეში ცხადი იყო, რომ უკრაინის აღდეგნისთვის 12 ციფრიანი თანხა იქნებოდა აუცილებელი.

    რვა წამყვანმა ეკონომისტმა ჯერ კიდევ აპრილში შეაფასა უკრაინის დახმარების საჭიროება 200–500 მილიარდ ევროდ. მეცნიერები ეყრდნობოდნენ ევროპის გამოცდილებას მერე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიის გაერთიანების, ავღანეთის, ერაყის, კუვეიტის რეკონსტრუქციის გამოცდილებებს და სხვა მოდელებს.

    მათ რეკონსტრუქციის სამი სტადია გამოყვეს: საგანგებო და მიმდინარე, შემდეგ კრიტიკული ინფრასტრუქტურის და სახელმწიფო მმართველობის აღდგენა, და მხოლოდ შემდეგ, მესამე სტადიაზე უნდა მოხდეს საფუძვლის ჩაყრა, რომ უკრაინა სწრაფად გარდაიქმნას თანამედროვე ეკონომიკად.

    ისინი ამბობენ, რომ აქ მნიშვნელოვანი იქნება ერთის მხრივ ევროკავშირის მზადყოფნა უკრაინა მის რიგებში მიიღოს, მეორეს მხრივ კი რადიკალური რეფორმები თავად უკრაინაში, რათა გადაიჭრას ქრონიკული პრობლემები: კრუფცია, სახელმწიფო მმართველობის მოშლა, ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრირება პირთა ვიწრო წრის ხელში.

    ნაწილობრივ ეს პირობები უკვე შექმნილია: ევროკავშირმა უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცა. მაგრამ, იგივე პირობები დაუყენა: საკვანძო რეფორმები კორუფციასთან ბრძოლაში, სახელმწიფო მმართველობაში, კანონის უზენაესობაში და სასამართლოს დამოუკიდებლობაში.ამავე დროს, მოითხოვა რეფორმების გეგმა “მწვანე გარდაქმნას“, გაციფრულებას და ფუძემდებლურ ევროპულ პრინციპებთან დაახლოებას დაუკავშირდეს.

    ამავეზეა საუბარი ლუგანოს დეკლარაციაში.

    “აღდგენის პროცესი გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს უკრაინის მოსახლეობისთვის. კანონის უზენაესობა სისტემურად უნდა გამყარდეს, კორუფცია კი აღმოიფხვრას“– ნათქვამია დოკუმენტში.

    პოტენციურ დონორთა შემდეგი კონფერენცია ევროკავშირში რამდენიმე თვის შემდეგ გაიმართება, 2023 წელს კი დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთი ასეთი შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს.

  • “ხელისუფლებას აწყობს პროცესის გამწვავება“–იაგო კაჭკაჭიშვილი

    სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი საქართველოში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას და ხელისუფლების რეაქციას აფასებს, ასევე წერს იმის შესახებ, როგორ უნდა იმოქმედონ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა:

    “შევეცდები შეძლებისდაგვარად მოკლედ და გასაგებად ვთქვა ჩემი სათქმელი.

    დღევანდელ მასობრივ პროტესტს აერთიანებს ევროკავშირთან (ზოგადად, დასავლეთთან) ინტეგრაციის სურვილი და, შესაბამისად, ბრაზი, რომ ამ გზაზე ხელისუფლებამ აშკარა და მიუტევებელი დაბრკოლებები შექმნა. ამან გამოიყვანა ქუჩაში ათეულ ათასობით ადამიანი, რომელთა კონკრეტული პოლიტიკური გემოვნება ჭრელია.

    საპროტესტო მოძრაობის ფლაგმანია სამოქალაქო ჯგუფები, მათ ქუდქვეშ ერთად დგომა არ გასჭირვებიათ ერთმანეთისგან განსხვავებული (მეტიც, დაპირისპირებული) პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანებს.

    20 ივნისის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ამ საპროტესტო ენერგიის პოლიტიკურ მოთხოვნებში კონვერტაცია, საპროტეტსო ენერგიის მთლიანობის შენარჩუნების ფონზე. ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შექმნის იდეა, პირველ რიგში, ნაკარნახევი იყო იმით, რომ ქართულ ოცნებასაც მიეღო მონაწილეობა ასეთი გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებაზე სხვა ძალებთან ერთად აეღო პასუხისმგებლობა. ხელისუფლება, როგორც მოსალოდნელი იყო, ამაზე არ წამოვიდა. მას აწყობს პროცესის გამწვავება იმ აზრით, რომ სამოქალაქო მოძრაობის ფლაგმანობა ჩანაცვლდეს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიურობით. ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიციური პარტიების „გაშავებას“ უფრო უკეთესად მოახერხებს „ნაცობის“ სტიგმის გამოყენებით; მან ისიც იცის, რომ აქციებზე აღარ მივლენ ის ადამიანები, რომლებიც ოცნებას კი უწყრებიან, მაგრამ იმ მიტინგზე, სადაც სცენაზე „ძველი“ ოპოზიციური პარტიები დგანან (პირველ რიგში, ნაცმოძრაობა), აღარ წავლენ.

    ხელისუფლებას სასიცოცხლოდ სჭირდება ახლა, რომ საზოგადოებაში არსებულ მძლავრ საპროტესტო ტალღას გამოაცალოს კანდიდატის სტატუსის არმიღების გამო ხელისუფლების მიმართ დაეჭვებული ადამიანები, რომელთა შორის ნაწილი მისი ყოფილი ამომრჩეველია, ხოლო ნაწილი ე.წ. შუაშისტი ნიჰილისტი, რომელსაც არც ერთი მხარე არ მოსწონს (თუმცა, ევროპა უნდა).

    ხელისუფლების მიზანია მისი ყოფილი ამომრჩევლები კვლავ თავის ბანაკში გადმოიყვანოს, ხოლო შუაშისტები კვლავ სახლებში დატოვოს. სწორედ ამას ემსახურებოდა: ა) რადიკალურად განწყობილი „სამეულის“ გამოყოფა „ქართული ოცნებიდან“ და ბ) კობახიძის განცხადება, რომ მზადაა ხელისუფლებამ, სხვა პარტიებთან ერთად, იმუშაოს 12 პუნქტიანი გეგმის შესასრუებლად და უკვე დაანონსა კიდეც კომისიის შექმნა დეპოლარიზაციის მიმართულებით (ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ნათელია, რომ ასეთი კომისიები ძალაუფლების შესანარჩუნებლად დროის გაწელვის სატყუარაა, მაგრამ საჯარო მოხელე ამ სატყუარას შეიძლება მოეჭიდოს).
    შესაბამისად, საპროტესტო მოძრაობის წინაშე, დღესდღეობით, დგას რთული ამოცანა: შეინარჩუნოს ევროპასთან ინტეგრაციის გარშემო გაერთიანებული უამრავი ადამიანის ერთიანობა. როგორაა ეს შესაძლებელი მაშინ, როდესაც ავანსცენაზე ოპოზიციური პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან?

    1. არსებულმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა შეძლონ ერთმანეთთან კოორდინაცია და კონცენტრირდნენ დაბალანსებულ (და არა გამყოფ) მოთხოვნებზე, რომელთა შორის წამყვანი კვლავ ევროკომიიის მოთხოვნების შესრულება და ევროპასთან დაახლოება იქნება. ვიცი, რომ ერთ-ერთ „ცხელი“ პუნქტად დადგება სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. ნაცმოძრაობა უნდა დათანხმდეს, რომ მიჰყვეს რეზოლუციის მოთხოვნებს: მოხსნას სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების მოთხოვნა და ილაპარაკოს იმაზე, რაც უკვე წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში – სააკაშვილის მიმართ ჰუმანიტარულ მოპყრობაზე, რაც მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას გულისხმობს.

    ბ) საპროტესტო გამოსვლები უნდა იყოს პერმანენტული და მათში მონაწილეობა უნდა მიიღონ საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლებმა (აკადემიურმა წრეებმა, სტუდენტებმა, ბინესმენებმა, „რიგითმა“ ადამიანებმა). ბოლო აქციების ერთ-ერთი შთამბეჭდავი სიახლე სწორედ ეს იყო და ეს უნდა შენარჩუნდეს.

    გ) სამოქალაქო ჯგუფებმა, რომლებიც დღევანდელი საპროტესტო მოძრაობის ფლაგმანები არიან, მომავალი არჩევნებისთვის (ჩატარდება ის 2024 წელს თუ მანამდე) უნდა იფიქრონ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებაზე. ეს ხელს შეუშლის იმას, რომ ქართულლ ოცნებაზე განაწყენებული/დაეჭვებული ამომრჩეველი ისეც სახელისუფლო ბანაკში დაბრუნდეს და, ამასთანავე, მიიმხრობს ნიჰილისტურად განწყობილ შუაშისტ ამომრჩეველს, რომელსაც ევროპა უნდა.“–წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფესიბუქზე.

  • ბრძოლა იქნება სასტიკი:უკრაინული არმია ხერსონის შემოგარენს მიუახლოვდა–The Economist

    უკრაინული არმია ხერსონზე კონტრშეტევისთვის ემზადება, რაც გზას ხსნის ყირიმისკენ. ამის შესახებ The Economist წერს.

    რუსებმა ხერსონის აღება ომის პირველივე დღეებში შეძლეს. ოკუპანტებისთვის ქალაქი მთელი რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილია. იქ მდებარეობს დამბა, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს წყლით ამარაგებს, ასევე იქ არის თავმოყრილი სხვადასხვა სოფლის მეურნეობის კულტურები – საზამთრო, პომიდორი, მზესუმზირა და სოიო.

    გამოცემა წერს, რომ უკრაინულ არმიას ხერსონთან ტაქტიკური წარმატებები აქვს. მასთან საუბარში სამხედრო დაზვერვის ოფიცერი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოწინავე ნაწილები უკრაინელი სნაიპერების ხელმისაწვდომობის ზონაში არიან. ეს კი ხერსონის შემოგარენიდან დაახლოებით ერთი კილომეტრია.

    “შემდგომი ორი კვირა კიდევ უფრო საინტერესო იქნება“–ამბობს მებრძოლი.

    ამასთან, აღინიშნება, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ხერსონის რაიონში, ეს ჯერ კიდევ არ გავს სრულფასოვან კონტრშეტევას. ჯარისკაცები საბრძოლო მასალების და ძალების უკმარისობაზე საურობენ. უკრაინის არმიას ჯერ არ მიუღწევია სამი ერთთან უპირატესობითვის, რაც წარმატებული კონტრშეტევისთვის აუცილებელია.

    ამასთან, რუსეთის არმიამ აქ გამაგრებული მიწისქვეშა გზების ქსელი შექმნა. როგორც უკრაინის “ტერაბარონის“ მებრძოლი ამბობს, როცა ისინი რუსების განდევნას ცდილობენ, პოზიციებზე ათის ნაცვლად ასი ჯარისკაცი მოდის. ერთ სოფელს შეიძლება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 4 დანაყოფი იცავდეს. გარდა ამისა, ადგილობრივებს საკუთარი სახლები არ დაუტოვებიათ, რაც ასევე ართულებს უკრაინული ჯარის მუშაობას.

    როგორც ყოფილი ჩინოვნიკი ამბობს, რომელმაც ხერსონი მას შემდეგ დატოვა, რაც ოკუპანტებმა კოლაბორაციონისტული ორგანოს მეთაურობა შესთავაზეს, რუსეთი ცდილობდა ადგილობრივი მოსახლეობა გადაებირებინა, თუმცა სიტუაცია სწრაფად შეიცვლება, თუ რუსების ხერსონიდან გაყრა დაიწყება.

    “რუსები ძალიან გაბოროტებულები იქნებიან და არავის დაინდობენ, თუმცა პარტიზანული წინააღმდეგობაც ასეთივე სასტიკი იქნება. ადგილობრივები რუსებს უბრალოდ ნაწილებად დაგლეჯენ“–თვლის ყოფილი ჩინოვნიკი, რომლის ვინაობა არ სახელდება.

  • ფინელები გეგმავენ ნატოს ბაზა სამხრეთ კარელიაში, რუსეთის საზღვართან ააშენონ

    ფინეთის  სამხრეთ კარელიის პროვინციის ქალაქ ლაპეენრანტის მერი, კიმო იარვა გამოდის წინადადებით ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ბაზა რუსეთის საზღვართან ახლოს, აერეოპორტის ტერიტორიაზე აშენდეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს და აზუსტებს, რომ იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდა. ამ ინიციატივის მეორე მიზეზი სწორედ აგრესორი ქვეყნის საზღვართან ამ ტერიტორიის სიახლოვეა. აეროპორტი ლენინგრადის ოლქიდან 20 კილომეტით არის დაშორებული.

    ქალაქში ხაზს უსვამენ, რომ ფინეთის თავდაცვის ძალებთან ბაზის აქ აშენების შესაძლებლობა ჯერ არ განუხილავთ. ამავე დროს, იმედი აქვთ, რომ ლაპეენრანტის ტერიტორიაზე ნატოს კონტიგენტის განლაგება სამხრეთ კარელიაში ინვესტიციებს მიიზიდავს. მერის თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრიანების დაჩქარებამ მთელ პროვიპნციას იმედი გაუჩინა

    “ეს უსაფრთხოების განცდას აჩენს და შეიძლება ამ რეგიონში ინვესტიციები მოიზიდოს“– ამბობს ის.

    იარვა აღნიშნავს, რომ აეროპორტი ხელმისაწვდომია ბაზის შესაქმნელად, თუმცა მერი არ არის მზად ისაუბროს სახმელეთო ძალების სკოლის და ქვეყნის თავდაცვის ძალების აქ განლაგების თემაზე, რადგან ამბობს, რომ “სპეციალისტი არ არის.“

    შეგახსენებთ, რომ ფინეთი და შვედეთი ოფიციალურად მიიწვიეს ნატოში გასაწევრიანებლად. ორი ქვეყანა ალიანსის წევრი ოფიციალურად მას შემდეგ გახდება, რაც მათ შეერთებას ოფიციალურად დაუჭერს მხარს 30 წევრი ქვეყანა. ორმა ქვეყანამ ნატოში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა.

  • “ბელორუსის მონაწილეობა უკრაინის “სპეცოპერაციაში“ უკვე გადაწყვეტილია“–ლუკაშენკო

    3 ივლისს ბელორუსი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში „დიდების ბორცვის„ კომპლექსთან სიტყვით გამოსვლისას ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს “რუსეთისთვის ზურგში დარტყმას“.

    ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელორუსს და რუსეთს ფაქტიურად საერთო არმია ყავთ.

    “დღეს გვადანაშაულებენ იმაში, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს ნაციზმთან ბრძოლაში. მეორე მხარეს თითქმის 50 ქვეყანაა. ჩვენ მხარი დავუჭირეთ და ისე დავუჭერთ მხარს რუსეთს – ეს მოძმე სახელმწფიოა. და დღეს სიმართლე მოძმე რუსეთის მხარეს არის“–თქვა ლუკაშენკომ გამოსვლისას.

    ბელორუსის პრეზიდენტი თვლის, რომ ბელორუსებისთვის ტრაგედიაა “ორი მოძმე ხალხის – რუსების და ბელორუსების შეტაკება“. სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინაში ახლა დასავლეთის ქვეყნები ომობენ და ბელორუსი რუსეთს კვლავ დაუჭერს მხარს.

    “ჩვენ უმჭიდროვესი კავშირი გვაქვს რუსეთთან. უკვე დიდი ხანია შექმნილი გვაქვს შეიარაღებული ძალების ერთიანი დაჯგუფება, ფაქტიურად საერთო არმია. ჩვენი მონაწილეობა სპეცოპერაციაში ჩემს მიერ დიდი ხანია გადაწყვეტილია. ამ ოპერაციის დაწყების პირველივე დღეს.“–თქვა ლუკაშენკომ.

    მისი განცხადებით, ბელორუსმა უკვე დაიკავა თავდაცვის პოზიცია, რათა არ დაუშვას “ნატოს ჯარების მხრიდან რუსებისთვის ზურგში დარტყმა“.

    “ჩვენ გავამაგრეთ ბრესტის ციხე–სიმაგრე სამხრეთ საზღვართან. ნატოს ბლოკმა მიიღო გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპაში შეიარაღებული ძალები 10–ჯერ გაზარდოს. რა საჭიროა ამის გაკეთება მშვიდობიან დროს? იმისათვის, რომ იომო. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავძლოთ და გავიმარჯვოთ.“– თქვა ლუკაშენკომ.

  • ტრამპი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ახლო მომავალში გამოაცხადებს–New York Post

    აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ახლო მომავალში გამოაცხადებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და მისი კამპანიის დასაწყისის შესახებ. ამის შესახებ New York Post წერს.

    გამოცემის ინფორმაციით განცხადება შეიძლება კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე გაკეთდეს, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

    “მიდის განხილვა რომ კამპანიის დაწყება ნაადრევად გამოცხადდეს. მიდის დაგეგმვა. თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. უბრალოდ მზადებაა“– ეუბნება ინსაიდერი გამოცემას.
    მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია ტრამპმა 2015 წლის ივნისში დაიწყო.

    The Times წერს, რომ ტრამპმა დააბნია მისი მრჩევლები, როცა მიანიშნა, რომ საკუთარი კანდიდატურა შეიძლება მოულოდნელად, სოციალური ქსელებით წამოაყენოს ისე, რომ საკუთარი აპარატი ამის შესახებ საქმის კურსში არც ჩააყენოს. მისი თანამშრომლები ახლა ცდილობენ ნაჩქარევად შექმნან წინასაარჩევნო შტაბი, სანამ ტრამპი კამპანიის შესახებ გამოაცხადებს, რაც სავარაუდოდ ამ თვეში მოხდება.

    აშშ–ს 45–ე პრეზიდენტმა რომ შესაძლოა კანდიდატურა ამ თვეში დაასახელოს, ამის შესახებ CNN–იც აცხადებს.

    ტრამპმა, რომელიც აშშ–ს პრეზიდენტის პოსტს 2016–2020 წლებში იკავებდა, ჟურნალ New Yorker–ს ივნისში უთხრა, რომ “ძალიან ახლოს არის გადაწყვეტილების მიღებასთან“ იმის შესახებ, როგორი იქნება მისი რიგით მესამე საპრეზიდენტო კამპანია. 2020 წელს მას არჩევნები ჯო ბაიდენმა მოუგო. მან ასევე თქვა, რომ მოიგებს რესპუბლიკური პარტიის პირველად კამპანიას, რომელშიც ასევე მონაწილეობს ფლორიდის გუბერნატორი, რონ დე სანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრეტენდენტად ითვლება.

    მაისში ნიუ იორკის ყოფილმა მერმა, რუდი ჯულიანმა, რომელიც ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი ყოფილი პირადი ადვოკატია, მედიას უთხრა, რომ ტრამპი კვლავ იბრძოლებს საპრეზიდენტო პოსტისთვის 2024 წელს.